ტექნიკური საშუალებებით მტკიცებულებების მოპოვების (ფოტო/ვიდეო გადაღება), შენახვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №62/ნ |
|
2026 წლის 11 სექტემბერი ქ. თბილისი |
ტექნიკური საშუალებებით მტკიცებულებების მოპოვების (ფოტო-ვიდეოგადაღება), შენახვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
|
1. ტექნიკური საშუალებებით მტკიცებულებების მოპოვების (ფოტო-ვიდეოგადაღება), შენახვის და გამოყენების წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების (მათ შორის, ავტოსადგურების და ავტოსადგომების შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურის და მათი საქმიანობის შემოწმება, კონტროლი სანებართვო საქმიანობაზე – ნებართვის გარეშე საქმიანობა, სანებართვო პირობების დარღვევა, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის და ინსპექტირების ცენტრის საქმიანობის მონიტორინგი, გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირება და სხვა) განხორციელებისას, ტექნიკური საშუალებებით მტკიცებულებების (ფოტოვიდეომასალა) მოპოვების, შენახვის, გამოყენებისა და განადგურების დებულებებს.
2. წესის მიზანია საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა და აღკვეთა, ტექნიკური საშუალებებით მტკიცებულებების მოპოვების გზით.
3. წესის მიზნებისთვის ფოტოგადაღებამ, ვიდეოჩაწერამ, ამ მიზნით გამოყენებულმა ტექნიკურმა საშუალებებმა და მათი გამოყენების მეთოდებმა არ უნდა შელახოს ადამიანის პატივი და ღირსება, არ უნდა დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, საფრთხე არ უნდა შეუქმნას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ვალდებულია ფოტო- და ვიდეომასალის ხასიათის, მოცულობის, დამუშავების მიზნისა და მონაცემთა სუბიექტის უფლებებისთვის შესაძლო საფრთხეების გათვალისწინებით მიიღოს სათანადო ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს მონაცემთა კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის დაცვას.
5. ფოტო- და ვიდეომასალის დამუშავება ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კანონიერების, სამართლიანობის, გამჭვირვალობის, მიზნობრიობის, მონაცემთა მინიმიზაციის, სიზუსტის, შენახვის ვადის შეზღუდვისა და უსაფრთხოების პრინციპების დაცვით.
1. წინამდებარე წესის მიზნებისთვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო;
ბ) უფლებამოსილი თანამშრომელი – სააგენტოს თანამშრომელი, რომელსაც კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას, ფოტო-ვიდეომტკიცებულებების მოპოვების მიზნით შეუძლია გამოიყენოს ტექნიკური საშუალებები;
გ) შესამოწმებელი სუბიექტი/ობიექტი – გადამზიდველი, მძღოლი, ავტოსატრანსპორტო საშუალება, ავტოსადგური, ავტოსადგომი, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრი.
დ) შემოწმება – სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული შემოწმება/კონტროლი/მონიტორინგი/ინსპექტირება.
ე) პერსონალური მონაცემი – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით. ამ წესის მიზნებისთვის პერსონალურ მონაცემს წარმოადგენს აგრეთვე ფოტო- ან ვიდეომასალაში ასახული პირის გამოსახულება, ხმა, ქცევა, ადგილმდებარეობა, სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშანი და სხვა ინფორმაცია, თუ მისი საშუალებით შესაძლებელია პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ იდენტიფიცირება; ვ) ტექნიკური საშუალება – ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, სამხრე ვიდეოკამერა, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული ავტომატური ფოტო- ან ვიდეოტექნიკა ან სხვა ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც იძლევა ფოტო- ან ვიდეომასალის შექმნის, ჩაწერის, შენახვის ან გადაცემის შესაძლებლობას და რომლის გამოყენებაც უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ დაშვებულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით; ზ) მონაცემთა დამუშავება – პერსონალურ მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მონაცემთა შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან აუდიომონიტორინგი, ჩაწერა, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დათვალიერება, ასლის შექმნა, ჩამოტვირთვა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით.1. შემოწმების პროცესში შემოწმების განმახორციელებელ უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს აწარმოოს შესამოწმებელი სუბიექტის/ობიექტის საქმიანობის, ასევე გამოვლენილ დარღვევათა ამსახველი ფოტო-ვიდეომასალის გადაღება.
2. შემოწმების პროცესში გადაღებული ფოტოები და ვიდეოჩანაწერი ობიექტურად უნდა ასახავდეს მდგომარეობას შემოწმების მომენტში. ამ პროცედურების განხორციელების დროს გამოყენებული უნდა იქნეს ფოტოაპარატი/ვიდეოკამერა თარიღისა და დროის ავტომატური რეჟიმით.
3. შესამოწმებელი სუბიექტი/ობიექტი უფლებამოსილია მოითხოვოს კომერციულ საიდუმლოებასთან დაკავშირებული პროცესების ან ოპერაციების ფოტო-ვიდეოგადაღების შეზღუდვა და კონფიდენციალურობა, რაც შესაბამისი დასაბუთებით შემოწმების დაწყებამდე ან შემოწმების პროცესში უნდა ეცნობოს შემოწმების განმახორციელებელ უფლებამოსილ თანამშრომელს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული მოთხოვნა არ აჩერებს შემოწმების პროცესში ფოტო-ვიდეოგადაღების განხორციელებას, ხოლო შემოწმების დროს მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის (მათ შორის, ფოტოსურათების, ვიდეოკადრების) კონფიდენციალურად შენახვის თაობაზე შესამოწმებელი სუბიექტის/ობიექტის მიერ წარდგენილი მოთხოვნა განიხილება და შეფასდება სააგენტოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით ფოტოგადაღება ან/და ვიდეოჩაწერა ხორციელდება შემდეგი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით:
ა) ტანსაცმელზე დამაგრებული სამხრე ვიდეოკამერით;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებული ავტომატური ფოტო-ვიდეოტექნიკით;
გ) ფოტოგადაღების, ასევე, ვიდეოჩაწერის შექმნის შესაძლებლობის მქონე ტექნიკური საშუალებით.
1. ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ფოტო- ან ვიდეომასალა უფლებამოსილ თანამშრომელს გადააქვს სააგენტოს შესაბამის დეპარტამენტში სპეციალურად გამოყოფილ კომპიუტერში და ათავსებს შეზღუდული წვდომის ფაილურ სერვერზე.
2. ფოტო- ან ვიდეომასალაზე წვდომა, შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში, შეიძლება მიენიჭოს:
ა) საქმის განმხილველ თანამშრომლებს – მხოლოდ მათ წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებული მასალის განხილვისა და გამოყენების მიზნით;
ბ) შესაბამისი დეპარტამენტის უფროსს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს – საქმის განხილვისა და თანამშრომლის საქმიანობის კონტროლის მიზნით;
გ) საფინანსო და ადმინისტრაციული დეპარტამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს უფლებამოსილ თანამშრომელს – მხოლოდ სისტემის ტექნიკური ადმინისტრირების, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით;
დ) იურიდიული სამსახურის უფლებამოსილ თანამშრომელს – კონკრეტული ადმინისტრაციული წარმოების, სასამართლო დავის, საჩივრის ან სამართლებრივი შეფასების ფარგლებში;
ე) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს – მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების, მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის ან უსაფრთხოების ინციდენტის განხილვის მიზნით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა, უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ხორციელდება ფოტოგადაღების, ვიდეოჩაწერის წარმოებიდან არაუგვიანეს მომდევნო 2 (ორი) სამუშაო დღისა, ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამგზავრებისას, აღნიშნული სამსახურებრივი მივლინების დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო 2 (ორი) სამუშაო დღისა.
4. ფოტო-ვიდეომასალის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კომპიუტერში გადატანისთანავე, აღნიშნული მასალა გადაღების/ჩაწერისთვის გამოყენებული ტექნიკური საშუალებიდან, ექვემდებარება წაშლას. წაშლამდე უფლებამოსილი პირი ამოწმებს ფაილის სრულად ატვირთვას, ფაილის გახსნის შესაძლებლობას, თარიღისა და დროის სისწორეს, ფაილის უცვლელობას.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კომპიუტერში გადატანილი და შეზღუდული სარგებლობის ფაილ სერვერზე საქაღალდეში განთავსებული, ან შეზღუდული სარგებლობის ფაილ სერვერზე საქაღალდეში ავტომატურად განთავსებული ფოტო-ვიდეო მასალა ინახება 1 კალენდარული წლის განმავლობაში მისი გადაღების/ჩანაწერის გაკეთების დღიდან, ხოლო, ადმინისტრაციული წარმოების ან/და სასამართლოში სამართალწარმოების დაწყების შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი დეპარტამენტისათვის გადაცემამდე.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული ვადის გასვლისთანავე და ამავე პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო 2 (ორი) სამუშაო დღისა, ფოტო-ვიდეომასალა ექვემდებარება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპიუტერიდან წაშლას.
1. ფოტო-ვიდეოჩანაწერი გამოიყენება როგორც ვიზუალური მტკიცებულებები შესამოწმებელი სუბიექტის/ობიექტის საქმიანობის ობიექტურად აღწერისათვის, ასევე როგორც მტკიცებულებები მისი საქმიანობის საავტომობილო ტრანსპორტის დარგში მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის ან შეუსაბამობის დასადგენად.
2. დაუშვებელია მოპოვებული ფოტო-ვიდეომასალის შემდგომი გამოყენება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით ან მისი გადაცემა არაუფლებამოსილ პირ(ებ)ზე, გარდა იმ შემთხვევისა თუ აღნიშნული მტკიცებულებების გამოყენება დაკავშირებულია დავის განმხილველი ან/და სამართალდამცავი ორგანოებისთვის, ან/და სასამართლოსთვის სამართალწარმოების ფარგლებში გადასაცემად.
უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ფოტოგადაღების, ვიდეოჩაწერის წარმოებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების და ამ წესით გათვალისწინებული დებულებების შეუსრულებლობა განიხილება სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვან შესრულებად და იწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ამ წესით გათვალისწინებული დებულებების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს უფლებამოსილი თანამშრომლის უშუალო ხელმძღვანელი.
1. ტექნიკური საშუალებებიდან, ამავე წესის მიზნებისთვის მოპოვებული ფოტო-ვიდეომასალის განზრახ ან გაუფრთხილებლობით გამჟღავნებაზე, ნებისმიერი სხვა პირისათვის გადაცემაზე, გავრცელებაზე ან სხვაგვარად ხელმისაწვდომობაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის თანამშრომელს. ამასთან, ფოტო-ვიდეომასალის განზრახ ან გაუფრთხილებლობით გამჟღავნება, ნებისმიერი სხვა პირისათვის გადაცემა, გავრცელება ან სხვაგვარად ხელმისაწვდომობა განიხილება შესაბამისი თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევად და წარმოადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველს.
2. ამ წესით გათვალისწინებული დებულებების შეუსრულებლობისას ან არაჯეროვანი შესრულებისას, თუ აღნიშნული ქმედება ან/და ქმედებისგან თავის შეკავება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, პირს ადმინისტრაციული სახდელი დაედება ამ კანონით დადგენილ ფარგლებში, იმ მუხლის შესაბამისად, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ამასთან, თუ ჩადენილი ქმედება ან/და ქმედებისგან თავის შეკავება შეიცავს სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს, პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტექნიკური საშუალებებით მტკიცებულებების მოპოვების (ფოტო/ვიდეო გადაღება), შენახვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტექნიკური საშუალებებით მტკიცებულებების მოპოვების (ფოტო/ვიდეო გადაღება), შენახვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.09.2026.
- როდის იქნა მიღებული „ტექნიკური საშუალებებით მტკიცებულებების მოპოვების (ფოტო/ვიდეო გადაღება), შენახვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ტექნიკური საშუალებებით მტკიცებულებების მოპოვების (ფოტო/ვიდეო გადაღება), შენახვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 11.09.2026. მიმღები ორგანო — საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №62/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.77.090.016062.
- სად არის „ტექნიკური საშუალებებით მტკიცებულებების მოპოვების (ფოტო/ვიდეო გადაღება), შენახვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.09.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტექნიკური საშუალებებით მტკიცებულებების მოპოვების (ფოტო/ვიდეო გადაღება), შენახვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“, №62/ნ, 11.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 300160070.77.090.016062 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6998825/