„საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობასა
და
შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის
საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ
შესავალი
საქართველოს მთავრობა და შვედეთის სამეფოს მთავრობა, (შემდგომში, როგორც მხარეები), ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით და მათ შორის გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
განსაზღვრებები ამ შეთანხმებაში გამოიყენება შემდეგი განსაზღვრებები: 1. საიდუმლო ინფორმაცია: სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, მიუხედავად მისი ფორმისა, რომელიც ნებისმიერი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად მოითხოვს დაცვას დაკარგვის, არაუფლებამოსილი გამჟღავნების ან სხვა უსაფრთხოების დარღვევისაგან, და რომელიც ამგვარად არის განსაზღვრული და გაიცვლება ერთმანეთში ან წარმოიშობა მხარეების მიერ. 2. მიმწოდებელი მხარე: მხარე, მისი იურისდიქციის ფარგლებში საჯარო ან კერძო პირის ჩათვლით, რომელიც მეორე მხარეს აწვდის საიდუმლო ინფორმაციას. 3. მიმღები მხარე: მხარე, მისი იურისდიქციის ფარგლებში საჯარო ან კერძო პირის ჩათვლით, რომელიც მიმწოდებელი მხარისაგან იღებს საიდუმლო ინფორმაციას. 4. მესამე მხარე: სახელმწიფო ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც არ არის ამ შეთანხმების მხარე. 5. საიდუმლო კონტრაქტი: კონტრაქტი, რომელიც შეიცავს ან მოიცავს საიდუმლო ინფორმაციას. 6. საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვება: შემოწმების პროცედურის გავლის შედეგად მიღებული დადებითი გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს პირის სანდოობასა და საიმედოობას, ისევე როგორც უსაფრთხოების სხვა ასპექტებს მხარეთა კანონმდებლობის შესაბამისად. 7. ინფორმაციის გაცნობის საჭიროების პრინციპი (Need-to-know): პრინციპი, რომლითაც საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის უფლება შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა განახორციელოს სამსახურებრივი მოვალეობები და დავალებები. 8. უსაფრთხოების დარღვევა: საიდუმლო ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით ბოროტად გამოყენება, დაზიანება ან ასეთ ინფორმაციასთან არაუფლებამოსილი შეღწევა, შეცვლა, გამჟღავნება ან განადგურება, ისევე როგორც სხვა ქმედება ან უმოქმედობა, რომელსაც შედეგად მოჰყვა ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობის ან ხელმისაწვდომობის დაკარგვა. 9. თავდაცვის უფლებამოსილი ორგანოები: შვედეთის სამეფოს უფლებამოსილი ორგანოები, რომლებზეც ვრცელდება შვედეთის შეიარაღებული ძალების უსაფრთხოების დაცვის დებულებები. 10. სხვა უწყებები: შვედეთის სამეფოს უფლებამოსილი ორგანოები, რომლებზეც ვრცელდება ეროვნული პოლიციის ორგანოს უსაფრთხოების დაცვის დებულებები.
მუხლი 2
საიდუმლოობის ხარისხები 1. ეროვნული საიდუმლოობის ხარისხის ეკვივალენტურობა არის შემდეგი:
2. შვედეთის სამეფოს საიდუმლო ინფორმაცია, აღნიშნული გრიფით „HEMLIG”, საქართველოში დაცული იქნება, როგორც სრულიად საიდუმლო, თუკი სხვა რამ არ იქნება მოთხოვნილი მიმწოდებელი მხარის მიერ. 3. საქართველოს საიდუმლო ინფორმაცია, აღნიშნული გრიფით საიდუმლო ან შეზღუდული სარგებლობისათვის, შვედეთის სამეფოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ დაცული იქნება როგორც „HEMLIG”, თუკი სხვა რამ არ იქნება მოთხოვნილი მიმწოდებელი მხარის მიერ. 4. მიმწოდებელი მხარე მიმღებ მხარეს, დაუყოვნებლივ აცნობებს მიწოდებული საიდუმლო ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხის ნებისმიერი ცვლილების შესახებ. 5. მიმწოდებელი მხარე: a) უზრუნველყოფს, რომ ინფორმაციას მიენიჭოს შესაბამისი საიდუმლოობის ხარისხი თავისი კანონმდებლობის შესაბამისად; b) აცნობებს მიმღებ მხარეს საიდუმლო ინფორმაციის მიწოდების ნებისმიერი პირობის ან მის გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვების შესახებ. 6. მიმღები მხარე უზრუნველყოფს, რომ საიდუმლო ინფორმაციას მინიჭებული ექნება შესაბამისი ეროვნული საიდუმლოობის ხარისხის ეკვივალენტი ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. 7. მხარეები აცნობებენ ერთმანეთს ეროვნული საიდუმლოობის ხარისხთან დაკავშირებული ცვლილებების თაობაზე.
მუხლი 3
საიდუმლო ინფორმაციის დაცვა 1. მხარეები მიიღებენ ყველა სათანადო ზომას თავიანთი შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, რათა უზრუნველყონ, რომ მიღებული საიდუმლო ინფორმაციისათვის გათვალისწინებული დაცვის დონე შეესაბამებოდეს წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლით განსაზღვრულ თავიანთ ეკვივალენტურ საიდუმლოობის ხარისხს. 2. ამ შეთანხმებაში არაფერი გამოიწვევს მხარეთა კანონმდებლობაზე შეზღუდვის დაწესებას დოკუმენტებთან საჯარო დაშვების, პერსონალური მონაცემების დაცვის ან საიდუმლო ინფორმაციის დაცვის თაობაზე. 3. თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს სათანადო ზომების განხორციელება საკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემებით დამუშავებული, მათში შენახული ან მათი მეშვეობით გადაცემული საიდუმლო ინფორმაციის დასაცავად. ასეთი ზომები უზრუნველყოფენ საიდუმლო ინფორმაციის კონფიდენციალურობას, განუყოფლობას, ხელმისაწვდომობას და, საჭიროებისამებრ, აუთენტურობას და ავტორობის უარყოფის შეუძლებლობას, ასევე ამ ინფორმაციასთან დაკავშირებული ქმედებების ანგარიშვალდებულების, კონტროლის შესაძლებლობის შესაბამისი დონეს.
მუხლი 4
საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება და გამოყენება 1. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ამ შეთანხმებით მიღებული ან გაცვლილი საიდუმლო ინფორმაცია არ იქნება: a) განსაიდუმლოებული ან დაწეული იქნება დასაიდუმლოების გრიფი მიმწოდებელი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე; b) გამოყენებული იმ მიზნებისთვის, რაც არაა გათვალისწინებული მიმწოდებელი მხარის მიერ; c) გამჟღავნებული მესამე მხარისათვის მიმწოდებელი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე და თუკი აღნიშნულ მესამე მხარესთან არ არსებობს საიდუმლო ინფორმაციის დაცვის შესახებ შესაბამისი შეთანხმება ან განაწესი. 2. თითოეული მხარე პატივს სცემს პრინციპს მიმწოდებლის თანხმობაზე თავიანთი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 5
საიდუმლო ინფორმაციის გაცნობა 1. თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის უფლება განისაზღვრება საიდუმლო ინფორმაციასთან სათანადო დაშვებისა და ინფორმაციის გაცნობის საჭიროების პრინციპის საფუძველზე. 2. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ პირები, რომელთაც აქვთ საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის უფლება, ინფორმირებულნი არიან ასეთი ინფორმაციის დაცვის პასუხისმგებლობის თაობაზე უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად. 3. თითოეულმა მხარემ თავისი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა უზრუნველყოს, რომ მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ ნებისმიერ უწყებას, რომელსაც შეუძლია მიიღოს ან წარმოქმნას საიდუმლო ინფორმაცია, ჰქონდეს საიდუმლო ინფორმაციასთან სათანადო დაშვება.
მუხლი 6
საიდუმლო ინფორმაციის თარგმნა, გამრავლება და განადგურება 1. საიდუმლო ინფორმაციის ყველა თარგმანს და გამრავლებულ ინფორმაციას ექნება შესაბამისი საიდუმლოების გრიფი და იქნება დაცული ისევე, როგორც საიდუმლო ინფორმაციის ორიგინალი. 2. საიდუმლო ინფორმაციის ყველა თარგმანი უნდა შეიცავდეს შესაბამის ანოტაციას თარგმანის ენაზე, იმის შესახებ, რომ ის შეიცავს მიმწოდებელი მხარის საიდუმლო ინფორმაციას. 3. საიდუმლო ინფორმაცია, აღნიშნული გრიფით განსაკუთრებული მნიშვნელობის/HAMLIG/TOP SECRET// HEMLIG AV SYNNERLIG BETYDELSE FÖR RIKETS SÄKERHET, ითარგმნება ან გამრავლდება მხოლოდ წარმომშობი მხარის წინასწარი წერილობითი ნებართვის შემდეგ. 4. განსაკუთრებული მნიშვნელობის/HEMLIG/TOP SECRET/HEMLIG AV SYNNERLIG BETYDELSE FÖR RIKETS SÄKERHET საიდუმლოების გრიფის მქონე საიდუმლო ინფორმაცია არ უნდა განადგურდეს. იგი უნდა დაუბრუნდეს მიმწოდებელ მხარეს მას შემდეგ, რაც ის აღარ არის აუცილებელი მიმღები მხარისათვის. 5. სრულიად საიდუმლო/HEMLIG/SECRET ან უფრო დაბალი საიდუმლოების გრიფის მქონე საიდუმლო ინფორმაცია უნდა განადგურდეს. მას შემდეგ, რაც ის აღარ არის აუცილებელი მიმღები მხარისათვის, მისი კანონმდებლობის შესაბამისად. 6. ნებისმიერი კრიზისული სიტუაციის შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელი ხდება ამ შეთანხმების ფარგლებში მიწოდებული ან გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის დაცვა მისი საიდუმლოების გრიფის შესაბამისად, ან შეუძლებელია მისი უკან დაბრუნება, საიდუმლო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს. გრიფით საიდუმლო/HEMLIG/CONFIDENTIAL და უფრო მაღალი დონის საიდუმლო ინფორმაციის განადგურების შემთხვევაში მიმღები მხარე შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში აცნობებს მიმწოდებელ მხარეს განადგურების შესახებ.
მუხლი 7
საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა 1. მხარეთა შორის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა მოხდება შესაბამისი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, დიპლომატიური არხებით ან უსაფრთხოების კომპეტენტურ ორგანოებს შორის შეთანხმებული სხვა საშუალებით. 2. ამ შეთანხმების განხორციელების მიზნით, მხარეები შეიძლება ორმხრივად შეთანხმდნენ უსაფრთხოების საკომუნიკაციო განაწესზე, რათა ხელი შეუწყონ საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხო გადაცემას და მათ შორის უსაფრთხო კომუნიკაციას.
მუხლი 8
ვიზიტები 1. იმ დაწესებულებებში ვიზიტი, სადაც ხდება საიდუმლო ინფორმაციასთან მოპყრობა, ან სადაც ის ინახება, განხორციელდება მასპინძელი მხარის უსაფრთხოების კომპეტენტური ორგანოების წინასწარი თანხმობით, თუ სხვა რამ არ იქნა შეთანხმებული. 2. მოთხოვნა ვიზიტზე წარედგინება მასპინძელ მხარეს და უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ ვიზიტის მიზნებისთვის: a) ვიზიტორის სახელი, დაბადების თარიღი და ადგილი, მოქალაქეობა და საიდენტიფიკაციო ბარათის/პასპორტის ნომერი; b) ვიზიტორის თანამდებობა, იმ დამსაქმებლის მითითებით, რომელსაც ის წარმოადგენს; c) იმ პროექტის დასახელება, რომელშიც ვიზიტორი მონაწილეობს; d) საჭიროების შემთხვევაში ვიზიტორის საიდუმლო ინფორაციასთან დაშვების მოქმედების ვადა და დონე; e) დაწესებულების, რომელშიც უნდა განხორციელდეს ვიზიტი, დასახელება, მისამართი, ტელეფონის/ფაქსის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და საკონტაქტო პირი; f) ვიზიტის მიზანი, იმ საიდუმლო ინფორმაციის უმაღლესი დონის მითითებით, რომელიც დაკავშირებულია ვიზიტთან; g) ვიზიტის თარიღი და ხანგრძლივობა. განმერებითი ვიზიტის შემთხვევაში უნდა მიეთითოს ვიზიტების მთლიანი პერიოდი; h) სხვა მონაცემები, უსაფრთხოების კომპეტენტური ორგანოების შეთანხმების შემთხვევაში; i) თარიღი და ხელმოწერა. 3. მოთხოვნა ვიზიტზე წარედგინება ვიზიტამდე მინიმუმ 20 დღით ადრე, თუ მხარეთა უსაფრთხოების კომპეტენტური ორგანოები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ. 4. ყველა სახის საიდუმლო ინფორმაცია, რომელსაც მიიღებს ვიზიტორი, განხილული იქნება როგორც ამ შეთანხმებით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაცია. ვიზიტორი დაიცავს მასპინძელი მხარის უსაფრთხოების ნორმებს. 5. უსაფრთხოების კომპეტენტური ორგანოები შეიძლება შეთანხმდნენ ვიზიტორების სიაზე, რომელთაც მიენიჭებათ განმეორებითი ვიზიტების უფლება. სია ძალაში იქნება საწყისი პერიოდისათვის არაუმეტეს თორმეტი (12) თვისა და შეიძლება გაგრძელდეს შემდგომი პერიოდით არაუმეტეს თორმეტი (12) თვისა. განმეორებით ვიზიტებზე მოთხოვნა წარდგენილი იქნება ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. სიის დამტკიცების შემდეგ ვიზიტები დაიგეგმება უშუალოდ იმ დაწესებულებების მიერ, რომლებიც არიან ჩართულები.
მუხლი 9
საიდუმლო კონტრაქტები 1. თუ მიმწოდებელი მხარის უსაფრთხოების კომპეტენტურ ორგანოს სურს დაიწყოს მოლაპარაკება საიდუმლო კონტრაქტზე მიმღები მხარის იურისდიქციის ქვეშ მყოფ კონტრაქტორთან, ის, მოთხოვნის საფუძველზე, მიიღებს ყველა შესაბამის საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვებას მიმღები მხარის უსაფრთხოების კომპეტენტური ორგანოსაგან. 2. თითოეულ უსაფრთხოების კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია მოითხოვოს უსაფრთხოების ინსპექციის ჩატარება მეორე მხარის დაწესებულებაში, რათა უზრუნველყოფილი იქნეს შესაბამისობა იმ მხარის უსაფრთხოების სტანდარტებთან ამ შეთანხმების შესაბამისად. 3. საიდუმლო კონტრაქტი უნდა მოიცავდეს დებულებებს უსაფრთხოების მოთხოვნებზე და საიდუმლო კონტრაქტის თითოეული ასპექტისა და ელემენტის დასაიდუმლოებაზე. ასეთი დებულებების ასლი უნდა წარედგინოს მხარეთა უსაფრთხოების კომპეტენტურ ორგანოებს უსაფრთხოების ზედამხედველობის შესაძლებლობისათვის.
მუხლი 10
კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოები და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა 1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, უსაფრთხოების კომპეტენტური ორგანოებია: საქართველოში: შინაგან საქმეთა სამინისტრო (ეროვნული უსაფრთხოების ორგანო) შვედეთის სამეფოში: შვედეთის შეიარაღებული ძალები, სამხედრო უსაფრთხოების სამსახური (ეროვნული უსაფრთხოების ორგანო) თავდაცვის ქონების ადმინისტრაცია (განსაზღვრული უსაფრთხოების ორგანო) 2. თითოეული მხარე წერილობით მიაწვდის მეორე მხარეს თავისი კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოების აუცილებელ საკონტაქტო მონაცემებს. 3. მხარეებმა წერილობით უნდა აცნობონ ერთმნეთს მათი შესაბამისი კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოების ნებისმიერი შემდგომი ცვლილების შესახებ. 4. მხარეები ორმხრივად აღიარებენ თავიანთ შესაბამის დაშვებებს და სწრაფად აცნობებენ ერთმანეთს ნებისმიერი ცვლილების თაობაზე ორმხრივად აღიარებულ საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვების შესახებ. 5. უსაფრთხოების სტანდარტების მიღწევის და შენარჩუნების მიზნით, კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოები მოთხოვნის შემთხვევაში მიაწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებული თავიანთი ეროვნული სტანდარტების, პროცედურების და პრაქტიკის თაობაზე. ამ მიზნით, უსაფრთხოების კომპეტენტური ორგანოები განახორციელებენ ორმხრივ ვიზიტებს. 6. მხარეთა უსაფრთხოების კომპეტენტური ორგანოები აცნობებენ ერთმანეთს კონკრეტული უსაფრთხოების რისკების თაობაზე, რაც შესაძლოა ემუქრებოდეს გადაცემულ საიდუმლო ინფორმაციას. 7. მოთხოვნისამებრ მხარეები უზრუნველყოფენ ორმხრივ დახმარებას საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვების პროცედურების განხორციელებაში. 8. თუ რომელიმე უსაფრთხოების კომპეტენტური ორგანო შეაჩერებს ან განახორციელებს ქმედებას, რაც გააუქმებს საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის უფლების საფუძველზე საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვებას, რომელიც გაცემულია მეორე მხარის მოქალაქეზე, აღნიშნული ეცნობება მეორე მხარეს და მიეწოდება ინფორმაცია ასეთი ქმედების გამომწვევი მიზეზების შესახებ.
მუხლი 11
საიდუმლო ინფორმაციის დაკარგვა ან უსაფრთხოების დარღვევა 1. მხარეები მიიღებენ ყველა სათანადო ზომას, მათი შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, რათა გამოიძიონ საქმეები, რომლებზეც ცნობილია ან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოხდა წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის დაკარგვა ან მისი უსაფრთხოების დარღვევა. 2. მხარე, რომელიც აღმოაჩენს დაკარგვის ან უსაფრთხოების დარღვევის ფაქტს, შესაბამისი არხებით, დაუყოვნებლივ აცნობებს მიმწოდებელ მხარეს ასეთი შემთხვევის შესახებ და შემდგომ აცნობებს მიმწოდებელ მხარეს გამოძიების საბოლოო შედეგებს და ფაქტის გამეორების თავიდან ასაცილებლად განხორციელებული ზომების შესახებ. მოთხოვნის შემთხევაში მიმწოდებელმა მხარემ შესაძლოა გაუწიოს მას დახმარება გამოძიების წარმოებაში.
მუხლი 12
ხარჯები თითოეული მხარე დაფარავს ამ შეთანხმების განხორციელებისას წარმოშობილ საკუთარ ხარჯებს.
მუხლი 13
დავათა გადაწყვეტა ამ შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული დავები გადაწყდება მხოლოდ მხარეთა მიერ კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 14
დასკვნითი დებულებები 1. ეს შეთანხმება ძალაში შევა მხარეთა მიერ უკანასკნელი შეტყობინების მიღების დღის მეორე თვის პირველ დღეს, რომლითაც მხარეები დიპლომატიური არხებით ერთმანეთს აცნობებენ მხარეთა მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ. 2. აღნიშნულ შეთანხმებში ნებისმიერ დროს შეიძლება შევიდეს ცვლილებები მხარეთა ორმხრივი წერილობითი თანხმობით. აღნიშნული ცვლილებები გაფორმდება ცალკე დოკუმენტების სახით და ძალაში შევა ამ მუხლი 1-ლი პუნქტის შესაბამისად. ეს დოკუმენტები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. 3. ეს შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს ეს შეთანხმება მეორე მხარისათვის დიპლომატიური არხებით შეტყობინების გაგზავნის გზით. აღნიშნულ შემთხვევაში შეთანხმება კარგავს ძალას მეორე მხარისათვის შეტყობინების გადაცემიდან 6 (ექვსი) თვის შემდეგ. 4. მიუხედავად შეთანხმების შეწყვეტისა, აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში გადაცემული ყველა საიდუმლო ინფორმაცია დაცულ უნდა იქნეს შეთანხმების დებულებების შესაბამისად. 5. მხარეები სასწრაფოდ აცნობებენ ერთმანეთს მათ შესაბამის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, რომლებსაც შეიძლება გავლენა ჰქონდეთ შეთანხმების ფარგლებში გადაცემული საიდუმლო ინფორმაციის დაცვაზე. ამგვარი ცვლილების შემთხვევაში მხარეებმა უნდა გამართონ კონსულტაციები შეთანხმებაში სავარაუდო ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ პერიოდში საიდუმლო ინფორმაციის დაცვა გაგრძელდება აქ აღწერილის შესაბამისად, სანამ სხვა რამ წერილობით არ იქნება მოთხოვნილი მიმწოდებელი მხარის მიერ. | |||||||||||||||||||||||
ხელმოწერილია ქ. სტოკჰოლმში 2014 წლის 12 ნოემბერს ორ დედნად, თითოეული ქართულ, შვედურ და ინგლისურ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ტექსტის განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმება?
- დიახ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმება ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.11.2014.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმება?
- „საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმება მიღებულია 12.11.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №45-7. სარეგისტრაციო კოდი — 480610000.03.030.016879.
- სად არის „საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმება-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.11.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმება, №45-7, 12.11.2014, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016879 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7029633/