№ მომჩივნის სახელი დაბადების/ რეგისტრაციის წელი მოქალაქეობა/ ოპერირების ადგილი საცხოვრებელი ადგილი/ ადგილსამყოფელი
დოკუმენტის ტექსტი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
მეოთხე სექციის გადაწყვეტილება
საჩივარი N 28062/20
ნიკოლოზ შარაბიძე და სხვები
საქართველოს წინააღმდეგ
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეოთხე სექცია) პალატამ 2026 წლის 17 თებერვლის სხდომაზე კოლეგიის შემდეგი შემადგენლობით:
ჯოლიენ შუკინგი, თავმჯდომარე,ლადო ჭანტურია,ფარის ვეჰაბოვიჩი,ლორენ შემბრი ორლანდი
ანა მარია გუერა მარტინსი,სებასტიან რადულეტუ,ანდრას იაკაბი, მოსამართლეები,და სიმეონ პეტროვსკი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე,გაითვალისწინა რა 2020 წლის 8 ივლისს წარდგენილი ზემოაღნიშნული საჩივარი,გაითვალისწინა რა საქართველოს მთავრობის (შემდგომში „მთავრობა“) მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები და მომჩივნების საპასუხო მოსაზრებები,განხილვის შედეგად მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
შესავალი
1. საჩივარი ეხება მომჩივნების პრეტენზიას ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 1-ელი ოქმის 1-ელი მუხლის შესაბამისად, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ დაიცვეს მათი საკუთრების უფლება კერძო ბანკთან დავაში.
ფაქტები
2. მომჩივნების სია წარმოდგენილია დანართში.
3. საქართველოს მთავრობას წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან ბ-ნი ბ. ძამაშვილი.
საქმის გარემოებები
4. პირველი მომჩივანი იყო კომპანია შპს „ინჟმშენის“ (შემდგომში „მეორე მომჩივანი“) ერთადერთი მფლობელი და გენერალური დირექტორი; მესამე მომჩივანი არის პირველი მომჩივნის მეუღლე; ხოლო მეოთხე მომჩივანი მათი ოჯახის წევრია.
5. მხარეთა მიერ წარმოდგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
საკრედიტო ხაზის მომსახურების პირველი ხელშეკრულება და გარანტიისა და იპოთეკის შემდგომი ხელშეკრულებები
6. 2007 წლის 8 მაისს პირველმა მომჩივანმა, მოქმედებდა რა მეორე მომჩივნის სახელით, ხელი მოაწერა საკრედიტო ხაზის მომსახურების ხელშეკრულებას „საქართველოს ბანკთან“, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი კომერციული ბანკია საქართველოში (შემდგომში „ბანკი“), რომლის თანახმადაც, ეს უკანასკნელი იღებდა ვალდებულებას, მეორე მომჩივნისთვის მიეწოდებინა საკრედიტო ხაზი 10 000 000 აშშ დოლარამდე ოდენობით 120 თვის ვადით. ხელშეკრულება არეგულირებდა მხარეებს შორის ზოგად სამართლებრივ ურთიერთობას, ადგენდა საკრედიტო ხაზის გამოყენების პირობებს, საკრედიტო ლიმიტს, საპროცენტო განაკვეთს და მისი ძალაში შესვლის, ფუნქციონირებისა და ვადაზე ადრე შეწყვეტის წესებს. ხელშეკრულებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ იპოთეკის ხელშეკრულებები უზრუნველყოფდა მისი პირობების აღსრულებას, და რომ მომავალში შეიძლება მიღებული ყოფილიყო აღსრულების სხვა დამატებითი ზომები.
7. შემდგომში მხარეებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე დამატებით ხელშეკრულებას საკრედიტო ხაზის სათანადო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. 2010 წლის 20 მაისს და 31 აგვისტოს პირველმა მომჩივანმა და ბანკმა ხელი მოაწერეს ორ საგარანტიო ხელშეკრულებას, რომელთა თანახმადაც, პირველი მომჩივანი იღებდა ვალდებულებას იმ შემთხვევაში, თუ მეორე მომჩივანი სრულად ან ნაწილობრივ არ შეასრულებდა თავის სახელშეკრულებო ვალდებულებებს, სრულად აენაზღაურებინა ბანკისთვის გამოყენებული საკრედიტო ხაზის ძირითადი თანხა, ბანკის მიერ მოთხოვნილ ნებისმიერ პროცენტთან და პირგასამტეხლოსთან ერთად, 20 000 000 აშშ დოლარის ფარგლებში. ხელშეკრულებებში ასევე აღნიშნული იყო, რომ ბანკს შეეძლო აღნიშნული მოთხოვნის წარდგენა მეორე მომჩივნის სახელშეკრულებო ვალდებულებების იურიდიულად აღსრულების მცდელობის გარეშე. მეოთხე მომჩივანმა 2010 წლის 21 დეკემბერს ხელი მოაწერა მსგავს საგარანტიო ხელშეკრულებას, რომლითაც გარანტიის ლიმიტი 10 000 000 აშშ დოლარით განისაზღვრა.
8. 2010 წლის 24 და 30 დეკემბერს პირველმა, მესამე და მეოთხე მომჩივნებმა ბანკთან ხელი მოაწერეს იპოთეკის ხელშეკრულებებს, რათა უზრუნველყოფილიყო 2007 წლის 8 მაისის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების სათანადოდ შესრულება. იპოთეკის ხელშეკრულებების პირობები ითვალისწინებდა, რომ შესაბამისი მომჩივნების სხვადასხვა უძრავი ქონება (ჯამში ოთხი ქონება) იპოთეკით დატვირთულიყო. ხელშეკრულებები მოიცავდა იპოთეკით დატვირთული ქონების სავარაუდო ღირებულებას ხელმოწერის მომენტისთვის. მათ ასევე განაცხადეს, რომ თუ მხარეები სრულად ან ნაწილობრივ არ შეასრულებდნენ თავიანთ სახელშეკრულებო ვალდებულებებს, დატვირთული ქონება დაექვემდებარებოდა აღსრულებას გაყიდვით, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ყველა ხელშეკრულება ნოტარიულად გაფორმდა იმავე დღეს.
დამატებითი საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებები და ნასყიდობის ხელშეკრულება
9. 2010 წლის 21 და 30 დეკემბერს მეორე მომჩივანმა და ბანკმა ხელი მოაწერეს ორ დამატებით საკრედიტო ხაზის მომსახურების ხელშეკრულებას, რომელთა მიხედვითაც დამატებითი საკრედიტო ხაზების ოდენობა განისაზღვრა 1 155 000 აშშ დოლარით და, შესაბამისად, 1 000 000 ლარით (დაახლოებით 400 000 ევრო).
10. 2011 წელს მეორე მომჩივანს გარკვეული ფინანსური სირთულეები შეექმნა და ვადაგადაცილებაში აღმოჩნდა. 2011 წლის 29 დეკემბერს მეორე მომჩივანმა ბანკთან ხელი მოაწერა შესყიდვის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც კომპანიის მოძრავი და უძრავი ქონება ბანკს გადაეცა. ხელშეკრულება მოიცავდა შესაბამისი ქონების დეტალურ ჩამონათვალს მხარეთა შორის შეთანხმებულ ფასებთან ერთად. იმავე დღეს, ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დამატებითი პირობები ცალკე ხელშეკრულებაში იქნა ასახული, რომელიც ითვალისწინებდა, რომ მეორე მომჩივანს შეეძლო აღნიშნული ქონების ბანკისგან გამოსყიდვა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფასად, მისი ხელმოწერიდან 12 თვის განმავლობაში. 2012 წლის 31 დეკემბერს მხარეებმა კიდევ ერთი ხელშეკრულება დადეს, რომლითაც გამოსყიდვის თარიღი 2013 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდა. ამავდროულად, ზემოხსენებული ხელშეკრულების მე-2.2 პუნქტის შესაბამისად, თუ მეორე მომჩივანი ვერ გადაიხდიდა გამოსასყიდ თანხას, ბანკს უფლება ექნებოდა ცალმხრივად გაეუქმებინა ხელშეკრულება სრულად ან ნაწილობრივ, გამყიდველის თანხმობისა და დასტურის გარეშე, რათა აღესრულებინა ის საკრედიტო ვალდებულების დასაფარად ან შესამცირებლად. ორივე ხელშეკრულება ნოტარიულად გაფორმდა იმავე დღეს.
ნოტარიული სააღსრულებო ფურცელი
11. მეორე მომჩივნის მიერ საკრედიტო ვალდებულებების შეუსრულებლობისა და სესხის დაფარვის შეუძლებლობის შემდეგ, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, ნოტარიუსმა 2014 წლის 12 ივნისს გამოსცა ხუთი სააღსრულებო ფურცელი, რომელთა მიხედვითაც ოთხივე მომჩივნის იპოთეკით დატვირთული ქონება უნდა გაყიდულიყო. ნოტარიუსმა ბანკის მიმართ გადასახდელი დავალიანების ოდენობა 3 159 837.10 ლარით (დაახლოებით 1 300 000 ევრო) განსაზღვრა და იპოთეკით დატვირთული ქონების საკუთრების უფლება ბანკის სახელზე იქნა დარეგისტრირებული.
12. პარალელურად ბანკმა, მოქმედებდა რა 2011 წლის 29 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 2012 წლის 31 დეკემბრის დამატებითი ხელშეკრულების შესაბამისად, თავის სახელზე დაარეგისტრირა მეორე მომჩივნის ქონება, რომელიც აღნიშნულ ხელშეკრულებაში იყო მითითებული.
სამოქალაქო სამართალწარმოება
13. 2015 წლის 15 მაისს მომჩივნებმა ბანკის წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელი შეიტანეს, რომლითაც მოითხოვდნენ ბანკთან დადებული სხვადასხვა ხელშეკრულების ბათილად ცნობას, მათ შორის, 2011 წლის 29 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მისი 2012 წლის 31 დეკემბრის დამატებითი ხელშეკრულების, საგარანტიო და იპოთეკის ხელშეკრულებებისა და ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლების. ისინი სამოქალაქო კოდექსის 55-ე და 56-ე მუხლებზე დაყრდნობით (იხ. პარაგრაფი 19 ქვემოთ) ამტკიცებდნენ, რომ ბანკმა შეცდომაში შეიყვანა ისინი, და რომ ხელშეკრულებები ეწინააღმდეგებოდა საზოგადოებრივი ზნეობისა და საზოგადოებრივი წესრიგის პრინციპებს. მათ შორის, ისინი ამტკიცებდნენ, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება შეცდომაში შემყვანი იყო და, რომ ბანკმა ხელი მოაწერა მას ერთადერთი მიზნით, საბოლოოდ მოეპოვებინა საკუთრების უფლება მეორე მომჩივნის ქონებაზე; რომ მეორე მომჩივნის მიერ ბანკისთვის დავალიანების ოდენობა და ბანკის სახელზე გადაცემული უძრავი და მოძრავი ქონების ღირებულება სათანადოდ არ იყო შეფასებული; და რომ მათ ქონებრივ უფლებებში ჩარევა იყო უხეშად არაპროპორციული, რადგან ბანკის მიერ ჩამორთმეული იპოთეკით დატვირთული ქონების მხოლოდ ნაწილი, კერძო აუდიტორული ფირმის შეფასების თანახმად, 4 700 000 აშშ დოლარის ღირებულების იყო. მათ ასევე განაცხადეს, რომ უძრავ ქონებასთან ერთად ბანკმა უკანონოდ ჩამოართვა მეორე მომჩივნის მოძრავი ქონება, რომლის ღირებულება 5 000 000 ლარს (დაახლოებით 2 000 000 ევრო) შეადგენდა, რომელიც არც ნასყიდობის ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული და არც იპოთეკის საგანს წარმოადგენდა და რომ, მათი განმეორებითი მოთხოვნის მიუხედავად, ბანკმა უარი თქვა ამ აქტივების დაბრუნებაზე. მათ ასევე განაცხადეს, რომ ბანკმა ისინი ფინანსურ სირთულეებში ჩააგდო დამატებითი სესხის გაცემაზე უარით, რამაც, შედეგად, ხელი შეუშალა მეორე მომჩივანს, წარმატებით მიეღო მონაწილეობა კონკრეტულ შესყიდვის ტენდერში. მომჩივნებმა მოითხოვეს ზიანის ანაზღაურება 16 500 000 ლარის ოდენობით ((დაახლოებით 6 500 000 ევრო) 9 509 155 ლარი და 5 000 000 ლარი ზიანისთვის და 2 077 480 ლარი – მიუღებელი შემოსავლისთვის).
14. 2017 წლის 14 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად უარყო მათი სარჩელი. მხარეების მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების შესწავლის შემდეგ სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველმა მომჩივანმა, მოქმედებდა რა მეორე მომჩივნის სახელით, გადაწყვიტა სესხის აღება ბიზნესის განვითარების მიზნით; რომ მან და დანარჩენმა მომჩივნებმა მიიღეს კარგად ინფორმირებული გადაწყვეტილება შესაბამისი საგარანტიო და იპოთეკის ხელშეკრულებების ხელმოწერამდე; რომ ყველა შესაბამისი ხელშეკრულება ხელმოწერილი იყო ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად; და რომ არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი. რაც შეეხება ხელშეკრულებების სავარაუდო უკანონო ხასიათს, სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივნებმა ვერ აჩვენეს, რომ რომელიმე ხელშეკრულება მათი ნების საწინააღმდეგოდ იყო ხელმოწერილი ან/და, რომ ისინი შეიცავდა გარკვეულ უკანონო ან უსამართლო პირობებს. რაც შეეხება პირველი, მესამე და მეოთხე მომჩივნის იპოთეკით დატვირთულ ქონებას, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 286-ე და 891-ე მუხლებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ უძრავი ქონება შეიძლება იპოთეკით იყოს დატვირთული ვალის უზრუნველყოფის მიზნით ისე, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიენიჭოს უფლება, სხვა კრედიტორებზე ადრე დააკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა ქონებიდან; და რომ გარანტი, საგარანტიო ხელშეკრულების თანახმად, იღებს ვალდებულებას, წარმოადგენდეს გარანტს კრედიტორის წინაშე მესამე მხარის ვალდებულების შესასრულებლად. სასამართლომ მიიჩნია, რომ შესაბამისი იპოთეკისა და საგარანტიო ხელშეკრულებები ხელმოწერილი იყო ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად და, რომ მომჩივნებმა ვერ წარმოადგინეს რაიმე საპირისპირო მტკიცებულება.
15. მომჩივნებმა შეიტანეს სააპელაციო საჩივარი და სხვა არგუმენტებთან ერთად აღნიშნეს, რომ ბანკის მიერ ჩამორთმეული ქონების ღირებულება გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე მეორე მომჩივნის ვალის ღირებულება. ისინი ამტკიცებდნენ, რომ 2011 წლის 29 დეკემბერს ხელმოწერილი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ქონება 2 000 000 აშშ დოლარად იყო შეფასებული, თაღლითური იყო, რადგან აღნიშნული ქონების მხოლოდ ნაწილის რეალური ღირებულება – კერძო აუდიტორული ფირმის შეფასების თანახმად – 4 700 000 აშშ დოლარს შეადგენდა. ამიტომ შესაბამისი ხელშეკრულება უნდა გაუქმებულიყო სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე. მომჩივნები ასევე ამტკიცებდნენ, რომ მათი იპოთეკით დატვირთული ქონების აღსრულება, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლების და არა სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე, უკანონო იყო.
16. 2018 წლის 20 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ უარყო მათი სააპელაციო საჩივარი, დაეთანხმა რა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილ არგუმენტებს. სააპელაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა მომჩივანი ნებაყოფლობით შევიდა სახელშეკრულებო ვალდებულებებში ბანკთან და, რომ მათი გადაწყვეტილებები მათ მიერ აღებული რისკების შესახებ ინფორმირებული იყო. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მომჩივნების მიერ გასაჩივრებული ხელშეკრულებების დებულებები არ შეიძლება მიჩნეული იქნეს ხელშეკრულების უსამართლო პირობებად (იხ. პარაგრაფი 19 ქვემოთ) და, რომ მომჩივნებმა ვერ წარმოადგინეს მტკიცებულებები იმ ბრალდების დასადასტურებლად, რომ ხელშეკრულებები არღვევდა საზოგადოებრივ ზნეობას. რაც შეეხება იპოთეკის ხელშეკრულებებს, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის 31 ნაწილის მითითებით, აღნიშნა, რომ მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება აღსრულდებოდა გაყიდვით, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლების შესაბამისად. შესაბამისად, მხარეთა წინასწარი შეთანხმების გათვალისწინებით, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლების გამოყენება არ იყო უკანონო და მომჩივნების იპოთეკით დატვირთული ქონების გადაცემისა და რეალიზაციისთვის სასამართლო გადაწყვეტილებები არ იყო საჭირო. რაც შეეხება მეორე მომჩივნის საჩივარს მისი მოძრავი ქონების ფაქტობრივი ჩამორთმევის უკანონობასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 160-ე-161-ე მუხლების მითითებით, აღნიშნა, რომ მომჩივნებს ცალკე სარჩელი უნდა შეეტანათ, ბანკის მიერ სავარაუდოდ უკანონოდ მოპოვებული ქონების დაბრუნების (რესტიტუციის) მოთხოვნით. სასამართლოს ცალკე არ განუხილავს მომჩივნების არგუმენტი, რომ ჩამორთმეული ქონების ღირებულებასა და მეორე მომჩივნის ფაქტობრივ საბანკო ვალს შორის არაპროპორციული სხვაობა იყო.
17. 2019 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიუღებლად ცნო მომჩივნების მიერ შეტანილი საკასაციო საჩივარი. სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო ხელშეკრულებები წარმოადგენდა ყველა მომჩივნის თავისუფალი ნების გამოვლენას და, რომ არ არსებობდა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა მომჩივნების არგუმენტს, რომ სადავო ხელშეკრულებები ხელმოწერილი იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე ან/და 55-ე მუხლების დარღვევით. კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, უზენაესმა სასამართლომ ასევე აღნიშნა შემდეგი:
„27.2. წინამდებარე საქმეში მხარეთა არგუმენტები, რომ ბანკის მიერ რეგისტრირებული ქონების ღირებულებასა და [მეორე მომჩივნის] აკუმულირებული ვალის ოდენობას შორის დისპროპორციამ უნდა გამოიწვიოს სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ მხარეებს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულებები, რომლებიც ქმნიდა შესყიდვა-გამოსყიდვის უფლებას, გაფართოვდა ... კონკრეტულად, მოვალის ინტერესების გათვალისწინებით და მიზნად ისახავდა მის ფინანსურ რეაბილიტაციას. [ეს ფაქტი] გამორიცხავს ბანკის მხრიდან [მოვალის] ქონების შეძენის შენიღბული ინტერესის არსებობას.
...
28. უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ რადგან არ არსებობს ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი ..., საკასაციო სასამართლო აღარ განიხილავს მოთხოვნილ თანხებს.
29. უზენაესი სასამართლო არ იღებს [მომჩივნების] მოთხოვნას საგარანტიო და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ და მიიჩნევს, რომ სადავო ხელშეკრულებები ხელმოწერილია კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად... ამავდროულად, დადგინდა, რომ [მეორე] მომჩივანმა დაარღვია თავისი ვალდებულებები, [და] შესაბამისად, კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული საშუალებები ექვემდებარება აღსრულებას.“.
18. რაც შეეხება ჩამორთმეულ მოძრავ ქონებას, უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივნებს ეს უნდა მოეთხოვათ ასეთი მოთხოვნის წარდგენის ცალკე პროცედურის მეშვეობით.
შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო
19. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი დებულებები, იმ დროს მოქმედი რედაქციით, ითვალისწინებს შემდეგს:
„მუხლი 54. მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებანი
ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
მუხლი 55. გარიგების ბათილობა გავლენის ბოროტად გამოყენების გამო🔗
ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე.
მუხლი 56. მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებანი🔗
1. ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
2. თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
...
მუხლი 160. კეთილსინდისიერი მფლობელის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნა🔗
თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობელობა, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება. მფლობელობის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკეთესი უფლების მქონე პირის მიმართაც, თუკი მან ნივთი მოიპოვა ძალადობის ან მოტყუების გზით.
მუხლი 161. კეთილსინდისიერი მფლობელის მიერ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა🔗
თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა. ამასთანავე, მას შეუძლია მოითხოვოს მფლობელობის ხელყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა შეუძლებელია ხელის შეშლის აღკვეთის მოთხოვნა.
...
იპოთეკა
მუხლი 286. ცნება🔗
1. უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
2. იპოთეკა შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს სამომავლო ან პირობით მოთხოვნასთან დაკავშირებით, თუ იპოთეკის დადგენის მომენტისათვის შესაძლებელია ამ მოთხოვნის განსაზღვრა.
3. ის მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფილია იპოთეკით, შეიძლება შეიცვალოს სხვა მოთხოვნით. ამისათვის საჭიროა მესაკუთრისა და კრედიტორის (იპოთეკარის) შეთანხმება და ამ შეთანხმების რეგისტრაცია რეესტრში.
4. ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, აგრეთვე წყლის და საჰაერო სატრანსპორტო საშუალება.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ დასადები/დადებული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფაზე.
6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ მოქმედებს, თუ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით დგინდება, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი საცხოვრებელ სადგომად გამოყენების მიზნით სარგებლობაში გადაეცემა იპოთეკარ ფიზიკურ პირს (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეს), ან ადგილსამყოფლად (იურიდიულ მისამართად) გამოყენების მიზნით გადაეცემა იპოთეკარ იურიდიულ პირს. ამასთანავე, თუ ერთი და იმავე ფიზიკური პირის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) ან იურიდიული პირის სასარგებლოდ რეგისტრირებულია ორი იპოთეკის უფლება, მესამე და ყოველი მომდევნო იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას მასზე ვრცელდება ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა.
7. მარეგისტრირებელი ორგანოსათვის იპოთეკის უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი იპოთეკის ხელშეკრულების შინაარსისთვის, მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ნამდვილობისა და მართლზომიერებისათვის პასუხისმგებელი არიან უშუალოდ იპოთეკის ხელშეკრულების მხარეები.
...
მუხლი 302. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია🔗
31. კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.
...
თავდებობა
მუხლი 891. ცნება🔗
1. თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
2. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის“.
პრეტენზია
20. კონვენციის 1-ელი ოქმის 1-ელი მუხლის საფუძველზე მომჩივნები ჩიოდნენ სახელმწიფო ორგანოების მიერ მათი ქონებრივი უფლებების დაცვის სავარაუდო უუნარობის შესახებ, იმისგან, რასაც ისინი თავიანთი ქონების ბანკის საკუთრებაში უკანონო და არაპროპორციულ გადაცემად მიიჩნევდნენ.
კანონმდებლობა
მისაღებობა
მხარეთა არგუმენტები
21. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნების საჩივარი მიუღებელი იყო ორი საფუძვლით. პირველი, რაც შეეხება მეორე მომჩივნის საჩივარს მისი დაუტვირთავი მოძრავი აქტივების (5 000 000 ლარის ღირებულებით (დაახლოებით 2 000 000 ევრო)) ჩამორთმევის შესახებ, მთავრობამ, ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებების შესაბამისი ნაწილების ციტირებით, განაცხადა, რომ მომჩივნებმა არ დაიწყეს ცალკე სამოქალაქო სამართალწარმოება იმ მოძრავი აქტივების დაბრუნების მიზნით, რომლებიც, სავარაუდოდ, უკანონოდ ჩამოერთვათ მეორე მომჩივნის მოძრავ ქონებასთან ერთად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 160-ე-161-ე მუხლების შესაბამისად, და როგორც სათანადოდ განმარტეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ და უზენაესმა სასამართლომ, მომჩივნებს განკარგულებაში ჰქონდათ შიდასამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება, რომელიც მათ არ გამოიყენეს.
22. მეორე, ისინი ამტკიცებდნენ, რომ მომჩივნების საჩივარი 1-ელი ოქმის 1-ელი მუხლის საფუძველზე აშკარად დაუსაბუთებელი იყო და უნდა უარყოფილიყო კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(a) პუნქტის შესაბამისად. მათ აღნიშნეს, რომ საჩივარი უბრალოდ ეხებოდა რამდენიმე კერძო მხარეს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი კერძო სამოქალაქო დავის შედეგს. ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადოდ შეისწავლეს საქმის ყველა შესაბამისი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოება, სანამ დაადგენდნენ, რომ არ არსებობდა სადავო ხელშეკრულებების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი და, რომ სასამართლოს, როგორც მეოთხე ინსტანციის სასამართლოს, არ ჰქონდა საფუძველი, არ დათანხმებოდა ეროვნული სასამართლოების დასკვნებს.
23. მომჩივნებმა განაცხადეს, რომ ისინი მუდმივად აყენებდნენ უკანონოდ ჩამორთმეული მოძრავი ქონების საკითხს აღძრული სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში და რადგან ეროვნულ სასამართლოებს ჰქონდათ იურისდიქცია, გადაწყვეტილება მიეღოთ ამ საკითხზე, მომჩივნებისგან შეუძლებელია, მოსალოდნელი ყოფილიყო ცალკე სარჩელის შეტანა. რაც შეეხება მთავრობის მეორე პრეტენზიას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ინარჩუნებდნენ ეროვნულ სასამართლოებში წარდგენილ არგუმენტებს, მათ მიიჩნიეს, რომ სასამართლოებმა არ გამოიჩინეს სათანადო გულმოდგინება. კერძოდ, თუმცა კერძო დავის კონტექსტში, მათგან მაინც მოელოდნენ, რომ სათანადოდ შეისწავლიდნენ მომჩივნების ბრალდებებს, მათ შორის, მათი ქონების უკანონო და არაპროპორციული ჩამორთმევისა და ტვირთის შესახებ, რომელიც მათ დააწვა, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს.
სასამართლოს შეფასება
24. სასამართლო თანმიმდევრულად განიხილავს მთავრობის პრეტენზიებს მიუღებლობის შესახებ.
დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოუწურაობა მეორე მომჩივნის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მოძრავ ქონებას
25. შესაბამისი ზოგადი პრინციპები დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვასთან დაკავშირებით მოცემულია საქმეში Communauté genevoise d’action syndicale (CGAS) v. Switzerland ([GC], no. 21881/20, §§ 138-45, 2023 წლის 27 ნოემბერი).
26. სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში ოთხი მომჩივნის მიერ აღძრული სამოქალაქო სამართალწარმოება მიზნად ისახავდა ნასყიდობის, სესხის, საგარანტიო და იპოთეკის ხელშეკრულებების და ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლების, რომლებიც გაცემული იყო მეორე მომჩივნის მიერ ბანკის მიმართ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ბათილად ცნობას (იხ. პარაგრაფი 13 ზემოთ). მეორე მომჩივნის პრეტენზიის ხასიათი, რომელიც ეხებოდა ბანკის მიერ სავარაუდოდ ჩამორთმეულ დაუტვირთავ მოძრავ ქონებას, განსხვავებული იყო, რამდენადაც ის არ ეხებოდა იპოთეკის ან/და ნასყიდობის ხელშეკრულებებით მოცულ არცერთ მოძრავ ქონებას. ასეთ გარემოებებში, სასამართლო ეთანხმება მთავრობას, რომ მეორე მომჩივნისგან მოსალოდნელი იყო ცალკე სარჩელის შეტანა სამოქალაქო კოდექსის 160-ე და 161-ე მუხლების შესაბამისად, უკანონოდ ჩამორთმეული აქტივების დაბრუნების მოთხოვნით, როგორც ეს ცალსახად მიუთითეს ეროვნულმა სასამართლოებმა (იხ. პარაგრაფები 16 და 18 ზემოთ). მეორე მომჩივანს ამასთან დაკავშირებით არანაირი ახსნა-განმარტება არ წარმოუდგენია, გარდა იმისა, რომ აღნიშნა, რომ მან უკვე აღძრა ერთი სამართალწარმოება და მეორის აღძვრის მოთხოვნა არ შეიძლებოდა.
27. ვინაიდან ასეთი მკაფიო დაცვის საშუალება, რომლის ეფექტურობასაც სადავოდ არ ხდიდა მეორე მომჩივანი, არასდროს განხილულა ეროვნულ დონეზე, აქედან გამომდინარეობს, რომ მისი საჩივარი 1-ელი ოქმის 1-ელი მუხლის საფუძველზე, რომელიც ეხება დაუტვირთავი მოძრავი ქონების დაკარგვას, უარყოფილი უნდა იქნეს კონვენციის 35-ე მუხლის 1-ელი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოუწურაობის გამო.
არის თუ არა საჩივარი აშკარად დაუსაბუთებელი
ზოგადი პრინციპები
28. სასამართლო აღნიშნავს, რომ 1-ელი ოქმის 1-ელი მუხლი, რომლის არსებითი მიზანია პირის დაცვა მისი ქონებით შეუფერხებელი სარგებლობის სახელმწიფოს მიერ უსამართლო ჩარევისგან, შეიძლება ასევე მოიცავდეს პოზიტიურ ვალდებულებებს, რომლებიც მოითხოვს სახელმწიფოსგან გარკვეული ზომების მიღებას, რაც აუცილებელია საკუთრების უფლების დასაცავად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს პირდაპირი კავშირი ზომებსა, რომლებსაც მომჩივანი ლეგიტიმურად შეიძლება მოელოდეს ხელისუფლების ორგანოებისგან, და მის მიერ მისი ქონებით ეფექტურ სარგებლობას შორის (იხ. საქმე Sovtransavto Holding v. Ukraine, no. 48553/99, § 96, ECHR 2002-VII, და მასში ციტირებული საქმეები; საქმე Öneryıldız v. Turkey [GC], no. 48939/99, § 134, ECHR 2004‑XII; საქმე Broniowski v. Poland [GC], no. 31443/96, § 143, ECHR 2004-V; საქმე Păduraru v. Romania, no. 63252/00, § 88, ECHR 2005‑XII; და საქმე Zolotas v. Greece (no. 2), no. 66610/09, § 39, ECHR 2013 (ამონარიდები)). ჰორიზონტალურ ურთიერთობებშიც კი შეიძლება არსებობდეს საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით გამოწვეული მოსაზრებები, რამაც შეიძლება სახელმწიფოს გარკვეული ვალდებულებები დააკისროს (ასევე, იხ. საქმე Kotov v. Russia [GC], no. 54522/00, § 109, 2012 წლის 3 აპრილი).
29. გარდა ამისა, პოზიტიური ვალდებულებები გულისხმობს, კერძოდ, რომ სახელმწიფოები ვალდებული არიან, უზრუნველყონ სასამართლო პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს აუცილებელ პროცედურულ გარანტიებს და, შესაბამისად, საშუალებას აძლევს ეროვნულ სასამართლოებსა და ტრიბუნალებს, ეფექტურად და სამართლიანად განიხილონ ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმე, მათ შორის, კერძო მხარეებს შორის დავის საგანი (იხ. საქმე Anheuser-Busch Inc. v. Portugal [GC], no. 73049/01, § 83, ECHR 2007-I; საქმე Chadzitaskos and Franta v. the Czech Republic, nos. 7398/07, 31244/07, 11993/08 და 3957/09, § 48, 2012 წლის 27 სექტემბერი; და საქმე Zehentner v. Austria, no. 20082/02, §§ 73 და 75, 2009 წლის 16 ივლისი). განსახილველი სამართალწარმოება პირს უნდა აძლევდეს გონივრულ შესაძლებლობას, წარუდგინოს თავისი საქმე შესაბამის ორგანოებს, რათა ეფექტურად გაასაჩივროს ამ დებულებით გარანტირებული უფლებების ხელშემშლელი ზომები. ამრიგად, 1-ელი ოქმის 1-ელი მუხლით გათვალისწინებულ უფლებებში ჩარევას არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე ლეგიტიმურობა შეჯიბრებითი სამართალწარმოების არარსებობის შემთხვევაში, რომელიც შეესაბამება მხარეთა თანასწორობის პრინციპს და საშუალებას იძლევა, განხილულ იქნეს საქმის შედეგისთვის მნიშვნელოვანი ასპექტები. ამ პირობის დაკმაყოფილების დადგენისას, სასამართლო იღებს ყოვლისმომცველ შეხედულებას (იხ. საქმე Jokela v. Finland, no. 28856/95, § 45, ECHR 2002-IV და მასში ციტირებული საქმეები, და საქმე Zehentner, ციტირებული ზემოთ, § 73).
30. როგორც სასამართლომ შეაჯამა საქმეში Rustavi 2 Broadcasting Company Ltd and Others v. Georgia (no. 16812/17, § 310, 2019 წლის 18 ივლისი, შემდგომი მითითებებით), კერძოსამართლებრივი დავები თავისთავად არ იწვევს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას კონვენციის 1-ელი ოქმის 1-ელი მუხლის შესაბამისად. კერძოდ, ის ფაქტი, რომ სახელმწიფომ, თავისი სასამართლო სისტემის მეშვეობით, უზრუნველყო ასეთი კერძოსამართლებრივი დავის გადაწყვეტის ფორუმი, არ იწვევს სახელმწიფოს მიერ 1-ელი ოქმის 1-ელი მუხლით გათვალისწინებულ ქონებრივ უფლებებში ჩარევას. სახელმწიფოს შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს ასეთი გადაწყვეტილებებით გამოწვეულ დანაკარგებზე, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებები არ არის გამოტანილი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად ან თუ ისინი მცდარია თვითნებობის ან აშკარა დაუსაბუთებლობის გამო, რაც ეწინააღმდეგება 1-ელი ოქმის 1-ელი მუხლის მოთხოვნებს. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ სასამართლოს იურისდიქცია, რათა დაადასტუროს, რომ ეროვნული კანონმდებლობა სწორად იქნა განმარტებული და გამოყენებული, შეზღუდულია და მისი ფუნქცია არ არის ეროვნული სასამართლოების ადგილის დაკავება. სასამართლოს როლია, უზრუნველყოს, რომ აღნიშნული სასამართლოების გადაწყვეტილებები არ იყოს თვითნებური ან სხვაგვარად აშკარად დაუსაბუთებელი.
აღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
31. უბრუნდება რა წინამდებარე საქმის გარემოებებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნების საჩივარი, როგორც ჩანს, არ ეხება პრევენციული სამართლებრივი ჩარჩოს არარსებობას და ისინი არ მიუთითებენ შესაბამის დროს მოქმედ კანონმდებლობაში რაიმე კონკრეტულ ხარვეზზე. ასეთ გარემოებებში სასამართლო არ მიიჩნევს საჭიროდ, შეაფასოს მთავრობის მიერ მითითებული შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და მხოლოდ დაადგენს, იწვევდა თუ არა კანონის გამოყენების წესი და მომჩივნებზე მისი გავლენა მათი უფლებების დარღვევას 1-ელი ოქმის 1-ელი მუხლის შესაბამისად. შესაბამისად, წინამდებარე საქმეში მისი ამოცანაა, ზემოთ აღწერილი ზოგადი პრინციპების (იხ. პარაგრაფები 29-30) მითითებით, შეაფასოს, უზრუნველყვეს იყო თუ არა ეროვნულმა სასამართლოებმა მომჩივნებისთვის ადეკვატური და საკმარისი ფორუმი 1-ელი ოქმის 1-ელი მუხლით გათვალისწინებული პრეტენზიების სათანადოდ წარსადგენად და იყო თუ არა მათი გადაწყვეტილებები თვითნებური ან სხვაგვარად აშკარად დაუსაბუთებელი იმდენად, რომ დამდგარიყო სახელმწიფოს პასუხისმგებლობა.
32. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნებმა შეძლეს ბანკის წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელის შეტანა, რომლის დროსაც მათ წარმოადგინეს თავიანთი არგუმენტები და გააპროტესტეს მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტები. სამართალწარმოება სამ იურისდიქციის დონეზე შეჯიბრებითი პრინციპით წარიმართა. მომჩივნები არ მიუთითებდნენ პროცედურული ხასიათის რაიმე დარღვევაზე და არ არსებობს არანაირი მითითება იმაზე, რომ მათ რაიმე ფორმით ხელი შეეშალათ მტკიცებულებების წარდგენაში ან/და სამართლებრივი არგუმენტების შემუშავებაში.
33. ეროვნულ სასამართლოებში სამართალწარმოებისას საყურადღებო საკითხი იყო, არსებობდა თუ არა თაღლითობის, არასათანადო ზემოქმედების ან/და უსამართლობის ელემენტები, ერთი მხრივ, მომჩივნებსა და, მეორე მხრივ, ბანკს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულებების სერიაში. სასამართლო მიიჩნევს, რომ მას არ აქვს საფუძველი, არ დაეთანხმოს ეროვნული სასამართლოების დასკვნას, რომ საკრედიტო ხაზის საწყისი ხელშეკრულება, დამატებით საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებებთან და შემდგომ საგარანტიო, იპოთეკისა და ნასყიდობის ხელშეკრულებებთან ერთად, არ იყო უკანონო. სასამართლოებმა სამივე იურისდიქციის დონეზე დაასკვნეს, რომ მომჩივნებმა ვერ წარმოადგინეს რაიმე მტკიცებულება მათი მტკიცების დასადასტურებლად, რომ სადავო ხელშეკრულებები შეიცავდა უკანონო, ამორალურ ან/და სხვაგვარად უსამართლო პირობებს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მნიშვნელობის ფარგლებში (იხ., კერძოდ, ზემოთ, მე-19 პარაგრაფში ციტირებული სამოქალაქო კოდექსის 54-ე-56-ე მუხლები). აღნიშნეს რა, რომ მომჩივნებმა ბანკთან სახელშეკრულებო ვალდებულებებში შესვლით ინფორმირებული და ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება მიიღეს, სასამართლოებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ სახელმწიფოს ჩარევის მასშტაბი საბანკო სექტორში სახელშეკრულებო თავისუფლებასა და სახელშეკრულებო ურთიერთობებში შეზღუდული იყო. სასამართლო ვერ პოულობს რაიმე მითითებას იმისა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა თვითნებურად არ გაითვალისწინეს მომჩივნების მიერ წარმოდგენილი არგუმენტები.
34. რაც შეეხება მომჩივნების შემდეგ პრეტენზიას, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ხელახლა არ შეაფასეს ბანკის მიერ გადაბარებული ქონების ღირებულება, მეორე მომჩივნის დავალიანების ფაქტობრივ ოდენობასთან მიმართებით, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: როგორც ეროვნულმა სასამართლოებმა აღნიშნეს, პირველმა მომჩივანმა, მოქმედებდა რა მეორე მომჩივნის სახელით, სათანადოდ და ნებაყოფლობით მოაწერა ხელი ბანკთან ნასყიდობის ხელშეკრულებას და მის დანართს (იხ. პარაგრაფი 10 ზემოთ). მომჩივნები დათანხმდნენ მეორე მომჩივნის ქონების ჩამონათვალსა და ღირებულებას, რომელიც ბანკის სახელზე უნდა გადასულიყო და საქმის მასალებიდან არ ჩანს, რომ პირველმა მომჩივანმა შესთავაზა ალტერნატიული შეფასებები, რომლებიც მოგვიანებით ბანკმა უარყო. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცალსახად იყო მითითებული, რომ მეორე მომჩივანს ჰქონდა უპირატესი უფლება, ერთი წლის განმავლობაში იმავე ფასად გამოესყიდა თავისი ქონება. ეს ვადა კიდევ ერთი წლით გაგრძელდა (იქვე). ამ გარემოებებში ქონების ღირებულება, როგორც ნასყიდობის ხელშეკრულებაში იყო მითითებული, მეორე მომჩივნისთვის არახელსაყრელი არ იყო, რადგან ეს უკანასკნელი სარგებლობდა უპირატესი უფლებით, გამოესყიდა შესაბამისი ქონება. გაგრძელების მიუხედავად, მან ვერ გამოიყენა ეს შესაძლებლობა.
35. სასამართლო ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში პირველი მომჩივანი, მეორე მომჩივნის ერთადერთი მფლობელი და გენერალური დირექტორი, ჩართული იყო კომერციულ საქმიანობაში, რომელიც თავისი ხასიათით მოიცავდა რისკის ელემენტს (იხ., mutatis mutandis, საქმე Gasus Dosier- und Fördertechnik GmbH v. the Netherlands, § 70, 1995 წლის 23 თებერვალი, Series A no. 306-B). სესხის უზრუნველყოფის მიზნით მნიშვნელოვანი თანხების აღებითა და აქტივების იპოთეკით დატვირთვით, მოვალე (მეორე მომჩივანი) და მისი მფლობელი (პირველი მომჩივანი) ნებაყოფლობით დაექვემდებარნენ ამ აქტივების დაკარგვის რისკს, ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში (იხ., mutatis mutandis, საქმე Vrzić v. Croatia, no. 43777/13, §§ 68-70 და 103-109, 2016 წლის 12 ივლისი, და საქმე Antonopoulou v. Greece (dec.), no. 46505/19, § 77, 2021 წლის 19 იანვარი). მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მანამდე დაადგინა, რომ სახელმწიფოებს აქვთ პოზიტიური ვალდებულება, დაიცვან მოქალაქეები და მოითხოვონ, რომ ბანკებმა მიიღონ გარკვეული ზომები მათი უფლებების დასაცავად (იხ., მაგ., საქმე Zolotas, ციტირებული ზემოთ, § 53), წინამდებარე საქმე განსხვავებულია იმდენად, რამდენადაც ის არ ეხება ჩვეულებრივ მომხმარებელს ბანკთან პირისპირ (იხ. საქმე Nina Dimitrova v. Bulgaria, no. 40669/16, § 142, 2024 წლის 16 აპრილი), არამედ ეხება კომერციულ სუბიექტს, რომელიც მოქმედებდა თავისი ერთადერთი მფლობელის მეშვეობით, რომელიც ჩართული იყო ბიზნესსაქმიანობაში და, როგორც ეს ეროვნული სასამართლოების მიერ იქნა დადგენილი, ინფორმირებული იყო რისკების შესახებ, მიუხედავად ამისა, მან გადაწყვიტა შესაბამისი ხელშეკრულებების ხელმოწერა.
36. რაც შეეხება იპოთეკის ხელშეკრულებებს, ქონების უზრუნველყოფის სახით გამოყენებისას, მომჩივნები დათანხმდნენ შესაბამისი აქტივების სავარაუდო ღირებულებას შესაბამის დროს (იხ. პარაგრაფი 8 ზემოთ). ისინი არ დავობდნენ, რომ იმ დროს შეფასებითი მაჩვენებლები ბანკის მიერ უკანონოდ იყო დაწესებული. რაც შეეხება მათი საჩივრის იმ ნაწილს, რომელიც ეხება იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებით გაყიდვას ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე, სასამართლო გადაწყვეტილებების არარსებობის პირობებში, სასამართლო აღნიშნავს, რომ შესაბამისი კანონმდებლობის შესაბამისად, იპოთეკის ხელშეკრულებები შეიძლება მოიცავდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების სხვადასხვა მექანიზმს, მათ შორის, ნოტარიუსისგან სააღსრულებო ფურცლის მიღების შესაძლებლობას (იხ. სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის 1-ელი ნაწილი, ციტირებული პარაგრაფში 19 ზემოთ). ყველა შემთხვევაში შესაბამისი მექანიზმის შერჩევა ორივე მხარის თანხმობას მოითხოვდა. წინამდებარე საქმეში პირველი, მესამე და მეოთხე მომჩივნები შესაბამისი იპოთეკის ხელშეკრულებების ხელმოწერისას დათანხმდნენ მოთხოვნათა დაკმაყოფილების უმარტივეს და სწრაფ მექანიზმს – ნოტარიულ აღსრულებას და დატვირთული ქონების გაყიდვას სანოტარო ფურცლის საფუძველზე (იხ. პარაგრაფი 8 ზემოთ). მათ წინასწარი შეცნობით გადაწყვიტეს, არ გამოეყენებინათ მოთხოვნის დაკმაყოფილების სხვა არსებული მექანიზმები, მათ შორის, სასამართლო აღსრულებისთვის მიმართვა. ასეთ გარემოებებში სასამართლო ვერ ხედავს თვითნებობას ეროვნული სასამართლოების დასკვნაში, რომ მომჩივნების ქონების აღსრულება კანონიერი იყო სანოტარო ფურცლების საფუძველზე.
37. საბოლოო ჯამში სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა მომჩივნებს სთავაზობდა ადეკვატურ სამართლებრივი დაცვის საშუალებებს თავიანთი საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული უფლებების დასაცავად: მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, სამოქალაქო სასამართლოებში გაესაჩივრებინათ ხელშეკრულებების სავარაუდოდ საეჭვო, თაღლითური ან/და უსამართლო ხასიათი, რაც მათ გააკეთეს; მათ ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, გაესაჩივრებინათ ნოტარიუსის მიერ გაცემული აღსრულების ფურცლები, რაც მათ სათანადოდ გამოიყენეს. სასამართლო მიიჩნევს, რომ სამართალწარმოებამ, მთლიანობაში, მათ მისცა გონივრული შესაძლებლობა, წარედგინათ თავიანთი საქმე კომპეტენტური ორგანოებისთვის, რათა დამყარებულიყო სამართლიანი ბალანსი კონფლიქტურ ინტერესებს შორის. მხოლოდ ის ფაქტი, რომ სამართლებრივი დაცვის ზემოხსენებული საშუალების შედეგი მათთვის ხელსაყრელი არ იყო, არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ არ შეასრულა კონვენციის 1-ელი ოქმის 1-ელი მუხლით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულებები, რადგან ეს არის საშუალებების და არა შედეგის ვალდებულება (იხ. საქმე Madžarović and Others v. Montenegro, nos. 54839/17 და 71093/17, § 110, 2020 წლის 5 მაისი).
38. ზემოაღნიშნული მოსაზრებების გათვალისწინებით, სასამართლო, აღნიშნავს რა თავის დასკვნას ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებში „აშკარა შეფასების შეცდომის“ არარსებობის შესახებ და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი მოვალეობა არ არის ეროვნული კანონმდებლობის განმარტება და გამოყენება, ადგენს, რომ მომჩივნების ბანკთან კერძო დავის სასამართლო გადაწყვეტა არ წარმოადგენს მათ ქონებრივ უფლებებში ჩარევას (იხ. საქმე Anheuser-Busch Inc., ციტირებული ზემოთ, § 87). შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ სახელმწიფომ შეასრულა კონვენციის 1-ელი ოქმის 1-ელი მუხლით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყო რა სათანადო ფორუმი და მომჩივნებს მისცა შესაძლებლობა, ეფექტურად დაეცვათ თავიანთი უფლებები (იხ. საქმე Antonopoulou, ციტირებული ზემოთ, § 84).
39. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, რომელიც 1-ელი ოქმის 1-ელი მუხლით არის გათვალისწინებული, წინამდებარე საქმეში შესრულებულია და რაიმე თვითნებობის ან აშკარა დაუსაბუთებლობის არარსებობის პირობებში მას არ შეუძლია ეჭვქვეშ დააყენოს ეროვნული სასამართლოების დასკვნები.
40. აქედან გამომდინარე, საჩივარი არის აშკარად დაუსაბუთებელი და უნდა იქნეს უარყოფილი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(a) და მე-4 პუნქტების შესაბამისად.
ამ მოტივით, სასამართლო ერთსულოვნად
აცხადებს საჩივარს მიუღებლად.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობა 2026 წლის 12 მარტს.
სიმეონ პეტროვსკი ჟოლიენ შუკინგი
განმწესრიგებლის მოადგილე თავმჯდომარე
დანართი
მომჩივნების სია:
№
მომჩივნის სახელი
დაბადების/
რეგისტრაციის წელი
მოქალაქეობა/
ოპერირების ადგილი
საცხოვრებელი ადგილი/
ადგილსამყოფელი
1.
ნიკოლოზ შარაბიძე
1944
საქართველო
თბილისი
2.
შპს „ინჟმშენი“
1996
საქართველო
თბილისი
3.
ცისანა შარაბიძე
1946
საქართველო
თბილისი
4.
გიორგი შილაკაძე
1971
საქართველო
თბილისი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „№ მომჩივნის სახელი დაბადების/ რეგისტრაციის წელი მოქალაქეობა/ ოპერირების ადგილი საცხოვრებელი ადგილი/ ადგილსამყოფელი“?
- დიახ, სასამართლოს აქტები „№ მომჩივნის სახელი დაბადების/ რეგისტრაციის წელი მოქალაქეობა/ ოპერირების ადგილი საცხოვრებელი ადგილი/ ადგილსამყოფელი“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.02.2026.
- როდის იქნა მიღებული „№ მომჩივნის სახელი დაბადების/ რეგისტრაციის წელი მოქალაქეობა/ ოპერირების ადგილი საცხოვრებელი ადგილი/ ადგილსამყოფელი“?
- „№ მომჩივნის სახელი დაბადების/ რეგისტრაციის წელი მოქალაქეობა/ ოპერირების ადგილი საცხოვრებელი ადგილი/ ადგილსამყოფელი“ მიღებულია 17.02.2026. მიმღები ორგანო — ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №28062/20.
- სად არის „№ მომჩივნის სახელი დაბადების/ რეგისტრაციის წელი მოქალაქეობა/ ოპერირების ადგილი საცხოვრებელი ადგილი/ ადგილსამყოფელი“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.02.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სასამართლოს აქტები „№ მომჩივნის სახელი დაბადების/ რეგისტრაციის წელი მოქალაქეობა/ ოპერირების ადგილი საცხოვრებელი ადგილი/ ადგილსამყოფელი“, №28062/20, 17.02.2026 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6999683/