საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1258
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.017739
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/10/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1258

2026 წლის 28 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 1420 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის თანდართული დებულება.

 

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ნოემბრიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია




საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის დებულება

 

თავი I. ზოგადი დებულებები. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები და პრინციპები

მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს (შემდგომ – აღსრულების ეროვნული ბიურო) აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) სტრუქტურას, საქმიანობის წესს, მის ამოცანებსა და ფუნქციებს, აგრეთვე აღსრულების პოლიციელის უფლება-მოვალეობებს.

მუხლი 2. დეპარტამენტის სტატუსი

1. დეპარტამენტი არის აღსრულების ეროვნული ბიუროს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც შექმნილია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. დეპარტამენტი უშუალოდ ექვემდებარება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.

მუხლი 3. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

მუხლი 4. დეპარტამენტის საქმიანობის პრინციპები

1. დეპარტამენტის საქმიანობის პრინციპებია:

ა) კანონიერება;

ბ) ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და პატივისცემა;

გ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი;

დ) დისკრიმინაციის დაუშვებლობა;

ე) თანაზომიერება;

ვ) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება;

ზ) საქმიანობის გამჭვირვალობა და კონფიდენციალურობის დაცვა.

2. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე – აღსრულების პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს დეპარტამენტის საქმიანობის ამ დებულებით განსაზღვრულ პრინციპებს.  აღსრულების პოლიციელის მიერ საქმიანობის ამ პრინციპების დარღვევით განხორციელება გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.

მუხლი 5. კანონიერების პრინციპი

1. აღსრულების პოლიციელის მიერ განხორციელებული ღონისძიება უნდა გამომდინარეობდეს კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებიდან.

2. კანონის უზენაესობის პრინციპის თანახმად, პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებები უნდა შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებს.

3. კანონისმიერი დათქმის პრინციპის თანახმად, აღსრულების პოლიციელის მიერ ღონისძიების განხორციელება, რომელიც იწვევს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას, დასაშვებია მხოლოდ კანონის საფუძველზე.

მუხლი 6. ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის პრინციპი

1. აღსრულების პოლიციელის საქმიანობის განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, არ უნდა არღვევდეს ადამიანის სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და საკუთრების უფლებებს და სხვა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, გაუმართლებელ ზიანს არ უნდა აყენებდეს გარემოს.

2. აღსრულების პოლიციელის მიერ საქმიანობის განხორციელებისას დაუშვებელია წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა.

მუხლი 7. პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპი

აღსრულების პოლიციელი საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებს უპარტიობის პრინციპის დაცვით. აღსრულების პოლიციელს უფლება არა აქვს, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის პარტიული ინტერესებისათვის.

მუხლი 8. დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპი

აღსრულების პოლიციელი ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, შეზღუდული შესაძლებლობისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა მახასიათებლებისა.

მუხლი 9. თანაზომიერების პრინციპი

1. აღსრულების პოლიციელის მიერ განხორციელებული მოქმედება უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. შერჩეული ღონისძიება უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული.

2. აღსრულების პოლიციელის მიერ შერჩეული ღონისძიება არის გამოსადეგი, თუ ის შესაძლებელს ხდის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას.

3. აღსრულების პოლიციელის მიერ შერჩეული გამოსადეგი ღონისძიება არის აუცილებელი, თუ ვერ იქნება გამოყენებული სხვა საშუალება, რომელიც ლეგიტიმური მიზნის მიღწევისას უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებდა როგორც ღონისძიების ადრესატს, ისე სხვა პირს.

4. აღსრულების პოლიციელის მიერ განხორციელებული აუცილებელი ღონისძიება არის პროპორციული, თუ კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთისათვის მიყენებული ზიანი არ აღემატება იმ სიკეთეს, რომლის დასაცავადაც ის განხორციელდა.

5. აღსრულების პოლიციელის სამართლებრივი ქმედება უნდა შეწყდეს, თუ ამ ქმედების მიზანი მიღწეულია ან აშკარაა, რომ მიზნის მიღწევა შეუძლებელია.

მუხლი 10. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პრინციპი

აღსრულების პოლიციელი თავისი ფუნქციების შესასრულებლად მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და ფარგლებში.

მუხლი 11. საქმიანობის გამჭვირვალობისა და კონფიდენციალურობის დაცვის პრინციპი

1. აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ საჯარო ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს საჯარო დაწესებულებებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ პირებს.

2. აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს სწრაფად მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, იმგვარად, რომ არ გაახმაუროს სახელმწიფო, პროფესიული, კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, პერსონალური მონაცემები, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

თავი II. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

მუხლი 12. დეპარტამენტის ამოცანა

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე აქტების აღსრულების პროცესში საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში სააღსრულებო მოქმედებების უსაფრთხო პირობებში განხორციელების, მართლსაწინააღმდეგო ქმედებების აღკვეთისა და აუცილებლობის შემთხვევაში პირის მიმართ იძულებითი ღონისძიებების გამოყენების უზრუნველყოფა.

მუხლი 13. დეპარტამენტის ფუნქციები

დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე აქტების აღსრულების პროცესში, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში სააღსრულებო მოქმედებების უსაფრთხო პირობებში ჩატარების მიზნით აღმასრულებლისთვის დახმარების აღმოჩენა;

ბ) სააღსრულებო მოქმედებების განხორციელებისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;

გ) სააღსრულებო მოქმედებების განხორციელებისას აღმასრულებლისა და სხვა პირების, აგრეთვე აღსრულების ეროვნული ბიუროს და ამ პირების ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისგან დაცვა;

დ) აღსრულების ეროვნული ბიუროს და სააღსრულებო ბიუროების შენობების, მათი მიმდებარე ტერიტორიებისა და მატერიალური რესურსების დაცვა;

ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს და სააღსრულებო ბიუროების შენობებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე საზოგადოებრივი წესრიგისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა;

ვ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

თავი III. დეპარტამენტის სტრუქტურა

მუხლი 14. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია (საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულები):

ა) თბილისის სამმართველო;

ბ) ქუთაისის სამმართველო;

გ) ბათუმის სამმართველო.

2. თბილისის სამმართველოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) №1 განყოფილება;

ბ) №2 განყოფილება;

გ) №3 განყოფილება;

დ) №4 განყოფილება;

ე) №5 განყოფილება;

ვ) №6 განყოფილება.

3. ქუთაისის სამმართველოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) №1 განყოფილება;

ბ) №2 განყოფილება.

4. ბათუმის სამმართველოს სტრუქტურული ერთეულია №1 განყოფილება.

მუხლი 15. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო ტერიტორიები

1. დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაა:

ა) თბილისის სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორია;

ბ) კახეთის სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორია;  

გ) ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორია;  

დ) შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორია;  

ე) სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორია.

2. დეპარტამენტის ქუთაისის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაა:

ა) იმერეთის სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორია;

ბ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორია;  

გ) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორია.

3. დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორია.

4. სამმართველოს შემადგენლობაში არსებული განყოფილების სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

თავი IV. დეპარტამენტისა და მისი სტრუქტურული ერთეულების  მართვა

მუხლი 16. დეპარტამენტის უფროსი

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელთანაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას დებს და წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან (შემდგომ – მინისტრი) შეთანხმებით.

2. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის; აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას;

გ) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის მუშაობას; საჭიროების შემთხვევაში წყვეტს აღსრულების პოლიციელების სხვა სამმართველოსთვის და აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულისთვის დახმარების საკითხს;

დ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომლებისათვის წახალისების ღონისძიებების გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ;

ე) ადგენს დეპარტამენტის სამუშაო გეგმებს და ხელმძღვანელობს მათ შესრულებას;

ვ) ზედამხედველობს აღსრულების პოლიციელებისთვის სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის დადგენილი წესით გადაცემის, ჩამორთმევისა და მათი გამოყენების კანონიერებას;

ზ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ;

თ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების ჯეროვნად შესრულებაზე;

ი) ასრულებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის სხვა დავალებებს; 

კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს.

მუხლი 17. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელთანაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას დებს და წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს დეპარტამენტის მართვაში;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის სამმართველოების უფროსებს, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში – თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილეს, განყოფილების უფროსებსა და აღსრულების პოლიციელებს  შორის; აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

გ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას;

დ) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის სამმართველოების მუშაობას; საჭიროების შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსს გადასაწყვეტად წარუდგენს წინადადებებს აღსრულების პოლიციელების დეპარტამენტის სხვა სამმართველოსთვის დახმარების შესახებ;

ე) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს ამავე დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შესახებ;

ვ) პასუხისმგებელია დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე დაკისრებული ფუნქციების ჯეროვნად შესრულებაზე;

ზ) ასრულებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს.

მუხლი 18. სამმართველოს უფროსი

1. დეპარტამენტის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს უფროსის მოადგილეს (თბილისის სამმართველოს შემთხვევაში), განყოფილებებსა და აღსრულების პოლიციელებს შორის; აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

ბ) თვალყურს ადევნებს სამმართველოს უფროსის მოადგილის (თბილისის სამმართველოს შემთხვევაში), განყოფილებების უფროსებისა და აღსრულების პოლიციელების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას;

გ) დეპარტამენტის უფროსს და მის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს აღსრულების პოლიციელთა მიმართ წახალისების ღონისძიებების გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ;  

დ) აკონტროლებს სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის დადგენილი წესით აღსრულების პოლიციელთათვის გადაცემას და ჩამორთმევას, მათი გამოყენების კანონიერებას;

ე) პერიოდულად ან მოთხოვნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსს ან/და მის მოადგილეს  წარუდგენს ინფორმაციას სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ვ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის დავალებებსა და მითითებებს;

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს.

მუხლი 19. სამმართველოს უფროსის მოადგილე

1. დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

2. თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს სამმართველოს მართვის ორგანიზებაში;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს თბილისის სამმართველოს განყოფილებებსა და აღსრულების პოლიციელებს შორის; აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

გ) თვალყურს ადევნებს თბილისის სამმართველოს განყოფილების უფროსებისა და აღსრულების პოლიციელების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას;

დ) სამმართველოს უფროსს წარუდგენს წინადადებებს აღსრულების პოლიციელთა მიმართ წახალისების ღონისძიებების გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ; 

ე) პერიოდულად ან მოთხოვნის შესაბამისად სამმართველოს უფროსს წარუდგენს ინფორმაციას სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ვ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის, მისი მოადგილისა და სამმართველოს უფროსის დავალებებსა და მითითებებს;

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს.

მუხლი 20. განყოფილების უფროსი

1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

2. განყოფილების უფროსი:

ა) აძლევს დავალებებსა და მითითებებს მის დაქვემდებარებაში მყოფ აღსრულების პოლიციელებს;

ბ) აუცილებლობის შემთხვევაში უშუალოდ მონაწილეობს დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში და ხელმძღვანელობს მათ;

გ) განყოფილების მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშით მიმართავს სამმართველოს უფროსს, ხოლო თბილისის სამმართველოს განყოფილების უფროსი – აგრეთვე ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილეს;

დ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული აღსრულების პოლიციელების საქმიანობას და პასუხისმგებელია მათი ქმედების კანონიერებასა და მათი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებაზე;

ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს.

თავი V. აღსრულების პოლიციელი, მისი უფლებები და მოვალეობები

მუხლი 21.  აღსრულების პოლიციელი

1. აღსრულების პოლიციელი, გარდა აღსრულების ეროვნული ბიუროს  დეპარტამენტის უფროსისა და მოადგილისა, არის პროფესიული საჯარო მოხელე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

2. აღსრულების პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს.

3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში აღსრულების პოლიციელის უფლებამოსილება განისაზღვრება კანონით.

4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებები.

5. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელს აცვია მინისტრის მიერ დამტკიცებული ნიმუშის სამსახურებრივი ფორმა, რომლითაც მას აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს.

6. აღსრულების პოლიციელს ეძლევა მინისტრის მიერ დამტკიცებული ნიმუშის სამსახურებრივი მოწმობა.

მუხლი 22. აღსრულების პოლიციელის უფლებები და მოვალეობები

1. აღსრულების პოლიციელი:

ა) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში აღმასრულებელს უწევს დახმარებას, სააღსრულებო მოქმედებების უსაფრთხო პირობებში ჩატარების, მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთისა და, აუცილებლობის შემთხვევაში, პირთა მიმართ იძულებითი ღონისძიებების გამოყენების უზრუნველსაყოფად;

ბ) სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისას უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას;

გ) სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან იცავს აღმასრულებელსა და სხვა პირებს, ასევე  მათ ქონებას;

დ) უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო ბიუროების შენობების, მათი მიმდებარე ტერიტორიებისა და მატერიალური რესურსების დაცვას; 

ე) უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო ბიუროების შენობებში და  მათ მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვას;

ვ) თავისი უფლებამოსილების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების უზრუნველსაყოფად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, იყენებს ფიზიკურ იძულებას, სპეციალურ საშუალებებსა და ცეცხლსასროლ იარაღს;

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებებს, რომელთა მიზანია აღსრულების პროცესის უსაფრთხოდ წარმართვის უზრუნველყოფა.

2. აღსრულების პოლიციელის, როგორც საჯარო მოსამსახურის, უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, თუ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით, აღსრულების პოლიციაში სამსახურის გავლის წესითა და სხვა ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

თავი VI. სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და გამოყენების წესი

მუხლი 23. სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება

აღსრულების პოლიციელის მიერ სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

მუხლი 24. სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, გაცემისა და ჩაბარების წესი

1. დეპარტამენტისთვის განკუთვნილი სპეციალური საშუალებები ინახება აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის შენობაში, სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ საიარაღო ოთახში (საცავში).

2. აღსრულების პოლიციელზე სპეციალური საშუალებები გაიცემა საჭიროებისამებრ, სამუშაო დროის დაწყებისას. 

3. სპეციალური საშუალებების გაცემა ფიქსირდება სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის აღრიცხვის ჟურნალში, სპეციალური საშუალების სახეობის, ნომრის (არსებობის შემთხვევაში) და გაცემის დროის მითითებით. სპეციალური საშუალებების გაცემა მოწმდება სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამცემი და მიმღები პირის ხელმოწერით. 

4. სპეციალური საშუალებების ჩაბარება ხდება მათი გაცემისათვის დადგენილი წესით სამუშაო დროის დამთავრებისას.

5. სპეციალური საშუალებების შენახვაზე, გაცემასა და ჩაბარებაზე კონტროლს ახორციელებს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველოს უფროსი.

6. ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა, გაცემა და ჩაბარება ხორციელდება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეთათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებით სარგებლობაში გადაცემისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს ბალანსზე რიცხული იარაღის შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 11 ნოემბრის №650 ბრძანებით დადგენილი წესით.

მუხლი 25. სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული ვიდეო- და აუდიოაპარატურის გამოყენების წესი

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელი შეიძლება აღჭურვილი იყოს სამსახურებრივ ფორმაზე (ტანსაცმელზე) დამაგრებული, ჩართული ვიდეო- და აუდიოაპარატურით.

2. სამსახურებრივ ფორმაზე (ტანსაცმელზე) დამაგრებული ვიდეო- და აუდიოაპარატურის მეშვეობით მოპოვებული მონაცემები ინახება შიდა მეხსიერების ბარათზე ან ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ტექნიკურ საშუალებაზე.

3. მონაცემების დამუშავება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

4. მონაცემები ინახება 30 დღის ვადით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლისთანავე, მონაცემები ექვემდებარება დაუყოვნებელ განადგურებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ჩანაწერი შეიცავს სამართალდარღვევის ნიშნებს და აუცილებელია მისი უფრო ხანგრძლივად შენახვა. ასეთ შემთხვევაში ჩანაწერი ინახება 6 თვის ვადით.

6. მონაცემთა განადგურება უნდა განხორციელდეს პროგრამული ან/და ფიზიკური მეთოდით, რომელიც სრულად გამორიცხავს წაშლილი ვიდეო- და აუდიოფაილების პირველადი ან ნაწილობრივი ფორმით აღდგენის შესაძლებლობას.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.10.2026.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 28.10.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1258. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.027.017739.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.10.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №1258, 28.10.2026, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.017739 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.10.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7031474/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 28.10.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება