ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№25
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.125.016598
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/09/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2026 წლის 28 სექტემბერი

ქ. ტყიბული

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესი“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები, კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 28 აპრილის №11 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 29/04/2026; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.125.016584).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საკრებულოს თავმჯდომარეიზოლდა ნემსაძე



დანართი

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესი
მუხლი 1. ზოგადი  დებულებები

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) (შემდგომში – ცხოველები) მოვლა-პატრონობის და მათი ყოლის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს ცხოველების ყოლის,  მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის პირობებს. წესი აგრეთვე განსაზღვრავს ცხოველებისათვის, როგორც ცოცხალი არსებებისთვის, მინიჭებულ ბუნებრივ უფლებებს და მათი დაცვის მექანიზმებს.

მუხლი 2. წესის მიზანი

1. წესის მიღების მიზანია ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით საარსებო გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა.

2. ამ წესის მიზნებისათვის გამოიყენება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ტერმინები.

მუხლი 3. უფლებამოსილი ორგანო

შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება“ (ს/კ 219636918) (შემდგომში – „უფლებამოსილი ორგანო“).

მუხლი 4. ცხოველთა სტატუსი და მათი რეგისტრაცია

1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ბინადარ ცხოველებს ენიჭებათ ერთ-ერთი შემდეგი სტატუსი:

ა) პატრონიანი – ცხოველი, რომელსაც ჰყავს მეპატრონე (ფიზიკური ან იურიდიული პირი);

ბ) მიკედლებული – უპატრონო ცხოველი, რომლის გამოკვებას, ვეტერინარულ მეთვალყურეობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვას ნებაყოფლობით ახორციელებს ფიზიკური ან იურიდიული პირი (მიმკედლებელი);

გ) უმეთვალყურეო – პატრონიანი ან მიკედლებული ცხოველი, რომელიც დროის კონკრეტულ მონაკვეთში საზოგადოებრივ სივრცეში იმყოფება მეთვალყურეობის (მეპატრონის ან მიმკედლებლის თანხლების) გარეშე;

დ) უპატრონო – ცხოველი, რომელსაც არ ჰყავს, ან შეუძლებელია დაუდგინდეს მეპატრონე ან მიმკედლებელი.

2. ცხოველს პატრონიანის სტატუსი ენიჭება წინამდებარე წესით განსაზღვრული პირობებით მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

3. ცხოველს მიკედლებულის სტატუსი ენიჭება ფიზიკური ან იურიდიული პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე და რეგისტრირდება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

4. ცხოველი ითვლება უმეთვალყურეოდ, თუ ის საზოგადოებრივ სივრცეში დროის კონკრეტულ მონაკვეთში იმყოფება მეპატრონის ან ცხოველის მიმკედლებლის გარეშე და რომლის მიმართ ტარდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული რეაგირების ღონისძიებები.

5.  ცხოველს უპატრონოს სტატუსი ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ დადგენილი წესით ჩატარებული მოკვლევის შედეგად არ დასტურდება მეპატრონის ან მიმკედლებლის არსებობა, რის შემდეგაც მისი მართვა ხორციელდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

6. უმეთვალყურეო ცხოველს პატრონიანის ან უპატრონოს სტატუსი უდგინდება მისი იზოლაციიდან, მეპატრონის დასადგენად ან ახალი მეპატრონის მოძიების მიზნით შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების დაწყებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.  

7. ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში შეიძინოს, იჩუქოს, მიიღოს მემკვიდრეობით ან აიყვანოს (თავშესაფრიდან ან საჯარო სივრციდან) შინაური ბინადარი ცხოველი.

8. დადგენილი წესით რეგისტრირებული ცხოველი წარმოადგენს ცხოველის მეპატრონის საკუთრებას.

9. ცხოველის მეპატრონეს ეკრძალება საკუთრებაში კონკრეტულ მისამართზე ან/და ერთი საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე/ტერიტორიაზე ერთდროულად 5 (ხუთი) ერთეულზე მეტი ზრდასრული ცხოველის ყოლა (გარდა ამ ცხოველთა ნაშიერისა, რომელთა ასაკი არ აღემატება 6 თვეს), თუ აღნიშნული მისამართი ან/და ტერიტორია არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ცხოველთა თავშესაფრის მინიმალურ სტანდარტებს.

10. მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველთა რეგისტრაცია ხორციელდება წინამდებარე წესითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

11. მონაცემთა ერთიან ბაზაში ფიზიკური პირი მეპატრონედ შეიძლება დარეგისტრირდეს მხოლოდ 16 წლის ასაკის მიღწევისას, იმ პირობით, თუ მას არ გააჩნია ნასამართლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

12. პოტენციურად მომეტებული რისკის მქონე ჯიშის ძაღლის მეპატრონედ რეგისტრაციისათვის, გარდა ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, სავალდებულოა ფიზიკური პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტის) წარდგენა უფლებამოსილ ორგანოში.

13. ცხოველთა მარეგისტრირებელი სუბიექტია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ამ წესით განსაზღვრული ნებისმიერი სტატუსის მქონე ცხოველის რეგისტრაციას და აღნიშნულ სტატუსთან დაკავშირებული ყოველი მომდევნო ცვლილების რეგისტრაციას.

14. ცხოველის პირველადი რეგისტრაცია, აგრეთვე მისი ყოლის პირობებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება, მეპატრონის/მიმკედლებლის მიერ უნდა დარეგისტრირდეს მონაცემთა ერთიან ბაზაში, შესაბამისი ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა.

15. ცხოველის მეპატრონის გარდაცვალების შემთხვევაში მისი მემკვიდრე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში დარეგისტრირდეს მეპატრონედ მონაცემთა ერთიან ბაზაში. იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უარს აცხადებს სამკვიდროს მიღებაზე, იგი ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველისათვის ახალი მეპატრონის მოძიება, ხოლო მისი მოძიების შეუძლებლობის შემთხვევაში − ცხოველის გადაყვანა თავშესაფარში.

16. ნებისმიერ ფიზიკურ პირსა და იურიდიულ პირს უფლება აქვს, წინამდებარე წესით დადგენილი პირობების დაცვით უზრუნველყოს უპატრონო ცხოველის მიკედლება.

17. ცხოველის მიკედლების სამართლებრივი საფუძველია მიმკედლებელი პირის და ოფიციალურად მიკედლებული ცხოველის სავალდებულო რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში.

18. უპატრონო ცხოველის მიკედლება და მისი რეგისტრაცია შესაბამისი სტატუსით დასაშვებია მხოლოდ ცხოველის წინასწარი ვეტერინარული დამუშავების – სავალდებულო სტერილიზაციის/კასტრაციისა და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების შემდგომ.

19. ცხოველის მიმკედლებელი პირი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის კვება-დარწყულება;

ბ) უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის ყოველწლიური ანტირაბიული ვაქცინაცია, ხოლო დამოუკიდებლად უზრუნველყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში − მიმართოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს;

გ) დაუყოვნებლივ მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს, თუ მიკედლებულ ცხოველს გამოუვლინდა სხვა ცხოველისთვის ან/და ადამიანისთვის საშიში დაავადება ან ასეთი დაავადების საეჭვო ნიშნები;

დ) მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს მიკედლებულ ცხოველთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილებების შეუფერხებლად განხორციელებაში, მათ შორის, მიაწოდოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ე) მიკედლებაზე საკუთარი სურვილით უარის თქმის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე წერილობით აცნობოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს და მიმკედლებლად რეგისტრაციის ოფიციალურად გაუქმებამდე განაგრძოს ცხოველზე მეთვალყურეობა და ზრუნვა.

20. ცხოველის მეპატრონის/მიმკედლებლის ცვლილების შემთხვევაში ახალი მეპატრონის/ მიმკედლებლის რეგისტრაციის მიზნით, სავალდებულოა შესაბამისი ცვლილების შეტანა მონაცემთა ერთიან ბაზაში, 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.

21. მიკროჩიპის/ტრანსპონდერის ან საყურე ნიშნის (საჭდის) დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მეპატრონე/მიმკედლებელი ვალდებულია ფაქტის დადგომიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს ცხოველის განმეორებითი იდენტიფიკაციის მიზნით.

22. ცხოველის რეგისტრაციისას უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაიცემა წინამდებარე წესის დანართი №1-ით დადგენილი ფორმის სარეგისტრაციო მოწმობა, ხოლო ცხოველს ენიჭება სარეგისტრაციო მოწმობის ნომრის შესაბამისი პირადი ნომერი. ცხოველის მეპატრონის საცხოვრებელი ან/და ცხოველის ბინადრობის ადგილის, საკონტაქტო ან სხვა სარეგისტრაციო მონაცემების შეცვლისას, მარეგისტრირებელი ორგანო უზრუნველყოფს შესაბამისი ცვლილებების ასახვას მონაცემთა ერთიან ბაზაში.

23. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ცხოველის რეგისტრაციის განმახორციელებელი შესაბამისი დაწესებულება ვალდებულია უსასყიდლოდ უზრუნველყოს ამ წესით გათვალისწინებული ცხოველთა ახალი სარეგისტრაციო მონაცემებისა და ცხოველისთვის ჩატარებული ოპერაციების (სტერილიზაცია, კასტრაცია) შესახებ ინფორმაციის წარდგენა ყოველთვიურად ან დაუყოვნებლივ, მოთხოვნისთანავე. აღნიშნული მონაცემების მიწოდება ხორციელდება ელექტრონული ფორმით, უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე (e-mail) ან სხვა ელექტრონული პროგრამის (ვებგვერდი) მეშვეობით.

24. ცხოველის მეპატრონე ვალდებულია, ცხოველის რეგისტრაციის მომენტისთვის ან პირველადი რეგისტრაციის მომენტიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 5. მეპატრონის უფლებები და მოვალეობები ცხოველის ყოლასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით

1. ცხოველის მეპატრონე ვალდებულია აანაზღაუროს მის საკუთრებაში მყოფი ცხოველის მიერ მესამე პირისთვის მიყენებული ზიანი  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ცხოველის მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის შენახვა და მოვლა-პატრონობა, კონკრეტული ჯიშის ცხოველის ბიოლოგიური და ეტოლოგიური თავისებურებების შესაბამისად, რაც მოიცავს:

ა) ცხოველის სათანადო კვებასა და დარწყულებას;

ბ) ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე წესით დადგენილი პირობების შესაბამისად;

გ) ცხოველის საზოგადოებრივ სივრცეში გასეირნებას, მგზავრობას, მისთვის სათანადო ფიზიკური აქტივობის უზრუნველყოფასა და სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობას „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი უსაფრთხოების წესების დაცვით;

დ) ცხოველისთვის სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შექმნას;

ე) ცხოველის პერიოდულ ვეტერინარულ შემოწმებას, კომპლექსურ ვაქცინაციასა და სხვა აუცილებელი სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების დროულ განხორციელებას;

ვ) ცხოველის ყოველწლიურ სავალდებულო ანტირაბიულ ვაქცინაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ზ) ცხოველის გამრავლების უნარის შეწყვეტას სტერილიზაციით/კასტრაციის გზით „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ვადებსა და დადგენილი წესით;

თ) ცხოველის გამრავლების უნარის შეწყვეტას სხვა უვნებელი, ვეტერინარული მეთოდით, მხოლოდ სამედიცინო ჩვენების საფუძველზე, თუ სტერილიზაციის/კასტრაციის მეთოდის გამოყენება ობიექტურად შეუძლებელია;

ი) ცხოველის დაუყოვნებლივ გადაყვანას ვეტერინარულ დაწესებულებაში მისი ავადობის შემთხვევაში;

კ) ცხოველის დაკარგვის/დაღუპვის ფაქტის შესახებ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის შეტყობინებას აღნიშნული ფაქტის დადგომიდან 24 საათის განმავლობაში;

ლ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს ან სსიპ ,,სურსათის ეროვნული სააგენტოს“  დაუყოვნებლივ ინფორმირებას ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის ფაქტის შესახებ, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ცოფით ან ცხოველიდან ადამიანზე გადამდები სხვა საშიში დაავადებით დაინფიცირებაზე/დაავადებაზე;

მ) ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელებას იზოლირებულად, მეპატრონის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე ან თავშესაფარში;

ნ) საზოგადოებრივი სივრცის მყისიერ დასუფთავებას ცხოველის მიერ მისი ბუნებრივი საჭიროებებით დაბინძურების შემთხვევაში;

ო) ცხოველის ლეშის განკარგვას წინამდებარე წესისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. დასაშვებია ცხოველის  ლეშის განკარგვა შემდგომი მეთოდებით:

ა) დამარხვა, საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე;

ბ) კრემაცია;

გ) მოთავსება ბიოთერმულ ორმოში.

4. პოტენციურად მომეტებული რისკის მქონე ძაღლის მეპატრონე ვალდებულია ცხოველის საცხოვრებელი ტერიტორიის ყველა შესასვლელთან განათავსოს თვალსაჩინო გამაფრთხილებელი წარწერა ან შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელიც წაკითხვადი/აღქმადი უნდა იყოს დღე-ღამის ნებისმიერ დროს.

5. დაუშვებელია ცხოველის უპატრონოდ ან მეთვალყურეობის გარეშე მიტოვება. ცხოველის შემდგომი სათანადო მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის ან/და მეპატრონისა და ცხოველის თანაარსებობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობების დადგომისას, მეპატრონე ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებულია ქმედითი ღონისძიებები გაატაროს ცხოველისთვის ახალი მეპატრონის მოძიების მიზნით. ახალი მეპატრონის მოძიების შეუძლებლობის შემთხვევაში, მეპატრონის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ცხოველის თავშესაფარში გადაყვანას და შემდგომი პროცედურების ჩატარებას უზრუნველყოფს.

6.  აკრძალულია ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვა.

7. ძაღლის ყოლა ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბლით ან ალიკაპით (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა). მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ძაღლის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბლით ან ალიკაპით, ან სპეციალური კონტეინერით.

8. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თანმყოლ სპეციალურად გაწვრთნილ ასისტენტ ძაღლებს, რომელთაც გააჩნიათ აღნიშნულის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატი, აქვთ უფლება თავიანთ მეპატრონეებთან ერთდ დაუბრკოლებლად გადაადგილდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და იმყოფებოდნენ ნებისმიერ საჯარო და დანიშნულების ადგილას (სავაჭრო ობიექტები, საბანკო დაწესებულებები და სხვა).

9.  აკრძალულია ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებში (გარდა საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის შემთხვევისა), აგრეთვე სამედიცინო დაწესებულებებში (საავადმყოფოებში), გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ასისტენტი ძაღლისა. სამედიცინო დაწესებულებებში კატისა და მცირე ზომის ძაღლის შეყვანა დასაშვებია მხოლოდ ხელში აყვანით ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) მეშვეობით.

10. აკრძალულია ცხოველების შეყვანა სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, აგრეთვე იმ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, დაწესებულებებსა და ტერიტორიებზე, სადაც განთავსებულია შესაბამისი ამკრძალავი ნიშანი. ცხოველის დაშვების ამკრძალავი ნიშნის განთავსების შემთხვევაში ობიექტის მესაკუთრე/მფლობელი ვალდებულია მიმდებარე ტერიტორიაზე უზრუნველყოს ცხოველის მისაბმელი ადგილის მოწყობა.

11. ცხოველის დაავადების შემთხვევაში ცხოველის მეპატრონე ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ვეტერინარულ დაწესებულებას. ვეტერინარული დაწესებულება, ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადების ოფიციალურად დადგენის შემთხვევაში, ვალდებულია უზრუნველყოს:

ა) წინამდებარე წესის პირობებით დადგენილი ცხოველის ევთანაზია და მისი შემდგომი დამარხვა/კრემაცია/მოთავსება ბიოთერმულ ორმოში;

ბ) ცხოველის მეპატრონის წერილობითი მოთხოვნისა და მკურნალობის სრული საფასურის ანაზღაურების პირობებში ცხოველის შესაბამისი მკურნალობა.

12. ცხოველის ლაბორატორიული კვლევის, მკურნალობის, ევთანაზიის და შემდგომი დამარხვის/კრემაციის/ბიოთერმულ ორმოში მოთავსების ყველა ფინანსურ ხარჯს სრულად ანაზღაურებს ცხოველის მეპატრონე.

13. ცხოველის შემდგომი სათანადო მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის ან/და მეპატრონისა და ცხოველის თანაარსებობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობების დადგომისა და ცხოველის მეპატრონის წერილობითი მიმართვის შემთხვევაში, ცხოველის  გადაყვანას თავშესაფარში და შემდგომი პროცედურების ჩატარებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო.

14.  ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაწყებული მკურნალობის პროცესის სათანადოდ და სრულად ჩატარების, აგრეთვე მკურნალობის პროცესში ადამიანებისა და სხვა ცხოველებისათვის საშიში დაავადების გავრცელების პრევენციის ღონისძიებების გატარების ვალდებულება კომპეტენციის ფარგლებში ერთობლივად აკისრია როგორც ცხოველის მეპატრონეს, ისე შესაბამის ვეტერინარულ დაწესებულებას.

15. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაწყებული მკურნალობის პროცესში ცხოველის მეპატრონე დაარღვევს დანიშნული მკურნალობის მეთოდიკას, პროცედურებს და ვადებს, ცხოველის მეპატრონეს ეკისრება პასუხისმგებლობა, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

16. ადამიანისა ან/და ცხოველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადების დადგენის შემთხვევაში, აგრეთვე ევთანაზიის განხორციელების ან ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაწყებული მკურნალობის ყოველი ფაქტის შესახებ, ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია მოახდინოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს დაუყოვნებლივი ინფორმირება.

17.  იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის პროცესში ცხოველის მეპატრონე უხეშად დაარღვევს დანიშნული მკურნალობის მეთოდიკას, პროცედურებს და ვადებს, ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია აღნიშნულთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ აცნობოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს, ცხოველის მეპატრონის მიმართ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომების გატარების მიზნით. ინფორმირების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ვეტერინარულ დაწესებულებას ეკისრება პასუხისმგებლობა, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 6. ცხოველის მიკედლება

1. ნებისმიერ ფიზიკურ პირსა და იურიდიულ პირს უფლება აქვს, წინამდებარე წესით დადგენილი პირობების დაცვით, განახორციელონ უპატრონო ცხოველის მიკედლება.

2. ცხოველის მიკედლების საფუძველია მიმკედლებელი პირის რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში. მიკედლების სტატუსი წყდება მიმკედლებლის პირადი წერილობითი განცხადების საფუძველზე ან მის მიერ წინამდებარე წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში.

3. უპატრონო ცხოველის მიკედლება დასაშვებია მხოლოდ ცხოველის წინასწარი სტერილიზაციის/კასტრაციის ჩატარების შემდგომ.

4. დაუშვებელია ცხოველის მიკედლება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების, ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებლების, სამედიცინო დაწესებულებების შენობებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, აგრეთვე საბავშვო და სპორტულ მოედნებზე.

5. მიმკედლებელ პირს უფლება აქვს, ცხოველის კეთილდღეობის მიზნით უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის:

ა) ვეტერინარული მომსახურება;

ბ) დაავადებების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა  და მკურნალობა;

გ) დაავადებების საწინააღმდეგო გეგმური ვაქცინაცია.

6. ცხოველის კეთილდღეობის პრინციპების გათვალისწინებით, მიმკედლებელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის კვება-დარწყულება;

ბ) უზრუნველყოს მიკედლებული ცხოველის ყოველწლიური ანტირაბიული ვაქცინაცია, ხოლო აღნიშნული ვაქცინაციის დამოუკიდებლად უზრუნველყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში − დაუყოვნებლივ მიმართოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს ხელშეწყობის მიზნით;

გ) დაუყოვნებლივ მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს, თუ მიკედლებულ ცხოველს გამოუვლინდა სხვა ცხოველისთვის ან/და ადამიანისთვის საშიში დაავადება ან ასეთი დაავადების საეჭვო ნიშნები;

დ) ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს მიკედლებულ ცხოველთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილებების შეუფერხებლად განხორციელებაში, მათ შორის, მიაწოდოს მის ხელთ არსებული ყოველგვარი ინფორმაცია ცხოველის მდგომარეობის შესახებ;

ე) მიკედლებაზე საკუთარი სურვილით უარის თქმის შემთხვევაში აღნიშნულის თაობაზე წერილობით აცნობოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს და მიმკედლებლად რეგისტრაციის ოფიციალურად გაუქმებამდე განაგრძოს ცხოველის მეთვალყურეობა.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიკედლებული ცხოველის შემდგომ იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო თავის სისტემაში შემავალი თავშესაფრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მეშვეობით.       

მუხლი 7. ცხოველთა თავშესაფარი

1. ცხოველთა თავშესაფარი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ დაწესებულებას, სადაც ხორციელდება ცხოველთა განთავსება, მათი სამართლებრივი და ვეტერინარული მდგომარეობის დადგენა, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების განხორციელება.

2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი თავშესაფარი ექვემდებარება შესაბამის კონტროლს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან.

3. ცხოველთა თავშესაფარი ფუნქციონირებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, წინამდებარე წესისა და საკუთარი დებულების საფუძველზე.

4. ცხოველთა თავშესაფარში შეყვანილი ცხოველები ექვემდებარებიან სავალდებულო იდენტიფიკაციასა და მონაცემთა ბაზაში აღრიცხვა/რეგისტრაციას, თავშესაფრიდან მათ კანონიერ გაყვანამდე.

5. თავშესაფრიდან ბუნებრივ საარსებო გარემოში (პირვანდელ არეალში) დასაბრუნებელი ან/და მისაკედლებელი ცხოველები ექვემდებარებიან სავალდებულო იდენტიფიკაციას. თავშესაფრიდან გასაჩუქებელი ცხოველების იდენტიფიკაცია ხორციელდება დადგენილი იდენტიფიკაციის ნებისმიერი საშუალებით.

6. თავშესაფარში შეყვანილი ცხოველების (ძაღლი, კატა) სავალდებულო იდენტიფიკაციას უსასყიდლოდ ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო, თავშესაფრის მესაკუთრის/მფლობელის წერილობითი მოთხოვნისა და წინასწარი ოფიციალური განაცხადის საფუძველზე.

7.  მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია განახორციელოს აქტიური კომუნიკაცია და კოორდინაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − სურსათის ეროვნული სააგენტოსთან. აღნიშნული თანამშრომლობა მოიცავს ერთობლივი ვეტერინარული, საკარანტინო, სადეზინფექციო და სხვა კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარებას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცოფისა და სხვა ზოონოზური საშიში დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

მუხლი 8.  ცხოველის ევთანაზია

1. ცხოველის ევთანაზია ტკივილის შეწყვეტის მიზნით ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც ცხოველი იმყოფება სიცოცხლისწინა სტადიაში.

2. ცხოველთა ევთანაზია თავშესაფარში დაიშვება მხოლოდ ვეტერინარი ექიმის მიერ, მის მიერვე ხელმოწერილი აქტის საფუძველზე.

3.  ცხოველის ევთანაზია თავშესაფრის გარეთ დაიშვება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ვეტერინარი ექიმის მიერ, ცხოველის გაუსაძლისი ტანჯვის შესაწყვეტად, როდესაც ვეტერინარული დახმარების ადგილზე მიღება ობიექტურად შეუძლებელია/არაეფექტურია და ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე ცხოველი იმყოფება სიცოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობაში.

4. ცხოველის ევთანაზია ყველა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს მხოლოდ ვეტერინარი ექიმის მიერ, მყისიერი სათანადო ინიექციის გზით, ცხოველისთვის ფიზიკური თუ სულიერი (მენტალური, ფსიქოლოგიური) ტანჯვის მიყენების გარეშე, სავალდებულო წინასწარი საერთო ანესთეზიის გამოყენებით.

5. ცხოველის ევთანაზიის საფუძველი შეიძლება გახდეს შემდეგი გარემოებები:

ა) ცხოველის არაკორექტირებადი აგრესიული ქცევა (მათ შორის, იდიოპათიური აგრესია, მყისიერი სიბრაზის სინდრომი და დაკბენა, რომლებიც პროვოცირებული არ ყოფილა მისდამი აგრესიით ან არასათანადო მოპყრობით), რაც შეუძლებელს ხდის მის უსაფრთხო თანაარსებობას ადამიანებთან ან სხვა ცხოველებთან;

ბ)  ცხოველის სრული დამბლა, პარეზი ან/და სხვა განუკურნებელი დაავადება;

გ) ცოფით დაინფიცირებაზე/დაავადებაზე საეჭვო შემთხვევა, მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობების საფუძველზე;

დ) ისეთი ინფექცია, რომელიც განსაკუთრებით საშიშია ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობისთვის;

ე) ისეთი ტრავმა ან/და დაზიანება, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელია;

ვ) შეუქცევი დაუძლურება;

ზ) სიცოცხლესთან შეუთავსებელი თანდაყოლილი ანომალია.

6. დაუშვებელია ცხოველთა ევთანაზია არავეტერინარის მიერ, აგრეთვე ევთანაზიის ჩატარება შემდეგი არასამედიცინო მეთოდებით:

ა) დახრჩობა;

ბ) გაგუდვა;

გ) მოწამვლა;

დ) ელექტრომუხტის გამოყენება;

ე) სასიკვდილო მექანიკური დაზიანების მიყენება;

ვ) საკვებისა და წყლის განზრახ არმიცემა;

ზ) არაბუნებრივ გარემოში ფსიქოლოგიური ზემოქმედება.

მუხლი 9. პასუხისმგებლობა და ხარჯების ანაზღაურება

1. პასუხისმგებლობა წინამდებარე წესის მოთხოვნათა დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება ცხოველის მეპატრონეზე, ხოლო ცხოველის მესაკუთრის/პატრონის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში – იმ პირზე, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს ცხოველზე ზედამხედველობას და რომლის ქმედებითაც დაირღვა ამ წესით დადგენილი მოთხოვნები.

3. საზოგადოებრივ სივრცეში მეთვალყურეობის გარეშე მყოფ ცხოველს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო გადაიყვანს მუნიციპალურ ან კერძო თავშესაფარში, ამ წესით დადგენილი შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით.

4. ამ მუხლის მე-3 პუქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის ვეტერინარული შემოწმება, იზოლაცია და წინამდებარე წესით დადგენილი ღონისძიებების გატარება.

5. თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველი მეპატრონეს დაუბრუნდება მხოლოდ ცხოველის ტრანსპორტირების (გადაყვანის), ვეტერინარული მომსახურებისა და თავშესაფარში მისი მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტების უფლებამოსილ ორგანოში წარდგენის შემდეგ.

6. თავშესაფარში გადაყვანილი, დადგენილი წესით იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული ცხოველი მეპატრონეს დაუბრუნდება  მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის მონაცემების გადამოწმებისა და ცხოველის პატრონის/მფლობელის იდენტიფიკაციის საფუძველზე. ცხოველის მეპატრონის ვინაობის დადგენის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია შეატყობინოს მეპატრონეს მის საკუთრებაში არსებული ცხოველის მუნიციპალურ თავშესაფარში ან კერძო თავშესაფარში გადაყვანის ფაქტის შესახებ, ამ ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.

7. მეპატრონისთვის ცხოველის დაბრუნების შესახებ დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერენ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელი და ცხოველის მეპატრონე. მიღება-ჩაბარების აქტს თან უნდა დაერთოს ცხოველის ფოტოსურათი და საიდენტიფიკაციო მონაცემები.

8. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და მათში ასახული ინფორმაციის ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ წარმომდგენ პირს.

9.  იმ შემთხვევაში, თუ ცხოველის თავშესაფარში გადაყვანიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში ვერ დადგინდება ცხოველის მესაკუთრე/მეპატრონე, ან დადგენილი მეპატრონე არ მიმართავს უფლებამოსილ ორგანოს ცხოველის გაყვანის მიზნით, უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია, თანმიმდევრულად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) ცხოველის გასხვისება (გაჩუქება);

ბ) ამ წესით დადგენილი სხვა ღონისძიებები, მათ შორის, ცხოველის ბინადრობის პირვანდელ საარსებო გარემოში დაბრუნება.

10. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს ან უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით კონფისკაციას დაქვემდებარებულ ცხოველს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო გადაიყვანს თავშესაფარში, ამ მუხლით დადგენილი შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით.

11. ცხოველის თავშესაფარში გადაყვანიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში, მისი ახალ მეპატრონეზე გაჩუქების მიზნით, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს ცხოველის ფოტოსურათების და მის შესახებ დეტალური ინფორმაციის (სახეობა, სქესი, ასაკი, ჯიში და სხვა) გამოქვეყნებას ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე, ცხოველთა შესახებ არსებულ სხვა პროაქტიულ სივრცეში (ვებგვერდები, სოციალური ქსელები, ელექტრონული ფორუმები, სხვა მედიასაშუალებები).

12. თავშესაფარში მყოფი ცხოველი ჩუქების ფორმით გადაეცემა დაინტერესებულ პირს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის განაცხადებს წერილობით თანხმობას მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ცხოველის ახალი ადგილსამყოფლისა და მისი მოვლა-პატრონობის პირობების პერიოდულ გადამოწმებაზე.

13. თავშესაფრიდან ცხოველის ჩუქებით გაყვანამდე, იდენტიფიკაციის/რეგისტრაციის გარეშე მყოფი ცხოველი ექვემდებარება სავალდებულო უფასო იდენტიფიკაციას და ახალი მეპატრონის სახელზე რეგისტრაციას, ამ წესის საფუძველზე.

14. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიების გატარებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში ცხოველი არ გაჩუქდება, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია გაატაროს ამ წესით დადგენილი სხვა ღონისძიებები.

15. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული ვადა შეჩერდება საქმეზე საბოლოო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიღებამდე იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი პირი კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს მის მიმართ გამოცემულ საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს.


დანართი №1

 

ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობა

№0000001

 

 

ცხოველი:

1. სახეობა .................................................................

2. ჯიში ......................................................................

3. სქესი ......................................................................

4. ასაკი ......................................................................

5. გარეგანი აღწერილობა .......................................................................................................................

6. იდენტიფიკატორი................................................................................................................................

                                                       (მიკროჩიპის/ტრანსპონდერის ან საყურე ნიშნის (საჭდის) №)

 

7. მუდმივი ადგილსამყოფლის მისამართი .............................................................

 

ცხოველის პატრონი:

1. სახელი, გვარი ........................................................................

2. პირადი № .................................................................................

3. მისამართი (ფაქტობრივი და რეგისტრაციის) ...................................................................................

4. საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი (სახლის, მობილური), ელექტრონული ფოსტა) ................................................................................................................................................................

 

რეგისტრატორი:

1. სახელი, გვარი ..................................................................

2. დასახელება, ID № ............................................................

3. მისამართი (ფაქტობრივი და იურიდიული) ....................................................................

4. საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი (ოფისის, მობილური), ელექტრონული ფოსტა)

................................................................................................................................................................

 

 

 

          ცხოველის პატრონი:                                                                                                   რეგისტრატორი:

........................................................                                        ........................................................

  /სახელი, გვარი/ (ხელმოწერა)                                                                  /სახელი, გვარი/ (ხელმოწერა)

 

 

„ ....... “ ........................... 20 ... წელი                                     „ ....... “............................. 20 ... წელი

 

                                                                                                                             (ბეჭდის ადგილი)

 

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.09.2026.
როდის იქნა მიღებული „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“?
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 28.09.2026. მიმღები ორგანო — ტყიბულის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №25. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.125.016598.
სად არის „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.09.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“, №25, 28.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.125.016598 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7008934/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 28.09.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება