სახელმწიფო აეროდრომის დაცვის არეში სააერნაოსნო კვლევის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№75
სარეგისტრაციო კოდი
420000000.22.026.017509
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/09/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №75

2026 წლის 28 სექტემბერი 

ქ. თბილისი

 

სახელმწიფო აეროდრომის დაცვის არეში სააერნაოსნო კვლევის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

„აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 6 მარტის №73 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს სახელმწიფო აეროდრომის დაცვის არეში სააერნაოსნო კვლევის ჩატარების წესი.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი



სახელმწიფო აეროდრომის დაცვის არეში სააერნაოსნო კვლევის ჩატარების წესი

მუხლი 1. მიზანი და მოქმედების სფერო
1. სახელმწიფო აეროდრომის (შემდგომ – აეროდრომი) დაცვის არეში სააერნაოსნო კვლევის ჩატარების წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს სააერნაოსნო კვლევის განხორციელების მეთოდს,  მონაწილე პირებს და მათ უფლებამოსილებას.

2. სააერნაოსნო კვლევის მონაწილე პირებმა, საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში შესაძლოა მიიღონ მონაწილეობა სააერნაოსნო კვლევის განხორციელებაში და იმ ზეგავლენის შეფასებაში, რაც შენობა-ნაგებობის მშენებლობამ (ობიექტის განთავსებამ) ან არსებულმა დაბრკოლებამ შესაძლოა იქონიოს ფრენის უსაფრთხოებაზე და აეროდრომის ფუნქციონირებაზე.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გლისადა – დაღმასვლის პროფილი, რომელიც განსაზღვრულია ვერტიკალური მიმართვისთვის დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის დროს;

ბ) PAPI – გლისადის ვიზუალური ინდიკაციის სისტემები;

გ) დაინტერესებული პირი – სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს შენობა-ნაგებობის მშენებლობას ან/და დაგეგმილი ან არსებული შენობა-ნაგებობით გამოწვეული შესაძლო საფრთხის შეფასებას;

დ) სააერნაოსნო კვლევა – სარეკომენდაციო სახის შეფასება, რომელიც აღწერს დაბრკოლების ზეგავლენას ფრენის უსაფრთხოებასა ან/და რეგულარულობაზე.

მუხლი 3. სააერნაოსნო კვლევის ჩატარების წინასწარი შეთანხმება

1. სააერნაოსნო კვლევა ტარდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან (შემდგომ –  სამინისტრო) წინასწარ შეთანხმებით, იმ მიზნით, რომ გამოვლინდეს დაგეგმილი შენობა-ნაგებობით  ან არსებული დაბრკოლებით გამოწვეული საფრთხეები და დადგინდეს ის შემარბილებელი ქმედებები, რომლებიც მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნეს ფრენის უსაფრთხოებისთვის.

2. სამინისტროს ინიციირებით სააერნაოსნო კვლევა ტარდება ახალი აეროდრომის მშენებლობის ან არსებული აეროდრომის განვითარების დაგეგმვის დროს აეროდრომის დაცვის არეში არსებული დაბრკოლებების ზეგავლენის შეფასების მიზნით, რა დროსაც შეფასებული უნდა იქნეს აეროდრომის დაცვის არის თითოეულ ზედაპირში არსებული დაბრკოლებების ზეგავლენა ფრენის უსაფრთხოებაზე.

3. სამინისტროს ინიციირებით, სააერნაოსნო კვლევა, ასევე ტარდება აეროდრომის დაცვის არის ჰორიზონტალური (მათ შორის, შიდა და გარე ჰორიზონტალური ზედაპირები) და/ან კონუსური ზედაპირების მოდიფიცირების მიზნით.

4. სააერნაოსნო კვლევის ჩატარების თაობაზე სამინისტრო წინასწარი შეთანხმების ეტაპზე, გადაწყვეტილებას იღებს აეროდრომის დაცვის არეში არსებული გარემოებების (მათ შორის, დაცვის არეში დაწესებული შეზღუდვები, დაცვის არის ზონირება, სანავიგაციო ტექნიკური საშუალებების ადგილმდებარეობა) გათვალისწინებით, საკითხის კომპლექსური ანალიზის საფუძველზე.

5. სააერნაოსნო კვლევის ჩატარების თაობაზე წინასწარი შეთანხმების ეტაპზე სამინისტროს წარედგინება შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება სააერნაოსნო კვლევის წინასწარი შეთანხმების თაობაზე;

ბ) ასაშენებელი ობიექტის გეოგრაფიული კოორდინატები, WGS-84 სისტემაში;

გ) ასაშენებელი ობიექტის მაქსიმალური სიმაღლე მიწის დონიდან;

დ) ობიექტის სამშენებლო მოედნის შემაღლება საშუალო ზღვის დონიდან (MSL), EGM96 სისტემაში.

მუხლი 4. სააერნაოსნო კვლევის ჩატარება

1. სააერნაოსნო კვლევის ჩატარება შესაძლებელია „აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 6 მარტის №73 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271 მუხლითა და ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში.

2. ახალი შენობა-ნაგებობის (ობიექტის) განთავსების მიზნით, სააერნაოსნო კვლევის განხორციელება დაუშვებელია აეროდრომის დაცვის არის აფრენისას სიმაღლის აღების და დასაფრენად შესვლის,  გარდამავალ და საწყის ზედაპირებში.

3. სააერნაოსნო კვლევა უნდა განხორციელდეს შესაბამისი სწავლებების (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ან აშშ-ს ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის (FAA) მიერ აღიარებული ან ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) სტანდარტების შესაბამისი) და მსგავს კვლევებში მონაწილეობის, სულ მცირე, 5-წლიანი გამოცდილების მქონე ორგანიზაციის/სპეციალისტ(ებ)ის მიერ.

4. ამ წესის შესაბამისად განხორციელებული სააერნაოსნო კვლევის დოკუმენტი წარედგინება სამინისტროს, მშენებლობის დასაშვები სიმაღლის შეთანხმების პროცესში გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

5. იმ შემთხვევაში, თუ აეროდრომის მომიჯნავედ ხორციელდება სამოქალაქო აეროდრომის ექსპლუატაცია, სამინისტრო, სააერნაოსნო კვლევის დოკუმენტს, მასში ასახული ინფორმაციის ვალიდურობის და შემარბილებელი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობის შესახებ, წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს.

6. სამინისტრო სააერნაოსნო კვლევის დოკუმენტს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს,  სამინისტროში დოკუმენტის წარდგენიდან 2 თვის ვადაში.  

7. სააერნაოსნო კვლევის დოკუმენტის განხილვისა და ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის საფუძველზე, სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას დაცვის არეში შენობა-ნაგებობის სიმაღლის შეთანხმების თაობაზე, რომელსაც აცნობებს მშენებლობის ნებართვის გამცემ უფლებამოსილ ორგანოს და განმცხადებელს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 5. სააერნაოსნო კვლევის ეტაპები

სააერნაოსნო კვლევის პროცესი შედგება შემდეგი ეტაპებისგან (დანართი №1):

ა) მონაცემების შეგროვება;                                                                                      

ბ) დაინტერესებული პირების ჩართულობა და ზეგავლენის შეფასება;

გ) შემარბილებელი ღონისძიებების იდენტიფიცირება (ასეთის გამოყენებისას);

დ) სააერნაოსნო კვლევის დასკვნა.

მუხლი 6. მონაცემების შეგროვება

1. სააერნაოსნო კვლევის განხორციელებისთვის მოპოვებული მონაცემები უნდა მოიცავდეს:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს (ფუნქციური ზონირების პრინციპი, მიწათსარგებლობა, უსაფრთხოების მართვის სისტემა და სხვა);

ბ) აეროდრომის გამოყენებას – დღე/ღამე, სახელსაწყო ფრენის წესები/ვიზუალური ფრენის წესები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) მიახლოების სანათების სისტემებს და პარამეტრებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) არსებული და სამომავლო ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, ასევე სამიმოსვლო ბილიკის მახასიათებლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) აეროდრომზე არსებული და პროგნოზირებული საჰაერო ხომალდების ტიპებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) ფრენის რაოდენობას;

ზ) აეროდრომის სპეციფიკურ პროცედურებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) ფრენის არსებულ და სამომავლო პროცედურებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ი) ფრენის საგანგებო პროცედურებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კ) დეტალურ ინფორმაციას არსებული დაბრკოლებებისა და შემარბილებელი ღონისძიებების შესახებ;

ლ) არსებულ/დაგეგმილ ვიზუალურ და ტექნიკურ სანავიგაციო საშუალებებს, რადიოლოკაციის საშუალებებს, კავშირგაბმულობის საშუალებებს და ა.შ. (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

მ) საჰაერო სივრცის სტრუქტურას და ინფორმაციას ახლოს მდებარე აეროდრომების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. კვლევას დაქვემდებარებული დაბრკოლების/რელიეფის შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:

ა) ადგილმდებარეობას;

ბ) დაბრკოლების შეფასებას;

გ) კლასიფიცირებას (მაგალითად: შენობა, ამწე მექანიზმები, ანტენა/ანტენები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა);

დ) პარამეტრებს, სიმაღლეს, აბსოლუტურ სიმაღლეს და რელიეფის შემაღლებას;

ე) მსხვრევადობას;

ვ) ხანგრძლივობას (მუდმივი/დროებითი);

ზ) მდგომარეობას (უძრავი/მოძრავი);

თ) ნიშანდებას (შუქმონიშვნა და მარკირება);

ი) მასალას (რადგან ზოგიერთმა მასალამ შეიძლება შეაფერხოს ელექტრონული სიგნალის გადაცემა).

3.  აეროდრომის შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა მოიცავდეს:

ა) კავშირგაბმულობის/ნავიგაციის/რადიოლოკაციის საშუალებებს (CNS);

ბ) აეროდრომისთვის დამახასიათებელ პროცედურებს;

გ) აეროდრომის გამოყენებას (ფრენა სახელსაწყო ფრენის წესებით/ვიზუალური ფრენის წესებით დღისით/დაბალი ხილვადობის პირობებში);

დ) ვიზუალურ საშუალებებს;

ე) საჰაერო ხომალდის ტიპ(ებ)ს;

ვ) ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მახასიათებლებს (ასაფრენ-დასაფრენი ზოლების რაოდენობა, ზომები, ტიპი);

ზ) საჰაერო სივრცეს;

თ) ახლოს მდებარე აეროდრომებს;

ი) აეროდრომის ხმაურის ზონებს.

4. ინფორმაცია აეროდრომის დაცვის არის ზედაპირ(ებ)ის შესახებ, რომელსაც კვეთს კვლევას დაქვემდებარებული დაბრკოლება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), უნდა მოიცავდეს:

ა) ზედაპირ(ებ)ს, რომლებსაც კვეთს დაბრკოლება;

ბ) შეღწევის ხარისხს (რამდენით აღემატება).

შენიშვნა: თითოეულ ზედაპირს აქვს განსხვავებული დანიშნულება, შესაბამისად, თუ დაბრკოლება გადაკვეთს ერთზე მეტ ზედაპირს, თითოეული ზედაპირი უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად, მასზე ზემოქმედებიდან გამომდინარე.

5. ინფორმაცია სახელსაწყო ფრენის წესების მიხედვით შესრულებული ფრენის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა მოიცავდეს:

ა) დასაფრენად სახელსაწყო შესვლის პროცედურებს (დასაფრენად შესვლის საწყისი, შუალედური და დასკვნითი ეტაპები და ვიზუალური სეგმენტი, შეწყვეტილი დასაფრენად შესვლა  და წრეზე ფრენა);

ბ) სტანდარტული სახელსაწყო გაფრენის მარშრუტებს (SID) და/ან ყველგან მიმართულ გაფრენებს;

გ) სტანდარტული სახელსაწყო მოფრენის მარშრუტებს (STAR);

დ) სექტორში ფრენის მინიმალურ აბსოლუტურ სიმაღლეს (MSA) და აეროდრომის რაიონში მოფრენის აბსოლუტურ სიმაღლეებს (TAA);

ე) მოცდის არეში ფრენის სქემას;

ვ) სარადიოლოკაციო მომსახურების მინიმალურ სიმაღლეებს;

ზ) მარშრუტებს, რომლებზეც უზრუნველყოფილია საჰაერო მოძრაობის მომსახურება.

6. ინფორმაცია ფრენის წარმოების შესახებ, ვიზუალური ფრენის პროცედურები და დასაფრენად ვიზუალური შესვლა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა მოიცავდეს:

ა) ვიზუალურ აფრენას;

ბ) ჰაერში მოძრაობის სქემებს (სააეროდრომო წრეზე ფრენის სტანდარტული სქემები ან სხვა გამოქვეყნებული სქემები, მათ შორის, სააეროდრომო ფრენის წრეზე შესვლისა და გასვლის სქემები);

გ) ვიზუალური ფრენის წესებით ფრენის მარშრუტებს და საკონტროლო წერტილებს ვიზუალური  ფრენის წესებით ფრენისას.

7. ამ მუხლის პირველი – მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა მოპოვებულ იქნეს სხვა შესაბამისი მონაცემები და ინფორმაცია.

მუხლი 7. დაინტერესებული პირების ჩართულობა

სააერნაოსნო კვლევა, საჭიროებიდან გამომდინარე, წარმართული უნდა იყოს კოორდინირებულად ყველა დაინტერესებულ პირთან, რომელსაც შეიძლება მიეკუთვნებოდნენ შემდეგი სუბიექტები:

ა) მომიჯნავე აეროდრომის ექსპლუატანტი;

ბ) სააერნაოსნო მომსახურების საწარმო;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო;

დ) სხვა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო.

შენიშვნა: დაინტერესებული პირების ჩართულობის დონე შეიძლება განსხვავდებოდეს კვლევის საჭიროებიდან გამომდინარე.

მუხლი 8. შემარბილებელი ღონისძიებების იდენტიფიცირება

1. შემარბილებელი ღონისძიების იდენტიფიცირებისას გასათვალისწინებელია დაბრკოლებების შეზღუდვის ის ზედაპირები, რომლებსაც კვეთს დაბრკოლებები.

2. სააერნაოსნო კვლევა უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების რისკის ალბათობის და სიმძიმის რაოდენობრივ შეფასებას, ასევე საჭირო შემარბილებელ ღონისძიებებს, რათა განისაზღვროს შემოთავაზებული ღონისძიებების მისაღებობა.

3. აეროდრომის განვითარებისას, მის დაცვის არეში, ის დაბრკოლებები, რომლებიც კვეთენ აფრენისას სიმაღლის აღების და დასაფრენად შესვლის და გარდამავალ ზედაპირებს და უარყოფით ზეგავლენას ახდენენ ფრენის უსაფრთხოებაზე, განხილული უნდა იქნეს აღნიშნული დაბრკოლების შესაბამისობაში მოყვანის შესაძლებლობა, ხოლო თუ მისი შესაბამისობაში მოყვანა ვერ ხერხდება, არსებული რისკი უნდა შემცირდეს აეროდრომზე საექსპლუატაციო შეზღუდვის ხარჯზე (მაგალითად: ასაფრენ-დასაფრენი ზოლიდან ცალი კურსით აფრენის შეზღუდვით, ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე დასაფრენად მხოლოდ ვიზუალური შესვლის ნებართვის მიცემით და სხვა), რომელიც შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგს:

ა) ზღურბლის გადატანას;

ბ) გლისადისა და PAPI-ს დახრის კუთხის გაზრდას.

4. აეროდრომის დაცვის არეში იმ დაბრკოლებებმა, რომლებიც კვეთენ ჰორიზონტალურ (შიდა და გარე ჰორიზონტალური ზედაპირების ჩათვლით) და კონუსურ ზედაპირებს, შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოებაზე ან დადგენილი ფრენის ეფექტურობაზე, სადაც შემარბილებელი ქმედება შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:

ა) ფრენის პროცედურების ცვლილებას (მაგალითად: დაბრკოლებების გადაფრენის აბსოლუტური სიმაღლის გაზრდა, სიმაღლის აღების მინიმალური გრადიენტების გაზრდა, მარშრუტის შეცვლა და სხვა);

ბ) დაბრკოლებების ასახვას შესაბამის სააერნაოსნო რუკებში;

გ) უსაფრთხოების ინფორმაციის გავრცელებას (განსაკუთრებით, ცვლილებასთან დაკავშირებით);

დ) დასაფრენად შესვლის მინიმუმის გაზრდას;

ე) აფრენისას სიმაღლის აღების მინიმალური გრადიენტის გაზრდას  (PDG – პროცედურის გაანგარიშებული გრადიენტი);

ვ) დასაფრენად შესვლის გრადიენტების გაზრდას;

ზ) ფრენის აბსოლუტური სიმაღლის გაზრდას;

თ) ჰაერში მოძრაობის/წრეზე ფრენის სქემების გადახედვას;

ი) ვიზუალური ფრენის წესებით ფრენის მარშრუტების ან/და საკონტროლო წერტილების გადახედვას;

კ) ნიშანდებას (მარკირება და განათება).

მუხლი 9. სააერნაოსნო კვლევის დასკვნა

1. სააერნაოსნო კვლევის დასკვნა უნდა მოიცავდეს ერთ-ერთს შემდეგიდან:

ა) მისაღებია, რადგან რისკი უკვე შერბილებულია;

ბ) მისაღებია მხოლოდ მაშინ, თუ განხორციელდება რისკის შერბილება;

გ) არ არის მისაღები, რადგან რისკის შერბილება შეუძლებელია.

2. დაინტერესებულმა პირმა სამინისტროს სააერნაოსნო კვლევა უნდა წარუდგინოს შენობა-ნაგებობის მშენებლობის დაწყებამდე, მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით.

3. სამინისტრო აანალიზებს სააერნაოსნო კვლევას, რათა დარწმუნდეს, რომ:

ა) განხორციელდა სათანადო კოორდინირება დაინტერესებულ პირებს შორის;

ბ) საფრთხის ფაქტორები სათანადოდ იქნა გამოკვლეული და შეფასებული მიმდინარე და სამომავლო ფრენის პროცედურებზე დაყრდნობით;

გ) შემოთავაზებული შემარბილებელი ღონისძიებები სათანადოდ აღმოფხვრავს დაბრკოლების ზემოქმედებას;

დ) განხორციელებულ იქნა რისკების სათანადო შეფასება.

4. სააერნაოსნო კვლევის გაანალიზების დასრულების შემდეგ სამინისტრო:

ა) ჩათვლის მისაღებად სააერნაოსნო კვლევას, მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით;

ბ) შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში უარს ამბობს დაინტერესებული პირის მიერ კვლევის ხელახლა წარდგენაზე;

გ) განსაზღვრავს დამატებით პირობებს უსაფრთხოების შესაბამისი დონის უზრუნველსაყოფად.

 



📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2 ⬇

დანართი N1

არ არის

არის

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო აეროდრომის დაცვის არეში სააერნაოსნო კვლევის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფო აეროდრომის დაცვის არეში სააერნაოსნო კვლევის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.09.2026.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო აეროდრომის დაცვის არეში სააერნაოსნო კვლევის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“?
„სახელმწიფო აეროდრომის დაცვის არეში სააერნაოსნო კვლევის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 28.09.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №75. სარეგისტრაციო კოდი — 420000000.22.026.017509.
სად არის „სახელმწიფო აეროდრომის დაცვის არეში სააერნაოსნო კვლევის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.09.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფო აეროდრომის დაცვის არეში სააერნაოსნო კვლევის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“, №75, 28.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 420000000.22.026.017509 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7010618/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 28.09.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება