„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის საგრანტო წერილ-შეთანხმება (საქართველოს წყალმომარაგების, წყალარინების, ჩამდინარე წყლების და სახიფათო ნარჩენების პროექტის მოსამზადებელი გრანტი)“
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს
ბ-ნ რევაზ სოხაძეს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საქართველო, თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს
ბ-ნ დავით სონღულაშვილს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველო, თბილისი
საკითხი: GFPP გრანტი No._________
საქართველოს წყალმომარაგების, წყალარინების, ჩამდინარე წყლების და სახიფათო ნარჩენების პროექტის მოსამზადებელი გრანტი
წერილი შეთანხმება
პატივცემულო მინისტრებო, სოხაძე და სონღულაშვილი:
საქართველოს („გრანტის მიმღების“) სახელით წარდგენილი ფინანსური დახმარების მოთხოვნის საპასუხოდ, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი („ბანკი“), რომელიც მოქმედებს როგორც პროექტის მოსამზადებლად გამოყოფილი საგრანტო დაფინანსების კურატორი, გრანტის მიმღებს სთავაზობს საგრანტო დაფინანსებას, რომლის ოდენობა არ აღემატება ერთი მილიონ ცხრაასი ათას აშშ დოლარს (1,900,000 აშშ დოლარი) („გრანტი“) ამ წერილ შეთანხმებაში („შეთანხმება“) მითითებული ვადებით და პირობებით. შეთანხმება მოიცავს დანართს („სამოქმედო ღონისძიებები“) მასში აღწერილი ღონისძიებების დაფინანსების ხელშეწყობის მიზნით. ღონისძიებების მიზანია შემოთავაზებული პროექტის მომზადებაში დახმარება, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობისთვის უსაფრთხო და მდგრადი წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურების ხელმისაწვდომობის ზრდას, წყლის დაბინძურების შემცირებას, სახიფათო ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას და წყალმომარაგების, წყალარინების და სახიფათო ნარჩენების მართვის სექტორების ფინანსური მდგრადობის გაძლიერებას („პროექტი“), რასთან დაკავშირებითაც გრანტის მიმღები აპირებს ბანკისგან ფინანსური დახმარების მიღებას. ეს გრანტი დაფინანსებულია სატრასტო ფონდიდან, რომლისთვისაც ბანკი დონორისგან პერიოდულად იღებს შენატანებს. სტანდარტული პირობების (ამ შეთანხმების დანართში წარმოდგენილი პირობების თანახმად) 3.02 პუნქტის შესაბამისად, ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით ბანკის გადახდის ვალდებულებები შემოიფარგლება დონორების მიერ ზემოაღნიშნულ სატრასტო ფონდში შეტანილი თანხების ოდენობით და გრანტის მიმღების უფლება, ისარგებლოს საგრანტო დაფინანსებით დამოკიდებულია ასეთი თანხების ხელმისაწვდომობაზე. გრანტის მიმღები, თავისი თანხმობის ქვევით დადასტურებით, აცხადებს, რომ: (a) მისთვის გრანტის გადაცემა არ წარმოადგენს და არ გულისხმობს რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) ან საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (IDA) მხრიდან რაიმე ვალდებულებას, დახმარება გაუწიოს მას პროექტის დაფინანსებაში; (b) ის უფლებამოსილია ხელი მოაწეროს ამ შეთანხმებას და განახორციელოს სამოქმედო ღონისძიებები ამ შეთანხმებაში განსაზღვრული ან მითითებული პირობების შესაბამისად; და (c) ეს შეთანხმება სათანადოდ არის ავტორიზებული, გაფორმებული და გადაცემული მეორე მხარისთვის გრანტის მიმღების სახელით და მისი შესრულება გრანტის მიმღებისთვის სამართლებრივად სავალდებულოა შეთანხმების პირობების შესაბამისად. გთხოვთ დაგვიდასტუროთ გრანტის მიმღების თანხმობა ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით, გრანტის მიმღების უფლებამოსილი ოფიციალური თანამდებობის პირის მიერ ამ შეთანხმების ხელმოწერით და თარიღის მითითებით, და სათანადოდ გაფორმებული ერთი ასლის ბანკისთვის დაბრუნებით; ასევე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამ შეთანხმებაში წარმოდგენილი შეთავაზება გაუქმებულად ჩაითვლება, თუ ბანკი არ მიიღებს შეთანხმების სათანადოდ ხელმოწერილ ასლს 2026 წლის 30 სექტემბრამდე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ მიზნით ბანკი განსაზღვრავს შედარებით უფრო გვიან თარიღს. ბანკის მიერ ხელმოწერილი ასლის მიღებისთანავე, აღნიშნული შეთანხმება ძალაში შევა ხელმოწერის თარიღის მდგომარეობით.
ღრმა პატივისცემით, რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკი პროექტის მოსამზადებლად გამოყოფილი საგრანტო დაფინანსების კურატორი
ხელმოწერა ________________________ როლანდ პრაისი მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში
თანხმობა საქართველოს მხრიდან:
ხელმოწერა ______________________________ უფლებამოსილი წარმომადგენელი
სახელი, გვარი: თანამდებობა თარიღი __________________________
ხელმოწერა ______________________________ უფლებამოსილი წარმომადგენელი
სახელი, გვარი: თანამდებობა თარიღი __________________________
GFPP გრანტი No. _____ დანართი მუხლი I სტანდარტული პირობები; განმარტებები 1.01. სტანდარტული პირობები. სტანდარტული პირობები (ქვემოთ მოყვანილი 1.02 პუნქტის შესაბამისად) შეადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. 1.02. განმარტებები. თუ კონტექსტით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, ამ შეთანხმებაში მთავრული ასოებით წარმოდგენილ ტერმინებს აქვთ სტანდარტული პირობებით ან ამ პუნქტში მათთვის მინიჭებული მნიშვნელობები: (a) „ანტი-კორუფციული მითითებები“ სტანდარტული პირობების დანართის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის ნიშნავს, „რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხებით და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებითა და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებში თაღლითობასთან და კორუფციასთან ბრძოლის და მათი პრევენციის მითითებებს“, რომლებიც გამოქვეყნდა 2006 წლის 15 ოქტომბერს და შესწორებულ იქნა 2011 წლის იანვარში და 2016 წლის პირველ ივლისს. (b) „კატეგორია“ ნიშნავს ამ შეთანხმების 3.01 პუნქტის ცხრილში წარმოდგენილ კატეგორიას. (c) „გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმა“ ან ESCP ნიშნავს განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმას გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ, რომლის თარიღია 2026 წლის 23 სექტემბერი და რომელიც პერიოდულად შეიძლება შეიცვალოს მისი დებულებების შესაბამისად და განსაზღვრავს გრანტის მიმღების მიერ განსახორციელებელ არსებით ღონისძიებებს და ქმედებებს პროექტით გამოწვეულ პოტენციურ გარემოსდაცვით და სოციალურ რისკებზე და ზემოქმედებაზე რეაგირებისთვის, ქმედებების და ღონისძიებების ვადების, ინსტიტუციური, პერსონალის, ტრენინგის, მონიტორინგის და ანგარიშგების მექანიზმების და მის ფარგლებში მომზადებული ნებისმიერი გარემოსდაცვითი და სოციალური ინსტრუმენტის ჩათვლით. (d) „გარემოს დაცვის და სოციალური სტანდარტები“ ან ESS ნიშნავს ერთობლივად: (i) „გარემოს დაცვის და სოციალურ პირველ სტანდარტს: გარემოს დაცვის და სოციალური რისკების და მათი ზემოქმედების შეფასება და მართვა“; (ii) „გარემოს დაცვის და სოციალურ მე-2 სტანდარტს: შრომის და სამუშაო პირობები“; (iii) „გარემოს დაცვის და სოციალურ მე-3 სტანდარტს: რესურსების ეფექტიანობა და დაბინძურების პრევენცია და მართვა“; (iv) „გარემოს დაცვის და სოციალურ მე-4 სტანდარტს: საზოგადოების ჯანდაცვა და უსაფრთხოება“; (v) „გარემოს დაცვის და სოციალურ მე-5 სტანდარტს: მიწის შესყიდვა, მიწათსარგებლობის შეზღუდვა და იძულებითი განსახლება“; (vi) “გარემოს დაცვის და სოციალურ მე-6 სტანდარტს: ბიომრავალფეროვნების დაცვა და ცოცხალი ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა ”; (vii) „გარემოს დაცვის და სოციალურ მე-7 სტანდარტს: აბორიგენი მოსახლეობა/ საჰარის სამხრეთით ისტორიულად არაუზრუნველყოფილი ტრადიციული ადგილობრივი თემები“; (viii) „გარემოს დაცვის და სოციალურ მე-8 სტანდარტს: კულტურული მემკვიდრეობა“; (ix) „გარემოს დაცვის და სოციალურ მე- 9 სტანდარტს: ფინანსური შუამავლები“; (x) „გარემოს დაცვის და სოციალურ მე-10 სტანდარტს: დაინტერესებული მხარეების ჩართულობა და ინფორმაციის გამჟღავნება“; რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის პირველ ოქტომბერს, და გამოქვეყნებულია ბანკის ვებგვერდზე (e) „შემდგომი სამართლებრივი ხელშეკრულება“ ნიშნავს სესხის ან დაფინანსების ხელშეკრულებას, რომელსაც ბანკი გააფორმებს იმ პროექტის დაფინანსების უზრუნველსაყოფად, რომლის მომზადების მხარდაჭერაც წარმოებს განსახორციელებელი სამოქმედო ღონისძიებებით. (f) „განხორციელების ხელშეკრულებები“ ნიშნავს SWMCG-ის მიერ გაფორმებულ განხორციელების ხელშეკრულებას და UWSCG-ის მიერ გაფორმებულ განხორციელების ხელშეკრულებას. (g) „განმახორციელებელი ორგანიზაციები“ ნიშნავს UWSCG -ს და SWMCG-ს. (h) „გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო“ ან „MEPA“ ნიშნავს გრანტის მიმღების გარემოს დაცვასა და სოფლის მეურნეობაზე პასუხისმგებელ სამინისტროს ან მის ნებისმიერ სამართალმემკვიდრეს. (i) „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო“ ან MRDI ნიშნავს გრანტის მიმღების ინფრასტრუქტურაზე პასუხისმგებელ სამინისტროს ან მის ნებისმიერ სამართალმემკვიდრეს. (j) „ოპერაციული ხარჯები“ ნიშნავს გრანტის მიმღების და განმახორციელებელი ორგანიზაციების მიერ სამოქმედო ღონისძიებების განხორციელების ფარგლებში გაწეულ გონივრულ მზარდ ხარჯებს, საოფისე აღჭურვილობის და მარაგების შეძენასთან დაკავშირებული ხარჯების, სატრანსპორტო საშუალებების ოპერირების და ტექნიკური მომსახურების, გადაზიდვის, ოფისის ქირავნობის, კომუნიკაციის და დაზღვევის, ოფისის ადმინისტრირების, საბანკო ტარიფების, კომუნალური მომსახურების, ტრანსპორტის, მგზავრობის, დღიური და საზედამხედველო ხარჯების და ხელფასების, ასევე თანამშრომლების ჯანმრთელობისთვის მიყენებული საფრთხის ანაზღაურების ხარჯის ჩათვლით, თუ ყველა ასეთი ხარჯი მისაღებია ბანკისთვის. (k) „შესყიდვის რეგულაციები“ სტანდარტული პირობების დანართის მე-20 პუნქტის მიზნებისთვის ნიშნავს „მსოფლიო ბანკის შესყიდვების რეგულაციებს IPF მსესხებლებისთვის“, რომლებიც მიღებულ იქნა 2025 წლის სექტემბერში. (l) „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ან „SWMCG“ ნიშნავს გრანტის მიმღების სრულ საკუთრებაში არსებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, საიდენტიფიკაციო ნომრით 404942470, რომელიც რეგისტრირებულია 2012 წლის 25 აპრილს და მოქმედებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან მისი ნებისმიერი სამართალმემკვიდრის ზედამხედველობისა და მართვის ქვეშ. (m) „სტანდარტული პირობები“ ნიშნავს 2019 წლის 25 თებერვლის „რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის სტანდარტულ პირობებს ბანკის მიერ სატრასტო ფონდებიდან განხორციელებული საგრანტო დაფინანსებისთვის“, დანართში მითითებული ცვლილებების გათვალისწინებით. (n) „თანხის გადაცემის ხელშეკრულებები“ ნიშნავს SWMCG-ის მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებას და UWSCG-ის მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებას. (o) „SWMCG-ის მიერ გაფორმებული განხორციელების ხელშეკრულება“ ნიშნავს ბანკსა და SWMCG-ს შორის ხელმოწერილ ხელშეკრულებას სამოქმედო ღონისძიებების ნაწილის შესრულების შესახებ, რომელი ხელშეკრულებაც შეიძლება პერიოდულად შეიცვალოს. „SWMCG -ის მიერ გაფორმებული განხორციელების ხელშეკრულება“ მოიცავს SWMCG-ის მიერ გაფორმებული განხორციელების ხელშეკრულების მიმართ გამოყენებულ სტანდარტულ პირობებს, ასევე ასეთი ხელშეკრულების ყველა დანართს, განრიგს და დამატებით ხელშეკრულებას. (p) „SWMCG-ის მიერ გაფორმებული თანხის გადაცემის ხელშეკრულება“ ნიშნავს ამ შეთანხმების 2.03 (b) პუნქტში მითითებულ დამატებით ხელშეკრულებას, რომელიც უნდა გაფორმდეს გრანტის მიმღებსა, წარმოდგენილი MEPA-ს მიერ და SWMCG-ს შორის, რომლის თანახმადაც გრანტის თანხები ხელმისაწვდომი გახდება SWMCG-ისთვის. (q) „SWMCG UGA“ ნიშნავს ამ შეთანხმების 2.03 (e) პუნქტში მითითებულ გრანტით გათვალისწინებული ღონისძიებების განმახორციელებელ ჯგუფს. (r) „ტრენინგი/სწავლება“ ნიშნავს ბანკის მიერ დამტკიცებულ ხარჯებს (რაც განსხვავებულია საკონსულტაციო მომსახურების ხარჯებისგან), რომლებიც გაწეულია ტრენინგის ჩატარებასთან დაკავშირებით, როგორიცაა ტრენინგები, სასწავლო ვიზიტები, სემინარები და სამუშაო შეხვედრები, სამოქმედო ღონისძიებების განხორციელების ფარგლებში და რომლებიც არ არის გათვალისწინებული საქონლის ან მომსახურების მომწოდებლებთან გაფორმებული კონტრაქტების ფარგლებში, ტრენინგის მასალების, ტრენინგის ჩატარების დარბაზის და აღჭურვილობის ქირავნობის თანხის, ტრენინგის მონაწილეებისთვის და ტრენერებისთვის (საჭიროების შემთხვევაში) ტრანსპორტის და დღიური ხარჯების, ასევე ტრენერების ჰონორარის ჩათვლით. (s) „UGA“ ნიშნავს გრანტით გათვალისწინებული ღონისძიებების განმახორციელებელ ჯგუფს. (t) „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ან „UWSCG“ ნიშნავს გრანტის მიმღების სრულ საკუთრებაში არსებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, საიდენტიფიკაციო ნომრით 412670097, რომელიც რეგისტრირებულია 2010 წლის 14 იანვარს და მოქმედებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ან მისი ნებისმიერი სამართალმემკვიდრის ზედამხედველობისა და მართვის ქვეშ. (u) „UWSCG-ის მიერ გაფორმებული განხორციელების ხელშეკრულება“ ნიშნავს ბანკსა და UWSCG-ს შორის ხელმოწერილ ხელშეკრულებას სამოქმედო ღონისძიებების ნაწილის შესრულების შესახებ, რამდენადაც ასეთი ხელშეკრულება შეიძლება პერიოდულად შეიცვალოს. „UWSCG-ის მიერ გაფორმებული განხორციელების ხელშეკრულება“ მოიცავს განხორციელების ხელშეკრულების მიმართ გამოყენებულ სტანდარტულ პირობებს, ასევე, UWSCG-ის მიერ გაფორმებული განხორციელების ხელშეკრულების ყველა დანართს, განრიგსა და შეთანხმებას, რომლებიც ასეთი ხელშეკრულების დამატებაა. (v) „UWSCG-ის მიერ გაფორმებული თანხის გადაცემის ხელშეკრულება“ ნიშნავს ამ შეთანხმების 2.03(a) პუნქტში მითითებულ ხელშეკრულებას, რომელიც უნდა გაფორმდეს გრანტის მიმღებსა, წარმოდგენილი MRDI-ს მიერ და UWSCG -ს შორის, და რომლის თანახმადაც გრანტის თანხები ხელმისაწვდომი გახდება UWSCG- ისთვის. (w) „UWSCG UGA“ ნიშნავს ამ შეთანხმების 2.03(d) პუნქტში მითითებულ გრანტით გათვალისწინებული ღონისძიებების განმახორციელებელ ჯგუფს. (x) „WWTP“ ნიშნავს ჩამდინარე წყლების გამწმენდ ნაგებობას.
მუხლი II სამოქმედო ღონისძიებების განხორციელება 2.01. სამოქმედო ღონისძიებების აღწერა. გრანტით გათვალისწინებული სამოქმედო ღონისძიებები შემდეგი ნაწილებისგან შედგება: ნაწილი 1: წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებისთვის ტექნიკური პოლიტიკის, სისტემებისა და განხორციელების სტრუქტურების შემუშავების მოსამზადებელი სამუშაოები (a) ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების (WWTP) პროექტებს შორის თანმიმდევრულობის გასაუმჯობესებლად სტანდარტიზებული ტექნიკური მითითებებისა და შაბლონების შემუშავება; და (b) წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურების მიმართულებით ტექნიკური ანალიზის ჩატარება ინსტიტუციური და დარგობრივი პოლიტიკის რეფორმების შემუშავებისა და განხორციელების მხარდასაჭერად, აგრეთვე, ჩამდინარე წყლების სტანდარტების შესახებ რეგულაციების მომზადება. ნაწილი 2. წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულებით ინვესტიციების წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები და ტექნიკური სტანდარტიზაცია UWSCG-სა და შესაბამისი უწყებების მხარდაჭერის უზრუნველყოფა: (a) სამომავლო საინვესტიციო პროექტში შესატანი არსებული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების (WWTP) ტექნიკური ანალიზის განსახორციელებლად, რათა განისაზღვროს ე.წ. „ბრაუნფილდ“ ტიპის ინვესტიციებისთვის (უკვე არსებულ საწარმოში ინვესტიცია) რეაბილიტაციის, მოდერნიზაციისა და ინვესტირების ოპტიმალური ვარიანტები, მათ შორის, ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ვარიანტების შეფასების და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების ჩათვლით; და (b) (i) წყალტუბოს და თელავის გამწმენდი ნაგებობების მოდერნიზაციისთვის და (ii) ბაკურიანის გამწმენდი ნაგებობისთვის შერჩეული ადგილმდებარეობისთვის გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების შეფასების ჩასატარებლად. ნაწილი 3: შესყიდვებისთვის მზადყოფნა და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ (UWSCG) გრანტით დაფინანსებული ღონისძიებების განსახორციელებლად ჯგუფის (UWSCG UGA -ს) შექმნა (a) გრანტით დაფინანსებული ღონისძიებების განსახორციელებლად UWSCG-ში ჯგუფის („UGA“) შექმნა და ფუნქციონირება, ძირითადი პერსონალის აყვანის ჩათვლით; (b) UWSCG UGA-ს თანამშრომლებისთვის შესაძლებლობების განვითარების მიზნობრივი ღონისძიებების განხორციელება; და (c) UWSCG-ის საქმიანობის გაუმჯობესების გეგმის მხარდასაჭერად საველე სამუშაოების, კვლევისა და საპილოტე აქტივობების განხორციელება; და UWSCG-ისთვის პერსონალის სწავლების, უნარების ათვისების და შრომითი რესურსების განვითარების პროგრამის შემუშავება და განხორციელება. ნაწილი 4: სახიფათო ნარჩენების მართვა - წინასწარი მომზადება (a) სახიფათო ნარჩენების დამუშავებისა და განთავსების ობიექტების შემოთავაზებული ადგილებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება, მათ შორის, სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ლოგისტიკისა და ალტერნატივების ანალიზის განხორციელება; ტერიტორიის შეფასება, მათ შორის, ტერიტორიის საზღვრებისა და მიწის გამოსყიდვა/შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა; ტექნიკური პარამეტრების დაზუსტება; კომუნალური და მისასვლელი ინფრასტრუქტურის საჭიროებების განსაზღვრა; და მშენებლობის ეტაპობრივი განხორციელების განრიგის მომზადება; (b) სახიფათო ნარჩენების ინტეგრირებული განთავსების ადგილისა და მასთან დაკავშირებული კონდიცირების (წინასწარი დამუშავების) საწარმოს დეტალური საინჟინრო პროექტების მომზადება, რომლებიც მოიცავს გაუწყლოების, ნეიტრალიზაციის, დეტოქსიკაციისა და სტაბილიზაციის ობიექტებს, სახიფათო ნარჩენების სპეციალური ინსინერატორის დამატების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და დეტალური მიწისქვეშა და ჰიდროგეოლოგიური კვლევების ჩათვლით; (c) ობიექტის მართვის ოპერაციული, ინსტიტუციური და მარეგულირებელი მოდელების შემუშავება, რაც მოიცავს: (i) ახალი ობიექტის ინტეგრირებას შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ (SWMCG) ინსტიტუციურ სტრუქტურაში; (ii) ობიექტის ფუნქციური ინტეგრაციის ინსტიტუციურ და მარეგულირებელ ღონისძიებებს სახიფათო ნარჩენების მართვის ეროვნულ სისტემაში; და (iii) კერძო სექტორის მონაწილეობის ღონისძიებების მიზანშეწონილობის შეფასებას; და (d) სახიფათო ნარჩენების მართვის ობიექტისთვის გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების შეფასების განხორციელება, სკოპინგის ანგარიშის ჩათვლით, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მეშვეობით შერჩეულ ადგილზე. ნაწილი 5: შესყიდვებისთვის მზადყოფნა და შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში“ (SWMCG) გრანტით დაფინანსებული ღონისძიებების განსახორციელებლად ჯგუფის შექმნა (a) გრანტით დაფინანსებული ღონისძიებების განსახორციელებლად შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში“ (SWMCG) ჯგუფის („UGA“) შექმნა და ფუნქციონირება, ძირითადი პერსონალის აყვანის ჩათვლით; (b) აღნიშნული ჯგუფის წევრებისთვის შესაძლებლობების განვითარების მიზნობრივი ღონისძიებების განხორციელება. 2.02. სამოქმედო ღონისძიებების საერთო განხორციელება. გრანტის მიმღები აცხადებს თავის ვალდებულებას, რომ ხელი შეუწყოს განსახორციელებელი სამოქმედო ღონისძიებების მიზანს. ამ მიზნით, გრანტის მიმღები უზრუნველყოფს ღონისძიებების 1 – 3 ნაწილების განხორციელებას UWSCG-ის მიერ და სამოქმედო ღონისძიებების 4 - 5 ნაწილების განხორციელებას SWMCG-ის მიერ, ყველა ჩამოთვლილ მოთხოვნასთან შესაბამისად: (a) სტანდარტული პირობების II მუხლთან; (b) ანტიკორუფციულ სახელმძღვანელო მითითებებთან; (c) ამ შეთანხმების II მუხლთან; (d) განხორციელების ხელშეკრულებებთან; და (e) თანხის გადაცემის ხელშეკრულებებთან. 2.03. ინსტიტუციური და სხვა მექანიზმები (a) სამოქმედო ღონისძიებების 1 – 3 ნაწილების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, გრანტის მიმღები საგრანტო დაფინანსების ნაწილს გამოყოფს UWSCG- ისთვის, გრანტის მიმღებსა (რომელსაც წარმოადგენს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო) და UWSCG -ს შორის გაფორმებული თანხის გადაცემის ხელშეკრულების ფარგლებში ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ვადებით და პირობებით („UWSCG -ის მიერ გაფორმებული თანხის გადაცემის ხელშეკრულება“). (b) სამოქმედო ღონისძიებების 4 - 5 პუნქტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, გრანტის მიმღები საგრანტო დაფინანსების ნაწილს გამოყოფს SWMCG-ისთვის, გრანტის მიმღებსა (რომელსაც წარმოადგენს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (MEPA)) და SWMCG-ს შორის გაფორმებული თანხის გადაცემის ხელშეკრულების ფარგლებში ბანკისთვის მისაღები ვადებით და პირობებით („SWMCG-ის მიერ გაფორმებული თანხის გადაცემის ხელშეკრულება“). (c) გრანტის მიმღები ვალდებულია თანხის გადაცემის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თავისი უფლებები ისე გამოიყენოს, რომ დაიცვას გრანტის მიმღების და ბანკის ინტერესები და მიაღწიოს გრანტის მიზნებს. თუ ბანკის მიერ სხვაგვარად არ იქნა განსაზღვრული, გრანტის მიმღები ვალდებულია არ დაუშვას თანხის გადაცემის ხელშეკრულების ან მისი რომელიმე დებულების გადაცემა, შეცვლა, გაუქმება, ან მათ შესრულებაზე უარის თქმა. (d) ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს სამოცი (60) დღის განმავლობაში, გრანტის მიმღები უზრუნველყოფს UWSCG -ის მიერ : (i) UWSCG UGA -ს შექმნას ბანკისთვის მისაღები ფუნქციებით, პასუხისმგებლობებითა და პერსონალით, რომელთა შორის იქნებიან ბანკისთვის მისაღები გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე პროექტის მართვის სპეციალისტი და ფინანსური მართვის სპეციალისტი, შესყიდვების სპეციალისტი, წყალმომარაგების და წყალარინების ინჟინერი, გარემოს დაცვის სპეციალისტი და სოციალური, გენდერული და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან სამოქმედო ღონისძიებების ყოველდღიურ განხორციელებაზე; და (ii) UWSCG UGA- ს პერსონალის შენარჩუნებას სამოქმედო ღონისძიებების განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში. (e) ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს სამოცი (60) დღის განმავლობაში, გრანტის მიმღები უზრუნველყოფს SWMCG-ის მიერ (i) SWMCG UGA-ს შექმნას ბანკისთვის მისაღები ფუნქციებით, პასუხისმგებლობებითა და პერსონალით, რომელთა შორის იქნებიან ბანკისთვის მისაღები გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე პროექტის კოორდინატორი, ნარჩენების მართვის სპეციალისტი, ფინანსური მართვის სპეციალისტი, შესყიდვების სპეციალისტი, გარემოს დაცვის სპეციალისტი და სოციალური, გენდერული და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან სამოქმედო ღონისძიებების ყოველდღიურ განხორციელებაზე; და (ii) SWMCG UGA-ს პერსონალის შენარჩუნებას სამოქმედო ღონისძიებების განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში. 2.04. გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტები (a) გრანტის მიმღები ვალდებულია, და ავალდებულებს სამოქმედო ღონისძიებების განმახორციელებელ ორგანიზაციებს, უზრუნველყოს სამოქმედო ღონისძიებების განხორციელება გარემოს დაცვის და სოციალური სტანდარტების შესაბამისად ბანკისთვის მისაღები ფორმით. (b) (a) ქვეპუნქტის დებულებების შეზღუდვის გარეშე, გრანტის მიმღები ვალდებულია, და ავალდებულებს სამოქმედო ღონისძიებების განმახორციელებელ ორგანიზაციებს, უზრუნველყოს სამოქმედო ღონისძიებების შესრულება გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის (ESCP)) შესაბამისად ბანკისთვის მისაღები ფორმით. ამ მიმართულებით გრანტის მიმღები უზრუნველყოფს, რომ სამოქმედო ღონისძიებების განმახორციელებელმა ორგანიზაციებმა თავის მხრივ: (i) უზრუნველყონ გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმაში (ESCP) მითითებული ღონისძიებების და ზომების სათანადო სიფრთხილით და ეფექტიანობით და გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმაში (ESCP) მოცემული მითითებების შესაბამისად განხორციელება; (ii) უზრუნველყონ საკმარისი სახსრების ხელმისაწვდომობა გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმით (ESCP) გათვალისწინებული ხარჯების დასაფარად; (iii) შეინარჩუნონ შესაბამისი პოლიტიკა და პროცედურები და უზრუნველყოფილი იყოს ESCP-ის განსახორციელებლად საკმარისი რაოდენობის კვალიფიციური და გამოცდილი პერსონალის დასაქმება/შენარჩუნება, ESCP-ით გათვალისწინებული წესით; და (iv) უზრუნველყონ, რომ გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმა (ESCP) ან მისი ნებისმიერი დათქმა არ შეიცვალოს, შეჩერდეს ან გაუქმდეს ბანკის მიერ წერილობით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, რომლებიც მითითებულია აღნიშნულ გეგმაში, და ასევე უზრუნველყოფილ იქნეს გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გადამუშავებული გეგმის (ESCP) დროული გასაჯაროება. (c) ნებისმიერი შეუსაბამობის შემთხვევაში გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის (ESCP) დებულებებს და ამ შეთანხმებას შორის, უპირატესობა ამ უკანასკნელს ენიჭება. (d) გრანტის მიმღები ვალდებულია, და ავალდებულებს სამოქმედო ღონისძიებების განმახორციელებელ ორგანიზაციებს, უზრუნველყონ: (i) ყველა აუცილებელი ღონისძიების განხორციელება იმისათვის, რომ შეაგროვოს, შეადგინოს და ბანკს რეგულარული ანგარიშების საშუალებით, გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმით (ESCP) განსაზღვრული სიხშირით და დროულად, ცალკე ანგარიშის ან ანგარიშების სახით (ბანკის მხრიდან ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) წარუდგინოს ინფორმაცია გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმასთან (ESCP) და მასში მითითებულ მართვის ინსტრუმენტებთან და მექანიზმებთან შესაბამისობის სტატუსის შესახებ; ყველა ასეთი ანგარიში მომზადებული უნდა იქნეს ბანკისთვის მისაღები ფორმით და შინაარსით და სხვა საკითხებთან ერთად მათში განსაზღვრული უნდა იყოს: (A) გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის (ESCP) შესრულების სტატუსი; (B) პირობები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლებიც ხელს უშლის ან ქმნის ხელის შეშლის საფრთხეს გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის (ESCP) შესრულებასთან დაკავშირებით; და (C) მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც განხორციელდა ან უნდა განხორციელდეს ასეთ პირობებზე რეაგირებისთვის; და (ii) ბანკისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება ნებისმიერი ინციდენტის ან უბედური შემთხვევის შესახებ, რომელიც უკავშირდება ან გავლენას იქონიებს სამოქმედო ღონისძიებებზე და რომელსაც აქვს ან სავარაუდოდ ექნება მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა გარემოზე, ზემოქმედების ქვეშ მყოფ თემზე, საზოგადოებაზე ან მშრომელებზე, მათ შორის, გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის (ESCP) შესაბამისად მასში მითითებულ ინსტრუმენტებზე და გარემოს დაცვის და სოციალურ სტანდარტებზე. (e) გრანტის მიმღები ვალდებულია და ავალდებულებს სამოქმედო ღონისძიებების განმახორციელებელ ორგანიზაციებს, უზრუნველყონ საჩივრებზე რეაგირების მექანიზმის შექმნა, ოპერირება და მისი არსებობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება, იმისათვის რომ სამოქმედო ღონისძიებების ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირებისგან მიღებულ და განხილულ იქნეს ნებისმიერი პრეტენზია და საჩივარი და გატარებულ იქნეს ყველა აუცილებელი და სათანადო ღონისძიება ასეთი მექანიზმის საშუალებით მიღებული პრეტენზიის ან საჩივრის გადასაწყვეტად ან გადაწყვეტის ხელშესაწყობად ბანკისთვის მისაღები ფორმით. 2.05. მონიტორინგი, ანგარიშგება და შეფასება. გრანტის მიმღები ავალდებულებს განმახორციელებელ ორგანიზაციებს უზრუნველყონ, რომ კვარტალის განმავლობაში განხორციელებული სამოქმედო ღონისძიებების შესახებ თითოეული ანგარიში ბანკს წარედგინოს კალენდარული კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს ოცდაათი (30) დღეში.
მუხლი III საგრანტო დაფინანსების გამოყოფა 3.01. დასაშვები ხარჯები. გრანტის მიმღებს შეუძლია საგრანტო დაფინანსების ათვისება: (a) სტანდარტული პირობების III მუხლის და (b) ამ პუნქტის დებულებების შესაბამისად; სათანადო ხარჯების დასაფინანსებლად გამოყოფილი ოდენობით და, საჭიროების შემთხვევაში, შემდეგი ცხრილის თითოეული კატეგორიისთვის დადგენილი პროცენტის ფარგლებში.
3.02. ჩამორიცხვის პირობები. ამ შეთანხმების 3.01 პუნქტის მიუხედავად, გრანტის თანხის ჩამორიცხვა დაუშვებელია: (a) გადახდებისთვის, რომლებიც განხორციელდა ამ შეთანხმების ხელმოწერის თარიღამდე; ან (b) (1)-ლი კატეგორიისთვის, თუ UWSCG-ის მიერ გაფორმებული თანხის გადაცემის ხელშეკრულება არ არის ხელმოწერილი გრანტის მიმღებსა, წარმოდგენილი MRDI-ს მიერ და UWSCG-ს შორის; ან (c) მე - (2) კატეგორიისთვის, თუ SWMCG-ის მიერ გაფორმებული თანხის გადაცემის ხელშეკრულება არ არის ხელმოწერილი გრანტის მიმღებსა, წარმოდგენილი MEPA-ს მიერ და SWMCG-ს შორის. 3.03. ჩამორიცხვის პერიოდი. დახურვის თარიღია 2028 წლის 29 თებერვალი. 3.04. გაუქმება დასრულების თარიღამდე. სტანდარტული პირობების 4.03 პუნქტის შეზღუდვის გარეშე, ბანკს შეუძლია გრანტის მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნით შეწყვიტოს გრანტის მიმღების უფლება საგრანტო დაფინანსების აუთვისებელი ნაწილის გამოყენებასთან დაკავშირებით და გააუქმოს ასეთი თანხა, თუ: (a) ამ შეთანხმების თარიღიდან ცხრა (9) თვის შემდეგ, საგრანტო დაფინანსების ანგარიშიდან თანხის ათვისება არ მოხდება; ან (b) „შემდგომი სამართლებრივი ხელშეკრულება“ ძალაშია ექვს (6) თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. მუხლი IV სამართლებრივი დაცვის დამატებითი მექანიზმები 4.01. შეჩერების დამატებითი გარემოებები. სტანდარტული პირობების 4.02 (k) ნაწილში მითითებული შეჩერების დამატებითი გარემოებები შემდეგია: (a) თუ განხორციელდა ნებისმიერი ქმედება UWSCG-ის ან SWMCG-ის დაშლის, გაუქმების ან საქმიანობის შეჩერების მიზნით. (b) თუ განხორციელდა UWSCG -ის ან SWMCG-ის შექმნის ან საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ან სხვა დოკუმენტის შესწორება, შეჩერება, ამოღება, ან გაუქმება, ისე რომ აღნიშნულმა არსებითად და უარყოფითად იმოქმედა UWSCG-ის ან SWMCG-ის უნარზე შეასრულოს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულება; (c) თუ გრანტის მიმღებმა განახორციელა ნებისმიერი ქმედება ან გასცა ისეთი ქმედების განხორციელების ნებართვა, რომელიც მოახდენდა ამ შეთანხმებით გათვალისწინებული, UWSCG-ის ან SWMCG-ის მხრიდან შესასრულებელი ვალდებულებების შესრულების პრევენციას ან ხელს შეუშლიდა ასეთი ვალდებულებების შესრულებას. მუხლი V გრანტის მიმღების წარმომადგენელი; მისამართები 5.01. გრანტის მიმღების წარმომადგენელი (a) სტანდარტული პირობების 7.02 პუნქტში მითითებული გრანტის მიმღების წარმომადგენლები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, რომლებიც ერთობლივად მოქმედებენ; (b) ზემოთ მოცემული (a) ქვეპუნქტის მიუხედავად, გრანტის მიმღების წარმომადგენელი ამ შეთანხმების III მუხლის (საგრანტო დაფინანსების ათვისება) შესაბამისად საჭირო ან ნებადართული ნებისმიერი ქმედების განხორციელების მიზნით არის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი (1)- ლი კატეგორიის ხარჯების საგრანტო დაფინანსებასთან დაკავშირებით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი კი მე -(2) კატეგორიის ხარჯების საგრანტო დაფინანსებასთან მიმართებით. 5.02. გრანტის მიმღების მისამართი. სტანდარტული პირობების 7.01 პუნქტის მიზნებისთვის: (a) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 12 თბილისი, 0160 საქართველო
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მარშალ არჩილ გელოვანის გამზირი 6 თბილისი, 0159 საქართველო
(b) გრანტის მიმღების ელექტრონული მისამართია: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ელ-ფოსტა: letters@moi.gov.ge საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ელ-ფოსტა: info@mepa.gov.ge
5.03. ბანკის მისამართი. სტანდარტული პირობების 7.01 პუნქტის მიზნებისთვის: (a) ბანკის მისამართია: რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) ამერიკის შეერთებული შტატები ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, 20433 1818 H Street, N.W.
(b) ბანკის ელექტრონული მისამართია: ტელექსი: ფაქსი: 248423 (MCI) ან 1-202-477-6391 64145 (MCI)
დანართი სტანდარტული პირობების ცვლილებები სტანდარტული პირობების ცვლილება შემდეგნაირად წარმოებს: 1. ტერმინი „პროექტი“ სტანდარტულ პირობებში გამოყენებისას იცვლება ტერმინით „განსახორციელებელი სამოქმედო ღონისძიებები“ (და დაკავშირებული ტექსტის კორექტირება წარმოებს შესაბამისად გრამატიკული სისწორის დასაცავად). 2. ტერმინი „პროექტის ანგარიში“ სტანდარტულ პირობებში გამოყენებისას იცვლება ტერმინით „ანგარიში განხორციელებული სამოქმედო ღონისძიებების შესახებ“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის საგრანტო წერილ-შეთანხმება (საქართველოს წყალმომარაგების, წყალარინების, ჩამდინარე წყლების და სახიფათო ნარჩენების პროექტის მოსამზადებელი გრანტი)“?
- დიახ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის საგრანტო წერილ-შეთანხმება (საქართველოს წყალმომარაგების, წყალარინების, ჩამდინარე წყლების და სახიფათო ნარჩენების პროექტის მოსამზადებელი გრანტი)“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.09.2026.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის საგრანტო წერილ-შეთანხმება (საქართველოს წყალმომარაგების, წყალარინების, ჩამდინარე წყლების და სახიფათო ნარჩენების პროექტის მოსამზადებელი გრანტი)“?
- „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის საგრანტო წერილ-შეთანხმება (საქართველოს წყალმომარაგების, წყალარინების, ჩამდინარე წყლების და სახიფათო ნარჩენების პროექტის მოსამზადებელი გრანტი)“ მიღებულია 30.09.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №TF0D3233. სარეგისტრაციო კოდი — 480610000.03.030.016876.
- სად არის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის საგრანტო წერილ-შეთანხმება (საქართველოს წყალმომარაგების, წყალარინების, ჩამდინარე წყლების და სახიფათო ნარჩენების პროექტის მოსამზადებელი გრანტი)“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.09.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის საგრანტო წერილ-შეთანხმება (საქართველოს წყალმომარაგების, წყალარინების, ჩამდინარე წყლების და სახიფათო ნარჩენების პროექტის მოსამზადებელი გრანტი)“, №TF0D3233, 30.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016876 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7019232/