საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№257
სარეგისტრაციო კოდი
010210040.08.002.017085
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/10/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №257

2026 წლის 9 ოქტომბერი

ქ.თბილისი

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებების განხორციელების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანდართული დებულება.
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულება.
მუხლი 3
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2026 წლის 21 ოქტომბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი
📎 დანართები (1)
257-1.docx ⬇

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია (შემდეგში – ადმინისტრაცია) არის საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშემწყობი და მაორგანიზებელი ორგანო.

2. ადმინისტრაცია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და საქართველოს პრეზიდენტის სხვა სამართლებრივი აქტებით.

3. ადმინისტრაციის სტრუქტურასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.

4. ადმინისტრაციას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, საკუთარი ბლანკი და ანგარიში ხაზინაში.

5. ადმინისტრაციის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ათონელის ქ. №25, საფოსტო ინდექსი – 0108.

თავი II

ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

მუხლი 2. ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობისა და ორგანიზების მიზნით ადმინისტრაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) საქართველოს პრეზიდენტის ურთიერთობის კოორდინაციას საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასა და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებსა და სხვა ინსტიტუტებთან;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის ინფორმირებას ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობის შესახებ;

გ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზას და/ან მომზადებას;

დ) საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ უზრუნველყოფას;

ე) საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული საკადრო გადაწყვეტილებების მიღებაში ხელშეწყობას;

ვ) ადმინისტრაციაში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი პოლიტიკის განხორციელებას;

ზ) საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საპროტოკოლო ღონისძიებათა განხორციელებასა და კოორდინაციას;

თ) ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საქართველოს პარლამენტში წარსადგენად საქართველოს პრეზიდენტის მოხსენების პროექტის მომზადებას;

ი) საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობას;

კ) მასალის მომზადებას მოქალაქეობის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების, საქართველოს სახელმწიფო პრემიების, უმაღლესი სამხედრო, სპეციალური და საპატიო წოდებების, უმაღლესი დიპლომატიური რანგის მინიჭების, მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ, აგრეთვე საქართველოს მთავრობის წარდგინებითა და საქართველოს პარლამენტის თანხმობით, ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის შეჩერებისა და დათხოვნის შესახებ;

ლ) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულების მონიტორინგს;

მ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიციირებული, საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული აქტივობების სრულ ანალიტიკურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას;

ნ) საქართველოს კანონმდებლობით საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა საკითხების რეგულირების ხელშეწყობას.

თავი III

ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა

მუხლი 3. საქართველოს პრეზიდენტი

1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტი.

2. საქართველოს პრეზიდენტი:

ა) ახორციელებს ადმინისტრაციის ზოგად ხელმძღვანელობას;

ბ) ამტკიცებს ადმინისტრაციის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს, წყვეტს დანამატის გაცემის საკითხს;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებს, სახელმწიფო მოსამსახურეებს, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს და ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით – მის მოადგილეს; დებს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებთან; ანიჭებს მოხელის კლასებს;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნიშნავს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს თითოეული თანამდებობის სპეციფიკისა და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმნის დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელ კომისიას, წყვეტს ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების საკითხს;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს ადმინისტრაციის მოხელეთა შეფასების მეთოდს, ასევე დოკუმენტური მასალის შეფასებისა და გასაუბრების წესს;

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს საჯარო დაწესებულებაში შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოსა და ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს საქმიანობის ანაზღაურების წესს.

3. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები დელეგირების უფლებით გადასცეს მის მიერ განსაზღვრულ პირებს.

მუხლი 4. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი

1. ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობას უძღვება ადმინისტრაციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. ადმინისტრაციის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის საქმიანობას და უზრუნველყოფს ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციას;

ბ) ამტკიცებს ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს უცხო ქვეყნის ოფიციალური დელეგაციებისა და სხვა ოფიციალურ მიღებებში;

დ) ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს; მესამე პირებთან, მათ შორის, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას გამოდის ადმინისტრაციის სახელით;

ე) განკარგავს ადმინისტრაციის ფინანსურ სახსრებს;

ვ) ახორციელებს ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობითა და ადმინისტრაციის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. ადმინისტრაციის უფროსი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები დელეგირების უფლებით გადასცეს მის მიერ განსაზღვრულ პირებს.

5. ადმინისტრაციის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ხოლო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის არყოფნისას, ადმინისტრაციის უფროსის დავალებით – ადმინისტრაციის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

მუხლი 5. სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელობა

1. ადმინისტრაციის პირველად სტრუქტურულ ერთეულს – სამსახურს – ჰყავს ხელმძღვანელი, რომელიც სამსახურში მიიღება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით.

2. ადმინისტრაციის სამსახურში შემავალ მეორად სტრუქტურულ ერთეულს – განყოფილებას – ჰყავს უფროსი, რომელიც არის პროფესიული საჯარო მოხელე და თანამდებობაზე ინიშნება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ადმინისტრაციის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე.

4. ადმინისტრაციის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის, აგრეთვე მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულის დებულებით, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით.

5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი ან ასეთის არარსებობისას – სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი.

6. ადმინისტრაციის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლებელია სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის უფლებამოსილებები დელეგირების უფლებით გადაეცეს მის მიერ განსაზღვრულ პირს.

თავი IV

ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულები და

მათი ძირითადი ფუნქციები

მუხლი 6. ადმინისტრაციის სტრუქტურა

1. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტის სამდივნო;

ბ) ადმინისტრაციის პირველადი სტრუქტურული ერთეულები.

2. ადმინისტრაციის პირველადი სტრუქტურული ერთეულები და მათში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული დაგეგმვის სამსახური, რომლის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა.ა) საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება;

ა.ბ) სტრატეგიული დაგეგმვის განყოფილება;

ბ) პროტოკოლისა და ღონისძიებების სამსახური, რომლის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ბ.ა) პროტოკოლის განყოფილება;

ბ.ბ) ღონისძიებების განყოფილება;

გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, რომლის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

გ.ა) მედიასთან ურთიერთობის განყოფილება;

გ.ბ) ციფრული კომუნიკაციების განყოფილება;

დ) იურიდიული სამსახური;

ე) მოქალაქეობის, დაჯილდოებისა და შეწყალების სამსახური, რომლის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ე.ა) მოქალაქეობის განყოფილება;

ე.ბ) დაჯილდოების განყოფილება;

ე.გ) შეწყალების განყოფილება;

ვ) კორესპონდენციის მართვისა და მოქალაქეებთან ურთიერთობის სამსახური;

ზ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;

თ) საფინანსო სამსახური;

ი) ლოგისტიკისა და შესყიდვების სამსახური, რომლის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ი.ა) ლოგისტიკის განყოფილება;

ი.ბ) შესყიდვების განყოფილება.

3. ადმინისტრაციაში საქმიანობას ახორციელებს ადმინისტრაციის უფროსისადმი უშუალოდ დაქვემდებარებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელიც ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.

მუხლი 7. საქართველოს პრეზიდენტის სამდივნო

1. ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტისადმი პირდაპირი დაქვემდებარების პრინციპით იქმნება საქართველოს პრეზიდენტის სამდივნო, რომლის ძირითადი ფუნქციებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს პრეზიდენტის ურთიერთობის კოორდინაცია;

გ) საქართველოს პრეზიდენტის სამოქმედო კალენდრისა და ტექსტური, ფოტო- და ვიდეოარქივის წარმოება კომპეტენციის ფარგლებში;

დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება.

2. სამდივნოს ჰყავს უფროსი, რომელიც სამსახურში მიიღება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით.

მუხლი 8. ადმინისტრაციის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები

1. საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული დაგეგმვის სამსახურის ფუნქციებია:

ა) საგარეო რისკების ანალიზი და საქართველოს პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის უწყებებთან კოორდინაცია; ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნის შესაბამის უწყებებსა და წარმომადგენლობებთან კომუნიკაცია;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტების, ასევე დელეგაციებისა და ცალკეულ პირთა დახვედრის მომზადება, მოლაპარაკებების ორგანიზება და მათში მონაწილეობის მიღება;

გ) საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პრეზიდენტის სათანადოდ პოზიციონირებისა და თანმიმდევრული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში და ამ მიზნით შესაბამის უწყებებთან კოორდინაცია;

დ) საქართველოს პრეზიდენტის სტრატეგიული პრიორიტეტების დაგეგმვის ხელშეწყობა და კოორდინაცია;

ე) საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიციირებული ან მხარდაჭერილი სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება;

ვ) საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრის მიზნით, ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება;

ზ) საქართველოს პრეზიდენტის გრძელვადიანი ხედვისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგი და შეფასება;

თ) დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა კომპეტენციის ფარგლებში, მათ შორის, დონორთა მოძიებისა და მათი მხარდაჭერის ეფექტიანი კოორდინაცია;

ი) საგარეო დახმარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტების შესახებ მონაცემთა შეგროვება და ანალიზი;

კ) გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივებისა და აქტივობების კოორდინირება, შესაბამის საერთაშორისო ფორმატებში წარმომადგენლობა და თანამშრომლობა მდგრადი განვითარების მიზნების უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან – კომპეტენციის ფარგლებში;

ლ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის საქმიანობის ანალიტიკური უზრუნველყოფის ან მხარდაჭერის ფარგლებში მოთხოვნილი ან შეთანხმებული დოკუმენტების მომზადება საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსისათვის;

მ) ადგილობრივ და საერთაშორისო ანალიტიკურ, ექსპერტულ და საკონსულტაციო წრეებთან, ასევე შესაბამისი პროფილით მომუშავე კვლევით ჯგუფებთან თანამშრომლობა;

ნ) საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით განსახორციელებელი სახელმწიფო, ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ინფორმაციულ-ანალიტიკური მხარდაჭერა და კოორდინაცია;

ო) ქვეყნის ფარგლებში პრეზიდენტის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ხედვასთან დაკავშირებული აქტივობების ორგანიზაციული და ანალიტიკური მხარდაჭერა კომპეტენციის ფარგლებში;

პ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება.

2. პროტოკოლისა და ღონისძიებების სამსახურის ფუნქციებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტის საზღვარგარეთ სახელმწიფო, ოფიციალური, სამუშაო და გავლითი ვიზიტების ორგანიზება და საპროტოკოლო უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოში სახელმწიფო, ოფიციალური, სამუშაო ან გავლითი ვიზიტით მყოფი უცხო სახელმწიფოთა მეთაურების, ასევე ოფიციალური დელეგაციებისა და ცალკეული პირების მიღების ორგანიზება და საპროტოკოლო უზრუნველყოფა მოთხოვნის შესაბამისად;

გ) უცხო სახელმწიფოთა პროტოკოლის სამსახურებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა;

დ) საქართველოს პრეზიდენტის სხვადასხვა შიდასახელმწიფოებრივი ღონისძიების საპროტოკოლო მომსახურება;

ე) საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით განსახორციელებელი სახელმწიფო, ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების, აგრეთვე ოფიციალური ღონისძიებების საპროტოკოლო უზრუნველყოფის საერთო ხელმძღვანელობა და კოორდინაცია;

ვ) საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტების პროგრამების პროექტების მომზადების, განხილვისა და შეთანხმების პროცესის ხელმძღვანელობა;

ზ) საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო კალენდრისა და მაღალი დონის შეხვედრების საპროტოკოლო საკითხების დაგეგმვა და კოორდინაცია კომპეტენციის ფარგლებში;

თ) საქართველოს პრეზიდენტის სახელით გასაგზავნი ოფიციალური მოწვევების, საპროტოკოლო კორესპონდენციისა და სხვა შესაბამისი საკომუნიკაციო კორესპონდენციის მომზადებისა და გაგზავნის პროცესის საპროტოკოლო კოორდინაცია კომპეტენციის ფარგლებში;

ი) სხვადასხვა ფორმატისა და შინაარსის ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელება;

კ) ღონისძიებების ჩატარებისათვის პროექტებისა და კონცეფციების შემუშავება;

ლ) საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საინფორმაციო/შემეცნებითი ტურების ორგანიზება და შესაბამისი საინფორმაციო მასალების პროექტების შემუშავება;

მ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება.

3. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია:

ა) საზოგადოებისათვის საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის ღონისძიებების საინფორმაციო საშუალებებით გაშუქების უზრუნველყოფა;

გ) საქართველოს პრეზიდენტის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგი და ანალიზი;

დ) სხვადასხვა სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური გვერდების ადმინისტრირება;

ე) მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა დაშვების ორგანიზება/ხელშეწყობა და პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო პირობების შექმნა კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) საგანგებო ან კრიზისულ სიტუაციებში მედიასთან კომუნიკაციის გეგმის შემუშავება და ოპერატიული რეაგირება;

ზ) ციფრული კომუნიკაციების სფეროში ახალი ტექნოლოგიების, ინსტრუმენტებისა და სიახლეების მუდმივი კვლევა და ყოველდღიურ საქმიანობაში დანერგვა;

თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება.

4. იურიდიული სამსახურის ფუნქციებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა და/ან მომზადება;

გ) საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს მთავრობასთან, საქართველოს პარლამენტსა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან ადმინისტრაციული და სამართლებრივი ურთიერთობის უზრუნველყოფა;

დ) საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტების ხელმოსაწერად წარდგენისათვის მომზადების უზრუნველყოფა და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისათვის წარდგენა;

ე) საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების საქართველოს მთავრობისაგან თანხმობის მისაღებად ან პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერისათვის წარსადგენად მომზადების უზრუნველყოფა და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისათვის წარდგენა;

ვ) საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საქართველოს პარლამენტში რატიფიკაციისა და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერისათვის საქართველოს მთავრობაში წარსადგენად მომზადების უზრუნველყოფა და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისათვის წარდგენა;

ზ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში საქართველოს პრეზიდენტის/საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

თ) ადმინისტრაციის უფროსისა და საპარლამენტო მდივნის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ი) ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

კ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებებსა და წერილებზე რეაგირება, ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება.

5. მოქალაქეობის, დაჯილდოებისა და შეწყალების სამსახურის ფუნქციებია:

ა) საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების/შეწყვეტის/შენარჩუნების საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა, საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა;

ბ) საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების/შეწყვეტის საკითხების განხილვა/პროცედურის წარმოება;

გ) საქართველოს სახელმწიფო პრემიების საკითხებთან დაკავშირებით შემოსული მასალის შესაბამისი კომისიის სხდომაზე წარსადგენად მომზადება;

დ) საქართველოს საპატიო მოქალაქეობის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს/საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სხვა ატრიბუტიკის გადასაცემად მომზადების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;

ე) მოთხოვნის შესაბამისად, დაკარგული/დაზიანებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს/შესაბამისი მოწმობის დუბლიკატის გაცემა;

ვ) შეწყალების საქმის მომზადება და საქართველოს პრეზიდენტისათვის განსახილველად წარდგენა „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული წესის შესაბამისად;

ზ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შეწყალების საკითხების განხილვა/პროცედურის წარმოება;

თ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;

ი) განცხადებების/წერილების განხილვა კომპეტენციის ფარგლებში;

კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება.

6. კორესპონდენციის მართვისა და მოქალაქეებთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია:

ა) საქმისწარმოების ორგანიზება; ადმინისტრაციაში ელექტრონული საქმისწარმოების უზრუნველყოფა;

ბ) ადმინისტრაციაში მომზადებული დოკუმენტების პროექტების რედაქტირება და ხელმოსაწერად მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;

გ) ადმინისტრაციაში მომზადებული სამართლებრივი აქტების რეესტრების წარმოება, ადრესატებისათვის დაგზავნა და შესაბამისი ელექტრონული საძიებო სისტემის განახლების უზრუნველყოფა;

დ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნების, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ე) ადმინისტრაციაში შემოსული კორესპონდენციის რეგისტრირება, კომპეტენციის განსაზღვრა და შესაბამისი ადრესატისათვის მიწოდება;

ვ) ადმინისტრაციაში შემოსული მოქალაქეთა წერილებისა და განცხადებების მიღება, რეგისტრირება, კომპეტენციის ფარგლებში განხილვა, ანალიზი, მათში დასმული პრობლემების განზოგადება და საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის შესაბამისი დასკვნების წარდგენა, ასევე სტატისტიკური და თემატური ანალიზის მომზადება;

ზ) ადმინისტრაციიდან გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია და ადრესატებისათვის დაგზავნა;

თ) ადმინისტრაციიდან გაგზავნილ წერილებში დასმული პრობლემების განხილვისა და მათზე დროული რეაგირების მიზნით, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სხვა დაწესებულებებთან თანამშრომლობა;

ი) მოქალაქეთა მისაღებისა და ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა, შესაბამისი სტატისტიკური და თემატური ანალიზის მომზადება;

კ) ადმინისტრაციის არქივის წარმოება;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება.

7. ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ფუნქციებია:

ა) ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება და დაგეგმვა;

ბ) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გასამართი კონკურსების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების (დანიშვნა, გადაყვანა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება, წახალისება და სხვ.), ასევე ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;

დ) საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ თანამდებობებზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირთა წარდგენის, დანიშვნისა და გათავისუფლების, ასევე უმაღლესი დიპლომატიური რანგის მინიჭებასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის მომზადება და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში კონკურსების ორგანიზება;

ე) ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების მონაწილეობით, ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებისა და სამუშაო ანალიზის საფუძველზე, სამუშაო აღწერილობების განსაზღვრა, ასევე, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის ხელშეწყობა;

ვ) ადმინისტრაციის მოხელეთა შეფასების პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ზ) ადმინისტრაციის მოხელეთა პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების, პროფესიული განვითარებისათვის საჭირო წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;

თ) ადმინისტრაციის თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და სხვა დოკუმენტაციის მართვა, შესაბამისი ინფორმაციის ასახვა საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში;

ი) ადმინისტრაციის შინაგანაწესის შემუშავება, მისი შესრულების მონიტორინგი და დაცვის უზრუნველყოფა;

კ) შიდაორგანიზაციული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობა;

ლ) ადმინისტრაციაში სტაჟირების ორგანიზებისა და განხორციელების ხელშეწყობა;

მ) ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

ნ) ადმინისტრაციაში შემოსული განცხადებებისა და წერილების განხილვა კომპეტენციის ფარგლებში;

ო) საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება; მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა; NATO-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრის ფუნქციონირების წარმართვა;

პ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება.

8. საფინანსო სამსახურის ფუნქციებია:

ა) ადმინისტრაციისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) ადმინისტრაციის ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადების უზრუნველყოფა;

გ) ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ანგარიშგების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) წლიური საბიუჯეტო კანონით ადმინისტრაციისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ათვისების შესახებ ინფორმაციის მომზადება ადმინისტრაციის უფროსის დავალების შესაბამისად;

ე) ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება.

9. ლოგისტიკისა და შესყიდვების სამსახურის ფუნქციებია:

ა) ადმინისტრაციის ფუნქციონირების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ბ) ადმინისტრაციული შენობის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო სამუშაოების, აგრეთვე საინჟინრო კომუნიკაციების, ტექნოლოგიური და სპეციალური დანიშნულების მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფის ზედამხედველობა კომპეტენციის ფარგლებში;

გ) ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული აქტივების კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხვა, მართვა და ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტოტრანსპორტის მართვა და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;

ე) ადმინისტრაციაში დაგეგმილი ღონისძიებების ტექნიკური მხარდაჭერა კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) სტრუქტურული ერთეულების მოთხოვნის საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმისა და მასში ცვლილების პროექტების მომზადება და დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარდგენა;

ზ) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

თ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებისა და მასში ცვლილების პროექტების მომზადება;

ი) სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმება ან/და ინფორმაციის წარდგენა შესაბამის უწყებებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

კ) ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

ლ) ინფორმაციულ-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მართვა და ადმინისტრირება;

მ) პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდისა და შიდასაკომუნიკაციო პორტალების ტექნიკური ადმინისტრირებისა და გამართულობის უზრუნველყოფა;

ნ) ტექნიკური აღჭურვილობის: კომპიუტერული ტექნიკის, პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერები, სკანერები), ვიდეო- და აუდიოკონფერენციის სისტემების გამართვა, განახლება და ტექნიკური მხარდაჭერა;

ო) პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიების აღრიცხვა, განახლება და სამართლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი;

პ) ელექტრონული ტექნიკის შესყიდვისათვის ტექნიკური დავალებების მომზადება და შესყიდული საქონლის/მომსახურების ხარისხის კონტროლი;

ჟ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება.

თავი V

ადმინისტრაციის თანამშრომლები, კომისიები და საბჭოები

მუხლი 9. ადმინისტრაციის თანამშრომლები

ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მათზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებას.

მუხლი 10. კომისიები და საბჭოები

1. ცალკეული საკითხების შესწავლისა და საქართველოს პრეზიდენტისათვის შესაბამისი რეკომენდაციებისა და დასკვნების წარდგენის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია შექმნას კომისიები და საბჭოები.

2. კომისიებისა და საბჭოების შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

თავი VI

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის

რეორგანიზაცია

მუხლი 11. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 09.10.2026.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“?
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ მიღებულია 09.10.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №257. სარეგისტრაციო კოდი — 010210040.08.002.017085.
სად არის „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.10.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“, №257, 09.10.2026, სარეგისტრაციო კოდი 010210040.08.002.017085 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.10.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7021197/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 09.10.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება