ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის, მემორიალური დაფის და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№50
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.132.016789
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/10/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №50

2026 წლის 30 სექტემბერი

ქ. ბათუმი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის, მემორიალური დაფის და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ
  საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის, მემორიალური დაფის და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესი“, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“  თვითმმართველი  ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 26 აპრილის №5-7 დადგენილება (გაზეთი „აჭარა“ №71, 08.05.2007წ., გვ.13).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.   

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე მაისურაძე



დანართი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის, მემორიალური დაფის და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესი
თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის (შემდგომში − ბათუმი) ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის, მემორიალური დაფის და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წინამდებარე წესი (შემდგომში − წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” და „კულტურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და ვრცელდება  ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, საზოგადოებრივ სივრცეში, არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის, მემორიალური დაფის და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

2. წესის მიზანია ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის, მემორიალური დაფის და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება.

3. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია, მემორიალური დაფა და სხვა მემორიალური ობიექტი სტილისტურად უნდა შეესაბამებოდეს გარემოს, გააჩნდეს კულტურულ-ისტორიული ან შემოქმედებითი ფასეულობა და არ ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგსა და საქართველოს კანონმდებლობას.

4. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის, მემორიალური დაფის და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსებისას დაცული უნდა იქნეს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.

მუხლი 2
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია − სხვადასხვა მასალით შექმნილი ობიექტი, რომელიც კულტურულ ფასეულობას მიეკუთვნება: ძეგლი (ქანდაკება, სკულპტურა), ობელისკი, ინსტალაცია (კონცეპტუალური ხელოვნების ობიექტი), რომელზეც საქართველოს სახელმწიფო ენაზე მიეთითება შემდეგი ინფორმაცია: ავტორი, არქიტექტორი,  განთავსების თარიღი და მასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ინფორმაცია არქიტექტურულ-მხატვრულ კომპოზიციაზე საქართველოს სახელმწიფო ენასთან ერთად შესაძლებელია შესრულდეს სხვა ქვეყნის სახელმწიფო ენაზეც; 

ბ) მემორიალური დაფა − პიროვნების, ფაქტის, ისტორიული ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე მოვლენის უკვდავყოფის აღმნიშვნელი დაფა. ტექსტური ნაწილი სრულდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე, აგრეთვე, საქართველოს სახელმწიფო ენასთან ერთად შესაძლებელია ტექსტი შესრულდეს სხვა ენაზეც, „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით  გათვალისწინებული წესის შესაბამისად;

გ)  სივრცე − მიწის ნაკვეთის მომიჯნავე დარეგისტრირებული ან დაურეგისტრირებელი სივრცე, რომელიც საზოგადოებრივი დანიშნულებით გამოიყენება, კერძოდ, ქუჩა, გზა, მაგისტრალი, ჩიხი, ტროტუარი, გაზონი, ბაღი, სკვერი, წყლის სარკე, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა, საზოგადოებრივი გზა, სერვიტუტი და სხვა, მსგავსი სივრცე;

დ) სამინისტრო – საქართველოს კულტურის სამინისტრო;

ე) სააგენტო – სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის  სააგენტო;

ვ) კომისია −  ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია, რომელიც განიხილავს ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის, მემორიალური დაფის და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების შესაძლებლობას და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას მისი მიზანშეწონილობის შესახებ;

ზ) მესაკუთრის თანხმობა − ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის, მიწის ნაკვეთის, შენობა-ნაგებობის მესაკუთრის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა; ორგანიზაციის, სახელმწიფო და ბათუმის საკუთრების შემთხვევაში − უფლებამოსილი პირის/ორგანოს წერილობითი თანხმობა.

 


თავი II
არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების წესი

მუხლი 3
1. თვალსაჩინო ისტორიული პიროვნებების, ეროვნული გმირების, მწერლების, მხატვრების, კომპოზიტორების, გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეების ან/და ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის მქონე პიროვნებების (შემდგომში – შესაბამისი პიროვნება) სახელის ხსოვნისა და უკვდავყოფის, ან ისტორიული მოვლენის (ფაქტის) ხსოვნისა და უკვდავყოფის მიზნით, არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი პიროვნების გარდაცვალებიდან (ან/და შესაბამისი ისტორიული მოვლენის (ფაქტის) დადგომიდან) 20 წლის გასვლის შემდეგ. ამასთან, 20 წლის გასვლამდე აღნიშნული გამონაკლისის დაშვების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის მხარდაჭერით.

2. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია შეიძლება იყოს ძეგლი (ქანდაკება, სკულპტურა) ან ობელისკი, რომელიც შედგება მხოლოდ პიროვნების გამოსახულებისაგან ან პიროვნების გამოსახულებისა და მასთან ასოცირებული სხვა უძრავი ძეგლისაგან ან ინსტალაცია (კონცეპტუალური ხელოვნების ობიექტი). არქიტექტურულ-მხატვრულ კომპოზიციას შეიძლება დაერთოს შესაბამისი ტექსტური ნაწილი (წარწერა), რომელიც სრულდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე. აღნიშნული ტექსტი ქართულ ენასთან ერთად შესაძლებელია შესრულდეს სხვა ენაზეც, „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით  გათვალისწინებული წესის შესაბამისად, ასევე, აღნიშნული არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის შესახებ ვრცელი ინფორმაციის მისაღებად შესაძლებელია დართულ იქნეს QR-კოდი, სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის შემთხვევაში.

3. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსებასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადებით შეიძლება მიმართოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა.

4. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) განმცხადებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი; იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი);

ბ) არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის  იდეის, კონცეფციის და საზოგადოებრივი მნიშვნელობის აღწერა;

გ) ინფორმაციას არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების მისამართის (ადგილმდებარეობა) შესახებ;

დ) ინფორმაციას იმ პიროვნების, ფაქტის, ისტორიული ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე მოვლენის შესახებ, რომელსაც უკავშირდება არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების საკითხი;

ე) არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების მიზანშეწონილობის დასაბუთებას;

ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა რეკვიზიტებს;

ზ) დაფინანსების წყაროს;

თ) საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მიერ განსაზღვრულ სხვა დოკუმენტს ან ინფორმაციას.

5. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების შესახებ განცხადებას უნდა ერთოდეს:

ა) სააგენტოს წერილი, რომლითაც დასტურდება განმცხადებლის მიერ მითითებული უძრავი ნივთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის არსებობა/არარსებობა. სტატუსის არსებობის შემთხვევაში - წერილობითი თანხმობა;

ბ) შესაბამის უძრავ ქონებაზე ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მიწაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი), საკადასტრო გეგმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) მესაკუთრის თანხმობა;

დ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან ან სხვა სათანადო ორგანოსთან შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი  არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის  განთავსების თაობაზე;

ე) არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის პროექტი, მოდელი და ესკიზი შესრულებული/შესასრულებელი მასალის მითითებით;

ვ) არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განსათავსებელი ტერიტორიის საერთო ხედებისა და აღნიშნულ ტერიტორიაზე არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების (განშლის) ამსახველი ფოტომასალა.

6. დაინტერესებული პირის მიერ არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე წარდგენილი განცხადება არ განიხილება, თუ არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსება მოთხოვნილია იმ პიროვნების, ფაქტის, ისტორიული ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე მოვლენის უკვდავსაყოფად, რომლის პატივსაგებად ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმავე სახის არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია უკვე განთავსებულია.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებელს ეცნობება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი ითხოვს არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსებას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით, აუცილებელია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის შესაბამისი დასკვნის დართვა ბათუმის ბიუჯეტიდან დაფინანსების შესაძლებლობის თაობაზე.

9. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ინიციატივის განხილვისა და განხორციელების წესი:

ა) არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის  განთავსებასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის  საკრებულოში შემოსულ განცხადებას შეისწავლის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია. კომისია საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ ადგენს დასაბუთებულ დასკვნას არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე;

ბ) კომისიის მიერ საკითხის მხარდაჭერაზე უარის თქმის შემთხვევაში, არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსებაზე უარის თქმის შესახებ დაინტერესებულ პირს ეცნობება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) კომისიაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობას იღებენ და კომისიას შესაბამის რეკომენდაციებსა და კონსულტაციებს უწევენ ქალაქ  ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურის დაწესებულებების, არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები, რომლებსაც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს ბიუროსთან კონსულტაციების შემდეგ, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საფუძველზე, საკრებულოს კომისიაში სამუშაოდ ანაზღაურების გარეშე, მათივე თანხმობით მოიწვევს საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე;

დ) კომისიის დასკვნა თანხმობის მისაღებად ეგზავნება საქართველოს კულტურის სამინისტროსთან არსებულ შესაბამის საბჭოს. სამინისტროს მიერ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის თანხმობის (დადებითი დასკვნის) მიცემის შემთხვევაში, თანხმობის მიღებიდან 1 თვის ვადაში, არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების შესახებ საკითხი დადგენილი წესით განიხილება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე.  სამინისტროს მიერ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის თანხმობის მიცემაზე უარის თქმის (უარყოფითი დასკვნის შედგენის) შემთხვევაში, ან იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს სხდომაზე საკითხის კენჭისყრის დროს იგი უარყოფითად იქნა გადაწყვეტილი, დაინტერესებულ პირს აღნიშნულის შესახებ ეცნობება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) თუ დაფინანსება ხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საკითხის დადებითად გადაწყვეტისას, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის დამზადების, მონტაჟის, მიღება-ჩაბარების, აღრიცხვის, შემდგომი ზედამხედველობის, მოვლა-პატრონობისა და სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს, თუ საკრებულოს გადაწყვეტილებით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ვ) თუ დაფინანსება ხორციელდება ინიციატივის ავტორის საკუთარი სახსრებით საკრებულოს მიერ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ინიციატივის ავტორი ვალდებულია საკუთარი სახსრებით, საკრებულოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში, უზრუნველყოს არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის  დამზადება, ტრანსპორტირება და მონტაჟი. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის დამზადების დასრულების შემდეგ, მის საბოლოო განთავსებამდე ინიციატივის ავტორი ვალდებულია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინოს დასრულებული ნამუშევრის ვიზუალური მასალა ან უზრუნველყოს მისი ადგილზე დათვალიერება, რათა დადასტურდეს, რომ შესრულებული ნამუშევარი შეესაბამება საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, შეთანხმებულ ესკიზს, მხატვრულ კონცეფციასა და განსაზღვრულ პირობებს; 

ზ) იმ შემთხვევაში, თუ დასრულებული ნამუშევარი არ შეესაბამება შეთანხმებულ პროექტს ან კომისიის მიერ დადგენილ პირობებს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია მოითხოვოს შესაბამისი ცვლილებების განხორციელება და უარი თქვას ობიექტის განთავსების შეთანხმებაზე გამოვლენილი შეუსაბამობების  აღმოფხვრამდე;

თ) არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის დასრულების შემდეგ, საკრებულოს გადაწყვეტილების დადგენილი პირობები მოწმდება და ობიექტი მიღება-ჩაბარების აქტით ბარდება ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მის აღრიცხვას, შემდგომ ზედამხედველობასა და მოვლა-პატრონობას, თუ საკრებულოს გადაწყვეტილებით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სრულად ფარავს ინიციატივის ავტორი. ბათუმის მუნიციპალიტეტს ამ ნაწილში ფინანსური ვალდებულება არ წარმოეშობა.

10. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო დადგენილი წესით იღებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს –განკარგულებას, რომლის დამოწმებული ასლი, კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა დაინტერესებულ პირს და შესაძლებელია გამოქვეყნდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.batumicc.ge.   

11. თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განცხადება ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, კომისიის სხდომაზე საკითხი არ განიხილება, დაინტერესებულ პირს ეძლევა 10 სამუშაო დღის ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. თუ აღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ აღმოიფხვრება, განცხადება დარჩება განუხილველად.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებელს ეცნობება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

13. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ითხოვს არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის გადაადგილებას იმ ტერიტორიაზე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რაც დასტურდება  სააგენტოს წერილით, კომისიაში უნდა წარადგინოს არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ფოტო, საავტორო უფლების მქონე პირის თანხმობის წერილი და გადაადგილების შემდგომი ფოტომონტაჟი, აგრეთვე, არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის გადაადგილებასთან დაკავშირებული სამუშაოების დაფინანსების წყაროს შესახებ ინფორმაცია.

 

მუხლი 4
1. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხის წინასწარი მომზადება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განსახილველად ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.

2. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების საკითხს კომისია განიხილავს  სხდომაზე. ერთ კონკრეტულ საკითხზე შეიძლება ჩატარდეს რამდენიმე სხდომა, რა შემთხვევაშიც კომისია დასკვნას ადგენს ბოლო სხდომაზე. კომისია ვალდებულია საკითხი განიხილოს და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დასკვნების გათვალისწინებით, დასკვნა შეადგინოს საკითხის მისთვის დადგენილი წესით გადაცემიდან 1 თვის ვადაში.

მუხლი 5
1. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების საკითხი განიხილება წინამდებარე წესის შესაბამისად მაშინაც კი, როდესაც საკითხის წარდგენის ავტორი არის კომისია.

2. კომისიის სხდომაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით დგება სხდომის ოქმი, რომელშიც სხვა შესაბამის საკითხებთან ერთად აისახება კომისიის წევრებისა და მოწვეული პირების მიერ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები, შეხედულებები, რეკომენდაციები, განსხვავებული პოზიციები და კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებები. საკითხის გადაწყვეტისას გამართულ კენჭისყრაში  მონაწილეობას ღებულობენ მხოლოდ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.

3. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.

მუხლი 6
1. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის  განთავსება შეიძლება განხორციელდეს ქალაქ ბათუმის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით, ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის მიერ კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროებიდან მიღებული სახსრებით. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის დაფინანსება ნებაყოფლობითობის პრინციპის საფუძველზე მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძლება განხორციელდეს სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების სახსრებით.

2. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის  განთავსებასთან დაკავშირებულ შესაბამის ღონისძიებებს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია.      


თავი III
მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესი

მუხლი 7
1. ეროვნული გმირების, მწერლების, გამოჩენილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეების ან/და ღვაწლმოსილი პიროვნებების (შემდგომში – შესაბამისი პიროვნება) სახელის ხსოვნისა და უკვდავყოფის ან ღირსშესანიშნავი მოვლენის (ფაქტის) უკვდავყოფის მიზნით, მემორიალური დაფის განთავსება (დადგმა) შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი პიროვნების გარდაცვალებიდან (ან/და შესაბამისი ღირსშესანიშნავი მოვლენის, (ფაქტის) დადგომიდან 10 წლის გასვლის შემდეგ. ამასთან, 10 წლის გასვლამდე, აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნეს საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ ნახევარზე მეტის მხარდაჭერით. მემორიალური დაფა შეიძლება შედგებოდეს ტექსტური ნაწილისგან. მემორიალური დაფის ტექსტური ნაწილი სრულდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე. აგრეთვე, ასეთი ტექსტი, ქართულ ენასთან ერთად შესაძლებელია შესრულდეს სხვა ენაზეც, „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით  გათვალისწინებული წესის შესაბამისად; ასევე,  მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის შესახებ ვრცელი ინფორმაციის მისაღებად შესაძლებელია, მემორიალურ დაფასა და სხვა მემორიალურ ობიექტს დაერთოს QR-კოდი, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის შემთხვევაში. მემორიალური დაფის ზომა, მასალა და ესკიზი ექვემდებარება სავალდებულო შეთანხმებას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან.

2. სხვადასხვა ღირსშესანიშნავი, მნიშვნელოვანი და გამორჩეული მოვლენის (ფაქტის) ხსოვნისა და უკვდავყოფის მიზნით ქალაქ ბათუმის შესაბამის ტერიტორიაზე  შეიძლება დაიდგას ასეთი ფაქტის (მოვლენის) აღმნიშვნელი მემორიალური ობიექტი. სავალდებულოა ობიექტს საქართველოს სახელმწიფო ენაზე გაუკეთდეს შესაბამისი წარწერა. ასეთი წარწერა ობიექტზე  ქართულ ენასთან ერთად შეიძლება  შესრულდეს სხვა ქვეყნის სახელმწიფო ენაზეც. 

3. მემორიალური დაფის და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების საკითხთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადებით შეიძლება მიმართოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა.

4. შეიძლება განთავსდეს იმ პირის  მემორიალური დაფა:

ა) რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქალაქ ბათუმის, ქვეყნის ან საერთაშორისო მასშტაბით საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში;

ბ) რომელსაც მინიჭებული აქვს საპატიო ბათუმელის წოდება,  სახელმწიფო წოდებები ან/და მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და სხვა საერთაშორისო აღიარება, რომელმაც სამეცნიერო, პედაგოგიური ან/და საზოგადოებრივი მოღვაწეობით განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქალაქ ბათუმის, ქვეყნის ან საერთაშორისო მასშტაბით საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული  სფეროს განვითარებაში;

გ) რომელიც არის ოლიმპიური/პარალიმპიური, მსოფლიო ან/და ევროპის ჩემპიონი, პროფესიული სპორტის საერთაშორისო/ეროვნული მნიშვნელობის ტურნირების გამარჯვებული/პრიზიორი;

დ) რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში ან რომელმაც საკუთარი საქმიანობით ხელი შეუწყო კულტურის საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენასა და აღიარებას.

5. მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) განმცხადებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი; იურიდიული პირის შემთხვევაში − სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი);

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა რეკვიზიტებს;

გ) საჭიროების შემთხვევაში კომისიის მიერ განსაზღვრულ სხვა დოკუმენტს ან ინფორმაციას;

დ) ინფორმაციას მემორიალური დაფის ან სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების ადგილმდებარეობის ან/და იმ შენობა-ნაგებობის შესახებ, რომელზეც იგეგმება მისი განთავსება;

ე) ინფორმაციას იმ პიროვნების, ფაქტის, ისტორიული ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე მოვლენის შესახებ, რომლის პატივსაგებად არის განცხადება წარმოდგენილი მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების შესახებ;

ვ) მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების მიზანშეწონილობის დასაბუთებას.

6. მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების შესახებ განცხადებას უნდა ერთოდეს:

ა) სააგენტოს წერილი, რომლითაც დასტურდება განმცხადებლის მიერ მითითებული უძრავი ნივთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის არსებობა/არარსებობა;

ბ) სააგენტოს წერილი, განმცხადებლის მიერ მითითებული უძრავი ნივთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფიზიკური ან/და ვიზუალური დაცვის არეალში მდებარეობის შესახებ;

გ) მესაკუთრის თანხმობა;

დ) მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების შესახებ რეკომენდაცია შესაბამისი უწყებებიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწის სახელის მინიჭების შესახებ, თუ მისი გარდაცვალებიდან არ არის გასული 5 წელი.

7. დაინტერესებული პირის მიერ მემორიალური დაფის ან სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების თაობაზე წარდგენილი განცხადება არ განიხილება, თუ იმ პიროვნების, ფაქტის, ისტორიული ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე მოვლენის უკვდავსაყოფად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმავე სახის მემორიალური დაფა ან იმავე სახის სხვა მემორიალური ობიექტი უკვე განთავსებულია.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებელს ეცნობება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება, იმ შემთხვევაში, თუ:

ა) პირი, რომლის მემორიალური დაფის ან სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების საკითხიც განიხილება, არის საქართველოში ინსტიტუციის დამაარსებელი;

ბ) პირს, რომლის მემორიალური დაფის ან სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების საკითხიც განიხილება, სამშობლოს ინტერესებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპვისათვის მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება ან ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი.

10. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ითხოვს მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსებას და იღებს ვალდებულებას, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის  განთავსებასთან დაკავშირებული სამუშაოები განახორციელოს საკუთარი რესურსით, განცხადებას უნდა დაერთოს განსათავსებელი მემორიალური დაფის ან/და სხვა მემორიალური ობიექტის ესკიზი შესრულებული/შესასრულებელი მასალის მითითებით. დიზაინი უნდა შეესაბამებოდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილ სტანდარტებს.

11. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი ითხოვს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის  განთავსებას და კისრულობს ვალდებულებას, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის  განთავსებასთან დაკავშირებული სამუშაოები განახორციელოს საკუთარი რესურსით, საკრებულოს შესაბამისი კომისია უფლებამოსილია საკითხის განხილვის პროცესში დაინტერესებულ პირს განუსაზღვროს შემდეგი  პირობები, მოთხოვნები და ვადები:

ა) მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის  შექმნისა და დასრულების ვადები;

ბ) განთავსების კონკრეტული ადგილი და პირობები;

გ) არქიტექტურულ-ურბანული, კულტურული და ესთეტიკური მოთხოვნები;

დ) უსაფრთხოების, ხელმისაწვდომობისა და გარემოს დაცვის მოთხოვნები;

ე) ობიექტის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული პირობები;

ვ) სხვა დამატებითი პირობები, რომლებიც აუცილებელია საზოგადოებრივი ინტერესისა და მუნიციპალიტეტის იერსახის დაცვის მიზნით;

ზ) კომისიის მიერ განსაზღვრული პირობები აისახება საკრებულოს გადაწყვეტილებაში და სავალდებულოა განმცხადებლისთვის.

12. მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის დამზადების დასრულების შემდეგ, მის საბოლოო განთავსებამდე, ინიციატივის ავტორი ვალდებულია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინოს დასრულებული ნამუშევრის ვიზუალური მასალა ან უზრუნველყოს მისი ადგილზე დათვალიერება, რათა დადასტურდეს, რომ შესრულებული ნამუშევარი შეესაბამება საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, შეთანხმებულ ესკიზს, მხატვრულ კონცეფციასა და განსაზღვრულ პირობებს.

13. იმ შემთხვევაში, თუ დასრულებული ნამუშევარი არ შეესაბამება შეთანხმებულ პროექტს ან კომისიის მიერ დადგენილ პირობებს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია მოითხოვოს შესაბამისი ცვლილებების განხორციელება და უარი თქვას ობიექტის განთავსების შეთანხმებაზე გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.

14. მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის დასრულების შემდეგ მისი შესაბამისობა საკრებულოს გადაწყვეტილებით დადგენილ პირობებთან მოწმდება და ობიექტი მიღება-ჩაბარების აქტით ბარდება ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მის აღრიცხვას, შემდგომ ზედამხედველობასა და მოვლა-პატრონობას, თუ საკრებულოს გადაწყვეტილებით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

15. თუ მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსება მოთხოვნილია ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ობიექტზე, მაშინ ამის თაობაზე შესაბამისი განცხადების არსებობის შემთხვევაში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსებაზე ასეთი პირისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.

16. თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განცხადება ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, კომისიის სხდომაზე საკითხი არ განიხილება, განმცხადებელს ეძლევა 10 სამუშაო დღის ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. თუ აღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ აღმოიფხვრება, განცხადება დარჩება განუხილველად.

17. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებელს ეცნობება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

18.  თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ იქნა დადგენილი, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსებაზე გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს კულტურის  სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე. 

 


თავი IV
სხვა დებულებები

მუხლი 8
1. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების საკითხი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავით დადგენილი წესით, მარტივი ადმინისტრაციული წარმოებითა და ადმინისტრაციული წარმოებით კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში.

2. წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.



ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის, მემორიალური დაფის და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის, მემორიალური დაფის და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.09.2026.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის, მემორიალური დაფის და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“?
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის, მემორიალური დაფის და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 30.09.2026. მიმღები ორგანო — ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №50. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.132.016789.
სად არის „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის, მემორიალური დაფის და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.09.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის, მემორიალური დაფის და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“, №50, 30.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016789 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7012332/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 30.09.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება