ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება N2/170-26

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/170-26
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/10/2026

დოკუმენტის ტექსტი

  
  
080212026012176577

საქმე №2/170-26

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

2026 წლის 5 ოქტომბერი 

ქ. ქუთაისი

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე  მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი ელისო ჟორჟოლიანი

 

განმცხადებელი – სს „ზუგდიდკოლხიდმშენის“ აქციონერი, მარინა შენგელია

წარმომადგენელი – დემურ სოტკილავა

 

დაინტერესებული პირი (აქციონერები) – 1. ვერა კიკიანი, 2. მემეთი მამფორია, 3. გონელი მამფორია, 4. ამერიკო კვარაცხელია, 5. რეზიკო კუკავა, 6. აბესალომი კილასონია, 7. მირიანე კარტოზია, 8. ზურაბ ჯიქია, 9. ჯამბული ბიგვავა, 10. შირიმი ჯანაშია, 11. არჩილ მიქაია, 12. კარლო ბულია, 13. შალიკო ფირცხალავა, 14. ტარიელი ესართია (სამართალმემკვიდრეები ნატო, ლიკა და ტატო ესართიები), 15. გურამი ესართია, 16. რეზო ჩხეტიანი, 17. ბონდო ბულია, 18. შადიმანი ბიგვავა, 19. დავით ჯგერენაია, 20. ბეჟანა ტაბაღუა, 21. გრიშა (შალვა) ალმასია, 22. გენად ყურაშვილი, 23. რეზიკო ხუბუა, 24. ნინა ხარჩილავა, 25. როდამი წყაროზია, 26. ვალერი წურწუმია, 27. ვეფხვია წიფურია, 28. ვანო ჭანტურია, 29. მურთაზ ტუფურია, 30. უტუ თოდუა, 31. გურიაზნი მაქაცარია, 32. გენო შონია, 33. მიხა შენგელია, 34. ზურაბი სახურია, 35. კოსტანტინე სახურია, 36. დავით სახურია, 37. ნინიკა ქირია, 38. ზურაბ ქანთარია, 39. ნუცა თოდუა, 40. მიმოზა მიქავა; 41. ზურაბ ჯღარკავა, 42. აბესალომი ჯღარკავა, 43. თეიმურაზ ჯიბლაძე, 44. სვეტლანა დოჩია, 45. არსენა დავითიანი, 46. სეროჟა მამფორია, 47. მამუკა ტაბაღუა, 48. ოტოლი სიგუა, 49. გულად ქანთარია, 50. ბორის ნიკოლაძე, 51. ავთანდილ ბასილაია, 52. თემური ბიგვავა, 53. მამუკა ბიგვავა, 54. აბდული ჭანტურია, 55. ანატოლი რიადჩუკი, 56. გიორგი ბიწკინაშვილი.

მოთხოვნა – სს „ზუგდიდკოლხიდმშენის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

სს „ზუგდიდკოლხიდმშენის“ (ს/ნ 220340940) 96,5375% აქციების მფლობელს  მარინა შენგელიას (პ/ნ 62006052185) ნება დაერთოს, მოახდინოს სს „ზუგდიდკოლხიდმშენის“ დარჩენილი აქციების გამოსყიდვა დაინტერესებული პირებისგან (3,4625 %-ის მფლობელი აქციონერებისგან).

განცხადება ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

საქმეში წარმოდგენილია სს „ზუგდიდკოლხიდმშენის“ (ს/ნ 220340940) ფასიანი ქაღალდების რეესტრი 2025 წლის 14 აპრილის მდგომარეობით, რომლის შესაბამისადაც მარინა შენგელია ფლობს სს „ზუგდიდკოლხიდმშენის“ (ს/ნ 220340940) აქციების 96,5375%-ს.

მარინა შენგელიას (ს/ნ 62006052185) მიერ 2025 წლის 19 დეკემბერს, მარეგისტრირებელი ორგანოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე, გამოქვეყნდა ელექტრონული განცხადება სს „ზუგდიდკოლხიდმშენის“ (ს/ნ 220340940)  მინორიტარი აქციონერის აქციის სავალდებულო მიყიდვის თაობაზე.

განმცხადებელმა სასამართლო სხდომაზე მოითხოვა, სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ, რის მიხედვითაც ნება მიეცემა მარინა შენგელიას (ს/ნ 62006052185), როგორც სს „ზუგდიდკოლხიდმშენის“ (ს/ნ 220340940) ხმის უფლების მქონე აქციათა 96,5375%-ის მესაკუთრეს, სს „ზუგდიდკოლხიდმშენის“ (ს/ნ 220340940) აქციათა დანარჩენი, ყველა ბენეფიციარი მესაკუთრისაგან (აქციონერისაგან) სამართლიან ფასად, სააღრიცხვო თარიღის მდგომარეობით გამოისყიდოს მათ საკუთრებაში არსებული სს „ზუგდიდკოლხიდმშენის“ აქცია, რაც შეადგენს 3,4625 %-ს (სულ გამოსასყიდი აქციის რაოდენობა 8430). განმცხადებელი ასევე ითხოვს აქციათა გამოსყიდვის სააღრიცხვო  თარიღად დადგინდეს 2026 წლის 01 დეკემბერი, 18:00 საათი.

2. დაინტერესებული პირის პოზიცია

ტარიელი ესართიას სამართალმემკვიდრეები ნატო, ლიკა და ტატო ესართიები დაეთანხმნენ განცხადებას.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. სს „ზუგდიდკოლხიდმშენის“ ფასიანი ქაღალდების რეესტრის მონაცემების შესაბამისად აქციები განაწილებულია 58 აქციონერზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

–  სს „ზუგდიდკოლხიდმშენის“ ფასიანი ქაღალდების რეესტრი (იხ. ტომი I. ს.ფ. 10-12);

–  მხარის ახსნა-განმარტება.

3.1.2.  მარინა შენგელიას განცხადება სს „ზუგდიდკოლხიდმშენის“  მინორიტარი აქციის სავალდებულო მიყიდვის თაობაზე, მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონულ პორტალზე  გამოქვეყნდა 2025 წლის 19 დეკემბერს, ხოლო აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადებით მარინა შენგელიას წარმომადგენელმა სასამართლოს მომართა 2026 წლის 21 იანვარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

– მარინა შენგელიას განცხადება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 7-8);

– განცხადება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 2-5).

3.1.3. სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2026 წლის 9 ივლისის ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ სს „ზუგდიდკოლხიდმშენის“ ერთი ცალი აქციის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 4.05 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

– სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 09/07/2026 წლის ექსპერტიზის დასკვნა №5004297926 (იხ. ტომი 2, ს.ფ. 35-58).

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4.  შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

განცხადების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ განცხადება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

„მეწარმეთა შესახებ“  საქართველოს კანონის 225-ე მუხლი;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის  მე-2, მე-3, 30914 მუხლები.

6.  სამართლებრივი  შეფასება

6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine  §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80).  ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ იცოდნენ და ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; niderost-huber v. Switzerland, § 24; k.s. v. finland § 21; ასევე, სუსგ №ას-1191-1133-2014, 14 მაისი, 2015 წელი).

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვეციის მე-6 მუხლით  გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება, უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას.

სასამართლო  აღნიშნავს,  რომ  ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ,  7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

6.2. განმცხადებლის მოთხოვნას წარმოადგენს: სს „ზუგდიდკოლხიდმშენის“ (ს/ნ 220340940) 96,5375%-ი აქციების მფლობელს მარინა შენგელიას (პ/ნ 62006052185) ნება დაერთოს, მოახდინოს სს „ზუგდიდკოლხიდმშენის“ დარჩენილი აქციების გამოსყიდვა დაინტერესებული პირებისგან (3,4625%-ის მფლობელი აქციონერებისგან).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.

სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მხარე თავის მოთხოვნას. საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მოსარჩელეს თავისი დარღვეული თუ სადავოდ გამხდარი უფლების დასაცავად შეუძლია, მიმართოს სასამართლოს. სასამართლოს ვალდებულებები პროცესუალური ინსტიტუტების გამოყენების ჭრილში, მათ შორის, მოიცავს სასამართლოს ფუნქციას, კონტროლი გაუწიოს საპროცესო უფლებების გამოყენების თავისუფალ სივრცეს. მოსამართლე ხელმძღვანელობს მხარეთა შეჯიბრებითობის განხორციელებას საპროცესო დანაწესების დაცვით. „...ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.....“ (იხ. საქმე №ას-664-635-2016 საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება). ამასთან, „სამართალწარმოების ჯეროვნად განხორციელების მიზნით, შიდა სასამართლო ინსტანციებმა საკმარისი სიზუსტით უნდა განსაზღვრონ ის მოტივები, რომლებსაც ისინი თავიანთ გადაწყვეტილებებში ეყრდნობიან. თუკი ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის I ნაწილი სასამართლოებს ავალდებულებს, დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილება, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. 2009 წლის 24 თებერვლის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, CASE OF JGARKAVA v. GEORGIA (#7932/03)).

მოცემულ შემთხვევაში, მარინა შენგელიას მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225-ე მუხლი.  მითითებული მუხლის თანახმად, თუ აქციონერს აქციების შეძენის შედეგად საკუთრებაში აქვს სააქციო საზოგადოების ხმების არანაკლებ 95 პროცენტისა, ამ აქციონერს (ამ მუხლის მიზნებისათვის – მყიდველი) უფლება აქვს სამართლიან ფასად გამოისყიდოს სხვა აქციონერთა აქციები.

აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. აქციათა გამოსყიდვის სამართლიან ფასსა და გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღს განსაზღვრავს სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებით. მყიდველი სასამართლოსთვის მიმართვამდე არაუგვიანეს 1 თვისა აქვეყნებს განცხადებას სავალდებულო მიყიდვის თაობაზე. ეს განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას აქციათა გამოსყიდვის მიზეზების/პირობების და პროცედურების შესახებ. აქციათა რეესტრის მწარმოებელი პირი (ამ მუხლის მიზნებისთვის – რეგისტრატორი) სასამართლოს მიერ განსაზღვრულ გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღს ამ თარიღამდე არაუგვიანეს 5 დღისა ყველა ნომინალურ მფლობელს ატყობინებს. გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღიდან აქციათა გამოსყიდვის პროცედურების დასრულებამდე წყდება ამ აქციებთან დაკავშირებული ოპერაციები, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისა. რეგისტრატორი ადგენს ყველა რეგისტრირებული მესაკუთრის სიას გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღის მდგომარეობით (ამ სიაში მიეთითება მათი ვინაობა, მისამართები და მათ საკუთრებაში არსებულ აქციათა რაოდენობა) (გამოსყიდვის რეესტრი) და მყიდველის მიერ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად ქმედებათა განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტების (მათ შორის, აქციათა გამოსასყიდი თანხის სრულად დეპონირების დამადასტურებელი დოკუმენტის) წარდგენის საფუძველზე ყველა აქციას მყიდველის სახელზე გადააფორმებს. რეგისტრატორის ხარჯებს ანაზღაურებს მყიდველი. მყიდველი ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს დანარჩენ აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე კომერციულ ბანკში, ცენტრალურ დეპოზიტართან ან საბროკერო კომპანიასთან, რომელსაც მყიდველი გადასცემს გამოსყიდვის რეესტრს („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225-ე მუხლი).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30914 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, თუ სასამართლო დაადგენს აქციათა სავალდებულო მიყიდვის პროცედურების შესაბამისობას კანონის მოთხოვნებთან, მას გამოაქვს გადაწყვეტილება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლომ აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენისას უნდა გაითვალისწინოს: ა) ამ აქციების ღირებულება ფასიანი ქაღალდების ბაზარზე; ბ) საზოგადოების მიერ მომავალში მისაღები სავარაუდო შემოსავლები; გ) საზოგადოების აქტივები და პასივები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30914 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასი და თარიღი (სამუშაო დღის ბოლოს შესაბამისი დრო), რომლის მდგომარეობით არსებულ აქციათა ბენეფიციარ მესაკუთრეთაგან უნდა მოხდეს მყიდველის მიერ აქციათა გამოსყიდვა (გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღი).

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ შეამოწმა აქციათა სავალდებულო მიყიდვის პროცედურის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა და აქციათა შეფასების შესახებ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, აქციათა გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღად უნდა განისაზღვროს 1 დეკემბერი, 2026 წელი, 18:00 საათი.

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადებაზე, შეადგენს 500 ლარს.  იგივე ჩანაწერს შეიცავს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განიხილება გამარტივებული წესით. ამ ტიპის დავებში, აქციონერები, რომელთა აქციების გამოსყიდვასაც მოითხოვს მყიდველი, საქმეში ჩართულია დაინტერესებული პირის სტატუსით. ამდენად, სასამართლოს შეფასებით, დაინტერესებულ პირებზე ვერ გავრცელდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილების წესი. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მარინა შენგელიას განცხადება დაკმაყოფილდა, მის მიერ გადახდილი ბაჟი – 500 ლარი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 243-ე, 249-ე, 257-ე, 30914, 30915 მუხლებით,

გადაწყვიტა:

1. სს „ზუგდიდკოლხიდმშენის“ აქციონერის მარინა შენგელიას განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. სს „ზუგდიდკოლხიდმშენის“ (ს/ნ 220340940) 96,5375% აქციების მფლობელს  მარინა შენგელიას (პ/ნ 62006052185) ნება დაერთოს, მოახდინოს სს „ზუგდიდკოლხიდმშენის“ დარჩენილი აქციების გამოსყიდვა დაინტერესებული პირებისგან (3,4625 %-ის მფლობელი აქციონერებისგან).

3. აქციათა გამოსყიდვის ფასად განისაზღვროს  4.05 ლარი.

4. აქციათა გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღად განისაზღვროს – 2026 წლის 1 დეკემბერი – 18:00 საათი.

5.  განმცხადებლის მიერ საქმეზე გადახდილი ბაჟი 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

6. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (ქ. ქუთაისი, ვ.კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

8. გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.

 

მოსამართლე                                                                                   მანანა ნიკაჭაძე             


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება N2/170-26“?
დიახ, სასამართლოს აქტები „ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება N2/170-26“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.10.2026.
როდის იქნა მიღებული „ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება N2/170-26“?
„ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება N2/170-26“ მიღებულია 05.10.2026. მიმღები ორგანო — ქუთაისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/170-26.
სად არის „ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება N2/170-26“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.10.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სასამართლოს აქტები „ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება N2/170-26“, №2/170-26, 05.10.2026 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.10.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7021450/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 05.10.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება