მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის
ბრძანება №125/ნ
2026 წლის 11 სექტემბერი
ქ.თბილისი
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლისა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 212 მუხლის მე-2 პუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „შ1.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი“.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №1014 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი
მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი🔗
1. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი (შემდგომში – სტანდარტი), „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ღ3“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პროფესიული ვალდებულებების, ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების ჩამონათვალის ერთობლიობაა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა თანამდებობის მასწავლებელი.
2. სტანდარტის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.
3. სტანდარტი არის მასწავლებლის მომზადების, პროფესიის რეგულირებისა და კარიერული ზრდის განმსაზღვრელი დოკუმენტი.
4. მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენცია რეგულირდება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
მუხლი 2. სტანდარტის გამოყენების არეალი🔗
1. სტანდარტის გამოყენება შესაძლებელია მასწავლებლის პროფესიის რეგულირების სფეროში სხვადასხვა პოლიტიკის დოკუმენტისა თუ მექანიზმის შესამუშავებლად.
2. სტანდარტის გამოყენება შესაძლებელია შემდეგი დანიშნულებით:
ა) თვითშეფასებისა და კოლეგების ურთიერთშეფასებისთვის – იმისთვის, რომ მასწავლებელმა შეძლოს საკუთარი პრაქტიკის რეფლექსია, გასაუმჯობესებელი მიმართულებების გამოკვეთა და საკუთარი პროფესიული განვითარების მიზნების განსაზღვრა სასწავლო პრაქტიკის დასახვეწად და მოსწავლეთა სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად, სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების აქტივობების დასაგეგმად და განსახორციელებლად;
ბ) მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდისთვის;
გ) მასწავლებლის კომპეტენციებისა და საქმიანობის შეფასებისთვის – იმისთვის, რომ სტანდარტის თითოეული მიმართულებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად შეფასდეს მასწავლებლის კომპეტენციები და საქმიანობა, ასევე, მის მიერ საკუთარი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება და მიღწეული შედეგები;
დ) მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების გამოცდისთვის პროგრამებისა და ტესტური ინსტრუმენტების შესაქმნელად;
ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებისთვის;
ვ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამების შინაარსის განსაზღვრისა და პასუხისმგებელი უწყების მიერ ამ პროგრამების აკრედიტაციისთვის;
ზ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მიზნით მასწავლებლის კომპეტენციების დადგენისა და შეფასებისთვის;
თ) მასწავლებლობის მსურველის კომპეტენციების განსაზღვრისა და შეფასებისთვის;
ი) უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავების, განახლებისა და დამტკიცებისთვის.
მუხლი 3. სტანდარტის სტრუქტურა🔗
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი შედგება სამი თავისგან:
ა) I თავი - ზოგადია და ვრცელდება ყველა თანამდებობის მასწავლებელზე, ასევე შემცვლელ სპეციალურ მასწავლებელზე. II თავი - განსაზღვრავს მინიმალურ კომპეტენციებს ყველა თანამდებობის მასწავლებლისთვის, გარდა სპეციალური მასწავლებლისა, ასევე შემცვლელი სპეციალური მასწავლებლისთვის. III თავი - განსაზღვრავს მინიმალურ კომპეტენციას სპეციალური მასწავლებლისთვის.
ბ) სტანდარტი მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას:
ბ.ა) სასწავლო პროცესი;
ბ.ბ) პროფესიული პასუხისმგებლობები და ეთიკა;
ბ.გ) სტატუსის შესაბამისი დამატებითი კომპეტენციები;
გ) II და III თავების თითოეულ მიმართულებაში გამოყოფილია პუნქტები შესაბამისი ცხრილებით, რომლებითაც განსაზღვრულია შესრულების აღმწერები და ინდიკატორები, რაც გამჭვირვალეს ხდის მოთხოვნებს მასწავლებელთა/სპეციალურ მასწავლებელთა საქმიანობის მიმართ.
მუხლი 4. სასწავლო პროცესი🔗
1. მასწავლებლის მიერ პოზიტიური და ინკლუზიური სასწავლო გარემოს ფორმირება
აღწერა
ინდიკატორი
1.1
მასწავლებელი ბავშვის უფლებათა პრინციპებზე დაყრდნობით გეგმავს, ქმნის და მართავს უსაფრთხო, ინკლუზიურ, თავისუფალ, მხარდამჭერ და კომფორტულ სასწავლო გარემოს, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის ღირსების, უფლებებისა და ინდივიდუალური საჭიროებების პატივისცემას; ხელს უწყობს მის აქტიურ მონაწილეობას, კეთილდღეობასა და პიროვნულ, სოციალურ-ემოციურ და კოგნიტურ განვითარებას.
მასწავლებელი სასწავლო პროცესში თანმიმდევრულად იყენებს პიროვნული თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის პრინციპებზე დაფუძნებულ კომუნიკაციას, რაც უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის ჩართულობასა და აქტიურ მონაწილეობას.
მასწავლებელი ქმნის ისეთ სასწავლო გარემოს, სადაც მოსწავლეები თავისუფლად გამოხატავენ განსხვავებულ მოსაზრებებს და პატივისცემით ეპყრობა თითოეული მოსწავლის აზრს.
მასწავლებელი კარგად იცნობს თითოეული მოსწავლის პიროვნებას და მათი ინდივიდუალური, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების, ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური, სოციალურ‐ეკონომიკური, კულტურული მრავალფეროვნების გათვალისწინებით აგებს მათთან ურთიერთობას.
მასწავლებელი სასწავლო გარემოში იცავს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპს, არ უშვებს სქესის ნიშნით სტერეოტიპულ, დამაკნინებელ ან გამრიყავ მიდგომებს და სათანადოდ რეაგირებს დისკრიმინაციული ქცევის გამოვლინებებზე.
მასწავლებელი ამჟღავნებს მაღალ და რეალისტურ მოლოდინებს თითოეული მოსწავლის მიმართ.
მასწავლებელი იყენებს კლასის მართვისა და თითოეული მოსწავლის ქცევის მართვის ეფექტიან და მიზნობრივ სტრატეგიებს, ხელს უწყობს მოსწავლეთა თვითრეგულირებადი ქცევის ჩამოყალიბებასა და პოზიტიური ურთიერთობების დამკვიდრებას.
მასწავლებელი აანალიზებს კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებს, დროულად და ადეკვატურად რეაგირებს მათზე, ხელს უწყობს კონფლიქტის პრევენციას და საჭიროების შემთხვევაში მის მშვიდობიან და კონსტრუქციულ მოგვარებას.
2. მასწავლებლის მიერ მოსწავლეებში ეროვნული, ზოგადსაკაცობრიო და სამოქალაქო ცნობიერების განვითარება
აღწერა
ინდიკატორი
2.1
მასწავლებელი ხელს უწყობს მოსწავლეების პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას, უვითარებს მათ ეროვნულ, ზოგადსაკაცობრიო და სამოქალაქო ცნობიერებასა და თანამედროვე საზოგადოებაში წარმატებული მონაწილეობისთვის აუცილებელ უნარებს.
მასწავლებელი ქმნის თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და დემოკრატიული ღირებულებების პრინციპებზე დაფუძნებულ სასწავლო გარემოს და იყენებს სწავლების მიდგომებს, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეებში სტერეოტიპული აზროვნების კრიტიკულ გააზრებასა და დაძლევას, თანასწორობის, ტოლერანტობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებული დამოკიდებულებების ჩამოყალიბებასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
მასწავლებლის მიერ გამოყენებული მიდგომები მოსწავლეებს უვითარებს ეროვნულ ცნობიერებას და აფართოებს მათ ზოგადსაკაცობრიო ხედვას, უყალიბებს კულტურული მრავალფეროვნების მიმართ ინტერესს და ეროვნული იდენტობის განცდას.
მასწავლებელი იყენებს ისეთ სტრატეგიებს, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა სასწავლო და ინოვაციური უნარების, ციფრული წიგნიერებისა და ცხოვრებისეული და კარიერული კომპეტენციების განვითარებას.
მასწავლებელი სასწავლო პროცესში იყენებს მდგრადი განვითარების მიზნებზე ორიენტირებულ მიდგომებს, რომლებიც ხელს უწყობს ბუნებრივი და სოციალური გარემოს მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების განვითარებას.
3. მასწავლებლის მიერ მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა, წარმართვა, შეფასება
აღწერა
ინდიკატორი
3.1
მასწავლებელი შეიმუშავებს მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო გეგმებს, რომლებიც ეფუძნება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებსა და ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს, თანამედროვე პედაგოგიურ მიდგომებს, მოსწავლეთა მრავალფეროვან საჭიროებებსა და თანამშრომლობითი დაგეგმვის პრინციპებს.
მასწავლებელი სასწავლო გეგმების შემუშავებისას ეყრდნობა ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს, ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს, სკოლის პრიორიტეტებსა და მოსწავლეთა საჭიროებებს.
მასწავლებელი სასწავლო პროცესის დაგეგმვისას ითვალისწინებს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების თანამედროვე მიდგომებს, მათ შორის, კონსტრუქტივიზმის, სწავლის უნივერსალური დიზაინის, დიფერენცირებული სწავლებისა და რემედიაციის პრინციპებს.
მასწავლებელი მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების, ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით ახდენს სასწავლო გეგმის ადაპტირებას და უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის თითოეული მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებებთან შესაბამისობას.
მასწავლებელი სასწავლო გეგმების შემუშავებისას ითვალისწინებს შიდასაგნობრივ და საგანთაშორის კავშირებს.
მასწავლებელი მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით გეგმავს კლასგარეშე (ექსტრაკურიკულარულ) აქტივობებს.
მასწავლებელი ავლენს მოსწავლეთა საჭიროებებსა და გამოწვევებს და პირველადი მართვის სტრატეგიების დაგეგმვის მიზნით თანამშრომლობს მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან, კოლეგებთან, სპეციალურ მასწავლებელსა და ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებთან.
მასწავლებელი მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინებით და ისგ-ის ჯგუფთან თანამშრომლობით შეიმუშავებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.
3.2
მასწავლებელი წარმართავს მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესს თანამედროვე პედაგოგიური მიდგომებისა და სწავლების ეფექტიანი სტრატეგიების გამოყენებით, ითვალისწინებს მოსწავლეთა მრავალფეროვან საჭიროებებს, ინტერესებსა და შესაძლებლობებს.
მასწავლებელი იყენებს თითოეული მოსწავლის საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებულ, სასწავლო მიზნის შესაბამის აქტივობებსა და სტრატეგიებს.
მასწავლებელი ეფექტიანად იყენებს ფუნქციურ-კომპონენტური უნარების გასავითარებელ სტრატეგიებს.
მასწავლებელი იყენებს მეტაკოგნიტური უნარების განვითარების სტრატეგიებს და ხელს უწყობს დამოუკიდებელი შემსწავლელის ჩამოყალიბებას.
მასწავლებელი იყენებს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების სტრატეგიებს მათი ინდივიდუალური პროგრესის, ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.
მასწავლებელი სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას აკვირდება მოსწავლეთა მონაწილეობას, უზრუნველყოფს გოგონებისა და ბიჭების, ასევე, სხვადასხვა გამოცდილებისა და საჭიროების მქონე მოსწავლეთა თანაბარ ჩართულობას.
მასწავლებელი ახორციელებს კლასგარეშე (ექსტრაკურიკულარულ) აქტივობებს და ხელს უწყობს მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობასა და მრავალმხრივ განვითარებას.
3.3
მასწავლებელი სასწავლო პროცესში მიზნობრივად იყენებს მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო რესურსებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებიც შეესაბამება სასწავლო მიზნებს, მოსწავლეთა საჭიროებებსა და ასაკობრივ თავისებურებებს.
მასწავლებელი მოიძიებს, შეარჩევს, ქმნის, საჭიროების შემთხვევაში ადაპტირებას უკეთებს და იყენებს სასწავლო რესურსებსა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს სასწავლო მიზნების, მოსწავლეთა საჭიროებებისა და ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით.
მასწავლებელის მიერ გამოყენებული რესურსები შეესაბამება მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპებს.
მასწავლებელი აფასებს სასწავლო რესურსების შინაარსს და უზრუნველყოფს, რომ გამოყენებული მასალები არ შეიცავდეს სტერეოტიპულ, დისკრიმინაციულ ან ადამიანის ღირსების შემლახავ გზავნილებს.
3.4
მასწავლებელი ხელს უწყობს მოსწავლეთა ციფრული კომპეტენციებისა და მედიაწიგნიერების განვითარებას, სასწავლო პროცესში ქმნის ციფრული ტექნოლოგიების უსაფრთხო, ეთიკური და მიზნობრივი გამოყენების შესაძლებლობებს და ამზადებს მოსწავლეებს თანამედროვე საინფორმაციო გარემოში პასუხისმგებლიანი მონაწილეობისთვის.
მასწავლებელი სასწავლო პროცესში ქმნის ციფრული ტექნოლოგიების, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების, უსაფრთხო, ეთიკური და მიზნობრივი გამოყენების შესაძლებლობებს და ამზადებს მოსწავლეებს თანამედროვე საინფორმაციო გარემოში პასუხისმგებლიანი მონაწილეობისთვის.
მასწავლებელი სასწავლო პროცესში ქმნის შესაძლებლობებს მოსწავლეთა მედიაწიგნიერების განვითარებისთვის და ხელს უწყობს ინფორმაციის კრიტიკულ შეფასებასა და მედიის პასუხისმგებლიან გამოყენებას.
მასწავლებელი მოსწავლეებს ასწავლის ციფრულ უსაფრთხოებასა და ეთიკას, ონლაინსივრცეში პასუხისმგებლიან ქცევას, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების პასუხისმგებლიან და ეთიკურ გამოყენებას.
3.5
მასწავლებელი წარმართავს მოსწავლეთა შეფასების პროცესს განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომით, იყენებს შეფასების მრავალფეროვან მეთოდებსა და ინსტრუმენტებს, აანალიზებს მიღებულ შედეგებს და მათ საფუძველზე გეგმავს მოსწავლეთა მხარდამჭერ სასწავლო პროცესს.
მასწავლებელი მოსწავლეთა შეფასებისას ეყრდნობა შეფასების ძირითად პრინციპებს.
მასწავლებელი სასწავლო მიზნების შესაბამისად არჩევს შეფასების მეთოდებს.
მასწავლებელი სასწავლო შედეგების შესაბამისად აყალიბებს სამართლიან, გამჭვირვალე და მიუკერძოებელ კრიტერიუმებს და შეიმუშავებს შეფასების სქემებს.
მასწავლებელი მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით გასცემს მიზნობრივ განმავითარებელ უკუკავშირს.
მასწავლებელი ახორციელებს განმავითარებელი შეფასების სრულ ციკლს, იყენებს შეფასების შედეგებს მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგისა და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისთვის.
მასწავლებელი მოსწავლეთა შეფასებისას არ ექცევა დამკვიდრებული სტერეოტიპების გავლენის ქვეშ და აანალიზებს, რამდენად უწყობს ხელს მის მიერ გამოყენებული მიდგომები ყველა ჯგუფის თანაბარ ჩართულობასა და მიღწევებს.
მუხლი 5. მასწავლებლის პროფესიული პასუხისმგებლობები და ეთიკა🔗
აღწერა
ინდიკატორი
1
მასწავლებელი ზრუნავს უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე, აფასებს საკუთარ პრაქტიკას, განსაზღვრავს პროფესიულ საჭიროებებს და გეგმავს მათი განვითარებისკენ მიმართულ საქმიანობას.
მასწავლებელი საკუთარი საქმიანობის მუდმივი და მრავალმხრივი რეფლექსიისა და დარგში მიმდინარე სიახლეების ანალიზის საფუძველზე განსაზღვრავს პროფესიული განვითარების საჭიროებებს.
მასწავლებელი თვითშეფასების შედეგების საფუძველზე შეიმუშავებს ინდივიდუალური პროფესიული განვითარების გეგმას და ახორციელებს შესაბამის აქტივობებს.
2
მასწავლებელი სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებს მტკიცებულებებსა და მრავალფეროვანი მონაცემების სისტემურ ანალიზზე დაყრდნობით. მიზანმიმართულად აგროვებს, აანალიზებს და იყენებს მოსწავლეთა სწავლისა და განვითარების შესახებ მონაცემებს, კრიტიკულად აფასებს საკუთარ პროფესიულ პრაქტიკასა და მიღებულ შედეგებს; მტკიცებულებების საფუძველზე გეგმავს და ახორციელებს შესაბამის ცვლილებებს სასწავლო პროცესის ხარისხისა და მოსწავლეთა სწავლის შედეგების გაუმჯობესებისათვის.
მასწავლებელი სწავლების დაგეგმვისა და ორგანიზებისას ეფუძნება მოსწავლეთა შეფასების შედეგებს, დაკვირვებისა და უკუკავშირის მონაცემებს და იღებს გააზრებულ და მიზანმიმართულ გადაწყვეტილებებს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისთვის.
მასწავლებელი რეგულარულად აანალიზებს განხორციელებული სასწავლო პროცესის შედეგებს, აფასებს საკუთარი პრაქტიკის ეფექტიანობას და, მიღებული მონაცემების საფუძველზე, სრულყოფს სწავლების მეთოდებს, სტრატეგიებსა და რესურსებს.
მასწავლებელი გადაწყვეტილებების მიღებისას ეყრდნობა სანდო კვლევებს, პროფესიულ რეკომენდაციებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პრაქტიკებს.
3
მასწავლებელი ეფექტიანად თანამშრომლობს სასკოლო საზოგადოებასთან, ამყარებს პროფესიულ და კონსტრუქციულ კომუნიკაციას და აქტიურად მონაწილეობს თანამშრომლობითი სასწავლო და პროფესიული გარემოს განვითარებაში.
მასწავლებელი მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან, კოლეგებთან და მოსწავლეებთან კომუნიკაციისას იყენებს პატივისცემაზე, თანასწორობასა და არადისკრიმინაციულ მიდგომაზე დაფუძნებულ ენასა და პრაქტიკას.
მასწავლებელი მოსწავლეთა მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს ინდივიდუალურად აწვდის ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მიღწევებისა და ქცევის შესახებ და თანამშრომლობს მათთან მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
მასწავლებელი ხელს უწყობს მოსწავლეთა მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების სასკოლო ცხოვრებაში აქტიურ და მიზნობრივ ჩართულობას.
მასწავლებელი თანამშრომლობს კოლეგებთან პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთგანვითარების მიზნით.
მასწავლებელი სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების აქტივობებში (მაგ., კრიტიკული მეგობარი, პროფესიული სასწავლო ჯგუფები, ქოუჩინგი, მენტორინგი და სხვ.) აქტიური მონაწილეობით ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას, თანამშრომლობითი და რეფლექსიური კულტურის განვითარებასა და პროფესიული საზოგადოებების გაძლიერებას.
4
მასწავლებელი აქტიურად მონაწილეობს სკოლის განვითარებაზე ორიენტირებულ საქმიანობაში, თანამშრომლობს სასკოლო საზოგადოებასთან და ხელს უწყობს პოზიტიური, ინკლუზიური და თანამშრომლობაზე დაფუძნებული სასკოლო კულტურის განვითარებას.
მასწავლებელი აქტიურად მონაწილეობს სკოლის განვითარებაზე ორიენტირებულ საქმიანობაში და ეფექტიანად თანამშრომლობს სასკოლო საზოგადოებასთან, მათ შორის, მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან, თითოეული მოსწავლის, სკოლისა და თემის განვითარების მხარდასაჭერად.
მასწავლებელი ქმნის შესაძლებლობებს, რომ მოსწავლეები ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში და მონაწილეობა მიიღონ ისეთ აქტივობებში, რომლებიც აძლიერებს სკოლისადმი მათი მიკუთვნებულობის განცდას.
5
მასწავლებელი პროფესიულ საქმიანობას წარმართავს ეთიკის, აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პროფესიული პასუხისმგებლობის პრინციპების დაცვით.
მასწავლებელი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას იღებს კეთილსინდისიერ, სამართლიან და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებებს და ხელს უწყობს თანასწორობის დამკვიდრებას.
მასწავლებელი პროფესიულ საქმიანობაში იცავს ეთიკისა და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს.
მასწავლებელი იცავს მოსწავლის პერსონალურ მონაცემებს.
მასწავლებელი პედაგოგიური საქმიანობის პროცესში ეთიკურად, პასუხისმგებლიანად და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით იყენებს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს.
მასწავლებელი სასწავლო პროცესში ხელს უწყობს მოსწავლეებში ეთიკისა და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების გააზრებასა და პრაქტიკაში დამკვიდრებას.
მუხლი 6. წამყვანი და მენტორი მასწავლებლის დამატებითი კომპეტენციები🔗
ამ თავით განსაზღვრული მასწავლებელი, რომელსაც მინიჭებული აქვს წამყვანის/მენტორის სტატუსი, მე-4 მუხლით გათვალისწინებული კომპეტენციების გარდა, უნდა ფლობდეს კომპეტენციებს სწავლა-სწავლების და/ან მართვა-ადმინისტრირების და/ან საგანმანათლებლო კვლევების მიმართულებით:
1. სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება სკოლაში/სკოლებში (მიმართულება: სწავლა-სწავლება)
აღწერა
ინდიკატორი
1.1
წამყვანი მასწავლებელი სკოლის საჭიროებებისა და განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით ხელს უწყობს სასწავლო პროცესის ხარისხის ზრდას საკუთარი პრაქტიკის ფარგლებს გარეთ, რესურსების შექმნითა და გავრცელებით, ეფექტიანი სასწავლო მიდგომების დანერგვითა და კოლეგების პროფესიული განვითარების ხელშემწყობი საქმიანობით.
აანალიზებს სკოლაში სწავლა-სწავლების მიმართულებით გამოვლენილ საჭიროებებსა და კოლეგების პროფესიული განვითარების საჭიროებებს, მათ საფუძველზე გეგმავს და ახორციელებს შესაბამის მხარდამჭერ საქმიანობებს (სამუშაო შეხვედრები, სამოდელო გაკვეთილები, პრაქტიკული რესურსების შემუშავება და ა.შ.).
უზიარებს კოლეგებს სწავლებისა და შეფასების ეფექტიან სტრატეგიებს, საკუთარ პროფესიულ გამოცდილებასა და პრაქტიკულ რესურსებს და უწევს მათ კონსულტაციას სწავლა-სწავლების პროცესში გამოვლენილი კონკრეტული პროფესიული გამოწვევების დაძლევასა და საჭიროებების დაკმაყოფილებაში.
აფასებს განხორციელებული მხარდამჭერი საქმიანობების ეფექტიანობას, აანალიზებს მიღებულ შედეგებს და მათ საფუძველზე განსაზღვრავს სკოლაში სწავლა-სწავლების მიმართულებით შემდგომი მხარდაჭერის საჭიროებებსა და შესაბამის ღონისძიებებს.
1.2
მენტორი მასწავლებელი მხარს უჭერს რამდენიმე სკოლის განვითარებას სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ეხმარება სკოლებს სწავლა-სწავლების მიმართულებით გამოვლენილ საჭიროებებსა და გამოწვევებზე რეაგირებაში, ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასა და ეფექტიანი სასწავლო მიდგომების დანერგვას, უზიარებს პროფესიულ გამოცდილებას და უწევს კოლეგებს კონსულტირებას. ხელს უწყობს სკოლებს შორის წარმატებული პრაქტიკის გაზიარებასა და პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებას.
აანალიზებს რამდენიმე სკოლაში სწავლა-სწავლების მიმართულებით გამოვლენილ საჭიროებებს და მიღებული მიგნებების საფუძველზე განსაზღვრავს სკოლების მხარდაჭერის პრიორიტეტულ მიმართულებებს.
მხარს უჭერს რამდენიმე სკოლის მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, ეხმარება მათ გამოვლენილ პროფესიულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე რეაგირებაში, უწევს კონსულტირებას სკოლების განვითარების საჭიროებებისა და პრიორიტეტების შესაბამისად, უზიარებს პროფესიულ გამოცდილებას, ეფექტიან პრაქტიკებს და ხელს უწყობს შესაბამისი სასწავლო მიდგომების დანერგვას.
აფასებს გაწეული მხარდაჭერის შედეგებსა და ეფექტიანობას, აანალიზებს მის გავლენას მასწავლებელთა პროფესიულ პრაქტიკასა და სკოლების განვითარებაზე; მიღებულ მიგნებებზე დაყრდნობით ეხმარება სკოლებს შემდგომი განვითარების საჭიროებების განსაზღვრაში და ხელს უწყობს ეფექტიანი პრაქტიკის გაზიარებასა და სკოლებს შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებას.
2. სკოლაში/სკოლებში მართვისა და განვითარების პროცესების გაძლიერება (მიმართულება: მართვა-ადმინისტრირება)
აღწერა
ინდიკატორი
2.1
წამყვანი მასწავლებელი მონაწილეობს სკოლის სტრატეგიული მიზნების დასახვისა და მართვის პროცესების გაუმჯობესებაში, ხელს უწყობს სკოლის მმართველობითი, ძირითადი და დამხმარე პროცესების ეფექტიან წარმართვას.
მონაწილეობს სკოლის სტრატეგიული განვითარების დაგეგმვასა და პრიორიტეტების განსაზღვრაში, ეხმარება სკოლას მართვის პროცესების გაუმჯობესებაში.
ხელს უწყობს კოორდინაციისა და თანამშრომლობის მექანიზმების დანერგვას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულს შორის.
მონაწილეობს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში და უზრუნველყოფს სკოლის დონეზე განხორციელებული ცვლილებების მონიტორინგსა და შეფასებას. შეფასების შედეგების საფუძველზე კი ხელს უწყობს შემდგომი გასაუმჯობესებელი მიმართულებების განსაზღვრას.
2.2
მენტორი მასწავლებელი, რამდენიმე სკოლის მასშტაბით არსებული სისტემური ხედვის საფუძველზე, ეხმარება სკოლებს სტრატეგიული მართვის პროცესების გაუმჯობესებასა და ეფექტიანი მიდგომების ურთიერთგაზიარებაში.
აანალიზებს რამდენიმე სკოლის სტრატეგიული განვითარების საერთო საჭიროებებსა და პრიორიტეტებს; საჭიროების შემთხვევაში, ეხმარება ცალკეულ სკოლას მართვის კონკრეტული პროცესის გაუმჯობესებაში.
ხელს უწყობს ეფექტიანი მართვისა და კოორდინაციის მიდგომების გაზიარებას სხვადასხვა სკოლას შორის.
განაზოგადებს რამდენიმე სკოლაში მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკასა და ცვლილებების მონიტორინგის შედეგებს; გამოვლენილ სისტემურ ტენდენციებსა და გამოწვევებზე დაყრდნობით შეიმუშავებს რეკომენდაციებს შემდგომი გაუმჯობესებისათვის.
3. სკოლაში/სკოლებში საგანმანათლებლო კვლევების პრაქტიკის გაძლიერება (მიმართულება: საგანმანათლებლო კვლევა)
აღწერა
ინდიკატორი
3.1
წამყვანი მასწავლებელი გეგმავს და ატარებს კვლევებს სკოლის მასშტაბით, საჭიროებებისა და გამოწვევების იდენტიფიცირების, არსებული პრაქტიკის ანალიზისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.
იდენტიფიცირებას უწევს სკოლის მასშტაბით არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებს, აანალიზებს არსებულ პრაქტიკას და ამის საფუძველზე გეგმავს კვლევას, შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენებით.
გეგმავს და ახორციელებს კვლევაზე დაფუძნებულ ინტერვენციებს გამოვლენილი პრობლემების გადასაჭრელად და აფასებს მათ შედეგებს.
აანალიზებს კვლევისა და ინტერვენციის შედეგებს და მათ საფუძველზე შეიმუშავებს პრაქტიკულ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს.
უზიარებს კვლევის შედეგებსა და მიგნებებს სასკოლო საზოგადოებას, ხელს უწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის დამკვიდრებას სკოლის დონეზე.
3.2
მენტორი მასწავლებელი კოორდინაციასა და მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას უწევს რამდენიმე სკოლაში მიმდინარე კვლევების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესს, საერთო ტენდენციების, საჭიროებებისა და ეფექტიანი პრაქტიკების გამოვლენის მიზნით.
კონსულტაციების, სამუშაო შეხვედრებისა და შესაბამისი კვლევის ინსტრუმენტების შეთავაზებით მხარდაჭერას უწევს რამდენიმე სკოლას კვლევების დაგეგმვაში.
კოორდინაციას უწევს რამდენიმე სკოლაში კვლევების განხორციელებას (მათ შორის, მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის პროცესს), ეხმარება სკოლების წარმომადგენლებს კვლევის მეთოდოლოგიის სწორად გამოყენებაში.
ეხმარება სკოლების წარმომადგენლებს მიღებული შედეგების სათანადო ინტერპრეტაციაში, განაზოგადებს მონაცემებს რამდენიმე სკოლის მასშტაბით და გამოავლენს საერთო ტენდენციებსა და გამოწვევებს.
სკოლებთან ერთად შეიმუშავებს კვლევის შედეგებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს და ხელს უწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის გავრცელებას.
მუხლი 7. სასწავლო პროცესი🔗
1. სწავლის სირთულეების ადრეული იდენტიფიცირება
აღწერა
ინდიკატორი
1.1
სპეციალური მასწავლებელი მონაწილეობს მოსწავლის სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების ადრეული იდენტიფიცირების პროცესში
სპეციალური მასწავლებელი, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე, მოსწავლის სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების ადრეული იდენტიფიცირების მიზნით სხვადასხვა წყაროდან მიღებულ ინფორმაციასა და დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობით აფასებს მოსწავლის ძლიერ მხარეებს, საჭიროებებსა და სწავლის პროცესში გამოვლენილ სირთულეებს.
სპეციალური მასწავლებელი საგნის მასწავლებლებთან, დამრიგებელთან და მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან თანამშრომლობით, შეფასების საფუძველზე გამოვლენილ მოსწავლის ძლიერ მხარეებსა და საჭიროებებზე დაყრდნობით შეიმუშავებს სწავლის ხელშემწყობ წერილობით რეკომენდაციებს ან/და მონაწილეობს პირველადი მართვის გეგმის შემუშავებაში. აფასებს წერილობითი რეკომენდაციების ან/და პირველადი მართვის გეგმის ეფექტიანობას და საჭიროების შემთხვევაში აზუსტებს მათ.
სპეციალური მასწავლებელი შეფასების შედეგებზე დაყრდნობით და სასკოლო საზოგადოების წევრებთან თანამშრომლობით, საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობს მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დასადგენად გადამისამართების პროცესში.
2. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების შეფასება
აღწერა
ინდიკატორი
2.1
სპეციალური მასწავლებელი მონაწილეობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების შეფასების პროცესში.
სპეციალური მასწავლებელი სასკოლო საზოგადოებასთან, მათ შორის, მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან და სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობით აგროვებს მონაცემებს და არაფორმალური შეფასების, მრავალფეროვანი მეთოდებისა და ინფორმაციის სხვადასხვა წყაროს გამოყენებით აფასებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ძლიერ მხარეებსა და საჭიროებებს.
სპეციალური მასწავლებელი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების შეფასებისას ითვალისწინებს მოსწავლის ინდივიდუალურ, სოციალურ, კულტურულ, რელიგიურ, ეთნიკურ, სქესობრივ და სხვა მახასიათებლებს, რათა შეფასება იყოს მიუკერძოებელი და მოსწავლის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული.
სპეციალური მასწავლებელი შეფასების შედეგებზე დაყრდნობით სასკოლო საზოგადოების წევრებს, მათ შორის, მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, აცნობს მოსწავლის ძლიერ მხარეებს და საჭიროებებს, აძლევს რეკომენდაციებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლა-სწავლების პროცესის მხარდასაჭერად.
3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის სასწავლო პროცესის დაგეგმვა და განხორციელება
აღწერა
ინდიკატორი
3.1
სპეციალური მასწავლებელი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შესაძლებლობებისა და ინდივიდუალური საჭიროებების, ინტერესების გათვალისწინებით, მონაწილეობს სწავლა-სწავლების პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებაში.
სპეციალური მასწავლებელი საგნის მასწავლებლებთან, მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის (შემდგომ - ისგ-ის ჯგუფი) სხვა წევრებთან თანამშრომლობით მონაწილეობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ცოდნის აქტუალური დონის განსაზღვრის, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის (ისგ) მიზნებისა და მათ მისაღწევად შესაბამისი აქტივობების შემუშავებაში.
სპეციალური მასწავლებელი, შეფასების შედეგებისა და მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, ინდივიდუალური მიზნების შერჩევის პროცესში მხარს უჭერს მასწავლებლებს ალტერნატიული ან/და გაფართოებული ან/და სენსორული სასწავლო გეგმის შედეგების ადაპტირებისას/მოდიფიცირებისას.
სპეციალური მასწავლებელი სწავლა-სწავლების პროცესის დაგეგმვისა და განხორციელებისას ითვალისწინებს მოსწავლის განვითარების ძირითად ეტაპებს, განვითარების დარღვევებს, ინდივიდუალურ თავისებურებებს, ფუნქციონირების დონესა და საჭიროებებს, მათ შორის, აკადემიური, კოგნიტური, კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების, სოციალური, ემოციური, ქცევითი, ადაპტური, სენსორული და ფიზიკური განვითარების მახასიათებლებს.
სპეციალური მასწავლებელი, მოსწავლის განვითარების თავისებურებების, ინდივიდუალური საჭიროებების, შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით და სასკოლო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, მონაწილეობს სწავლა-სწავლების პროცესის დაგეგმვაში, სასწავლო მასალის ადაპტირებაში. საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინდივიდუალურ ასისტენტს აძლევს რეკომენდაციებს მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის მიზნით. მონაწილეობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნაში.
სპეციალური მასწავლებელი, შეფასების შედეგების საფუძველზე, ისგ-ის ჯგუფის წევრებთან ერთად განსაზღვრავს მოსწავლისთვის საჭირო მხარდაჭერას და მათთან თანამშრომლობით შეიმუშავებს ინტერვენციის გეგმას.
სპეციალური მასწავლებელი საგნის მასწავლებლებთან, მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან და ისგ-ის ჯგუფის სხვა წევრებთან თანამშრომლობით ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლა-სწავლების პროცესში სწავლის უნივერსალური დიზაინის, დიფერენცირებული სწავლებისა და კონსტრუქტივისტული მიდგომის პრინციპების გამოყენებას.
სპეციალური მასწავლებელი ინტერვენციის მიზნების შესაბამისად გეგმავს და წარმართავს ინდივიდუალურ, წყვილურ ან მცირე ჯგუფურ მუშაობას მოსწავლეებთან, სხვადასხვა საგანმანათლებლო გარემოში, მათ შორის რესურსოთახში.
სპეციალური მასწავლებელი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ძლიერი მხარეების და საჭიროებების გათვალისწინებით ისგ-ის ჯგუფის წევრებთან ერთად მონაწილეობას ქცევის მართვის გეგმის შემუშავებაში, იყენებს ქცევის მართვისა და პოზიტიური ქცევის მხარდაჭერის ეფექტიან სტრატეგიებს, ხელს უწყობს მოსწავლის ქცევის თვითრეგულირების, სოციალურ-ემოციური უნარებისა და პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებას, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის საზოგადოებაში ინტეგრაციასა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების ხარისხის გაზრდას.
სპეციალური მასწავლებელი ინტერვენციის გეგმის მიზნებისა და სწავლების სტრატეგიების გათვალისწინებით არჩევს, ამზადებს და იყენებს შესაბამის სასწავლო რესურსებს, დამხმარე საშუალებებს, დამხმარე ტექნოლოგიებს, ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ციფრული ტექნოლოგიების საფუძველზე შექმნილ მასალებს.
სპეციალური მასწავლებელი რეკომენდაციების გაცემისა და სასწავლო სტრატეგიების შერჩევისას ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ღირსების დაცვას, თანასწორ მონაწილეობასა და არადისკრიმინაციული გარემოს შექმნას.
სპეციალური მასწავლებელი ისგ-ის ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობით მონაწილეობს მოსწავლის პროგრესის მონიტორინგში, მიღწეული შედეგების პერიოდულ შეფასებასა და, საჭიროების შემთხვევაში, საგნობრივი და ინტერვენციის გეგმის, მხარდაჭერის სტრატეგიების გადახედვასა და გაუმჯობესებაში.
4. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის/მოსწავლის ტრანზიციის პროცესის მხარდაჭერა
აღწერა
ინდიკატორი
4.1
სპეციალური მასწავლებელი ბავშვის სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესში ჩართულ პირებთან, სასკოლო საზოგადოებასთან, მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან და სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობით მონაწილეობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის/მოსწავლის ტრანზიციის პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებაში.
სპეციალური მასწავლებელი ბავშვის სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესში ჩართულ პირებთან, ისგ-ის ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობით მონაწილეობს ტრანზიციის ყველა საფეხურზე ინდივიდუალური ტრანზიციის გეგმის შემუშავებაში, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებასა და განხორციელებაში.
სპეციალური მასწავლებელი სასკოლო საზოგადოების წევრებთან თანამშრომლობით ტრანზიციის პროცესში ითვალისწინებს მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებებს, ძლიერ მხარეებს, ინტერესებსა და პრიორიტეტებს და ხელს უწყობს მის წარმატებულ ადაპტაციასა და ჩართულობას ახალ საგანმანათლებლო გარემოში, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოსწავლისთვის საჭირო მხარდაჭერის უწყვეტობა.
სპეციალური მასწავლებელი ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის/მოსწავლის ჩართულობას ტრანზიციის პროცესის დაგეგმვაში, მოსწავლესთან ერთად განსაზღვრავს ახალ საგანმანათლებლო გარემოში გადასვლისთვის საჭირო მიზნებსა და მხარდამჭერ სტრატეგიებს მოსწავლის შესაძლებლობების, ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, ხოლო ისგ-ის ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობით უზიარებს ტრანზიციის პროცესთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და რეკომენდაციებს შესაბამის ჩართულ პირებს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 8. სპეციალური მასწავლებლის პროფესიული პასუხისმგებლობები და ეთიკა🔗
აღწერა
ინდიკატორი
1
სპეციალური მასწავლებელი ზრუნავს უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე, აფასებს საკუთარ პრაქტიკას, განსაზღვრავს პროფესიულ საჭიროებებს და გეგმავს მათი განვითარებისკენ მიმართულ საქმიანობას.
სპეციალური მასწავლებელი საკუთარი პროფესიული საქმიანობის მუდმივი და მრავალმხრივი რეფლექსიის საფუძველზე განსაზღვრავს პროფესიული განვითარების საჭიროებებს.
სპეციალური მასწავლებელი თვითშეფასების შედეგების გათვალისწინებით შეიმუშავებს ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას და ახორციელებს პროფესიული განვითარების შესაბამის აქტივობებს.
სპეციალური მასწავლებელი პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით იყენებს პროფესიული განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობას, საგანმანათლებლო რესურსებსა და თანამედროვე, მტკიცებულებებსა და კვლევებზე დაფუძნებულ მიდგომებს.
სპეციალური მასწავლებელი პროფესიულ გადაწყვეტილებებს იღებს შესაბამისი შეფასების შედეგების, მიზნობრივი დაკვირვებისა და სხვა შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.
2
სპეციალური მასწავლებელი ეფექტიანად თანამშრომლობს სასკოლო საზოგადოებასთან, ამყარებს პროფესიულ და კონსტრუქციულ კომუნიკაციას და აქტიურად მონაწილეობს თანამშრომლობითი სასწავლო და პროფესიული გარემოს განვითარებაში.
სპეციალური მასწავლებელი თანამშრომლობს საგნის მასწავლებლებთან, მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან, სასკოლო საზოგადოების წევრებთან და სხვა სპეციალისტებთან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის საჭიროებებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირების, ინდივიდუალური მხარდაჭერის განსაზღვრის, დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით.
სპეციალური მასწავლებელი სასკოლო საზოგადოების წევრებთან კომუნიკაციისას იყენებს ეფექტიან, ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ მიდგომებს.
3
სპეციალური მასწავლებელი აქტიურად მონაწილეობს სკოლის განვითარებაზე ორიენტირებულ საქმიანობაში, თანამშრომლობს სასკოლო საზოგადოებასთან და ხელს უწყობს პოზიტიური, ინკლუზიური და თანამშრომლობაზე დაფუძნებული სასკოლო კულტურის განვითარებას.
სპეციალური მასწავლებელი ხელს უწყობს სკოლაში ინკლუზიური განათლების პრინციპების დამკვიდრებას, ინკლუზიური კულტურისა და პრაქტიკის განვითარებას, სასკოლო საზოგადოებაში კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემაზე, თანასწორობასა და ინკლუზიურ ღირებულებებზე დაფუძნებული დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას; მონაწილეობს ინკლუზიური პრაქტიკის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ინიციატივებში.
სპეციალური მასწავლებელი სასკოლო საზოგადოების წევრებთან თანამშრომლობით ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების თანასწორ მონაწილეობას სასკოლო ცხოვრებაში და მათი მიკუთვნებულობის განცდის გაძლიერებას.
სპეციალური მასწავლებელი გეგმავს და მონაწილეობს ინკლუზიური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და სასკოლო საზოგადოების მხარდაჭერისკენ მიმართულ ღონისძიებებში.
4
სპეციალური მასწავლებელი პროფესიულ საქმიანობას წარმართავს ეთიკის, აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პროფესიული პასუხისმგებლობის პრინციპების დაცვით.
სპეციალური მასწავლებელი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას იღებს კეთილსინდისიერ, მიუკერძოებელ და მოსწავლის საუკეთესო ინტერესებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, აღიარებს და პატივს სცემს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, საჭიროებებს, შესაძლებლობებსა და არჩევანს.
სპეციალური მასწავლებელი იცავს კონფიდენციალობას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის პერსონალურ მონაცემებსა და ინფორმაციასთან დაკავშირებით, მათ შორის, ციფრული და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების გამოყენებისას.
სპეციალური მასწავლებელი ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ღირსების, თანასწორი მონაწილეობისა და განათლების უფლების პატივისცემასა და დაცვას.
სპეციალური მასწავლებელი კოლეგებთან, მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან და სხვა სპეციალისტებთან ურთიერთობისას იყენებს პატივისცემაზე, თანასწორობასა და არადისკრიმინაციულ მიდგომაზე დაფუძნებულ ენასა და კომუნიკაციას.
სპეციალური მასწავლებელი პროფესიული საქმიანობისას მოქმედებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში მიმართავს შესაბამის სპეციალისტებს და თანამშრომლობს მათთან მოსწავლის საუკეთესო ინტერესების უზრუნველსაყოფად.
სპეციალური მასწავლებელი ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებისას ითვალისწინებს შესაძლო მიკერძოების, არასწორი ინტერპრეტაციისა და დისკრიმინაციული შედეგების რისკებს, კრიტიკულად აფასებს ტექნოლოგიის მიერ შექმნილ შედეგებს და ინარჩუნებს პროფესიულ პასუხისმგებლობას მათ გამოყენებასა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
მუხლი 9. წამყვანი და მენტორი სპეციალური მასწავლებლის დამატებითი კომპეტენციები🔗
ამ თავით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებელი, რომელსაც მინიჭებული აქვს წამყვანის/მენტორის სტატუსი, მე-7 და მე-8 მუხლით გათვალისწინებული კომპეტენციების გარდა, უნდა ფლობდეს კომპეტენციებს სწავლა-სწავლების და/ან მართვა-ადმინისტრირების და/ან საგანმანათლებლო კვლევების მიმართულებით:
1. სასწავლო პროცესში ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესება სკოლაში/სკოლებში (მიმართულება: სწავლა-სწავლება)
აღწერა
ინდიკატორი
1.1
წამყვანი სპეციალური მასწავლებელი სკოლის საჭიროებებისა და განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით ხელს უწყობს ინკლუზიური განათლების ხარისხის ზრდას სასწავლო პროცესში, საკუთარი პრაქტიკის ფარგლებს გარეთ: რესურსების შექმნითა და გავრცელებით, მოსწავლეთა ინდივიდუალურ საგანმანათლებლო საჭიროებებზე მორგებული ეფექტიანი მიდგომების დანერგვითა და ინკლუზიური განათლების სპეციალისტებისა და საგნის მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშემწყობი საქმიანობით.
აანალიზებს სკოლაში ინკლუზიური განათლების მიმართულებით სასწავლო პროცესში გამოვლენილ საჭიროებებსა და კოლეგების (ინკლუზიური განათლების სპეციალისტებისა და საგნის მასწავლებლების) პროფესიული განვითარების საჭიროებებს, მათ საფუძველზე გეგმავს და ახორციელებს შესაბამის მხარდამჭერ საქმიანობებს (სამუშაო შეხვედრები, პრაქტიკული რესურსების შემუშავება და ა.შ.).
უზიარებს კოლეგებს მოსწავლეთა ინდივიდუალურ საგანმანათლებლო საჭიროებებზე მორგებულ ეფექტიან მიდგომებსა და სტრატეგიებს, მათ შორის, სწავლის უნივერსალურ დიზაინს, საკუთარ პროფესიულ გამოცდილებას და უწევს მათ კონსულტაციას ინკლუზიური განათლების პროცესში გამოვლენილი კონკრეტული გამოწვევების დაძლევასა და საჭიროებების დაკმაყოფილებაში.
აფასებს განხორციელებული მხარდამჭერი საქმიანობების ეფექტიანობას, აანალიზებს მიღებულ შედეგებს და მათ საფუძველზე განსაზღვრავს სკოლაში ინკლუზიური განათლების მიმართულებით შემდგომი მხარდაჭერის საჭიროებებსა და შესაბამის ღონისძიებებს.
1.2
მენტორი სპეციალური მასწავლებელი
მხარს უჭერს რამდენიმე სკოლის სასწავლო პროცესის განვითარებას ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ეხმარება სკოლებს ინკლუზიური განათლების მიმართულებით გამოვლენილ საჭიროებებსა და გამოწვევებზე რეაგირებაში, ხელს უწყობს ინკლუზიური განათლების სპეციალისტებისა და საგნის მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას, მოსწავლეთა ინდივიდუალურ საგანმანათლებლო საჭიროებებზე მორგებული ეფექტიანი მიდგომების დანერგვას, უზიარებს პროფესიულ გამოცდილებას და უწევს კოლეგებს კონსულტირებას. ხელს უწყობს სკოლებს შორის წარმატებული პრაქტიკის გაზიარებასა და პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებას.
აანალიზებს რამდენიმე სკოლის სასწავლო პროცესში ინკლუზიური განათლების მიმართულებით გამოვლენილ საჭიროებებსა და კოლეგების (ინკლუზიური განათლების სპეციალისტებისა და საგნის მასწავლებლების) პროფესიული განვითარების საჭიროებებს და მიღებული მიგნებების საფუძველზე განსაზღვრავს სკოლების მხარდაჭერის პრიორიტეტულ მიმართულებებს.
მხარს უჭერს რამდენიმე სკოლის ინკლუზიური განათლების სპეციალისტებისა და საგნის მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას, ეხმარება მათ მოსწავლეთა ინდივიდუალურ საგანმანათლებლო საჭიროებებზე მორგებული მიდგომების, მათ შორის, სწავლის უნივერსალური დიზაინის დანერგვაში; უწევს კონსულტირებას სკოლების განვითარების საჭიროებებისა და პრიორიტეტების შესაბამისად, უზიარებს პროფესიულ გამოცდილებასა და ეფექტიან პრაქტიკებს.
აფასებს გაწეული მხარდაჭერის შედეგებსა და ეფექტიანობას, აანალიზებს მის გავლენას მასწავლებელთა პროფესიულ პრაქტიკასა და სკოლების ინკლუზიური განათლების განვითარებაზე; მიღებულ მიგნებებზე დაყრდნობით ეხმარება სკოლებს შემდგომი განვითარების საჭიროებების განსაზღვრაში და ხელს უწყობს ეფექტიანი პრაქტიკის გაზიარებასა და სკოლებს შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებას.
2. სკოლაში/სკოლებში ინკლუზიური განათლების მართვისა და განვითარების პროცესების გაძლიერება (მიმართულება: მართვა-ადმინისტრირება)
აღწერა
ინდიკატორი
2.1
წამყვანი სპეციალური მასწავლებელი ინკლუზიური განათლების მიმართულებით გამოვლენილ საჭიროებებზე დაყრდნობით ეხმარება სკოლის მართვის გუნდს განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში, ხელს უწყობს ინკლუზიური განათლების პროცესში ჩართულ პირებს შორის ეფექტიან კოორდინაციას.
მონაწილეობს სკოლის ინკლუზიური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრაში, შესაბამისი აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
მხარს უჭერს სკოლის მართვის გუნდს ინკლუზიური განათლების პროცესში ჩართულ პირთა (ინკლუზიური განათლების სპეციალისტები, საგნის მასწავლებლები, სხვა პერსონალი) შორის კოორდინაციის მექანიზმის დანერგვაში.
ინკლუზიური განათლების განვითარების მიზნით, ეხმარება სკოლის მართვის გუნდს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში, განხორციელებული ცვლილებების მონიტორინგსა და შეფასებაში; შეფასების შედეგების საფუძველზე ეხმარება გასაუმჯობესებელი მიმართულებების განსაზღვრაში.
2.2
მენტორი სპეციალური მასწავლებელი, რამდენიმე სკოლის მასშტაბით არსებული სისტემური ხედვის საფუძველზე, ეხმარება სკოლების მართვის გუნდებს ინკლუზიური განათლების განვითარების სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაში, ხელს უწყობს ეფექტიანი მიდგომების ურთიერთგაზიარებას სკოლებს შორის.
აანალიზებს რამდენიმე სკოლის ინკლუზიური განათლების სტრატეგიული განვითარების საერთო საჭიროებებსა და პრიორიტეტებს; საჭიროების შემთხვევაში ეხმარება ცალკეულ სკოლის მართვის გუნდს კონკრეტული პროცესის გაუმჯობესებაში.
ხელს უწყობს ინკლუზიური განათლების განვითარების ეფექტიანი მიდგომებისა და კოორდინაციის მექანიზმების გაზიარებას სხვადასხვა სკოლას შორის.
განაზოგადებს რამდენიმე სკოლაში მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკასა და ცვლილებების მონიტორინგის შედეგებს; გამოვლენილ სისტემურ ტენდენციებსა და გამოწვევებზე დაყრდნობით შეიმუშავებს რეკომენდაციებს შემდგომი გაუმჯობესებისათვის.
3. სკოლაში/სკოლებში ინკლუზიური განათლების განვითარება საგანმანათლებლო კვლევების პრაქტიკის გაძლიერებით (მიმართულება: საგანმანათლებლო კვლევა)
აღწერა
ინდიკატორი
3.1
წამყვანი სპეციალური მასწავლებელი გეგმავს და ატარებს კვლევებს სკოლის მასშტაბით, ინკლუზიური განათლების საჭიროებებისა და გამოწვევების იდენტიფიცირების, არსებული პრაქტიკის ანალიზისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.
იდენტიფიცირებას უწევს სკოლის მასშტაბით არსებულ ინკლუზიური განათლების საჭიროებებსა და გამოწვევებს, აანალიზებს არსებულ პრაქტიკას და ამის საფუძველზე გეგმავს კვლევას, შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენებით.
გეგმავს და ახორციელებს კვლევაზე დაფუძნებულ ინტერვენციებს გამოვლენილი პრობლემების, მათ შორის, მოსწავლეთა ინდივიდუალურ საგანმანათლებლო საჭიროებებთან დაკავშირებული ბარიერების გადასაჭრელად და აფასებს მათ შედეგებს.
აანალიზებს კვლევისა და ინტერვენციის შედეგებს და მათ საფუძველზე შეიმუშავებს პრაქტიკულ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს ინკლუზიური განათლების სპეციალისტების, საგნის მასწავლებლებისა და სასკოლო საზოგადოების სხვა წევრებისათვის.
უზიარებს კვლევის შედეგებსა და მიგნებებს სასკოლო საზოგადოებას, ხელს უწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინკლუზიური პრაქტიკის დამკვიდრებას სკოლის დონეზე.
3.2
მენტორი სპეციალური მასწავლებელი კოორდინაციასა და მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას უწევს რამდენიმე სკოლაში ინკლუზიური განათლების მიმართულებით მიმდინარე კვლევების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესს, საერთო ტენდენციების, საჭიროებებისა და ეფექტიანი ინტერვენციების გამოვლენის მიზნით.
კონსულტაციების, სამუშაო შეხვედრებისა და შესაბამისი კვლევის ინსტრუმენტების შეთავაზებით მხარდაჭერას უწევს რამდენიმე სკოლას ინკლუზიური განათლების მიმართულებით კვლევების დაგეგმვაში.
კოორდინაციას უწევს რამდენიმე სკოლაში კვლევების განხორციელებას (მათ შორის, მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის პროცესს), ეხმარება სკოლების წარმომადგენლებს კვლევის მეთოდოლოგიის სწორად გამოყენებაში; საჭიროების შემთხვევაში თავადაც მონაწილეობს კვლევის პროცესის განხორციელებაში.
ეხმარება სკოლების წარმომადგენლებს მიღებული შედეგების სათანადო ინტერპრეტაციაში, განაზოგადებს მონაცემებს რამდენიმე სკოლის მასშტაბით და გამოავლენს ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებულ საერთო ტენდენციებსა და გამოწვევებს.
სკოლებთან ერთად შეიმუშავებს კვლევის შედეგებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს და ხელს უწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინკლუზიური პრაქტიკის გავრცელებას.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.09.2026.
- როდის იქნა მიღებული „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“?
- „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 11.09.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №125/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430210000.22.022.018903.
- სად არის „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.09.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“, №125/ნ, 11.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018903 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6999281/