საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.098.016014
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/09/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

 

საქართველოს  სპორტის მინისტრის

ბრძანება №14

 2026 წლის 22 სექტემბერი 

ქ.თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის №82-Iმს-XIმპ კანონის მე-2 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დებულება, ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №05/05 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 25/04/2018, 040030000.22.054.016245).

 

მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2027 წლის 1 მარტიდან.

 


საქართველოს სპორტის მინისტრიშალვა გოგოლაძე




დანართი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დებულება

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი) წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით შექმნილ სასპორტო საქმიანობის განმახორციელებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.

2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს სპორტის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.

3. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელებით, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები, იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი ატრიბუტიკა და სხვა რეკვიზიტები.

4. ცენტრი საკუთარი სახელით ახორციელებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ.

5. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, თიანეთის გზატკეცილი №37.

6. ცენტრი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.

მუხლი 2. ცენტრის ძირითადი მიზნები, ამოცანები და საქმიანობის საგანი

1. ცენტრის ძირითადი მიზნებია:

ა) სპორტის სახეობების ეროვნულ ფედერაციებთან ერთად განსაკუთრებული სპორტული მონაცემებითა და ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების გამოვლენა და ცენტრში მოზიდვა, საქართველოს კადეტთა და იუნიორთა ნაკრები გუნდების წევრობის კანდიდატების მომზადების მიზნით;

ბ) ქვეყნის ეროვნული, იუნიორთა და კადეტთა ნაკრები გუნდების წევრებისათვის (სპორტის ოლიმპიურ სახეობებში) საერთაშორისო დონის მატერიალურ-ტექნიკური და საწვრთნელი ბაზის შექმნა;

გ) თანამედროვე სასპორტო სასწავლო-საწვრთნელი პროცესის დანერგვით, საკუთარი სპორტულ ღონისძიებათა კალენდრის შემუშავებითა და შესრულებით, რეზერვების მომზადების ეფექტური სისტემის შექმნის უზრუნველყოფა.

2. ცენტრის ძირითადი ამოცანებია:

ა) უზრუნველყოს საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდებისათვის უახლოესი და პოტენციური რეზერვების მომზადება;

ბ) მოიზიდოს ცენტრში უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტები და იზრუნოს ცენტრის მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

გ) იზრუნოს ცენტრის თანამშრომელთა და სპორტსმენთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე;

დ) კომპეტენციის ფარგლებში იზრუნოს ცენტრის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე.

3. თავისი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად ცენტრს უფლება აქვს, განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:

ა) ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების გარდა, მზადების წლიური საწვრთნელი პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციების წარდგინებების საფუძველზე, კალენდარული წლის განმავლობაში განახორციელოს სპორტის ოლიმპიურ სახეობებში ქვეყნის ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების წევრებისა და კანდიდატების, აგრეთვე სელექციის მეშვეობით შერჩეული პერსპექტიული სპორტსმენების ანაზღაურების გარეშე მომსახურება ცენტრის სარგებლობაში არსებული სპორტული ბაზებითა და ინვენტარით და უზრუნველყოს აღნიშნულ მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების (მათ შორის, კომუნალური) დაფარვა თავისი ასიგნებებისა ან/და ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული შემოსავლების ფარგლებიდან;

ბ) ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების გარდა, ცენტრის სარგებლობაში არსებულ სპორტულ დარბაზებში გახსნას უფასო სექციები სპორტის სხვადასხვა სახეობაში;

გ) საქართველოს სპორტის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) ან სხვა ორგანიზაციების დაკვეთით აწარმოოს სპორტულ-მეთოდური საქმიანობა, შეიმუშაოს სპორტის სახეობების განვითარების კონცეფციები და პროგრამები, მეთოდური დოკუმენტები; სპორტის სახეობათა ფედერაციებთან ერთად ჩაატაროს კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, სემინარები და სხვა ღონისძიებები;

დ) საქართველოს ყველა ასაკობრივი კატეგორიის ნაკრების წევრებისათვის განახორციელოს სპორტულ-გამაჯანსაღებელი სარეაბილიტაციო პროცესის ორგანიზება და უზრუნველყოს მისი შეუფერხებელი მიმდინარეობა;

ე) წარმართოს დამხმარე ხასიათის ეკონომიკური საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე), საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი მოახმაროს ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მის მუშაკთა სოციალურ დაცვას და მათი შრომის მატერიალურ წახალისებას, აგრეთვე ამ დებულებით გათვალისწინებული ცენტრის სხვა ამოცანების განხორციელებას;

ვ) სპორტის სახეობების პოპულარიზაციის მიზნით მონაწილეობა მიიღოს, ასევე თავად გამართოს კომერციული, საქველმოქმედო და სხვა სახის სპორტული ღონისძიებები;

ზ) სამინისტროსთან შეთანხმებით, შექმნას ფილიალები საქართველოში და საზღვარგარეთ, აგრეთვე, კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები – სპორტული კლუბები და განსაზღვროს მათი საქმიანობის წესი;

თ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შეიმუშაოს ცენტრის შინაგანაწესი, განსაზღვროს ცენტრში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ნორმები და ოდენობა, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა, დაადგინოს მუშაკთა მატერიალური წახალისების ფორმები და მეთოდები;

ი) სათანადო გრაფიკის შედგენით ხელი შეუწყოს ცენტრში ჩარიცხულ სპორტსმენებს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ზოგადი და უმაღლესი განათლების მიღებაში;

კ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა.

4. ცენტრს მხოლოდ სამინისტროსთან შეთანხმებით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის, თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

მუხლი 3. ცენტრის საწვრთნელი პროცესის ორგანიზაცია

1. ცენტრში მიიღებიან ეროვნული, იუნიორთა და კადეტთა ნაკრები გუნდების კანდიდატები სპეციალური ტესტირებისა და ეროვნული სპორტული ფედერაციების რეკომენდაციების საფუძველზე.

2. ცენტრის საწვრთნელი პროცესი მიმდინარეობს მთელი კალენდარული წლის განმავლობაში. ზაფხულისა და ზამთრის პერიოდში საწვრთნელი პროცესი გრძელდება სპორტულ-გამაჯანსაღებელ ბანაკებსა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების მეშვეობით.

3. ცენტრში საკონკურსო პრინციპით ჩაირიცხებიან მხოლოდ განსაკუთრებული ნიჭითა და უნარით დაჯილდოებული მოზარდები, თუ მათ შესრულებული აქვთ სპორტული ნორმატივები ან მიღწეული აქვთ წარმატებები სპორტულ სარბიელზე.

4. ცენტრის სპორტსმენებთან (კანონიერ წარმომადგენელთან) ფორმდება ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს ცენტრისა და სპორტსმენის ურთიერთობის ყველა ძირითად საკითხს.

5. სასწავლო-საწვრთნელი პროცესის ძირითად ფორმებს წარმოადგენს:

ა) ჯგუფური სასწავლო-საწვრთნელი და თეორიული მეცადინეობები;

ბ) ინდივიდუალური წესი, რომელიც (ინდივიდუალური და პერსპექტიული გეგმების შესაბამისად) აუცილებელია დახელოვნებისა და უმაღლესი დაოსტატების ეტაპზე;

გ) სპორტულ-გამაჯანსაღებელი, სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიებები (ტრავმატოლოგიისა და ფსიქოლოგიის საკითხები, პირველადი სამედიცინო დახმარება და სხვა);

დ) სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებსა და სასწავლო-საწვრთნელ შეკრებებში მონაწილეობა (როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ);

ე) საინსტრუქტორო და სამსაჯო პრაქტიკა.

მუხლი 4. ცენტრის სპორტსმენთა უფლებამოსილებანი

1. ცენტრის სპორტსმენები (ბენეფიციარები) უფლებამოსილნი არიან:

ა) ისარგებლონ ცენტრის სპორტული ბაზით, დარბაზებით, საერთო საცხოვრებლით, სასადილოთი, ბიბლიოთეკით, საექიმო მომსახურებით, ინვენტარითა და სხვა ძირითადი თუ დამხმარე ნაგებობებით;

ბ) მოითხოვონ მათ მიერ ცენტრთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობის შესრულება.

2. ცენტრის სპორტსმენები ვალდებულნი არიან, შეასრულონ ცენტრის დებულებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული პირობები.

მუხლი 5. ცენტრის მართვა და სტრუქტურა

1. ცენტრის საქმიანობას წარმართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. ცენტრის დირექტორი:

ა) წარმართავს ცენტრის საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე;

ბ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ცენტრის საშტატო ნუსხას და სახელფასო ფონდს;

გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ცენტრს მესამე პირებთან, სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში, გასცემს მინდობილობებს, დებს გარიგებებს;

დ) კანონით დადგენილი წესით, განაგებს და განკარგავს ცენტრის ქონებას და სახსრებს და ეკისრება პასუხისმგებლობა ცენტრის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;

ე) საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს ცენტრის თანამშრომლებთან და, საჭიროებისამებრ, დროებით მოწვეულ სპეციალისტებთან, იღებს გადაწყვეტილებებს ცენტრის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს;

ზ) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს და მისი სტრუქტურული ერთეულების ფუნქცია-მოვალეობებს, განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;

თ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, ასევე ცენტრის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;

ი) ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის დირექტორის მოადგილეებს სამინისტროსთან შეთანხმებით;

კ) ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

3. ცენტრის დირექტორი მისი არყოფნის პერიოდში ვალდებულია, აცნობოს სამინისტროს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის შესახებ.

მუხლი 6. ცენტრის სტრუქტურული ერთეულები

ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) სპორტის სამსახური;

გ) სამეურნეო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური;

დ) სტრატეგიული განვითარებისა და მონიტორინგის სამსახური.

მუხლი 7. ცენტრის ქონება

1. ცენტრს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სახელმწიფოს მიერ გადაეცემა სახელმწიფო ქონება სარგებლობის უფლებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.

2. ცენტრის ქონებად ითვლება აგრეთვე ცენტრში არსებული ინტელექტუალური საკუთრება და არამატერიალური აქტივი.

მუხლი 8. ცენტრის ფინანსური სახსრები

1. ცენტრის დაფინანსების წყაროებია:

ა) შესაბამისი ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას და მათი გამოყენება რაიმე სხვა მიზნით აკრძალულია.

მუხლი 9. ცენტრის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება

1. ცენტრი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დადგენილ ვადაში წარუდგინოს იგი დასამტკიცებლად სამინისტროს.

2. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

მუხლი 10. სახელმწიფო კონტროლი და გარანტიები

1. ცენტრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო.

3. ცენტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია, გაასაჩივროს მაკონტროლებელი ორგანოს უკანონო მოქმედება.

მუხლი 11. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი

ცენტრის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 12. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

ცენტრის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.09.2026.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 22.09.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს სპორტის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №14. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.098.016014.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.09.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“, №14, 22.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.098.016014 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7001296/