„სამოქალაქო აეროდრომის ბაქანზე საქმიანობის მართვის წესის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №204 |
|
2026 წლის 22 სექტემბერი ქ. თბილისი |
საქართველოს საჰაერო კოდექსის 9
1
მუხლის საფუძველზე,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „სამოქალაქო აეროდრომის ბაქანზე საქმიანობის მართვის წესი“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2027 წლის 31 მაისიდან.
|
|
მუხლი 1.
მიზანი და მოქმედების სფერო
|
1. წესის მიზანია, საქართველოს სამოქალაქო აეროდრომის ბაქანზე/ბაქნიდან საჰაერო ხომალდების მოწესრიგებული და უსაფრთხო შესვლის/გასვლის, გადაადგილების და განთავსების უზრუნველყოფა.
2. წესის მოქმედება ვრცელდება სერტიფიცირებული სამოქალაქო აეროდრომის ექსპლუატანტზე და ავიასაწარმოზე, რომელიც სერტიფიცირებული აეროდრომის ბაქანზე, ამ წესის შესაბამისად, ახორციელებს საქმიანობას. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება
|
ამ მუხლით განსაზღვრულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აეროდრომის ექსპლუატანტი – იურიდიული პირი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს აეროდრომის ექსპლუატაციას და პასუხისმგებელია აეროდრომის ექსპლუატაციისთვის დადგენილი მოთხოვნების შენარჩუნებაზე; ბ) ავიასაწარმო – საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმო, საჰაერო ხომალდის მიწისზედა მომსახურე სამსახურები და ა.შ., რომელიც მდებარეობს და საქმიანობას ახორციელებს აეროდრომის ტერიტორიის ბაქანზე; გ) აეროდრომზე მოძრაობის სიმჭიდროვე: გ.ა) უმნიშვნელო – როდესაც ყველაზე დატვირთული საათის დროს ოპერირების რაოდენობა ადზ-ზე არ აღემატება 15-ს, ხოლო აეროდრომზე, ჯამში – 20-ზე ნაკლებია; გ.ბ) საშუალო – როდესაც ყველაზე დატვირთული საათის დროს ოპერირების რაოდენობა ადზ-ზე შეადგენს 16-25-ს, ხოლო აეროდრომზე, საერთო ჯამში – 20-35-ს; გ.გ) მნიშვნელოვანი – როდესაც ყველაზე დატვირთული საათის დროს ოპერირების რაოდენობა ადზ-ზე შეადგენს 26-ს ან მეტს, ხოლო აეროდრომზე, საერთო ჯამში – 35-ზე მეტია; დ) ბაქანი – სახმელეთო აეროდრომზე განსაზღვრული ფართობი საჰაერო ხომალდის განსალაგებლად, მასში მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომის, ტვირთისა და ფოსტის ჩატვირთვა-გადმოტვირთვის, საწვავით გამართვის, დგომის ან ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით; ე) ბაქანზე საქმიანობის მართვა – მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს ბაქანზე საქმიანობის, საჰაერო ხომალდების და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მოწესრიგებას; ვ) ბაქანზე საქმიანობის მართვის საწარმო – საწარმო, რომელიც აეროდრომის ექსპლუატანტის და საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოსგან დამოუკიდებლად ახორციელებს, სულ მცირე, საჰაერო ხომალდების ბაქანზე მოძრაობის, ბაქანზე შესვლის და ბაქნიდან გასვლის მართვას, აეროდრომის ექსპლუატანტთან და საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოსთან კოორდინირებით; ზ) გაუარესებული ამინდის პირობები – ამინდის მდგომარეობა, რომელსაც შეუძლია ზეგავლენა იქონიოს ბაქანზე საქმიანობის უსაფრთხოებაზე, როგორიცაა: ძლიერი ქარი, ელჭექი, ყინვა, მაღალი ტემპერატურა, ასევე შეზღუდული ხილვადობა – ძლიერი წვიმის, თოვლის, ქვიშის ქარიშხლის ან ნისლის სახით; თ) პროცედურა – სამოქალაქო აეროდრომის ბაქანზე/ბაქნიდან საჰაერო ხომალდების მოწესრიგებული და უსაფრთხო შესვლის/გასვლის, გადაადგილების და განთავსებისათვის შემუშავებული და დადგენილი ზომები; ი) საჰაერო ხომალდის სადგომზე შესვლა/გასვლის დროს დამხმარე პერსონალი – პირი, რომელიც საჭიროა საჰაერო ხომალდის სადგომზე შესვლის/სადგომიდან გასვლისას დამხმარე სამუშაოების შესასრულებლად, კერძოდ, საჰაერო ხომალდის უკუსვლით გაყვანის და ბუქსირების პასუხისმგებელი პირები, საჰაერო ხომალდის ფრთების ქიმებთან თანმხლები პირები, ხუნდების განთავსების/მოხსნის, ფიქსირებული და მოძრავი დამხმარე სახმელეთო ელექტროკვების დანადგარების, საჰაერო ხომალდის ძრავის გამშვები დამხმარე დანადგარის მომსახურების და საჰაერო ხომალდის მგზავრების სალონის გაგრილების საშუალებების მომსახურების ჩათვლით; კ) სამიმოსვლო არე (სამუშაო მოედანი) – აეროდრომის ნაწილი, რომელიც მოიცავს სამანევრო არეს და ბაქანს (ბაქნებს) და განკუთვნილია საჰაერო ხომალდების აფრენა/დაფრენისა და მიმოსვლისათვის; ლ) საჰაერო ხომალდის ბუქსირება (Towing) – შესაბამისად მომზადებული პერსონალის და სპეციალური დამხმარე აღჭურვილობის გამოყენებით, საჰაერო ხომალდის წინ გაწევით გადაადგილება; მ) საჰაერო ხომალდის მარშალინგი – ხმელეთზე საჰაერო ხომალდის მანევრირებაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ისთვის მოძრაობის მიმართულების მიცემა, მესიგნალის მიერ საჰაერო ხომალდისათვის სტანდარტული ხელის სიგნალების ზუსტად და გასაგებად გადაცემით; ნ) საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმო – სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ სერტიფიცირებული საწარმო, რომელიც დადგენილი საჰაერო სივრცის ფარგლებში, პასუხისმგებელია საჰაერო მომსახურების მართვის უზრუნველყოფაზე; ო) საჰაერო ხომალდის უკუსვლით გაყვანა (Push Back) – შესაბამისად მომზადებული პერსონალის და სპეციალური დამხმარე აღჭურვილობის გამოყენებით საჰაერო ხომალდის უკუსვლით გადაადგილება; პ) საჰაერო ხომალდის სადგომი – ბაქანზე საჰაერო ხომალდის სადგომად გამოყოფილი ადგილი; ჟ) შეზღუდული ხილვადობის პროცედურა (LVP) – ქმედებების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს აეროდრომის უსაფრთხო ექსპლუატაციას აეროდრომზე ხილვადობის გაუარესების დროს, რომელსაც შეიმუშავებს აეროდრომის ექსპლუატანტი სააერნაოსნო მომსახურების საწარმოსთან ერთად. |
მუხლი 3.
აეროდრომის ექსპლუატანტის და ავიასაწარმოს ვალდებულებები
|
1. აეროდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია, უზრუნველყოს:
ა) ბაქანზე საჰაერო ხომალდების უსაფრთხოდ მიღება, მოძრაობა, განთავსება და ბაქნიდან გაშვება; ბ) ბაქანზე საქმიანობის მართვასთან დაკავშირებული საჭირო ტექნოლოგიური, საკომუნიკაციო და სხვა პროგრამული საშუალებები; გ) შესაბამისი პროცედურების შემუშავება და დანერგვა, იმ მიზნით, რომ: გ.ა) დარეგულირდეს საჰაერო ხომალდების ბაქანზე უსაფრთხო მოძრაობა, რათა არ მოხდეს საჰაერო ხომალდების ერთმანეთთან და საჰაერო ხომალდებსა და დაბრკოლებებს შორის შეჯახება; გ.ბ) დარეგულირდეს საჰაერო ხომალდების ბაქანზე შესვლა და ბაქნიდან გასვლა, საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოსთან კოორდინირებით; გ.გ) უზრუნველყოფილ იქნეს სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო და დროული გადაადგილება; გ.დ) სათანადოდ დარეგულირდეს შემდეგი საქმიანობები: გ.დ.ა) საჰაერო ხომალდისთვის სადგომის გამოყოფა; გ.დ.ბ) საჰაერო ხომალდის ლიდირება; გ.დ.გ) საჰაერო ხომალდის მარშალინგი; გ.დ.დ) საჰაერო ხომალდის სადგომზე გაჩერება; გ.დ.ე) საჰაერო ხომალდის სადგომიდან გასვლა; გ.დ.ვ) საჰაერო ხომალდის ძრავების გაშვების და ბაქანზე გადაადგილების ინსტრუქციების გაცემა; გ.დ.ზ) საჰაერო ხომალდის უკუსვლით გაყვანა/გასვლა; გ.დ.თ) საჰაერო ხომალდის ბუქსირება; გ.დ.ი) ბაქანზე დაწესებული შეზღუდვების გავრცელება; გ.დ.კ) საჰაერო ხომალდის ძრავების რეაქტიული ჭავლის ზემოქმედებისგან დაცვა; გ.დ.ლ) ბაქანზე უსაფრთხოების ზომები, საჰაერო ხომალდის საწვავით გამართვისას; გ.დ.მ) საჰაერო ხომალდის ძრავების მოსინჯვა; გ.დ.ნ) გაუარესებული ამინდის პირობებში, ბაქანზე საქმიანობის მართვა. 2. აეროდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია, უზრუნველყოს ამ წესის შესაბამისად შემუშავებული სათანადო პროცედურების ხელმისაწვდომობა შესაბამისი ავიასაწარმოებისთვის და საჭიროების შემთხვევაში აეროდრომის ტერიტორიაზე მოქმედი სხვა დაინტერესებული პირებისთვის. 3. აეროდრომის ექსპლუატანტი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესრულება უზრუნველყოს საკუთარი ძალებით ან შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე, პასუხისმგებლობის დელეგირებით (მთლიანად ან ნაწილობრივ) სხვა ავიასაწარმოზე. 4. აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ ამ წესის შესაბამისად შემუშავებული პროცედურები ითვლება აეროდრომის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს განუყოფელ ნაწილად და მასზე ვრცელდება აეროდრომის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს მიმართ წაყენებული მოთხოვნები. 5. აეროდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია ამ წესის შესაბამისად განსაზღვროს და დანერგოს ის პროცედურები, რომლებიც ვრცელდება მის აეროდრომზე. 6. აეროდრომის ექსპლუატანტმა/ავიასაწარმომ, რომლებზეც ვრცელდება სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 20 სექტემბრის №196 ბრძანებით დამტკიცებული „უსაფრთხოების მართვის სისტემის წესი“, თავიანთ უსაფრთხოების მართვის სისტემაში უნდა ასახოს ბაქანზე საქმიანობის ფარგლებში არსებული საფრთხეები და მათი მართვა. 7. აეროდრომზე მოქმედი ავიასაწარმოები, რომლებიც ბაქანზე საქმიანობის მართვის ფარგლებში, ამ წესის შესაბამისად, ახორციელებენ გარკვეულ საქმიანობებს, ვალდებული არიან დაიცვან ამ აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ ბაქანზე საქმიანობის ფარგლებში შემუშავებული პროცედურები. 8. ავიასაწარმო, რომელიც ახორციელებს/განახორციელებს საჰაერო ხომალდის მარშალინგს და/ან ლიდირებას, ვალდებულია, უშუალოდ თავად ან აეროდრომის ექსპლუატანტის მეშვეობით უზრუნველყოს პერსონალის მომზადება/გადამზადება ამ წესის შესაბამისად, აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ დადგენილი სასწავლო პროგრამის მიხედვით. |
მუხლი 4.
ბაქანზე საქმიანობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დელეგირება |
1. ავიასაწარმო, რომელიც შეთანხმების საფუძველზე განახორციელებს ბაქანზე საქმიანობასთან დაკავშირებულ რომელიმე საქმიანობას, უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.
2. აეროდრომის ექსპლუატანტსა და ავიასაწარმოს შორის უნდა გაფორმდეს წერილობითი შეთანხმება, რომელშიც მკაფიოდ განისაზღვრება შეთანხმებით გათვალისწინებული საქმიანობები, პასუხისმგებლობები და მოქმედი მოთხოვნები. წერილობითი შეთანხმება უნდა დასტურდებოდეს ხელმძღვანელი და პასუხისმგებელი პირების ხელმოწერებით. 3. ავიასაწარმოს, რომელიც განახორციელებს ბაქანზე საქმიანობის მართვის ფარგლებში რომელიმე საქმიანობას, უნდა გააჩნდეს შესაბამისი კომპეტენტური პერსონალი და სათანადო რესურსები, ამ წესის შესაბამისად. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის უზრუნველსაყოფად აეროდრომის ექსპლუატანტმა წინასწარ (შეთანხმების გაფორმებამდე/განახლებამდე) უნდა განახორციელოს მისი შეფასება/შემოწმება, რათა დარწმუნდეს, რომ ავიასაწარმო აკმაყოფილებს ამ წესით და/ან აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ დადგენილ მოთხოვნებს. |
მუხლი 5.
ბაქნის საზღვრების დადგენა
|
1. აეროდრომის ექსპლუატანტმა, საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოსთან შეთანხმებით, უნდა დაადგინოს ბაქნის საზღვრები და შესაბამისი გრაფიკული ილუსტრაცია გამოაქვეყნოს სააერნაოსნო ინფორმაციის კრებულში (AIP), რუკების ნაწილში (Aerodrome Charts).
2. ბაქნის საზღვრების დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, სულ მცირე, შემდეგი: ა) აეროდრომის სქემა/გეგმა; ბ) ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და სამიმოსვლო ბილიკების კონფიგურაცია და ექსპლუატაციის პირობები; გ) მოძრაობის სიმჭიდროვე; დ) ამინდის პირობები და ექსპლუატაციის პროცედურები. |
მუხლი 6.
ბაქანზე საჰაერო ხომალდების შესვლის/გასვლის კოორდინაცია
|
1. იმ შემთხვევაში, თუ ბაქანზე საჰაერო ხომალდების მოძრაობის მართვას არ ახორციელებს საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმო, აეროდრომის ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ ბაქანზე საჰაერო ხომალდების შესვლა/გასვლა განხორციელდეს საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოსთან შეთანხმებით, რაც უნდა მოიცავდეს:
ა) ბაქანზე საქმიანობის მართვის საწარმოსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოს შორის საჰაერო ხომალდის გადაცემის წერტილის განსაზღვრას და საჰაერო ხომალდის გადაცემის პროცედურას; ბ) საჰაერო-სახმელეთო საკომუნიკაციო საშუალებებს, რომელიც გამოყენებული იქნება ბაქანზე. 2. აეროდრომის ექსპლუატანტმა, საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოსთან შეთანხმებით, უნდა განსაზღვროს საჰაერო ხომალდებისათვის დროებითი მოსაცდელი ადგილები, იმ შემთხვევაში, თუ ბაქანზე საჰაერო ხომალდის სადგომები ხანმოკლე დროით არ არის ხელმისაწვდომი. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში გამოქვეყნებული უნდა იქნეს: ა) საჰაერო ხომალდის გადაცემის წერტილი; ბ) ბაქანზე საჰაერო ხომალდის მანევრირებაზე პასუხისმგებელ პირ(ებ)თან საკომუნიკაციო საშუალებები: ბ.ა) საკომუნიკაციო მომსახურების დანიშნულება; ბ.ბ) მოსახმობი ნიშანი (call sign); ბ.გ) არხი და სიხშირე; ბ.დ) მუშაობის საათები; ბ.ე) შენიშვნები. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აეროდრომის განლაგების, საჰაერო ხომალდის მოძრაობის სიმჭიდროვის გათვალისწინებისა და რადიოსიხშირეების ხელმისაწვდომობის მიხედვით, საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოსთან შეთანხმებით, საჰაერო მოძრაობის მომსახურებისთვის არსებული საჰაერო-სახმელეთო საკომუნიკაციო საშუალებები შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს ბაქანზე. |
მუხლი 7.
ბაქანზე საქმიანობის მართვასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულების ზედამხედველობა
|
1. აეროდრომის ექსპლუატანტმა ბაქანზე საქმიანობის ფარგლებში უნდა განახორციელოს ამ წესის შესაბამისად დადგენილი პროცედურებისა შესრულების ყოველდღიური მონიტორინგი უშუალოდ ან სხვა საწარმოს მეშვეობით – უფლებამოსილების დელეგირების საფუძველზე, ინტერესთა კონფლიქტის გათვალისწინებით დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში.
2. იმ შემთხვევაში, თუ აეროდრომის ექსპლუატანტთან შეთანხმებით, ბაქანზე საქმიანობის მართვის ფარგლებში ყოველდღიურ მონიტორინგს განახორციელებს სხვა საწარმო, ყოველი დარღვევის შესახებ უნდა ეცნობოს აეროდრომის ექსპლუატანტს და, ასევე, იმ ავიასაწარმოს, რომლის მიერაც იქნა დარღვევა დაფიქსირებული. 3. ავიასაწარმოს მიერ ამ წესის შესაბამისად, ბაქანზე საქმიანობის მართვის ფარგლებში, თუ ფიქსირდება დარღვევები, ინფორმაცია საწარმოს მიერ გამოვლენილი დარღვევების შესახებ უნდა ეცნობოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 მაისის №97 ბრძანებით დამტკიცებული „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის“ მიხედვით. |
მუხლი 8.
ბაქანზე საჰაერო ხომალდის გადაადგილების უზრუნველყოფა
|
1. ბაქანზე საჰაერო ხომალდების უსაფრთხოდ მიმოსვლისთვის, სულ მცირე, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს:
ა) საჰაერო ხომალდისთვის ბაქანზე გადაადგილების ინსტრუქციების გადაცემა; ბ) გადაადგილებისთვის განსაზღვრული მარშრუტების ყოველგვარი დაბრკოლებებისაგან დაცვა, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მოძრავ საჰაერო ხომალდს. შენიშვნა: მოძრავი საჰაერო ხომალდის მარშრუტების დაცვა სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითებისგან რეგულირდება, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 23 მაისის №66 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სამოქალაქო აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის მოწესრიგების წესის“ შესაბამისად. გ) შესაბამისი ვიზუალური საშუალებები. შენიშვნა: ვიზუალური საშუალებები მოიცავს მარკირებას, სანათებს, ნიშნებს და მარკერებს. 2. ბაქანზე გადაადგილების ინსტრუქციები საჰაერო ხომალდს შესაძლებელია გადაეცეს: ა) წინასწარგანსაზღვრული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით; ბ) ლიდირების სატრანსპორტო საშუალების (Follow Me) გამოყენებით; გ) მარშალინგის შესაბამისი ხელის სიგნალების გამოყენებით; დ) ზემოაღნიშნულიდან ნებისმიერი კომბინაციით. |
მუხლი 9.
საჰაერო ხომალდისთვის სადგომის გამოყოფა
|
1. საჰაერო ხომალდი უნდა გაჩერდეს საჰაერო ხომალდის სადგომზე ან ბაქანზე შესაბამისი უსაფრთხოების პარამეტრების დაცვით.
2. საჰაერო ხომალდის სადგომის ან ბაქნის გარდა, თუ აუცილებელია საჰაერო ხომალდის განთავსება სხვა არეში, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ფრენების მასშტაბური გადამისამართებით, მნიშვნელოვანი მოვლენებით, გაუარესებული ამინდის პირობებით, გაუთვალისწინებელი შემთხვევებით, მიმდინარე სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოებით, უნდა განხორციელდეს საჰაერო ხომალდის ასეთ არეალში გაჩერებით გამოწვეული რისკების და აეროდრომის ნორმალურ ოპერირებაზე ზეგავლენის შეფასება. 3. საჰაერო ხომალდისათვის სადგომის გამოყოფის პროცედურა უნდა ითვალისწინებდეს: ა) სადგომის შესაბამისობას იმ საჰაერო ხომალდისთვის, რომლის გამოსაყენებლადაც არის განკუთვნილი; ბ) საჰაერო ხომალდისთვის გამოყოფილი სადგომის შესახებ ინფორმაციის გადაცემის უზრუნველყოფას, საჰაერო მოძრაობის მართვის საწარმოსათვის ან ბაქანზე საქმიანობის მართვის სამსახურისათვის, ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) საჰაერო ხომალდისთვის გამოყოფილი სადგომის შესახებ ინფორმაციის გადაცემა იმ პერსონალზე, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი საჰაერო ხომალდის მანევრირებაზე. 4. მომფრენი საჰაერო ხომალდისთვის გამოყოფილი სადგომის შესახებ ინფორმაცია საჰაერო ხომალდის მანევრირებაზე პასუხისმგებელ პერსონალს შესაძლებელია მიეწოდოს: ა) ობიექტური რადიოსიხშირის საშუალებით; ბ) მონაცემთა ბმულის გამოყენების საშუალებით; გ) ლიდირების ავტომობილით; დ) მარშალინგის გამოყენებით; ე) ტელესკოპური ტრაპის ვიზუალური შეპირაპირების სისტემით; ვ) ზემოაღნიშნულიდან ნებისმიერის კომბინაციით. 5. საჰაერო ხომალდისათვის სადგომის გამოყოფისას, სულ მცირე, უნდა იქნეს გათვალისწინებული: ა) საჰაერო ხომალდის ფიზიკური და საექსპლუატაციო მახასიათებლები; ბ) გაჩერებისთვის განკუთვნილი საშუალებები (მაგ: ტელესკოპური ტრაპის ვიზუალური შეპირაპირების სისტემა, მარშალინგი, ხუნდები და სხვა); გ) სადგომზე საჰაერო ხომალდის მომსახურების საშუალებები; დ) მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა; ე) გვერდით სადგომზე გაჩერებული საჰაერო ხომალდი; ვ) საჰაერო ხომალდების სადგომების ურთიერთდამოკიდებულება; ზ) ბაქანზე დაწესებული ადგილობრივი შეზღუდვები; თ) რეაქტიული და ხრახნიანი ძრავების ჭავლის ზემოქმედებისგან დაცვა. 6. საჰაერო ხომალდის სადგომის გამოყოფისას, უარყოფითი ზეგავლენის თავიდან აცილების მიზნით, ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს საჰაერო ხომალდის მომსახურების შემდეგი საშუალებები: ა) ტელესკოპური სამგზავრო ხიდები და კიბეები; ბ) ფიქსირებული მიწისზედა ელექტროკვების საშუალებები; გ) საჰაერო ხომალდის კონდიცირების საშუალებები; დ) საწვავის ჭების ადგილმდებარეობა და საწვავით გამართვის შესაძლებლობა; ე) საჰაერო ხომალდის უკუსვლით გაყვანისთვის და ბუქსირებისთვის განკუთვნილი შესაბამისი დამხმარე აღჭურვილობა; ვ) სატრანსპორტო საშუალებების და სპეც. ტექნიკის განთავსების არეები. 7. აეროდრომის ექსპლუატანტმა უნდა განსაზღვროს სამსახური, რომელიც განახორციელებს საჰაერო ხომალდების სადგომების გამოყოფას. 8. საჰაერო ხომალდის სადგომის გამოყოფაზე პასუხისმგებელი სამსახურის სამუშაო ოფისი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ შესაძლებელი იყოს სადგომებზე არსებული მდგომარეობის პირდაპირი ვიზუალური ხედვა, რისთვისაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ბინოკლი და ვიდეოკამერები. 9. საჰაერო ხომალდის სადგომის გამოყოფაზე პასუხისმგებელი სამსახურისთვის უზრუნველყოფილი უნდა იქნეს აეროდრომის სქემა (ელექტრონული, ბეჭდური) არსებული ყველა სადგომების მონაცემებით, ასევე დაკავებული და თავისუფალი სადგომების მონაცემების აღრიცხვის მექანიზმი, რომელსაც ასევე უნდა გააჩნდეს სადგომების გამოყენების და ამ სადგომებზე არსებული საჰაერო ხომალდის მონაცემების აღრიცხვის საშუალება. |
მუხლი 10.
საჰაერო ხომალდის სადგომზე გაჩერება და სადგომიდან გასვლა
|
1. სადგომზე შესვლის და გაჩერებისთვის, ასევე სადგომიდან გასვლისას უნდა ხდებოდეს საჰაერო ხომალდის მიმართულების მიცემა, რაც შესაძლებელია მოიცავდეს ვიზუალური შეპირაპირების სამართავი სისტემის გამოყენებას, მარშალინგის გამოყენებას.
2. საჰაერო ხომალდის სადგომზე გაჩერების პროცედურა, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს: ა) საჰაერო ხომალდის სადგომზე შესვლამდე, სადგომის ვიზუალურად შემოწმებას შესაბამისი პერსონალის მიერ და/ან ვიდეოკამერების გამოყენებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო მანძილების დაცვა; ბ) საჰაერო ხომალდის სადგომზე უსაფრთხოდ შესვლის და გაჩერებისთვის შესაბამისი მარშალინგის პროცედურის, ვიზუალური შეპირაპირების სამართავი სისტემის გამოყენებას; გ) უსაფრთხო მანძილების დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას საჰაერო ხომალდის მანევრირებაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ისთვის; დ) საჰაერო ხომალდის გაჩერებისთვის შესაბამისი საშუალებების მომზადებას და გამოყენებას; ე) საჰაერო ხომალდის სადგომის შემოწმებას უცხო სხეულების არსებობაზე. 3. გაჩერებული საჰაერო ხომალდი უნდა იყოს სათანადოდ დაფიქსირებული, რათა თავიდან იქნეს აცილებული საჰაერო ხომალდის ნებისმიერი გაუთვალისწინებელი მოძრაობა. 4. საჰაერო ხომალდის სადგომიდან გასვლის პროცედურა უნდა ითვალისწინებდეს საჰაერო ხომალდის სადგომიდან გასვლამდე გასატარებელ შემდეგ ღონისძიებებს: ა) სახმელეთო მომსახურების დამხმარე აღჭურვილობების (გარდა საჰაერო ხომალდის უკუსვლით გაყვანისათვის და ბუქსირებისთვის განკუთვნილი საშუალებებისა (საჭიროებიდან გამომდინარე)) და სატრანსპორტო საშუალებების დროულ გაყვანას საჰაერო ხომალდის სადგომიდან; ბ) იქ, სადაც გამოიყენება ტელესკოპური ხიდები, მათ მოხსნას და განსაზღვრულ ადგილზე გაჩერებას; გ) გასასვლელი მარშუტების დაბრკოლებებისაგან გათავისუფლებას; დ) სატრანსპორტო საშუალებების საჰაერო ხომალდის სადგომზე და სადგომის მიმართულებით მოძრაობის აღკვეთას, ასევე საჰაერო ხომალდის მოძრაობის მარშუტის მიმდებარე გზებზე მოძრაობის შეჩერებას. 5. დაუშვებელია პერსონალის (გარდა საჰაერო ხომალდის სადგომზე შესვლა/გასვლის დროს დამხმარე პერსონალისა) სადგომზე შესვლა, თუ საჰაერო ხომალდის ძრავები მუშაობს და ჩართული აქვს შეჯახების ასაცილებელი ნათურები. შენიშვნა: ვერტმფრენის ოპერირების შემთხვევაში, დაუშვებელია ნებისმიერი პერსონალის მიახლოება. |
მუხლი 11.
საჰაერო ხომალდის მარშალინგი
|
1. საჰაერო ხომალდის მარშალინგის პროცედურა უნდა მოიცავდეს მესიგნალისთვის გაწერილ დეტალურ მითითებებს შემდეგის გათვალისწინებით:
ა) მარშალინგის დაწყებამდე მესიგნალემ უნდა უზრუნველყოს, რომ საჰაერო ხომალდის სადგომზე შემოსვლა/გასვლის დროს მანევრირების არეალი თავისუფალი იყოს დაბრკოლებებისაგან და უცხო სხეულის ნარჩენებისგან; ბ) გარემოებები, როდესაც ერთი ან მეტი მესიგნალის და ფრთების ქიმებთან თანმხლები პირების გამოყენება არის აუცილებელი; გ) მარშალინგის პროცესში, საგანგებო მდგომარეობის დადგომისას, მათ შორის, საჰაერო ხომალდის დაზიანების, უსაფრთხო მანძილების დარღვევის ან საჰაერო ხომალდის არაზუსტი მანევრირების დროს განსახორციელებელი ქმედებები. 2. მარშალინგის განხორციელებისას მესიგნალე უნდა იყენებდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 30 მარტის №61 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესით“ განსაზღვრულ ხელის სიგნალებს. 3. მესიგნალე უნდა იყოს შესაბამისად აღჭურვილი და სამოსით ეკიპირებული. შენიშვნა: მესიგნალის აღჭურვილობის და სამოსის მიმართ არსებული მოთხოვნები მოცემულია სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 30 მარტის №61 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესში“. 4. მარშალინგის განხორციელებისას აკრძალულია სხვა პირების მიერ მესიგნალესთან მიახლოება ან მის სიახლოვეს დგომა, ასევე სატრანსპორტო საშუალებით მესიგნალესა და საჰაერო ხომალდს შორის გავლა. 5. ავიასაწარმო, რომელიც ახორციელებს საჰაერო ხომალდების მარშალინგს, უნდა უზრუნველყოს ამ მუხლის შესაბამისად, აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ დადგენილი პროცედურების დაცვა. 6. ავიასაწარმომ, რომელიც ახორციელებს საჰაერო ხომალდის მარშალინგს, უნდა უზრუნველყოს ამ წესის 21-ე მუხლის შესაბამისად მესიგნალის მომზადება. |
მუხლი 12.
საჰაერო ხომალდის ლიდირება
|
1. საჰაერო ხომალდის ლიდირება, სულ მცირე, უნდა განხორციელდეს საჰაერო ხომალდის მეთაურის მოითხნის შემთხვევაში, როდესაც აეროდრომზე მოქმედებს შეზღუდული ხილვადობის პროცედურა.
2. საჰაერო ხომალდის ლიდირების პროცედურა, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს საჰაერო ხომალდის გადაადგილების სიჩქარის, საჰაერო ხომალდსა და ავტომობილს შორის უსაფრთხო მანძილის დაცვის და შეზღუდული ხილვადობის დროს საჰაერო ხომალდის ლიდირების უზრუნველყოფის მოთხოვნებს. 3. შეზღუდული ხილვადობის დროს საჰაერო ხომალდის ლიდირების პროცედურა, ასევე უნდა ითვალისწინებდეს ლიდირების ავტომობილის მძღოლზე შეზღუდული ხილვადობის ზეგავლენას. 4. ლიდირების ავტომობილი უნდა იყოს მარტივად აღქმადი, გამოკვეთილი მონიშვნით და უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის 2024 წლის 6 მარტის №73 დადგენილებით დამტკიცებული „აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესით“ განსაზღვრულ მოთხოვნებს. 5. ლიდირების ავტომობილის აღჭურვილობა უნდა შეესაბამებოდეს სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 23 მაისის №66 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სამოქალაქო აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის მოწესრიგების წესის“ მოთხოვნებს, ასევე დამატებით უნდა იყოს აღჭურვილი სპეციალური შუქსიგნალების სისტემით საჰაერო ხომალდისთვის შესაბამისი ინფორმაციის (Follow Me, Slow, Stop) გადასაცემად. 6. ლიდირების ავტომობილის მძღოლი უნდა ფლობდეს სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 23 მაისის №66 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სამოქალაქო აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის მოწესრიგების წესის“ შესაბამისად გაცემულ შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობას. 7. ავიასაწარმომ, რომელიც ახორციელებს საჰაერო ხომალდის ლიდირებას, უნდა უზრუნველყოს მძღოლების მომზადება ამ წესის 21-ე მუხლის შესაბამისად. |
მუხლი 13.
საჰაერო ხომალდის ძრავების გაშვება და ბაქანზე გადაადგილების ინსტრუქციების გაცემა
|
1. საჰაერო ხომალდის ძრავების გაშვების და ბაქანზე გადაადგილების ინსტრუქციის გაცემის პროცედურა, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს:
ა) ძრავების გაშვების ნებართვის გაცემის უფლებამოსილების განსაზღვრას; ბ) ძრავების გაშვების ნებართვის შესახებ ინფორმაციის გაცვლას; გ) საჰაერო ხომალდის ბუქსირების/უკუსვლით გაყვანის დაწყების ნებართვის გაცემის და საჰაერო ხომალდის გადაადგილების ინსტრუქციების შესახებ ინფორმაციის გაცვლას. 2. იმ შემთხვევაში, თუ ბაქანზე საჰაერო ხომალდების გადაადგილების მართვაში მონაწილეობს საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმო, ძრავების გაშვებას, საჰაერო ხომალდის ბუქსირებით/უკუსვლის ნებართვას და ბაქანზე გადაადგილების ინსტრუქციებს გასცემს საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმო. |
მუხლი 14.
საჰაერო ხომალდის უკუსვლით გაყვანა/გასვლა
|
1. საჰაერო ხომალდის უკუსვლით გაყვანის პროცედურა, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს:
ა) ერთდროულად რამდენიმე საჰაერო ხომალდის უკუსვლით გაყვანის პროცესების მართვის შესაძლებლობას; ბ) მოძრავი ან/და მოძრაობის დასაწყებად მზადმყოფი საჰაერო ხომალდებთან შეჯახების ან შეფერხების თავიდან აცილების პროცესს; გ) საჰაერო ხომალდის უკუსვლით გაყვანის დაწყებამდე დაბრკოლებებისაგან თავისუფალი მარშრუტის უზრუნველყოფის პროცესს; დ) ძრავების გაშვების წერტილის განსაზღვრას რეაქტიული ჭავლისგან უარყოფითი ზეგავლენის თავიდან არიდების მიზნით; ე) კომუნიკაციას და კოორდინაციას, ბუქსირების განმახორციელებელ პირებს, ბაქანზე საქმიანობის მართვის საწარმოს და/ან საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოს შორის. 2. საჰაერო ხომალდის სადგომიდან საკუთარი ძრავების წევის ხარჯზე უკუსვლით გასვლის ნებართვის გაცემის დროს, გათვალისწინებული უნდა იქნეს, სულ მცირე, შემდეგი ფაქტორები: ა) ხრახნიანი ძრავების ჭავლით წარმოქმნილი ჰაერის ნაკადის ძალა; ბ) ბაქნის ხელოვნური საფარის მდგომარეობა; გ) ხმაურის დონე; დ) საჰაერო ხომალდის საკუთარი ძრავების წევის ხარჯზე უკუსვლის პროცესის დაწყებამდე კომუნიკაციის უზრუნველყოფა ბაქნის სხვა მომხმარებლებთან; ე) საჰაერო ხომალდის სამანევრო სივრცე; ვ) სხვა საჰაერო ხომალდის გადაადგილების შეფერხება; ზ) ზემოქმედება ქვეითებზე, შენობებზე, სატრანსპორტო საშუალებებზე, აღჭურვილობაზე და სხვა საჰაერო ხომალდებზე; თ) გაუარესებული ამინდის პირობები. |
მუხლი 15.
საჰაერო ხომალდის ბუქსირება
|
1. საჰაერო ხომალდის ბუქსირებასთან დაკავშირებით, აეროდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია:
ა) დაადგინოს საჰაერო ხომალდის ბუქსირების პროცედურები; ბ) განსაზღვროს სამიმოსვლო არეში (სამუშაო მოედანი) ბუქსირების უსაფრთხოდ უზრუნველყოფისთვის შესაბამისი მარშრუტები, საჰაერო ხომალდის მახასიათებლების და ინფრასტრუქტურასთან თავსებადობის გათვალისწინებით; გ) შეიმუშაოს და დანერგოს კომუნიკაციის და კოორდინაციის პროცედურები, ბუქსირების განმახორციელებელ პირებს, ბაქანზე საქმიანობის მართვის საწარმოს და/ან საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოს შორის. 2. საჰაერო ხომალდის ბუქსირების პროცედურები, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს: ა) ბუქსირების დაწყების ნებართვის გაცემას; ბ) მანევრირებას და შეზღუდვებს; გ) ბუქსირების დროს ბაქანზე სხვა მოძრაობის კონტროლს; დ) კომუნიკაციის პროცედურებს; ე) ბუქსირების დროს საბორტო სანათების ნათების უზრუნველყოფას; ვ) შემთხვევებს, როდესაც საჭიროა მესიგნალის, საჰაერო ხომალდის ფრთების ქიმებთან თანმხლები პირების ან ლიდირების ავტომობილის გამოყენება; ზ) სამანევრო არეში ბუქსირებას. |
მუხლი 16.
ბაქანზე დაწესებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაციის გავრცელება
|
1. აეროდრომის ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის დროული გავრცელება ბაქანზე დაწესებული შეზღუდვების შესახებ, შესაბამისი ავიასაწარმოებისთვის და საჭიროების შემთხვევაში აეროდრომის ტერიტორიაზე მოქმედი სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
2. გასავრცელებელი ინფორმაცია შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგს: ა) შეზღუდვის ტიპი; ბ) შეზღუდვის ხანგრძლივობა (თუ ცნობილია); გ) გასატარებელი შემარბილებელი ღონისძიებები; დ) შეზღუდვის ზეგავლენა აეროდრომის ექსპლუატაციაზე; ე) საჰაერო ხომალდის სადგომების ხელმისაწვდომობა; ვ) შეზღუდვები საჰაერო ხომალდის სადგომებზე; ზ) საწვავის ჭების და საწვავით გამართვის შეზღუდვა; თ) საჰაერო ხომალდის სადგომზე ფიქსირებული დამხმარე ძალური დანადგარების არსებობა; ი) საჰაერო ხომალდების გაჩერების სპეციალური პროცედურები; კ) სატრანსპორტო საშუალებების და ქვეითთა მოძრაობის მარშრუტების დროებითი ცვლილებები; ლ) მიმდინარე სამუშაო პროცესები; მ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც ზეგავლენას ახდენს ბაქნის მომხმარებლებზე და მომსახურე პერსონალზე. |
მუხლი 17.
საჰაერო ხომალდის ძრავების რეაქტიული ჭავლის ზემოქმედებისგან დაცვა
|
1. აეროდრომის ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს ბაქანზე მომსახურე პერსონალის ინფორმირება რეაქტიული ძრავების ჭავლის და ტურბო-ხრახნიანი ძრავების ბრუნვით გამოწვეული საფრთხეების შესახებ.
2. სატრანსპორტო საშუალებების და დამხმარე სპეციალური ტექნიკისთვის გამოყოფილი დგომის არეები უნდა განისაზღვროს ისე, რომ ძრავების რეაქტიული ჭავლის და ხრახნიანი ძრავების ბრუნვის ზემოქმედება მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი. 3. ბაქნის კონფიგურაციის დაგეგმვისას ან არსებულის ცვლილების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს საჰაერო ხომალდის ძრავების რეაქტიული ჭავლის და ხრახნიანი ძრავების ბრუნვის ზემოქმედება. 4. აეროდრომის ექსპლუატანტმა ბაქანზე უნდა განსაზღვროს ძრავების რეაქტიული ჭავლის მნიშვნელოვანი ზემოქმედების არეალი, სადაც უნდა განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი რეაქტიული ჭავლის ზემოქმედების ეფექტი. |
მუხლი 18.
უსაფრთხოების ზომები საჰაერო ხომალდის საწვავით გამართვისას
|
1. საჰაერო ხომალდის საწვავით უსაფრთხოდ გამართვის პროცედურაში გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი:
ა) საჰაერო ხომალდის საწვავით გამართვის ზონაში ცეცხლის ღია წყაროების გამოყენების აკრძალვა, ასევე ისეთი ელექტროინსტრუმენტების გამოყენების აკრძალვა, რომელიც შეიძლება გახდეს ნაპერწკლის წარმოქმნის წყარო; ბ) სახმელეთო ელექტროკვების დანადგარების ამუშავების/გათიშვის აკრძალვა, საჰაერო ხომალდის საწვავით გამართვის პროცესში; გ) საჰაერო ხომალდის საწვავით გამართვის პროცესში, საწვავ-გასამართი ავტომანქანის და პერსონალისთვის დაუბრკოლებელი გასასვლელი გზის უზრუნველყოფა; დ) საჰაერო ხომალდისა და საწვავის მიწოდების წყაროების პოტენციალების გათანაბრების პროცედურების გამოყენებას; ე) საწვავის დაღვრის დროს დაუყოვნებლივი შეტყობინება ყველა დაინტერესებულ მხარესთან და სხვა გასატარებელი ღონისძიებები; ვ) საჰაერო ხომალდში მგზავრების ყოფნის დროს ან მგზავრების ჩასხდომის/გადმოსვლის დროს საჰაერო ხომალდის საწვავით გამართვა, შემდეგი პირობების დაცვლით: ვ.ა) სატრანსპორტო საშუალებები და დამხმარე აღჭურვილობები იმგვარად უნდა განთავსედეს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საჰაერო ხომალდიდან მგზავრების დაუყოვნებელი და შეუფერხებელი ევაკუაცია; ვ.ბ) შესაბამისი ტიპის ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების მზადყოფნა; ვ.გ) იქ, სადაც გამოიყენება ჰედსეტით კომუნიკაცია საჰაერო ხომალდის ეკიპაჟთან, შესაბამისი პერსონალის მიერ ჰედსეტით კომუნიკაცია უნდა იყოს დამყარებული საჰაერო ხომალდის ეკიპაჟთან. ზ) საჰაერო ხომალდის საწვავით გამართვისთვის აკრძალული არეები (სადგომები), ასეთის არსებობის შემთხვევაში. 2. აეროდრომზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ელჭექის დროს აკრძალულია საჰაერო ხომალდის საწვავით გამართვა, ხოლო მიმდინარე საწვავის გამართვის პროცესი უნდა შეწყდეს. 3. ანგარში აკრძალულია საწვავ-გამმართველი სატრანსპორტო საშუალებით საჰაერო ხომალდის საწვავით გამართვა. 4. საჰაერო ხომალდის საწვავით გამართვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 13 ნოემბრის №176 ბრძანებით დამტკიცებული „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს სერტიფიცირების წესის“ და სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 8 ივლისის №168 ბრძანებით დამტკიცებული „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირების წესის“ შესაბამისად, სერტიფიცირებული ავიასაწარმოს და სერტიფიცირებული ტექნიკური პერსონალის მიერ. |
მუხლი 19.
საჰაერო ხომალდის ძრავების მოსინჯვა
|
1. აეროდრომზე, სადაც ხორციელდება ძრავების მოსინჯვა, აეროდრომის ექსპლუატანტმა უნდა გამოყოს შესაბამისი ტერიტორია და დადგინდეს შესაბამისი პროცედურა.
2. ძრავების მოსინჯვისთვის განკუთვნილი ტერიტორიის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი საჰაერო ხომალდის პარამეტრები და მახასიათებლები. 3. ძრავების მოსინჯვის ტერიტორია უნდა განთავსდეს ღია სივრცეში და განისაზღვროს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ჭავლის ზემოქმედება სხვა საჰაერო ხომალდზე, აღჭურვილობაზე, შენობა-ნაგებობებსა და მომუშავე პერსონალზე. 4. ძრავების მოსინჯვის ტერიტორიის ხელოვნური საფარის ზედაპირი უნდა უძლებდეს საჰაერო ხომალდიდან გადაცემულ დატვირთვებს, ძრავის ჭავლისგან ზემოქმედებას და თავისუფალი იყოს კენჭების და სხვა უცხო სხეულის ნარჩენებისგან. 5. ძრავების მოსინჯვა უნდა ხდებოდეს მხოლოდ უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ. 6. ძრავების მოსინჯვა საჰაერო ხომალდის სადგომზე შესაძლებელია მხოლოდ ძრავის ამუშავებისა და უქმი სვლის შესამოწმებლად. |
მუხლი 20.
გაუარესებული ამინდის პირობებში ბაქანზე საქმიანობის მართვა
|
1. გაუარესებული ამინდის პირობებში ბაქანზე საქმიანობის მართვის პროცედურები, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს:
ა) ბაქანზე საჰაერო ხომალდის გადაადგილებას; ბ) საჰაერო ხომალდის სადგომზე გაჩერებას; გ) საჰაერო ხომალდის მარშალინგს; დ) საჰაერო ხომალდის სადგომიდან გასვლას; ე) საჰაერო ხომალდის უკუსვლით გაყვანას და ბუქსირებას; ვ) საჰაერო ხომალდის საწვავით გამართვას; ზ) სატრანსპორტო საშუალებების, სპეცტექნიკის და სხვა დამხმარე აღჭურვილობების ბაქანზე უსაფრთხოდ განთავსებას; თ) ბაქანზე პერსონალის მიერ საქმიანობის განხორციელებას; ი) აეროდრომზე დაწესებულ ადგილობრივ შეზღუდვებს. 2. აეროდრომის ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს მოსალოდნელი ამინდის გაუარესების შესახებ ინფორმაციის მიღება აეროდრომზე მეტეოროლოგიურ სამსახურთან კოორდინირებით და შესაბამისი ინფორმაციის გავრცელება ბაქანზე მოქმედ ავიასაწარმოებზე და ყველა სხვა დაინტერესებულ პირზე. 3. შეზღუდული ხილვადობის პროცედურების ამოქმედებისას ბაქანზე მომუშავე პირების და სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა იზღუდება საჭირო მინიმუმამდე, რომელსაც განსაზღვრავს აეროდრომის ექსპლუატანტი და ბაქანზე მოქმედი საწარმოები/სამსახურები. |
მუხლი 21.
საჰაერო ხომალდის მესიგნალის და ლიდირების მძღოლის მომზადება
|
1. აეროდრომის ექსპლუატანტმა უნდა შეიმუშაოს და დანერგოს სასწავლო პროგრამა მესიგნალის და ლიდირების მძღოლებისთვის, ამ წესის №1 და №2 დანართების, აეროდრომზე მოქმედი საექსპლუატაციო მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასწავლო პროგრამა და მასში შესატანი ნებისმიერი ცვლილება/დამატება თანხმდება სააგენტოსთან. 3. აღნიშნული პერსონალი სამუშაოს დამოუკიდებლად შესასრულებლად დაიშვება პირველადი სასწავლო პროგრამის და ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ. 4. აეროდრომის ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს სასწავლო პროგრამის ხელმისაწვდომობა იმ ავიასაწარმოებისთვის, რომლებიც განახორციელებენ თავიანთი პერსონალისთვის საჰაერო ხომალდის მარშალინგს და/ან ლიდირების სწავლებას. 5. ავიასაწარმომ, რომელიც ახორციელებს საჰაერო ხომალდის მარშალინგს და/ან ლიდირებას და საკუთარი ძალებით ახორციელებს პერსონალის მომზადება-გადამზადებას, უნდა დანიშნოს შესაბამისი ინსტრუქტორ-შემფასებლები, ამ წესის №1 დანართის შესაბამისად. |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამოქალაქო აეროდრომის ბაქანზე საქმიანობის მართვის წესის“ დამტკიცების შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.09.2026.
- როდის იქნა მიღებული „სამოქალაქო აეროდრომის ბაქანზე საქმიანობის მართვის წესის“ დამტკიცების შესახებ?
- „სამოქალაქო აეროდრომის ბაქანზე საქმიანობის მართვის წესის“ დამტკიცების შესახებ მიღებულია 22.09.2026. მიმღები ორგანო — სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №204. სარეგისტრაციო კოდი — 310050000.54.066.016417.
- სად არის „სამოქალაქო აეროდრომის ბაქანზე საქმიანობის მართვის წესის“ დამტკიცების შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.09.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „სამოქალაქო აეროდრომის ბაქანზე საქმიანობის მართვის წესის“ დამტკიცების შესახებ, №204, 22.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016417 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7005837/