წინამდებარე დანართით გათვალისწინებული სამართალწარმოების მიზნებისათვის, საარბიტრაჟო ტრიბუნალი, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, უნდა შეიქმნას შემდეგნაირად:

(a) (g) ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საარბიტრაჟო ტრიბუნალი შედგება ხუთი წევრისგან.

(b) სამართალწარმოების დამწყებმა მხარემ უნდა დანიშნოს ერთი წევრი, რომელიც, სასურველია, შეირჩეს წინამდებარე დანართის მე-2 მუხლში მითითებული სიიდან და რომელიც შეიძლება იყოს თავისი მოქალაქე. დანიშვნა უნდა იყოს მითითებული წინამდებარე დანართის პირველ მუხლში აღნიშნულ შეტყობინებაში.

(c) დავის მეორე მხარემ, წინამდებარე დანართის პირველ მუხლში მითითებული შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში უნდა დანიშნოს ერთი წევრი, სასურველია, აღნიშნული სიიდან. ეს პირი შეიძლება იყოს თავისი მოქალაქე. თუ დანიშვნა არ განხორციელდება ამ ვადაში, საქმის წარმოების დამწყებ მხარეს შეუძლია ამ ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში მოითხოვოს დანიშვნის განხორციელება (e) ქვეპუნქტის შესაბამისად.

(d) დანარჩენი სამი წევრი უნდა დაინიშნოს მხარეებს შორის შეთანხმებით. ისინი უნდა შეირჩნენ, სასურველია, აღნიშნული სიიდან და უნდა იყვნენ მესამე სახელმწიფოების მოქალაქეები, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. დავის მხარეები ამ სამი წევრიდან ნიშნავენ არბიტრაჟის თავმჯდომარეს. თუ წინამდებარე დანართის პირველ მუხლში მითითებული შეტყობინების მიღებიდან 60 დღის განმავლობაში მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას ტრიბუნალის შეთანხმებით დასანიშნი ერთი ან მეტი წევრის დანიშვნაზე ან თავმჯდომარის დანიშვნაზე, დარჩენილი დანიშვნა ან დანიშვნები უნდა განხორციელდეს (e) ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის მხარის მოთხოვნით. ასეთი მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს ზემოაღნიშნული 60-დღიანი ვადის გასვლიდან ორი კვირის განმავლობაში.

(e) თუ მხარეები არ შეთანხმდებიან, რომ (c) და (d) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებისმიერი დანიშვნა უნდა განხორციელდეს მხარეთა მიერ შერჩეული პირის ან მესამე სახელმწიფოს მიერ, საჭირო დანიშვნები უნდა განახორციელოს საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის თავმჯდომარემ. თუ თავმჯდომარე ვერ ახერხებს წინამდებარე ქვეპუნქტის შესაბამისად მოქმედებას ან არის დავის ერთ-ერთი მხარის მოქალაქე, დანიშვნას ახორციელებს საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის შემდეგი უფროსი წევრი, რომელიც ხელმისაწვდომია და არ არის ერთ-ერთი მხარის მოქალაქე. წინამდებარე ქვეპუნქტში მითითებული დანიშვნები უნდა განხორციელდეს წინამდებარე დანართის მე-2 მუხლში მითითებული სიიდან, მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში და მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ. ამგვარად დანიშნული წევრები უნდა იყვნენ სხვადასხვა მოქალაქეობის მქონე პირები და არ შეიძლება იყვნენ დავის რომელიმე მხარის სამსახურში, ჩვეულებრივ მცხოვრებნი მათ ტერიტორიაზე ან მათი მოქალაქეები.

(f) ნებისმიერი ვაკანსია უნდა შეივსოს საწყისი დანიშვნისთვის დადგენილი წესით.

(g) ერთი ინტერესის მქონე მხარეებმა შეთანხმებით ერთობლივად უნდა დანიშნონ ტრიბუნალის ერთი წევრი. იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე მხარეს განსხვავებული ინტერესები აქვს, ან თუ არსებობს უთანხმოება იმის შესახებ, აქვთ თუ არა მათ ერთი ინტერესი, თითოეულმა მათგანმა უნდა დანიშნოს ტრიბუნალის ერთი წევრი. მხარეების მიერ ცალკეულად დანიშნული ტრიბუნალის წევრების რაოდენობა ყოველთვის ერთით ნაკლები უნდა იყოს მხარეების მიერ ერთობლივად დასანიშნი ტრიბუნალის წევრების რაოდენობაზე.

(h) თუ დავაში მონაწილეობს ორზე მეტი მხარე, (a) – (f) ქვეპუნქტების დებულებები გამოიყენება მაქსიმალურად, შესაძლებლობის ფარგლებში.