წყლის რესურსების მონიტორინგის დაგეგმვისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №447 |
|
2026 წლის 15 სექტემბერი ქ. თბილისი |
|
„წყლის რესურსების მონიტორინგის დაგეგმვისა და განხორციელების წესის“ (შემდგომში − წესი) მიზანია წყლის რესურსების სახელმწიფო მონიტორინგის გეგმისა და წყლის სახელმწიფო მონიტორინგის სისტემის მოთხოვნების განსაზღვრა, მონიტორინგის პროგრამების ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების მდგომარეობის შეფასებისთვის აუცილებელი მონაცემების დადგენილი სიხშირით შეგროვების, მონაცემთა ხარისხის უზრუნველყოფისა და ხარისხის კონტროლის მექანიზმების განსაზღვრის გზით.
ამ წესის მიზნებისათვის გამოიყენება „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ტერმინები.
1. წყლის რესურსების სახელმწიფო მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).
2. სააგენტო:
ა) ყოველწლიურად შეიმუშავებს წყლის რესურსების სახელმწიფო მონიტორინგის გეგმას და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს არაუგვიანეს ყოველი წლის 1 დეკემბრისა;
ბ) უზრუნველყოფს წყლის რესურსების სახელმწიფო მონიტორინგის ფარგლებში შეგროვებული მონაცემების სტანდარტიზებულ ფორმატებში შენახვას, რომლებიც გამოყენებული იქნება ეროვნულ ანგარიშებში, მდინარის სააუზო მართვის გეგმებში და შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებთან;
გ) გარემოსდაცვით ინფორმაციაზე საჯარო წვდომის, მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალურობის მოთხოვნების მარეგულირებელი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს წყლის რესურსების მონიტორინგის მონაცემებსა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას.
1. წყლის რესურსების სახელმწიფო მონიტორინგის გეგმა მოიცავს წყლის რესურსების მონიტორინგის დაგეგმვისა და განხორციელების მიდგომებს. იგი უნდა იყოს წარმომადგენლობითი, რისკზე დაფუძნებული და სტანდარტიზებული მეთოდებისა და ინდექსების გამოყენებით უზრუნველყოფდეს მონაცემთა შედარებადობას გარკვეული დროის დინამიკაში.
2. მონიტორინგის დაგეგმვა და ანგარიშგება ხორციელდება განსაზღვრული ზედაპირული წყლის ობიექტებისა და მიწისქვეშა წყლის ყველა ტიპის ობიექტის დონეზე (მდინარეები, ტბები, მიწისქვეშა წყლები, გარდამავალი წყლები, სანაპირო წყლები და, არსებობის შემთხვევაში, სეზონური მდინარეები) შესაბამისი ტიპისთვის განსაზღვრული მეთოდების (რომლებიც მოცემულია პირველ და მე-2 დანართებში) გამოყენებით.
3. თითოეული ზედაპირული წყლის ობიექტის ტიპისა და მიწისქვეშა წყლის ობიექტებისთვის დგინდება და დოკუმენტურად აისახება ფონური მაჩვენებლები, რომლებიც წარმოადგენს წყლის ობიექტების სტატუსის შეფასებისა და კლასიფიკაციის საფუძველს.
4. ფონური მაჩვენებლები შეიძლება, განისაზღვროს მინიმალური ანთროპოგენური ზემოქმედების მქონე ფონური უბნების, ისტორიული ინფორმაციის, მოდელირების, პალეოეკოლოგიური მონაცემების, ჰიდროგეოლოგიური შეფასების, ექსპერტული შეფასების ან მათი კომბინაციის საფუძველზე. გამოყენებული მეთოდოლოგია და დაშვებები უნდა იყოს დოკუმენტირებული და ექვემდებარებოდეს პერიოდულ გადახედვას:
ა) მიწისქვეშა წყლის ობიექტებისთვის ფონური მაჩვენებლები, საჭიროების შემთხვევაში, მოიცავს:
ა.ა) მიწისქვეშა წყლების ბუნებრივ ქიმიურ შედგენილობასა და ნივთიერებების ფონურ კონცენტრაციებს;
ა.ბ) მიწისქვეშა წყლების რაოდენობრივ მახასიათებლებს, მათ შორის, წყლის დონის ბუნებრივ რეჟიმსა და გრძელვადიან ბუნებრივ მერყეობებს;
ა.გ) მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი შევსებისა და განტვირთვის მახასიათებლებს;
ა.დ) წყალშემცველი ჰორიზონტის გეოლოგიურ-ჰიდროგეოლოგიურ მახასიათებლებს, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში წყალშემცველი ჰორიზონტის ტიპს, ლითოლოგიასა და ჰიდრავლიკურ გამტარობას.
1. წყლის რესურსების სახელმწიფო მონიტორინგის სისტემა წარმოადგენს ზედაპირული წყლისა და მიწისქვეშა წყლის ობიექტების ჰიდროლოგიურ, ჰიდრომორფოლოგიურ, ჰიდროგეოლოგიურ, ქიმიურ, ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, წყლის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მახასიათებლებზე რეგულარული დაკვირვებისა და მონაცემთა ანალიზის ერთიან სისტემას, რომლის მიზანია წყლის ობიექტების მდგომარეობის, მისი გარემოსთან (ბუნებრივ და ანთროპოგენურ) ურთიერთქმედების, მდინარის აუზში მიმდინარე ბუნებრივი და ანთროპოგენური პროცესების თაობაზე ინფორმაციის მიღება, რისკ-ფაქტორების ანალიზი, შეფასება და პროგნოზირება.
2. სისტემა მოიცავს მონიტორინგის ერთიან ეროვნულ ქსელს და უზრუნველყოფს შემდეგი მონიტორინგის პროგრამების განხორციელებას:
ა) ჰიდროლოგიური;
ბ) ჰიდროქიმიური;
გ) ჰიდრობიოლოგიური;
დ) ჰიდრომორფოლოგიური;
ე) ჰიდროგეოლოგიური.
1. მონიტორინგის გეგმა მოიცავს:
ა) ზედაპირული წყლების ბიოლოგიური ხარისხობრივი ელემენტების მონიტორინგს − ეკოლოგიური სტატუსის შეფასებისა და წყლის ობიექტების კლასიფიკაციის ინდიკატორების სახით;
ბ) ზედაპირული წყლების ფიზიკურ-ქიმიურ და ჰიდრომორფოლოგიურ დამხმარე პარამეტრებს − ბიოლოგიური ელემენტებისთვის აუცილებელი გარემო პირობების შეფასების, სტატუსის შესაბამისი დონის ვერმიღწევის ინტერპრეტირების, მაღალი სტატუსის დადასტურებისა და არსებული ზეწოლების გაანალიზების მიზნით;
გ) ზედაპირული წყლების სპეციფიკური დამაბინძურებლების მონიტორინგს − აუზის თავისებურებებიდან გამომდინარე, იმ ნივთიერებების კონტროლის მიზნით, რომლებიც მნიშვნელოვანი რაოდენობით ჩაედინება წყლის ობიექტში;
დ) ზედაპირული წყლების პრიორიტეტული ნივთიერებების ქიმიურ მონიტორინგს − ქიმიური სტატუსის შეფასების, ტოქსიკური რისკების კონტროლის, გრძელვადიანი ტენდენციების ანალიზისა და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, პრიორიტეტული სახიფათო ნივთიერებებისათვის უნდა განხორციელდეს ტენდენციების შეფასება, ხოლო პრიორიტეტული ნივთიერებებისთვის უნდა განხორციელდეს მონიტორინგის ფსკერულ ნალექებსა და ბიოტაში;
ე) მიწისქვეშა წყლების რაოდენობრივ მონიტორინგს − მიწისქვეშა წყლების რაოდენობრივი მახასიათებლების (დონეები, წყლის ხარჯები), გრძელვადიანი ტენდენციების, საჭიროების შემთხვევაში მიწისქვეშა წყლების ნაკადის დინამიკური მახასიათებლებისა და მიწისქვეშა წყლების ბუნებრივ შევსებასა და წყალაღებას შორის ბალანსის შეფასების მიზნით;
ვ) მიწისქვეშა წყლების ქიმიური პარამეტრების მონიტორინგს − ქიმიური სტატუსის შეფასებისა და საჭიროების შემთხვევაში დამაბინძურებელ ნივთიერებათა კონცენტრაციების აღმავალი ტენდენციების იდენტიფიცირების მიზნით;
ზ) ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების მონიტორინგის ძირითად პარამეტრებსა და მეთოდებს − რომლებიც განისაზღვრება ამ წესის №1 და №2 დანართებით;
თ) დაცული ტერიტორიების დამატებითი მონიტორინგის მოთხოვნებს − მონიტორინგის პროგრამები, სადაც შესაძლებელია, უნდა იყოს ინტეგრირებული და საჭიროების შემთხვევაში გაძლიერებული, რათა უზრუნველყოფილ იქნეს შესაბამისობა როგორც ზოგად გარემოსდაცვით მიზნებთან, ისე შესაბამისი დაცული ტერიტორიისთვის დადგენილ მიზნებთან;
ი) ტრანსსასაზღვრო წყლების მონიტორინგის კომპონენტს − მათ შორის, მონიტორინგის პროგრამებს, რომლებიც მოიცავს ისეთი მონიტორინგის ადგილებს, რომლებიც აუცილებელია:
ი.ა) ტრანსსასაზღვრო წყლის ობიექტების შეფასებისა და საზღვრის გადამკვეთი დამაბინძურებლების დატვირთვის დასადგენად;
ი.ბ) ტრანსსასაზღვრო წყლის ობიექტების შეფასებისა და საზღვრის გადამკვეთი დამაბინძურებლების ზეწოლის შესაფასებლად;
ი.გ) შავ ზღვაში ჩამდინარე დამაბინძურებელ ნივთიერებათა დატვირთვის შესაფასებლად;
ი.დ) საერთაშორისო ანგარიშგების ვალდებულებების შესასრულებლად;
ი.ე) მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის მხარდასაჭერად;
კ) მიკრობიოლოგიურ მონიტორინგს − რომელიც ხორციელდება შესაბამისი წყლის ობიექტის ტიპის, არსებული ან სავარაუდო ზეწოლის, წყლის გამოყენების, მიკრობიოლოგიური დაბინძურების რისკისა და მონიტორინგის მიზნების გათვალისწინებით. მიკრობიოლოგიური მონიტორინგის განხორციელების აუცილებლობა, მონიტორინგის ობიექტები და ადგილები, მიკრობიოლოგიური პარამეტრები, მონიტორინგის სიხშირე და მეთოდები განისაზღვრება შესაბამისი მონიტორინგის პროგრამებითა და გეგმებით. მიკრობიოლოგიური მონიტორინგის შედეგები გამოიყენება ზედაპირული წყლების მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და წყლის რესურსების მართვისა და დაცვის შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვისათვის;
ლ) წყლის ობიექტების დაჯგუფებასა და წარმომადგენლობით მონიტორინგს − იმ წყლის ობიექტებისთვის, რომლებიც ხასიათდებიან მსგავსი ტიპოლოგიით, ზეწოლებით, ჰიდროლოგიური მახასიათებლებით, შეიძლება, გამოყენებულ იქნეს წარმომადგენლობითი მონიტორინგის სისტემა (დაჯგუფება). ასეთი დაჯგუფების ექსპერტული დასაბუთება და სანდოობის ხარისხი უნდა იყოს დოკუმენტირებული და ექვემდებარებოდეს პერიოდულ გადახედვას.
2. ზედაპირული წყლის ობიექტების მონიტორინგი ხორციელდება შემდეგი პროგრამების შესაბამისად:
სახელმწიფო მონიტორინგის გეგმის შესაბამისად, როგორც ზედაპირულ, ისე მიწისქვეშა წყლებზე ხორციელდება მონიტორინგის პროგრამები, შემდეგი კომპონენტების გათვალისწინებით:
ა) დაკვირვებითი მონიტორინგი ხორციელდება წყლის ობიექტების დახასიათების, ზეწოლისა და ზემოქმედების შეფასების დადასტურებისა და გრძელვადიანი ბუნებრივი და ანთროპოგენური ტენდენციების გამოვლენის მიზნით. მონიტორინგის სიხშირე განისაზღვრება რისკზე დაფუძნებული მიდგომით, ჰიდრომორფოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობების, ზემოქმედების ფაქტორებისა და შეფასების მიზნების გათვალისწინებით;
ბ) ოპერატიული მონიტორინგი:
ბ.ა) ხორციელდება რისკის ქვეშ მყოფ წყლის ობიექტებზე;
ბ.ბ) მოიცავს ყველა მნიშვნელოვან ზეწოლას, მათ შორის, წერტილოვან და დიფუზურ წყაროებს, ჰიდრომორფოლოგიურ ზეწოლებს, ურბანულ სენსიტიურ ტერიტორიებს, საბანაო წყლებს, იმ შემთხვევებს, როდესაც პრიორიტეტული ნივთიერებების გამო ვერ მიიღწევა შესაბამისი სტატუსი, აგრეთვე მოიცავს მაღალი/კარგი სტატუსის შენარჩუნებასთან დაკავშირებულ საკითხებს;
ბ.გ) უზრუნველყოფს გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობის შეფასებას;
ბ.დ) ხასიათდება მონიტორინგის მაღალი სიხშირით (ყოველთვიური ან კვარტალური);
გ) გამოძიებითი მონიტორინგი:
გ.ა) ხორციელდება დაბინძურების ინციდენტების/ავარიების შემთხვევების დროს ან როდესაც უცნობია წყლის ობიექტის მიერ „კარგი სტატუსის“ ვერმიღწევის მიზეზები;
გ.ბ) ხასიათდება მოქნილობით და ორიენტირებულია კონკრეტულ პრობლემაზე.
3. გეგმის გადახედვა და კორექტირება:
გეგმის პერიოდული გადახედვა და კორექტირება ხორციელდება, როდესაც ფიქსირდება:
ა) წყლის ობიექტის სტატუსის ცვლილება ან მონიტორინგის მოულოდნელი/გაუთვალისწინებელი შედეგების მიღება;
ბ) რისკის შეფასებების დროს ახალი საფრთხეების/რისკების გამოვლენა;
გ) ახალი დამაბინძურებელი ნივთიერებების გამოვლენა ან გარემოსდაცვითი ხარისხის ახალი სტანდარტების დაწესება;
დ) დაბინძურების ახალი ტენდენციების გამოვლენა;
ე) გამოძიებითი მონიტორინგის საჭიროება და შედეგები;
ვ) დაგეგმილი ღონისძიებების ეფექტიანობის (ან მათი არაეფექტიანობის) განსაზღვრა;
ზ) მონიტორინგის წერტილის არასაკმარისი წარმომადგენლობითობა;
თ) მონიტორინგის მონაცემთა სიზუსტისა და სანდოობის არასაკმარისი ხარისხი;
ი) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის განახლება ან მორიგი ციკლის დასრულება.
4. დაკვირვებითი, ოპერატიული და გამოძიებითი მონიტორინგი ვრცელდება როგორც ზედაპირულ წყლებზე, ისე მიწისქვეშა წყლებზე:
ა) ზედაპირული წყლების მონიტორინგი მოიცავს ბიოლოგიურ, ფიზიკურ-ქიმიურ და ჰიდრომორფოლოგიურ ელემენტებს და აგრეთვე დაცულ ტერიტორიებზე არსებული წყლის ობიექტებისთვის დამატებით მოთხოვნებს, სპეციფიკური გარემოსდაცვითი მიზნების შესაბამისად;
ბ) მიწისქვეშა წყლების მონიტორინგი ორიენტირებულია ქიმიური შედგენილობის, დამაბინძურებელი ნივთიერებებისა და რაოდენობრივი მახასიათებლების სისტემატურ მონიტორინგზე.
5. მონიტორინგის სიხშირე:
წყლის რესურსების სახელმწიფო მონიტორინგის გეგმით განსაზღვრული მონიტორინგის სიხშირე უნდა იყოს საკმარისი წყლის ობიექტების კლასიფიკაციის, მონაცემთა სანდოობისა და სიზუსტის უზრუნველსაყოფად და შეესაბამებოდეს რისკის დონეს, ამ წესის №1 და №2 დანართების გათვალისწინებით.
6. მონიტორინგის ქსელი იგეგმება და ფუნქციონირებს შემდეგი პრინციპების დაცვით:
ა) მონიტორინგის პუნქტები უნდა იყოს წყლის ობიექტის (ზედაპირული ან მიწისქვეშა) წარმომადგენლობითი და შერჩეული რისკზე დაფუძნებული მიდგომით;
ბ) ბიოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური და ჰიდრომორფოლოგიური მონიტორინგი პრაქტიკული შესაძლებლობის ფარგლებში ხორციელდება ერთსა და იმავე ლოკაციაზე. ცალკეული წერტილების გამოყენების შემთხვევაში გეგმაში ეთითება შესაბამისი დასაბუთება;
გ) მონიტორინგის ქსელმა უნდა უზრუნველყოს წყლის ობიექტების ყველა შესაბამისი ტიპის, მნიშვნელოვანი ზეწოლებისა და სტატუსის ტენდენციების სრული ასახვა.
7. მონიტორინგის ქსელი პერიოდულად ექვემდებარება გადახედვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, მონიტორინგის პუნქტების დამატებას, გაუქმებას და/ან ადგილმონაცვლეობას შემდეგი გარემოებებისას:
ა) წყლის ობიექტის სტატუსის/რისკების ცვლილების ან ახალი ზეწოლების წყაროების გამოვლენის შემთხვევაში;
ბ) ღონისძიებათა პროგრამების განხორციელების ან კლასიფიკაციის არასაკმარისი სანდოობისას;
გ) მონიტორინგის პუნქტების უსაფრთხოებასთან, ხელმისაწვდომობასთან ან ფუნქციონირებასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობისას;
დ) მდინარის აუზის/სააუზო მართვის გეგმის განახლების ან მორიგი ექვსწლიანი ციკლის დაწყების შემთხვევაში.
1. ამ წესის მოთხოვნები მიწისქვეშა წყლის ობიექტებზე ვრცელდება მათი განსაზღვრის შემდეგ. მიწისქვეშა წყლის ობიექტების განსაზღვრამდე, ამ წესის მოთხოვნები ვრცელდება ჰიდროგეოლოგიურ ერთეულებზე.
2. რაოდენობრივი სტატუსის შეფასების მიზნით, მიწისქვეშა წყლების შევსებასა და წყალაღებას შორის ბალანსის შეფასება ხორციელდება მას შემდეგ, რაც შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების მიერ შედგენილი იქნება წყალაღების მონაცემებზე დაფუძნებული წყლის ბალანსი.
3. პრიორიტეტული ნივთიერებებისა და პრიორიტეტული სახიფათო ნივთიერებების მონიტორინგი, ბიოტისა და ფსკერული ნალექის მატრიცებში ეტაპობრივად უნდა დაინერგოს. სრულ დანერგვამდე, ქიმიური სტატუსის შეფასება შეიძლება, ძირითადად, წყლის სვეტის მონიტორინგის შედეგებს დაეფუძნოს.
4. ბიოტისა და ფსკერული ნალექის მონიტორინგი იმ ნივთიერებებისთვის, რომელთა შეფასებაც ბიოტისა და ფსკერული ნალექის მატრიცებშია საჭირო, დაიწყოს არაუგვიანეს 2028 წლის 1 იანვრისა.
5. ბიოტისა და ფსკერული ნალექის მონიტორინგის მიზნით, სააგენტომ მოამზადოს შესაბამისი პროგრამა, რომელიც განსაზღვრავს ბიოტისა და ფსკერული ნალექის მონიტორინგისთვის საჭირო პრიორიტეტულ ნივთიერებებს, მონიტორინგის ადგილებს, ანალიზის მეთოდებს, ლაბორატორიულ მოთხოვნებსა და მონიტორინგის სიხშირეებს.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „წყლის რესურსების მონიტორინგის დაგეგმვისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „წყლის რესურსების მონიტორინგის დაგეგმვისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.09.2026.
- როდის იქნა მიღებული „წყლის რესურსების მონიტორინგის დაგეგმვისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „წყლის რესურსების მონიტორინგის დაგეგმვისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 15.09.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №447. სარეგისტრაციო კოდი — 400000000.10.003.025997.
- სად არის „წყლის რესურსების მონიტორინგის დაგეგმვისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.09.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „წყლის რესურსების მონიტორინგის დაგეგმვისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“, №447, 15.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 400000000.10.003.025997 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7000572/