საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის რისკის მართვის ჩარჩოს დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის დადგენილება №14 |
|
2026 წლის 6 ნოემბერი ქ. თბილისი |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის
რისკის მართვის ჩარჩო
1. წინამდებარე რისკის მართვის ჩარჩოს მიზნებისთვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კანონი – „დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონი;
ბ) მარეგულირებელი წესი – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 28 თებერვლის №51/04 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი წესი“;
გ) დებულება – საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის დებულება“;
დ) საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობა – კანონი და მის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკისა და საპენსიო ფონდის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე) საპენსიო ფონდი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „საქართველოს საპენსიო ფონდი“, რომელიც პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე;
ვ) რისკი – იმ მოვლენის დადგომის შესაძლებლობა, რომელიც წარმოადგენს გადახრას მოსალოდნელი შედეგიდან და შესაბამისად ზეგავლენას ახდენს საპენსიო ფონდის დასახული მიზნებისა და სტრატეგიის მიღწევაზე;
ზ) რისკის მართვის სისტემა – სისტემა, რომელიც მოიცავს საპენსიო ფონდის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (რისკის მართვის სტრუქტურული ერთეულის საკვანძო როლის გამოკვეთით), საპენსიო ფონდის რისკის მართვის ჩარჩოს, პოლიტიკებს, პროცედურებს, სისტემებსა და კონტროლის მექანიზმებს და რომელიც ემსახურება საპენსიო ფონდის საქმიანობის ყველა მოსალოდნელი ან დამდგარი, შიდა და გარე რისკების წყაროების იდენტიფიცირებას, შეფასებას, მართვას, შემსუბუქებას, მონიტორინგსა და ანგარიშგებას;
თ) რისკის ამტანუნარიანობა – საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობით განსაზღვრული რისკის მაქსიმალური დონე, რომლის აღებაც შეუძლია საპენსიო ფონდს არსებული ფინანსური და საოპერაციო რესურსების გათვალისწინებით, მონაწილეთა მიმართ არსებული ვალდებულებების მნიშვნელოვნად დარღვევის ან/და სპეციალური ფუნქციების შესრულებისთვის არსებითი საფრთხის შექმნის გარეშე;
ი) რისკის აპეტიტი – რისკის ის აგრეგირებული დონე და არსებითი რისკების კატეგორიები, რომელთა აღებაც სურს საპენსიო ფონდს დასახული სტრატეგიული და საინვესტიციო მიზნების მისაღწევად;
კ) რისკის მიმართ ტოლერანტობა – თითოეული არსებითი რისკის ის მაქსიმალური აგრეგირებული დონე, რომლის ფარგლებში დასაშვებია საპენსიო ფონდის რისკის ფაქტობრივი პოზიციის გადახრა განსაზღვრული რისკის აპეტიტიდან, საპენსიო ფონდის რისკის ამტანუნარიანობის ფარგლებში;
ლ) რისკის პროფილი – დროის გარკვეულ მომენტში, ცალკეულ რისკის კატეგორიაში, საპენსიო ფონდის მთლიანი ან შესაბამის შემთხვევებში წმინდა რისკის პოზიციების ერთობლიობა, რომელიც ასახავს საპენსიო ფონდის ფაქტობრივ რისკის ექსპოზიციას და ეფუძნება მომავალზე ორიენტირებულ დაშვებებს;
მ) რისკის ლიმიტი – რაოდენობრივად განსაზღვრული ზღვარი, რომელიც ზღუდავს საპენსიო ფონდის ექსპოზიციას კონკრეტულ ფინანსურ, ოპერაციულ, საინვესტიციო თუ სტრატეგიულ რისკებზე, მონაწილეთა გრძელვადიანი ინტერესების დასაცავად და საპენსიო ფონდის რისკის აგრეგირებულ აპეტიტთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
ნ) საინვესტიციო რისკი – მიზნობრივი ამონაგებიდან ნეგატიური გადახრის ალბათობა, რომელიც, თავის მხრივ შესაძლოა გამოწვეულ იქნეს საბაზრო რისკით, ინფლაციის რისკით, საკრედიტო რისკით, კონტრაჰენტის რისკით, ლიკვიდურობის რისკითა და შეფასების რისკით;
ო) არასაინვესტიციო რისკი – სხვა რისკებთან ერთად მოიცავს სტრატეგიულ რისკს, საოპერაციო რისკს, სამართლებრივ, მარეგულირებელ, შესაბამისობისა და რეპუტაციულ რისკებს;
პ) აქტივების განთავსების სტრატეგია – განისაზღვრება საპენსიო ფონდის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად;
ჟ) საინვესტიციო პორტფელი – განისაზღვრება საპენსიო ფონდის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად;
რ) დაცვის სამი ხაზი – მოდელი, რომელიც ანაწილებს რისკების მართვის პასუხისმგებლობებს საპენსიო ფონდის მასშტაბით, ეფექტიანი მმართველობისა და კონტროლის უზრუნველსაყოფად;
ს) რისკის დანაკარგი – რისკის რეალიზების შედეგად მიღებული ნებისმიერი სახის ზიანი;
ტ) რისკის მართვის სახელმძღვანელო – დოკუმენტი, რომელიც მოიცავს რისკის მართვასთან დაკავშირებული პროცესების, პროცედურების და ანგარიშგების აღწერას;
უ) რისკის ძირითადი ინდიკატორები (KRI) – მაჩვენებელი, რომელიც გამოიყენება რისკების და პოტენციური ექსპოზიციების იდენტიფიკაციისთვის, მონიტორინგისა და ანგარიშგებისთვის;
ფ) აქტიური რისკი (tracking error) – საინვესტიციო პორტფელის გადახრა ბენჩმარკ პორტფელიდან, რომელიც იზომება ბენჩმარკ პორტფელისა და საინვესტიციო პორტფელის ამონაგების სხვაობის წლიური სტანდარტული გადახრით;
ქ) ბიზნესის უწყვეტობის მართვის სისტემა – საპენსიო ფონდის მმართველობითი და საოპერაციო მოწყობა, რომელიც საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით მოიცავს ბიზნესის უწყვეტობის მართვის პრინციპებს, პასუხისმგებელ პირებს, პროცესებს, გეგმებს, ბიზნესზე ზეგავლენის ანალიზს, სცენარებს, ტესტირებას, მონიტორინგსა და გაუმჯობესების ღონისძიებებს.
2. რისკის მართვის ჩარჩოში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.
1. რისკის მართვის ჩარჩოს მიზანია:
ა) განსაზღვროს საპენსიო ფონდის რისკის მართვის ჩარჩო, რომელიც მოიცავს იმ ორგანიზაციულ მოწყობას, რომლის მეშვეობითაც საპენსიო ფონდი ამტკიცებს და იღებს გადაწყვეტილებებს საპენსიო ფონდის რისკის სტრატეგიისა და რისკის მართვის მიდგომებთან დაკავშირებით;
ბ) უზრუნველყოს მონაწილეთა საუკეთესო ინტერესების დაცვა საოპერაციო და საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადეკვატური რისკის მართვის პრაქტიკის დამკვიდრებით. საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭო და აღმასრულებელი დირექტორები აცნობიერებენ, რომ შეუძლებელია რისკის სრულად აღმოფხვრა, თუმცა მიღებული უნდა იქნეს ყველა გონივრული ზომა შესაძლო რისკების იდენტიფიცირების, მათი სათანადოდ შეფასებისა და შემცირებისთვის, რათა მიღწეულ იქნეს მოსალოდნელ ამონაგებსა და რისკს შორის მიზნობრივი ბალანსი. რისკის აღება და რისკის მართვა არის საპენსიო ფონდის საინვესტიციო და არასაინვესტიციო საქმიანობის განუყოფელი ნაწილი.
2. რისკის მართვის ჩარჩო ადგენს რისკის მართვის სტრუქტურას, რომელიც განსაზღვრავს საპენსიო ფონდის საქმიანობიდან წარმოშობილი რისკების მართვის მექანიზმებს, მათი იდენტიფიცირების, შეფასების, მონიტორინგის, შემცირებისა და ანგარიშგების მექანიზმებს საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. რისკის მართვის ჩარჩო განსაზღვრავს რისკის მართვის პროცესში მმართველობითი საბჭოს, საპენსიო ფონდის კომიტეტების, აღმასრულებელი დირექტორების როლსა და პასუხისმგებლობებს.
4. საინვესტიციო რისკის აპეტიტი, ლიმიტები და ლიმიტებთან დაკავშირებული გადახრის ზღვრები განსაზღვრულია საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტში.
5. რისკის მიღების მკაცრად შეზღუდული დონისა და მონაწილეთა აქტივების, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის პრიორიტეტის უზრუნველყოფის მიზნით, საპენსიო ფონდი არასაინვესტიციო რისკების მართვის პროცესში ხელმძღვანელობს კონსერვატორული მიდგომით. საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს ისეთი რისკებისა და გარემოებების პრევენციას, იდენტიფიკაციას, შეფასებას, მონიტორინგსა და მართვას, რომლებმაც მათ შორის შესაძლოა გამოიწვიოს:
ა) ფინანსური ზიანი;
ბ) მონაცემთა კონფიდენციალურობის დარღვევა;
გ) სერვისის უწყვეტობის შეფერხება;
დ) რეპუტაციული ზიანი.
6. საპენსიო ფონდი განსაზღვრავს არასაინვესტიციო რისკების იმ კატეგორიებს, რომელთა მიმართ მოქმედებს ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპი. აღნიშნული კატეგორიის რისკების რეალიზება დაუშვებელია და ექვემდებარება დაუყოვნებლივ რეაგირებას. ნულოვანი ტოლერანტობის კატეგორია მოიცავს მათ შორის:
ა) თაღლითობას;
ბ) კორუფციას;
გ) ფულის გათეთრებას;
დ) განზრახ არაკეთილსინდისიერის ქმედებებს;
ე) არსებითი მარეგულირებელ დარღვევებს – მარეგულირებელი კანონმდებლობის ისეთ დარღვევას, რომელიც თავისი ბუნების, მასშტაბის, ხანგრძლივობის, განმეორებადობის ან შედეგების გათვალისწინებით არსებით საფრთხეს უქმნის მონაწილეთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, საპენსიო აქტივებს, ფონდის ფინანსურ ან საოპერაციო მდგრადობას, საქმიანობის უწყვეტობას ან რეპუტაციას. ასეთ დარღვევებს შეიძლება მიეკუთვნებოდეს, მათ შორის, განზრახ, სისტემური ან განმეორებითი დარღვევა, სავალდებულო მარეგულირებელი მოთხოვნის არსებითი შეუსრულებლობა.
ვ) მონაწილეთა მონაცემების გაჟონვას.
7. სხვა არასაინვესტიციო რისკებთან მიმართებაში საპენსიო ფონდი შემოიფარგლება ძალიან დაბალი ან დაბალი რისკის (დანართ №3-ის შესაბამისად) აპეტიტით, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების ინციდენტების, ტრანზაქციული შეცდომების, საინფორმაციო სისტემების ხელმისაწვდომობის შეფერხებების და მესამე მხარის მომსახურებასთან დაკავშირებული რისკების მიმართ.
8. რისკის მართვის ჩარჩო უნდა განიმარტოს საპენსიო ფონდის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან ერთობლიობაში.
9. რისკის მართვის ჩარჩო ვრცელდება საპენსიო ფონდის ყველა საქმიანობასა და პროცესზე, ასევე ყველა სტრუქტურულ ერთეულსა და თანამშრომელზე.
1. საპენსიო ფონდი რისკების მართვისთვის იყენებს დაცვის სამი ხაზის მოდელს, რაც მოიცავს შემდეგს:
ა) პირველი ხაზი – გულისხმობს საპენსიო ფონდის ყველა სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც იღებს და კომპეტენციის ფარგლებში მართავს საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებულ თანმდევ რისკებს. თითოეულ სტრუქტურულ ერთეულს ეკისრება პასუხისმგებლობა, შეინარჩუნოს ადეკვატური შიდა კონტროლის მექანიზმები და განახორციელოს რისკის მართვის ყოველდღიური პროცედურები.
საინვესტიციო სამსახური, როგორც საპენსიო ფონდის დაცვის ერთ-ერთი პირველი ხაზი, პასუხისმგებელია საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების მართვაზე. საინვესტიციო სამსახური ახორციელებს პირველადი კონტროლის ფუნქციას და უზრუნველყოფს, რომ საინვესტიციო გადაწყვეტილებები იყოს თავსებადი საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან, აქტივების განთავსების სტრატეგიასთან, გადახრის ლიმიტებთან და სხვა განსაზღვრულ მოთხოვნებთან, ამასთან, ახორციელებს ტრანზაქციებთან დაკავშირებულ წინასწარ (pre-trade) და შემდგომ (post-trade) ლიმიტების კონტროლს. საინვესტიციო საქმიანობიდან გამომდინარე, დარღვევების დროული ესკალაცია ხდება საინვესტიციო კომიტეტთან, მმართველობით საბჭოსთან, მთავარი რისკის ოფიცერთან და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში – საქართველოს ეროვნულ ბანკთან;
ბ) მეორე ხაზი – გულისხმობს საპენსიო ფონდის მთავარი რისკის ოფიცრის დაქვემდებარებაში არსებულ რისკის მართვის სამსახურს. დაცვის მეორე ხაზი მოიცავს რისკის საზედამხედველო ხაზს – საპენსიო ფონდის რისკის მართვის ფუნქციას, რომელიც დამოუკიდებელია რისკების ამღები სტრუქტურული ერთეულებისგან. რისკის მართვის სამსახური ზედამხედველობს რისკის ამღებ სტრუქტურულ ერთეულებს და ამოწმებს მათი ქმედებების შესაბამისობას მმართველობითი საბჭოს მიერ დამტკიცებულ რისკის აპეტიტთან და რისკის ლიმიტებთან მიმართებაში. რისკის მართვის სამსახური უზრუნველყოფს:
ბ.ა) რისკების დამოუკიდებელ ზედამხედველობას;
ბ.ბ) საპენსიო ფონდის რისკის აპეტიტთან და შესაბამის ლიმიტებთან მიმართებით აღებული პოზიციების რისკის მონიტორინგს;
ბ.გ) საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობით განსაზღვრული ლიმიტების დარღვევების რეგისტრირებასა და ესკალაციას;
ბ.დ) მმართველობითი საბჭოს მიმართ დამოუკიდებელ ანგარიშგებას, რისკის კომიტეტის მეშვეობით;
ბ.ე) დაცვის პირველი ხაზისგან დამოუკიდებლად, საინვესტიციო საქმიანობის რისკების კონტროლს;
ბ.ვ) შესაბამისი შიდა კონტროლის მექანიზმების/პროცესების შემუშავებასა და დანერგვას რისკის მართვის სამსახურში;
ბ.ზ) აღსრულებული (ex-post) საინვესტიციო გარიგებების კონტროლს, რათა დაადასტუროს, რომ ყველა საინვესტიციო გადაწყვეტილება შეესაბამება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, მათ შორის, აქტივების განთავსების სტრატეგიას, დადგენილ ლიმიტებსა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს. აღნიშნული ფუნქცია ხორციელდება დაცვის პირველი ხაზისგან დამოუკიდებელი, გარიგების შემდგომი ლიმიტების მონიტორინგისა და შესაბამისობის შემოწმებების გზით;
ბ.თ) საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობით და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას;
გ) მესამე ხაზი – გულისხმობს საპენსიო ფონდის შიდა აუდიტის დეპარტამენტს, რომელიც დამოუკიდებელია პირველი და მეორე ხაზისგან, უზრუნველყოფს მმართველობითი საბჭოსთვის და აუდიტის კომიტეტისთვის დამოუკიდებელ სარწმუნო შეფასებას შიდა კონტროლის, მმართველობის და რისკის მართვის სისტემების დიზაინისა და ეფექტიანობის შესახებ. შიდა აუდიტის დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მხოლოდ საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოსა და აუდიტის კომიტეტის წინაშე. შიდა აუდიტის დეპარტამენტი დამოუკიდებელია თავისი საქმიანობის, ფუნქციებისა და პროფესიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს საპენსიო ფონდის საქმიანობის რეგულირებასა და ზედამხედველობას „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, უზრუნველყოფს რისკის მართვის ჩარჩოს ან/და მასში განსახორციელებელი ცვლილების შეთანხმებას, მმართველობითი საბჭოს მიერ მის დამტკიცებამდე.
1. რისკის მართვის ფუნქცია არის სპეციალური ფუნქცია, რომელიც უნდა იყოს ეფექტიანი და სათანადოდ ინტეგრირებული საპენსიო ფონდის ორგანიზაციულ სტრუქტურასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. რისკის მართვის სამსახური რისკის კომიტეტს წარუდგენს შესაბამის სტრატეგიებს, პროცესებსა და ანგარიშგების პროცედურებს, რომლებიც უზრუნველყოფს რისკების ინდივიდუალურ და აგრეგირებულ დონეზე იდენტიფიცირებას, შეფასებას, მონიტორინგს, მართვასა და რეგულარულ ანგარიშგებას. რისკის მართვის ფუნქცია უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ რისკებს:
ა) აქტივებისა და ვალდებულებების მართვას;
ბ) ინვესტიციებს;
გ) ლიკვიდურობისა და კონცენტრაციის რისკების მართვას;
დ) საოპერაციო რისკების მართვას;
ე) რისკების შემცირების მეთოდებს.
2. რისკის მართვის სამსახურის ფუნქციები, სხვა საკითხებთან ერთად და კანონის შესაბამისად, მოიცავს რისკების მართვას, შესაბამისობის კონტროლს, რისკის მართვის სახელმძღვანელოს შექმნასა და დანერგვას. რისკის მართვის სამსახური უზრუნველყოფს რისკის მართვის სახელმძღვანელოს წარდგენას რისკის კომიტეტისთვის, შემდგომში მმართველობითი საბჭოს მიერ დამტკიცების მიზნით.
3. რისკის მართვის სამსახური ვალდებულია განახორციელოს საპენსიო ფონდის რისკის მართვა და ამ ფუნქციის განსახორციელებლად:
ა) გენერალურ დირექტორთან, მმართველობით საბჭოსთან და რისკის კომიტეტთან შეთანხმებით უზრუნველყოს საპენსიო ფონდის რისკის (მათ შორის, კიბერუსაფრთხოებასთან და ბიზნესის უწყვეტობასთან მიმართებით) მართვის ფუნქციის ეფექტიანი განხორციელება და უწყვეტი გაუმჯობესება, რაც მოიაზრებს რისკების იდენტიფიცირებას, გაზომვას, რისკებზე რეაგირებას, კონტროლის სისტემებისა და პროცესების გაუმჯობესებასა და ანგარიშგებას. აღნიშნული მიზნად ისახავს საპენსიო ფონდის რისკების მართვის შესაძლებლობების გაძლიერებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში რისკების სათანადო გათვალისწინების უზრუნველყოფას;
ბ) უნდა ჰქონდეს წვდომა საპენსიო ფონდში არსებულ ყველა იმ ინფორმაციაზე, რომელიც აუცილებელია რისკების მართვასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულებისთვის და მიიღოს ინფორმაცია იმ ყველა ოპერაციის შესახებ, რომელიც ხორციელდება საპენსიო ფონდის სახელით აქტივების მმართველი კომპანიის/კომპანიების, სპეციალიზებული დეპოზიტარისა და საპენსიო ფონდისათვის მომსახურების მიმწოდებელი სხვა პირების მიერ;
გ) განახორციელოს საპენსიო ფონდის საოპერაციო საქმიანობის შესაბამისობის რეგულარული მონიტორინგი;
დ) განიხილოს და შეაფასოს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა, წესები და პროცედურები და გაუწიოს მონიტორინგი მათ განხორციელებას;
ე) მიიღოს მონაწილეობა რისკის მართვის ჩარჩოს შემუშავების პროცესში;
ვ) განახორციელოს რისკის მართვის სახელმძღვანელოს შესრულების მონიტორინგი;
ზ) შეიმუშაოს კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული წესები და პროცედურები, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტთან კოორდინაციით;
თ) განახორციელოს საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობით და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილება.
4. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, რისკის მართვის სამსახურთან ერთად, შეიმუშავებს ინფორმაციული უსაფრთხოების წესებსა და პროცედურებს.
5. გენერალური დირექტორი ვალდებულია, ნებისმიერი პროცესის/პროცედურის და მათში ცვლილებების დამტკიცების შემდგომ, აცნობოს ამის შესახებ რისკის მართვის სამსახურს. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პროცესები/პროცედურები ან/და მათი ცვლილებები უკავშირდება რისკის მართვის ფუნქციებს, გენერალური დირექტორის მიერ მათ დამტკიცებამდე საჭიროა რისკის მართვის სამსახურის წინასწარი თანხმობა. გენერალურ დირექტორსა და რისკის მართვის სამსახურს შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში საკითხი განსახილველად გადაეცემა რისკის კომიტეტს.
6. საპენსიო ფონდის სახელით გასაფორმებელი ხელშეკრულებები, რომლებიც გავლენას ახდენს რისკის მართვის ფუნქციაზე, გენერალური დირექტორის საბოლოო ხელმოწერამდე, ექვემდებარება რისკის მართვის სამსახურის მიერ წინასწარ განხილვას. გენერალურ დირექტორსა და რისკის მართვის სამსახურს შორის ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საკითხზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მმართველობითი საბჭო.
7. საპენსიო ფონდის თანამშრომლები და სტრუქტურული ერთეულები ვალდებული არიან, დაუყოვნებლივ აცნობონ რისკის მართვის სამსახურს მონაწილეების, კონტრაჰენტების, მომსახურების მიმწოდებლების ან სხვა გარე პირების მიერ საპენსიო ფონდის მიმართ გამოხატული ისეთი უკმაყოფილების ან/და დაფიქსირებული საჩივრების შესახებ, რომლებიც მათთვის ცნობილი გახდა საკუთარი სამსახურებრივი კომპეტენციის ფარგლებში და რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს საპენსიო ფონდის სამართლებრივი, ფინანსური ან რეპუტაციული ზიანი.
8. საპენსიო ფონდის სტრუქტურული ერთეულები მათ მიერ მომზადებულ პერიოდულ ან/და საჯარო ხასიათის ანგარიშებს ინფორმაციის სახით წარუდგენენ რისკის მართვის სამსახურს.
9. რისკის მართვის სამსახური ასევე ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:
ა) რისკის კომიტეტის მეშვეობით დამოუკიდებელი ყოველთვიური საინვესტიციო რისკების ანგარიშგების მმართველობითი საბჭოსათვის და საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენის უზრუნველყოფა. ანგარიშგება მოიცავს ლიმიტების შესაბამისობას, ბენჩმარკთან შემოსავლიანობის შედარებას, აქტიურ რისკს, სტრესტესტების შედეგებს, არსებით პოზიციებსა და დასაბუთებულ რეკომენდაციებს;
ბ) რისკის კომიტეტის მეშვეობით დამოუკიდებელი კვარტალური საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული ანგარიშების მმართველობითი საბჭოსა და საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენის უზრუნველყოფა. ანგარიშგება მოიცავს იდენტიფიცირებული რისკების აღწერას და დასაბუთებულ რეკომენდაციებს;
გ) სტრესტესტებისა და სცენარების ანალიზის შემუშავება და დანერგვა. მონაცემებისა და მოდელების შესაბამისობის უზრუნველყოფა. მიღებული შედეგების ანალიზი და სამოქმედო რეკომენდაციების მომზადება გამოვლენილი რისკების შემცირების მიზნით;
დ) ყველა რისკის ზედამხედველობა, დარღვევების აღრიცხვა, დაცვის პირველი ხაზის მიერ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირების, შეფასებისა და მართვის პროცესების ადეკვატურობისა და ეფექტიანობის დადასტურება;
ე) საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად რისკებთან დაკავშირებული ინფორმაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის დროული მიწოდების უზრუნველყოფა.
10. მთავარი რისკის ოფიცერი წარმოადგენს საპენსიო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, რომელიც:
ა) ხელმძღვანელობს რისკის მართვის სამსახურს და საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს საპენსიო ფონდის რისკის მართვას და ასრულებს მასთან დაკავშირებულ ფუნქციებს;
ბ) რისკის მართვის ჩარჩოს შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს რისკის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
გ) კოორდინაციას უწევს რისკის მართვის პროცესებს;
დ) გენერალურ დირექტორთან და რისკის კომიტეტთან კონსულტაციით, შეიმუშავებს საპენსიო ფონდის რისკის მართვის სამსახურის სტრუქტურასა და დებულებას;
ე) ანგარიშვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის, მმართველობითი საბჭოსა და რისკის კომიტეტის წინაშე;
ვ) პასუხისმგებელია საპენსიო ფონდის საქმიანობის რისკების მართვაზე, რომელიც მოიცავს რისკების იდენტიფიცირების, გაზომვისა და შეფასების, შემცირების და კონტროლის, რისკის მონიტორინგისა და ანგარიშგების კრიტერიუმებისა და მეთოდოლოგიების განსაზღვრასა და გაუმჯობესებას;
ზ) ზედამხედველობას უწევს საპენსიო ფონდის საქმიანობის საპენსიო ფონდის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შესაბამისობას;
თ) უფლებამოსილია რისკის მართვასთან დაკავშირებული ფუნქციების შესასრულებლად ხელი მიუწვდებოდეს საპენსიო ფონდში არსებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე, გარდა საპენსიო ფონდის თანამშრომელთა პერსონალური მონაცემებისა, რომელიც არ წარმოადგენს საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში ასახულ მონაცემებს. თანამშრომლის პერსონალურ მონაცემებზე წვდომის საჭიროების შემთხვევაში რისკის მართვის სამსახური ან/და მთავარი რისკის ოფიცერი ვალდებულია მოიპოვოს რისკის კომიტეტის წინასწარი თანხმობა;
ი) რეგულარულად აწვდის გენერალურ დირექტორს ინფორმაციას და ანგარიშს რისკის მართვასთან დაკავშირებით;
კ) გენერალურ დირექტორთან, მმართველობით საბჭოსთან და რისკის კომიტეტთან კოორდინაციით უზრუნველყოფს საპენსიო ფონდის რისკის მართვის ფუნქციის ეფექტიან განხორციელებას და უწყვეტ გაძლიერებას, რაც მოიცავს რისკების იდენტიფიცირების, რაოდენობრივი გაზომვის, კონტროლის სისტემებისა და პროცესების გაუმჯობესებას და ანგარიშგებას;
ლ) აქვს წვდომა საპენსიო ფონდში არსებულ ყველა იმ ინფორმაციაზე, რომელიც აუცილებელია რისკების მართვასთან დაკავშირებული ფუნქციების შესასრულებლად და უფლებამოსილია, მიიღოს ინფორმაცია იმ ყველა ოპერაციის შესახებ, რომელიც ხორციელდება საპენსიო ფონდის სახელით აქტივების მმართველი კომპანიის/კომპანიების, სპეციალიზებული დეპოზიტარისა და საპენსიო ფონდისათვის მომსახურების განმახორციელებელი სხვა პირების მიერ;
მ) უფლებამოსილია, განახორციელოს საპენსიო ფონდის საოპერაციო საქმიანობის შესაბამისობის რეგულარული მონიტორინგი, განიხილოს და შეაფასოს ინფორმაციული უსაფრთხოების პროცედურა, ასევე სხვა წესები და პროცედურები, რომლებიც შემუშავებულია საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ;
ნ) რისკის მართვის სახელმძღვანელოსა და ფონდის შიდა დოკუმენტების შესაბამისად, უზრუნველყოფს ანონიმური მხილების მექანიზმის ფარგლებში მიღებული შეტყობინებების განხილვას, შეფასებასა და შესაბამის რეაგირებას, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში საკითხის ესკალაციას ეროვნულ ბანკთან, მმართველობით საბჭოსთან ან შესაბამის კომიტეტთან, ასევე მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვასა და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილებას;
ო) ახორციელებს საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.
1. რისკების მართვის პროცესი წარმოადგენს კოორდინირებულ, სტრუქტურირებულ და უწყვეტ პროცესს, რომელიც იწყება საპენსიო ფონდის შიდა და გარე კონტექსტის განსაზღვრით, აგრეთვე რისკების შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბებით.
2. რისკების შეფასების პროცესი მოიცავს შემდეგ ძირითად ეტაპებს:
ა) რისკების იდენტიფიცირება – პოტენციური მოვლენების, ფაქტორებისა და გარემოებების გამოვლენა, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს საპენსიო ფონდის მიზნების მიღწევაზე;
ბ) რისკების ანალიზი – იდენტიფიცირებული რისკების შეფასება მათი რეალიზების ალბათობისა და შესაძლო ზეგავლენის გათვალისწინებით;
გ) რისკების შეფასება – რისკების მნიშვნელოვნების განსაზღვრა და მათი პრიორიტეტულობის დადგენა, საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული რისკის კრიტერიუმების შესაბამისად.
3. რისკების შეფასების შედეგების საფუძველზე განისაზღვრება და ხორციელდება რისკზე რეაგირების შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, რისკის თავიდან აცილება, შემცირება, გადაცემა ან მიღება. რისკზე რეაგირების ღონისძიების შერჩევისას გაითვალისწინება რისკის ალბათობა და შესაძლო გავლენა, არსებული კონტროლის მექანიზმების ეფექტიანობა, რისკის შესაბამისობა საპენსიო ფონდის რისკის აპეტიტსა და ტოლერანტობასთან, სამართლებრივი და შესაბამისობის მოთხოვნები, აგრეთვე რისკის შემცირების ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯებისა და მოსალოდნელი სარგებლის თანაფარდობა. რისკის მიღება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ რისკი არ სცდება საპენსიო ფონდის რისკის აპეტიტისა და ტოლერანტობის ფარგლებს, არ ეწინააღმდეგება სამართლებრივ და შესაბამისობის მოთხოვნებს და მისი შემდგომი შემცირების ხარჯი აღემატება მოსალოდნელ სარგებელს. რისკის მიღება არ ვრცელდება იმ რისკებზე, რომელთა მიმართაც განსაზღვრულია ნულოვანი ტოლერანტობა.
4. რისკების მართვის პროცესის ყველა ეტაპზე უზრუნველყოფილია დაინტერესებულ მხარებთან შესაბამისი კომუნიკაცია და კონსულტაცია, რაც ხელს უწყობს ინფორმირებული და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღებას.
5. რისკების მართვის პროცესის მონიტორინგი ხორციელდება უწყვეტად და საჭიროებისამებრ გადაიხედება საპენსიო ფონდის შიდა და გარე გარემოში მომხდარი ცვლილებების, მიღებული გამოცდილებისა და რისკების დონის ცვლილების გათვალისწინებით.
6. რისკის მართვის პროცესის ფარგლებში რისკების შესახებ ინფორმაცია აღირიცხება შესაბამის რეესტრებში პროცესის თითოეულ ეტაპზე. რისკების რეესტრში აისახება რისკებთან დაკავშირებული არსებითი ინფორმაცია, მათ შორის, საწყისი რისკი, რისკის ანალიზისა და შეფასების შედეგები, რისკზე რეაგირების სტრატეგია, არსებული და დაგეგმილი კონტროლის მექანიზმები, პასუხისმგებელი პირები, განხორციელებული ღონისძიებები, რისკის მიმდინარე სტატუსი. საოპერაციო რისკების მართვის მიზნებისთვის საპენსიო ფონდი აწარმოებს საოპერაციო რისკების დანაკარგების მონაცემთა ბაზას, სადაც აღირიცხება საპენსიო ფონდის საქმიანობისთვის რელევანტური საოპერაციო რისკის მოვლენები, პოტენციური ინციდენტები და ინციდენტები, მათ შორის, ისეთი შემთხვევები, რომლებმაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოეწვია ფინანსური დანაკარგი, საოპერაციო შეფერხება, სამართლებრივი/მარეგულირებელი შედეგი, რეპუტაციული ზიანი ან სხვა მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა საპენსიო ფონდის საქმიანობაზე.
7. რისკების მართვის პროცესის შედეგები ექვემდებარება შესაბამის ანგარიშგებას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას იდენტიფიცირებული რისკების, მათი შეფასების, რისკის დონის ცვლილების, განსაზღვრული რეაგირების ღონისძიებებისა და მათი შესრულების მდგომარეობის შესახებ. ანგარიშგება ხორციელდება პერიოდულად, ხოლო არსებითი ცვლილების, ინციდენტის ან დადგენილი ზღვრის გადაჭარბების შემთხვევაში – დაუყოვნებლივ. ანგარიშგების პერიოდულობა, ფორმატი, პასუხისმგებელი პირები და ესკალაციის წესი განისაზღვრება რისკის მართვის სახელმძღვანელოთი.
8. რისკზე რეაგირების ღონისძიებების ან/და შესაბამისი კონტროლის მექანიზმების განხორციელების შემდეგ, ნარჩენი რისკები და შესაბამისი ინფორმაცია აისახება ნარჩენი რისკების რეესტრში. ნარჩენი რისკების მართვისა და მონიტორინგის მიზნებისთვის ცალკე აღირიცხება რისკები დამუშავების ღონისძიებების შესრულების სტატუსის მიხედვით – მიმდინარე ან დასრულებული. ნარჩენი რისკების მონიტორინგი ხორციელდება არანაკლებ კვარტალში ერთხელ, აგრეთვე რიგგარეშე წესით იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა გარემოება, მოვლენა ან ცვლილება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ნარჩენი რისკის დონის ზრდა ან მისი მნიშვნელოვნების ცვლილება. ნარჩენი რისკის დონის ზრდის ან მისი მნიშვნელოვნების ცვლილების შემთხვევაში ხორციელდება რისკის ხელახალი შეფასება და, საჭიროების შემთხვევაში განისაზღვრება დამატებითი რისკზე რეაგირების ღონისძიებები ან კონტროლის მექანიზმები. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებების შესრულების სტატუსი განისაზღვრება როგორც მიმდინარე.
9. რისკის მართვის პროცესის სასიცოცხლო ციკლი წარმოადგენს ეტაპობრივ და უწყვეტ პროცესს, რომელიც საპენსიო ფონდს საშუალებას აძლევს, საკუთარი სტრატეგიული მიზნების შესაბამისად, დროულად გამოავლინოს, შეაფასოს, მართოს, მონიტორინგი გაუწიოს და გააკონტროლოს რისკები. რისკის მართვის სასიცოცხლო ციკლის სტრუქტურა წარმოდგენილია წინამდებარე რისკის მართვის ჩარჩოში, დანართ №2-ის სახით.
10. რისკის აღება საპენსიო ფონდის საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. მმართველობითი საბჭო გამოხატავს მზაობას აიღოს გარკვეული რისკები, რომლებიც ემსახურება სტრატეგიული და საინვესტიციო მიზნების მიღწევას და, ამავდროულად, მოახდინოს ისეთი რისკების მინიმიზაცია, რომლებიც არ უზრუნველყოფენ ამონაგების ზრდას.
11. საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების, რისკის ამტანუნარიანობისა და რისკის აპეტიტის ფარგლებში, წინამდებარე რისკის მართვის ჩარჩო განსაზღვრავს საინვესტიციო რისკის შემდეგ კატეგორიებს:
ა) საბაზრო რისკი – პოტენციური დანაკარგები საბაზრო რისკფაქტორების ცვლილების გამო (საპროცენტო განაკვეთები, ინფლაცია, აქციების ფასი, სავალუტო კურსები, საკრედიტო სპრედები). საბაზრო რისკი ფასდება ბენჩმარკ პორტფელთან შედარებით აბსოლუტური და შედარებითი გადახრების ანალიზით და პორტფელის პოზიციების სენსიტიურობის ანალიზით ძირითადი საბაზრო ფაქტორების მიმართ;
ბ) საკრედიტო რისკი – ფასიანი ქაღალდის ემიტენტის და სხვა კონტრაჰენტების დეფოლტის/საკრედიტო ხარისხის გაუარესების რისკი, რომლის მონიტორინგი ხორციელდება შესაბამისი პორტფელის საკრედიტო ხარისხის შეფასებით, მათ შორის, საკრედიტო რეიტინგებითა და კონტრაჰენტების გადახდისუნარიანობის რეგულარული (სულ მცირე კვარტალში ერთხელ) მონიტორინგის გზით;
გ) სავალუტო რისკი – საპენსიო ფონდის საბაზო ვალუტასა და უცხოურ ვალუტებს შორის გაცვლითი კურსების მერყეობით გამოწვეული ზარალის რისკი, რომელიც გავლენას ახდენს აქტივების წმინდა ღირებულებაზე;
დ) კონტრაჰენტის რისკი – სახელშეკრულებო ურთიერთობით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული დანაკარგის რისკი, მათ შორის, დერივატივების და ანგარიშგების რისკით, რომელიც იმართება მინიმალური საკვალიფიკაციო კრიტერიუმების, ლიმიტების განსაზღვრისა და მონიტორინგის გზით;
ე) კონცენტრაციისა და ქვეყნის რისკი - ერთ კონკრეტულ ემიტენტზე/ჯგუფზე/სექტორზე/გეოგრაფიულ სივრცეზე გადაჭარბებული კონცენტრაციის რისკი;
ვ) ლიკვიდობის რისკი – მოულოდნელი, დამატებითი ფულადი ნაკადის საჭიროების შემთხვევაში, აქტივების მნიშვნელოვანი დანაკარგით გაყიდვის რისკი, რომლის მონიტორინგი ხორციელდება მოსალოდნელი ლიკვიდურობის რეგულარული ანალიზით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საპენსიო აქტივების გაცემის, რეალოკაციებისა და რებალანსირების დროულად განხორციელება;
ზ) აქტივების ღირებულების შეფასების რისკი – ნაკლებ ლიკვიდური ინსტრუმენტების ღირებულების შეფასების მოდელების ანალიზი, რაც უკავშირდება საპენსიო აქტივების ღირებულების გამოთვლისას, შესაძლო შეცდომების რისკს და შეფასების იერარქიის დაცვას;
12. რისკის მართვის ის ფუნქცია, რომელიც მოიცავს სტრესტესტებსა და სცენარულ ანალიზს, ხორციელდება მთავარი რისკის ოფიცრის ხელმძღვანელობით, რათა შეფასდეს შოკების გავლენა პორტფელებზე, მათ ამონაგებსა და ლიკვიდურობაზე.
13. მთავარი რისკის ოფიცერი, მთავარი საინვესტიციო ოფიცრის და საინვესტიციო სამსახურის ჩართულობით, შეიმუშავებს სტრესტესტირების სცენარებსა და მეთოდოლოგიებს, რომელსაც ყოველწლიურად განსაზღვრავს რისკის კომიტეტი.
14. სტრესსცენარები მოიცავს, მათ შორის და არა მხოლოდ, შემდეგ კომპონენტებს: საბაზრო ფაქტორების ცვლილებიდან გამოწვეული შოკები (მაგ., საპროცენტო განაკვეთის, სავალუტო კურსის, აქციებისა და სპრედების ცვლილება, ინფლაციური შოკი), მაკროეკონომიკური პარამეტრების მკვეთრი გაუარესება (მაგ., ეკონომიკური ზრდის ვარდნა, ინფლაციის ზრდა), ლიკვიდობის სტრესები (მაგ., ფინანსირების/ლიკვიდაციის ჰორიზონტების ცვლილება), საწინააღმდეგო სტრესტესტირება (reverse stress-testing) რისკის აპეტიტის დარღვევის პირობების დასადგენად, ასევე კონტრაჰენტის დეფოლტის შესაძლო სცენარები.
15. რისკის მართვის ჩარჩო ასევე განსაზღვრავს და მოიცავს არასაინვესტიციო რისკების ფართო სპექტრს, რომლებიც წარმოიშობა საპენსიო ფონდის შიდა ოპერაციებიდან, მმართველობითი სტრუქტურებიდან, საინფორმაციო სისტემებიდან, სამართლებრივი და მარეგულირებელი ნორმებიდან, ასევე დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობებიდან და არ უკავშირდება უშუალოდ საინვესტიციო რისკებს. აღნიშნული რისკები შეიძლება გამოიხატოს ფინანსური დანაკარგით, საოპერაციო პროცესების შეფერხებით, არაეფექტიანობით, საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევით ან საზოგადოებრივი ნდობის შემცირებით.
16. არასაინვესტიციო რისკებს წარმოადგენს, მათ შორის:
ა) სტრატეგიული რისკი – პოტენციური ზარალის, გამოუყენებელი შესაძლებლობების ან რეპუტაციული ზიანის რისკი, რომელიც წარმოიქმნება საპენსიო ფონდის მიერ კონკურენტულ გარემოში მიღებული გადაწყვეტილებებისა და ქმედებების შედეგად. სტრატეგიული რისკი გულისხმობს შესაძლო უარყოფით გავლენას საპენსიო ფონდის მიზნებისა და სტრატეგიული ამოცანების მიღწევის უნარზე, რომელიც გამოწვეულია სტრატეგიული გადაწყვეტილებებისა და მათი განხორციელების გზების ბუნდოვანებით;
ბ) საოპერაციო რისკი – არასათანადო ან წარუმატებელი შიდა პროცესების, ადამიანური რესურსისა და სისტემების, ან გარე მოვლენების შედეგად დანაკარგის წარმოშობის რისკი; საოპერაციო რისკებს წარმოადგენს, მათ შორის:
ბ.ა) ინფორმაციული უსაფრთხოების რისკი – გაუთვალისწინებელი მოვლენებისგან წარმოქმნილი პოტენციური რისკი, რომელიც შესაძლოა წარმოიქმნას ინფორმაციულ რესურსებზე უნებართვო წვდომის, მათგან გამოწვეული დარღვევების ან მომსახურების შეჩერების შედეგად და საფრთხეს უქმნის ინფორმაციის კონფიდენციალურობას, მთლიანობას ან ხელმისაწვდომობას;
ბ.ბ) თაღლითობის რისკი – რისკი, რომ საპენსიო ფონდს მიადგეს ფინანსური, სამართლებრივი, რეპუტაციული ან სხვა სახის ზიანი თანამშრომლის, ხელმძღვანელი პირის ან გარე მხარის მიერ ჩადენილი განზრახ არაკეთილსინდისიერი ან უკანონო ქმედების შედეგად, რომელიც ხორციელდება მოტყუების, ინფორმაციის დამალვის, არასწორი მონაცემების მიწოდების, ნდობის ბოროტად გამოყენების ან სხვა მსგავსი საშუალებით, პირადი ან მესამე პირის სარგებლის მიღების მიზნით;
გ) სამართლებრივი რისკი – საპენსიო ფონდისათვის იმ ზიანის, დანაკარგის ან უარყოფითი შედეგის დადგომის შესაძლებლობა, რომელიც გამოწვეულია მოქმედი კანონმდებლობის, ნორმატიული აქტების, ნაკისრი ვალდებულებების ან რეგულაციების დარღვევით, არასწორი ინტერპრეტაციით, შეუსრულებლობით, მათ შორის, საინვესტიციო საქმიანობის ფარგლებში. იგი ასევე მოიცავს რისკს, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას მიმდინარე ან მოსალოდნელი სამართლებრივი დავების შედეგად;
დ) მარეგულირებელი და შესაბამისობის რისკი – რისკი, რომელიც წარმოიქმნება საკანონმდებლო ან მარეგულირებელი გარემოს ცვლილებების ან შეუსაბამობის შედეგად, რაც გავლენას ახდენს საპენსიო ფონდის საქმიანობაზე. შესაბამისობის რისკი მათ შორის წარმოადგენს სანქციების, ფინანსური ზარალის ან რეპუტაციული ზიანის დადგომის რისკს, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას მოქმედ კანონმდებლობასთან, მარეგულირებელ მოთხოვნებთან, შიდა პოლიტიკებსა და პროცედურებთან შეუსაბამობის შედეგად. მარეგულირებელი რისკის მართვა მოითხოვს პროგნოზირებად და სტრატეგიულ მიდგომას, რომელიც ორიენტირებულია საკანონმდებლო და მარეგულირებელი გარემოს ცვლილებების წინასწარ შეფასებასა და ადაპტაციაზე, ხოლო შესაბამისობის რისკის მართვა ეფუძნება სისტემურ კონტროლს და მოქმედი მოთხოვნების მუდმივ, თანმიმდევრულ დაცვას;
ე) რეპუტაციული რისკი – ნებისმიერი საფრთხე, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს საზოგადოებრივი ნდობის დაკარგვა, დააზიანოს საპენსიო ფონდის რეპუტაცია და უარყოფითად იმოქმედოს მისი საქმიანობის უწყვეტობასა და წარმატებაზე;
ვ) აუთსორსინგის რისკი – წარმოადგენს რისკს, რომელიც წარმოიქმნება საპენსიო ფონდის მიერ საკუთარი ფუნქციების, პროცესების ან/და მათთან დაკავშირებული მომსახურებების გადაცემისას. იგი მოიცავს კონტროლის, ხარისხის, უსაფრთხოების ან შესაბამისობის დაკარგვის შესაძლებლობას და შეიძლება, გამოიწვიოს საოპერაციო შეფერხება, მონაცემთა დარღვევა ან რეპუტაციული ზიანი.
17. რისკი თავისი ბუნებისა და საპენსიო ფონდზე შესაძლო ზეგავლენის მიხედვით, შეიძლება ერთდროულად მოიცავდეს ერთ ან რამდენიმე რისკის კატეგორიას.
1. მსხვილი საინვესტიციო რისკი წარმოადგენს ამ ჩარჩოთი განსაზღვრულ საინვესტიციო რისკს, რომლის რეალიზებამ, მისი მასშტაბის, ალბათობისა და შესაძლო ზეგავლენის გათვალისწინებით, შესაძლოა მატერიალური გავლენა მოახდინოს საპენსიო აქტივების ღირებულებაზე, საინვესტიციო პორტფელის ამონაგებზე ან ლიკვიდურობაზე, გამოიწვიოს საინვესტიციო ლიმიტების ან სხვა მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა ან საპენსიო ფონდისთვის სხვა მნიშვნელოვანი ფინანსური, სამართლებრივი, საოპერაციო ან რეპუტაციული შედეგი.
2. საინვესტიციო საქმიანობის სპეციფიკიდან, მოქმედი კანონმდებლობიდან და ადგილობრივი საინვესტიციო პრაქტიკიდან გამომდინარე, საკრედიტო რისკი მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და საფრთხის შემცველ რისკის კატეგორიად.
3. რისკის მართვის სამსახური, რისკების (მათ შორის, საკრედიტო რისკის) ეფექტიანი მართვის უზრუნველსაყოფად, შეიმუშავებს შესაბამის პროცედურებს, მათ შორის, საკრედიტო რისკის შეფასების პროცედურას. აღნიშნული პროცედურები უნდა მოიცავდეს შემდეგ ძირითად მოთხოვნებს:
ა) საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე, საინვესტიციო სამსახური ვალდებულია აცნობოს რისკის მართვის სამსახურს ნებისმიერი ისეთი საინვესტიციო გადაწყვეტილების თაობაზე, რომელიც უკავშირდება ახალ კონტრაჰენტს ან/და აქტივების ახალ კლასს;
ბ) რისკის მართვის სამსახური, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს შესაძლო რისკების (მათ შორის, საკრედიტო რისკის) ანალიზს, ხარისხობრივ და რაოდენობრივ შეფასებას. საკრედიტო რისკის შეფასებისას რისკის მართვის სამსახური ახორციელებს კონტრაჰენტების საკრედიტო ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს და ცვლილებების დროულ იდენტიფიკაციას საკრედიტო რისკის განსაზღვრულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით. რისკის მართვის სამსახური საჭიროების შემთხვევაში ატარებს გაძლიერებულ ანალიზს ფინანსური მაჩვენებლების, ფულადი ნაკადების, დეფოლტის ალბათობის შეფასებებისა და სტრეს-ტესტირების გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს საკრედიტო რისკის ეფექტიან მართვას და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას;
გ) ჩატარებული კვლევის საფუძველზე, რისკის მართვის სამსახური შეიმუშავებს და რისკის კომიტეტს წარუდგენს რეკომენდაციას შემოთავაზებული საკრედიტო რისკის აღების მიზანშეწონილობის შესახებ დასაშვები ექსპოზიციის დონისა და ხანგრძლივობის მითითებით. რეკომენდაციის წარდგენამდე, რისკის მართვის სამსახური ვალდებულია აღნიშნული რეკომენდაციის შესახებ წინასწარ აცნობოს საინვესტიციო სამსახურს;
დ) რისკის მართვის სამსახურის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაციის ან შეფასების შემთხვევაში რისკის მართვის სამსახურის რეკომენდაცია, რისკის კომიტეტის მეშვეობით, განსახილველად და დასამტკიცებლად წარედგინება მმართველობით საბჭოს;
ე) რისკის მართვის სამსახურის მიერ გაცემული ნეგატიური რეკომენდაციის ან შეფასების შემთხვევაში, საკითხის საბოლოო გადაწყვეტისათვის, საინვესტიციო კომიტეტი უფლებამოსილია, რისკის კომიტეტის წინასწარ ინფორმირების შემდგომ, მიმართოს მმართველობით საბჭოს. მმართველობითი საბჭოს გადაწყვეტილება შესაბამისი სხდომის ოქმში უნდა აისახოს.
4. რისკის მართვის სამსახურის მიერ ყოველი არსებული კონტრაჰენტის საკრედიტო რისკის შეფასება უნდა განხორციელდეს შემდეგი წესით:
ა) საინვესტიციო დონის საკრედიტო რეიტინგის (საკრედიტო რეიტინგი, რომელიც მინიჭებული აქვს ფინანსურ ინსტრუმენტს ან ემიტენტს. აღნიშნული კატეგორია მოიცავს რეიტინგებს BBB-/Baa3 და ზემოთ) კონტრაჰენტების საკრედიტო რისკის შეფასება ხორციელდება სულ მცირე 36 თვეში ერთხელ;
ბ) არასაინვესტიციო საკრედიტო რეიტინგის (საკრედიტო რეიტინგი, რომელიც მინიჭებული აქვს ფინანსურ ინსტრუმენტს ან ემიტენტს. აღნიშნული კატეგორია მოიცავს რეიტინგებს BB+/Ba1 და ქვემოთ) კონტრაჰენტების შეფასება ხორციელდება სულ მცირე 12 თვეში ერთხელ, რაც ასახავს ამ კატეგორიის რეიტინგების გაზრდილ რისკიანობას;
გ) დამატებით, საკრედიტო რეიტინგის ან აუთლუქის უარყოფითი ცვლილების, აგრეთვე საკრედიტო რეიტინგის შესაძლო გაუარესების შესახებ სარწმუნო ინფორმაციის მიღების შემთხვევაში რისკის მართვის სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნული ცვლილების დეტალურ ანალიტიკურ შეფასებას, პოტენციური გავლენის მასშტაბების განსაზღვრას და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას საინვესტიციო სამსახურისა და რისკის კომიტეტისათვის.
1. მსხვილი საოპერაციო რისკი წარმოადგენს იმ მასშტაბის საოპერაციო რისკს, რომელიც იწვევს საპენსიო ფონდისთვის არსებით ფინანსურ ზარალს, საქმიანობის მნიშვნელოვან შეფერხებას, ან სხვა სერიოზულ უარყოფით შედეგებს – მათ შორის რეპუტაციულ ზიანს ან მოქმედი კანონმდებლობის დარღვევას.
2. საოპერაციო რისკების შეფასება ხორციელდება რისკის დადგომის ალბათობის/სიხშირისა და ზეგავლენის/სიმძიმის შეფასების საფუძველზე, წინამდებარე რისკის მართვის ჩარჩოს დანართ №3-ით განსაზღვრული შეფასების შკალის შესაბამისად. მსხვილ საოპერაციო რისკად მიიჩნევა ისეთი რისკი, რომლის შეფასება დანართ №3-ის მიხედვით კლასიფიცირდება როგორც „მაღალი“ ან „ძალიან მაღალი“ და საჭიროებს გაძლიერებულ მონიტორინგს, კონტროლსა და რისკის შემცირების ღონისძიებებს.
3. მსხვილი საოპერაციო რისკის გამოვლენის შემთხვევაში საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს შესაბამისი რეაგირების და მართვის ღონისძიებების განხორციელებას, რაც მოიცავს, მათ შორის: რისკის შემცირების ღონისძიებების გატარებას, არსებული კონტროლების გაძლიერებას, დამატებითი კონტროლის მექანიზმების დანერგვას, სისტემატურ მონიტორინგსა და ესკალაციას შესაბამის მმართველობით დონეზე. საჭიროების შემთხვევაში საპენსიო ფონდი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი საქმიანობის, პროცესის ან ოპერაციის შეჩერების, გადავადების ან თავიდან აცილების შესახებ, თუ აღნიშნული რისკი შეფასებულია როგორც „ძალიან მაღალი“ და საფრთხეს უქმნის საპენსიო ფონდის საქმიანობის უწყვეტობას, ფინანსურ მდგრადობას ან მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას.
4. საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს საოპერაციო რისკების კლასიფიკაციას მათი წარმოშობის წყაროს, ფუნქციისა და პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის მიხედვით, რათა თითოეული რისკი მიეკუთვნოს საპენსიო ფონდის შესაბამის პროცესს ან საქმიანობის მიმართულებას და უზრუნველყოფილი იყოს მისი ეფექტიანი მართვა და მონიტორინგი.
1. რისკის დანაკარგი ნიშნავს ფინანსურ, საოპერაციო, სამართლებრივ ან რეპუტაციულ ზიანს, რომელიც საპენსიო ფონდს მიადგება კონკრეტული რისკის რეალიზაციის შედეგად. რისკის დანაკარგი წარმოადგენს იმ უარყოფით შედეგს, რომელიც იწვევს საპენსიო ფონდის აქტივების, შემოსავლების, ეფექტიანობის ან ნდობის შემცირებას.
2. რისკის დანაკარგი შეიძლება გამოიხატოს არა მხოლოდ პირდაპირი ფინანსური ზარალით, არამედ – არაპირდაპირი შედეგებითაც, მათ შორის და არა მხოლოდ, მომსახურების შეფერხებით, დამატებითი ხარჯების გაჩენით, გარიგებების შეფერხებით ან პარტნიორობის დაკარგვით, სანქციების დაკისრებით ან რეპუტაციის დაზიანებით. რისკის დანაკარგი ასახავს იმ რეალურ გავლენას, რომელსაც რისკის რეალიზება ახდენს საპენსიო ფონდის მიზნებსა და მდგრადობაზე.
1. საპენსიო ფონდის სტრუქტურული ერთეულები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებული არიან გაატარონ საჭირო ღონისძიებები რისკის პოტენციური ზემოქმედების მისაღებ დონემდე შემცირების მიზნით (საპენსიო ფონდის რისკის აპეტიტის ფარგლებში), რაც გულისხმობს რისკის თავიდან აცილებას, შემცირებას, გადაცემას ან მიღებას.
2. საპენსიო ფონდის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ, რისკის მართვის სამსახურთან კოორდინაციით, შემუშავებული რისკის შემცირების სტრატეგიის შესაბამისად, პროცესი უნდა მოიცავდეს, მათ შორის, შემდეგს:
ა) თითოეული არსებითი რისკისთვის საჭირო საკვანძო კონტროლის მექანიზმების განსაზღვრას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს აღნიშნული რისკის შემცირება მისაღებ ზღვრამდე;
ბ) განსაზღვრული კონტროლის მექანიზმების პრაქტიკაში დანერგვას და ინტეგრირებას;
გ) დაგეგმილი ღონისძიებების შესრულებისთვის პასუხისმგებელი პირების და ვადების დადგენას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სტრატეგიების შემუშავების ფარგლებში განისაზღვრება თითოეული სტრატეგიის დანერგვის, ტესტირებისა და პერიოდული გადახედვის პროცესი და მეთოდოლოგია. სტრატეგიების ამოქმედების შემდეგ ტარდება მათი რეგულარული ტესტირება და პერიოდული გადახედვა, მათ შორის, კონტროლის მექანიზმების ეფექტიანობისა და საკმარისობის შეფასების, გამოვლენილი ხარვეზების იდენტიფიცირებისა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მაკორექტირებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით.
1. საინფორმაციო სისტემების მართვაზე პასუხისმგებელია საპენსიო ფონდის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი.
2. საინფორმაციო სისტემების მართვა ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად და რეგულირდება საპენსიო ფონდის სამართლებრივი აქტებით, რომლებიც, მათ შორის, მოიცავს:
ა) ანტივირუსული გადაწყვეტის პოლიტიკას;
ბ) განახლებების მართვის პოლიტიკას;
გ) დისტანციური მუშაობის მართვის პოლიტიკას;
დ) ლოგების მართვის პროცედურას;
ე) მოწყვლადობის მართვის პოლიტიკას;
ვ) საინფორმაციო ტექნოლოგიების ცვლილებების მართვის პოლიტიკას;
ზ) სარეზერვო ასლების წარმოებისა და აღდგენის პოლიტიკას;
თ) ქსელური უსაფრთხოების პოლიტიკას;
ი) პროგრამული უზრუნველყოფების შემუშავებისა და განვითარების სასიცოცხლო ციკლის პოლიტიკას.
3. საპენსიო ფონდში კიბერუსაფრთხოების მართვა რისკის მართვის სამსახურის ფუნქცია-მოვალეობა და პასუხისმგებლობაა.
4. კიბერუსაფრთხოება მათ შორის მოიცავს:
ა) კიბერუსაფრთხოების სისტემის ადმინისტრირებას;
ბ) კიბერუსაფრთხოების სისტემის მონიტორინგს;
გ) საინფორმაციო ანალიტიკური დაფების აწყობას;
დ) შესაბამისი ანგარიშების მომზადებას;
ე) ინციდენტის აღმოსაჩენი სცენარების შექმნას;
ვ) გამაფრთხილებელი სასიგნალო შეტყობინებების შექმნას;
ზ) საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ფიზიკური და ლოგიკური ტოპოლოგიის შექმნისა და მისი დოკუმენტირების პროცესში მონაწილეობას;
თ) კიბერუსაფრთხოების რისკის იდენტიფიცირებას, დაცვას, აღმოჩენას, რეაგირებას.
5. საპენსიო ფონდში დანერგილი უნდა იყოს კიბერუსაფრთხოების მართვის ტექნოლოგიური მექანიზმები, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს:
ა) ინფორმაციული უსაფრთხოების მონიტორინგი და ინციდენტების დროული აღმოჩენა, რაც გულისხმობს სხვადასხვა სისტემებიდან მიღებული მონაცემების ანალიზის გზით პოტენციური საფრთხეების ამოცნობას და რეალურ დროში რეაგირებას;
ბ) ქსელის ტრაფიკის კონტროლი და მავნე აქტივობების პრევენცია, რაც გულისხმობს ქსელური მოძრაობის სიღრმისეულ ანალიზს, რომელიც იძლევა საშუალებას, აღიკვეთოს არასანქცირებული წვდომა და ქსელური შეტევები;
გ) ვებაპლიკაციების დაცვა და მავნე მოთხოვნების ფილტრაცია, რაც გულისხმობს აპლიკაციურ დონეზე შეტევების, როგორიცაა SQL ინექცია და XSS, პრევენციის უზრუნველყოფას;
დ) ქცევითი ანალიზისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საფრთხეების ამოსაცნობად, რის შედეგადაც სისტემები აფასებენ მომხმარებელთა და მოწყობილობების ქცევას, ანომალიების გამოსავლენად და რეაგირების დროის შესამცირებლად;
ე) ელფოსტის უსაფრთხოება და ფიშინგშეტევების პრევენცია, რაც გულისხმობს შემომავალი შეტყობინებების სკანირების განხორციელებას, მავნე დანართებისა და ბმულების ბლოკირებას;
ვ) მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვა და დაშიფვრა, რაც გულისხმობს მოწყობილობებზე არსებული მონაცემების დაშიფვრას არასანქცირებული წვდომის ან დაკარგვის შემთხვევაში;
ზ) სარეზერვო ასლების შექმნა და აღდგენა, რის შედეგადაც კრიტიკული მონაცემები რეგულარულად უნდა შეინახოს სარეზერვო გარემოში და უზრუნველყოფილ იქნეს მათი სწრაფი აღდგენა ავარიის შემდეგ;
თ) პროგრამული კოდის უსაფრთხოების შემოწმება, რაც უნდა ხორციელდებოდეს საწყისი კოდის (source code) სისუსტეების გამოსავლენად და პროგრამული ხარვეზების თავიდან ასაცილებლად;
ი) ადმინისტრატორული და პრივილეგირებული ანგარიშების კონტროლი, რაც გულისხმობს ამ ანგარიშების მოქმედებების რეგისტრაციას და ზედამხედველობას, შიდა საფრთხეების თავიდან ასაცილებლად;
კ) მონაცემთა გაჟონვის პრევენცია და ინფორმაციის ნაკადების კონტროლი, რაც გულისხმობს ინფორმაციის გამოყენების, გადაცემისა და შენახვის მონიტორინგს, კონფიდენციალური მონაცემების დასაცავად;
ლ) მონაცემთა კლასიფიკაცია და წვდომის დონის განსაზღვრა, რაც გულისხმობს ინფორმაციის კლასიფიცირებას სენსიტიურობის მიხედვით, რომელიც აადვილებს უსაფრთხოების პოლიტიკების განხორციელებას;
მ) მობილური მოწყობილობების დაცვა და მართვა, ტექნოლოგიური საშუალებებიდან მონაცემთა გაჟონვის პრევენციის მიზნით;
ნ) დაშიფრული კავშირების გამოყენება და ქსელზე დაშვების დაცვა, მომხმარებლებსა და კორპორატიულ ქსელს შორის დაშიფრული კომუნიკაციით;
ო) მრავალფაქტორიანი ავთენტიფიკაცია, რის შედეგადაც მომხმარებლების იდენტიფიცირება ხდება დამატებითი უსაფრთხოების საფეხურის მეშვეობით;
პ) სისტემების დაუცველობის სკანირება და აღმოფხვრა, რის შედეგადაც ინფრასტრუქტურის რეგულარული სკანირება იძლევა უსაფრთხოების ხარვეზების დროულად აღმოჩენისა და აღმოფხვრის საშუალებას;
ჟ) ვებაპლიკაციების უსაფრთხოების რეგულარული სკანირება, რაც გულისხმობს აპლიკაციების ტესტირების ჩატარებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული მონაცემთა გაჟონვა და შეტევების გამოყენება;
რ) მომხმარებელთა ანგარიშების ცენტრალიზებული მართვა, წვდომის პოლიტიკების, ავტორიზაციის და პაროლების ერთიანად მართვის გზით;
ს) იდენტიფიკაციისა და ავთენტიფიკაციის უსაფრთხოება, რაც გულისხმობს პაროლების უსაფრთხო შენახვას და გაჟონვის პრევენციას;
ტ) ქსელური ინფრასტრუქტურის დაცვა გარე შეტევებისგან, სისტემების ხელმისაწვდომობის და უწყვეტი ოპერირების და სხვა ტიპის კიბერშეტევების წინააღმდეგ.
6. საპენსიო ფონდის ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია ადმინისტრაციული დეპარტამენტი.
7. საპენსიო ფონდი ბიზნესის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად შეიმუშავებს და ამტკიცებს სულ მცირე შემდეგ დოკუმენტებს, რომლებიც ითვალისწინებს მარეგულირებელი წესით დადგენილ მოთხოვნებს:
ა) ბიზნესის უწყვეტობის რისკების ჩარჩოს;
ბ) საპენსიო ფონდის ბიზნესის უწყვეტობის გეგმას.
8. საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს ბიზნესის უწყვეტობის მართვის სისტემის დანერგვასა და განვითარებას, რომლის მიზანია კრიტიკული სერვისებისა და პროცესების უწყვეტობის უზრუნველყოფა, შეფერხების შემთხვევაში კი მათი წინასწარ განსაზღვრულ ვადებში აღდგენა.
9. ბიზნესის უწყვეტობის მართვა ხორციელდება დაგეგმვის, განხორციელების, მონიტორინგისა და გაუმჯობესების პრინციპებზე დაყრდნობით.
10. ბიზნესის უწყვეტობის მართვის ფარგლებში საპენსიო ფონდში იდენტიფიცირდება კრიტიკული სერვისები, პროცესები, შესაბამისი მხარდამჭერი ინფრასტრუქტურა, საინფორმაციო სისტემები, მონაცემთა ბაზები და სხვა მნიშვნელოვანი რესურსები.
11. საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს ბიზნესის ზეგავლენის ანალიზის განხორციელებას, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება კრიტიკული პროცესები, მათთან დაკავშირებული რესურსები, სერვისების აღდგენის პარამეტრები და საქმიანობის შეწყვეტის დასაშვები დროის მაჩვენებლები.
12. რისკის მართვის სამსახური, თავისი ფუნქციის ფარგლებში, კოორდინაციას უწევს ბიზნესის უწყვეტობის გეგმასთან დაკავშირებულ პროცესებს, მათ შორის, ბიზნესის უწყვეტობის რისკების იდენტიფიცირებას, შეფასებასა და მონიტორინგს, ასევე შესაბამისი გეგმების რისკის მართვის ჩარჩოსთან შესაბამისობის უზრუნველყოფას.
13. ბიზნესის უწყვეტობის მართვის ფარგლებში განისაზღვრება ინციდენტებზე რეაგირების, ესკალაციისა და აღდგენის მექანიზმები, ტესტირების სცენარები, თანამშრომელთა მომზადების საჭიროებები და მაკორექტირებელი ღონისძიებები.
14. საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს ბიზნესის უწყვეტობის გეგმის პერიოდულ ტესტირებას, თანამშრომელთა შესაბამის მომზადებას და გამოვლენილი ხარვეზების საფუძველზე გეგმისა და პროცედურების განახლებას.
15. ბიზნესის უწყვეტობის მართვის პროცესის ეფექტიანობა ექვემდებარება პერიოდულ მონიტორინგს, გადახედვასა და საჭიროების შემთხვევაში, შიდა რევიზიას. აღნიშნული პროცესის დეტალური წესები განისაზღვრება საპენსიო ფონდის ბიზნესის უწყვეტობის მართვის ჩარჩოთი.
1. რისკის მართვის მიზანია, უზრუნველყოს, რომ საპენსიო ფონდის საოპერაციო პროცესებში გამოყენებული ყველა მონაცემი იყოს სწორი, სრულყოფილი, დროული და თანმიმდევრული, ხოლო ანგარიშგების პროცესები იყოს გამჭვირვალე და გადამოწმებადი.
2. მონაცემთა სიზუსტის კონტროლის ძირითადი მექანიზმებია:
ა) მონაცემთა დამუშავებისა და გადამოწმების ფორმალიზებული პროცედურების არსებობა;
ბ) ანგარიშგების პროცესში შიდა კონტროლის ორმაგი შემოწმებისა და ავტორიზაციის საფეხურების გამოყენება;
გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტისა და რისკის მართვის სამსახურის მხრიდან რეგულარული მონიტორინგი;
დ) შეცდომების დაფიქსირების, გამოსწორებისა და პრევენციის პროცესების არსებობა.
1. საპენსიო ფონდში მოქმედებს ინციდენტების მართვის პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს ინციდენტების იდენტიფიცირების, რეგისტრაციის, შეფასების, რეაგირების, აღმოფხვრის, აღდგენისა და ანგარიშგების წესს. აღნიშნულ პროცედურას შეიმუშავებს რისკის მართვის სამსახური შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით, რისკის კომიტეტთან შეთანხმებით და ამტკიცებს მმართველობითი საბჭო.
2. ამ მუხლის მიზნებისთვის, ინციდენტი გულისხმობს ნებისმიერ გაუთვალისწინებელ მოვლენას, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში დაფიქსირებულ დარღვევას, საქმიანობისას წარმოშობილ შეფერხებას ან გარემოებას, რომელიც იწვევს ან შესაძლოა გამოიწვიოს საპენსიო ფონდის საქმიანობის, სისტემების, სერვისების, პროცესების ან აქტივების ნორმალური ფუნქციონირების დარღვევა. ინციდენტი შეიძლება იყოს, მათ შორის, ელექტრონული, მატერიალური, საოპერაციო ან შესაბამისობასთან დაკავშირებული.
3. ყველა ინციდენტი არ იწვევს ბიზნესის უწყვეტობის გეგმის ამოქმედებას. აღნიშნული გეგმა გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ინციდენტი იწვევს ან შესაძლოა გამოიწვიოს კრიტიკული სისტემის, სერვისის, პროცესის ან საპენსიო ფონდის სამუშაო სივრცის ან შესაბამისი ფიზიკური ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის ისეთ დარღვევას, რომელიც საჭიროებს აღდგენის ან უწყვეტობის ღონისძიებების ამოქმედებას.
4. ინციდენტის გამოვლენის შემთხვევაში, საპენსიო ფონდის ყველა თანამშრომელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის პასუხისმგებელ პირებს ან/და დაარეგისტრიროს ინციდენტი საპენსიო ფონდში მოქმედ ინციდენტების მართვის პორტალზე ან სხვა განსაზღვრული საკომუნიკაციო არხით.
5. ინციდენტების შეგროვებას, რეგისტრაციას, თავდაპირველ შესწავლას, კატეგორიზაციასა და სიმძიმის შეფასებას კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ საპენსიო ფონდის შესაბამისი პასუხისმგებელი პირები, მათ შორის, ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, მთავარი ტექნოლოგიების ოფიცერი, ხოლო მატერიალური ინციდენტის შემთხვევაში – ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი.
6. ინციდენტის სრულად აღმოფხვრის შემდეგ შესაბამისი პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს ანგარიშგების მომზადებას და ინციდენტების მართვის პორტალზე ასახვას ან/და რეგისტრირებული ინციდენტის სტატუსის განახლებას. მაღალი სიმძიმის ინციდენტის, მათ შორის, საინფორმაციო-ტექნოლოგიური, ინფორმაციული უსაფრთხოების ან კიბერუსაფრთხოების, ინციდენტის შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია იმავე დღეს მიეწოდება მმართველობით საბჭოს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს, ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – შესაბამის მარეგულირებელ ორგანოს.
1. საპენსიო ფონდი უწყვეტად ახორციელებს რისკებთან დაკავშირებული საკითხების, მათ შორის, რისკის ძირითადი ინდიკატორებისა და კონტროლის მექანიზმების ეფექტიანობის მონიტორინგს. ყველა არსებითი მოვლენა ან ინციდენტი დაუყოვნებლივ ექვემდებარება შეტყობინებას, განსაზღვრული პროცედურით და რეაგირების შესაბამისი დონეების ჩართულობით. ანგარიშგება ხორციელდება რეგულარულად, როგორც საპენსიო ფონდში არსებულ მმართველობით ორგანოებთან (რისკის კომიტეტი, მმართველობითი საბჭო), ასევე საქართველოს ეროვნულ ბანკთან, სადაც ასახულია არსებითი ცვლილებები, განხორციელებული ზომები და კონტროლის ეფექტიანობა.
2. რისკის ძირითადი ინდიკატორები წარმოადგენს რაოდენობრივ ან/და ხარისხობრივ მაჩვენებლებს, რომლებიც გამოიყენება საპენსიო ფონდის საქმიანობის ფარგლებში რისკების დროული იდენტიფიცირებისა და მონიტორინგისთვის. რისკის ძირითადი ინდიკატორების საშუალებით საპენსიო ფონდი დროულად გამოავლენს პოტენციურ საფრთხეებს და იღებს შესაბამის პრევენციულ ზომებს. საპენსიო ფონდი განსაზღვრავს და პერიოდულად განაახლებს ძირითად რისკის ინდიკატორებს თითოეული ძირითადი რისკის კატეგორიისთვის და უზრუნველყოფს მათ რეგულარულ შეფასებას.
3. დაცვის სამი ხაზის მოდელიდან გამომდინარე, დაცვის პირველი ხაზის მიერ გამოვლენილი რისკის შემცველი ან/და პოტენციური რისკების შესახებ ინფორმაცია უნდა ეცნობოს რისკის მართვის სამსახურს დაუყოვნებლივ. ასეთ რისკს და გარემოებას წარმოადგენს, თუმცა არ შემოიფარგლება, შემდეგი სახის მოვლენები:
ა) ნებისმიერი პროცესის შეფერხება ან დარღვევა, რომელიც სამუშაო დღის ჭრილში ვერ აღმოიფხვრა და დღის ბოლოს დარჩა მოუგვარებელი;
ბ) სამუშაო დღის ჭრილში იდენტიფიცირებული არსებითი რისკი, რომელიც მოითხოვს მყისიერ ყურადღებას, დაკვირვებას, პრევენციულ ქმედებებს, განხილვასა და გადაწყვეტილებების მიღებას და რომლის რეალიზებამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა, ან/და მატერიალური ფინანსური ან/და რეპუტაციული ზიანი;
გ) ნებისმიერი ინციდენტი, მიუხედავად იმისა, აღმოიფხვრა თუ არა იგი სამუშაო დღის განმავლობაში.
4. ყველა ინციდენტი უნდა დარეგისტრირდეს, მის შესახებ ინფორმაცია ეცნობოს რისკის მართვის სამსახურს და გაზიარდეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან. ხოლო ანგარიშგება განხორციელდეს ამ ჩარჩოს მე-12 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
5. საინვესტიციო სამსახური და სპეციალიზებული დეპოზიტარი, არსებული ხელშეკრულებისა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ყოველდღიურად ახორციელებენ გარიგებამდე და გარიგების შემდეგ ტრანზაქციის შესაბამისობის შემოწმებას საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობით განსაზღვრულ ლიმიტებთან. რისკის მართვის სამსახური ყოველდღიურად ახორციელებს ტრანზაქციის შემდგომ (ex-post) შესაბამისობის დამოუკიდებელ შემოწმებას.
6. საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობის არსებული ან შესაძლო შეუსაბამობის გამოვლენისას, აგრეთვე ასეთი შეუსაბამობის არსებობის საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ან პასუხისმგებელი პირი დაუყოვნებლივ ატყობინებს მთავარ რისკის ოფიცერს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის კომიტეტს აღნიშნული პოტენციური ან არსებული დარღვევის შესახებ და წარმოადგენს სამოქმედო და/ან მაკორექტირებელ გეგმას.
7. მთავარი რისკის ოფიცერი დამოუკიდებლად აკონტროლებს როგორც საინვესტიციო, ისე არასაინვესტიციო რისკებთან დაკავშირებულ ლიმიტებს, პოლიტიკებსა და კონტროლის მექანიზმებს.
8. მთავარი რისკის ოფიცერი პასუხისმგებელია საპენსიო ფონდის მარეგულირებელი კანონმდებლობის ნებისმიერი გამოვლენილი დარღვევის და სხვა სახის ინციდენტის შესახებ ინფორმაციის დროულ შიდა ესკალაციაზე რისკის კომიტეტთან და მმართველობით საბჭოსთან, ასევე მარეგულირებელი წესის 57-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაციის აღმოჩენისთანავე საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენის უზრუნველყოფაზე.
9. ყოველთვიური საინვესტიციო რისკის ანგარიში მზადდება მთავარი რისკის ოფიცრის მიერ, რომელიც მოიცავს შესაბამისი პორტფელის ალოკაციის, აქტიური რისკის და რისკის შესაბამისობის დეტალურ ანგარიშს. ასევე მზადდება კვარტალური საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკების ანგარიში. რისკებთან დაკავშირებული ანგარიშგების წარდგენის პერიოდულობა და ადრესატები განისაზღვრება რისკის მართვის სახელმძღვანელოში.
10. საპენსიო ფონდში წარმოებული რისკების მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, მათ შორის, დარღვევების რეესტრი, ესკალაციის პროცესისა და მაკორექტირებელი ღონისძიებების ჩანაწერები, ანგარიშები ინახება არანაკლებ 10 წლის ვადით, ან კანონმდებლობით განსაზღვრული უფრო ხანგრძლივი პერიოდით. აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება ინახებოდეს როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური ფორმით, იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილია მისი კონფიდენციალურობა, მთლიანობა და ხელმისაწვდომობა. დოკუმენტაციის შენახვაზე პასუხისმგებელია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები.
1. ამ მუხლის მიზნებისთვის თაღლითობის რისკი განიმარტება ამ ჩარჩოს მე-5 მუხლის მე-16 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მნიშვნელობით.
2. თაღლითობის რისკების იდენტიფიცირება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საპენსიო ფონდის თითოეული თანამშრომლის პასუხისმგებლობაა და წარმოადგენს დაცვის პირველი ხაზის მექანიზმს.
3. რისკის მართვის სამსახური წარმოადგენს დაცვის მეორე ხაზს და აწარმოებს მუდმივ მონიტორინგს დაცვის პირველი ხაზის მიერ თაღლითობის რისკის კონტროლის მიმართულებით რამდენად ადეკვატურად არის დანერგილი კონტროლის მექანიზმები და რამდენად ეფექტიანად მიმდინარეობს თაღლითობის რისკების იდენტიფიცირების პროცესი.
4. რისკის მართვის სამსახური თაღლითობის რისკების იდენტიფიკაციისთვის სისტემატურად ახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს:
ა) საპენსიო ფონდის ელექტრონულ სისტემაში ტრანზაქციების მონიტორინგს;
ბ) სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, ანალიზს და შესაძლო რისკის შემცველი მოვლენების იდენტიფიცირებას, გაზომვას და მონიტორინგს;
გ) საპენსიო ფონდის ელექტრონულ სისტემაში თანამშრომელთა უფლებების გადამოწმებას;
დ) საპენსიო ფონდის ელექტრონულ სისტემაში პრივილეგირებული მომხმარებლების აქტივობების კონტროლს;
ე) საპენსიო ფონდის შესყიდვების პროცესის მონიტორინგს, მათ შორის, ბაზრის კვლევის შედეგების ანალიზს;
ვ) საინვესტიციო გარიგების მონიტორინგს;
ზ) საპენსიო ფონდში პროცესებზე დაკვირვებას, მონიტორინგს და შეფასებას;
თ) შიდა მოხმარების და კონფიდენციალური დოკუმენტების საპენსიო ფონდიდან გაჟონვისა და შიდა ინფორმაციის არაკანონიერი გამოყენების მონიტორინგს;
ი) ანალიტიკური ინფორმაციის დამუშავებას და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას.
5. მთავარი რისკის ოფიცერი ატარებს ყოველკვარტალურ გეგმურ გასაუბრებას საპენსიო ფონდის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან, თაღლითობასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირების მიზნით. მთავარი რისკის ოფიცერი უფლებამოსილია, მოითხოვოს არაგეგმური გასაუბრება, რისი საფუძველიც შესაძლოა იყოს რისკის შემცველი მოვლენა.
6. შიდა აუდიტის დეპარტამენტი ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი სტრუქტურული ერთეული, პასუხისმგებელია თაღლითობის რისკების იდენტიფიცირებაზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ამასთან, მონიტორინგს უწევს დაცვის მეორე ხაზის მიერ შესაძლო თაღლითობის იდენტიფიცირების მიმართულებით განხორციელებული სამუშაოების შესაბამისობას საპენსიო ფონდში არსებულ პროცედურებთან.
7. საპენსიო ფონდში თაღლითობის რისკის მართვა ხორციელდება ორგანიზაციული, საოპერაციო, ფინანსური, შესაბამისობისა და ტექნოლოგიური კონტროლის მექანიზმების საშუალებით. აღნიშნული მოიცავს, მათ შორის, უფლებამოსილებების გამიჯვნას, ოპერაციების ავტორიზაციასა და შემოწმებას, წვდომების მართვას, ტრანზაქციების მონიტორინგს, დარღვევებისა და ინციდენტების რეგისტრირებას, ანონიმური მხილების მექანიზმსა და შესაბამის რეაგირებას. კიბერუსაფრთხოების მექანიზმები წარმოადგენს აღნიშნული კონტროლის სისტემის ერთ-ერთ კომპონენტს და უზრუნველყოფს ტექნოლოგიურ გარემოში თაღლითური ან არაავტორიზებული მოქმედებების პრევენციას, გამოვლენასა და რეაგირებას.
8. საპენსიო ფონდის თითოეული თანამშრომელი ვალდებულია აღმოჩენილი თაღლითობის საფრთხეები, რისკები და ფაქტები დაუყოვნებლივ შეატყობინოს მთავარ რისკის ოფიცერს ან/და შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსს ან/და გენერალურ დირექტორს, მისთვის ხელსაყრელი ფორმით.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების პროცესში თანამშრომელი უფლებამოსილია, თუმცა არ არის ვალდებული, მოახდინოს საკუთარი უშუალო უფროსის ინფორმირება.
10. აღმოჩენილი თაღლითობის საფრთხეები და ინციდენტები, რისკები და სავარაუდო ფაქტები თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა აისახოს მთავარი რისკის ოფიცრის, შიდა აუდიტის უფროსის ან/და გენერალური დირექტორის მიერ მომზადებულ უახლეს ანგარიშებში. მთავარი რისკის ოფიცერი უზრუნველყოფს საკითხის დროულ შეფასებასა და რისკის კომიტეტთან და მმართველობით საბჭოსთან ესკალაციას, ხოლო კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის აღმოჩენისთანავე წარდგენას, მარეგულირებელი წესის 57-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
1. შიდა აუდიტის ფუნქცია წარმოადგენს სპეციალურ ფუნქციას, რომლითაც ფასდება საპენსიო ფონდის შიდა კონტროლის და მართვის სისტემის სათანადოობა (თანაფარდობა) და ეფექტიანობა, მათ შორის, აუთსორსინგული მომსახურების შემთხვევაში. ამ ფუნქციის სრულფასოვნად და ეფექტიანად განხორციელებისათვის საპენსიო ფონდის ორგანიზაციული სტრუქტურა მოიცავს აუდიტის კომიტეტს, შიდა აუდიტის დეპარტამენტს და შიდა აუდიტის უფროსს.
2. შიდა აუდიტი ასევე წარმოადგენს საპენსიო ფონდის „დაცვის მესამე ხაზს“, რომელიც დამოუკიდებლად აფასებს რისკის მართვის ჩარჩოს ეფექტიანობასა და შიდა კონტროლის სისტემის გამართულობას.
1. რისკის მართვის ჩარჩო ექვემდებარება გადახედვას, მისი დამტკიცების დღიდან არანაკლებ ერთი წლის ვადაში ან საჭიროებისამებრ, საპენსიო ფონდის საქმიანობისა და მარეგულირებელი მოთხოვნების არსებითი ცვლილებების შემთხვევაში.
2. რისკის მართვის ჩარჩოს გადახედვის და საჭიროებისამებრ ცვლილებების შეტანის პროცესის კოორდინაციას ახორციელებს რისკის მართვის სამსახური.
1. რისკის მართვის ჩარჩოს დამტკიცებიდან არაუმეტეს სამ თვეში რისკის მართვის სამსახური, რისკის კომიტეტის კოორდინაციით, უზრუნველყოფს საინვესტიციო და არასაინვესტიციო რისკების აგრეგირების პროცესის შემუშავებას, შემდგომში მმართველობითი საბჭოს მიერ შეთანხმების და დამტკიცების მიზნით. აგრეგირება უნდა მოიცავდეს რისკის მართვის სამსახურის მიერ როგორც საინვესტიციო რისკის, ასევე არასაინვესტიციო რისკის დამოუკიდებლად გაზომვას, კონტროლს და შესაბამისობის შემოწმებას, ასევე აგრეგირებული რისკის ანგარიშის მომზადების პერიოდულობას და მიმღები პირების განსაზღვრას.
2. რისკის მართვის ჩარჩოს დამტკიცებიდან არაუმეტეს ექვს თვეში რისკის კომიტეტი უზრუნველყოფს საკრედიტო რისკის მართვის პროცესის და კონტროლის მექანიზმების პროცედურის შემუშავებას და დასამტკიცებლად მმართველობითი საბჭოსათვის წარდგენას.
3. რისკის მართვის ჩარჩოს დამტკიცებიდან არაუგვიანეს თორმეტი თვის ვადაში რისკის მართვის სამსახური, რისკის კომიტეტთან კოორდინაციით, შეიმუშავებს რისკის მართვის სახელმძღვანელოს და დასამტკიცებლად წარუდგენს მმართველობით საბჭოს.
4. წინამდებარე რისკის მართვის ჩარჩოს ძალაში შესვლის თარიღისათვის საინვესტიციო გადაწყვეტილებების ფარგლებში არსებული ის კონტრაჰენტები, რომელთანაც გაფორმებული გარიგებები მოქმედია, რისკის მართვის სამსახურის მიერ უნდა შეფასდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკრედიტო რისკის მართვის პროცესისა და კონტროლის მექანიზმების პროცედურის შესაბამისად, აღნიშნული პროცედურის დამტკიცებიდან სამი თვის ვადაში.
5. რისკის მართვის ჩარჩოს დამტკიცებიდან არაუგვიანეს თორმეტი თვის ვადაში მმართველობითი საბჭო, საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, უზრუნველყოფს რისკის აპეტიტისა და რისკის ლიმიტების დამტკიცებას.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის რისკის მართვის ჩარჩოს დამტკიცების თაობაზე“?
- დიახ, სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის რისკის მართვის ჩარჩოს დამტკიცების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.11.2026.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის რისკის მართვის ჩარჩოს დამტკიცების თაობაზე“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის რისკის მართვის ჩარჩოს დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 06.11.2026. მიმღები ორგანო — სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე. დოკუმენტის ნომერი — №14. სარეგისტრაციო კოდი — 280060000.85.099.016014.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის რისკის მართვის ჩარჩოს დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.11.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის რისკის მართვის ჩარჩოს დამტკიცების თაობაზე“, №14, 06.11.2026, სარეგისტრაციო კოდი 280060000.85.099.016014 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.11.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7038393/