საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის, კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.105.016014
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/09/2026

დოკუმენტის ტექსტი

 
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის
ბრძანება №14

2026 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის, კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 17 სექტემბრის №449 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის, კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 18 სექტემბრიდან.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრირევაზ სოხაძე




საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის, კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის, კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის, კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს.

3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებითა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე, მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცალკეული დავალებებით.

4. დეპარტამენტი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.

5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე.

მუხლი 2. დეპარტამენტის უფლებამოსილება

დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიეკუთვნება:

ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების მიერ განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების (შემდგომ – ინფრასტრუქტურული პროექტი/პროექტები) მართვა, კოორდინაცია და ხელშეწყობა ინფრასტრუქტურული პროექტის თითოეულ ეტაპზე;

ბ) ინფრასტრუქტურული პროექტების სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესის ეფექტიანობის ზედამხედველობა/მონიტორინგი და სათანადო კოორდინაცია;

გ) ინფრასტრუქტურული პროექტებით გათვალისწინებული ცალკეული აქტივობების შესრულების პროგრესის მონიტორინგი;

დ) ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხისა და ვადების დაცვის მონიტორინგი, აგრეთვე, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაციის სისრულის, შესაბამისობისა და ვალიდურობის პერიოდული შემოწმება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესახებ წინადადებების/ინიციატივების მომზადება, აგრეთვე, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობის განხილვის, გადაწყვეტილების მიღების პროცესის ორგანიზება, ადმინისტრირება და კოორდინაცია;

ვ) ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის თანამედროვე საერთაშორისო მეთოდოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვა, ხარისხის უზრუნველყოფის ერთიანი პოლიტიკის მართვა;

ზ) ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ერთიანი ციფრული პლატფორმების ადმინისტრირება, ფუნქციონირების პროცესში გამოვლენილი საჭიროებების/ხარვეზების იდენტიფიცირება და სისტემის მუდმივი განვითარება-ოპტიმიზაცია სამინისტროს, აგრეთვე მის სისტემაში შემავალ და მართვაში არსებულ სუბიექტებს შორის მონაცემთა უწყვეტი მიმოქცევის უზრუნველყოფისა და სამუშაოთა შესრულების პროგრესის მონიტორინგის მიზნით;

თ) ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ერთიანი საინფორმაციო სისტემებიდან მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე პროექტების განხორციელების პროგრესის, წარმოქმნილი ან მოსალოდნელი რისკებისა და გამოწვევების შეფასება და მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პერიოდული საინფორმაციო უზრუნველყოფა სათანადო წინადადებებითა და რეკომენდაციებით;

ი) ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული ინიციატივების, დაგეგმარების, შეფასებისა და სათანადო დოკუმენტაციის განხილვასა და შემუშავებაში მონაწილეობა;

კ) ინფრასტრუქტურული პროექტების სრულყოფისა და განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;

ლ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისგან, სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტებისგან და სხვა კომპეტენტური უწყებებისგან უფლებამოსილებების შესრულების მიზნით საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, სათანადო დოკუმენტაციის (ფორმა №2, ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია, ტექნიკური და ფინანსური ანგარიშგებები და ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა მასალა) გამოთხოვა და ანალიზი;

მ) სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებთან, სამინისტროს სისტემაში შემავალ და მართვაში არსებულ სუბიექტებთან და სხვა კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობა, საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;

ნ) ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და ცალკეული სამუშაოების შესრულების მდგომარეობის შემოწმება, ანალიზი და შეფასება, მათ შორის, ადგილზე ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება;

ო) პერიოდული და წლიური ანგარიშების მომზადება და მინისტრისთვის ან კურატორი მინისტრის მოადგილისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგენა;

პ) დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების მინისტრისთვის ან კურატორი მინისტრის მოადგილისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგენა;

ჟ) მომზადებული დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;

რ) კომპეტენციის ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების სრულყოფის მიზნით შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შემუშავებაში მონაწილეობა;

ს) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით, მათ შორის, პოლიტიკის დოკუმენტების თაობაზე წინადადებების შემუშავება, აგრეთვე, სამინისტროში შემოსული სამართლებრივი აქტებისა და პოლიტიკის დოკუმენტების განხილვა და წინადადებების მომზადება;

ტ) დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

უ) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;

ფ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

მუხლი 3. დეპარტამენტის უფროსი

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე.

3. დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით:

ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

ბ) უზრუნველყოფს დეპარტამენტისათვის ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებას და დაკისრებული ამოცანების შესრულებას;

გ) წარმოადგენს დეპარტამენტს უფლებამოსილების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე;

დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;

ე) ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებზე, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული დოკუმენტების ვიზირებას;

ვ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;

ზ) კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

თ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდგომი რეაგირებისათვის განსახილველად წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;

კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის უფლებამოსილების განსახორციელებლად;

ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

მ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას.

მუხლი 4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე (შემდგომში – დეპარტამენტის უფროსის მოადგილე), რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებაში;

ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) დეპარტამენტის უფროსის დავალების შესაბამისად განიხილავს დეპარტამენტში შესულ კორესპონდენციას;

დ) ანაწილებს დავალებებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა შორის;

ე) ახდენს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას;

ვ) ასრულებს მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

მუხლი 5. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე

1. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები:

ა) ახორციელებენ დეპარტამენტის შესაბამის უფლებამოსილებას;

ბ) პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ მომზადებული დოკუმენტაციის კანონიერებასა და ადეკვატურობაზე;

გ) დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებულნი არიან დაიცვან წინამდებარე დებულება და საქართველოს კანონმდებლობა;

დ) ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებას.

2. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს.

3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის ან/და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.

4. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 6. უფლებამონაცვლეობა

1. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

2. დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობა შეიძლება შეასრულოს დეპარტამენტის ერთ-ერთმა საჯარო მოსამსახურემ, მინისტრის გადაწყვეტილებით.

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის, კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის, კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.09.2026.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის, კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“?
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის, კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 29.09.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №14. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.22.105.016014.
სად არის „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის, კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.09.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის, კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №14, 29.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.105.016014 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7012737/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 29.09.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება