ცოცხალი დონაციის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №49/ნ |
|
2026 წლის 13 ნოემბერი ქ. თბილისი |
|
📎 დანართები (1)
danarti 49.docx ⬇
ცოცხალი დონაციის კომისიის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ეს დებულება განსაზღვრავს „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ცოცხალი დონაციის კომისიის (შემდგომ – კომისია) შემადგენლობას და აწესრიგებს მის საქმიანობასა და უფლებამოსილებებთან დაკავშირებულ საკითხებს.
კომისია არის გადანერგვის ცენტრისგან დამოუკიდებელი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ბრძანებით შექმნილი ექსპერტული, სათათბირო ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს დონორის მოტივაციის, ფსიქოსოციალური სტატუსისა და რეციპიენტთან ურთიერთობის წინასასამართლო შეფასებას.
კომისია საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადამიანის ორგანთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
კომისიის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, 0119, აკაკი წერეთლის გამზირი №144.
მუხლი 2. კომისიის საქმიანობის პრინციპები
კომისია საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების პრიორიტეტულობის, ინდივიდუალური მიდგომისა და თანაბარი მოპყრობის პრინციპების საფუძველზე.
კომისიის საქმიანობა ეფუძნება პროფესიულ დამოუკიდებლობას, ობიექტურობასა და გადაწყვეტილების დასაბუთებულობას და მიმართულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის პრიორიტეტულად დაცვისკენ.
კომისიის საქმიანობისას უზრუნველყოფილია კონფიდენციალურობის, დონორისა და რეციპიენტის პირადი ცხოვრების დაცულობა, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
მუხლი 3. კომისიის შემადგენლობა და დაკომპლექტების წესი
კომისია შედგება 4 წევრისგან. კომისიის შემადგენლობაში შედიან:
ა) ფსიქიატრი, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;
ბ) ფსიქოლოგი, რომელსაც აქვს პრაქტიკოს ფსიქოლოგად მუშაობის არანაკლებ 5- წლიანი გამოცდილება;
გ) სოციალური მუშაკი;
დ) ცოცხალი დონაციის სპეციალისტი - დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე ექიმი-სპეციალისტი, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5- წლიანი გამოცდილება.
კომისიის პერსონალური შემადგენლობა და მათი ჩამნაცვლებელი წევრები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია შეიქმნას ორი ან მეტი კომისია.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო) უზრუნველყოფს ცოცხალი დონაციის კომისიის წევრის (მათ შორის ჩამნაცვლებელი წევრის) გადამზადებას ცოცხალი დონორების კონსულტირებისა (მათ შორის, ტრანსპლანტოლოგიისა და ბიოეთიკის სფეროში) და ფსიქოსოციალური შეფასების საკითხებში.
მუხლი 4. კომისიის წევრი
კომისიის წევრს უფლება აქვს:
ა) შეუფერხებლად და ყოველგვარი ჩარევის გარეშე განახორციელოს უფლებამოსილება;
ბ) გამოთქვას მოსაზრება/შენიშვნა და წარადგინოს წინადადება კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის სხვა წევრების დასწრების გარეშე ჩაატაროს გასაუბრება/გამოკითხვა დონორთან, რეციპიენტთან ან სხვა შესაბამის პირთან;
დ) გამოთქვას განსხვავებული აზრი.
კომისიის წევრი ვალდებულია:
ა) იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტულობის პრინციპის შესაბამისად;
ბ) კეთილსინდისიერად და ობიექტურად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები;
გ) დაიცვას პერსონალური მონაცემები და არ გაამჟღავნოს დონორთან/რეციპიენტთან დაკავშირებული ინფორმაცია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ) ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ კომისიას და არ მიიღოს მონაწილეობა შესაბამისი საკითხის განხილვაში;
ე) მონაწილეობა მიიღოს კომისიის სხდომებში და არ დაუშვას პროცესის გაუმართლებელი გაჭიანურება.
კომისიის წევრისა და კომისიის ჩამნაცვლებელი წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) საექიმო საქმიანობის უფლების შეჩერება ან ჩამორთმევა;
გ) ინტერესთა კონფლიქტის გაუცხადებლობა ან ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების უხეში ან სისტემატური დარღვევა;
დ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;
ე) სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება;
ვ) გარდაცვალება;
ზ) სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ამართლებს კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას.
კომისიის წევრს და კომისიის ჩამნაცვლებელ წევრს უფლებამოსილება უწყდებათ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 5. ინტერესთან კონფლიქტი, აცილება,
თვითაცილება
კომისიის წევრი ვალდებულია კომისიის წინაშე დააყენოს თვითაცილების საკითხი, თუ არსებობს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინტერესთა კონფლიქტის ერთ-ერთი საფუძველი.
კომისიის წევრის აცილების მოთხოვნა შეიძლება, დააყენოს:
ა) კომისიის სხვა წევრმა;
ბ) დონორმა, რეციპიენტმა ან მათმა კანონიერმა წარმომადგენელმა/მხარდამჭერმა.
კომისიის წევრის აცილების საფუძველია:
ა) პირადი, ქონებრივი ან სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ინტერესი საქმეში;
ბ) დონორთან/რეციპიენტთან, მის ოჯახთან ან კანონიერ წარმომადგენელთან/მხარდამჭერთან ნათესაური, სამსახურებრივი ან სხვა ახლო კავშირი;
გ) საქმესთან დაკავშირებული წინასწარი პოზიციის საჯაროდ ან ოფიციალურად დაფიქსირება;
დ) სხვა გარემოება, რომელიც ობიექტურად შეიძლება, იწვევდეს ეჭვს მის მიუკერძოებლობაზე.
აცილების საკითხს წყვეტს კომისია დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით, იმ წევრის მონაწილეობის გარეშე, რომლის აცილებაც განიხილება.
აცილებული ან თვითაცილებული კომისიის წევრის ნაცვლად სხდომაში, საქმის განხილვაში მონაწილეობს მისი შემცვლელი წევრი.
მუხლი 6. კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და სამდივნო
კომისიას ჰყავს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე.
კომისიის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;
ბ) იწვევს კომისიის სხდომას და განსაზღვრავს მისი ჩატარების ადგილს, დროსა და ფორმატს;
გ) ადგენს სხდომის დღის წესრიგს;
დ) უძღვება სხდომას და უზრუნველყოფს საკითხის სრულყოფილ განხილვას;
ე) უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიღების პროცედურის დაცვას;
ვ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აცილების/თვითაცილების, უფლებამოსილების შეწყვეტის ან სხვა მიზეზით მის მიერ ფუნქციის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს თავმჯდომარის მოადგილე.
კომისიის სამდივნოს ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი.
კომისიის სამდივნო:
ა) უზრუნველყოფს სხდომის ორგანიზებას;
ბ) უზრუნველყოფს წევრებისთვის მასალების დროულ მიწოდებას;
გ) აწარმოებს სხდომის ოქმს;
დ) ახორციელებს სხდომის აუდიო ან/და ვიდეოჩაწერასა და მისი შესაბამისი წესით დაარქივებას;
ე) ამზადებს მიღებული გადაწყვეტილებების პროექტს;
ვ) ასრულებს კომისიის თავმჯდომარის დავალებებს;
ზ) ახორციელებს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 7. კომისიის ჩამნაცვლებელი წევრი
კომისიის წევრს ჰყავს შემცვლელი, რომელიც კომისიის წევრის არყოფნის შემთხვევაში ცვლის მას.
თუ კომისიის წევრი კომისიის სხდომაში სამსახურებრივი, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ინტერესთა კონფლიქტის ან სხვა მიზეზით ვერ მონაწილეობს, კომისიის სხდომაში მონაწილეობს კომისიის შესაბამისი ჩამნაცვლებელი წევრი.
კომისიის წევრის ჩამნაცვლებელს კომისიის სხდომაში მონაწილეობის შემთხვევაში აქვს კომისიის წევრის უფლებები და ვალდებულებები.
დაუშვებელია კომისიის სხდომაში კომისიის წევრისა და მისი ჩამნაცვლებელი წევრის ერთდროულად მონაწილეობა.
კომისიის წევრის მისი ჩამნაცვლებლით ჩანაცვლება აისახება სხდომის ოქმში.
მუხლი 8. კომისიის უფლებამოსილება
კომისია უფლებამოსილია განიხილოს განცხადება და მიიღოს გადაწყვეტილება ცოცხალი დონაციის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის თაობაზე.
კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ყველა წევრი.
საქმის სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით კომისია უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ნებისმიერი შესაბამისი დოკუმენტაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია;
ბ) გაეცნოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო დოკუმენტებს, მათ შორის, გადანერგვის ცენტრის მიერ დონორისთვის ჩატარებული სამედიცინო შეფასების ანგარიშს. მასში მითითებული უნდა იყოს, რომ შესაძლებელია დონორის ორგანოს გადანერგვა რეციპიენტისთვის, აგრეთვე წარმოდგენილი უნდა იყოს იმ გამოკვლევათა ჩამონათვალი, რომელთა საფუძველზეც იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება;
გ) დონორს გაუწიოს კონსულტაცია;
დ) განახორციელოს დონორის ფსიქოსოციალური შეფასება;
ე) საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს დამატებითი სპეციალისტი;
ვ) ჩაატაროს სხდომები;
ზ) ნათესაური კავშირის ან ახლო პირადი ურთიერთობის (ემოციური კავშირის) დასადასტურებლად, დონორის სამედიცინო შეფასების განსამარტად ან სხვა სათანადო მიზნით გამოიძახოს მოწმეები, დასვას კითხვები და მიიღოს მათგან ახსნა-განმარტებები;
თ) სხდომაში მონაწილე დონორს, რეციპიენტს, მათ კანონიერ წარმომადგენელს/ მხარდამჭერს დაუსვას კითხვები;
ი) საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების ადგილზე გადამოწმებისა და შესწავლის მიზნით განახორციელოს ადგილზე ვიზიტი;
კ) თუ წარდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებები ვერ უზრუნველყოფს დონორსა და რეციპიენტს შორის გენეტიკური ნათესაური კავშირის დადგენას, მოითხოვოს გენეტიკური კვლევის (დნმ-ტესტირება) დანიშვნა;
ლ) განახორციელოს ამ დანართით და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 9. დონორისთვის კონსულტაციის გაწევა
ინფორმირებული თანხმობის განცხადებამდე მომავალი დონორი ცოცხალი დონაციის სპეციალისტისგან იღებს მიუკერძოებელ კონსულტაციას ორგანოს დონაციასთან დაკავშირებული რისკებისა და მისი უფლება-მოვალეობების შესახებ.
ცოცხალი დონაციის სპეციალისტი დონორს მკაფიოდ განუმარტავს, რომ მას უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, საკუთარი თავისუფალი ნების საფუძველზე, უარი თქვას დონაციაზე ისე, რომ ამას მისთვის რაიმე უარყოფითი შედეგი არ მოჰყვეს. ამასთან, დონორს უფლება აქვს, დონაციაზე უარის თქმის მიზეზი კონფიდენციალურად დარჩეს.
ცოცხალი დონორისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსულტაციის გასაწევად მისგან მოპოვებული უნდა იქნეს ყველა საჭირო ინფორმაცია. კონსულტაცია უნდა მოიცავდეს ყველა ინფორმაციას, რომელიც ეხება ცოცხალი დონაციის პროცესს, მის მიზანს, არსსა და მოსალოდნელ შედეგებს, მისი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის მოსალოდნელ მოკლევადიან და გრძელვადიან სამედიცინო და ფსიქოლოგიურ რისკებს, რეციპიენტისთვის მოსალოდნელ რისკებსა და გართულებებს და მისი მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებს, იმ უკუჩვენებებს, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ორგანოს დონაციას, აგრეთვე დონორის უფლებებს, მისი დაცვის გარანტიებსა და მის ვალდებულებებს.
დონორთან ორმხრივი ინფორმაციის გაცვლისა და კონსულტირების მიზნით, ცოცხალი დონაციის სპეციალისტი ატარებს გასაუბრებას დონორთან. ამავდროულად, ცოცხალი დონაციის სპეციალისტი დონორს გადასცემს მისი ელექტრონული ფოსტის მისამართს ან/და ტელეფონის ნომერს, დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში ოპერატიული კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად.
ცოცხალი დონაციის სპეციალისტის გადაწყვეტილებით, ცოცხალი დონაციის სპეციალისტსა და ცოცხალ დონორს შორის კონსულტაციის გაწევისა და ინფორმაციის მიმოცვლის პროცესი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, დასაშვებია წარიმართოს, მათ შორის, დისტანციურ ფორმატში.
ცოცხალი დონაციის სპეციალისტი ცოცხალი დონორისთვის კონსულტაციის გაწევისა და ინფორმაციის მიწოდების, აგრეთვე მისგან ინფორმაციის მიღების შედეგების შესახებ ადგენს დოკუმენტს.
მუხლი 10. დონორის ფსიქოსოციალური შეფასება
ფსიქოსოციალურ შეფასებას ატარებს კომისია დონორისა და რეციპიენტის ურთიერთობის, ორგანოს დონაციასთან დაკავშირებული რისკებისა და სარგებლის შესახებ მათი ცნობიერების, ცოდნისა და აღქმის, მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის, მოტივაციისა და მოლოდინის შეფასებისა და სოციალური მხარდაჭერის მიზნით.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფსიქოსოციალური შეფასებისათვის კომისია, საჭიროებისამებრ, იყენებს ცოცხალი დონორის შესახებ არსებულ შესაბამის დოკუმენტებს/ინფორმაციას, კითხვარებს, ტესტებს, ინტერვიუებს ან/და სხვა ფსიქოსოციალური შეფასების საშუალებებს. ფსიქოსოციალური შეფასება მოიცავს ცოცხალ დონორსა და რეციპიენტს შორის ურთიერთობის გამოკვლევას, ორგანოს დონაციისთვის პირის ფსიქოლოგიური და სოციალური შესაბამისობის შეფასებას, ასევე დონაციის განხორციელების მოტივაციას.
დონორის ფსიქოსოციალური შეფასების შედეგების თაობაზე დგება შესაბამისი ანგარიში.
მუხლი 11. კომისიისთვის განცხადებით მიმართვა
ორგანოს გადანერგვის ოპერაციის განხორციელებამდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე, (გარდა ამ დებულების მე-12 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) გადანერგვის ცენტრი უფლებამოსილია წერილობითი ფორმით მიმართოს კომისიას განცხადებით ცოცხალი დონაციის განხორციელებაზე თანხმობის მიღების მიზნით. განცხადება ივსება დადგენილი ფორმით (დანართი №1).
წარმოდგენილ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) დონორსა და რეციპიენტს შორის ნათესაური კავშირის არსებობის შემთხვევაში:
ა.ა) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის (დონორი არის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი (რომელსაც დაწესებული არ აქვს მხარდაჭერა) საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირი, ლტოლვილი, დამატებითი დაცვის მქონე პირი ან საქართველოს მოქალაქე რეციპიენტის უცხო ქვეყნის მოქალაქე გენეტიკური ნათესავი), აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − იმავე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის (თუ რეციპიენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა − არსებობს სათანადო ხელშეკრულება საქართველოსა და შესაბამისი უცხო ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის) დაცვას;
ა.ბ) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს დონორსა და რეციპიენტს შორის ნათესაური კავშირის არსებობას, „დონორსა და რეციპიენტს შორის განცხადებული ნათესაური კავშირის ან ახლო პირადი ურთიერთობის (ემოციური კავშირის) გადამოწმების ოპერაციული პროტოკოლის“ შესაბამისად;
ა.გ) გადანერგვის ცენტრის მიერ მომზადებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია – ფორმა №IV–100/ა), რომელიც ადასტურებს - (ა) რეციპიენტის შესაბამისობას ორგანოს გადანერგვის ჩვენების კრიტერიუმებთან და (ბ) რეციპიენტისთვის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის, მისი მძიმე ავადმყოფობისგან განკურნებისთვის, დაავადების პროგრესირების შეჩერებისთვის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მკურნალობის სხვა, ალტერნატიული ხელმისაწვდომი მეთოდის არარსებობას. თუ კომისიაში შედის განცხადება გადაუდებელი წესით ცოცხალი დონაციის განხორციელებაზე თანხმობის მიღების თაობაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა უნდა შეიცავდეს სათანადო დასაბუთებასა და მითითებას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გადანერგვის ოპერაციის გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობის შესახებ;
ა.დ) დონორის წერილობითი თანხმობა, რომ კომისიამ განიხილოს მისი კანდიდატურა ორგანოს დონორად (დანართი №2);
ა.ე) გადანერგვის ცენტრის მიერ შევსებული რეციპიენტის/კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის წერილობითი თანხმობა მიიღოს ორგანო დონორისგან (დანართი №3);
ა.ვ) დასკვნა დონორისა და რეციპიენტის ანტიგენური თავსებადობის შესახებ;
ა.ზ) გადანერგვის ცენტრის მიერ მომზადებული მომავალი დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია – ფორმა №IV–100/ა), ასევე, დასკვნა, რომ სადონაციო ორგანოს მოპოვება მის ფიზიკურ ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს არ შეუქმნის;
ა.თ) დონორის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV–100/ა);
ა.ი) გადანერგვის ცენტრის ეთიკური კომისიის რეკომენდაცია, რომ დაგეგმილი გადანერგვა შეესაბამება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ბ) დონორსა და რეციპიენტს შორის ახლო პირადი ურთიერთობის (ემოციური კავშირის) არსებობის შემთხვევაში:
ბ.ა) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს არანაკლებ 2 წლის განმავლობაში დონორსა და რეციპიენტს შორის ახლო, პირადი და სტაბილური ემოციური კავშირის არსებობას, „დონორსა და რეციპიენტს შორის განცხადებული ნათესაური კავშირის ან ახლო პირადი ურთიერთობის (ემოციური კავშირის) გადამოწმების ოპერაციული პროტოკოლის“ შესაბამისად;
ბ.ბ) ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა შორის ცოცხალი დონორი ვერ მოიძებნა;
ბ.გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ა.გ“−„ა.თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ცნობა და მტკიცებულებები;
ბ.დ) გადანერგვის ცენტრის ეთიკური კომისიის რეკომენდაცია, რომ დაგეგმილი გადანერგვა შეესაბამება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს (გარდა, დონორსა და რეციპიენტს შორის ახლო პირად ურთიერთობასთან (ემოციურ კავშირთან) დაკავშირებული გარემოებების დადასტურებისა).
მუხლი 12. განცხადების განხილვა
კომისიის სამდივნო ახდენს რეგისტრირებული განცხადების შესაბამისობის შეფასებას ფორმალურ-სამართლებრივ მოთხოვნებთან 5 სამუშაო დღის ვადაში. არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში განაცხადის წარმომდგენს ეძლევა 5 სამუშაო დღე ხარვეზის გამოსასწორებლად, რომლის თაობაზეც მას ეცნობება კომისიის სამდივნოს მიერ.
იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში კომისიის სამდივნოში არ იქნება წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტები, კომისიის სამდივნოს მიერ განაცხადის წარმომდგენს ეგზავნება ოფიციალური შეტყობინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში წარმოდგენილ განაცხადსა და თანდართულ დოკუმენტაციას განიხილავს კომისია. განცხადების განხილვის პროცესში კომისია ახორციელებს ამ დანართის მე-8 მუხლით დადგენილ უფლებამოსილებას. კომისიის თანხმობა ცოცხალი დონორისაგან ორგანოთა გადანერგვის თაობაზე გაიცემა/დასტურდება განაცხადის წარმოებაში მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
წარმოებაში მიღებული განცხადების განხილვის პროცესში, თუ კომისიის მიერ დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენის ან მოწმის გამოცხადების მოთხოვნა, აგრეთვე, ამ დებულების მე-8 მუხლით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება დამატებით დროს საჭიროებს, კომისია უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე, გააგრძელოს განცხადების განხილვის ვადა არაუმეტეს 15 სამუშაო დღით. განცხადების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ აღინიშნება კომისიის სხდომის ოქმში.
კომისია გადაწყვეტილებებს იღებს სხდომაზე. კომისიის ყოველი სხდომის შემდეგ დგება ოქმი, რომელსაც კომისიის დამსწრე ყველა წევრი აწერს ხელს.
თუ დონორი/რეციპიენტი არასრულწლოვანი ან მხარდამჭერის მიმღებია და ორგანოს გადანერგვის საკითხთან დაკავშირებით მისი აზრის მოსმენა (გაგება) შესაძლებელია, კომისიამ ცოცხალი დონაციის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის საკითხის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხოლოდ აღნიშნული აზრის მოსმენის (გაგების) შემდეგ.
კომისიის სხდომა, ასევე, კომისიის წევრის მიერ დონორთან/რეციპიენტთან/სხვა შესაბამის პირთან გასაუბრება/გამოკითხვა შეიძლება გაიმართოს ფიზიკური დასწრებით, დისტანციურად – ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით (ონლაინფორმატში) ან შერეული ფორმით – საქმის განხილვაში მონაწილე ერთი ან რამდენიმე პირის დისტანციურად მონაწილეობით. დისტანციურად ან შერეული ფორმით სხდომა/გასაუბრება/გამოკითხვა ტარდება, თუ უზრუნველყოფილია მონაწილეთა იდენტიფიკაცია, მათი პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურის დაცვა. კომისიის სხდომის ფორმატს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო კომისიის წევრის მიერ ინდივიდუალური გასაუბრების/გამოკითხის ფორმატზე გადაწყვეტილება მიიღება კომისიის გამსაუბრებელი წევრის მიერ, საქმის გარემოებების გათვალისწინებით.
კომისიის სხდომა შეიძლება ჩაიწეროს აუდიო ან/და ვიდეოფორმატში. კომისიის სხდომის აუდიო ან/და ვიდეოჩაწერას ახორციელებს სამდივნო.
ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით დადგენილი ვადების დაცვა არ ხორციელდება, თუ პაციენტს/რეციპიენტს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ესაჭიროება გადანერგვის ოპერაციის გადაუდებელი წესით ჩატარება, რომლის დაყოვნებაც საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
მუხლი 13. მტკიცებულებითი სტანდარტი
კომისია ცოცხალ დონაციაზე თანხმობის გაცემის ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აშკარა და დამარწმუნებელი მტკიცებულებების სტანდარტით.
აშკარა და დამარწმუნებელი მტკიცებულებების სტანდარტი დაკმაყოფილებულად ითვლება, თუ წარმოდგენილი დოკუმენტებისა და საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზით გონივრული ეჭვის საფუძველს არ ტოვებს მხარეთა შორის ნათესაური ან ახლო პიროვნული კავშირის არსებობა.
მტკიცებულებათა შეფასებისას კომისია ეყრდნობა შინაგან რწმენას, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს საქმეში არსებული მასალების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.
თუ წარმოდგენილი მტკიცებულებები ურთიერთგამომრიცხავია, ტოვებს არსებით ორაზროვნებას ან ბადებს დასაბუთებულ ეჭვს დონაციის უანგარობის (კომერციული გარიგების რისკის) თაობაზე, მტკიცებულებითი სტანდარტი ითვლება დაუკმაყოფილებლად და კომისია იღებს გადაწყვეტილებას თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. დონაციის უანგარობის შეფასება ხორციელდება „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 14. გადაწყვეტილების მიღება
კომისია იღებს გადაწყვეტილებას ცოცხალ დონაციაზე თანხმობის გაცემის ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
კომისია ცოცხალ დონორობაზე თანხმობას გასცემს მისი ყველა წევრის თანხმობის საფუძველზე. თუ ამ კომისიის რომელიმე წევრი ცოცხალ დონორობაზე თანხმობის გაცემაზე უარს განაცხადებს, თანხმობა არ გაიცემა. კომისიის აღნიშნული წევრი ასაბუთებს უარს.
ცოცხალ დონაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 15. გარდამავალი დებულება
ამ ბრძანების ამოქმედებამდე ცოცხალი დონაციის განხორციელებაზე თანხმობის მიღების მიზნით სამინისტროში მიმდინარე წარმოებაში არსებულ განცხადებას განიხილავს ცოცხალი დონაციის კომისია.
ამ ბრძანების ამოქმედებამდე პერიოდში ცოცხალი დონაციის განხორციელებაზე თანხმობის მიღების მიზნით სამინისტროში შემოტანილი განცხადება ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით უნდა აკმაყოფილებდეს „ტრანსპლანტაციის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №01-31/ნ ბრძანებით დადგენილი ცოცხალი დონორისგან ორგანოთა გადანერგვის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო შესაბამის დოკუმენტაციას/კრიტერიუმებს.
ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას ცოცხალი დონაციის კომისია განიხილავს განცხადების განხილვის დროს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა დონორის დახასიათებისა და ორგანოს დახასიათების განხორციელების წესის, ასევე დონორის ტესტირების ჩატარებასთან დაკავშირებული მოთხოვნების მარეგულირებელი კანონმდებლობისა.
ცოცხალი დონაციის კომისიის წევრების (მათ შორის, ჩამნაცვლებელი წევრების) გადამზადება ცოცხალი დონორების კონსულტირებისა (მათ შორის, ტრანსპლანტოლოგიისა და ბიოეთიკის სფეროში) და ფსიქოსოციალური შეფასების საკითხებში განხორციელდეს არაუგვიანეს 2027 წლის პირველი მარტისა.
დანართი №1
განცხადება
ცოცხალი დონაციის კომისიას
განცხადების ტიპი: სტანდარტული/გადაუდებელი (გახაზეთ შესაბამისი ვარიანტი)
განმცხადებლის მონაცემები:
გადანერგვის ცენტრი -----------------------------------------------------------
გადანერგვის ცენტრის საკონტაქტო პირი ------------------------------------
გადანერგვის ცენტრის საკონტაქტო პირის მობილურის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი------------------------------------------------------------------------------------------------
მომავალი დონორის მონაცემები:
სახელი-----------------------------------------------------------------
გვარი -------------------------------------------------------------------
პ/ნ------------------------------------------------------------------------
დონორის ტელეფონის ნომერი-------------------------------------------------------------
მომავალი დონორი არის: (შემოხაზეთ შესაბამისი ვარიანტი)
ა) საქართველოს მოქალაქე;
ბ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი;
გ) საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირი;
დ) ლტოლვილი;
ე) დამატებითი დაცვის მქონე პირი;
ვ) საქართველოს მოქალაქე რეციპიენტის უცხო ქვეყნის მოქალაქე გენეტიკური ნათესავი („ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფარგლებში).
მომავალი რეციპიენტის მონაცემები:
სახელი-----------------------------------------------------------------
გვარი -------------------------------------------------------------------
პ/ნ------------------------------------------------------------------------
რეციპიენტის ტელეფონის ნომერი-------------------------------------------------------------
მომავალი რეციპიენტი არის: (შემოხაზეთ შესაბამისი ვარიანტი)
ა) საქართველოს მოქალაქე;
ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქე; ამ შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი ხელშეკრულება კანონის თანახმად;
გ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი;
დ) საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირი;
ე) ლტოლვილი;
ვ) დამატებითი დაცვის მქონე პირი.
მოთხოვნილია შემდეგი ორგანოს გადანერგვაზე თანხმობა: თირკმელი/ღვიძლი/ფილტვი/პანკრეასი/ნაწლავი (გახაზეთ შესაბამისი ვარიანტი).
ცოცხალი დონორობის საფუძველი არის: ნათესაური კავშირი/ახლო პირადი ურთიერთობა (გახაზეთ შესაბამისი ვარიანტი).
მომავალ რეციპიენტთან მომავალ დონორს აქვს შემდეგი ნათესაური კავშირი: (ივსება, თუ ცოცხალი დონორობის საფუძველი არის ნათესაური კავშირი) (შემოხაზეთ შესაბამისი ვარიანტი)
ა) რეციპიენტის მეუღლე, თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 1 წელი;
ბ) რეციპიენტის გენეტიკური ნათესავი (შვილი, დედა, მამა, შვილიშვილი, ბებია, პაპა, და, ძმა, დისშვილი, ძმისშვილი, დედის და, დედის ძმა, მამის და, მამის ძმა, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ბიძაშვილი) (გახაზეთ შესაბამისი ვარიანტი);
გ) რეციპიენტის მეუღლის შვილი, დედა (დედამთილი/სიდედრი), მამა (მამამთილი/სიმამრი), შვილიშვილი, ბებია, პაპა, და (მული/ცოლისდა), ძმა (მაზლი/ცოლისძმა), რეციპიენტის შვილის მეუღლე (რძალი/სიძე), შვილიშვილის მეუღლე (რძალი/სიძე), დის მეუღლე (სიძე), ძმის მეუღლე (რძალი), თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 2 წელი. (გახაზეთ შესაბამისი ვარიანტი).
მომავალ რეციპიენტთან მომავალ დონორს აქვს შემდეგი სახის ახლო პირადი ურთიერთობა (ემოციური კავშირი): (ივსება, თუ ცოცხალი დონორობის საფუძველი არის ახლო პირადი ურთიერთობა (ემოციური კავშირი) (შემოხაზეთ შესაბამისი ვარიანტი)
ა) მეგობარი;
ბ) საცოლე;
გ) საქმრო;
დ) ნათლია;
ე) ნათლული;
ვ) ყოფილი მეუღლე;
ზ) არარეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნა;
თ) წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნა;
ი) ინტიმური პარტნიორი;
კ) ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;
ლ) ნათესავი (გარდა ამ განაცხადის ფორმის მე-9 პუნქტში მითითებული ნათესავთა წრისა) (მიუთითეთ ნათესაობის სახე)
---------------------------------------------------;
მ) ახლო პირადი ურთიერთობის სხვა სახე (აღწერეთ ურთიერთობა)
განცხადების შემოტანის თარიღი:---------------------------------------------------
გადანერგვის ცენტრის ხელმძღვანელის ხელმოწერა:-------------------------------------------------
განცხადებას დანართის სახით ერთვის „............“ ფურცელი
დანართი №2
პირის თანხმობა ცოცხალი დონაციის კომისიის მიერ დონორად მისი კანდიდატურის
განხილვის თაობაზე
მომავალი დონორი:
სახელი: ____________________________
გვარი: _____________________________
| პირადი ნომერი1: |
დონორის მოქალაქეობა:
___________________________________________________
დონორის საცხოვრებელი ადგილი:
ფაქტობრივი მისამართი:
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
იურიდიული მისამართი:
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
მე _______________________________________________
(დონორი - სახელი, გვარი)
ვადასტურებ, რომ თანახმა ვარ:
ცოცხალი დონაციის კომისიამ განიხილოს ჩემი კანდიდატურა რეციპიენტ (სახელი, გვარი) _______________________________________________ ჩემი ორგანოს (ორგანოს დასახელება) _______________________________________________ გადაცემის თაობაზე
________________________________________________________________________
დონორის ხელმოწერა
______________________________________________
თარიღი
დანართი №3
რეციპიენტის ინფორმირებული თანხმობა გადანერგვის ოპერაციის ჩატარების შესახებ2
_____________________________________________________________
(გადანერგვის ცენტრის დასახელება)
რეციპიენტი:
სახელი: ____________________________
გვარი: _____________________________
| პირადი ნომერი3: |
რეციპიენტის მოქალაქეობა:
___________________________________________________
რეციპიენტის საცხოვრებელი ადგილი:
ფაქტობრივი მისამართი:
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
იურიდიული მისამართი:
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
გავეცანი რა:
სამედიცინო ჩარევის არსს:
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
სამედიცინო ჩარევის ჩვენებას:
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებს:
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
სამედიცინო ჩარევის მოსალოდნელ ეფექტს:
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
სამედიცინო ჩარევის შესაძლო გვერდით მოვლენებს:
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
სამედიცინო ჩარევასთან დაკავშირებულ პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მოსალოდნელ რისკებს:
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
მე, _________________________________________________________________________
(რეციპიენტის/კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის სახელი, გვარი)
ვადასტურებ, რომ აღნიშნული ჩარევის არსის, ჩვენებების, მოსალოდნელი ეფექტის, შესაძლო გვერდითი მოვლენების, აგრეთვე ჩარევასთან დაკავშირებული, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მოსალოდნელი რისკის გაცნობისა და განმარტების შემდეგ თანახმა ვარ, განხორციელდეს ______________________________ გადანერგვის ოპერაცია.
რეციპიენტის/კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის
ხელმოწერა: _________________________
ექიმის ხელმოწერა: __________________________
გადანერგვის ცენტრის
პასუხისმგებელი პირის
ხელმოწერა: __________________________
თარიღი: ___________________
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ცოცხალი დონაციის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ცოცხალი დონაციის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.11.2026.
- როდის იქნა მიღებული „ცოცხალი დონაციის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „ცოცხალი დონაციის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 13.11.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №49/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470100000.22.035.017242.
- სად არის „ცოცხალი დონაციის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.11.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ცოცხალი დონაციის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“, №49/ნ, 13.11.2026, სარეგისტრაციო კოდი 470100000.22.035.017242 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7021816/
ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება