1. როდესაც გემი ნებაყოფლობით იმყოფება სახელმწიფოს ნავსადგურში ან ოფშორულ ტერმინალში, ამ სახელმწიფოს შეუძლია მე-7 განყოფილების შესაბამისად, დაიწყოს სამართალწარმოება წინამდებარე კონვენციის შესაბამისად მიღებული კანონებისა და წესების ან გემებიდან დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირებისა და კონტროლის მიმართ მოქმედი საერთაშორისო წესებისა და სტანდარტების ნებისმიერი დარღვევის გამო, როდესაც დარღვევა მოხდა ამ სახელმწიფოს ტერიტორიულ ზღვაში ან განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში.

2. თუ არსებობს აშკარა საფუძველი ვარაუდისთვის, რომ სახელმწიფოს ტერიტორიულ ზღვაში მცურავმა გემმა, მასში გავლის დროს, დაარღვია წინამდებარე კონვენციის შესაბამისად მიღებული კანონები და წესები ან გემებიდან დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირებისა და კონტროლის მიმართ მოქმედი საერთაშორისო წესები და სტანდარტები, ამ სახელმწიფოს II ნაწილის მე-3 განყოფილების შესაბამისი დებულებებისთვის ზიანის მიყენების გარეშე, დარღვევასთან დაკავშირებით შეუძლია ჩაატაროს გემის ფიზიკური შემოწმება, და თუ მტკიცებულებები ამის საშუალებას იძლევა, შეუძლია დაიწყოს სამართალწარმოება, მათ შორის, გემის დაკავება, თავისი კანონმდებლობის შესაბამისად, მე-7 განყოფილების დებულებების მიხედვით.

3. თუ არსებობს აშკარა საფუძველი ვარაუდისთვის, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ან ტერიტორიულ ზღვაში მცურავმა გემმა განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში დაარღვია გემებიდან დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირებისა და კონტროლის მიმართ მოქმედი საერთაშორისო წესები და სტანდარტები ან ამ სახელმწიფოს კანონები და ნორმები, რომლებიც შეესაბამება და ახორციელებენ ასეთ წესებსა და სტანდარტებს, ამ სახელმწიფოს შეუძლია მოსთხოვოს გემს ინფორმაცია მისი ვინაობისა და მიწერის ნავსადგურის, მისი ბოლო და შემდეგი გაჩერების ნავსადგურის შესახებ და სხვა შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა იმის დასადგენად, მოხდა თუ არა დარღვევა.

4. სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ კანონები და წესები და სხვა ზომები, რათა თავიანთი დროშით მცურავმა გემებმა დააკმაყოფილონ მე-3 პუნქტის შესაბამისი მოთხოვნები ინფორმაციის შესახებ.

5. თუ არსებობს აშკარა საფუძველი ვარაუდისთვის, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ან ტერიტორიულ ზღვაში მცურავმა გემმა განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ჩაიდინა მე-3 პუნქტში მითითებული დარღვევა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ჩამარხვა, რაც იწვევს ზღვის გარემოს მნიშვნელოვან დაბინძურებას ან ქმნის ამის საფრთხეს, ამ სახელმწიფოს შეუძლია ჩაატაროს გემის ფიზიკური შემოწმება დარღვევასთან დაკავშირებულ საკითხებზე, თუ გემმა უარი თქვა ინფორმაციის მიწოდებაზე ან თუ გემის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ცხადად ეწინააღმდეგება აშკარა ფაქტობრივ სიტუაციას და თუ შემთხვევის გარემოებები ამართლებს ასეთ შემოწმებას.

6. თუ არსებობს მკაფიო ობიექტური მტკიცებულება იმისა, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ან ტერიტორიულ ზღვაში მცურავმა გემმა განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ჩაიდინა მე-3 პუნქტში მითითებული დარღვევა, რამაც გამოიწვია ჩამარხვა, რაც სანაპირო სახელმწიფოს სანაპირო ხაზისთვის ან მასთან დაკავშირებული ინტერესებისთვის, ან მისი ტერიტორიული ზღვის ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ნებისმიერი რესურსისთვის იწვევს მნიშვნელოვან ზიანს ან ქმნის მნიშვნელოვანი ზიანის საფრთხეს, ამ სახელმწიფოს შეუძლია მე-7 განყოფილების შესაბამისად, იმ პირობით, რომ მტკიცებულებები ამის საშუალებას იძლევა, დაიწყოს სამართალწარმოება, მათ შორის, გემის დაკავება თავისი კანონმდებლობის შესაბამისად.

7. მე-6 პუნქტის დებულებების მიუხედავად, როდესაც შესაბამისი პროცედურები დადგენილია ან კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით ან სხვაგვარად შეთანხმებულია, რომლითაც უზრუნველყოფილია გირაოს ან სხვა შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფის მოთხოვნების დაცვა, სანაპირო სახელმწიფო, თუ მისთვის სავალდებულოა ასეთი პროცედურები, გემს უნდა დართოს გზის გაგრძელების ნება.

8. მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების დებულებები ასევე გამოიყენება 211-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად მიღებული შიდასახელმწიფოებრივი კანონებისა და წესების მიმართ.