აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
450040000.32.057.016446
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/11/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №15

2026 წლის 2 ნოემბერი

ქ. ბათუმი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში ისტორიულად ჩამოყალიბებული სივრცით-არქიტექტურული გარემოს, განაშენიანების ტრადიციული ფორმებისა და იერსახის დაცვა-შენარჩუნების ხელშეწყობის მიზნით, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ადმინისტრაციული ორგანოს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 და 24-ე მუხლებისა და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

მუხლი 1
დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს დებულება, თანახმად დანართისა.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აჭარის ავტონონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №18 დადგენილება. 
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეზურაბ პატარაძე



დანართი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება შემუშავებულია საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების, მათ შორის, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების შესაბამისად.

2. დებულება განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებლობის ნებართვის გაცემის კანონმდებლობით განსაზღვრულ სტადიაზე ადმინისტრაციულ წარმოებაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს (შემდგომში – საბჭო), როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობის პირობებს, საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებებს.

3. საბჭოს ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ისტორიულად ჩამოყალიბებული სივრცით-არქიტექტურული გარემოს, განაშენიანების ტრადიციული ფორმებისა და იერსახის, ისტორიული ნაწილის, როგორც ისტორიულად ჩამოყალიბებული ორგანიზმის (დაგეგმარების სტრუქტურის, შენობების მასშტაბის, ხედის, პანორამის, ხასიათის, სილუეტის და სხვა) დაცვასა და შენარჩუნებას.


მუხლი 2. საბჭოს შემადგენლობა
1. საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი (საბჭოს თავმჯდომარე);

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე (საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე);

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსი;

დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი;

ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, არქიტექტურის აკადემიური ხარისხით;

ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, არქიტექტურის აკადემიური ხარისხით;

ზ) შესაბამისი დარგის მოწვეული 2 სპეციალისტი (ხელოვნებათმცოდნე, ურბანისტი, არქიტექტორი, რესტავრატორი ან სხვა).

2.  საბჭოს შემადგენლობას სსიპ – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიცირებითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.

3. პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრობის კანდიდატი შეირჩევა შესაბამის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან კონსულტაციის შედეგად.

4. პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს მოწვეულ სპეციალისტებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი კვალიფიკაცია და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ხუთი წლის გამოცდილება.

5.  საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

6.  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, შესაძლებელია განხორციელდეს საბჭოში შემავალი წევრების ან/და წევრების ნაწილის როტაცია/უფლებამოსილების შეწყვეტა.


მუხლი 3. საბჭოს თავმჯდომარის უფლება-მოვალეობები
საბჭოს თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, იწვევს და უძღვება საბჭოს სხდომებს;

ბ) კოორდინაციას უწევს საბჭოს წევრების მუშაობას;

გ) ხელს აწერს საბჭოს მიერ შემუშავებულ დასკვნებსა და წინადადებებს, აგრეთვე საბჭოს სხდომის ოქმს;

დ) სსიპ − აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომელთაგან ნიშნავს და ათავისუფლებს საბჭოს მდივანს;

ე) იწვევს საბჭოს მორიგ და რიგგარეშე სხდომებს, დავალებებს აძლევს საბჭოს წევრებს;

ვ) საბჭოს სახელით აწარმოებს სამსახურებრივ მიმოწერას;

ზ) საბჭოს სხდომებში  მონაწილეობისათვის  იწვევს  სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სპეციალისტებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს, რომლებიც არ წარმოადგენენ საბჭოს წევრებს;

თ) განსაზღვრავს საბჭოს სხდომების დღის წესრიგს, ადგენს სამუშაო გეგმას და კონტროლს უწევს მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას;

ი) ასრულებს წარმომადგენლობით ფუნქციას;

კ) ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.


მუხლი 4.  საბჭოს მდივანი
1. საბჭოს მდივანს სსიპ − აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომელთაგან ნიშნავს და ათავისუფლებს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს მდივანი შეიძლება იყოს საბჭოს არაწევრი პირიც.

2. საბჭოს მდივანი:

ა) ორგანიზებას უწევს საბჭოს სხდომების გამართვას, განაგებს საბჭოს საქმის წარმოებას, კოორდინაციას უწევს მის მუშაობას, აწარმოებს საბჭოს სხდომების საოქმო დოკუმენტაციას და ხელს აწერს ოქმს;

ბ) საბჭოს წარუდგენს განსახილველ საკითხთა განრიგს;

გ) კონტროლს უწევს საბჭოზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით დოკუმენტაციის შეგროვებას, მის დამუშავებას და საბჭოს წევრებს აწვდის დღის წესრიგს;

დ) ახორციელებს საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ და მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.


მუხლი 5. საბჭოს წევრის უფლება-მოვალეობები
1. საბჭოს წევრს უფლება აქვს:

ა) საბჭოს სხდომაზე წარმოადგინოს წინადადებები საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, მონაწილეობა მიიღოს მათ განხილვასა და ამ საკითხებისათვის კენჭისყრაში;

ბ) საბჭოს გადაწყვეტილებით იყოს მისი ოფიციალური წარმომადგენელი.

2. საბჭოს წევრი ვალდებულია:

ა) მონაწილეობა  მიიღოს  საბჭოს  სხდომებში  და  საპატიო  მიზეზის  გარეშე  არ გააცდინოს სხდომა;

ბ) დაასაბუთოს საკუთარი პოზიცია დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების თაობაზე;

გ) საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხთან მიმართებით პირადი, სამსახურებრივი ან სხვა ინტერესის არსებობის შემთხვევაში განაცხადოს თვითაცილების თაობაზე და არ მიიღოს მონაწილეობა აღნიშნული საკითხის განხილვაში.

3. საბჭოს წევრებს შეიძლება მიეცეთ აცილება საკითხების განხილვაში მონაწილეობისაგან, თუ ცნობილი გახდა ან დადასტურდება მათი პირდაპირი ან ირიბი, ქონებრივი ან სხვა პირადი დაინტერესება განსახილველ საკითხთან.

4. საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება, თუ:

ა) უფლებამოსილება მოიხსნა პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლო განაჩენი ან გადაწყვეტილება, რომელიც შეუძლებელს ხდის საბჭოს წევრის მხრიდან მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;

გ) სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა ან გარდაცვლილად გამოაცხადა;

დ) გათავისუფლდა იმ სამსახურიდან, რომელსაც წარმოადგენდა საბჭოში;

ე) გარდაიცვალა;

ვ) ამ დებულების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.


მუხლი 6. საბჭოს მუშაობის რეგლამენტი და ქვორუმი
1. საბჭო, თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სხდომების მეშვეობით.

2. საბჭოს სხდომები იმართება საჭიროებისამებრ.

3. საბჭოს სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს მისი ყველა წევრი.

4. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც უნდა მიეთითოს:

ა) ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება;

ბ) სხდომის დრო და ადგილი;

გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა;

დ) განხილვის საგანი;

ე) კენჭისყრის შედეგები;

ვ) მიღებული გადაწყვეტილება;

ზ) საბჭოს წევრის განსხვავებული აზრი, მისი არსებობის შემთხვევაში.

5. სხდომის ოქმს ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.

6. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ ოთხი წევრისა.

7. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა.

8. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

9. საბჭოს  სხდომის  ოქმის  საფუძველზე,  თითოეულ განხილულ  საკითხზე მზადდება წერილობითი გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე წევრები. გადაწყვეტილება წარედგინება ნებართვის გამცემ ორგანოს.


მუხლი 7. საბჭოსათვის განსახილველად წარსადგენი დოკუმენტაცია, ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა
1. საბჭოს ნებართვის  გამცემი  ადმინისტრაციული  ორგანოს  მიერ  შესაბამისი დოკუმენტაცია განსახილველად წარედგინება იმ შემთხვევაში, როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი (ობიექტი) განთავსებულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში.

2. ნებართვის  გამცემი  ადმინისტრაციული  ორგანოს  მიერ  „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად საბჭოს წარედგინება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა.

3. ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის ჩატარებას უზრუნველყოფს ნებართვის მაძიებელი. ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის არეალი უნდა მოიცავდეს საპროექტო ნაკვეთს და მის ირგვლივ მდებარე ტერიტორიას საპროექტო ნაკვეთის საზღვრებიდან შესაბამისი მიმართულებით ნაკვეთის სიგრძის/სიგანის არანაკლებ ორმაგი მანძილის ფარგლებში. ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს შემდეგი გრაფიკული და ტექსტური ნაწილებისაგან:

ა) საპროექტო ტერიტორიის ადგილი ქალაქის სტრუქტურაში და მისი არსებული მდგომარეობის დახასიათება (გრაფიკული და ტექსტური მასალა);

ბ) საკვლევი ტერიტორიის ტოპოგრაფიული გეგმა საპროექტო ნაკვეთის საზღვრების, საკვლევ ტერიტორიაზე არსებული ძეგლების ჩვენებით (მასშტაბი 1:500 და 1:200);

გ) საკვლევი ტერიტორიის ისტორიული რეტროსპექტივა, განვითარების ქრონოლოგია და ეტაპები (გრაფიკული, ტექსტური და ფოტომასალა);

დ) საკვლევ ტერიტორიაზე არსებული განაშენიანების ფოტოგანშლები, საპროექტო ნაკვეთსა და ტერიტორიაზე არსებული ძეგლების მითითებით (ფოტომასალა);

ე) საკვლევ ტერიტორიაზე არსებული განაშენიანების ანალიზი (გრაფიკული და ტექსტური მასალა), რაც მოიცავს:

ე.ა) განაშენიანების სტრუქტურის, მორფოლოგიისა და მასშტაბის, შენობა-ნაგებობებისა და ღია სივრცეების კონფიგურაციის დახასიათებას, განაშენიანების სტრუქტურაში მათი განლაგების თავისებურების გამოვლენას;

ე.ბ) ძეგლებისა და ვიზუალური დომინანტების, ლანდშაფტისა და განაშენიანების სივრცით-არქიტექტურულ შეფასებას, მათი სივრცითი ურთიერთდამოკიდებულების გამოვლენას;

ე.გ) განაშენიანების მხატვრული და დეკორატიული ელემენტების აღწერას, მათ სტილისტურ და სემანტიკურ იდენტიფიკაციას.

4. ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის დასკვნითი ნაწილი უნდა მოიცავდეს ჩატარებული კვლევის საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს საპროექტო ტერიტორიაზე განსახორციელებელი მშენებლობის სივრცით-გეგმარებითი და კომპოზიციური გადაწყვეტის შესახებ.

5. თუ საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია არ იქნა სრულყოფილად წარდგენილი, საბჭოს თავმჯდომარე, სათანადო წერილობითი დასაბუთებით აცნობებს ნებართვის გამცემს საკითხის განხილვის ხელისშემშლელი გარემოებების შესახებ და სრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენისთანავე განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის თაობაზე.


მუხლი 8. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა
1. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო საბჭოს მიერ განსახილველ საკითხებს (დოკუმენტაციას) წარადგენს საბჭოს თავმჯდომარის სახელზე − სსიპ − აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.

2. საბჭოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ორგანიზაციულ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სსიპ − აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო.



ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“?
დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.11.2026.
როდის იქნა მიღებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“?
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 02.11.2026. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №15. სარეგისტრაციო კოდი — 450040000.32.057.016446.
სად არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.11.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №15, 02.11.2026, სარეგისტრაციო კოდი 450040000.32.057.016446 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.11.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7038598/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 02.11.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება