ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.150.016236
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/09/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №11

2026 წლის 25 სექტემბერი

სოფ. წეროვანი

 

ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მეორე და მესამე პუნქტების შესაბამისად, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ახალგორის მუნიციპალიტეტში შემოღებულ იქნეს საპატიო წოდება „ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე.“.
მუხლი 2
დამტკიცდეს „ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 3
დამტკიცდეს „ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ სიგელის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი



დანართი №1

 

 ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი განსაზღვრავს ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამართლებრივ საკითხებს, საკითხის განხილვისა და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესს.

2. ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებად განისაზღვროს – „ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდება.

3. ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს მოქალაქეს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვან ფიზიკურ პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით /მოღვაწეობით აქვს:

ა) განსაკუთრებული დამსახურება ახალგორის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე;

ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახალგორის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში;

გ) იმსახურებს საზოგადოების მხრიდან აღიარებას და მადლობის გამოცხადებას შესაბამის პროფესიულ სფეროში (დარგში) თავისი ხანგრძლივი ან/და წარმატებული საქმიანობის გამო;

დ)პროფესიული წარმატებით სახელი გაუთქვა ჩვენს ქვეყანას და ახალგორის მუნიციპალიტეტს.

4. ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭებათ მხოლოდ კონკრეტული დამსახურებისათვის. დაუშვებელია საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება მხოლოდ ნამსახურები წლებისა და საიუბილეო თარიღის გამო.

5. საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ.

6. საპატიო მოქალაქის წოდება ყოველწლიურად შეიძლება მიენიჭოს არაუმეტეს 2 (ორ) პირს.

7. საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. პირს საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება ჩამოერთვას, თუ მის მიერ ჩადენილი იქნა:

ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული და მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა;

ბ) ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება მორალურ-ეთიკურ ნორმებს.

8. საპატიო მოქალაქისათვის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით – ბრძანებით ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შექმნილი კომისიის დასაბუთებული დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 2. ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდებაზე კანდიდატურის წარდგენა

1. ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება აქვს:

ა) ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელს;

ბ) ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;

გ) ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს;

დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლების არანაკლებ 100-კაციან საინიციატივო ჯგუფს.

2. ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები კანდიდატურას წერილობითი ფორმით წარუდგენენ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ხოლო „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინიციატივა/წერილი წარედგინება ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კომისიას.

3. ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად წარდგენილ ინიციატივას/ წერილს უნდა დაერთოს :

ა) საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წარმდგენის დასაბუთება, სადაც უნდა იყოს წარმოჩენილი საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება;

ბ) კანდიდატის ბიოგრაფიული ცნობები;

გ) კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები.

მუხლი 3. ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება

1. შემოსულ დოკუმენტაციას საკითხის შესწავლისა და შესაბამისი დასაბუთებული დასკვნის მომზადების მიზნით განიხილავს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით შექმნილი ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების კომისია (შემდგომში – კომისია).

2. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, კომისიის მდივნის და სხვა წევრებისაგან. კომისიის წევრთა მაქსიმალური რაოდენობაა 11.

3. კომისიის შემადგენლობაში შედიან: საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე, გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები( შესაბამისი მიმართულებებით), კომისიის შემადგენლობაში ასევე შეიძლება შედიოდნენ ადგილობრივი, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

4. კომისია სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კენჭისყრით, ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს. კომისიას უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ცნობები (მონაცემები) საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისათვის წარდგენილი კანდიდატის შესახებ.

5. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისია კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილებას (დასკვნას) იღებს ღია კენჭისყრით, კომისიის სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების ნახევარზე მეტით, ხოლო ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

6. კომისიის დასკვნა ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, სადაც მითითებული უნდა იქნეს სხდომის გამართვის თარიღი და ადგილი, ოქმის ნომერი, კომისიის მიერ განხილული საკითხი და მიღებული გადაწყვეტილება, კომისიის წევრთა სრული შემადგენლობა და სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა რაოდენობა და სია, სხდომის დღის წესრიგით განსახილველ საკითხთა ნუსხა, სხდომაზე განხილული საკითხები და გამოთქმული მოსაზრებები, კენჭისყრის შედეგები, საჭიროების შემთხვევაში საკითხის განხილვასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია.

7. კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, კანდიდატისთვის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ დასკვნა სხდომის გამართვიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში წერილობით წარედგინება ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელს.

8. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი კომისიის მიერ წარდგენილი დასკვნის გათვალისწინებით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, წარდგენილი კანდიდატისათვის ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ.

9. ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი სიგელის ფორმას ამტკიცებს ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

10. ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი სიგელის (დანართი 2) დამზადებას უზრუნველყოფს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

11. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისას მოქალაქეს საზეიმო ვითარებაში გადასცემს ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის დამადასტურებელ სიგელს , ფულად ჯილდოს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

12. ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები კეთდება სპეციალურ წიგნში, რომლის წარმოებას და შენახვას უზრუნველყოფს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საორგანიზაციო სამსახური, სადაც ასევე ასახული უნდა იყოს ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი, ბიოგრაფია და ცნობები, თუ რა დამსახურებისთვის მიენიჭა პირს ეს წოდება).

მუხლი 4. დასკვნითი დებულებები

 მასში ცვლილების და დამატების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

 

 დანართი №2

 

„ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ სიგელის ფორმა

 

ს ი გ ე ლ ი

 

ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე

 

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის –––––––––––––––№__ბრძანებით

                                                                                                               (თარიღი)

 

 

ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა

 

______________________________/________________________________

                (სახელი და გვარი)

 

 ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი _________________________________

                                                                                                                   (სახელი და გვარი) (ხელმოწერა)

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.09.2026.
როდის იქნა მიღებული „ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“?
„ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 25.09.2026. მიმღები ორგანო — ახალგორის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №11. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.150.016236.
სად არის „ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.09.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ახალგორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“, №11, 25.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.150.016236 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7009050/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 25.09.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება