საქართველოს ანტიდოპინგური წესების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სპორტის მინისტრის ბრძანება №16 |
|
2026 წლის 16 ნოემბერი ქ. თბილისი |
|
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2 ⬇
დანართი
საქართველოს ანტიდოპინგური
წესები
2027
სარჩევი
მუხლი 2 ანტიდოპინგური წესის დარღვევები 7
მუხლი 3 დოპინგის დადასტურება 11
მუხლი 4 აკრძალული სია და თერაპიული გამოყენების გამონაკლისები 14
მუხლი 5 ტესტირება და გამოძიებები 21
მუხლი 7 შედეგების მართვა: უფლებამოსილება, პირველადი განხილვა, შეტყობინება და დროებითი შეჩერებები 30
მუხლი 9 ინდივიდუალური შედეგების ავტომატური დისკვალიფიკაცია 41
მუხლი 10 ინდივიდუალური სანქციები 42
მუხლი 11 შედეგები გუნდებისთვის 61
მუხლი 13 შედეგების მართვა: გასაჩივრება 63
მუხლი 14 კონფიდენციალურობა და ანგარიშგება 73
მუხლი 15 გადაწყვეტილებების აღსრულება 78
მუხლი 16 ხანდაზმულობის ვადა 80
მუხლი 18 საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის დამატებითი როლები და პასუხისმგებლობები 80
მუხლი 19 სპორტსმენთა დამატებითი უფლებებები და მოვალეობები 80
მუხლი 20 სპორტსმენის დამხმარე პერსონალის უფლებებები და მოვალეობები 81
მუხლი 22 კოდექსის დებულებათა განმარტება 82
საქართველოს ანტიდოპინგური წესები
შესავალი
წინასიტყვაობა
წინამდებარე ანტიდოპინგური წესები მიღებულია საქართველოს ანტიდოპინგური კონტროლისა და განათლების სააგენტოს — როგორც საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის, რომელიც აღიარებულია საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ, — კოდექსით განსაზღვრული პასუხისმგებლობების შესაბამისად და საქართველოში სპორტში დოპინგის აღმოფხვრისკენ მიმართული მისი მუდმივი ძალისხმევის ხელშეწყობის მიზნით.
წინამდებარე ანტიდოპინგური წესები წარმოადგენს სპორტის სპეციალურ წესებს, რომლებიც არეგულირებს სპორტული საქმიანობის განხორციელების პირობებს. ანტიდოპინგური წესების გლობალურად და ჰარმონიზებულად აღსრულების მიზნით, ისინი თავისი ბუნებით განსხვავდება სისხლის სამართლისა და სამოქალაქო კანონმდებლობისგან. ისინი არ ექვემდებარება და არ იზღუდება სისხლის სამართლის ან სამოქალაქო სამართალწარმოებისთვის გამოსაყენებელი რაიმე ეროვნული მოთხოვნებითა და სამართლებრივი სტანდარტებით, თუმცა ისინი უნდა იქნეს გამოყენებული ადამიანის უფლებებისა და პროპორციულობის პრინციპის პატივისცემით. კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საკითხების განხილვისას ყველა სასამართლომ, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა და სხვა გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს და პატივი სცეს წინამდებარე ანტიდოპინგური წესების განსაკუთრებულ ბუნებას, რომლებიც ახორციელებს კოდექსს, ასევე იმ ფაქტს, რომ ეს წესები ასახავს მსოფლიოს მასშტაბით დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრის კონსენსუსს იმის თაობაზე, თუ რა არის აუცილებელი სამართლიანი სპორტის დასაცავად და უზრუნველსაყოფად.
როგორც ეს გათვალისწინებულია კოდექსით, საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია პასუხისმგებელია დოპინგკონტროლის ყველა ასპექტის განხორციელებაზე. კოდექსის 20-ე მუხლის მოთხოვნების დაცვით, საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას შეუძლია დოპინგკონტროლის ან ანტიდოპინგური განათლების ნებისმიერი ასპექტი გადასცეს დელეგირებულ მესამე მხარეს, თუმცა საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია ვალდებულია, მოსთხოვოს დელეგირებულ მესამე მხარეს ამ ასპექტების განხორციელება კოდექსის, საერთაშორისო სტანდარტებისა და წინამდებარე ანტიდოპინგური წესების შესაბამისად. ამასთან, საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია ყოველთვის ინარჩუნებს სრულ პასუხისმგებლობას იმის უზრუნველყოფაზე, რომ ნებისმიერი დელეგირებული ასპექტი განხორციელდეს კოდექსის შესაბამისად. როდესაც საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია ნაწილობრივ ან სრულად დოპინგკონტროლის განხორციელების პასუხისმგებლობას გადასცემს დელეგირებულ მესამე მხარეს, წინამდებარე წესებში საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციისადმი ნებისმიერი მითითება უნდა იქნეს გაგებული, როგორც მითითება ამ დელეგირებულ მესამე მხარეზე, როდესაც ეს მისადაგებადია, აღნიშნული დელეგირების ფარგლებში. საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას შეუძლია შედეგების მართვის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება გადასცეს სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს ანტიდოპინგურ განყოფილებას ან სხვა დელეგირებულ მესამე მხარეს.
ზემოაღნიშნულის მიუხედავად, საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია არ გადასცემს დოპინგკონტროლის არცერთ ასპექტს (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ტესტირებას და შედეგების მართვას) დელეგირებულ მესამე მხარეს, თუ ასეთმა დელეგირებამ შესაძლოა გონივრულად გამოიწვიოს ინტერესთა პოტენციური ან რეალური კონფლიქტი. გარდა ამისა, ინტერესთა პოტენციური კონფლიქტის გამო, საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია არ გადასცემს დოპინგკონტროლის არცერთ ასპექტს (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ტესტირებას და შედეგების მართვას) ეროვნულ ფედერაციას ან ნებისმიერ სხვა ეროვნულ სპორტულ მმართველ ორგანოს ან სხვა ეროვნულ სპორტულ ორგანიზაციას.
წინამდებარე ანტიდოპინგურ წესებში დახრილი შრიფტით მოცემული ტერმინები განმარტებულია პირველ დანართში.
თუ პირდაპირ სხვა რამ არ არის მითითებული, წინამდებარე წესებში მუხლებზე მითითება გულისხმობს ამავე ანტიდოპინგური წესების შესაბამის მუხლებს.
კოდექსისა და საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის ანტიდოპინგური წესების ფუნდამენტური საფუძვლები
ანტიდოპინგური საქმიანობა, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენს ეთიკურ პოზიციას, რომელიც ეფუძნება სპორტის სულისკვეთების ხედვას.
ანტიდოპინგური პროგრამები ეფუძნება სპორტის შინაგან ღირებულებას. ამ შინაგან ღირებულებას „სპორტის სულისკვეთება“ ეწოდება: სპორტული სრულყოფილებისკენ ეთიკური სწრაფვა თითოეული სპორტსმენის ბუნებრივი ნიჭის ერთგული სრულყოფის გზით.
ანტიდოპინგური საქმიანობა მიზნად ისახავს სპორტის სულისკვეთების შენარჩუნებას.
ანტიდოპინგური პროგრამები მიზნად ისახავს სპორტის კეთილსინდისიერების შენარჩუნებას წესებისა და სხვა მონაწილეების პატივისცემის, სამართლიანი შეჯიბრების უფლებისა და მსოფლიოსთვის სუფთა სპორტის ღირებულების თვალსაზრისით.
სპორტის სულისკვეთება არის ადამიანის სულის, სხეულისა და გონების ზეიმი. იგი აისახება იმ ღირებულებებში, რომლებსაც ვპოულობთ სპორტში და სპორტის მეშვეობით, მათ შორის:
საზოგადოება
თანასწორობა
გართობა და სიხარული
პატივისცემა
სოლიდარობა
შესაბამისად, სპორტის სულისკვეთებით, სპორტსმენები ავლენენ ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა:
მიღწევა
ერთგულება
გამბედაობა
დისციპლინა
სრულყოფილება სპორტულ შედეგებში
სამართლიანი თამაში
პატიოსნება
პირადი პასუხისმგებლობა
ასევე, სპორტსმენის დამხმარე პერსონალს აქვს ფუნდამენტური როლი, როგორც წარმოაჩინოს, ისე ხელი შეუწყოს ამ ღირებულებებს, მათ შორის სპორტის გართობასა და სიხარულს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს პოზიტიური სპორტული გამოცდილება სპორტსმენებისთვის.
ანტიდოპინგური პროგრამები მიზნად ისახავს როგორც სპორტსმენების ჯანმრთელობის დაცვას, ისე სპორტსმენებისთვის შესაძლებლობის მიცემას, განავითარონ და გამოავლინონ თავიანთი სპორტული შესაძლებლობები აკრძალული ნივთიერებებისა და მეთოდების გამოყენების გარეშე.
ანტიდოპინგურ პროგრამებში ჩადებული ღირებულებები მოიცავს:
სპორტსმენების უფლებები და პასუხისმგებლობები, როგორც ეს განსაზღვრულია კოდექსით
სხვებთან თანამშრომლობა
განათლება და ცოდნა
სამართლიანობა
ჯანმრთელობა
ადამიანის უფლებების პატივისცემა
წესების, კანონებისა და მართლმსაჯულების პატივისცემა
სპორტის სულისკვეთება გამოიხატება „სუფთა თამაშის“ პრინციპში.
დოპინგი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება სპორტის სულისკვეთებას.
ეროვნული ანტიდოპინგური პროგრამა
საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია დაფუძნდა როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის ფუნქციის შესრულების მიზნით. შესაბამისად, კოდექსის 20.5.1 მუხლისა და ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის ოპერაციული დამოუკიდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას, კერძოდ, გააჩნია აუცილებელი უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა, იყოს დამოუკიდებელი მართვასა თუ ოპერაციულ საქმიანობაში სპორტული ორგანიზაციებისა და სახელმწიფო ორგანოებისგან. შეზღუდვის გარეშე, ეს მოიცავს მოთხოვნას, დაწესდეს სათანადო სამართლებრივი, ორგანიზაციული, პროცედურული და/ან სახელშეკრულებო გარანტიები, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი არასათანადო გავლენა, ჩარევა ან მონაწილეობა მის მმართველობით ან ოპერაციულ საქმიანობაში და უზრუნველყოფილ იქნეს მისი ანტიდოპინგური პროგრამის დამოუკიდებელი განხორციელება. ეს ასევე მოიცავს მის მმართველობით ან ოპერაციულ საქმიანობაში ნებისმიერი იმ პირის მონაწილეობის აკრძალვას, რომელსაც აქვს ინტერესთა რეალური ან პოტენციური კონფლიქტი საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის ოპერაციული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, როდესაც ასეთი პირი ერთდროულად ჩართულია საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის მმართველობაში ან ოპერაციებში და ეროვნული ფედერაციის ან სხვა ეროვნული სპორტული ორგანიზაციის, ან სპორტზე ან ანტიდოპინგურ საქმიანობაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყების მართვასა თუ ოპერაციულ საქმიანობაში
წინამდებარე ანტიდოპინგური წესების მოქმედების სფერო
წინამდებარე ანტიდოპინგური წესები ვრცელდება:
საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციაზე, მათ შორის მისი გამგეობის წევრებზე, დირექტორებზე, თანამდებობის პირებზე, უმაღლეს აღმასრულებელ პირებსა და თანამშრომლებზე, ასევე დელეგირებული მესამე მხარეების თანამშრომლებზე, რომლებიც მონაწილეობენ დოპინგკონტროლის ნებისმიერ ასპექტში;
საქართველოს ეროვნულ ფედერაციებზე, მათ შორის მათი გამგეობის წევრებზე, დირექტორებზე, თანამდებობის პირებზე, უმაღლეს აღმასრულებელ პირებსა და თანამშრომლებზე;
შემდეგ სპორტსმენებზე, სპორტსმენის დამხმარე პერსონალსა და სხვა პირებზე (მათ შორის დაცულ პირებზე), ყველა შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ასეთი პირი საქართველოს მოქალაქე ან რეზიდენტი:
ყველა სპორტსმენსა და სპორტსმენის დამხმარე პერსონალზე, რომლებიც არიან საქართველოში არსებული ნებისმიერი ეროვნული ფედერაციის ან საქართველოში არსებული ნებისმიერი ეროვნული ფედერაციის ნებისმიერი წევრი ან აფილირებული ორგანიზაციის (მათ შორის ნებისმიერი კლუბის, გუნდის, ასოციაციის ან ლიგის) წევრები ან ლიცენზიის მფლობელები;
ყველა სპორტსმენსა და სპორტსმენის დამხმარე პერსონალზე, რომლებიც ამ სტატუსით მონაწილეობენ ღონისძიებებში, შეჯიბრებებსა და სხვა აქტივობებში, რომლებიც ორგანიზებულია, მოწვეულია, ნებადართულია ან აღიარებულია საქართველოში არსებული ნებისმიერი ეროვნული ფედერაციის ან საქართველოში არსებული ნებისმიერი ეროვნული ფედერაციის ნებისმიერი წევრი ან აფილირებული ორგანიზაციის (მათ შორის ნებისმიერი კლუბის, გუნდის, ასოციაციის ან ლიგის) მიერ, მიუხედავად მათი ჩატარების ადგილისა;
ნებისმიერ სხვა სპორტსმენზე ან სპორტსმენის დამხმარე პირზე ან სხვა პირზე, რომელიც აკრედიტაციის, ლიცენზიის ან სხვა სახელშეკრულებო შეთანხმების საფუძველზე ან სხვაგვარად, ანტიდოპინგური მიზნებისთვის ექვემდებარება საქართველოში არსებული ნებისმიერი ეროვნული ფედერაციის ან საქართველოში არსებული ნებისმიერი ეროვნული ფედერაციის ნებისმიერი წევრი ან აფილირებული ორგანიზაციის (მათ შორის ნებისმიერი კლუბის, გუნდის, ასოციაციის ან ლიგის) უფლებამოსილებას; და
ყველა სპორტსმენსა და სპორტსმენის დამხმარე პერსონალზე, რომლებიც ნებისმიერი სტატუსით მონაწილეობენ ნებისმიერ აქტივობაში, რომელიც ორგანიზებულია, ჩატარებულია, მოწვეულია ან ნებადართულია ეროვნული ღონისძიების ან ისეთი ეროვნული ლიგის ორგანიზატორის მიერ, რომელიც არ არის აფილირებული ეროვნულ ფედერაციასთან.1
მოყვარულ სპორტსმენებზე, ანუ ნებისმიერ პირზე, რომელიც ეწევა სპორტულ ან ფიტნეს აქტივობებს ან მონაწილეობს მათში არაპროფესიული (გამაჯანსაღებელი) მიზნებით, მაგრამ სხვაგვარად არ იასპარეზებდა ეროვნული ფედერაციის ან ნებისმიერი აფილირებული თუ არააფილირებული ასოციაციის, ორგანიზაციის, კლუბის, გუნდის ან ლიგის მიერ ორგანიზებულ, აღიარებულ ან მასპინძლობით ჩატარებულ შეჯიბრებებში ან ღონისძიებებში, და რომელიც ანტიდოპინგური წესის ნებისმიერი დარღვევის ჩადენამდე ხუთი (5) წლის განმავლობაში, იმავე სპორტის სახეობაში: არ ყოფილა საერთაშორისო დონის სპორტსმენი (როგორც ეს განსაზღვრულია თითოეული საერთაშორისო ფედერაციის მიერ ტესტირების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად) ან ეროვნული დონის სპორტსმენი (როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის ან სხვა ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ ტესტირების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად); არ მონაწილეობდა ამ სპორტის სახეობაში პროფესიული სტატუსით; 2არ უასპარეზია საერთაშორისო ღონისძიებაში ან ეროვნულ ღონისძიებაში; არ წარმოუდგენია საქართველო ან სხვა ნებისმიერი ქვეყანა საერთაშორისო ღონისძიებაში ღია კატეგორიაში3 ; ან არ ყოფილა ჩართული რეგისტრირებული ტესტირების ჯგუფში ან ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერ სხვა ჯგუფში, რომელსაც აწარმოებს ნებისმიერი საერთაშორისო ფედერაცია, საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია ან სხვა ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია.
ყველა სხვა პირზე, რომლის მიმართაც კოდექსი საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას ანიჭებს უფლებამოსილებას, მათ შორის ყველა სპორტსმენზე, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები ან რეზიდენტები, და ყველა სპორტსმენზე, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში, შეჯიბრებაში მონაწილეობის, ვარჯიშის ან სხვა მიზნით.
თითოეული ზემოაღნიშნული პირის შესახებ მიიჩნევა, რომ საქართველოში სპორტში მისი მონაწილეობის ან ჩართულობის პირობით, იგი დაეთანხმა წინამდებარე ანტიდოპინგურ წესებს და ვალდებულია მათი დაცვა, ასევე დაექვემდებარა საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის უფლებამოსილებას, აღასრულოს წინამდებარე ანტიდოპინგური წესები, მათ შორის მათი დარღვევისთვის დაკისრებული ნებისმიერი შედეგი, და მე-8 მუხლითა და მე-13 მუხლით განსაზღვრული განმხილველი პანელი იურისდიქციას, რომლებიც განიხილავენ და წყვეტენ წინამდებარე ანტიდოპინგური წესების საფუძველზე აღძრულ საქმეებსა და საჩივრებს.4
ზემოთ მითითებულ სპორტსმენთა საერთო ჯგუფში, რომლებზეც ვრცელდება წინამდებარე ანტიდოპინგური წესები და რომლებიც ვალდებულნი არიან, დაიცვან ისინი, შემდეგი სპორტსმენები წინამდებარე ანტიდოპინგური წესების მიზნებისთვის მიიჩნევიან ეროვნული დონის სპორტსმენებად და, შესაბამისად, წინამდებარე ანტიდოპინგური წესების სპეციფიკური დებულებები, რომლებიც გამოიყენება ეროვნული დონის სპორტსმენების მიმართ (მაგალითად, ტესტირება, თერაპიული გამოყენების გამონაკლისები, ადგილსამყოფელი და შედეგების მართვა), ვრცელდება ასეთ სპორტსმენებზე:
სპორტსმენები, რომლებიც არიან ეროვნული ნაკრების ან ეროვნული საწვრთნელი პროგრამის წევრები, რომელსაც ახორციელებს ეროვნული ფედერაცია საქართველოში;
სპორტსმენები, რომლებიც ვარჯიშობენ ან ასპარეზობენ ნებისმიერ შეჯიბრებაში, ღონისძიებაში ან აქტივობაში, რომელიც ორგანიზებულია, აღიარებულია ან მასპინძლობით ტარდება ეროვნული ფედერაციის მიერ საქართველოში და რომელიც გამოიყენება (i) სპორტსმენების შესარჩევად, რომლებიც საქართველოს წარმოადგენენ საერთაშორისო ღონისძიებებში ან შეჯიბრებებში; ან (ii) რომელიც სხვაგვარად გამოიყენება სპორტსმენის რანგის განსასაზღვრად მის სპორტის სახეობაში საქართველოში (ანუ ეროვნული ჩემპიონატის ღონისძიება ან ეროვნული დონის ლიგა).
სპორტსმენები, რომლებიც ვარჯიშობენ ან ასპარეზობენ ნებისმიერ აქტივობაში, რომელიც ორგანიზებულია, აღიარებულია ან მასპინძლობით ტარდება ეროვნული ღონისძიების ორგანიზატორის ან ნებისმიერი სხვა ეროვნული ლიგის მიერ და რომელიც სხვაგვარად არ არის აფილირებული ეროვნულ ფედერაციასთან.
სპორტსმენი, რომელიც აკმაყოფილებს ზემოთ მითითებული კრიტერიუმებიდან რომელიმეს, კლასიფიცირდება ეროვნული დონის სპორტსმენად:
(ა) როდესაც შესაბამისი კრიტერიუმი არის შეჯიბრებაში
ან ღონისძიებაში მონაწილეობა — ამ შეჯიბრების ან ღონისძიების დაწყების
თარიღამდე სამი (3) თვით ადრე დაწყებული;
(ბ) როდესაც შესაბამისი კრიტერიუმი არის ეროვნულ ნაკრებში
ან ეროვნულ პროგრამაში ჩართვა — ასეთი ჩართვის თარიღიდან; და
(გ) ნებისმიერი სხვა გამოსაყენებელი კრიტერიუმის
შემთხვევაში — იმ თარიღიდან, როდესაც სპორტსმენი პირველად დააკმაყოფილებს
ამ კრიტერიუმს.
სპორტსმენი რჩება ეროვნული დონის სპორტსმენად კლასიფიცირებული იმ კალენდარული წლის 31 დეკემბრამდე, რომელშიც შესაბამისი კრიტერიუმი დაკმაყოფილდა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სპორტსმენი ეროვნული დონის სპორტსმენად კვალიფიცირდება უფრო ადრეული თარიღიდან ან ასეთად რჩება კლასიფიცირებული უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ზემოთ მითითებული სხვა გამოსაყენებელი კრიტერიუმის საფუძველზე.
მუხლი 1 დოპინგის განმარტება
დოპინგი განიმარტება, როგორც წინამდებარე ანტიდოპინგური წესების 2.1–2.11 მუხლებით განსაზღვრული ანტიდოპინგური წესის ერთი ან მეტი დარღვევის ჩადენა.
მუხლი 2 ანტიდოპინგური წესის დარღვევები
მე-2 მუხლის მიზანია იმ გარემოებებისა და ქმედებების განსაზღვრა, რომლებიც წარმოადგენს ანტიდოპინგური წესის დარღვევას. დოპინგის საქმეებზე მოსმენა წარიმართება იმ მითითების (ბრალდების) საფუძველზე, რომ დაირღვა ერთი ან მეტი ასეთი კონკრეტული წესი.
სპორტსმენები ან სხვა პირები ვალდებულნი არიან, იცოდნენ, თუ რა წარმოადგენს ანტიდოპინგური წესის დარღვევას და რომელი ნივთიერებები და მეთოდებია შეტანილი აკრძალულ სიაში.
ანტიდოპინგური წესის დარღვევას წარმოადგენს შემდეგი:
2.1 აკრძალული ნივთიერების ან მისი მეტაბოლიტების ან მარკერების არსებობა სპორტსმენის ნიმუშში
2.1.1 სპორტსმენების პირადი მოვალეობაა, უზრუნველყონ, რომ მათ ორგანიზმში არ მოხვდეს არცერთი აკრძალული ნივთიერება. სპორტსმენები პასუხს აგებენ ნებისმიერ აკრძალულ ნივთიერებაზე ან მის მეტაბოლიტებზე ან მარკერებზე, რომლებიც აღმოჩენილია მათ ნიმუშებში. შესაბამისად, არ არის აუცილებელი, დადასტურდეს განზრახვა, ბრალი, დაუდევრობა ან შეგნებული გამოყენება სპორტსმენის მხრიდან, იმისათვის, რომ დადგინდეს ანტიდოპინგური წესის დარღვევა 2.1 მუხლის საფუძველზე.5
2.1.2 2.1 მუხლის საფუძველზე ანტიდოპინგური წესის დარღვევის საკმარის მტკიცებულებას წარმოადგენს ნებისმიერი შემდეგი გარემოება: აკრძალული ნივთიერების ან მისი მეტაბოლიტების ან მარკერების არსებობა სპორტსმენის ნიმუშში „A“, როდესაც სპორტსმენი უარს ამბობს ნიმუშის „B“ ანალიზზე და ნიმუში „B“ არ ანალიზდება; ან როდესაც სპორტსმენის ნიმუში „B“ ანალიზდება და სპორტსმენის ნიმუშის „B“ ანალიზი ადასტურებს აკრძალული ნივთიერების ან მისი მეტაბოლიტების ან მარკერების არსებობას, რომლებიც აღმოჩენილია სპორტსმენის ნიმუშში „A“; ან როდესაც სპორტსმენის ნიმუში „A“ ან „B“ იყოფა ორ (2) ნაწილად და გაყოფილი ნიმუშის დამადასტურებელი ნაწილის ანალიზი ადასტურებს აკრძალული ნივთიერების ან მისი მეტაბოლიტების ან მარკერების არსებობას, რომლებიც აღმოჩენილია გაყოფილი ნიმუშის პირველ ნაწილში, ან სპორტსმენი უარს ამბობს გაყოფილი ნიმუშის დამადასტურებელი ნაწილის ანალიზზე.6
2.1.3 იმ ნივთიერებების გარდა, რომელთათვისაც გადაწყვეტილების ზღვარი კონკრეტულად არის განსაზღვრული აკრძალულ სიაში ან ტექნიკურ დოკუმენტში, აკრძალული ნივთიერების ან მისი მეტაბოლიტების ან მარკერების ნებისმიერი ანგარიშში მითითებული რაოდენობის არსებობა სპორტსმენის ნიმუშში წარმოადგენს ანტიდოპინგური წესის დარღვევას.
2.1.4 2.1 მუხლის ზოგადი წესიდან გამონაკლისის სახით, აკრძალულ სიას, საერთაშორისო სტანდარტებს ან ტექნიკურ დოკუმენტებს შეუძლია დაადგინოს გარკვეული აკრძალული ნივთიერებების შესახებ ანგარიშგების ან შეფასების სპეციალური კრიტერიუმები.
2.2 სპორტსმენის მიერ აკრძალული ნივთიერების ან აკრძალული მეთოდის გამოყენება ან გამოყენების მცდელობა 7
2.2.1 სპორტსმენების პირადი მოვალეობაა, უზრუნველყონ, რომ მათ ორგანიზმში არ მოხვდეს არცერთი აკრძალული ნივთიერება და არ მოხდეს აკრძალული მეთოდის გამოყენება. შესაბამისად, არ არის აუცილებელი, დადასტურდეს განზრახვა, ბრალი, დაუდევრობა ან შეგნებული გამოყენება სპორტსმენის მხრიდან, იმისათვის, რომ დადგინდეს ანტიდოპინგური წესის დარღვევა აკრძალული ნივთიერების ან აკრძალული მეთოდის გამოყენებისთვის.
2.2.2 არსებითი მნიშვნელობა არ აქვს გამოყენების ან გამოყენების მცდელობის წარმატებას ან წარუმატებლობას, როდესაც საქმე ეხება აკრძალულ ნივთიერებას ან აკრძალულ მეთოდს. ანტიდოპინგური წესის დარღვევის ჩადენისთვის საკმარისია, რომ აკრძალული ნივთიერება ან აკრძალული მეთოდი გამოყენებულ იქნა ან მოხდა მისი გამოყენების მცდელობა.8
2.3 ნიმუშის აღებისთვის თავის არიდება, უარის თქმა ან გამოუცხადებლობა სპორტსმენის მხრიდან
თავის არიდება ნიმუშის აღებისთვის; ან უარის თქმა ნიმუშის აღებაზე ან მისთვის გამოუცხადებლობა დამაჯერებელი დასაბუთების გარეშე, შეტყობინების შემდეგ, რომელიც განხორციელდა სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ.9
2.4 ადგილსამყოფლის შესახებ მოთხოვნის დარღვევები სპორტსმენის მიერ
სამი (3) გაცდენილი ტესტისა და/ან ინფორმაციის წარდგენის დარღვევის ნებისმიერი კომბინაცია, როგორც ეს განსაზღვრულია შედეგების მართვის საერთაშორისო სტანდარტით, რომელიც დაფიქსირდა თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში სპორტსმენის მიერ, რომელიც შედის რეგისტრირებული ტესტირების ჯგუფში.
2.5 დოპინგკონტროლის ნებისმიერი ნაწილის გაყალბება ან გაყალბების მცდელობა სპორტსმენის ან სხვა პირის მიერ10
2.6 აკრძალული ნივთიერების ან აკრძალული მეთოდის ფლობა სპორტსმენის ან სპორტსმენის დამხმარე პირის მიერ
2.6.1 სპორტსმენის მიერ შეჯიბრების პერიოდში ნებისმიერი აკრძალული ნივთიერების ან ნებისმიერი აკრძალული მეთოდის ფლობა, ან სპორტსმენის მიერ შეჯიბრებებს შორის პერიოდში ნებისმიერი ისეთი აკრძალული ნივთიერების ან აკრძალული მეთოდის ფლობა, რომელიც აკრძალულია შეჯიბრებებს შორის პერიოდში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სპორტსმენი დაადასტურებს, რომ ფლობა შეესაბამება თერაპიული გამოყენების გამონაკლისს, რომელიც მინიჭებულია 4.4 მუხლის შესაბამისად, ან სხვა მისაღებ დასაბუთებას.11
2.6.2 სპორტსმენის დამხმარე პირის მიერ შეჯიბრების პერიოდში ნებისმიერი აკრძალული ნივთიერების ან ნებისმიერი აკრძალული მეთოდის ფლობა, ან სპორტსმენის დამხმარე პირის მიერ შეჯიბრებებს შორის პერიოდში ნებისმიერი ისეთი აკრძალული ნივთიერების ან აკრძალული მეთოდის ფლობა, რომელიც აკრძალულია შეჯიბრებებს შორის პერიოდში, სპორტსმენთან, შეჯიბრებასთან ან ვარჯიშთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სპორტსმენის დამხმარე პირი დაადასტურებს, რომ ფლობა შეესაბამება თერაპიული გამოყენების გამონაკლისს, რომელიც მინიჭებულია სპორტსმენისთვის 4.4 მუხლის შესაბამისად, ან სხვა მისაღებ დასაბუთებას.12
2.7 ტრაფიკინგი ან ტრაფიკინგის მცდელობა
2.8 მიწოდება ან მიწოდების მცდელობა სპორტსმენის ან სხვა პირის მიერ
2.9 თანამონაწილეობა ან თანამონაწილეობის მცდელობა სპორტსმენის ან სხვა პირის მიერ
დახმარება, წახალისება, ხელშეწყობა, წაქეზება, შეთქმულება, დაფარვა ან ნებისმიერი სხვა სახის განზრახი თანამონაწილეობა ან თანამონაწილეობის მცდელობა, რომელიც უკავშირდება ანტიდოპინგური წესის დარღვევას, ანტიდოპინგური წესის დარღვევის მცდელობას ან 10.14.1 მუხლის დარღვევას, რომელიც ჩადენილია სხვა პირის მიერ.13
2.10 აკრძალული თანამშრომლობა სპორტსმენის ან სხვა პირის მიერ
2.10.1 თანამშრომლობა სპორტსმენის ან სხვა პირის მხრიდან, რომელიც ექვემდებარება ანტიდოპინგური ორგანიზაციის უფლებამოსილებას, პროფესიული ან სპორტთან დაკავშირებული სტატუსით, ნებისმიერ სპორტსმენის დამხმარე პირთან, რომელიც:
2.10.1.1 თუ ექვემდებარება ანტიდოპინგური ორგანიზაციის უფლებამოსილებას, იმყოფება უფლებაჩამორთმევის პერიოდში ან
2.10.1.2 თუ არ ექვემდებარება ანტიდოპინგური ორგანიზაციის უფლებამოსილებას და როდესაც უფლებაჩამორთმევის საკითხი არ განხილულა შედეგების მართვის პროცესში კოდექსის შესაბამისად, ნასამართლევია ან სისხლისსამართლებრივი, დისციპლინური ან პროფესიული წარმოების ფარგლებში დადგენილია, რომ მან ჩაიდინა ქმედება, რომელიც წარმოადგენდა ანტიდოპინგური წესების დარღვევას, თუ კოდექსთან შესაბამისი წესები გავრცელდებოდა ასეთ პირზე. ასეთი პირის დისკვალიფიცირებადი სტატუსი ძალაშია სისხლისსამართლებრივი, პროფესიული ან დისციპლინური გადაწყვეტილების მიღებიდან ექვსი (6) წლის ან დაკისრებული სისხლისსამართლებრივი, დისციპლინური ან პროფესიული სანქციის ხანგრძლივობის განმავლობაში, იმისდა მიხედვით, რომელი ვადაც უფრო ხანგრძლივია; ან
2.10.1.3 მოქმედებს, როგორც 2.10.1.1 ან 2.10.1.2 მუხლებში აღწერილი ფიზიკური პირის ფარული წარმომადგენელი ან შუამავალი.
2.10.2 2.10 მუხლის დარღვევის დასადგენად ანტიდოპინგური ორგანიზაცია ვალდებულია, დაადასტუროს, რომ სპორტსმენმა ან სხვა პირმა იცოდა სპორტსმენის დამხმარე პირის დისკვალიფიცირებადი სტატუსის შესახებ.
მტკიცების ტვირთი ეკისრება სპორტსმენს ან სხვა პირს, დაადასტუროს, რომ 2.10.1.1 ან 2.10.1.2 მუხლებში აღწერილ სპორტსმენის დამხმარე პირთან ნებისმიერი თანამშრომლობა არ ხორციელდება პროფესიული ან სპორტთან დაკავშირებული სტატუსით და/ან რომ ასეთი თანამშრომლობის თავიდან აცილება გონივრულად შეუძლებელი იყო.
ანტიდოპინგური ორგანიზაციები, რომლებისთვისაც ცნობილია სპორტსმენის დამხმარე პერსონალის შესახებ, რომელიც აკმაყოფილებს 2.10.1.1, 2.10.1.2 ან 2.10.1.3 მუხლებში აღწერილ კრიტერიუმებს, ვალდებულნი არიან, აღნიშნული ინფორმაცია წარუდგინონ მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს.14
2.11 სპორტსმენის ან სხვა პირის ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს უფლებამოსილი ორგანოებისთვის ინფორმაციის მიწოდების შეფერხებას ან ინფორმაციის მიწოდებისთვის შურისძიებას
როდესაც ასეთი ქმედება სხვაგვარად არ წარმოადგენს 2.5 მუხლის დარღვევას:
2.11.1 ნებისმიერი ქმედება, რომელიც შეიცავს მუქარას ან მიზნად ისახავს სხვა პირის დაშინებას იმ განზრახვით, რომ ხელი შეეშალოს პირს, კეთილსინდისიერად მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ანტიდოპინგური წესის სავარაუდო დარღვევას, 10.14.1 მუხლის სავარაუდო დარღვევას ან კოდექსთან სავარაუდო შეუსაბამობას, მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს, ანტიდოპინგურ ორგანიზაციას, სამართალდამცავ, მარეგულირებელ ან პროფესიულ დისციპლინურ ორგანოს, განმხილველი ორგანოს ან პირს, რომელიც გამოძიებას ატარებს მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ან ანტიდოპინგური ორგანიზაციის სახელით.
2.11.2 შურისძიება პირის მიმართ, რომელმაც კეთილსინდისიერად მიაწოდა მტკიცებულება ან ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ანტიდოპინგური წესის სავარაუდო დარღვევას, 10.14.1 მუხლის სავარაუდო დარღვევას ან კოდექსთან სავარაუდო შეუსაბამობას, მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს, ანტიდოპინგურ ორგანიზაციას, სამართალდამცავ, მარეგულირებელ ან პროფესიულ დისციპლინურ ორგანოს, განმხილველ ორგანოს ან პირს, რომელიც გამოძიებას ატარებს მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ან ანტიდოპინგური ორგანიზაციის სახელით.15
2.11 მუხლის მიზნებისთვის, შურისძიება, მუქარა და დაშინება მოიცავს ასეთი პირის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებას, რომელსაც არ გააჩნია კეთილსინდისიერი საფუძველი ან წარმოადგენს არაპროპორციულ რეაქციას.16
მუხლი 3 დოპინგის დადასტურება
3.1 მტკიცების ტვირთი და სტანდარტები
საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას ეკისრება იმის დადასტურების ტვირთი, რომ ადგილი ჰქონდა ანტიდოპინგური წესის დარღვევას ან 10.14.1 მუხლის დარღვევას. მტკიცების სტანდარტი მდგომარეობს იმაში, დაადასტურა თუ არა საქართველოს ეროვნულმა ანტიდოპინგურმა ორგანიზაციამ ანტიდოპინგური წესის დარღვევა ან 10.14.1 მუხლის დარღვევა განმხილველი პანელის სრული დარწმუნების დონეზე, წაყენებული ბრალდების სიმძიმის გათვალისწინებით. მტკიცების ეს სტანდარტი ყველა შემთხვევაში აღემატება ალბათობათა უბრალო ბალანსს, მაგრამ ნაკლებია გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებაზე. 17 როდესაც წინამდებარე ანტიდოპინგური წესები მტკიცების ტვირთს აკისრებს სპორტსმენს ან სხვა პირს, რომელსაც ედავებიან ანტიდოპინგური წესის დარღვევას ან 10.14.1 მუხლის დარღვევას, პრეზუმფციის გასაბათილებლად ან განსაზღვრული ფაქტების ან გარემოებების დასადგენად, გარდა 3.2.2, 3.2.3 და 10.2.1.3 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მტკიცების სტანდარტია ალბათობათა ბალანსი.
3.2 ფაქტებისა და პრეზუმფციების დადგენის მეთოდები
ანტიდოპინგური წესის დარღვევებთან ან 10.14.1 მუხლის დარღვევებთან დაკავშირებული ფაქტები შეიძლება დადგინდეს ნებისმიერი სანდო საშუალებით, მათ შორის აღიარებით.18 დოპინგის საქმეებზე გამოიყენება მტკიცების შემდეგი წესები:
3.2.1 ანალიზის მეთოდები ან გადაწყვეტილების ზღვრები, რომლებიც დამტკიცებულია მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ შესაბამის სამეცნიერო საზოგადოებასთან კონსულტაციის შემდეგ ან რომლებმაც გაიარა რეცენზირება, მიიჩნევა მეცნიერულად ვალიდურად. ნებისმიერი სპორტსმენი ან სხვა პირი, რომელიც ცდილობს, სადავო გახადოს, დაკმაყოფილდა თუ არა ასეთი პრეზუმფციის პირობები, ან გააბათილოს მეცნიერული ვალიდურობის ეს პრეზუმფცია, ვალდებულია, ნებისმიერი ასეთი გასაჩივრების წინაპირობად, პირველ რიგში აცნობოს მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს გასაჩივრებისა და მისი საფუძვლის შესახებ. პირველი ინსტანციის განმხილველ ორგანოს, სააპელაციო ორგანოს ან სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს, საკუთარი ინიციატივით, ასევე შეუძლია აცნობოს მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს ნებისმიერი ასეთი გასაჩივრების შესახებ. მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ ასეთი შეტყობინებისა და გასაჩივრებასთან დაკავშირებული საქმის მასალების მიღებიდან ათი (10) დღის განმავლობაში, მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს ასევე აქვს უფლება, ჩაერთოს წარმოებაში მხარის სტატუსით, გამოვიდეს სასამართლოს მეგობრის სტატუსით ან სხვაგვარად წარადგინოს მტკიცებულებები ასეთ წარმოებაში. საქმეებში, რომლებიც განიხილება სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მოთხოვნით, სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს პანელი ნიშნავს შესაბამის სამეცნიერო ექსპერტს, რომელიც დაეხმარება პანელს გასაჩივრების შეფასებაში.19
3.2.2 მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ აკრედიტებული ლაბორატორიების და მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ დამტკიცებული სხვა ლაბორატორიების შესახებ მიიჩნევა, რომ მათ ნიმუშის ანალიზი და შენახვის პროცედურები განახორციელეს ლაბორატორიების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. სპორტსმენს ან სხვა პირს შეუძლია, გააბათილოს ეს პრეზუმფცია, თუ დაადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა ლაბორატორიების საერთაშორისო სტანდარტიდან გადახრას, რომელსაც გონივრულად შეეძლო გამოეწვია უარყოფითი ანალიზის შედეგი.
თუ სპორტსმენი ან სხვა პირი გააბათილებს ზემოაღნიშნულ პრეზუმფციას იმის დადასტურებით, რომ ადგილი ჰქონდა ლაბორატორიების საერთაშორისო სტანდარტიდან გადახრას, რომელსაც გონივრულად შეეძლო გამოეწვია უარყოფითი ანალიზის შედეგი, მაშინ საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას ეკისრება იმის დადასტურების ტვირთი, რომ ასეთ გადახრას არ გამოუწვევია უარყოფითი ანალიზის შედეგი.20
3.2.3 ნებისმიერი სხვა საერთაშორისო სტანდარტიდან ან კოდექსით ან წინამდებარე ანტიდოპინგური წესებით განსაზღვრული სხვა ანტიდოპინგური წესიდან ან პოლიტიკიდან გადახრა არ აბათილებს ანალიზის შედეგებს ან ანტიდოპინგური წესის დარღვევის სხვა მტკიცებულებებს და არ წარმოადგენს ანტიდოპინგური წესის დარღვევისგან დაცვის საფუძველს;21 თუმცა, თუ სპორტსმენი ან სხვა პირი დაადასტურებს, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი კონკრეტული საერთაშორისო სტანდარტის დებულებებიდან ერთ-ერთიდან გადახრას გონივრულად შეეძლო გამოეწვია ანტიდოპინგური წესის დარღვევა, რომელიც ეფუძნება უარყოფითი ანალიზის შედეგს ან ადგილსამყოფლის შესახებ მოთხოვნის დარღვევას, მაშინ საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას ეკისრება იმის დადასტურების ტვირთი, რომ ასეთ გადახრას არ გამოუწვევია უარყოფითი ანალიზის შედეგი ან ადგილსამყოფლის შესახებ მოთხოვნის დარღვევა:22
(i) ტესტირების საერთაშორისო სტანდარტიდან გადახრა, რომელიც უკავშირდება ნიმუშის აღებას ან ნიმუშის დამუშავებას და რომელსაც გონივრულად შეეძლო გამოეწვია ანტიდოპინგური წესის დარღვევა, რომელიც ეფუძნება უარყოფითი ანალიზის შედეგს, — ამ შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას ეკისრება იმის დადასტურების ტვირთი, რომ ასეთ გადახრას არ გამოუწვევია უარყოფითი ანალიზის შედეგი;
(ii) შედეგების მართვის საერთაშორისო სტანდარტიდან ან ტესტირების საერთაშორისო სტანდარტიდან გადახრა, რომელიც უკავშირდება პასპორტის უარყოფით შედეგს და რომელსაც გონივრულად შეეძლო გამოეწვია ანტიდოპინგური წესის დარღვევა, — ამ შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას ეკისრება იმის დადასტურების ტვირთი, რომ ასეთ გადახრას არ გამოუწვევია ანტიდოპინგური წესის დარღვევა;
(iii) შედეგების მართვის საერთაშორისო სტანდარტიდან გადახრა, რომელიც უკავშირდება სპორტსმენისთვის ნიმუშის „B“ გახსნის შესახებ შეტყობინების მიწოდების მოთხოვნას და რომელსაც გონივრულად შეეძლო გამოეწვია ანტიდოპინგური წესის დარღვევა, რომელიც ეფუძნება უარყოფითი ანალიზის შედეგს, — ამ შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას ეკისრება იმის დადასტურების ტვირთი, რომ ასეთ გადახრას არ გამოუწვევია უარყოფითი ანალიზის შედეგი;23
(iv) შედეგების მართვის საერთაშორისო სტანდარტიდან გადახრა, რომელიც უკავშირდება სპორტსმენის ინფორმირებას ან სპორტსმენის ადგილსამყოფლის დადგენის მცდელობებს და რომელსაც გონივრულად შეეძლო გამოეწვია ანტიდოპინგური წესის დარღვევა, რომელიც ეფუძნება ადგილსამყოფლის შესახებ მოთხოვნის დარღვევას, — ამ შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას ეკისრება იმის დადასტურების ტვირთი, რომ ასეთ გადახრას არ გამოუწვევია ადგილსამყოფლის შესახებ მოთხოვნის დარღვევა.
3.2.4 კომპეტენტური იურისდიქციის მქონე სასამართლოს ან პროფესიული დისციპლინური ტრიბუნალის გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები, თუ ეს გადაწყვეტილება არ არის განხილვის პროცესში მყოფი სააპელაციო საჩივრის საგანი, წარმოადგენს ამ ფაქტების უდავო მტკიცებულებას იმ სპორტსმენის ან სხვა პირის წინააღმდეგ, რომელსაც ეხება გადაწყვეტილება (და რომელსაც ბრალად ედება ანტიდოპინგური წესის დარღვევა ან 10.14.1 მუხლის დარღვევა), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სპორტსმენი ან სხვა პირი დაადასტურებს, რომ გადაწყვეტილებით დაირღვა ბუნებითი მართლმსაჯულების პრინციპები.24
3.2.5 ანტიდოპინგური წესის დარღვევის ან 10.14.1 მუხლის დარღვევის საქმეზე მოსმენისას განმხილველ პანელს შეუძლია, გააკეთოს დასკვნა იმ სპორტსმენის ან სხვა პირის საწინააღმდეგოდ, რომელსაც ედავებიან ანტიდოპინგური წესის დარღვევის ან 10.14.1 მუხლის დარღვევის ჩადენას, სპორტსმენის ან სხვა პირის მიერ, მოსმენამდე გონივრული დროით ადრე გაკეთებული მოთხოვნის შემდეგ, მოსმენაზე გამოცხადებაზე (პირადად ან ტელეფონით, განმხილველი პანელის მითითებისამებრ) და განმხილველი პანელის ან საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარის საფუძველზე.
მუხლი 4 აკრძალული სია და თერაპიული გამოყენების გამონაკლისები
4.1 აკრძალული სიის ასახვა წესებში
წინამდებარე ანტიდოპინგური წესები მოიცავს აკრძალულ სიას, რომელსაც აქვეყნებს და გადასინჯავს მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო როგორც საერთაშორისო სტანდარტს, როგორც ეს აღწერილია კოდექსის 4.1 მუხლში.
თუ აკრძალული სიით ან მისი გადასინჯვით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, აკრძალული სია და მისი გადასინჯვები ძალაში შედის წინამდებარე ანტიდოპინგური წესების საფუძველზე, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ გამოქვეყნებიდან სამი (3) თვის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ რაიმე დამატებითი ქმედების საჭიროების გარეშე. ყველა სპორტსმენი და სხვა პირი ვალდებულია, დაიცვას აკრძალული სია და მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება მათი ძალაში შესვლის თარიღიდან, დამატებითი ფორმალობების გარეშე. ყველა სპორტსმენის და სხვა პირის პასუხისმგებლობაა, გაეცნოს აკრძალული სიის უახლეს ვერსიას და მასში შეტანილ ყველა ცვლილებას.
4.2 აკრძალული ნივთიერებები და აკრძალული მეთოდები, რომლებიც განსაზღვრულია აკრძალულ სიაში
4.2.1 აკრძალული ნივთიერებები და აკრძალული მეთოდები
აკრძალული სია განსაზღვრავს იმ აკრძალულ ნივთიერებებს და აკრძალულ მეთოდებს, რომლებიც აკრძალულია, როგორც დოპინგი, ნებისმიერ დროს (როგორც შეჯიბრების პერიოდში, ისე შეჯიბრებებს შორის პერიოდში) მომავალ შეჯიბრებებში შედეგების გაუმჯობესების პოტენციალის ან შენიღბვის პოტენციალის გამო, და იმ ნივთიერებებსა და მეთოდებს, რომლებიც აკრძალულია მხოლოდ შეჯიბრების პერიოდში. აკრძალული სია შეიძლება გაფართოვდეს მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ კონკრეტული სპორტის სახეობისთვის. აკრძალული ნივთიერებები და აკრძალული მეთოდები შეიძლება შეტანილ იქნეს აკრძალულ სიაში ზოგადი კატეგორიის მიხედვით (მაგალითად, ანაბოლური საშუალებები) ან კონკრეტულ ნივთიერებაზე ან მეთოდზე სპეციალური მითითებით.25
4.2.2 სპეციფიკური ნივთიერებები ან სპეციფიკური მეთოდები
მე-10 მუხლის გამოყენების მიზნებისთვის, ყველა აკრძალული ნივთიერება არის სპეციფიკური ნივთიერება, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც განსაზღვრულია აკრძალულ სიაში. არცერთი აკრძალული მეთოდი არ არის სპეციფიკური მეთოდი, თუ იგი კონკრეტულად არ არის განსაზღვრული, როგორც სპეციფიკური მეთოდი, აკრძალულ სიაში. სპეციფიკური ნივთიერებები და სპეციფიკური მეთოდები, რომლებიც განსაზღვრულია ამ მუხლში, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს მიჩნეული სხვა დოპინგურ ნივთიერებებზე ან მეთოდებზე ნაკლებად მნიშვნელოვნად ან ნაკლებად საშიშად. პირიქით, ისინი უბრალოდ ისეთი ნივთიერებები და მეთოდებია, რომლებიც, უფრო მეტი ალბათობით, შეიძლება მიღებულ ან გამოყენებულ იქნეს სპორტსმენის მიერ სპორტული შედეგების გაუმჯობესებისგან განსხვავებული მიზნით.26
4.2.3 ბოროტად გამოყენებადი ნივთიერებები
მე-10 მუხლის გამოყენების მიზნებისთვის, ბოროტად გამოყენებადი ნივთიერებები არის ის აკრძალული ნივთიერებები, რომლებიც კონკრეტულად არის განსაზღვრული, როგორც ბოროტად გამოყენებადი ნივთიერებები, აკრძალულ სიაში, რადგან საზოგადოებაში, სპორტის კონტექსტის მიღმა, ისინი უფრო ხშირად გამოიყენება ბოროტად.
4.3 მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ აკრძალული სიის განსაზღვრა
მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ იმ აკრძალული ნივთიერებებისა და აკრძალული მეთოდების განსაზღვრა, რომლებიც შეტანილი იქნება აკრძალულ სიაში, ნივთიერებების კატეგორიებად კლასიფიკაცია აკრძალულ სიაში, ნივთიერების კლასიფიკაცია, როგორც ნებისმიერ დროს ან მხოლოდ შეჯიბრების პერიოდში აკრძალულის, ნივთიერების ან მეთოდის კლასიფიკაცია, როგორც სპეციფიკური ნივთიერების, სპეციფიკური მეთოდის ან ბოროტად გამოყენებადი ნივთიერების, საბოლოოა და არ ექვემდებარება სპორტსმენის ან სხვა პირის მიერ რაიმე სახით გასაჩივრებას, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ნებისმიერ გასაჩივრებას, რომელიც ეფუძნება არგუმენტს, რომ ნივთიერება ან მეთოდი არ იყო შემნიღბავი საშუალება ან არ გააჩნდა შედეგების გაუმჯობესების, ჯანმრთელობისთვის რისკის შექმნის ან სპორტის სულისკვეთების დარღვევის პოტენციალი.
4.4 თერაპიული გამოყენების გამონაკლისები
4.4.1 აკრძალული ნივთიერების ან მისი მეტაბოლიტების ან მარკერების არსებობა და/ან გამოყენება ან გამოყენების მცდელობა, ფლობა ან მიწოდება ან მიწოდების მცდელობა აკრძალული ნივთიერების ან აკრძალული მეთოდის მიმართ არ ჩაითვლება ანტიდოპინგური წესის დარღვევად, თუ ეს შეესაბამება თერაპიული გამოყენების გამონაკლისის დებულებებს, რომელიც მინიჭებულია თერაპიული გამოყენების გამონაკლისების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად.
4.4.2 თერაპიული გამოყენების გამონაკლისის მოთხოვნის განაცხადები
4.4.2.1 ნებისმიერი სპორტსმენი, რომელიც არ არის საერთაშორისო დონის სპორტსმენი, ვალდებულია, თერაპიული გამოყენების გამონაკლისის მისაღებად მიმართოს საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას. განაცხადი უნდა წარდგენილ იქნეს რაც შეიძლება მალე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამოიყენება თერაპიული გამოყენების გამონაკლისების საერთაშორისო სტანდარტის 4.3 მუხლი. განაცხადი წარედგინება თერაპიული გამოყენების გამონაკლისების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად.
4.4.2.2 საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია ქმნის პანელს (თერაპიული გამოყენების გამონაკლისების კომიტეტს) თერაპიული გამოყენების გამონაკლისების მინიჭების შესახებ განაცხადების განსახილველად, ქვემოთ მოცემული 4.4.2.2 მუხლის (ა)–(დ) ქვეპუნქტების შესაბამისად:
თერაპიული გამოყენების გამონაკლისების კომიტეტი შედგება თავმჯდომარისგან, რომელიც არის ექიმი, და წევრთა ჯგუფისგან, რომელშიც შედის მინიმუმ სამი (3) სხვა წევრი, რომლებსაც აქვთ სპორტსმენების მოვლისა და მკურნალობის გამოცდილება და კლინიკური, სპორტული და ფიზიკური დატვირთვის მედიცინის საფუძვლიანი ცოდნა. თითოეული დანიშნული წევრის უფლებამოსილების ვადაა სამი (3) წელი, რომელიც შეიძლება განახლდეს.
თერაპიული გამოყენების გამონაკლისების კომიტეტის წევრად საქმიანობის დაწყებამდე თითოეული წევრი ხელს აწერს ინტერესთა კონფლიქტისა და კონფიდენციალურობის დეკლარაციას. დანიშნული წევრები არ შეიძლება იყვნენ საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის თანამშრომლები
როდესაც საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას წარედგინება განაცხადი თერაპიული გამოყენების გამონაკლისის მინიჭების შესახებ, თერაპიული გამოყენების გამონაკლისების კომიტეტის თავმჯდომარე ნიშნავს თერაპიული გამოყენების გამონაკლისების კომიტეტის წევრთა ჯგუფიდან სამ (3) წევრს (რომელთა შორის შეიძლება იყოს თავმჯდომარეც) განაცხადის განსახილველად.
თერაპიული გამოყენების გამონაკლისის განაცხადის განხილვამდე თითოეული წევრი ვალდებულია, თავმჯდომარეს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მის მიუკერძოებლობაზე განმცხადებელი სპორტსმენის მიმართ. თუ თავმჯდომარის მიერ განაცხადის განსახილველად დანიშნულ წევრს არ სურს ან არ შეუძლია, ნებისმიერი მიზეზით, შეაფასოს სპორტსმენის თერაპიული გამოყენების გამონაკლისის განაცხადი, თავმჯდომარეს შეუძლია, დანიშნოს შემცვლელი წევრი ან დანიშნოს თერაპიული გამოყენების გამონაკლისების კომიტეტის ახალი შემადგენლობა. თავმჯდომარე ვერ იქნება თერაპიული გამოყენების გამონაკლისების კომიტეტის წევრი, თუ არსებობს ნებისმიერი გარემოება, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს თერაპიული გამოყენების გამონაკლისის შესახებ გადაწყვეტილების მიუკერძოებლობაზე.
თერაპიული გამოყენების გამონაკლისის განაცხადის შეფასებისას თერაპიული გამოყენების გამონაკლისების კომიტეტს შეუძლია, დახმარებისთვის მიმართოს ისეთ სხვა სამედიცინო ან სამეცნიერო ექსპერტებს, რომლებსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს.
თერაპიული გამოყენების გამონაკლისის განაცხადებზე გადაწყვეტილებები, იდეალურ შემთხვევაში, უნდა იქნეს მიღებული თერაპიული გამოყენების გამონაკლისების კომიტეტის კონსენსუსით, საჭიროების შემთხვევაში სხვა ექიმებისა და/ან ექსპერტების დამატებითი მოსაზრებების გათვალისწინებით. თუ კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია, გადაწყვეტილება მიიღება უმრავლესობით.
4.4.2.3 თერაპიული გამოყენების გამონაკლისების კომიტეტი აფასებს და იღებს გადაწყვეტილებას თერაპიული გამოყენების გამონაკლისის განაცხადზე თერაპიული გამოყენების გამონაკლისების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი დებულებების საფუძველზე და, გამონაკლისი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში, რაც შეიძლება მალე, ჩვეულებრივ, სრული განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს ოცდაერთი (21) დღისა. როდესაც თერაპიული გამოყენების გამონაკლისის განაცხადი წარდგენილია ღონისძიებამდე გონივრული დროით ადრე, თერაპიული გამოყენების გამონაკლისების კომიტეტი იღებს ყველა ზომას, რათა გადაწყვეტილება გამოსცეს ღონისძიების დაწყებამდე.
4.4.2.4 თერაპიული გამოყენების გამონაკლისების კომიტეტის გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის საბოლოო გადაწყვეტილებას და შეიძლება გასაჩივრდეს 4.4.6 მუხლის შესაბამისად. საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის თერაპიული გამოყენების გამონაკლისების კომიტეტის გადაწყვეტილება წერილობით ეცნობება სპორტსმენს, ასევე მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს და სხვა ანტიდოპინგურ ორგანიზაციებს თერაპიული გამოყენების გამონაკლისების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია უზრუნველყოფს, რომ ყველა გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ იქნეს შეტანილი ანტიდოპინგური ადმინისტრირებისა და მართვის სისტემაში და, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვეულებრივ, გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან არაუგვიანეს ოცდაერთი (21) დღისა.27
4.4.3 თერაპიული გამოყენების გამონაკლისის რეტროაქტიული მინიჭების განაცხადები
რეტროაქტიული თერაპიული გამოყენების გამონაკლისები შეიძლება მინიჭებულ იქნეს თერაპიული გამოყენების გამონაკლისების საერთაშორისო სტანდარტში აღწერილი კრიტერიუმების საფუძველზე.28
4.4.4 თერაპიული გამოყენების გამონაკლისის აღიარება
თერაპიული გამოყენების გამონაკლისი, რომელიც მინიჭებულია საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ, მოქმედებს ეროვნულ დონეზე გლობალურად და არ საჭიროებს ფორმალურ აღიარებას რომელიმე სხვა ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ.
თუ სპორტსმენზე გავრცელდება საერთაშორისო ფედერაციის თერაპიული გამოყენების გამონაკლისის მოთხოვნები, მან არ უნდა წარუდგინოს განაცხადი საერთაშორისო ფედერაციას ახალი თერაპიული გამოყენების გამონაკლისის მისაღებად. ამის ნაცვლად, და თუ მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს არ მიუნიჭებია გამონაკლისი თერაპიული გამოყენების გამონაკლისების საერთაშორისო სტანდარტის 7.2(b) მუხლის საფუძველზე, ყველა თერაპიული გამოყენების გამონაკლისის შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია კოდექსის 4.4 მუხლის შესაბამისად და რომლის შესახებ ინფორმაციაც წარდგენილია თერაპიული გამოყენების გამონაკლისების საერთაშორისო სტანდარტის 5.9 მუხლის შესაბამისად, ავტომატურად იქნება აღიარებული საერთაშორისო ფედერაციის მიერ.
თუ მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო ანიჭებს გამონაკლისს საერთაშორისო ფედერაციას თერაპიული გამოყენების გამონაკლისების საერთაშორისო სტანდარტის 7.2(b) მუხლის შესაბამისად, სპორტსმენი ვალდებულია, თავისი თერაპიული გამოყენების გამონაკლისის აღიარების მოთხოვნით მიმართოს შესაბამის საერთაშორისო ფედერაციას თერაპიული გამოყენების გამონაკლისების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, შემდეგნაირად:
4.4.4.1 როდესაც სპორტსმენს უკვე აქვს თერაპიული გამოყენების გამონაკლისი, რომელიც საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ არის მინიჭებული შესაბამის ნივთიერებაზე ან მეთოდზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი თერაპიული გამოყენების გამონაკლისი იქნება ავტომატურად აღიარებული საერთაშორისო ფედერაციის მიერ, სპორტსმენი ვალდებულია, მიმართოს თავის საერთაშორისო ფედერაციას ამ თერაპიული გამოყენების გამონაკლისის აღიარების მოთხოვნით. თუ ეს თერაპიული გამოყენების გამონაკლისი აკმაყოფილებს თერაპიული გამოყენების გამონაკლისების საერთაშორისო სტანდარტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, საერთაშორისო ფედერაცია ვალდებულია, აღიაროს იგი.
თუ საერთაშორისო ფედერაცია მიიჩნევს, რომ თერაპიული გამოყენების გამონაკლისი, რომელიც მინიჭებულია საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ, არ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს და, შესაბამისად, უარს ამბობს მის აღიარებაზე, საერთაშორისო ფედერაცია ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს სპორტსმენს და საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას დასაბუთებით. სპორტსმენს და/ან საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას აქვს ასეთი შეტყობინებიდან ოცდაერთი (21) დღე, რათა საკითხი განსახილველად გადასცეს მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს 4.4.6 მუხლის შესაბამისად.
თუ საკითხი განსახილველად გადაეცემა მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს 4.4.6 მუხლის შესაბამისად, თერაპიული გამოყენების გამონაკლისი, რომელიც მინიჭებულია საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ, ძალაში რჩება ეროვნული დონის შეჯიბრებისთვის და შეჯიბრებებს შორის პერიოდში ტესტირებისთვის (მაგრამ არ მოქმედებს საერთაშორისო დონის შეჯიბრებისთვის) მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.
თუ საკითხი ოცდაერთი (21) დღის ვადაში არ გადაეცემა მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს განსახილველად, საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია განსაზღვრავს, უნდა დარჩეს თუ არა მის მიერ მინიჭებული თავდაპირველი თერაპიული გამოყენების გამონაკლისი მაინც ძალაში ეროვნული დონის შეჯიბრებისა და შეჯიბრებებს შორის პერიოდში ტესტირებისთვის (იმ პირობით, რომ სპორტსმენი აღარ არის საერთაშორისო დონის სპორტსმენი და არ მონაწილეობს საერთაშორისო დონის შეჯიბრებაში). საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე თერაპიული გამოყენების გამონაკლისი ძალაში რჩება ეროვნული დონის შეჯიბრებისა და შეჯიბრებებს შორის პერიოდში ტესტირებისთვის (მაგრამ არ მოქმედებს საერთაშორისო დონის შეჯიბრებისთვის).29
4.4.4.2 თუ სპორტსმენს ჯერ არ აქვს თერაპიული გამოყენების გამონაკლისი, რომელიც მინიჭებულია საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ შესაბამის ნივთიერებაზე ან მეთოდზე, სპორტსმენი ვალდებულია, თერაპიული გამოყენების გამონაკლისის მისაღებად პირდაპირ მიმართოს საერთაშორისო ფედერაციას თერაპიული გამოყენების გამონაკლისების საერთაშორისო სტანდარტით განსაზღვრული პროცესის შესაბამისად და ეს უნდა გააკეთოს რაც შეიძლება მალე.
თუ საერთაშორისო ფედერაცია უარყოფს სპორტსმენის განაცხადს, იგი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს სპორტსმენს დასაბუთებით.
თუ საერთაშორისო ფედერაცია აკმაყოფილებს სპორტსმენის განაცხადს, იგი ვალდებულია, აცნობოს სპორტსმენს და საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას. თუ საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ფედერაციის მიერ მინიჭებული თერაპიული გამოყენების გამონაკლისი არ აკმაყოფილებს თერაპიული გამოყენების გამონაკლისების საერთაშორისო სტანდარტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მას აქვს ასეთი შეტყობინებიდან ოცდაერთი (21) დღე, რათა საკითხი განსახილველად გადასცეს მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს.
თუ საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია საკითხს განსახილველად გადასცემს მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს, თერაპიული გამოყენების გამონაკლისი, რომელიც მინიჭებულია საერთაშორისო ფედერაციის მიერ, ძალაში რჩება საერთაშორისო დონის შეჯიბრებისთვის და შეჯიბრებებს შორის პერიოდში ტესტირებისთვის (მაგრამ არ მოქმედებს ეროვნული დონის შეჯიბრებისთვის) მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.
თუ საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია საკითხს განსახილველად არ გადასცემს მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს, თერაპიული გამოყენების გამონაკლისი, რომელიც მინიჭებულია საერთაშორისო ფედერაციის მიერ, განხილვისთვის განსაზღვრული ოცდაერთი (21) დღის ვადის ამოწურვისთანავე ძალაში შედის ეროვნული დონის შეჯიბრებისთვისაც.
4.4.5 თერაპიული გამოყენების გამონაკლისის ვადის ამოწურვა, გაუქმება ან ბათილად ცნობა
4.4.5.1 თერაპიული გამოყენების გამონაკლისი, რომელიც მინიჭებულია წინამდებარე ანტიდოპინგური წესებისა და თერაპიული გამოყენების გამონაკლისების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად: (ა) ავტომატურად კარგავს ძალას იმ ვადის ამოწურვისას, რომლითაც იგი მიენიჭა, ყოველგვარი დამატებითი შეტყობინების ან სხვა ფორმალობის საჭიროების გარეშე; (ბ) გაუქმდება თერაპიული გამოყენების გამონაკლისების კომიტეტის მიერ, თუ სპორტსმენი დაუყოვნებლივ არ შეასრულებს ნებისმიერ მოთხოვნას ან პირობას, რომელიც დაწესებულია თერაპიული გამოყენების გამონაკლისების კომიტეტის მიერ თერაპიული გამოყენების გამონაკლისის მინიჭებისას, და/ან გარემოებების ცვლილების გამო თერაპიული გამოყენების გამონაკლისის კრიტერიუმები აღარ არის დაკმაყოფილებული; ან (გ) შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ განხილვის შედეგად ან გასაჩივრების შედეგად.
4.4.5.2 ასეთ შემთხვევაში სპორტსმენს არ დაეკისრება რაიმე შედეგი იმის გამო, რომ მან განახორციელა გამოყენება, ფლობა ან მიწოდება შესაბამისი აკრძალული ნივთიერების ან აკრძალული მეთოდის მიმართ თერაპიული გამოყენების გამონაკლისის შესაბამისად ამ თერაპიული გამოყენების გამონაკლისის ვადის ამოწურვის, გაუქმების ან ბათილად ცნობის ძალაში შესვლის თარიღამდე. შედეგების მართვის საერთაშორისო სტანდარტის 5.1.1.1 მუხლის საფუძველზე უარყოფითი ანალიზის შედეგის განხილვა, რომლის შესახებაც ინფორმაცია წარდგენილია თერაპიული გამოყენების გამონაკლისის ვადის ამოწურვიდან, გაუქმებიდან ან ბათილად ცნობიდან მალევე, მოიცავს იმის შეფასებას, შეესაბამება თუ არა ასეთი შედეგი ამ თარიღამდე აკრძალული ნივთიერების ან აკრძალული მეთოდის გამოყენებას; ასეთ შემთხვევაში ანტიდოპინგური წესის დარღვევის შესახებ ბრალდება არ წაეყენება.
4.4.6 თერაპიული გამოყენების გამონაკლისის შესახებ გადაწყვეტილებების გადასინჯვა და გასაჩივრება
4.4.6.1 თუ საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია უარს ამბობს თერაპიული გამოყენების გამონაკლისის მინიჭების განაცხადის დაკმაყოფილებაზე, სპორტსმენს შეუძლია, გაასაჩივროს გადაწყვეტილება მხოლოდ 13.2.2 მუხლში აღწერილ სააპელაციო ორგანოში, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული თერაპიული გამოყენების გამონაკლისების საერთაშორისო სტანდარტით.
4.4.6.2 მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო განიხილავს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებას, რომლითაც არ იქნა აღიარებული თერაპიული გამოყენების გამონაკლისი, რომელიც მინიჭებულია საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ, თუ ეს გადაწყვეტილება განსახილველად გადაეცა მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს სპორტსმენის ან საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ. გარდა ამისა, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო განიხილავს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებას თერაპიული გამოყენების გამონაკლისის მინიჭების შესახებ, თუ ეს გადაწყვეტილება განსახილველად გადაეცა მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ. მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს შეუძლია, ნებისმიერ დროს განიხილოს თერაპიული გამოყენების გამონაკლისის შესახებ ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, დაინტერესებული პირების მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით. თუ თერაპიული გამოყენების გამონაკლისის შესახებ განსახილველი გადაწყვეტილება აკმაყოფილებს თერაპიული გამოყენების გამონაკლისების საერთაშორისო სტანდარტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო მასში არ ჩაერევა. თუ თერაპიული გამოყენების გამონაკლისის შესახებ გადაწყვეტილება არ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო ბათილად ცნობს მას.30
4.4.6.3 თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული თერაპიული გამოყენების გამონაკლისების საერთაშორისო სტანდარტით, საერთაშორისო ფედერაციის ნებისმიერი გადაწყვეტილება თერაპიული გამოყენების გამონაკლისის შესახებ, რომელიც არ განუხილავს მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს, ან რომელიც განიხილა მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ, მაგრამ განხილვის შედეგად ბათილად არ უცნია, შეიძლება გაასაჩივროს სპორტსმენმა და/ან საქართველოს ეროვნულმა ანტიდოპინგურმა ორგანიზაციამ მხოლოდ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში.31
4.4.6.4 მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს გადაწყვეტილება თერაპიული გამოყენების გამონაკლისის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე შეიძლება გაასაჩივროს სპორტსმენმა, საქართველოს ეროვნულმა ანტიდოპინგურმა ორგანიზაციამ და/ან დაინტერესებულმა საერთაშორისო ფედერაციამ მხოლოდ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში.
4.4.6.5 გონივრულ ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობა სათანადოდ წარდგენილ განაცხადზე თერაპიული გამოყენების გამონაკლისის მინიჭების/აღიარების ან თერაპიული გამოყენების გამონაკლისის შესახებ გადაწყვეტილების გადასინჯვის თაობაზე ჩაითვლება განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარად, რაც წარმოშობს გადასინჯვის/გასაჩივრების შესაბამის უფლებებს.
მუხლი 5 ტესტირება და გამოძიებები
5.1 ტესტირების მიზანი
5.1.1 ტესტირება შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერი ანტიდოპინგური მიზნით. იგი ტარდება ტესტირების საერთაშორისო სტანდარტის დებულებების შესაბამისად.
5.1.2 ტესტირება ტარდება ანალიზის შედეგად მიღებული მტკიცებულებების მოსაპოვებლად იმის თაობაზე, დაარღვია თუ არა სპორტსმენმა 2.1 მუხლი (აკრძალული ნივთიერების ან მისი მეტაბოლიტების ან მარკერების არსებობა სპორტსმენის ნიმუშში) ან 2.2 მუხლი (სპორტსმენის მიერ აკრძალული ნივთიერების ან აკრძალული მეთოდის გამოყენება ან გამოყენების მცდელობა), ასევე კოდექსის 6.2 მუხლში აღწერილი მიზნებისთვის.
5.2 ტესტირების უფლებამოსილება
5.2.1 5.3 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებაზე ტესტირების შეზღუდვების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას აქვს შეჯიბრების პერიოდში და შეჯიბრებებს შორის პერიოდში ტესტირების უფლებამოსილება ყველა იმ სპორტსმენზე, რომლებიც მითითებულია წინამდებარე ანტიდოპინგური წესების შესავალში (ნაწილი „წინამდებარე ანტიდოპინგური წესების მოქმედების სფერო“).
5.2.2 საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას შეუძლია, მოსთხოვოს ნებისმიერ სპორტსმენს, რომელზეც მას აქვს ტესტირების უფლებამოსილება და რომელსაც არ დაუსრულებია სპორტული კარიერა (მათ შორის ნებისმიერ სპორტსმენს, რომელიც იხდის უფლებაჩამორთმევის ვადას), წარადგინოს ნიმუში ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას.32
5.2.3 მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს აქვს შეჯიბრების პერიოდში და შეჯიბრებებს შორის პერიოდში ტესტირების უფლებამოსილება, როგორც ეს განსაზღვრულია კოდექსის 20.8.11 მუხლით.
5.2.4 თუ საერთაშორისო ფედერაცია ან მსხვილი ღონისძიების ორგანიზაცია საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას დელეგირებით ან ხელშეკრულებით გადასცემს ტესტირების რომელიმე ნაწილს, საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას შეუძლია, აიღოს დამატებითი ნიმუშები ან დაავალოს ლაბორატორიას დამატებითი სახის ანალიზების ჩატარება საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის ხარჯით. თუ აღებულია დამატებითი ნიმუშები ან ჩატარებულია დამატებითი სახის ანალიზები, ამის შესახებ ეცნობება საერთაშორისო ფედერაციას ან მსხვილი ღონისძიების ორგანიზატორს
5.2.5 გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს პირდაპირ არის ნებადართული კოდექსით ან საერთაშორისო სტანდარტით, საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია არ განახორციელებს რაიმე ქმედებას, რომელიც არამართებულად აფერხებს ან ერევა ნებისმიერი სხვა ანტიდოპინგური ორგანიზაციის შესაძლებლობაში, ჩაატაროს ტესტირება, უშუალოდ ან დელეგირების გზით, რომელიც ნებადართულია კოდექსის მე-5 მუხლით ან კოდექსის ნებისმიერი სხვა მუხლით ან ტესტირების საერთაშორისო სტანდარტით.
5.3 ღონისძიებაზე ტესტირება
5.3.1 გარდა ქვემოთ გათვალისწინებული შემთხვევებისა, მხოლოდ ერთ ორგანიზაციას აქვს უფლებამოსილება, ჩაატაროს ტესტირება ღონისძიების ადგილებზე ღონისძიების პერიოდის განმავლობაში. საქართველოში ჩატარებულ საერთაშორისო ღონისძიებებზე უფლებამოსილება აქვს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების მმართველ ორგანოს, ჩაატაროს ტესტირება. ეროვნულ ღონისძიებებზე, რომლებიც ტარდება საქართველოში, საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას აქვს უფლებამოსილება, ჩაატაროს ტესტირება. ღონისძიების მმართველი ორგანოს მოთხოვნით, ნებისმიერი ტესტირება, რომელიც ტარდება ღონისძიების პერიოდში ღონისძიების ადგილების გარეთ, კოორდინირებული უნდა იყოს ღონისძიების მმართველ ორგანოსთან.
5.3.2 თუ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას, რომელსაც სხვა შემთხვევაში ექნებოდა ტესტირების უფლებამოსილება, მაგრამ არ არის პასუხისმგებელი ტესტირების ინიცირებასა და წარმართვაზე ღონისძიებაზე, სურს, ჩაატაროს ტესტირება სპორტსმენების მიმართ ღონისძიების ადგილებზე ღონისძიების პერიოდში, ანტიდოპინგური ორგანიზაცია ვალდებულია, პირველ რიგში გაიაროს კონსულტაცია ღონისძიების მმართველ ორგანოსთან, რათა მიიღოს ნებართვა ასეთი ტესტირების ჩატარებასა და კოორდინაციაზე. თუ ანტიდოპინგური ორგანიზაციისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი ღონისძიების მმართველი ორგანოს პასუხი ანტიდოპინგურ ორგანიზაციას შეუძლია, ტესტირების საერთაშორისო სტანდარტით აღწერილი პროცედურების შესაბამისად, მიმართოს მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს ნებართვისთვის, ჩაატაროს ტესტირება, და იმის განსასაზღვრად, თუ როგორ მოხდეს ასეთი ტესტირების კოორდინაცია. მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო არ გასცემს თანხმობას ასეთ ტესტირებაზე, სანამ არ გაიარებს კონსულტაციას და არ აცნობებს ღონისძიების მმართველ ორგანოს. მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას. თუ ტესტირების ჩატარების ნებართვით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ასეთი ტესტები მიიჩნევა შეჯიბრებებს შორის პერიოდში ჩატარებულ ტესტებად. ნებისმიერი ასეთი ტესტის შედეგების მართვა ხორციელდება იმ ანტიდოპინგური ორგანიზაციის უფლებამოსილებით, რომლის ინიციატივითაც ჩატარდა ტესტი, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ღონისძიების მმართველი ორგანოს წესებით.33
5.4 ტესტირების მოთხოვნები
5.4.1 საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია ახორციელებს ტესტების განაწილების დაგეგმვას და ტესტირებას ტესტირების საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად და იყენებს ანტიდოპინგური ადმინისტრირებისა და მართვის სისტემას ტესტირების კოორდინაციისთვის, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს ერთობლივი ტესტირების ძალისხმევის ეფექტიანობა და თავიდან იქნეს აცილებული არასაჭირო განმეორებითი ტესტირება.
5.5 სპორტსმენის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია
5.5.1 საქართველოს ეროვნულმა ანტიდოპინგურმა ორგანიზაციამ შექმნა რეგისტრირებული ტესტირების ჯგუფი, რომელშიც შედიან ის სპორტსმენები, რომლებიც ვალდებულნი არიან, წარადგინონ ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია ტესტირების საერთაშორისო სტანდარტით განსაზღვრული წესით. საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია კოორდინირებულად მოქმედებს საერთაშორისო ფედერაციებთან ერთად ასეთი სპორტსმენების იდენტიფიცირებისა და მათი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზნით.
5.5.2 სპორტსმენებს, რომლებიც შეყვანილნი არიან რეგისტრირებული ტესტირების ჯგუფში, ეკისრებათ შედეგები 2.4 მუხლის დარღვევისთვის, როგორც ეს გათვალისწინებულია 10.3.2 მუხლით.
5.5.3 საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია ანტიდოპინგური ადმინისტრირებისა და მართვის სისტემის მეშვეობით ხელმისაწვდომს ხდის სიას, რომელშიც სახელობით არის მითითებული სპორტსმენები, რომლებიც შეყვანილნი არიან მის რეგისტრირებული ტესტირების ჯგუფში. საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია რეგულარულად გადახედავს და საჭიროებისამებრ განაახლებს სპორტსმენების თავის რეგისტრირებული ტესტირების ჯგუფში შეყვანის კრიტერიუმებს, და პერიოდულად გადახედავს სპორტსმენების სიას, რომლებიც შედიან მის რეგისტრირებული ტესტირების ჯგუფში, ტესტირების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, რათა უზრუნველყოს, რომ თითოეული ჩამოთვლილი სპორტსმენი კვლავ აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს. სპორტსმენებს ეცნობებათ რეგისტრირებული ტესტირების ჯგუფში მათ შეყვანამდე და ამ ჯგუფიდან მათი ამოღებისას. შეტყობინება შეიცავს ტესტირების საერთაშორისო სტანდარტით განსაზღვრულ ინფორმაციას.
5.5.4 როდესაც სპორტსმენი შეყვანილია რეგისტრირებული ტესტირების ჯგუფში მისი საერთაშორისო ფედერაციის მიერ და რეგისტრირებული ტესტირების ჯგუფში საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ, საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია და საერთაშორისო ფედერაცია ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრავენ, რომელი მათგანი იქნება ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის მმართველი ორგანო; დაუშვებელია სპორტსმენისგან ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნა ერთზე მეტი ორგანიზაციისთვის.
5.5.5 თითოეული სპორტსმენი, რომელიც შედის რეგისტრირებული ტესტირების ჯგუფში, ვალდებულია, დაიცვას ადგილსამყოფლის შესახებ მოთხოვნები, როგორც ეს განსაზღვრულია ტესტირების საერთაშორისო სტანდარტით, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე: (ა) კვარტალურად აცნობოს საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას თავისი ადგილსამყოფლის შესახებ; (ბ) საჭიროებისამებრ განაახლოს ეს ინფორმაცია, რათა იგი ყოველთვის ზუსტი და სრული იყოს; და (გ) იყოს ხელმისაწვდომი ტესტირებისთვის ასეთ ადგილსამყოფელზე.
5.5.6 2.4 მუხლის მიზნებისთვის, სპორტსმენის მიერ ტესტირების საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების შეუსრულებლობა მიიჩნევა ინფორმაციის წარდგენის დარღვევად ან გაცდენილ ტესტად, როგორც ეს განსაზღვრულია შედეგების მართვის საერთაშორისო სტანდარტის დანართ „B“-ში, თუ დაკმაყოფილებულია დანართ „B“-ში განსაზღვრული პირობები.
5.5.7 სპორტსმენი, რომელიც შედის საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის რეგისტრირებული ტესტირების ჯგუფში, კვლავ ვალდებულია, დაიცვას ადგილსამყოფლის შესახებ მოთხოვნები, რომლებიც განსაზღვრულია ტესტირების საერთაშორისო სტანდარტით, მანამ, სანამ (ა) სპორტსმენი წერილობით არ აცნობებს საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას, რომ დაასრულა სპორტული კარიერა, რა შემთხვევაშიც საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია წერილობით დაადასტურებს სპორტსმენის მიერ სპორტული კარიერის დასრულებას და მის ამოღებას რეგისტრირებული ტესტირების ჯგუფიდან; ან (ბ) საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია არ აცნობებს სპორტსმენს, რომ იგი აღარ შედის რეგისტრირებული ტესტირების ჯგუფში.
5.5.8 ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია, რომელსაც წარადგენს სპორტსმენი რეგისტრირებული ტესტირების ჯგუფში ყოფნის პერიოდში, ხელმისაწვდომი იქნება ანტიდოპინგური ადმინისტრირებისა და მართვის სისტემის მეშვეობით მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოსთვის და სხვა ანტიდოპინგური ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც აქვთ ამ სპორტსმენის ტესტირების უფლებამოსილება, როგორც ეს გათვალისწინებულია 5.2 მუხლით. ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია ყოველთვის ინახება მკაცრად კონფიდენციალურად; იგი გამოიყენება მხოლოდ დოპინგკონტროლის დაგეგმვის, კოორდინაციის ან განხორციელების მიზნებისთვის, სპორტსმენის ბიოლოგიურ პასპორტთან ან ანალიზის სხვა შედეგებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებისთვის, ანტიდოპინგური წესის შესაძლო დარღვევის გამოძიების მხარდასაჭერად ან ანტიდოპინგური წესის დარღვევის შესახებ ბრალდებასთან დაკავშირებული სამართალწარმოების მხარდასაჭერად; და განადგურდება მას შემდეგ, რაც ამ მიზნებისთვის აღარ იქნება რელევანტური, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად.
5.5.9. ტესტირების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას შეუძლია, შექმნას ინდივიდუალური ტესტირების ჯგუფი და გუნდური სპორტის ტესტირების ჯგუფი.
5.5.10 საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია აცნობებს სპორტსმენებს ინდივიდუალურ ტესტირების ჯგუფში მათ შეყვანამდე და მათი ამოღებისას, და/ან გუნდებს — გუნდური სპორტის ტესტირების ჯგუფში მათ შეყვანამდე და მათი ამოღებისას. ასეთი შეტყობინება მოიცავს ადგილსამყოფლის შესახებ შესაბამის მოთხოვნებს, როგორც ეს განსაზღვრულია ტესტირების საერთაშორისო სტანდარტით, და იმ შედეგებს, რომლებიც დადგება, თუ სპორტსმენი და/ან გუნდი, შესაბამისად, არ შეასრულებს ამ მოთხოვნებს.
5.5.11 სპორტსმენები, რომლებიც შედიან ინდივიდუალურ ტესტირების ჯგუფში, ვალდებულნი არიან, საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ ანტიდოპინგური ადმინისტრირებისა და მართვის სისტემაში. გუნდებმა, რომლებიც შედიან გუნდური სპორტის ტესტირების ჯგუფში, საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ანტიდოპინგური ადმინისტრირებისა და მართვის სისტემაში.
5.5.11.1 სპორტსმენებისთვის ინდივიდუალური სპორტის სახეობებიდან/დისციპლინებიდან, რომლებიც შედიან ინდივიდუალურ ტესტირების ჯგუფში, და გუნდებისთვის, რომლებიც შედიან გუნდური სპორტის ტესტირების ჯგუფში, ადგილსამყოფლის შესახებ საჭირო ინფორმაცია შემდეგია:
(ა) ინდივიდუალური ტესტირების ჯგუფი
ღამის გათევის მისამართი;
ვარჯიშის ძირითადი ადგილი (თუ სპორტსმენს ინდივიდუალური სპორტის სახეობიდან/დისციპლინიდან არ აქვს ვარჯიშის ფიქსირებული ადგილი, იგი ვალდებულია, მიუთითოს იმ ადგილის მისამართი, სადაც დაიწყებს და დაასრულებს სავარჯიშო აქტივობას);
შეჯიბრების/ღონისძიების განრიგი; და
ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის წარდგენისას, ანტიდოპინგური ადმინისტრირებისა და მართვის სისტემის მოთხოვნების შესაბამისად, პასპორტის ზუსტი ფოტოსურათი, რათა ტესტირებისთვის შერჩევისას ხელი შეეწყოს სპორტსმენის ვინაობის დადასტურებას.
გუნდური სპორტის ტესტირების ჯგუფი:
იმ სპორტსმენების სია, რომლებიც შედიან გუნდის შემადგენლობაში და შესაძლოა შეირჩნენ შეჯიბრებისთვის;
გუნდური აქტივობები; და
შეჯიბრების/ღონისძიების განრიგი.
ინდივიდუალური ტესტირების ჯგუფისა და გუნდური სპორტის ტესტირების ჯგუფისთვის — სრული საფოსტო მისამართი და პირადი ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც ოფიციალური შეტყობინების მიზნით შესაძლებელია კორესპონდენციის გაგზავნა სპორტსმენისთვის. აღნიშნულ მისამართზე ფოსტით გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა გზავნილი ჩაითვლება სპორტსმენის მიერ მიღებულად ფოსტაში ჩაბარებიდან არაუგვიანეს შვიდი (7) დღისა, ხოლო ელექტრონული ფოსტის გაგზავნისას — დაუყოვნებლივ (მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით).
5.5.11.2 5.5.11.1 მუხლში ჩამოთვლილი ადგილსამყოფლის შესახებ სავალდებულო მოთხოვნების გარდა:
სპორტსმენებს, რომლებიც შედიან ინდივიდუალურ ტესტირების ჯგუფში, შეუძლიათ წარადგინონ სხვა ალტერნატიული ადგილ(ებ)ი, როგორიცაა სამსახური ან სასწავლებელი, სადაც სპორტსმენი შეიძლება იმყოფებოდეს ტესტირებისთვის კვარტლის განმავლობაში. სპორტსმენს ასევე შეუძლია წარადგინოს ინფორმაცია მგზავრობის შესახებ, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მის ხელმისაწვდომობაზე ტესტირებისთვის.
გუნდებს, რომლებიც შედიან გუნდური სპორტის ტესტირების ჯგუფში, შეუძლიათ წარადგინონ სხვა ალტერნატიული ადგილ(ებ)ი, როგორიცაა სპორტსმენის საცხოვრებელი მისამართი, სადაც სპორტსმენი შეიძლება იმყოფებოდეს გუნდური აქტივობების მიღმა, ტესტირებისთვის კვარტლის განმავლობაში.
5.5.11.3 წინამდებარე 5.5.11 მუხლში ჩამოთვლილი ადგილსამყოფლის შესახებ სავალდებულო მოთხოვნების გარდა, საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას შეუძლია მოსთხოვოს სპორტსმენებს, რომლებიც შედიან გუნდური სპორტის ტესტირების ჯგუფში, წარადგინონ სხვა ინდივიდუალური ადგილ(ებ)ი, როგორიცაა მათი საცხოვრებელი მისამართი იმ პერიოდებში, როდესაც გუნდური აქტივობები არ მიმდინარეობს (მაგალითად, სეზონებს შორის პერიოდში), ან როდესაც სპორტსმენი არ მონაწილეობს გუნდურ აქტივობებში (მაგალითად, ტრავმის შემდეგ გადის რეაბილიტაციას), რათა შესაძლებელი გახდეს წინასწარი შეტყობინების გარეშე ტესტირების ჩატარება სპორტსმენის მიმართ ამ პერიოდებში. თუ საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია არასაკმარისია ამ პერიოდებში წინასწარი შეტყობინების გარეშე ტესტირების ჩასატარებლად, სპორტსმენი შეყვანილ უნდა იქნეს საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის რეგისტრირებულ ტესტირების ჯგუფში. ასეთი ინდივიდუალური ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია უნდა წარადგინონ სპორტსმენებმა, რომლებიც შეყვანილნი არიან გუნდური სპორტის ტესტირების ჯგუფში, ანტიდოპინგური ადმინისტრირებისა და მართვის სისტემაში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ტესტირების უკეთესი კოორდინაცია სხვა ანტიდოპინგურ ორგანიზაციებთან]
5.5.12 თუ სპორტსმენი, რომელიც შედის საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის ინდივიდუალურ ტესტირების ჯგუფში, და/ან გუნდი, რომელიც შედის საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის გუნდური სპორტის ტესტირების ჯგუფში, ვერ წარადგენს ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ დადგენილ თარიღამდე ან ამ თარიღში, ან ვერ წარადგენს ადგილსამყოფლის შესახებ ზუსტ ინფორმაციას 5.5.11.1 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია განიხილავს სპორტსმენის და/ან შესაბამისი გუნდის სპორტსმენების გადაყვანას საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის რეგისტრირებულ ტესტირების ჯგუფში. ზემოაღნიშნულის შეუზღუდავად, თორმეტი (12) თვის განმავლობაში ამგვარი სამი დარღვევა იწვევს სპორტსმენის ან შესაბამისი გუნდის სპორტსმენების (შესაბამისად) გადაყვანას საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის რეგისტრირებულ ტესტირების ჯგუფში და მათზე გავრცელდება 2.4 მუხლით გათვალისწინებული ადგილსამყოფლის შესახებ მოთხოვნები.
5.6 სპორტიდან წასული სპორტსმენების დაბრუნება შეჯიბრებებში
5.6.1 თუ საერთაშორისო ან ეროვნული დონის სპორტსმენი, რომელიც შედის საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის რეგისტრირებულ ტესტირების ჯგუფში, ტოვებს სპორტს და შემდგომ სურს სპორტში აქტიურ მონაწილეობაზე დაბრუნება, სპორტსმენს არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ღონისძიებებში ან ეროვნულ ღონისძიებებში მანამ, სანამ სპორტსმენი არ დაეთანხმება შესაბამისი ანტიდოპინგური წესების სავალდებულოობას და არ გახდება ხელმისაწვდომი ტესტირებისთვის თავისი საერთაშორისო ფედერაციისთვის და საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციისთვის ექვსი თვით ადრე წერილობითი შეტყობინების მიწოდების გზით.
მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს შეუძლია, საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციასთან და სპორტსმენის საერთაშორისო ფედერაციასთან კონსულტაციით, დაუშვას გამონაკლისი ექვსთვიანი წერილობითი შეტყობინების წესიდან, თუ ამ წესის მკაცრი გამოყენება უსამართლო იქნებოდა სპორტსმენის მიმართ.34 გამონაკლისი შეიძლება დაექვემდებაროს ერთ ან მეტ პირობას, რომელთა დაწესებაც შეუძლიათ მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს და შესაბამის ანტიდოპინგურ ორგანიზაციებს საკუთარი შეხედულებისამებრ, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ტესტების მინიმალური რაოდენობა მონაწილეობამდე საერთაშორისო ღონისძიებებში ან ეროვნულ ღონისძიებებში, ან მონაწილეობის შეზღუდვა (გამონაკლისის პერიოდში) კონკრეტული საერთაშორისო ღონისძიებებით ან ეროვნული ღონისძიებებით.
მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს გადაწყვეტილება გამონაკლისის დაშვებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს 13.2 მუხლის შესაბამისად.35
წინამდებარე 5.6.1 მუხლის დარღვევით მიღწეული ნებისმიერი საშეჯიბრო შედეგი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ სპორტსმენი არ დაადასტურებს, რომ მას გონივრულად არ შეეძლო სცოდნოდა, რომ ეს იყო საერთაშორისო ღონისძიება ან ეროვნული ღონისძიება.
5.6.2 თუ სპორტსმენი ტოვებს სპორტს უფლებაჩამორთმევის ვადის მოქმედების პერიოდში, სპორტსმენი ვალდებულია, ამის შესახებ წერილობით აცნობოს ანტიდოპინგურ ორგანიზაციას, რომელმაც დააწესა უფლებაჩამორთმევის ვადა. თუ სპორტსმენს შემდგომ სურს სპორტში აქტიურ შეჯიბრებებზე დაბრუნება, სპორტსმენს არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ღონისძიებებში ან ეროვნულ ღონისძიებებში მანამ, სანამ სპორტსმენი არ დაეთანხმება შესაბამისი ანტიდოპინგური წესების სავალდებულოობას და არ გახდება ხელმისაწვდომი ტესტირებისთვის საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციისთვის და თავისი საერთაშორისო ფედერაციისთვის წინასწარი წერილობითი შეტყობინების მიწოდების გზით იმ ვადით, რომელიც უდრის შემდეგ ვადებს შორის უდიდესს: (i) უფლებაჩამორთმევის ვადის ის ნაწილი, რომელიც სპორტიდან წასვლის თარიღისთვის ჯერ არ იყო მოხდილი, ან (ii) ექვსი (6) თვე.36
5.7 დამოუკიდებელი დამკვირვებლების პროგრამა
საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია და საქართველოში გამართული ეროვნული ღონისძიებების ნებისმიერი საორგანიზაციო კომიტეტი ვალდებულნი არიან, ნება დართონ და ხელი შეუწყონ დამოუკიდებელი დამკვირვებლების პროგრამის განხორციელებას ასეთ ღონისძიებებზე.
5.8 გამოძიება და დაზვერვითი ინფორმაციის შეგროვება
საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს გამოძიების ჩატარებისა და დაზვერვითი ინფორმაციის შეგროვების შესაძლებლობა და ვალდებულია, ჩაატაროს გამოძიება და შეაგროვოს დაზვერვითი ინფორმაცია ნებისმიერი ანტიდოპინგური მიზნით, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, კოდექსით და დაზვერვისა და გამოძიების საერთაშორისო სტანდარტით განსაზღვრული მიზნებისთვის.
მუხლი 6 ნიმუშების ანალიზი
ნიმუშების ანალიზი ტარდება შემდეგი პრინციპების შესაბამისად:
6.1 აკრედიტებული, დამტკიცებული ლაბორატორიებისა და სხვა ლაბორატორიების გამოყენება
6.1.1 2.1 მუხლის შესაბამისად უარყოფითი ანალიზის შედეგის უშუალოდ დადგენის მიზნით, ნიმუშების ანალიზი ტარდება მხოლოდ მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ აკრედიტებულ ლაბორატორიებში ან მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ სხვაგვარად დამტკიცებულ ლაბორატორიებში. მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ აკრედიტებული ან მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ დამტკიცებული ლაბორატორიის შერჩევა ნიმუშის ანალიზისთვის განისაზღვრება ექსკლუზიურად საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ.37
6.1.2 3.2 მუხლის შესაბამისად, ანტიდოპინგური წესების დარღვევებთან ან 10.14.1 მუხლის დარღვევებთან დაკავშირებული ფაქტები შეიძლება დადგინდეს ნებისმიერი სანდო საშუალებით. ეს მოიცავს, მაგალითად, სანდო ლაბორატორიულ ან სხვა სასამართლო-ექსპერტიზის ტესტირებას, რომელიც ჩატარებულია მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ აკრედიტებული ან დამტკიცებული ლაბორატორიების გარეთ.
6.2 ნიმუშების ანალიზი და ანალიტიკური მონაცემების შეფასება ანტიდოპინგური მიზნებისთვის
ნიმუშები და მათთან დაკავშირებული ანალიტიკური მონაცემები ან დოპინგკონტროლის ინფორმაცია ანალიზდება აკრძალულ სიაში მითითებული აკრძალული ნივთიერებებისა და აკრძალული მეთოდების, აგრეთვე იმ სხვა ნივთიერებების გამოსავლენად, რომელთა თაობაზეც შეიძლება მითითება მისცეს მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ კოდექსის 4.5 მუხლით გათვალისწინებული მონიტორინგის პროგრამის შესაბამისად, ან საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციისთვის დახმარების გაწევის მიზნით სპორტსმენის შარდში, სისხლში ან სხვა მატრიცაში შესაბამისი პარამეტრების პროფილირებაში, მათ შორის დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის ან გენომური პროფილირებისთვის, ან ნებისმიერი სხვა ანტიდოპინგური მიზნით.38
როგორც წესი, ყველა აღებული ნიმუში დროულად უნდა გაანალიზდეს თუმცა, ლაბორატორიების საერთაშორისო სტანდარტით ან ტესტირების საერთაშორისო სტანდარტით შეიძლება განისაზღვროს კონკრეტული პირობები, რომელთა დროსაც ნიმუშები შეიძლება აღებულ და შენახულ იქნეს შესაძლო მომავალი ანალიზისთვის.
6.3 ნიმუშებისა და მონაცემების კვლევა
ნიმუშები, მათთან დაკავშირებული ანალიტიკური მონაცემები და დოპინგკონტროლის ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანტიდოპინგური კვლევის მიზნებისთვის, თუმცა არცერთი ნიმუში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სპორტსმენის წერილობითი თანხმობის გარეშე, თუ კვლევა გულისხმობს სპორტსმენის ნიმუშ(ებ)ის ხელახალ ანალიზს 6.2 მუხლით გათვალისწინებულისგან განსხვავებული მიზნით. ნიმუშები და მათთან დაკავშირებული ანალიტიკური მონაცემები ან დოპინგკონტროლის ინფორმაცია, რომლებიც გამოიყენება კვლევის მიზნებისთვის, წინასწარ უნდა დამუშავდეს ისე, რომ შეუძლებელი იყოს ნიმუშებისა და მათთან დაკავშირებული ანალიტიკური მონაცემების ან დოპინგკონტროლის ინფორმაციის დაკავშირება კონკრეტულ სპორტსმენთან.39 ნებისმიერი კვლევა, რომელიც მოიცავს ნიმუშებს და მათთან დაკავშირებულ ანალიტიკურ მონაცემებს ან დოპინგკონტროლის ინფორმაციას, უნდა შეესაბამებოდეს კოდექსის მე-19 მუხლით დადგენილ პრინციპებს.
6.4 ნიმუშის ანალიზისა და ანგარიშგების სტანდარტები40
საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია ლაბორატორიებს სთხოვს, ჩაატარონ ნიმუშების ანალიზი ლაბორატორიების საერთაშორისო სტანდარტისა და ტესტირების საერთაშორისო სტანდარტის 4.8 მუხლის შესაბამისად.
ლაბორატორიებს საკუთარი ინიციატივითა და ხარჯით შეუძლიათ, გააანალიზონ ნიმუშები იმ აკრძალულ ნივთიერებებზე ან აკრძალულ მეთოდებზე, რომლებიც არ არის შეტანილი სტანდარტულ ნიმუშის ანალიზის მენიუში, ან საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის მოთხოვნით. ნებისმიერი ასეთი ანალიზის შედეგები ეცნობება საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას, აქვს იგივე ძალა და იწვევს იგივე შედეგებს, რასაც ნებისმიერი სხვა ანალიტიკური შედეგი.
6.5 ნიმუშის დამატებითი ანალიზი შედეგების მართვამდე ან მისი მიმდინარეობისას
არ არსებობს რაიმე შეზღუდვა ლაბორატორიის უფლებამოსილებაზე, ჩაატაროს ნიმუშის განმეორებითი ან დამატებითი ანალიზი იქამდე, სანამ საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია აცნობებს სპორტსმენს, რომ ნიმუში წარმოადგენს 2.1 მუხლით გათვალისწინებული ანტიდოპინგური წესის დარღვევის ბრალდების საფუძველს, ან მას შემდეგ, რაც საქმე საბოლოოდ გადაწყდება. თუ ასეთი შეტყობინების შემდეგ და საქმის საბოლოოდ გადაწყვეტამდე საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას სურს ამ ნიმუშის დამატებითი ანალიზის ჩატარება, მას შეუძლია ამის განხორციელება სპორტსმენის თანხმობით ან განმხილველი ორგანოს ნებართვით.
6.6 ნიმუშის შემდგომი ანალიზი მას შემდეგ, რაც მისი შედეგი ეცნობა როგორც ნეგატიური ან მას სხვაგვარად არ გამოუწვევია ანტიდოპინგური წესის დარღვევის ბრალდება
მას შემდეგ, რაც ლაბორატორია ნიმუშის შედეგს ნეგატიურად აცნობებს, ან ნიმუშს სხვაგვარად არ გამოუწვევია ანტიდოპინგური წესის დარღვევის ბრალდება, იგი შეიძლება შენახულ იქნეს და 6.2 მუხლის მიზნებისთვის ნებისმიერ დროს დაექვემდებაროს შემდგომ ანალიზს ექსკლუზიურად იმ ანტიდოპინგური ორგანიზაციის, რომელმაც წამოიწყო და წარმართა ნიმუშის აღება, ან მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მითითებით. ნებისმიერ სხვა ანტიდოპინგურ ორგანიზაციას, რომელსაც აქვს სპორტსმენის ტესტირების უფლებამოსილება და სურს შენახული ნიმუშის შემდგომი ანალიზის ჩატარება, შეუძლია ამის განხორციელება იმ ანტიდოპინგური ორგანიზაციის, რომელმაც წამოიწყო და წარმართა ნიმუშის აღება, ან მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ნებართვით და პასუხისმგებელია ნებისმიერ შემდგომ შედეგების მართვაზე. ნიმუშის ნებისმიერი შენახვა ან შემდგომი ანალიზი, რომელიც წამოწყებულია მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ან სხვა ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ, ხორციელდება მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ან ამ ორგანიზაციის ხარჯით. ნიმუშების შემდგომი ანალიზი უნდა შეესაბამებოდეს ლაბორატორიების საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს.
6.7 ნიმუშის „A“ ან ნიმუშის „B“ გაყოფა
როდესაც მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს, ანტიდოპინგურ ორგანიზაციას, რომელსაც აქვს შედეგების მართვის უფლებამოსილება, და/ან მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ აკრედიტებულ ლაბორატორიას (მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ან ანტიდოპინგური ორგანიზაციის, რომელსაც აქვს შედეგების მართვის უფლებამოსილება, ნებართვით) სურს ნიმუშის „A“ ან ნიმუშის „B“ გაყოფა, რათა გაყოფილი ნიმუშის პირველი ნაწილი გამოყენებულ იქნეს ნიმუშის „A“ ანალიზისთვის, ხოლო გაყოფილი ნიმუშის მეორე ნაწილი — დადასტურებისთვის, მაშინ დაცული უნდა იქნეს ლაბორატორიების საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი პროცედურები.
6.8 მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს უფლება, თავის მფლობელობაში მიიღოს ნიმუშები და მონაცემები
6.5 მუხლის მიუხედავად, მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს შეუძლია, საკუთარი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინებით ან მის გარეშე, ფიზიკურად მიიღოს თავის მფლობელობაში ნებისმიერი ნიმუში და მასთან დაკავშირებული ანალიტიკური მონაცემები ან ინფორმაცია, რომლებიც იმყოფება ლაბორატორიის ან ანტიდოპინგური ორგანიზაციის მფლობელობაში. მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მოთხოვნისთანავე ლაბორატორია ან ანტიდოპინგური ორგანიზაცია, რომლის მფლობელობაშიც იმყოფება ნიმუში ან მონაცემები, ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს წვდომა და შესაძლებლობა მისცეს მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს, ფიზიკურად მიიღოს თავის მფლობელობაში ნიმუში ან მონაცემები. თუ მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს წინასწარ არ უცნობებია ლაბორატორიისთვის ან ანტიდოპინგური ორგანიზაციისთვის ნიმუშის ან მონაცემების მფლობელობაში მიღებამდე, იგი ვალდებულია, მფლობელობაში მიღებიდან გონივრულ ვადაში ასეთი შეტყობინება მიაწოდოს ლაბორატორიას და თითოეულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას, რომლის ნიმუშებიც ან მონაცემებიც მიღებულ იქნა მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ. ამოღებული ნიმუშის ან მონაცემების ანალიზისა და ნებისმიერი გამოძიების შემდეგ, მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს შეუძლია დაავალოს სხვა ანტიდოპინგურ ორგანიზაციას, რომელსაც აქვს სპორტსმენის ტესტირების უფლებამოსილება, აიღოს შედეგების მართვის უფლებამოსილება ნიმუშთან ან მონაცემებთან მიმართებით, თუ გამოვლინდება ანტიდოპინგური წესის შესაძლო დარღვევა.41
მუხლი 7 შედეგების მართვა: უფლებამოსილება, პირველადი განხილვა, შეტყობინება და დროებითი შეჩერებები
შედეგების მართვა წინამდებარე ანტიდოპინგური წესების შესაბამისად ადგენს პროცესს, რომლის მიზანია ანტიდოპინგური წესების სავარაუდო დარღვევების ან 10.14.1 მუხლის დარღვევების სამართლიანად, სწრაფად და ეფექტიანად გადაწყვეტა.
7.1 შედეგების მართვის განხორციელების უფლებამოსილება
7.1.1 6.6, 6.8 მუხლებითა და კოდექსის 7.1 მუხლით სხვაგვარად გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, შედეგების მართვა ხორციელდება იმ ანტიდოპინგური ორგანიზაციის უფლებამოსილებით და რეგულირდება მისი პროცედურული წესებით, რომელმაც წამოიწყო და წარმართა ნიმუშის აღება (ან, თუ ნიმუშის აღება არ ხდება, იმ ანტიდოპინგური ორგანიზაციის, რომელიც პირველი აცნობებს სპორტსმენს ან სხვა პირს ანტიდოპინგური წესის შესაძლო დარღვევის შესახებ და შემდგომ ჯეროვნად აწარმოებს ამ დარღვევის საქმეს). დავები ანტიდოპინგურ ორგანიზაციებს შორის იმის თაობაზე, თუ რომელ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას აქვს შედეგების მართვის უფლებამოსილება, წყდება კოდექსის 7.1.1 მუხლის შესაბამისად.
7.1.2 იმ შემთხვევებში, როდესაც ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის წესები არ ანიჭებს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას უფლებამოსილებას სპორტსმენზე ან სხვა პირზე, რომელიც არ არის ამ ქვეყნის მოქალაქე, რეზიდენტი, ლიცენზიის მფლობელი ან ამ ქვეყნის სპორტული ორგანიზაციის წევრი, ან როდესაც ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია უარს აცხადებს ასეთი უფლებამოსილების განხორციელებაზე, შედეგების მართვას ახორციელებს შესაბამისი საერთაშორისო ფედერაცია ან მესამე მხარე, რომელსაც აქვს უფლებამოსილება სპორტსმენზე ან სხვა პირზე, შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციის წესების მითითებით.
7.1.3 ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის/დარღვევის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით შედეგების მართვას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია, თუ მან დანიშნა ტესტი, რომლის შედეგადაც გამოვლინდა ადგილსამყოფლის შესახებ მოთხოვნის შესაძლო დარღვევა; ყველა სხვა შემთხვევაში შედეგების მართვა რჩება იმ ანტიდოპინგური ორგანიზაციის კომპეტენციაში, რომელსაც სპორტსმენი წარუდგენდა ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციას ადგილსამყოფლის შესახებ მოთხოვნის შესაძლო დარღვევის დროს. ზემოაღნიშნულიდან გამონაკლისის სახით, თუ ტესტი დანიშნა საქართველოს ეროვნულმა ანტიდოპინგურმა ორგანიზაციამ, მას შეუძლია მოითხოვოს, რომ შედეგების მართვა მაინც განახორციელოს ანტიდოპინგურმა ორგანიზაციამ, რომელსაც სპორტსმენი წარუდგენს თავის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციას; თუ საერთაშორისო ფედერაცია ამაზე თანხმდება, იგი ახორციელებს შედეგების მართვას ადგილსამყოფლის შესახებ მოთხოვნის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. თუ წარმოიშობა საკითხი იმის თაობაზე, თუ რომელ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას აქვს შედეგების მართვის უფლებამოსილება ადგილსამყოფლის შესახებ მოთხოვნის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციასა და საერთაშორისო ფედერაციას შეუძლიათ ეს საკითხი ურთიერთშეთანხმებით გადაწყვიტონ. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციასა და საერთაშორისო ფედერაციას შორის არსებობს დავა იმის თაობაზე, თუ რომელმა ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს შედეგების მართვა ადგილსამყოფლის შესახებ მოთხოვნის დარღვევასთან დაკავშირებით, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო ამ საკითხს წყვეტს სრულად საკუთარი შეხედულებისამებრ. ეჭვის გამოსარიცხად, ანალოგიით გამოიყენება კოდექსის 7.1.1 მუხლი. თუ საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია დაადგენს ინფორმაციის წარდგენის დარღვევას ან გაცდენილ ტესტს, იგი ამ ინფორმაციას წარუდგენს მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს ანტიდოპინგური ადმინისტრირებისა და მართვის სისტემის მეშვეობით, სადაც იგი ხელმისაწვდომი გახდება სხვა შესაბამისი ანტიდოპინგური ორგანიზაციებისთვის.
7.1.4 სხვა გარემოებები, რომლებშიც საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია პასუხისმგებელია შედეგების მართვის განხორციელებაზე მისი უფლებამოსილების ქვეშ მყოფი სპორტსმენებისა და სხვა პირების მიერ ჩადენილ ანტიდოპინგური წესების დარღვევებთან დაკავშირებით, განისაზღვრება კოდექსის მე-7 მუხლის მითითებით და მის შესაბამისად.
7.1.5 მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს შეუძლია დაავალოს საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას შედეგების მართვის განხორციელება კონკრეტულ საქმეზე. თუ საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია უარს აცხადებს შედეგების მართვის განხორციელებაზე მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში, ასეთი უარი ჩაითვლება შეუსაბამობის ქმედებად და მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს შეუძლია დაავალოს სხვა ანტიდოპინგურ ორგანიზაციას, რომელსაც აქვს უფლებამოსილება სპორტსმენზე ან სხვა პირზე და სურს ამის გაკეთება, აიღოს შედეგების მართვის უფლებამოსილება საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის ნაცვლად, ან, თუ ასეთი ანტიდოპინგური ორგანიზაცია არ არსებობს, ნებისმიერ სხვა ანტიდოპინგურ ორგანიზაციას, რომელსაც სურს ამის გაკეთება. ასეთ შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია ვალდებულია, აუნაზღაუროს შედეგების მართვის განხორციელების ხარჯები და ადვოკატის მომსახურების ხარჯები სხვა ანტიდოპინგურ ორგანიზაციას, რომელიც განსაზღვრულია მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ, ხოლო ხარჯებისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯების აუნაზღაურებლობა ჩაითვლება შეუსაბამობის ქმედებად.
7.2 ანტიდოპინგური წესების შესაძლო დარღვევების ან 10.14.1 მუხლის დარღვევების განხილვა და მათ შესახებ შეტყობინება
საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია ახორციელებს ანტიდოპინგური წესის ნებისმიერი შესაძლო დარღვევის ან 10.14.1 მუხლის დარღვევის განხილვას და მის შესახებ შეტყობინებას შედეგების მართვის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად.
7.3 წარსულში ანტიდოპინგური წესის დარღვევების იდენტიფიცირება
ზემოთ აღნიშნულის შესაბამისად სპორტსმენისთვის ან სხვა პირისთვის ანტიდოპინგური წესის შესაძლო დარღვევის შესახებ შეტყობინების მიწოდებამდე, საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია ვალდებულია, გადაამოწმოს ანტიდოპინგური ადმინისტრირებისა და მართვის სისტემა და დაუკავშირდეს მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს და სხვა შესაბამის ანტიდოპინგურ ორგანიზაციებს, რათა დაადგინოს, არსებობს თუ არა ანტიდოპინგური წესის რაიმე ადრე ჩადენილი დარღვევა.
7.4 დროებითი შეჩერებები42
7.4.1 სავალდებულო დროებითი შეჩერება უარყოფითი ანალიზის შედეგის ან პასპორტის უარყოფითი შედეგის შემდეგ
თუ საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია მიიღებს უარყოფითი ანალიზის შედეგს ან პასპორტის უარყოფით შედეგს (პასპორტის უარყოფითი შედეგის განხილვის პროცესის დასრულების შემდეგ)43 აკრძალულ ნივთიერებასთან ან აკრძალულ მეთოდთან დაკავშირებით, გარდა სპეციფიკური ნივთიერებისა, სპეციფიკური მეთოდისა ან ბოროტად გამოყენებადი ნივთიერებისა, იგი ვალდებულია, დააწესოს დროებითი შეჩერება სპორტსმენის მიმართ: (i) უარყოფითი ანალიზის შედეგის შემთხვევაში — 7.2 მუხლით მოთხოვნილი შეტყობინების გაგზავნისთანავე; და (ii) პასპორტის უარყოფითი შედეგის შემთხვევაში — ბრალდების შესახებ შეტყობინების გაგზავნისთანავე (პასპორტის უარყოფითი შედეგის განხილვის პროცესის დასრულების შემდეგ).
სავალდებულო დროებითი შეჩერება შეიძლება გაუქმდეს, თუ დადასტურდება საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის, დისციპლინური პანელის ან სააპელაციო ინსტანციის წინაშე, რომ სავარაუდო დარღვევის განხილვამ, სავარაუდოდ, შეიძლება გამოიწვიოს44 დასკვნა ანტიდოპინგური წესის დარღვევის არარსებობის შესახებ, ბრალის ან დაუდევრობის არარსებობის დადგენა 10.5 მუხლის შესაბამისად, საყვედური უფლებაჩამორთმევის ვადის გარეშე 10.6.1.2 მუხლის შესაბამისად (დაბინძურებული წყარო), ან რომ სპორტსმენის მიერ დროებითი შეჩერების ფარგლებში უკვე მოხდილი დრო გადააჭარბებს უფლებაჩამორთმევის ვადას, რომელიც მითითებულია ანტიდოპინგური წესის დარღვევის შესახებ ბრალდების წერილში.
7.4.1.1 სავალდებულო დროებითი შეჩერების გაუქმების შესახებ განცხადება
საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ დაწესებული სავალდებულო დროებითი შეჩერების წინააღმდეგ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში საჩივრის წარდგენის წინაპირობის სახით, სპორტსმენი ვალდებულია, დაიცვას წინამდებარე 7.4.1.1 მუხლში დეტალურად აღწერილი პროცედურები.
თუ საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია 7.4.1 მუხლის შესაბამისად დააწესებს დროებით შეჩერებას სპორტსმენის მიმართ, სპორტსმენს შეუძლია, გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში წერილობით მიმართოს უშუალოდ დისციპლინურ პანელს დროებითი შეჩერების გაუქმების მოთხოვნით. დისციპლინური პანელის წინაშე გასაჩივრება განიხილება დაჩქარებული პროცედურით ერთი ან მეტი დამოუკიდებელი წევრის მიერ, რომლებიც მანამდე არ მონაწილეობდნენ დროებითი შეჩერების დაწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში. დისციპლინური პანელი სპორტსმენის განცხადებაზე გადაწყვეტილებას იღებს დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს განცხადების მიღებიდან შვიდი (7) დღისა. თუ დისციპლინური პანელი არ დააკმაყოფილებს სპორტსმენის განცხადებას, სპორტსმენს შეუძლია ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში 7.4.3 მუხლის შესაბამისად. თუ დისციპლინური პანელი გააუქმებს სპორტსმენის დროებით შეჩერებას, საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას შეუძლია ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში 7.4.3 მუხლის შესაბამისად.
7.4.2 არასავალდებულო დროებითი შეჩერება უარყოფითი ანალიზის შედეგის საფუძველზე სპეციფიკურ ნივთიერებებთან, სპეციფიკურ მეთოდებთან დაკავშირებით, ან ანტიდოპინგური წესების სხვა დარღვევების ან 10.14.1 მუხლის დარღვევების საფუძველზე
საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას შეუძლია, დააწესოს დროებითი შეჩერება ანტიდოპინგური წესების სავარაუდო დარღვევებისთვის სპორტსმენის ნიმუშის „B“ ანალიზამდე ან მე-8 მუხლით გათვალისწინებულ საბოლოო მოსმენამდე, 10.14.1 მუხლის დარღვევებისთვის ან ანტიდოპინგური წესების იმ დარღვევებისთვის, რომელთა დროსაც სავალდებულო დროებითი შეჩერება არ არის მოთხოვნილი 7.4.1 მუხლით.
არასავალდებულო დროებითი შეჩერება შეიძლება გაუქმდეს საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის შეხედულებისამებრ ნებისმიერ დროს, მე-8 მუხლის შესაბამისად დისციპლინური პანელის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული შედეგების მართვის საერთაშორისო სტანდარტით.
7.4.2.1 არასავალდებულო დროებითი შეჩერების გაუქმების შესახებ განცხადება
საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ დაწესებული არასავალდებულო დროებითი შეჩერების წინააღმდეგ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში საჩივრის წარდგენის წინაპირობის სახით, სპორტსმენი ან სხვა პირი ვალდებულია, დაიცვას წინამდებარე 7.4.2.1 მუხლში დეტალურად აღწერილი პროცედურები.45
თუ საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია 7.4.2 მუხლის შესაბამისად დააწესებს დროებით შეჩერებას სპორტსმენის ან სხვა პირის მიმართ, სპორტსმენს ან სხვა პირს შეუძლია, გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში წერილობით მიმართოს საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას დროებითი შეჩერების გაუქმების მოთხოვნით. ასეთ განცხადებაზე გადაწყვეტილებას, საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ დადგენილი შიდა განხილვის პროცესის შესაბამისად, იღებს ერთი ან მეტი პირი, რომლებიც მანამდე არ მონაწილეობდნენ დროებითი შეჩერების დაწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში. საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია სპორტსმენის ან სხვა პირის განცხადებაზე გადაწყვეტილებას იღებს დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს განცხადების მიღებიდან შვიდი (7) დღისა.
თუ საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია არ დააკმაყოფილებს სპორტსმენის ან სხვა პირის განცხადებას, სპორტსმენს ან სხვა პირს შეუძლია მისი გადაწყვეტილება გაასაჩივროს სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში 7.4.3 მუხლის შესაბამისად ან გაასაჩივროს დისციპლინური პანელის წინაშე მე-8 მუხლით დადგენილი პროცესის შესაბამისად, შესაბამისი ცვლილებებით. დისციპლინური პანელის წინაშე გასაჩივრება განიხილება დაჩქარებული პროცედურით და გადაწყვეტილება მიიღება დაუყოვნებლივ. თუ დისციპლინური პანელი არ დააკმაყოფილებს სპორტსმენის ან სხვა პირის განცხადებას, სპორტსმენს ან სხვა პირს შეუძლია ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში 7.4.3 მუხლის შესაბამისად. თუ დისციპლინური პანელი გააუქმებს სპორტსმენის ან სხვა პირის დროებით შეჩერებას, საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას შეუძლია ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში 7.4.3 მუხლის შესაბამისად.
7.4.3 დროებით შეჩერებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში
ნებისმიერი საჩივარი, რომელიც წარდგენილია ნებისმიერი პირის მიერ, რომელსაც 13.2.3 მუხლის შესაბამისად აქვს გასაჩივრების უფლება, 7.4.1.1 მუხლის ან 7.4.2.1 მუხლის შესაბამისად მიღებულ გადაწყვეტილებაზე არ დაწესდეს დროებითი შეჩერება, ან გაუქმდეს ან არ გაუქმდეს დროებითი შეჩერება, წარედგინება ექსკლუზიურად სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს და განიხილება ერთპიროვნული არბიტრის მიერ. მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო იღებს შეტყობინებას საჩივრის შესახებ საჩივრის ყველა მხარისა და სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოსგან.46 მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს უფლება აქვს, წარადგინოს მონაწილეობის მოთხოვნა ნებისმიერ საჩივარში, რომელიც წარდგენილია სპორტსმენის ან სხვა პირის მიერ წინამდებარე მუხლის შესაბამისად, პასუხის შესახებ შეტყობინების მიღებიდან ათი (10) დღის ვადაში, როგორც ეს დამატებით გათვალისწინებულია შედეგების მართვის საერთაშორისო სტანდარტით.
წინამდებარე მუხლის შესაბამისად დროებით შეჩერებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ ამართლებს ძირითადი საქმის არსებითი განხილვის რაიმე დაყოვნებას.
7.4.4 დროებითი შეჩერების ნებაყოფლობით მიღება
სპორტსმენს უფლება აქვს, საკუთარი ინიციატივით, ნებაყოფლობით დათანხმდეს დროებით შეჩერებას, თუ ეს განხორციელდება შემდეგი ორი ვადიდან უფრო გვიანდელის დადგომამდე (i) ათი (10) დღის გასვლა ნიმუშის „B“ შედეგის შესახებ ანგარიშიდან (ან ნიმუშის „B“ ანალიზზე უარის თქმიდან) ან ანტიდოპინგური წესის ნებისმიერი სხვა დარღვევის შესახებ შეტყობინებიდან ათი (10) დღე, ან (ii) თარიღი, როდესაც სპორტსმენი ასეთი ანგარიშის ან შეტყობინების შემდეგ პირველად მიიღებს მონაწილეობას შეჯიბრებაში.
სხვა პირებს საკუთარი ინიციატივით შეუძლიათ ნებაყოფლობით მიიღონ დროებითი შეჩერება, თუ ეს ხდება ანტიდოპინგური წესის დარღვევის შესახებ შეტყობინებიდან ათი (10) დღის ვადაში.
ასეთი ნებაყოფლობითი მიღებისას დროებით შეჩერებას აქვს სრული ძალა და განიხილება ისევე, თითქოს დროებითი შეჩერება დაწესებული ყოფილიყო 7.4.1 ან 7.4.2 მუხლის შესაბამისად; თუმცა, დროებითი შეჩერების ნებაყოფლობით მიღების შემდეგ ნებისმიერ დროს სპორტსმენს ან სხვა პირს შეუძლია უარი თქვას ასეთ მიღებაზე, რა შემთხვევაშიც სპორტსმენს ან სხვა პირს არ ჩაეთვლება დროებითი შეჩერების განმავლობაში მანამდე მოხდილი დრო.
7.4.5 თუ დროებითი შეჩერება დაწესებულია ნიმუშის „A“ უარყოფითი ანალიზის შედეგის საფუძველზე და შემდგომი ნიმუშის „B“ ანალიზი (თუ ამას მოითხოვს სპორტსმენი ან საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია) არ ადასტურებს ნიმუშის „A“ ანალიზს, მაშინ სპორტსმენი აღარ ექვემდებარება რაიმე შემდგომ დროებით შეჩერებას 2.1 მუხლის დარღვევის გამო. იმ შემთხვევებში, როდესაც სპორტსმენი მოხსნილია ღონისძიებიდან 2.1 მუხლის დარღვევის საფუძველზე და შემდგომი ნიმუშის „B“ ანალიზი არ ადასტურებს ნიმუშის „A“ შედეგს, თუ ღონისძიებაზე სხვაგვარი ზემოქმედების გარეშე ჯერ კიდევ შესაძლებელია სპორტსმენის ხელახლა ჩართვა, სპორტსმენს შეუძლია განაგრძოს მონაწილეობა ღონისძიებაში.
7.5 შედეგების მართვის გადაწყვეტილებები
საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ მიღებული შედეგების მართვის გადაწყვეტილებები ან განჩინებები არ უნდა ისახავდეს მიზნად კონკრეტული გეოგრაფიული არეალით ან სპორტის სახეობით შემოფარგვლას და, შეზღუდვის გარეშე, უნდა განიხილავდეს და განსაზღვრავდეს შემდეგ საკითხებს: (i) ჩადენილ იქნა თუ არა ანტიდოპინგური წესის დარღვევა ან 10.14.1 მუხლის დარღვევა, ან უნდა დაწესდეს თუ არა დროებითი შეჩერება, ასეთი განსაზღვრის ფაქტობრივი საფუძველი და ის კონკრეტული მუხლები, რომლებიც დაირღვა, და (ii) ანტიდოპინგური წესის დარღვევ(ებ)იდან ან 10.14.1 მუხლის დარღვევ(ებ)იდან გამომდინარე ყველა შედეგი, მათ შორის მე-9 და 10.10 მუხლების შესაბამისად გამოსაყენებელი დისკვალიფიკაციები, მედლების ან პრიზების ნებისმიერი ჩამორთმევა, ნებისმიერი უფლებაჩამორთმევის ვადა (და მისი ათვლის დაწყების თარიღი) და ნებისმიერი ფინანსური შედეგები.47
7.6 შედეგების მართვის გადაწყვეტილებების შესახებ შეტყობინება
საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია სპორტსმენებს, სხვა პირებს, ხელმომწერებს და მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს აცნობებს შედეგების მართვის გადაწყვეტილებების შესახებ, როგორც ეს გათვალისწინებულია მე-14 მუხლითა და შედეგების მართვის საერთაშორისო სტანდარტით.
7.7 სპორტიდან წასვლა48
თუ სპორტსმენი ან სხვა პირი სპორტს ტოვებს მაშინ, როდესაც საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის შედეგების მართვის პროცესი მიმდინარეობს, საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია ინარჩუნებს უფლებამოსილებას, დაასრულოს თავისი შედეგების მართვის პროცესი. თუ სპორტსმენი ან სხვა პირი სპორტს ტოვებს შედეგების მართვის რაიმე პროცესის დაწყებამდე და საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას ექნებოდა შედეგების მართვის უფლებამოსილება სპორტსმენზე ან სხვა პირზე იმ დროს, როდესაც სპორტსმენმა ან სხვა პირმა ჩაიდინა ანტიდოპინგური წესის დარღვევა ან 10.14.1 მუხლის დარღვევა, საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას აქვს შედეგების მართვის განხორციელების უფლებამოსილება. ნებისმიერი სპორტიდან წასული სპორტსმენი ან სხვა პირი, რომელიც სპორტიდან წასვლის პერიოდში ხელს უშლის (აყალბებს) ანტიდოპინგური წესის დარღვევის ან 10.14.1 მუხლის დარღვევის მიმდინარე შედეგების მართვას, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება, კვლავ ექვემდებარება ყველა შესაბამისი ხელმომწერის უფლებამოსილებას 2.5 მუხლით გათვალისწინებული გაყალბების დარღვევისთვის.
7.8 საქმეები, რომლებიც ექვემდებარება განხილვას დამოუკიდებელი განხილვის ექსპერტის მიერ
7.8.1 წინამდებარე 7.8 მუხლი ვრცელდება გამონაკლის შემთხვევებზე, როდესაც საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია განიხილავს საქმის დახურვის ან ჩვეულებრივი შედეგების მართვის პროცესების გაუგრძელებლობის შესაძლებლობას მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნულმა ანტიდოპინგურმა ორგანიზაციამ მიიღო შეტყობინება უარყოფითი ანალიზის შედეგის შესახებ და დაასრულა 7.2 მუხლით მოთხოვნილი პირველადი განხილვა (ანუ საქართველოს ეროვნულმა ანტიდოპინგურმა ორგანიზაციამ დაადგინა, რომ არ ყოფილა გაცემული თერაპიული გამოყენების გამონაკლისი, არ არსებობს აშკარა გადახვევა ტესტირების საერთაშორისო სტანდარტიდან ან ლაბორატორიების საერთაშორისო სტანდარტიდან და არ არის აშკარა, რომ უარყოფითი ანალიზის შედეგი გამოწვეულია აკრძალული ნივთიერების ნებადართული გზით მიღებით). ასეთ შემთხვევებში საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია ვალდებულია:
7.8.1.1 აცნობოს უარყოფითი ანალიზის შედეგის შესახებ სპორტსმენს 7.2, 7.4.1 და 7.4.2 მუხლების შესაბამისად.49
7.8.1.2 დაუყოვნებლივ წარუდგინოს მოთხოვნა დამოუკიდებელი განხილვის ექსპერტს დასკვნის მისაღებად იმის თაობაზე, ამართლებს თუ არა საჯარო პოლიტიკა ან სხვა მყარი მიზეზები, სუფთა სპორტსმენების უფლებებისა და მათზე ზემოქმედების გათვალისწინებით, გადახვევას ჩვეულებრივი შედეგების მართვის პროცესიდან, რომელიც გამოიყენება უარყოფითი ანალიზის შედეგების განხილვისთვის.50 მოთხოვნის ასლი ერთდროულად მიეწოდება მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს და ყველა სხვა მხარეს, რომელსაც მე-13 მუხლის შესაბამისად აქვს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია ვალდებულია, სრული საქმის მასალები მიაწოდოს და სრულად ითანამშრომლოს დამოუკიდებელი განხილვის ექსპერტთან.
7.8.2 საქმის მასალების განხილვისა და საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ან მესამე მხარეებისგან აუცილებლად მიჩნეული ნებისმიერი სხვა ინფორმაციის მიღების შემდეგ, დამოუკიდებელი განხილვის ექსპერტი გასცემს წერილობით დასკვნასა და რეკომენდაციას საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციისთვის, ასლით მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოსთვის, რომელშიც მიუთითებს, არის თუ არა გადახვევა ჩვეულებრივი შედეგების მართვის პროცესიდან გამართლებული საქმის კონკრეტულ გარემოებებში.
7.8.3 დამოუკიდებელი განხილვის ექსპერტის დასკვნისა და რეკომენდაციის მიღებისთანავე საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია გამოსცემს წერილობით გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, გააგრძელებს თუ არა ჩვეულებრივ შედეგების მართვის პროცესებს, თუ არ განაგრძობს საქმის წარმოებას უარყოფითი ანალიზის შედეგებთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება მიეწოდება მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს, ხოლო გადაწყვეტილება დამოუკიდებელი განხილვის ექსპერტის დასკვნასა და რეკომენდაციასთან ერთად მიეწოდება ყველა სხვა მხარეს, რომელსაც გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს მუხლის 13 შესაბამისად. გადაწყვეტილება ექვემდებარება გასაჩივრებას უშუალოდ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში მე-13 მუხლის შესაბამისი დებულებების თანახმად. თუ საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის გადაწყვეტილება საქმის წარმოების გაუგრძელებლობის შესახებ უარყოფითი ანალიზის შედეგებთან დაკავშირებით გაუქმდება ან შეიცვლება გასაჩივრების შედეგად, სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს შეუძლია შეინარჩუნოს იურისდიქცია ანტიდოპინგური წესის ნებისმიერი სავარაუდო დარღვევის არსებით გადაწყვეტაზე, რომელიც დაკავშირებულია უარყოფითი ანალიზის შედეგებთან, ან დაავალოს საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას, გააგრძელოს ჩვეულებრივი შედეგების მართვის პროცესი.
7.8.4 თუ საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია არ აგრძელებს ჩვეულებრივ შედეგების მართვის პროცესებს დამოუკიდებელი განხილვის ექსპერტისთვის დასკვნისა და რეკომენდაციის მოთხოვნისა და მიღების გარეშე, ან არ აგრძელებს ჩვეულებრივ შედეგების მართვის პროცესებს დამოუკიდებელი განხილვის ექსპერტის დასკვნისა და რეკომენდაციის საწინააღმდეგოდ და გასაჩივრების შედეგად საბოლოოდ დადგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ანტიდოპინგური წესის დარღვევას, საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიმართ შეიძლება დაიწყოს შეუსაბამობის შესახებ წარმოება კოდექსის 24-ე მუხლისა და ხელმომწერების მიერ კოდექსთან შესაბამისობის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად და იგი ვალდებული იქნება, აუნაზღაუროს გამსაჩივრებელ მხარე(ებ)ს ხარჯები და გონივრული იურიდიული მომსახურების საფასური, რომლებიც გაწეულია სააპელაციო პროცესის თითოეულ ეტაპთან დაკავშირებით.
7.8.5 წინამდებარე 7.8 მუხლით გათვალისწინებული საქმეების განხილვის პროცედურა უფრო დეტალურად აღიწერება შედეგების მართვის საერთაშორისო სტანდარტში.
მუხლი 8 შედეგების მართვა: სამართლიანი მოსმენის უფლება და შეტყობინება მოსმენის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შესახებ
ნებისმიერი პირისთვის, რომელსაც ედავებიან ანტიდოპინგური წესის დარღვევის ან 10.14.1 მუხლის დარღვევის ჩადენას, საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია უზრუნველყოფს სამართლიან მოსმენას გონივრულ ვადაში სამართლიანი, მიუკერძოებელი და ოპერაციულად დამოუკიდებელი განმხილველი პანელის მიერ კოდექსისა და შედეგების მართვის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. დროულად მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელიც კონკრეტულად მოიცავს ნებისმიერი უფლებაჩამორთმევის ვადისა და 10.10 მუხლის შესაბამისად შედეგების დისკვალიფიკაციის მიზეზ(ებ)ის განმარტებას, საჯაროდ უნდა გამჟღავნდეს საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ 14.3 მუხლის შესაბამისად.51
სამართლიანი მოსმენა
8.1.1 სამართლიანი, მიუკერძოებელი და ოპერაციულად დამოუკიდებელი განმხილველი პანელი
8.1.1.1 საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია ქმნის განხმილველ პანელს (დისციპლინურ პანელს), რომელიც უფლებამოსილია, მოისმინოს და განსაზღვროს, ჩაიდინა თუ არა წინამდებარე ანტიდოპინგური წესების მოქმედების ქვეშ მყოფმა სპორტსმენმა ან სხვა პირმა ანტიდოპინგური წესის დარღვევა ან 10.14.1 მუხლის დარღვევა, და, საჭიროების შემთხვევაში, დააწესოს შესაბამისი შედეგები.
8.1.1.2 საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია უზრუნველყოფს, რომ დისციპლინური პანელი თავისუფალი იყოს ინტერესთა კონფლიქტისგან და რომ მისი შემადგენლობა, უფლებამოსილების ვადები, პროფესიული გამოცდილება, ოპერაციული დამოუკიდებლობა და ადეკვატური დაფინანსება შეესაბამებოდეს შედეგების მართვის საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს.
8.1.1.3 საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის ან მისი ორგანოების გამგეობის წევრები, თანამშრომლები, კომისიის წევრები, კონსულტანტები და თანამდებობის პირები, აგრეთვე ნებისმიერი პირი, რომელიც მონაწილეობდა საქმის გამოძიებასა და წინასწარ განხილვაში, არ შეიძლება დაინიშნონ დისციპლინური პანელის წევრებად და/ან მდივნებად (იმდენად, რამდენადაც ასეთი მდივანი მონაწილეობს თათბირის პროცესში და/ან ნებისმიერი გადაწყვეტილების პროექტის მომზადებაში). კერძოდ, არცერთ წევრს არ უნდა ჰქონდეს მანამდე განხილული იმავე საქმეში თერაპიული გამოყენების გამონაკლისის რაიმე განაცხადი, შედეგების მართვის გადაწყვეტილება ან საჩივრები.
8.1.1.4 დისციპლინური პანელი შედგება დამოუკიდებელი თავმჯდომარისა და განმხივლელი პანელის დამოუკიდებელი წევრების რეზერვისგან, საიდანაც თავმჯდომარე ირჩევს კონკრეტული განმხილველი პანელის შემადგენლობას ინდივიდუალური საქმეების განსახილველად. განმხილველი პანელის დამოუკიდებელი წევრების რეზერვი უნდა იყოს საკმარისი რაოდენობის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მოსმენის პროცესის დროულად წარმართვა და ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში ჩანაცვლების შესაძლებლობა, და ნებისმიერ დროს უნდა მოიცავდეს არანაკლებ სამ (3) დამოუკიდებელ წევრს.
8.1.1.5 თითოეულ წევრს ნიშნავს დამოუკიდებელი დანიშვნის კომიტეტი მათი აუცილებელი ანტიდოპინგური გამოცდილების, მათ შორის იურიდიული, სპორტული, სამედიცინო და/ან სამეცნიერო ექსპერტიზის გათვალისწინებით. თითოეული წევრი ინიშნება სამი (3) წლის ვადით, რომელიც შეიძლება განახლდეს.
8.1.1.6 თითოეულ წევრს ნიშნავს დამოუკიდებელი დანიშვნის კომიტეტი (კომიტეტი, რომელიც შედგება სამი (3) წევრისგან: (ა) საქართველოს სპორტის სამინისტროს ერთი (1) წარმომადგენელი; (ბ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთი (1) წარმომადგენელი; და (გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთი (1) წარმომადგენელი — რომელთაგან თითოეულს აქვს შესაბამისი იურიდიული, სამედიცინო, სამეცნიერო და/ან ანტიდოპინგური ექსპერტიზა, და რომელიც ინსტიტუციურად და ოპერაციულად დამოუკიდებელია საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციისა და ეროვნული ფედერაციებისგან) მათი აუცილებელი ანტიდოპინგური გამოცდილების, მათ შორის იურიდიული, სპორტული, სამედიცინო და/ან სამეცნიერო ექსპერტიზის გათვალისწინებით. თითოეული წევრი ინიშნება სამი (3) წლის ვადით, რომელიც შეიძლება განახლდეს.
8.1.1.7 დისციპლინური პანელი უნდა იყოს შესაძლებლობის ფარგლებში, წარმართოს მოსმენისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის ან ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევის გარეშე.
8.1.1.8 მოსმენები არ უნდა წარიმართოს (დელეგირებით ან სხვაგვარად) პირების მიერ, რომლებიც დანიშნულნი არიან ეროვნული ფედერაციის ან ნებისმიერი სხვა ეროვნული სპორტული მმართველი ორგანოს ან სხვა ეროვნული სპორტული ორგანიზაციის მიერ ან მათი უფლებამოსილების ქვეშ იმყოფებიან.
8.1.1.9 ღონისძიებებთან დაკავშირებით გამართული მოსმენები წინამდებარე ანტიდოპინგური წესების მოქმედების ქვეშ მყოფი სპორტსმენებისა და სხვა პირების მიმართ შეიძლება წარიმართოს დაჩქარებული პროცესით, თუ ამას ნებას დართავს დისციპლინური პანელი.52
8.1.1.10 მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს, საერთაშორისო ფედერაციას და სპორტსმენის ან სხვა პირის ეროვნულ ფედერაციას შეუძლიათ, დაესწრონ მოსმენას დამკვირვებლის სტატუსით. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია მათ სრულად აწვდის ინფორმაციას განსახილველი საქმეების მდგომარეობისა და ყველა მოსმენის შედეგის შესახებ.
8.1.2 მოსმენის პროცესი
8.1.2.1 როდესაც საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია უგზავნის სპორტსმენს ან სხვა პირს შეტყობინებას, რომლითაც მას ედება ბრალი ანტიდოპინგური წესის სავარაუდო დარღვევის ან 10.14.1 მუხლის დარღვევის ჩადენაში, და სპორტსმენი ან სხვა პირი არ ამბობს უარს მოსმენაზე 8.3.1 მუხლის ან 8.3.2 მუხლის შესაბამისად, საქმე გადაეცემა დისციპლინურ პანელს მოსმენისა და გადაწყვეტისთვის, რომელიც წარიმართება შედეგების მართვის საერთაშორისო სტანდარტის მე-8 და მე-9 მუხლებში აღწერილი პრინციპების შესაბამისად.
8.1.2.2 თავმჯდომარე აღნიშნული საქმის განსახილველად ნიშნავს ან ერთპიროვნულ განმხილველს (რომელიც შეიძლება იყოს თავმჯდომარე), ან სამწევრიან (3) პანელს (რომლის შემადგენლობაშიც შეიძლება შედიოდეს თავმჯდომარე). თუ საქმეს ერთპიროვნული განმხილველი განიხილავს, დანიშნულ პანელის წევრს უნდა ჰქონდეს იურიდიული განათლება და არანაკლებ სამი (3) წლის შესაბამისი იურიდიული გამოცდილება. თუ საქმეს სამწევრიანი (3) პანელი განიხილავს, პანელის სულ მცირე ერთ (1) წევრს უნდა ჰქონდეს იურიდიული განათლება და არანაკლებ სამი (3) წლის შესაბამისი იურიდიული გამოცდილება, ხოლო პანელის ერთი (1) წევრი უნდა იყოს კვალიფიციური ექიმი, არანაკლებ სამი (3) წლის შესაბამისი სამედიცინო გამოცდილებით.
8.1.2.3 თავმჯდომარის მიერ დისციპლინური პანელის წევრად დანიშვნისთანავე წევრები ასევე ხელს აწერენ დეკლარაციას იმის შესახებ, რომ მათთვის ცნობილი არ არის რაიმე ფაქტი ან გარემოება, რომელმაც შეიძლება რომელიმე მხარის თვალში ეჭვქვეშ დააყენოს მათი მიუკერძოებლობა, გარდა დეკლარაციაში გამჟღავნებული გარემოებებისა. თუ ასეთი ფაქტები ან გარემოებები წარმოიშობა მოსმენის პროცესის მოგვიანებით ეტაპზე, განმხილველი პანელის შესაბამისი წევრი ვალდებულია, დაუყოვნებლივ გაუმჟღავნოს ისინი მხარეებს.
8.1.2.4 თუ თავმჯდომარის მიერ საქმის განსახილველად დანიშნულ წევრს რაიმე მიზეზით არ სურს ან არ შეუძლია საქმის განხილვა, თავმჯდომარეს შეუძლია დანიშნოს შემცვლელი წევრი ან დანიშნოს ახალი განმხილველი პანელი. იმ შემთხვევაში, როდესაც დანიშნულია თავმჯდომარე და მას რაიმე მიზეზით არ სურს ან არ შეუძლია საქმის განხილვა, ასეთ ვითარებაში თავმჯდომარე შეიძლება შეცვალოს თავმჯდომარის მოადგილემ ან განმხილველი პანელის სხვა განსაზღვრულმა უფროსმა წევრმა.
8.1.2.5 მოსმენის პროცესის დასაწყისში მხარეებს ეცნობებათ საკითხის განსახილველად და გადასაწყვეტად დანიშნული ერთპიროვნული განმხილველის ან განმხილველი პანელის წევრების ვინაობა და მიეწოდებათ 8.1.2.3 მუხლში აღნიშნული დეკლარაცია. მხარეებს ეცნობებათ მათი უფლების შესახებ, გაასაჩივრონ ნებისმიერი ერთპიროვნული განმხილველის ან განმხილველი პანელის წევრის დანიშვნა, თუ არსებობს ინტერესთა შესაძლო კონფლიქტის საფუძველი, აცილების საფუძვლის ცნობილი გახდომიდან შვიდი (7) დღის განმავლობაში. ნებისმიერ აცილებაზე გადაწყვეტილებას იღებს განმხილველი პანელის წევრების უფრო ფართო შემადგენლობიდან შერჩეული დამოუკიდებელი პირი ან დამოუკიდებელი დაწესებულება.
8.1.2.6 დისციპლინურ პანელს უფლება აქვს, საკუთარი შეხედულებისამებრ დანიშნოს ექსპერტი პანელისთვის დახმარების ან კონსულტაციის გასაწევად.
8.1.2.7 საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია წარადგენს თავის პოზიციას საქმეზე, ხოლო სპორტსმენი ან სხვა პირი საპასუხოდ წარადგენს თავის პოზიციას.
8.1.2.8 თუ რომელიმე მხარე ან მისი წარმომადგენელი შეტყობინების მიუხედავად არ გამოცხადდება მოსმენაზე, მოსმენა მაინც შეიძლება გაგრძელდეს.
8.1.2.9 სპორტსმენს ან სხვა პირს, რომლის მიმართაც წაყენებულია ბრალდება ანტიდოპინგური წესის დარღვევის ან 10.14.1 მუხლის დარღვევის შესახებ, უფლება აქვს, მოითხოვოს საჯარო მოსმენა.
8.1.2.10 საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას ასევე შეუძლია მოითხოვოს საჯარო მოსმენა, იმ პირობით, რომ სპორტსმენმა ან სხვა პირმა, რომლის მიმართაც წაყენებულია ბრალდება ანტიდოპინგური წესის დარღვევის ან 10.14.1 მუხლის დარღვევის შესახებ, ამაზე წერილობითი თანხმობა განაცხადა.
8.1.2.11 სამართალწარმოების თითოეულ მხარეს ასევე აქვს უფლება:
ჰყავდეს წარმომადგენელი საკუთარი ხარჯით;
გაეცნოს და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები;
წარადგინოს წერილობითი და ზეპირი განმარტებები;
გამოიძახოს და დაკითხოს მოწმეები; და
მოსმენაზე საკუთარი ხარჯით ჰყავდეს თარჯიმანი.
8.2 შეტყობინება გადაწყვეტილებების შესახებ
8.2.1 მოსმენის დასრულებისას ან მის შემდეგ დაუყოვნებლივ დისციპლინური პანელი გამოსცემს წერილობით გადაწყვეტილებას, რომელიც შეესაბამება შედეგების მართვის საერთაშორისო სტანდარტის მე-9 მუხლს და რომელიც მოიცავს გადაწყვეტილების სრულ დასაბუთებას, დაკისრებულ უფლებაჩამორთმევის ვადას, ჩაითვლება თუ არა (და რა მოცულობით) დროებითი შეჩერების რომელიმე ვადა დაკისრებულ უფლებაჩამორთმევის ვადაში, შედეგების დისკვალიფიკაციას 10.10 მუხლის შესაბამისად, მედლების ან პრიზების ნებისმიერ ჩამორთმევას, ნებისმიერ სხვა შესაბამის შედეგს, მათ შორის ფინანსურ შედეგებს, გასაჩივრების გზებსა და გასაჩივრების ვადას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დასაბუთებას იმისა, თუ რატომ არ იქნა დაკისრებული მაქსიმალური შესაძლო შედეგები.
8.2.2 საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია ვალდებულია, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ აცნობოს სპორტსმენს ან სხვა პირს და სხვა ანტიდოპინგურ ორგანიზაციებს, რომლებსაც გასაჩივრების უფლება აქვთ 13.2.3 მუხლის შესაბამისად, და დაუყოვნებლივ შეიტანოს იგი ანტიდოპინგური ადმინისტრირებისა და მართვის სისტემაში. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მე-13 მუხლით გათვალისწინებული წესით.
8.3 მოსმენაზე უარის თქმა
8.3.1 სპორტსმენს ან სხვა პირს, რომლის მიმართაც წაყენებულია ბრალდება ანტიდოპინგური წესის დარღვევის ან 10.14.1 მუხლის დარღვევის შესახებ, შეუძლია მკაფიოდ განაცხადოს უარი მოსმენაზე და დაეთანხმოს შედეგებს, რომლებსაც სთავაზობს საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია
8.3.2 თუმცა, თუ სპორტსმენი ან სხვა პირი, რომლის მიმართაც წაყენებულია ბრალდება ანტიდოპინგური წესის დარღვევის ან 10.14.1 მუხლის დარღვევის შესახებ, არ გაასაჩივრებს ამ ბრალდებას საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ დარღვევის შესახებ გაგზავნილი შეტყობინების თარიღიდან (ოცი (20) დღის განმავლობაში, მაშინ ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა მოსმენაზე, აღიარა დარღვევა და დაეთანხმა შემოთავაზებულ შედეგებს.
8.3.3 იმ შემთხვევებში, როდესაც გამოიყენება 8.3.1 ან 8.3.2 მუხლი, მოსმენა დისციპლინური პანელის წინაშე არ არის სავალდებულო. ამის ნაცვლად, საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია დაუყოვნებლივ გამოსცემს წერილობით გადაწყვეტილებას, რომელიც შეესაბამება შედეგების მართვის საერთაშორისო სტანდარტის მე-9 მუხლს და რომელიც მოიცავს გადაწყვეტილების სრულ დასაბუთებას, დაკისრებულ უფლებაჩამორთმევის ვადას, ჩაითვლება თუ არა (და რა მოცულობით) დროებითი შეჩერების რომელიმე ვადა დაკისრებულ უფლებაჩამორთმევის ვადაში, შედეგების დისკვალიფიკაციას 10.10 მუხლის შესაბამისად, მედლების ან პრიზების ნებისმიერ ჩამორთმევას, ნებისმიერ სხვა შესაბამის შედეგს, მათ შორის ფინანსურ შედეგებს, გასაჩივრების გზებსა და გასაჩივრების ვადას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დასაბუთებას იმისა, თუ რატომ არ იქნა დაკისრებული მაქსიმალური შესაძლო შედეგები.
8.3.4 საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია ვალდებულია, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ აცნობოს სპორტსმენს ან სხვა პირს და ერთდროულად სხვა ანტიდოპინგურ ორგანიზაციებს, რომლებსაც გასაჩივრების უფლება აქვთ 13.2.3 მუხლის შესაბამისად, და დაუყოვნებლივ შეიტანოს იგი ანტიდოპინგური ადმინისტრირებისა და მართვის სისტემაში. საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია ვალდებულია, საჯაროდ გაამჟღავნოს აღნიშნული გადაწყვეტილება 14.3.2 მუხლის შესაბამისად.
8.4 ერთიანი მოსმენა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში
ანტიდოპინგური წესის დარღვევები ან 10.14.1 მუხლის დარღვევები, რომლებიც ბრალად ედება საერთაშორისო დონის სპორტსმენებს, ეროვნული დონის სპორტსმენებს ან სხვა პირებს, შეიძლება, სპორტსმენის ან სხვა პირის, საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის (როდესაც მას მე-7 მუხლის შესაბამისად აქვს შედეგების მართვის უფლებამოსილება) და მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს თანხმობით, განხილულ იქნეს ერთიან მოსმენაზე უშუალოდ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში.53
მუხლი 9 ინდივიდუალური შედეგების ავტომატური დისკვალიფიკაცია
ანტიდოპინგური წესის დარღვევა ინდივიდუალურ სპორტში, რომელიც დაკავშირებულია შეჯიბრების პერიოდში ჩატარებულ ტესტთან, ან 10.14.1 მუხლის დარღვევა შეჯიბრებაში მონაწილეობით ავტომატურად იწვევს დისკვალიფიკაციას ამ შეჯიბრებაში მიღწეული შედეგისა, ყველა აქედან გამომდინარე შედეგით, მათ შორის ნებისმიერი მედლის, ქულისა და პრიზის ჩამორთმევით.54
მუხლი 10 ინდივიდუალური სანქციები
10.1 დისკვალიფიკაცია იმ ღონისძიების შედეგების, რომლის დროსაც ადგილი ჰქონდა ანტიდოპინგური წესის დარღვევას
ანტიდოპინგური წესის დარღვევამ, რომელიც მოხდა ღონისძიების დროს ან მასთან დაკავშირებით, ღონისძიების მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით შეიძლება გამოიწვიოს დისკვალიფიკაცია ყველა იმ ინდივიდუალური შედეგისა, რომელიც სპორტსმენმა მიიღო ამ ღონისძიებაზე, ამ შედეგების საფუძველზე მინიჭებული ნებისმიერი სარგებლისა თუ უპირატესობის გაუქმებით, მათ შორის ამ შედეგების საფუძველზე სპორტსმენისთვის მინიჭებული ყველა მედლის, ქულისა და პრიზის ჩამორთმევით (როგორც ინდივიდუალურად, ისე იმ გუნდისთვის, რომლის შემადგენლობაშიც იყო სპორტსმენი), გარდა 10.1.1 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.55
ფაქტორები, რომლებიც შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ღონისძიების სხვა შედეგების დისკვალიფიკაციის საკითხის განხილვისას, მაგალითად, შეიძლება მოიცავდეს სპორტსმენის მიერ ჩადენილი ანტიდოპინგური წესის დარღვევის სიმძიმეს და იმას, ჰქონდა თუ არა სპორტსმენს უარყოფითი ტესტის შედეგი სხვა შეჯიბრებებში.
10.1.1 თუ სპორტსმენი დაადასტურებს, რომ დარღვევაში მას არ მიუძღვის ბრალი ან დაუდევრობა, სპორტსმენის ინდივიდუალური შედეგები სხვა შეჯიბრებებში არ ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სპორტსმენის შედეგებზე შეჯიბრებებში, გარდა იმ შეჯიბრებისა, რომელშიც ადგილი ჰქონდა ანტიდოპინგური წესის დარღვევას, სავარაუდოდ გავლენა იქონია სპორტსმენის მიერ ჩადენილმა ანტიდოპინგური წესის დარღვევამ.
10.2 უფლებაჩამორთმევა აკრძალული ნივთიერების ან აკრძალული მეთოდის არსებობის, გამოყენების ან გამოყენების მცდელობის ან ფლობისთვის
10.2 მუხლი ადგენს უფლებაჩამორთმევის ვადის განსაზღვრის ჩარჩოს 2.1 (არსებობა), 2.2 (გამოყენება ან გამოყენების მცდელობა) ან 2.6 (ფლობა) მუხლების დარღვევებისთვის. ეს განსაზღვრა ეფუძნება რამდენიმე ცვლადს, როგორიცაა: შესაბამისი ნივთიერება ან მეთოდი (ანუ არასპეციფიკური ნივთიერებები/არასპეციფიკური მეთოდები, სპეციფიკური ნივთიერებები/სპეციფიკური მეთოდები ან ბოროტად გამოყენებადი ნივთიერებები); ჩაიდინა თუ არა სპორტსმენმა ან სხვა პირმა ანტიდოპინგური წესის დარღვევა განზრახ; იყო თუ არა მიღების, გამოყენების ან ფლობის კონტექსტი სპორტული შედეგებთან დაუკავშირებელი; და შეუძლია თუ არა სპორტსმენს დაადასტუროს, თუ როგორ მოხვდა აკრძალული ნივთიერება მის ორგანიზმში.
10.2.1 მუხლი არეგულირებს უფლებაჩამორთმევის ვადას 2.1 ან 2.2 მუხლების ისეთი დარღვევებისთვის, რომლებიც უკავშირდება არასპეციფიკურ ნივთიერებებს და არასპეციფიკურ მეთოდებს. 10.2.2 მუხლი არეგულირებს უფლებაჩამორთმევის ვადას 2.1 ან 2.2 მუხლების ისეთი დარღვევებისთვის, რომლებიც უკავშირდება სპეციფიკურ ნივთიერებებს ან სპეციფიკურ მეთოდებს. 10.2.3 მუხლი არეგულირებს უფლებაჩამორთმევის ვადას 2.1 ან 2.2 მუხლების ისეთი დარღვევებისთვის, რომლებიც უკავშირდება ბოროტად გამოყენებად ნივთიერებებს. 10.2.4 მუხლი არეგულირებს უფლებაჩამორთმევის ვადას განსაკუთრებულ გარემოებებში, რომლებიც უკავშირდება თერაპიული გამოყენების გამონაკლისების კრიტერიუმებს. 10.2.5 მუხლი არეგულირებს უფლებაჩამორთმევის ვადას 2.6 მუხლის დარღვევებისთვის. 10.2.6 მუხლი განმარტავს ტერმინს „განზრახი“ 10.2 მუხლის მიზნებისთვის.56
10.2.1 არასპეციფიკური ნივთიერებები ან არასპეციფიკური მეთოდები
2.1 ან 2.2 მუხლების ისეთი დარღვევებისთვის, რომლებიც უკავშირდება არასპეციფიკურ ნივთიერებას ან არასპეციფიკურ მეთოდს, უფლებაჩამორთმევის ვადა, 10.2.3 და 10.2.4 მუხლების გათვალისწინებით, შეადგენს ოთხ (4) წელს. ოთხწლიანი (4) უფლებაჩამორთმევის ვადა შეიძლება შემცირდეს შემდეგნაირად:
10.2.1.1 როდესაც სპორტსმენს შეუძლია დაადასტუროს, თუ როგორ მოხვდა აკრძალული ნივთიერება მის ორგანიზმში ან როგორ იქნა აკრძალული მეთოდი გამოყენებული, და რომ დარღვევა არ იყო განზრახი, უფლებაჩამორთმევის ვადა შეადგენს ორ (2) წელს. უფლებაჩამორთმევის ეს ვადა შეიძლება გაუქმდეს ან შემცირდეს 10.5, 10.6 ან 10.7.1 მუხლის შესაბამისად.
10.2.1.2 როდესაც სპორტსმენს არ შეუძლია დაადასტუროს, რომ დარღვევა არ იყო განზრახი, მაგრამ შეუძლია დაადასტუროს, თუ როგორ მოხვდა აკრძალული ნივთიერება მის ორგანიზმში ან როგორ იქნა აკრძალული მეთოდი გამოყენებული, და რომ მიღების ან გამოყენების კონტექსტი არ იყო დაკავშირებული სპორტულ შედეგებთან, უფლებაჩამორთმევის ვადა შეადგენს სამ (3) წელს. უფლებაჩამორთმევის ეს ვადა არ ექვემდებარება გაუქმებას ან შემცირებას 10.5 ან 10.6 მუხლების შესაბამისად.
10.2.1.3 როდესაც სპორტსმენს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ როგორ მოხვდა აკრძალული ნივთიერება მის ორგანიზმში ან როგორ იქნა აკრძალული მეთოდი გამოყენებული, მაგრამ გამონაკლის შემთხვევებში შეუძლია გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს სრული დარწმუნების დონემდე დაადასტუროს, რომ სანდო სამეცნიერო მტკიცებულებების საფუძველზე ანტიდოპინგური წესის დარღვევა შეუთავსებელი იყო აკრძალული ნივთიერების განზრახ გამოყენებასთან, მაშინ უფლებაჩამორთმევის ვადა შეიძლება შემცირდეს ორ (2) წლამდე.57 უფლებაჩამორთმევის ეს ვადა არ ექვემდებარება გაუქმებას ან შემცირებას 10.5 ან 10.6 მუხლების შესაბამისად.
10.2.1.4 იმ დარღვევებისთვის, რომლებიც გამომდინარეობს უარყოფითი ანალიზის შედეგიდან ისეთ ნივთიერებაზე, რომელიც აკრძალულია მხოლოდ შეჯიბრების პერიოდში, და სპორტსმენს შეუძლია დაადასტუროს, რომ აკრძალული ნივთიერება მიღებულ ან გამოყენებულ იქნა შეჯიბრებებს შორის პერიოდში სპორტულ შედეგებთან დაუკავშირებელ კონტექსტში, უფლებაჩამორთმევის ვადა შეადგენს ორ (2) წელს. უფლებაჩამორთმევის ეს ვადა შეიძლება გაუქმდეს ან შემცირდეს 10.5, 10.6 ან 10.7.1 მუხლების შესაბამისად.
10.2.2 სპეციფიკური ნივთიერებები ან სპეციფიკური მეთოდები
2.1 ან 2.2 მუხლების ისეთი დარღვევებისთვის, რომლებიც უკავშირდება სპეციფიკურ ნივთიერებას ან სპეციფიკურ მეთოდს, უფლებაჩამორთმევის ვადა, 10.2.3 და 10.2.4 მუხლების გათვალისწინებით, შეადგენს ორ (2) წელს. უფლებაჩამორთმევის ეს ვადა შეიძლება გაუქმდეს ან შემცირდეს 10.5, 10.6 ან 10.7.1 მუხლების შესაბამისად და შეიძლება გაიზარდოს შემდეგნაირად:
10.2.2.1 10.2.2.2 მუხლის გათვალისწინებით, როდესაც საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას შეუძლია დაადასტუროს, რომ დარღვევა განზრახი იყო, უფლებაჩამორთმევის ვადა შეადგენს ოთხ (4) წელს; თუმცა, თუ სპორტსმენს შეუძლია დაადასტუროს, რომ მიღების ან გამოყენების კონტექსტი არ იყო დაკავშირებული სპორტულ შედეგებთან, უფლებაჩამორთმევის ვადა შეადგენს სამ (3) წელს. უფლებაჩამორთმევის ვადა, რომელიც დაკისრებულია წინამდებარე 10.2.2.1 მუხლის შესაბამისად, არ ექვემდებარება გაუქმებას ან შემცირებას 10.5 ან 10.6 მუხლების შესაბამისად.
10.2.2.2 როდესაც ანტიდოპინგური წესის დარღვევა გამომდინარეობს უარყოფითი ანალიზის შედეგიდან ისეთ ნივთიერებაზე, რომელიც აკრძალულია მხოლოდ შეჯიბრების პერიოდში, და სპორტსმენს შეუძლია დაადასტუროს, რომ აკრძალული ნივთიერება გამოყენებულ იქნა შეჯიბრებებს შორის პერიოდში, უფლებაჩამორთმევის ვადა შეადგენს ორ (2) წელს. უფლებაჩამორთმევის ეს ვადა შეიძლება გაუქმდეს ან შემცირდეს 10.5, 10.6 ან 10.7.1 მუხლების შესაბამისად.
10.2.3 ბოროტად გამოყენებადი ნივთიერებები
10.2 მუხლის ნებისმიერი სხვა დებულების მიუხედავად, როდესაც ანტიდოპინგური წესის დარღვევა უკავშირდება მხოლოდ ბოროტად გამოყენებად ნივთიერებას:
10.2.3.1 თუ სპორტსმენს შეუძლია დაადასტუროს, რომ ნებისმიერი მიღება ან გამოყენება მოხდა შეჯიბრებებს შორის პერიოდში და არ იყო დაკავშირებული სპორტულ შედეგებთან, მაშინ უფლებაჩამორთმევის ვადა შეადგენს ორ (2) თვეს.58
ნებისმიერ ბოროტად გამოყენებად ნივთიერებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შემდგომი დარღვევისთვის უფლებაჩამორთმევის ვადა, რომელიც გამოითვლება წინამდებარე 10.2.3.1 მუხლის შესაბამისად, შეადგენს ოთხ (4) თვეს, რომელიც შეიძლება შემცირდეს ორ (2) თვემდე, თუ სპორტსმენი ჩაერთვება ბოროტად გამოყენებადი ნივთიერებებისგან მკურნალობის პროგრამაში, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ59
წინამდებარე 10.2.3.1 მუხლით დადგენილი უფლებაჩამორთმევის ვადა არ ექვემდებარება რაიმე შემცირებას 10.6, 10.7.1 ან 10.7.2 მუხლების რომელიმე დებულების საფუძველზე.
10.2.3.2 თუ მიღება, გამოყენება ან ფლობა მოხდა შეჯიბრების პერიოდში და სპორტსმენს შეუძლია დაადასტუროს, რომ მიღების, გამოყენების ან ფლობის კონტექსტი არ იყო დაკავშირებული სპორტულ შედეგებთან, მაშინ უფლებაჩამორთმევის ვადა შეადგენს ექვსი (6) თვიდან ორ (2) წლამდე, საქმის გარემოებების მიხედვით.60 ეს დებულება არ გამორიცხავს 10.5, 10.6 ან 10.7.1 მუხლების შესაძლო გამოყენებას.61
10.2.3.3 როდესაც არც 10.2.3.1 და არც 10.2.3.2 მუხლი არ გამოიყენება, მაშინ უფლებაჩამორთმევის ვადა განისაზღვრება 10.2.1 ან 10.2.2 მუხლების შესაბამისი დებულების მიხედვით.
10.2.4 თერაპიული გამოყენების გამონაკლისის კრიტერიუმები
10.2.4.1 10.2 მუხლის ნებისმიერი სხვა დებულების მიუხედავად, როდესაც სპორტსმენს შეუძლია დაადასტუროს, რომ არსებობა, გამოყენება ან გამოყენების მცდელობა ან ფლობა აკმაყოფილებდა თერაპიული გამოყენების გამონაკლისების საერთაშორისო სტანდარტის 4.2 მუხლის თითოეულ კრიტერიუმს (გარდა იმის ჩვენების აუცილებლობისა, რომ არ არსებობდა გონივრული ნებადართული თერაპიული62 ალტერნატივა) არსებობის, გამოყენების ან გამოყენების მცდელობის ან ფლობის მომენტში, მაშინ უფლებაჩამორთმევის ვადა შეადგენს ორ (2) თვეს. წინამდებარე 10.2.4.1 მუხლით დადგენილი უფლებაჩამორთმევის ვადა არ ექვემდებარება რაიმე შემცირებას 10.6, 10.7.1 ან 10.7.2 მუხლების რომელიმე დებულების საფუძველზე.
10.2.5 ფლობა
2.6 მუხლის დარღვევებისთვის უფლებაჩამორთმევის ვადა, 10.2.3.2 მუხლის გათვალისწინებით, შემდეგია:
10.2.5.1 როდესაც დარღვევა უკავშირდება არასპეციფიკურ ნივთიერებას ან არასპეციფიკურ მეთოდს, უფლებაჩამორთმევის ვადა შეადგენს ორ (2) წელს, თუ სპორტსმენს ან სხვა პირს შეუძლია დაადასტუროს, რომ დარღვევა არ იყო განზრახი; სამ (3) წელს, თუ სპორტსმენს ან სხვა პირს არ შეუძლია დაადასტუროს, რომ დარღვევა არ იყო განზრახი, მაგრამ შეუძლია დაადასტუროს, რომ ფლობა არ იყო დაკავშირებული სპორტულ შედეგებთან; და ოთხ (4) წელს, თუ სპორტსმენს ან სხვა პირს არ შეუძლია დაადასტუროს, რომ დარღვევა არ იყო განზრახი, და არ შეუძლია დაადასტუროს, რომ ფლობა არ იყო დაკავშირებული სპორტულ შედეგებთან.
10.2.5.2 როდესაც დარღვევა უკავშირდება სპეციფიკურ ნივთიერებას ან სპეციფიკურ მეთოდს, უფლებაჩამორთმევის ვადა შეადგენს ოთხ (4) წელს, თუ საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას შეუძლია დაადასტუროს, რომ დარღვევა განზრახი იყო, რაც შეიძლება შემცირდეს სამ (3) წლამდე, თუ სპორტსმენს შეუძლია დაადასტუროს, რომ ფლობის კონტექსტი არ იყო დაკავშირებული სპორტულ შედეგებთან; და ორ (2) წელს, თუ საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას არ შეუძლია დაადასტუროს, რომ დარღვევა განზრახი იყო.
10.2.5.3 თუ 10.2.5.1 ან 10.2.5.2 მუხლების შესაბამისად დაკისრებული უფლებაჩამორთმევის ვადა შეადგენს ორ (2) წელს, უფლებაჩამორთმევის ვადა შეიძლება გაუქმდეს ან შემცირდეს 10.5, 10.6 ან 10.7.1 მუხლების შესაბამისად.
10.2.6 10.2 მუხლის მიზნებისთვის ტერმინი „განზრახი“ გულისხმობს იმ სპორტსმენებს ან სხვა პირებს, რომლებიც ახორციელებენ ქმედებას, რომლის შესახებაც იცოდნენ, რომ იგი წარმოადგენდა ანტიდოპინგური წესის დარღვევას, ან იცოდნენ, რომ არსებობდა მნიშვნელოვანი რისკი იმისა, რომ ქმედება შეიძლება ყოფილიყო ანტიდოპინგური წესის დარღვევა ან გამოეწვია ასეთი დარღვევა, და აშკარად უგულებელყვეს ეს რისკი.63
10.3 უფლებაჩამორთმევა ანტიდოპინგური წესების სხვა დარღვევებისთვის
ანტიდოპინგური წესების დარღვევებისთვის, გარდა 10.2 მუხლით გათვალისწინებულისა, უფლებაჩამორთმევის ვადა შემდეგია, თუ არ გამოიყენება 10.6 ან 10.7 მუხლები:
10.3.1 2.3 ან 2.5 მუხლების დარღვევებისთვის უფლებაჩამორთმევის ვადა შეადგენს ოთხ (4) წელს, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: (i) ნიმუშის აღებაზე დაქვემდებარებისგან თავის არიდების შემთხვევაში, თუ სპორტსმენს შეუძლია დაადასტუროს, რომ ანტიდოპინგური წესის დარღვევა არ იყო განზრახი, უფლებაჩამორთმევის ვადა შეადგენს ორ (2) წელს; (ii) ყველა სხვა შემთხვევაში, თუ სპორტსმენს ან სხვა პირს შეუძლია დაადასტუროს განსაკუთრებული გარემოებები, რომლებიც ამართლებს უფლებაჩამორთმევის ვადის შემცირებას, უფლებაჩამორთმევის ვადა იქნება ორი (2) წლიდან ოთხ (4) წლამდე, სპორტსმენის ან სხვა პირის ბრალის ხარისხის მიხედვით; ან (iii) ნიმუშის აღებაზე დაქვემდებარებისგან თავის არიდების შემთხვევაში, რომელიც უკავშირდება დაცულ პირს ან მოყვარულ სპორტსმენს, უფლებაჩამორთმევის ვადა იქნება მაქსიმუმ ორი (2) წლიდან მინიმუმ საყვედურამდე, უფლებაჩამორთმევის ვადის გარეშე, დაცული პირის ან მოყვარული სპორტსმენის ბრალის ხარისხის მიხედვით.
10.3.2 2.4 მუხლის დარღვევებისთვის უფლებაჩამორთმევის ვადა შეადგენს ორ (2) წელს, რომელიც შეიძლება შემცირდეს მინიმუმ ერთ (1) წლამდე, იმის მიხედვით, შეუძლია თუ არა სპორტსმენს დაადასტუროს გარემოებები, რომლებიც ამსუბუქებს სპორტსმენის ბრალის ხარისხს. ბრალი ფასდება თანაბრად ადგილსამყოფლის შესახებ მოთხოვნის სამივე დარღვევის მიმართ, იმ მოლოდინით, რომ სპორტსმენი პირველი და მეორე დარღვევის შემდეგ უნდა იყოს გაზრდილი სიფრთხილის რეჟიმში. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული მოქნილობა ორ (2) წელსა და ერთ (1) წელს შორის უფლებაჩამორთმევის ვადასთან დაკავშირებით არ ვრცელდება იმ სპორტსმენებზე, რომელთა შემთხვევაშიც ადგილსამყოფლის ბოლო წუთს ცვლილებების სისტემატური ხასიათი ან სხვა ქცევა წარმოშობს სერიოზულ ეჭვს, რომ სპორტსმენი ცდილობდა თავი აერიდებინა ტესტირებისთვის ხელმისაწვდომობისთვის.64
10.3.3 2.7 ან 2.8 მუხლების დარღვევებისთვის უფლებაჩამორთმევის ვადა შეადგენს მინიმუმ ოთხ (4) წელს და შეიძლება გაგრძელდეს უვადო უფლებაჩამორთმევამდე, დარღვევის სიმძიმის მიხედვით. 2.7 ან 2.8 მუხლის დარღვევა, რომელიც უკავშირდება დაცულ პირს ან არასრულწლოვანს, განიხილება როგორც განსაკუთრებით მძიმე დარღვევა და, თუ იგი ჩადენილია სპორტსმენის დამხმარე პერსონალის მიერ და არ უკავშირდება სპეციფიკურ ნივთიერებებს, იწვევს უვადო უფლებაჩამორთმევას სპორტსმენის დამხმარე პერსონალისთვის. გარდა ამისა, 2.7 ან 2.8 მუხლების მნიშვნელოვანი დარღვევები, რომლებიც შეიძლება ასევე არღვევდეს არასპორტულ კანონებსა და რეგულაციებს, უნდა ეცნობოს კომპეტენტურ ადმინისტრაციულ, პროფესიულ ან სასამართლო ორგანოებს.65
10.3.4 2.9 მუხლის დარღვევებისთვის დაკისრებული უფლებაჩამორთმევის ვადა შეადგენს მინიმუმ ორ (2) წელს და შეიძლება გაგრძელდეს უვადო უფლებაჩამორთმევამდე, დარღვევის სიმძიმის მიხედვით; როდესაც დარღვევა უკავშირდება დაცულ პირს ან არასრულწლოვანს, დაკისრებული უფლებაჩამორთმევის ვადა შეადგენს მინიმუმ ოთხ (4) წელს და შეიძლება გაგრძელდეს უვადო უფლებაჩამორთმევამდე, დარღვევის სიმძიმის მიხედვით.
10.3.5 2.10 მუხლის დარღვევებისთვის უფლებაჩამორთმევის ვადა შეადგენს ორ (2) წელს, რომელიც შეიძლება შემცირდეს მინიმუმ ერთ (1) წლამდე, სპორტსმენის ან სხვა პირის ბრალის ხარისხისა და საქმის სხვა გარემოებების მიხედვით.66
10.3.6 2.11 მუხლის დარღვევებისთვის უფლებაჩამორთმევის ვადა შეადგენს მინიმუმ ორ (2) წელს და შეიძლება გაგრძელდეს უვადო უფლებაჩამორთმევამდე, სპორტსმენის ან სხვა პირის მიერ ჩადენილი დარღვევის სიმძიმის მიხედვით.67
10.4 დამამძიმებელი გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს უფლებაჩამორთმევის ვადა
თუ საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია ანტიდოპინგური წესის დარღვევასთან დაკავშირებულ ინდივიდუალურ საქმეში, გარდა 2.7 (ტრაფიკინგი ან ტრაფიკინგის მცდელობა), 2.8 (მიწოდება ან მიწოდების მცდელობა), 2.9 (თანამონაწილეობა ან თანამონაწილეობის მცდელობა) ან 2.11 (სპორტსმენის ან სხვა პირის ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს ინფორმაციის მიწოდების შეფერხებას ან მასზე შურისძიებას) მუხლებით გათვალისწინებული დარღვევებისა, დაადასტურებს, რომ არსებობს დამამძიმებელი გარემოებები, რომლებიც ამართლებს სხვა შემთხვევაში გამოსაყენებელ სანქციაზე უფრო ხანგრძლივი უფლებაჩამორთმევის ვადის დაკისრებას, მაშინ სხვა შემთხვევაში გამოსაყენებელი უფლებაჩამორთმევამდე ის ვადა იზრდება დამატებითი უფლებაჩამორთმევის ვადით ორ (2) წლამდე, დარღვევის სიმძიმისა და დამამძიმებელი გარემოებების ხასიათის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სპორტსმენს ან სხვა პირს შეუძლია დაადასტუროს, რომ მას ანტიდოპინგური წესის დარღვევა შეგნებულად არ ჩაუდენია.68
10.5 უფლებაჩამორთმევის ვადის გაუქმება, როდესაც არ არსებობს ბრალი ან დაუდევრობა
თუ სპორტსმენი ან სხვა პირი ინდივიდუალურ საქმეში დაადასტურებს, რომ მას არ მიუძღვის ბრალი ან დაუდევრობა, მაშინ სხვა შემთხვევაში გამოსაყენებელი უფლებაჩამორთმევის ვადა უქმდება.69
10.6 უფლებაჩამორთმევის ვადის შემცირება მნიშვნელოვანი ბრალის ან დაუდევრობის არარსებობის საფუძველზე
10.6.1 სანქციების შემცირება განსაკუთრებულ გარემოებებში 2.1, 2.2 ან 2.6 მუხლების დარღვევებისთვის.
10.6.1 მუხლით გათვალისწინებული ყველა შემცირება ურთიერთგამომრიცხავია და არ ჯამდება.
10.6.1.1 სპეციფიკური ნივთიერებები ან სპეციფიკური მეთოდები
როდესაც ანტიდოპინგური წესის დარღვევა უკავშირდება სპეციფიკურ ნივთიერებას (გარდა ბოროტად გამოყენებადი ნივთიერებისა) ან სპეციფიკურ მეთოდს და სპორტსმენს ან სხვა პირს შეუძლია დაადასტუროს მნიშვნელოვანი ბრალის ან დაუდევრობის არარსებობა, მაშინ უფლებაჩამორთმევის ვადა იქნება მინიმუმ საყვედური, უფლებაჩამორთმევის ვადის გარეშე, ხოლო მაქსიმუმ ორი (2) წლით უფლებაჩამორთმევა, სპორტსმენის ან სხვა პირის ბრალის ხარისხის მიხედვით.
10.6.1.2 დაბინძურებული წყარო
იმ შემთხვევებში, როდესაც სპორტსმენს ან სხვა პირს შეუძლია დაადასტუროს როგორც მნიშვნელოვანი ბრალის ან დაუდევრობის არარსებობა, ისე ის, რომ აღმოჩენილი აკრძალული ნივთიერება მოხვდა დაბინძურებული წყაროდან, მაშინ უფლებაჩამორთმევის ვადა იქნება მინიმუმ საყვედური, უფლებაჩამორთმევის ვადის გარეშე, ხოლო მაქსიმუმ ორი (2) წლით უფლებაჩამორთმევა, სპორტსმენის ან სხვა პირის ბრალის ხარისხის მიხედვით.70
10.6.1.3 დაცული პირები ან მოყვარული სპორტსმენები
როდესაც ანტიდოპინგური წესის დარღვევა, რომელიც არ უკავშირდება ბოროტად გამოყენებად ნივთიერებას, ჩადენილია დაცული პირის ან მოყვარული სპორტსმენის მიერ და დაცულ პირს ან მოყვარულ სპორტსმენს შეუძლია დაადასტუროს მნიშვნელოვანი ბრალის ან დაუდევრობის არარსებობა, მაშინ უფლებაჩამორთმევის ვადა იქნება მინიმუმ საყვედური, უფლებაჩამორთმევის ვადის გარეშე, ხოლო მაქსიმუმ ორი (2) წლით უფლებაჩამორთმევა, დაცული პირის ან მოყვარული სპორტსმენის ბრალის ხარისხის მიხედვით.
10.6.2 მნიშვნელოვანი ბრალის ან დაუდევრობის არარსებობის გამოყენება 10.6.1 მუხლის გამოყენების ფარგლებს მიღმა71
თუ სპორტსმენი ან სხვა პირი ინდივიდუალურ საქმეში, რომელზეც 10.6.1 მუხლი არ ვრცელდება, დაადასტურებს, რომ მას არ მიუძღვის მნიშვნელოვანი ბრალი ან დაუდევრობა, მაშინ, 10.7 მუხლით გათვალისწინებული შემდგომი შემცირების ან გაუქმების გათვალისწინებით, სხვა შემთხვევაში გამოსაყენებელი უფლებაჩამორთმევის ვადა შეიძლება შემცირდეს სპორტსმენის ან სხვა პირის ბრალის ხარისხის მიხედვით, თუმცა შემცირებული უფლებაჩამორთმევის ვადა არ შეიძლება იყოს სხვა შემთხვევაში გამოსაყენებელი უფლებაჩამორთმევის ვადის ნახევარზე ნაკლები. თუ სხვა შემთხვევაში გამოსაყენებელი უფლებაჩამორთმევის ვადა უვადოა, წინამდებარე მუხლის შესაბამისად შემცირებული ვადა არ შეიძლება იყოს რვა (8) წელზე ნაკლები.
10.7 უფლებაჩამორთმევის ვადის ან სხვა შედეგების გაუქმება, შემცირება ან შეჩერება ბრალისგან განსხვავებული მიზეზებით
10.7.1 ანტიდოპინგური წესის დარღვევის აღიარება სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში
როდესაც სპორტსმენი ან სხვა პირი ნებაყოფლობით აღიარებს ანტიდოპინგური წესის დარღვევის ჩადენას მანამდე, სანამ მიიღებს შეტყობინებას ნიმუშის აღების შესახებ, რომელსაც შეეძლო ანტიდოპინგური წესის დარღვევის დადასტურება (ან, ანტიდოპინგური წესის ისეთი დარღვევის შემთხვევაში, რომელიც არ არის 2.1 მუხლის დარღვევა, მანამდე, სანამ მიიღებს პირველ შეტყობინებას აღიარებული დარღვევის შესახებ მე-7 მუხლის შესაბამისად) და ეს აღიარება აღიარების მომენტისთვის დარღვევის ერთადერთი სანდო მტკიცებულებაა, მაშინ უფლებაჩამორთმევის ვადა შეიძლება შემცირდეს, მაგრამ არა სხვა შემთხვევაში გამოსაყენებელი უფლებაჩამორთმევის ვადის ნახევარზე ნაკლებად.72 წინამდებარე 10.7.1 მუხლის მიზნებისთვის „სხვა შემთხვევაში გამოსაყენებელი“ უფლებაჩამორთმევის ვადა ნიშნავს უფლებაჩამორთმევის ვადას, რომელიც განისაზღვრება 10.2, 10.3, 10.4 და 10.6 მუხლების გამოყენების შემდეგ.
10.7.2 უფლებაჩამორთმევის ვადის შემცირება ანტიდოპინგური წესების დარღვევებისთვის დარღვევის ადრეული აღიარებისა და სანქციის მიღების საფუძველზე
ანტიდოპინგური წესის დარღვევის ბრალდების შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს ოცი (20) დღისა, სპორტსმენი ან სხვა პირი, რომელიც აღიარებს, რომ დარღვევა დადასტურებულია, და ეთანხმება ყველა მითითებულ შედეგს (მათ შორის, ეჭვის გამოსარიცხად, ნებისმიერი უფლებაჩამორთმევის ვადის დაწყების თარიღს), მიიღებს ოცდახუთპროცენტიან (25%) შემცირებას უფლებაჩამორთმევის ვადისა, რომელიც მითითებულია ანტიდოპინგური წესის დარღვევის ბრალდების შესახებ შეტყობინებაში.73 როდესაც მითითებული უფლებაჩამორთმევის ვადა ოთხ (4) წელზე მეტია, მაგრამ უვადოზე ნაკლები, შემცირება შეადგენს ერთ (1) წელს.74 როდესაც მითითებული უფლებაჩამორთმევის ვადა უვადოა, წინამდებარე 10.7.2 მუხლის შესაბამისად შემცირება არ ხორციელდება.
10.7.2 მუხლი არ ვრცელდება 10.2.3.1 ან 10.2.4.1 მუხლებით გათვალისწინებულ ბრალდებულ დარღვევებზე.
როდესაც სპორტსმენი ან სხვა პირი იღებს უფლებაჩამორთმევის ვადის შემცირებას წინამდებარე 10.7.2 მუხლის შესაბამისად, მითითებული უფლებაჩამორთმევის ვადის შემდგომი შემცირება რომელიმე სხვა მუხლის საფუძველზე დაუშვებელია.75 თუ სპორტსმენი ან სხვა პირი წინამდებარე მუხლით დადგენილ ვადაში არ დაეთანხმება უფლებაჩამორთმევის ვადის შემცირებას, მაშინ წინამდებარე მუხლი, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ის, თუ როგორი იქნებოდა ან უნდა ყოფილიყო შემცირება წინამდებარე მუხლის შესაბამისად, არ შეიძლება წამოიჭრას რომელიმე მოსმენაზე ან გასაჩივრებისას.
10.7.3 არსებითი დახმარება კოდექსის დარღვევების გამოვლენასა ან დადასტურებაში76
10.7.3.1 როდესაც მას აქვს შედეგების მართვის უფლებამოსილება, საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას შეუძლია, მე-13 მუხლის შესაბამისად სააპელაციო გადაწყვეტილების მიღებამდე ან გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე, შეაჩეროს ინდივიდუალურ საქმეში დაკისრებული შედეგების ნაწილი (გარდა დისკვალიფიკაციისა და სავალდებულო საჯარო გამჟღავნებისა), როდესაც სპორტსმენმა ან სხვა პირმა გაუწია არსებითი დახმარება ანტიდოპინგურ ორგანიზაციას, სისხლისსამართლებრივ ორგანოს, პროფესიულ დისციპლინურ ორგანოს ან სპორტის კეთილსინდისიერების უფლებამოსილ ორგანოს, რის შედეგადაც:
(i) ანტიდოპინგური ორგანიზაცია ავლენს ფაქტებს, რომლებიც წარმოადგენს ანტიდოპინგური წესის დარღვევას ან 10.14.1 მუხლის დარღვევას, ან აღძრავს საქმეს ასეთ დარღვევასთან დაკავშირებით, რომელიც ჩადენილია სხვა პირის მიერ; ან
(ii) სისხლისსამართლებრივი ან დისციპლინური ორგანო ავლენს ფაქტებს, რომლებიც წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს ან პროფესიული წესების დარღვევას, ან აღძრავს საქმეს ასეთ დანაშაულთან ან დარღვევასთან დაკავშირებით, რომელიც ჩადენილია სხვა პირის მიერ, და არსებითი დახმარების გამწევი ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციისთვის; ან
(iii) მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო ავლენს ფაქტებს, რომლებიც წარმოადგენს კოდექსთან, საერთაშორისო სტანდარტთან, ტექნიკურ დოკუმენტთან ან ტექნიკურ წერილთან შეუსაბამობას, ან აღძრავს საქმეს ასეთ შეუსაბამობასთან დაკავშირებით, ხელმომწერის, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ აკრედიტებული ლაბორატორიის ან სპორტსმენის პასპორტის მართვის ერთეულის (როგორც ეს განმარტებულია ლაბორატორიების საერთაშორისო სტანდარტში) მიმართ; ან
(iv) მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს თანხმობით, სისხლისსამართლებრივი ან დისციპლინური ორგანო ავლენს ფაქტებს, რომლებიც წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს ან პროფესიული ან სპორტული წესების დარღვევას, რომელიც გამომდინარეობს სპორტის კეთილსინდისიერების ისეთი დარღვევიდან, რომელიც არ არის დოპინგი, ან აღძრავს საქმეს ასეთ დანაშაულთან ან დარღვევასთან დაკავშირებით.
მე-13 მუხლის შესაბამისად სააპელაციო გადაწყვეტილების მიღების ან გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას შეუძლია სხვა შემთხვევაში გამოსაყენებელი შედეგების ნაწილის შეჩერება მხოლოდ მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოსა და შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციის თანხმობით.
სხვა შემთხვევაში გამოსაყენებელი უფლებაჩამორთმევის ვადის შეჩერების მოცულობა განისაზღვრება არსებითი დახმარების ღირებულების საფუძველზე, რომელიც სპორტსმენმა ან სხვა პირმა გაუწია სპორტში დოპინგის, კოდექსთან შეუსაბამობისა და/ან სპორტის კეთილსინდისიერების დარღვევების აღმოფხვრის ძალისხმევას. ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება დაცული პირების ან არასრულწლოვანების შესაძლო დოპინგს, განსაკუთრებით ღირებულად ითვლება. იმ პერიოდის ხანგრძლივობის განსაზღვრისას, რომლითაც უფლებაჩამორთმევის ვადა შეჩერებულია, არსებითი დახმარების ღირებულება ფასდება თვეებში ან წლებში და არა თავდაპირველი უფლებაჩამორთმევის ვადის პროცენტულად.77 თუმცა სხვა შემთხვევაში გამოსაყენებელი უფლებაჩამორთმევის ვადის სამ მეოთხედზე მეტის შეჩერება დაუშვებელია. წინამდებარე 10.7.3 მუხლის მიზნებისთვის „სხვა შემთხვევაში გამოსაყენებელი“ უფლებაჩამორთმევის ვადა ნიშნავს უფლებაჩამორთმევის ვადას, რომელიც განისაზღვრება 10.2, 10.3, 10.4, 10.6, 10.7.1, 10.7.2, 10.9 და 10.14.3 მუხლების გამოყენების შემდეგ. თუ სხვა შემთხვევაში გამოსაყენებელი უფლებაჩამორთმევის ვადა უვადოა, წინამდებარე მუხლის შესაბამისად შეუჩერებელი ვადა არ შეიძლება იყოს რვა (8) წელზე ნაკლები. წინამდებარე პუნქტის მიზნებისთვის სხვა შემთხვევაში გამოსაყენებელი უფლებაჩამორთმევის ვადა არ მოიცავს უფლებაჩამორთმევის რაიმე ვადას, რომელიც შეიძლება დაემატოს წინამდებარე ანტიდოპინგური წესების 10.9.3.2 მუხლის შესაბამისად.
საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას შეუძლია თავდაპირველ გადაწყვეტილებაში შეაჩეროს შედეგების უფრო მცირე ნაწილი და, მიღებული ინფორმაციის ღირებულების ხელახალი შეფასების საფუძველზე, გაზარდოს შეჩერებული შედეგების მოცულობა.
თუ ამას მოითხოვს სპორტსმენი ან სხვა პირი, რომელიც ცდილობს გასწიოს არსებითი დახმარება, საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია ვალდებულია, სპორტსმენს ან სხვა პირს მისცეს შესაძლებლობა, მიაწოდოს მას ინფორმაცია უფლებების შეულახავად დადებული შეთანხმების საფუძველზე.
თუ სპორტსმენი ან სხვა პირი არ განაგრძობს თანამშრომლობას და არ უზრუნველყოფს სრულ და სარწმუნო არსებით დახმარებას, რომელსაც ეფუძნებოდა შედეგების შეჩერება, საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია ვალდებულია, აღადგინოს თავდაპირველი შედეგები. თუ საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია გადაწყვეტს შეჩერებული შედეგების აღდგენას ან გადაწყვეტს, არ აღადგინოს შეჩერებული შედეგები, ეს გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივროს ნებისმიერმა პირმა, რომელსაც გასაჩივრების უფლება აქვს მე-13 მუხლის შესაბამისად.
მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს უნდა ეცნობოს 10.7 მუხლთან დაკავშირებით სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში შეტანილი ნებისმიერი საჩივრის შესახებ. თუ მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო უკვე არ არის მხარე, მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს უფლება აქვს, ამ სამართალწარმოებაში ჩაერთოს მხარის სახით.
10.7.3.2 იმისათვის, რომ კიდევ უფრო წახალისდნენ სპორტსმენები და სხვა პირები, გაუწიონ არსებითი დახმარება ანტიდოპინგურ ორგანიზაციებს, საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის მოთხოვნით ან სპორტსმენის ან სხვა პირის მოთხოვნით, რომელმაც ჩაიდინა ან რომელსაც ბრალად ედება ანტიდოპინგური წესის დარღვევის ან 10.14.1 მუხლის დარღვევის ჩადენა, მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს შეუძლია შედეგების მართვის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის მე-13 მუხლის შესაბამისად სააპელაციო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაეთანხმოს სხვა შემთხვევაში გამოსაყენებელი უფლებაჩამორთმევის ვადისა და სხვა შედეგების ისეთ შეჩერებას, რომელსაც იგი მიიჩნევს მიზანშეწონილად. განსაკუთრებულ გარემოებებში მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს შეუძლია არსებითი დახმარებისთვის დაეთანხმოს უფლებაჩამორთმევის ვადისა და სხვა შედეგების შეჩერებას, რომელიც აღემატება წინამდებარე მუხლით სხვაგვარად გათვალისწინებულს, ან თუნდაც უფლებაჩამორთმევის ვადის, სავალდებულო საჯარო გამჟღავნების და/ან საპრიზო თანხის დაბრუნების ან ჯარიმების თუ ხარჯების გადახდის გარეშე დატოვებას. მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს თანხმობა ექვემდებარება შედეგების აღდგენას, როგორც ეს სხვაგვარად გათვალისწინებულია წინამდებარე მუხლით.
10.7.3.3 თუ საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია არსებითი დახმარების გამო აჩერებს სხვა შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქციის რომელიმე ნაწილს, მაშინ გადაწყვეტილების დასაბუთების შემცველი შეტყობინება ეგზავნება სხვა ანტიდოპინგურ ორგანიზაციებს, რომლებსაც გასაჩივრების უფლება აქვთ 13.2.3 მუხლის შესაბამისად, მე-14 მუხლით გათვალისწინებული წესით.
განსაკუთრებულ გარემოებებში, როდესაც მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო მიიჩნევს, რომ ეს ანტიდოპინგური საქმიანობის საუკეთესო ინტერესებს შეესაბამება, მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს შეუძლია საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას მისცეს უფლებამოსილება, დადოს შესაბამისი კონფიდენციალურობის შეთანხმებები, რომლებიც ზღუდავს ან აყოვნებს არსებითი დახმარების შესახებ შეთანხმების ან გაწეული არსებითი დახმარების ხასიათის გამჟღავნებას.
10.7.4 სხვა ღირებული ინფორმაცია და დახმარება სპორტში დოპინგის აღმოფხვრის ძალისხმევაში
როდესაც მას აქვს შედეგების მართვის უფლებამოსილება ანტიდოპინგური წესის დარღვევასთან ან 10.14.1 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას შეუძლია, მე-13 მუხლის შესაბამისად სააპელაციო გადაწყვეტილების მიღებამდე ან გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე, შეაჩეროს ინდივიდუალურ საქმეში დაკისრებული შედეგების ნაწილი (გარდა დისკვალიფიკაციისა და სავალდებულო საჯარო გამჟღავნებისა), როდესაც სპორტსმენმა ან სხვა პირმა მიაწოდა სხვა ღირებული ინფორმაცია და გაუწია დახმარება, რომელიც არ აკმაყოფილებს არსებითი დახმარების ყველა მოთხოვნას, მაგრამ მაინც ძალიან ღირებულია სპორტში დოპინგის აღმოფხვრის ძალისხმევისთვის.78 ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება შესაძლო დოპინგს დაცული პირების ან არასრულწლოვანების მხრიდან, განსაკუთრებით ღირებულად ითვლება.
ანტიდოპინგური წესის დარღვევასთან ან 10.14.1 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით მე-13 მუხლის შესაბამისად სააპელაციო გადაწყვეტილების მიღების ან ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას შეუძლია სხვა შემთხვევაში გამოსაყენებელი შედეგების ნაწილის შეჩერება მხოლოდ მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოსა და შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციის თანხმობით.
სხვა შემთხვევაში გამოსაყენებელი უფლებაჩამორთმევის ვადის შეჩერების მოცულობა განისაზღვრება სპორტში დოპინგის აღმოფხვრის მცდელობისთვის სპორტსმენის ან სხვა პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და დახმარების ღირებულების საფუძველზე. იმ პერიოდის ხანგრძლივობის განსაზღვრისას, რომლითაც ხდება უფლებაჩამორთმევის ვადის შეჩერება, ინფორმაციისა და დახმარების ღირებულება ფასდება თვეებით ან წლებით და არა უფლებაჩამორთმევის თავდაპირველი ვადის პროცენტული წილით. თუმცა, შეიძლება შეჩერდეს სხვა შემთხვევაში გამოსაყენებელი უფლებაჩამორთმევის ვადის არაუმეტეს თხუთმეტი პროცენტისა (15%). წინამდებარე 10.7.4 მუხლის მიზნებისთვის, „სხვა შემთხვევაში გამოსაყენებელი“ უფლებაჩამორთმევის ვადა ნიშნავს უფლებაჩამორთმევის ვადას, რომელიც განისაზღვრა 10.2, 10.3, 10.4, 10.6, 10.7.1, 10.7.2, 10.9 და 10.14.3 მუხლების გამოყენების შემდეგ. თუ სხვა შემთხვევაში გამოსაყენებელი უფლებაჩამორთმევის ვადა უვადოა, წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული შეუჩერებელი ვადა არ უნდა იყოს თექვსმეტ (16) წელზე ნაკლები. წინამდებარე პუნქტის მიზნებისთვის, სხვა შემთხვევაში გამოსაყენებელი უფლებაჩამორთმევის ვადა არ მოიცავს უფლებაჩამორთმევის ნებისმიერ ვადას, რომელიც შეიძლება დაემატოს 10.9.3.2 მუხლის შესაბამისად.
საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას შეუძლია თავდაპირველ გადაწყვეტილებაში შეაჩეროს შედეგების უფრო მცირე ნაწილი და, მიღებული ინფორმაციისა და დახმარების ღირებულების ხელახალი შეფასების საფუძველზე, გაზარდოს შეჩერებული ნაწილის მოცულობა.
თუ ამას მოითხოვს სპორტსმენი ან სხვა პირი, რომელიც ცდილობს სხვა ღირებული ინფორმაციისა და დახმარების გაწევას, საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია ვალდებულია სპორტსმენს ან სხვა პირს მისცეს საშუალება, საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას ინფორმაცია მიაწოდოს უფლებების შეულახავად დადებული შეთანხმების საფუძველზე.
თუ სპორტსმენი ან სხვა პირი არ აგრძელებს თანამშრომლობას და იმ სხვა ღირებული ინფორმაციისა და დახმარების მიწოდებას, რომელსაც ეფუძნებოდა შედეგების შეჩერება, ანტიდოპინგური ორგანიზაცია, რომელმაც შეაჩერა შედეგები, ვალდებულია აღადგინოს თავდაპირველი შედეგები. თუ ანტიდოპინგური ორგანიზაცია გადაწყვეტს შეჩერებული შედეგების აღდგენას ან გადაწყვეტს შეჩერებული შედეგების არაღდგენას, ეს გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივროს ნებისმიერმა პირმა, რომელსაც მე-13 მუხლის შესაბამისად აქვს გასაჩივრების უფლება.
მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს უნდა ეცნობოს 10.7 მუხლთან დაკავშირებული ნებისმიერი საჩივრის შესახებ, რომელიც შეტანილია სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში. თუ მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო უკვე არ არის მხარე, მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს უფლება აქვს, ამ წარმოებაში ჩაერთოს მხარის სახით.
10.8 საქმის მოგვარების შეთანხმებები
როდესაც სპორტსმენი ან სხვა პირი აღიარებს ანტიდოპინგური წესის დარღვევას მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია მას წარუდგენს ანტიდოპინგური წესის დარღვევას, და თანხმდება შედეგებზე, რომლებიც, მათი ექსკლუზიური დისკრეციით, მისაღებია საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციისა და მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოსთვის, მაშინ: (ა) სპორტსმენს ან სხვა პირს შეიძლება შეუმცირდეს უფლებაჩამორთმევის ვადა საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციისა და მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ შემდეგი გარემოებების შეფასების საფუძველზე: 10.1–10.7 მუხლების გამოყენება სავარაუდო ანტიდოპინგური წესის დარღვევის მიმართ, დარღვევის სიმძიმე, სპორტსმენის ან სხვა პირის ბრალის ხარისხი და რამდენად სწრაფად აღიარა სპორტსმენმა ან სხვა პირმა დარღვევა; და (ბ) სპორტსმენის ან სხვა პირის 10.13.1 მუხლით გათვალისწინებული უფლების შეულახავად, უფლებაჩამორთმევის ვადა შეიძლება დაიწყოს უკვე ნიმუშის აღების თარიღიდან ან იმ თარიღიდან, როდესაც ბოლოს მოხდა ანტიდოპინგური წესის სხვა დარღვევა. თუმცა, ყოველ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება წინამდებარე მუხლი, სპორტსმენი ან სხვა პირი ვალდებულია მოიხადოს უფლებაჩამორთმევის შეთანხმებული ვადის სულ მცირე ნახევარი, რომელიც აითვლება შემდეგ თარიღთაგან უფრო ადრეულიდან: თარიღი, როდესაც სპორტსმენი ან სხვა პირი დაეთანხმა სანქციის დაკისრებას, ან დროებითი შეჩერების ძალაში შესვლის თარიღი, თუ ამ დროებით შეჩერებას შემდგომში იცავდა სპორტსმენი ან სხვა პირი.79 გადაწყვეტილება, რომელსაც მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო და საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია იღებენ საქმის მოგვარების შეთანხმების დადების ან არდადების შესახებ, და შედეგები, რომლებზეც შეთანხმდნენ მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო, საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია და სპორტსმენი ან სხვა პირი, მათ შორის უფლებაჩამორთმევის ვადის დაწყების თარიღი, არ ექვემდებარება განმხილველი ორგანოს მიერ განსაზღვრას ან განხილვას და არ ექვემდებარება გასაჩივრებას მე-13 მუხლის შესაბამისად.
თუ ამას მოითხოვს სპორტსმენი ან სხვა პირი, რომელიც ცდილობს წინამდებარე მუხლის შესაბამისად საქმის მოგვარების შეთანხმების დადებას, საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია ვალდებულია სპორტსმენს ან სხვა პირს მისცეს საშუალება, მასთან ანტიდოპინგური წესის დარღვევის აღიარება განიხილოს უფლებების შეულახავად დადებული შეთანხმების საფუძველზე.80
10.9 მრავალჯერადი დარღვევები
10.9.1 ანტიდოპინგური წესის მეორე ან მესამე დარღვევა
10.9.1.1 სპორტსმენის ან სხვა პირის მიერ ანტიდოპინგური წესის მეორე დარღვევისთვის უფლებაჩამორთმევის ვადა არის შემდეგთაგან უფრო ხანგრძლივი:
ექვსთვიანი უფლებაჩამორთმევის ვადა; ან
უფლებაჩამორთმევის ვადა შემდეგ შუალედში:
(i) ანტიდოპინგური წესის პირველი დარღვევისთვის დაკისრებული უფლებაჩამორთმევის ვადისა და ანტიდოპინგური წესის მეორე დარღვევისთვის, ისე, თითქოს ის პირველი დარღვევა იყოს, სხვა შემთხვევაში გამოსაყენებელი უფლებაჩამორთმევის ვადის ჯამი, და
(ii) ორჯერ გაზრდილი უფლებაჩამორთმევის ვადა, რომელიც სხვა შემთხვევაში გამოიყენებოდა ანტიდოპინგური წესის მეორე დარღვევის მიმართ, ისე, თითქოს ის პირველი დარღვევა იყოს.
უფლებაჩამორთმევის ვადა ამ შუალედში განისაზღვრება გარემოებათა ერთობლიობისა და მეორე დარღვევასთან მიმართებით სპორტსმენის ან სხვა პირის ბრალის ხარისხის საფუძველზე.
10.9.1.2 ანტიდოპინგური წესის მესამე დარღვევა ყოველთვის იწვევს უვადო უფლებაჩამორთმევას , გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მესამე დარღვევა აკმაყოფილებს უფლებაჩამორთმევის ვადის გაუქმების ან შემცირების პირობას 10.5 ან 10.6 მუხლის შესაბამისად, ან მოიცავს 2.4 მუხლის დარღვევას. ამ კონკრეტულ შემთხვევებში უფლებაჩამორთმევის ვადა იქნება რვა (8) წლიდან უვადო უფლებაჩამორთმევამდე.
10.9.1.3 10.9.1.1 და 10.9.1.2 მუხლებით დადგენილი უფლებაჩამორთმევის ვადა შემდგომ შეიძლება დამატებით შეჩერდეს 10.7.3 ან 10.7.4 მუხლის გამოყენებით.
10.9.2 ანტიდოპინგური წესის დარღვევა, რომლის მიმართაც სპორტსმენმა ან სხვა პირმა დაადასტურა ბრალის ან დაუდევრობის არარსებობა, წინამდებარე 10.9 მუხლის მიზნებისთვის დარღვევად არ განიხილება. გარდა ამისა, 10.2.3.1 ან 10.2.4.1 მუხლის შესაბამისად დასანქცირებული ანტიდოპინგური წესის დარღვევა 10.9 მუხლის მიზნებისთვის დარღვევად არ განიხილება.
10.9.3 დამატებითი წესები გარკვეული პოტენციური მრავალჯერადი დარღვევებისთვის81
10.9.3.1 10.9 მუხლის შესაბამისად სანქციების დაკისრების მიზნებისთვის, გარდა 10.9.3.2 და 10.9.3.3 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ანტიდოპინგური წესის დარღვევა მეორე დარღვევად განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია დაადასტურებს, რომ სპორტსმენმა ან სხვა პირმა ანტიდოპინგური წესის დამატებითი დარღვევა ჩაიდინა მას შემდეგ, რაც სპორტსმენმა ან სხვა პირმა მე-7 მუხლის შესაბამისად, შედეგების მართვის საერთაშორისო სტანდარტის თანახმად, მიიღო თავდაპირველი შეტყობინება ანტიდოპინგური წესის პირველი პოტენციური დარღვევის შესახებ, ან მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნულმა ანტიდოპინგურმა ორგანიზაციამ გონივრული ძალისხმევა გასწია ასეთი შეტყობინების გასაგზავნად. თუ საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია ამას ვერ დაადასტურებს, დარღვევები ერთად განიხილება როგორც ერთი პირველი დარღვევა, ხოლო დაკისრებული სანქცია ეფუძნება იმ დარღვევას, რომელიც უფრო მკაცრ სანქციას ითვალისწინებს, მათ შორის დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით. ანტიდოპინგური წესის უფრო ადრეული დარღვევიდან მოყოლებული ყველა შეჯიბრებაში მიღებული შედეგები დისკვალიფიცირდება 10.10 მუხლით გათვალისწინებული წესით.82
10.9.3.2 თუ საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია დაადასტურებს, რომ სპორტსმენმა ან სხვა პირმა ანტიდოპინგური წესის დამატებითი დარღვევა ჩაიდინა დარღვევის შესახებ პირველი შეტყობინების მიღებამდე და რომ დამატებითი დარღვევა მოხდა პირველი შეტყობინებული დარღვევიდან თორმეტი (12) ან მეტი თვით ადრე ან გვიან, მაშინ დამატებითი დარღვევისთვის უფლებაჩამორთმევის ვადა გამოითვლება ისე, თითქოს დამატებითი დარღვევა იყოს დამოუკიდებელი პირველი დარღვევა, და ეს უფლებაჩამორთმევის ვადა მოიხდება პირველი შეტყობინებული დარღვევისთვის დაკისრებულ უფლებაჩამორთმევის ვადასთან მიმართებით თანმიმდევრულად და არა ერთდროულად. როდესაც გამოიყენება წინამდებარე 10.9.3.2 მუხლი, ერთად აღებული დარღვევები 10.9.1 მუხლის მიზნებისთვის წარმოადგენს ერთ დარღვევას.
10.9.3.3 თუ საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია დაადასტურებს, რომ სპორტსმენმა ან სხვა პირმა ჩაიდინა 2.5 მუხლის დარღვევა ძირითად სავარაუდო ანტიდოპინგური წესის დარღვევასთან დაკავშირებული დოპინგკონტროლის პროცესის დროს, 2.5 მუხლის დარღვევა განიხილება როგორც დამოუკიდებელი პირველი დარღვევა და ასეთი დარღვევისთვის უფლებაჩამორთმევის ვადა მოიხდება ძირითადი ანტიდოპინგური წესის დარღვევისთვის დაკისრებულ უფლებაჩამორთმევის ვადასთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიმართებით თანმიმდევრულად და არა ერთდროულად. როდესაც გამოიყენება წინამდებარე 10.9.3.3 მუხლი, ერთად აღებული დარღვევები 10.9.1 მუხლის მიზნებისთვის წარმოადგენს ერთ დარღვევას.
10.9.3.4 როდესაც სპორტსმენს ბრალად ედება ანტიდოპინგური წესის მეორე დარღვევა 2.1 მუხლის შესაბამისად, და სპორტსმენს შეუძლია დაადასტუროს, რომ უარყოფითი ანალიზის შედეგი ანტიდოპინგური წესის მეორე დარღვევასთან დაკავშირებით გამოწვეული იყო მხოლოდ მის ორგანიზმში აკრძალული ნივთიერების ნარჩენი არსებობით, იმავე მიღების ან გამოყენების შედეგად, რამაც გამოიწვია ანტიდოპინგური წესის პირველი დარღვევა, სპორტსმენი ჩაითვლება, რომ დაადასტურა მეორე დარღვევის მიმართ ბრალის ან დაუდევრობის არარსებობა, და მეორე დარღვევა 10.9 მუხლის მიზნებისთვის დარღვევად არ განიხილება.83
10.9.3.5 თუ საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია დაადასტურებს, რომ სპორტსმენმა ან სხვა პირმა ანტიდოპინგური წესის მეორე ან მესამე დარღვევა ჩაიდინა უფლებაჩამორთმევის ვადის განმავლობაში, მრავალჯერადი დარღვევებისთვის უფლებაჩამორთმევის ვადები აითვლება თანმიმდევრულად და არა ერთდროულად.
10.9.4 ანტიდოპინგური წესის მრავალჯერადი დარღვევები ათწლიანი პერიოდის განმავლობაში
10.9 მუხლის მიზნებისთვის, ანტიდოპინგური წესის თითოეული დარღვევა უნდა მოხდეს ერთი და იმავე ათწლიანი პერიოდის ფარგლებში, იმისათვის, რომ ჩაითვალოს მრავალჯერად დარღვევებად.
10.10 შედეგების დისკვალიფიკაცია შეჯიბრებებში, რომლებიც გაიმართა ნიმუშის აღების ან ანტიდოპინგური წესის დარღვევის ჩადენის შემდეგ
მე-9 მუხლის შესაბამისად იმ შეჯიბრების, რომელშიც აღებულ იქნა დადებითი ნიმუში, შედეგების ავტომატური დისკვალიფიკაციის გარდა, სპორტსმენის ყველა სხვა შეჯიბრებითი შედეგი, რომელიც მიღებულია დადებითი ნიმუშის აღების თარიღიდან (მიუხედავად იმისა, აღებულ იქნა ის შეჯიბრების პერიოდში თუ შეჯიბრებებს შორის პერიოდში) ან ანტიდოპინგური წესის სხვა დარღვევის მოხდენის თარიღიდან ნებისმიერი დროებითი შეჩერების ან უფლებაჩამორთმევის ვადის დაწყებამდე, თუ სამართლიანობა სხვა რამეს არ მოითხოვს, დისკვალიფიცირდება ყველა შესაბამისი შედეგით, მათ შორის ნებისმიერი მედლის, ქულისა და პრიზის ჩამორთმევით.84
10.11 ჩამორთმეული საპრიზო თანხა
თუ საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია დაიბრუნებს ანტიდოპინგური წესის დარღვევის შედეგად ჩამორთმეულ საპრიზო თანხას, ის ვალდებულია მიიღოს გონივრული ზომები ამ საპრიზო თანხის იმ სპორტსმენებისთვის გასანაწილებლად და გადასაცემად, რომლებიც მასზე უფლებამოსილნი იქნებოდნენ, თანხაჩამორთმეულ სპორტსმენს შეჯიბრებაში მონაწილეობა რომ არ მიეღო.85
10.12 ფინანსური შედეგები
10.12.1 როდესაც სპორტსმენი ან სხვა პირი ჩაიდენს ანტიდოპინგური წესის დარღვევას, საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას შეუძლია, საკუთარი დისკრეციით და პროპორციულობის პრინციპის დაცვით, გადაწყვიტოს: (ა) სპორტსმენს ან სხვა პირს დააკისროს ანტიდოპინგური წესის დარღვევასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება, დაკისრებული უფლებაჩამორთმევის ვადის მიუხედავად, და/ან (ბ) სპორტსმენს ან სხვა პირს დააკისროს ჯარიმა 1000 ლარამდე ოდენობით, მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც სხვა შემთხვევაში გამოსაყენებელი უფლებაჩამორთმევის მაქსიმალური ვადა უკვე დაკისრებულია.
10.12.2 ფინანსური სანქციის დაკისრება ან საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ ხარჯების ანაზღაურება არ განიხილება უფლებაჩამორთმევის ან სხვა სანქციის შემცირების საფუძვლად, რომელიც სხვა შემთხვევაში გამოიყენებოდა წინამდებარე ანტიდოპინგური წესების შესაბამისად.
10.13 უფლებაჩამორთმევის ვადის დაწყება
როდესაც სპორტსმენი უკვე იხდის უფლებაჩამორთმევის ვადას ანტიდოპინგური წესის დარღვევისთვის, უფლებაჩამორთმევის ნებისმიერი ახალი ვადა იწყება მიმდინარე უფლებაჩამორთმევის ვადის მოხდის შემდეგ პირველივე დღეს. სხვა შემთხვევაში, ქვემოთ გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, უფლებაჩამორთმევის ვადა იწყება მოსმენის შედეგად მიღებული იმ საბოლოო გადაწყვეტილების თარიღიდან, რომელიც ითვალისწინებს უფლებაჩამორთმევას, ან, თუ მოსმენაზე უარი ითქვა ან მოსმენა არ ჩატარებულა, იმ თარიღიდან, როდესაც უფლებაჩამორთმევა იქნა მიღებული ან სხვაგვარად დაკისრებული.
10.13.1 შეფერხებები, რომლებიც არ არის გამოწვეული სპორტსმენის ან სხვა პირის მიზეზით
როდესაც მოსმენის პროცესში ან დოპინგკონტროლის სხვა ასპექტებში ადგილი ჰქონდა არსებით შეფერხებებს და სპორტსმენს ან სხვა პირს შეუძლია დაადასტუროს, რომ ასეთი შეფერხებები არ არის გამოწვეული სპორტსმენის ან სხვა პირის მიზეზით, საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას ან დისციპლინურ პანელს, შესაბამისი შემთხვევის არსებობისას, შეუძლია უფლებაჩამორთმევის ვადის დაწყება განსაზღვროს უფრო ადრეული თარიღიდან, მაგრამ არა უადრეს ნიმუშის აღების თარიღისა ან იმ თარიღისა, როდესაც ბოლოს მოხდა ანტიდოპინგური წესის სხვა დარღვევა. უფლებაჩამორთმევის ვადის განმავლობაში, მათ შორის რეტროაქტიული უფლებაჩამორთმევის განმავლობაში, მიღწეული ყველა შეჯიბრებითი შედეგი დისკვალიფიცირდება.86
10.13.2 მოხდილი დროებითი შეჩერების ან უფლებაჩამორთმევის ვადის ჩათვლა
10.13.2.1 თუ დროებით შეჩერებას იცავს სპორტსმენი ან სხვა პირი, მაშინ სპორტსმენს ან სხვა პირს ასეთი დროებითი შეჩერების ვადა ჩაეთვლება უფლებაჩამორთმევის ნებისმიერ ვადაში, რომელიც შეიძლება საბოლოოდ დაეკისროს. თუ სპორტსმენი ან სხვა პირი არ იცავს დროებით შეჩერებას, მაშინ სპორტსმენს ან სხვა პირს არ ჩაეთვლება დროებითი შეჩერების არც ერთი მოხდილი ვადა. თუ უფლებაჩამორთმევის ვადა მოიხდება ისეთი გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც შემდგომ გასაჩივრდა, მაშინ სპორტსმენს ან სხვა პირს ასეთი მოხდილი უფლებაჩამორთმევის ვადა ჩაეთვლება უფლებაჩამორთმევის ნებისმიერ ვადაში, რომელიც შეიძლება საბოლოოდ დაეკისროს გასაჩივრების შედეგად.
10.13.2.2 თუ სპორტსმენი ან სხვა პირი საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციისგან წერილობით ნებაყოფლობით იღებს დროებით შეჩერებას და შემდგომ იცავს დროებით შეჩერებას, სპორტსმენს ან სხვა პირს ნებაყოფლობითი დროებითი შეჩერების ასეთი ვადა ჩაეთვლება უფლებაჩამორთმევის ნებისმიერ ვადაში, რომელიც შეიძლება საბოლოოდ დაეკისროს. სპორტსმენის ან სხვა პირის მიერ დროებითი შეჩერების ნებაყოფლობით მიღების დოკუმენტის ასლი დაუყოვნებლივ უნდა მიეწოდოს თითოეულ მხარეს, რომელსაც 14.1 მუხლის შესაბამისად აქვს ანტიდოპინგური წესის სავარაუდო დარღვევის შესახებ შეტყობინების მიღების უფლება.87
10.13.2.3 უფლებაჩამორთმევის ვადაში არ ჩაითვლება არანაირი დროის პერიოდი დროებითი შეჩერების ან ნებაყოფლობითი დროებითი შეჩერების ძალაში შესვლის თარიღამდე, მიუხედავად იმისა, სპორტსმენმა თავად გადაწყვიტა შეჯიბრებაში მონაწილეობაზე უარის თქმა თუ ის შეჩერებულ იქნა გუნდის მიერ.
10.14 სტატუსი უფლებაჩამორთმევის ან დროებითი შეჩერების განმავლობაში
10.14.1 მონაწილეობის აკრძალვა უფლებაჩამორთმევის ან დროებითი შეჩერების განმავლობაში
არც ერთ სპორტსმენს ან სხვა პირს, რომელიც გამოცხადებულია უფლებაჩამორთმეულად ან რომლის მიმართაც მოქმედებს დროებითი შეჩერება, უფლებაჩამორთმევის ან დროებითი შეჩერების ვადის განმავლობაში არ შეუძლია:
ნებისმიერი სტატუსით იასპარეზოს ან მიიღოს მონაწილეობა შეჯიბრებაში ან საქმიანობაში (გარდა ავტორიზებული ანტიდოპინგური საგანმანათლებლო ან სარეაბილიტაციო პროგრამებისა), რომელიც ავტორიზებული, ორგანიზებული ან დაფინანსებულია ნებისმიერი ხელმომწერის, ხელმომწერის წევრი ორგანიზაციის, ან ხელმომწერის წევრი ორგანიზაციის კლუბის ან სხვა წევრი ორგანიზაციის მიერ;
ნებისმიერი სტატუსით იასპარეზოს ან მიიღოს მონაწილეობა შეჯიბრებებში ან სავარჯიშო საქმიანობაში, რომელიც ავტორიზებული ან ორგანიზებულია ნებისმიერი პროფესიული ლიგის, ნებისმიერი პროფესიული ღონისძიების88 ორგანიზაციის ან ნებისმიერი საერთაშორისო ან ეროვნული დონის ღონისძიების ორგანიზაციის მიერ, თუ ეს უკვე არ არის მოცული 10.14.1(i) მუხლით;
ნებისმიერი სტატუსით იასპარეზოს ან მიიღოს მონაწილეობა შეჯიბრებებში ან სავარჯიშო საქმიანობაში, რომელიც დაფინანსებულია სახელმწიფო უწყების მიერ;
გაუწიოს სპორტთან დაკავშირებული ნებისმიერი მომსახურება, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, იმუშაოს მწვრთნელად ან სპორტსმენის დამხმარე პერსონალის სხვა წევრად, ნებისმიერი სპორტსმენისთვის ან სხვა პირისთვის, რომელიც სავალდებულოდ ექვემდებარება კოდექსის შესაბამისად მიღებულ წესებს (და ასეთმა ქმედებამ შეიძლება ასევე გამოიწვიოს 2.10 მუხლის დარღვევა ასეთი სპორტსმენის (სპორტსმენების) მიერ);
იყოს გამგეობის წევრი, თანამდებობის პირი, დირექტორი, ოფიციალური პირი ან უმაღლესი რანგის ხელმძღვანელი, ან ეკავოს ნებისმიერი თანამდებობა, რომელიც დაკავშირებულია დოპინგკონტროლთან ან გულისხმობს უშუალო კონტაქტს სპორტსმენებთან ან სპორტსმენის დამხმარე პერსონალთან, ნებისმიერ ხელმომწერში, ხელმომწერის წევრ ორგანიზაციაში, ან ხელმომწერის წევრი ორგანიზაციის კლუბში ან სხვა წევრ ორგანიზაციაში; ან
მიიღოს ანაზღაურება ნებისმიერი ხელმომწერისგან, ხელმომწერის წევრი ორგანიზაციისგან, ან ხელმომწერის წევრი ორგანიზაციის კლუბისგან ან სხვა წევრი ორგანიზაციისგან, გარდა ისეთი მომსახურებისთვის დასაქმების ანაზღაურებისა, რომელიც არ არის აკრძალული ზემოთ, 10.14.1 მუხლის (v) ქვეპუნქტში აღწერილი წესით.89
სპორტსმენს ან სხვა პირს, რომელსაც დაკისრებული აქვს ოთხ (4) წელზე მეტი ხანგრძლივობის უფლებაჩამორთმევის ვადა, უფლებაჩამორთმევის ვადიდან ოთხი (4) წლის მოხდის შემდეგ შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, როგორც სპორტსმენმა, ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში, რომლებიც არ არის სანქცირებული კოდექსის ხელმომწერის ან კოდექსის ხელმომწერის წევრის მიერ ან სხვაგვარად არ ექვემდებარება მათ უფლებამოსილებას, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ადგილობრივი სპორტული ღონისძიება არ არის ისეთ დონეზე, რომელსაც სხვაგვარად შეეძლო ასეთი სპორტსმენის ან სხვა პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ კვალიფიკაცია ეროვნულ ჩემპიონატში ან საერთაშორისო ღონისძიებაში ასპარეზობისთვის (ან მათთვის ქულების დაგროვება), და არ გულისხმობს სპორტსმენის ან სხვა პირის ნებისმიერი სტატუსით მუშაობას დაცულ პირებთან ან არასრულწლოვნებთან.
სპორტსმენი ან სხვა პირი, რომელსაც დაკისრებული აქვს უფლებაჩამორთმევის ვადა და რომელსაც არ დაუსრულებია სპორტული კარიერა, კვლავ ექვემდებარება ტესტირებას და საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის ნებისმიერ მოთხოვნას ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის წარდგენასთან დაკავშირებით.90
10.14.2 ვარჯიშზე დაბრუნება
10.14.1 მუხლისგან გამონაკლისის სახით, სპორტსმენს შეუძლია დაუბრუნდეს გუნდთან ერთად ვარჯიშს ან საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის ან სხვა ხელმომწერის წევრი ორგანიზაციის კლუბის ან სხვა წევრი ორგანიზაციის ობიექტების გამოყენებას შემდეგ პერიოდთაგან უფრო მოკლის განმავლობაში: (1) სპორტსმენის უფლებაჩამორთმევის ვადის ბოლო ორი თვე, ან (2) დაკისრებული უფლებაჩამორთმევის ვადის ბოლო მეოთხედი. ვარჯიშისთვის დაშვებული პერიოდი იმ სპორტსმენებისთვის, რომლებიც ანტიდოპინგური წესის დარღვევის მომენტში იყვნენ დაცული პირები, არის დაკისრებული უფლებაჩამორთმევის ვადის ბოლო ნახევარი.91
10.14.3 მონაწილეობის აკრძალვის დარღვევა უფლებაჩამორთმევის ან დროებითი შეჩერების განმავლობაში
როდესაც სპორტსმენი ან სხვა პირი, რომელიც გამოცხადებულია უფლებაჩამორთმეულად არღვევს 10.14.1 მუხლით გათვალისწინებულ უფლებაჩამორთმევის განმავლობაში მონაწილეობის აკრძალვას, ასეთი მონაწილეობის შედეგები დისკვალიფიცირდება და უფლებაჩამორთმევის თავდაპირველი ვადის ტოლი ხანგრძლივობის ახალი უფლებაჩამორთმევის ვადა დაემატება თავდაპირველი უფლებაჩამორთმევის ვადის ბოლოს. ახალი უფლებაჩამორთმევის ვადა შეიძლება შემცირდეს გაფრთხილებამდე და უფლებაჩამორთმევის ვადის გარეშე დატოვებამდე, სპორტსმენის ან სხვა პირის ბრალის ხარისხისა და საქმის სხვა გარემოებების საფუძველზე. კოდექსის 7.1.4 მუხლის გათვალისწინებით, იმის განსაზღვრას, დაარღვია თუ არა სპორტსმენმა ან სხვა პირმა მონაწილეობის აკრძალვა და მიზანშეწონილია თუ არა ვადის შემცირება, ახორციელებს ანტიდოპინგური ორგანიზაცია, რომლის მიერ განხორციელებულმა შედეგების მართვამ განაპირობა უფლებაჩამორთმევის თავდაპირველი ვადის დაკისრება. ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მე-13 მუხლის შესაბამისად.
სპორტსმენს ან სხვა პირს, რომელიც არღვევს 10.14.1 მუხლით გათვალისწინებულ დროებითი შეჩერების განმავლობაში მონაწილეობის აკრძალვას, არ ჩაეთვლება დროებითი შეჩერების არც ერთი მოხდილი ვადა და ასეთი მონაწილეობის შედეგები დისკვალიფიცირდება.
როდესაც სპორტსმენის დამხმარე პერსონალის წარმომადგენელი ან სხვა პირი ეხმარება პირს უფლებაჩამორთმევის ან დროებითი შეჩერების განმავლობაში მონაწილეობის აკრძალვის დარღვევაში, საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია ვალდებულია, ასეთი დახმარებისთვის დააკისროს სანქციები 2.9 მუხლის დარღვევისთვის.
10.14.4 ფინანსური მხარდაჭერის შეწყვეტა უფლებაჩამორთმევის განმავლობაში
გარდა ამისა, ანტიდოპინგური წესის ნებისმიერი დარღვევისთვის, რომელიც არ გულისხმობს 10.5 ან 10.6 მუხლით გათვალისწინებულ შემცირებულ სანქციას, ასეთი პირის მიერ მიღებული სპორტთან დაკავშირებული ფინანსური მხარდაჭერის ან სპორტთან დაკავშირებული სხვა სარგებლის ნაწილს ან სრულ მოცულობას შეწყვეტს საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია, საქართველოს მთავრობა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, საქართველოს ეროვნული პარალიმპიური კომიტეტი და ეროვნული ფედერაციები, ასევე სხვა ხელმომწერები ან ხელმომწერების წევრი ორგანიზაციები, შესაბამისად.
10.15 სანქციის ავტომატური გამოქვეყნება
თითოეული სანქციის სავალდებულო ნაწილია ავტომატური გამოქვეყნება, როგორც ეს გათვალისწინებულია 14.3 მუხლით.
მუხლი 11 შედეგები გუნდებისთვის
11.1 ტესტირება გუნდური სპორტის სახეობებში
როდესაც გუნდური სპორტის სახეობის გუნდის ერთზე (1) მეტ წევრს მე-7 მუხლის შესაბამისად ეცნობა ანტიდოპინგური წესის დარღვევის შესახებ ღონისძიებასთან დაკავშირებით, ღონისძიების მმართველი ორგანო ვალდებულია, ჩაატაროს გუნდის შესაბამისი მიზნობრივი ტესტირება ღონისძიების პერიოდის განმავლობაში.
11.2 შედეგები გუნდური სპორტის სახეობებისთვის
თუ დადგინდება, რომ გუნდური სპორტის სახეობის გუნდის ორზე (2) მეტმა წევრმა ჩაიდინა ანტიდოპინგური წესის დარღვევა ან 10.14.1 მუხლის დარღვევა ღონისძიების პერიოდის განმავლობაში, ღონისძიების მმართველი ორგანო ვალდებულია, გუნდს დააკისროს შესაბამისი სანქცია (მაგალითად, ქულების ჩამორთმევა, დისკვალიფიკაცია შეჯიბრებიდან ან ღონისძიებიდან, ან სხვა სანქცია) დამატებით ნებისმიერი იმ შედეგებისა, რომლებიც დაეკისრათ ცალკეულ სპორტსმენებს, რომლებმაც ჩაიდინეს ანტიდოპინგური წესის დარღვევა ან 10.14.1 მუხლის დარღვევა.92 გუნდური სპორტის სახეობებში, როდესაც უფლებაჩამორთმევის ვადა ეკისრება გუნდს, თუ სამართლიანობა სხვა რამეს არ მოითხოვს, უფლებაჩამორთმევის ვადა იწყება მოსმენის შედეგად მიღებული იმ საბოლოო გადაწყვეტილების თარიღიდან, რომელიც ითვალისწინებს უფლებაჩამორთმევას, ან, თუ მოსმენაზე უარი ითქვა, იმ თარიღიდან, როდესაც უფლებაჩამორთმევა იქნა მიღებული ან სხვაგვარად დაკისრებული. გუნდის დროებითი შეჩერების ნებისმიერი ვადა (მიუხედავად იმისა, დაკისრებულია ის თუ ნებაყოფლობით მიღებული) ჩაითვლება მოსახდელი უფლებაჩამორთმევის მთლიან ვადაში.
11.3 ღონისძიების მმართველ ორგანოს ან საერთაშორისო ფედერაციას შეუძლია დაადგინოს უფრო მკაცრი შედეგები გუნდური სპორტის სახეობებისთვის
ღონისძიების მმართველ ორგანოს შეუძლია გადაწყვიტოს, დაადგინოს ღონისძიების წესები, რომლებიც შედეგებს აწესებს გუნდური სპორტის სახეობებისთვის 11.2 მუხლით გათვალისწინებულზე უფრო მკაცრს, ღონისძიების მიზნებისთვის.93
მუხლი 12 საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ სხვა სპორტული ორგანოების მიმართ დაკისრებული სანქციები
როდესაც საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციისთვის ცნობილი გახდება, რომ საქართველოს ეროვნულმა ფედერაციამ ან საქართველოში ნებისმიერმა სხვა სპორტულმა ორგანომ, რომელზეც ის უფლებამოსილებას ახორციელებს, ვერ უზრუნველყო წინამდებარე ანტიდოპინგური წესების დაცვა, განხორციელება, მხარდაჭერა და აღსრულება ამ ორგანიზაციის ან ორგანოს კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას შეუძლია მოითხოვოს, რომ საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, საქართველოს მთავრობამ ან შესაბამისმა საერთაშორისო ფედერაციამ მიიღონ შემდეგი დამატებითი დისციპლინური ზომები, ან, თუ ამის უფლებამოსილება აქვს, თავად მიიღოს შემდეგი დამატებითი დისციპლინური ზომები:
12.1 ამ ორგანიზაციის ან ორგანოს ყველა წევრის ან წევრთა გარკვეული ჯგუფის მონაწილეობის აკრძალვა სამომავლოდ განსაზღვრულ ღონისძიებებში ან ყველა ღონისძიებაში, რომლებიც ტარდება განსაზღვრული დროის პერიოდის განმავლობაში.
12.2 დამატებითი დისციპლინური ზომების მიღება ამ ორგანიზაციის ან ორგანოს აღიარების, მისი წევრების საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობის უფლების მიმართ, და/ან ამ ორგანიზაციის ან ორგანოს დაჯარიმება შემდეგის საფუძველზე:
12.2.1 წინამდებარე ანტიდოპინგური წესების ოთხი (4) ან მეტი დარღვევა (გარდა 2.4 მუხლთან დაკავშირებული დარღვევებისა) ჩადენილია ამ ორგანიზაციასთან ან ორგანოსთან აფილირებული სპორტსმენების ან სხვა პირების მიერ თორმეტი (12) თვის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში: (ა) ამ ორგანიზაციის ან ორგანოს ყველა წევრს ან წევრთა გარკვეულ ჯგუფს შეიძლება აეკრძალოს საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის ნებისმიერ საქმიანობაში მონაწილეობა ორ (2) წლამდე ვადით და/ან (ბ) ამ ორგანიზაციას ან ორგანოს შეიძლება დაეკისროს ჯარიმა 7000 ლარამდე ოდენობით
12.2.2 12.2.1 მუხლით აღწერილი დარღვევების დამატებით, წინამდებარე ანტიდოპინგური წესების ოთხი (4) ან მეტი დარღვევა (გარდა 2.4 მუხლთან დაკავშირებული დარღვევებისა) ჩადენილია ამ ორგანიზაციასთან ან ორგანოსთან აფილირებული სპორტსმენების ან სხვა პირების მიერ თორმეტი (12) თვის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში ამ ორგანიზაციის ან ორგანოს საქმიანობა შეიძლება შეჩერდეს ოთხ (4) წლამდე ვადით.
12.2.3 ამ ორგანიზაციასთან ან ორგანოსთან აფილირებული ერთზე მეტი სპორტსმენი ან სხვა პირი ჩაიდენს ანტიდოპინგური წესის დარღვევას საერთაშორისო ღონისძიების განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში ამ ორგანიზაციას ან ორგანოს შეიძლება დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარამდე ოდენობით
12.2.4 ამ ორგანიზაციამ ან ორგანომ არ გასწია ჯეროვანი ძალისხმევა, რათა საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია სპორტსმენის ადგილსამყოფლის შესახებ, საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციისგან ამ ინფორმაციის მოთხოვნის მიღების შემდეგ. ასეთ შემთხვევაში ამ ორგანიზაციას ან ორგანოს შეიძლება დაეკისროს ჯარიმა თითოეულ სპორტსმენზე 1000 ლარამდე ოდენობით, ასევე ყველა იმ ხარჯის ანაზღაურება, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ანტიდოპინგურმა ორგანიზაციამ გასწია ამ ორგანიზაციის ან ორგანოს სპორტსმენების ტესტირებისას.
12.3 ამ ორგანიზაციისთვის ან ორგანოსთვის დაფინანსების ან სხვა ფინანსური და არაფინანსური მხარდაჭერის ნაწილობრივ ან სრულად შეწყვეტა.
12.4 ამ ორგანიზაციისთვის ან ორგანოსთვის საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის სასარგებლოდ ყველა ხარჯის (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ლაბორატორიული მომსახურების საფასურის, მოსმენის ხარჯებისა და მგზავრობის ხარჯების) ანაზღაურების დაკისრება, რომლებიც დაკავშირებულია წინამდებარე ანტიდოპინგური წესების დარღვევასთან, რომელიც ჩაიდინა ამ ორგანიზაციასთან ან ორგანოსთან აფილირებულმა სპორტსმენმა ან სხვა პირმა.
მუხლი 13 შედეგების მართვა: გასაჩივრება94
13.1 გასაჩივრებას დაქვემდებარებული გადაწყვეტილებები
კოდექსის ან წინამდებარე ანტიდოპინგური წესების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს ქვემოთ, 13.2–13.4 მუხლებით დადგენილი წესით ან წინამდებარე ანტიდოპინგური წესებით, კოდექსით ან საერთაშორისო სტანდარტებით სხვაგვარად გათვალისწინებული წესით. ასეთი გადაწყვეტილებები გასაჩივრების პერიოდში ძალაში რჩება, თუ სააპელაციო ორგანო სხვაგვარად არ განკარგავს.
13.1.1 განხილვის ფარგლები არ არის შეზღუდული
გასაჩივრებისას განხილვის ფარგლები მოიცავს საქმესთან დაკავშირებულ ყველა საკითხს და პირდაპირ არ შემოიფარგლება იმ საკითხებით ან განხილვის ფარგლებით, რომლებიც არსებობდა თავდაპირველი გადაწყვეტილების მიმღების წინაშე. გასაჩივრების ნებისმიერ მხარეს შეუძლია წარადგინოს მტკიცებულებები, სამართლებრივი არგუმენტები და მოთხოვნები, რომლებიც არ ყოფილა წამოჭრილი პირველი ინსტანციის მოსმენაზე, თუ ისინი გამომდინარეობს იმავე სარჩელის საფუძვლიდან ან იმავე ზოგადი ფაქტებიდან ან გარემოებებიდან, რომლებიც წამოიჭრა ან განხილულ იქნა პირველი ინსტანციის მოსმენაზე.95
13.1.2 სპორტის საარბიტრაჟო სასამართლო არ არის შებოჭილი გასაჩივრებული დასკვნებით
13.1.4 მუხლის გათვალისწინებით, გადაწყვეტილების მიღებისას სპორტის საარბიტრაჟო სასამართლო არ არის ვალდებული, ანგარიში გაუწიოს იმ ორგანოს მიერ განხორციელებულ დისკრეციას, რომლის გადაწყვეტილებაც საჩივრდება.96
სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში ყველა ანტიდოპინგური წარმოება, რომელშიც მხარედ მონაწილეობს მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო, საერთაშორისო ფედერაცია და/ან მსხვილი ღონისძიების ორგანიზაცია, უნდა ჩატარდეს ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე. ასეთი წარმოება შეიძლება ჩატარდეს ფრანგულის ან ინგლისურის გარდა სხვა ენაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო, საერთაშორისო ფედერაცია და/ან მსხვილი ღონისძიების ორგანიზაცია (ყველა) თანახმაა ასეთ მოთხოვნაზე საკუთარი სრული დისკრეციით.
13.1.3 მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო არ არის ვალდებული, ამოწუროს სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებები97
როდესაც მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს მე-13 მუხლის შესაბამისად აქვს გასაჩივრების უფლება და არც ერთ სხვა მხარეს არ გაუსაჩივრებია საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის პროცესის ფარგლებში, მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს შეუძლია ასეთი გადაწყვეტილება პირდაპირ გაასაჩივროს სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის პროცესში სამართლებრივი დაცვის სხვა საშუალებების ამოწურვის გარეშე.
13.1.4 მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება
როდესაც კოდექსი ან საერთაშორისო სტანდარტები ითვალისწინებს მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას, ასეთი საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს მხოლოდ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში. 13.1 მუხლის ნებისმიერი სხვა დებულების მიუხედავად, ასეთი გასაჩივრებადი გადაწყვეტილებების მიმართ, რომლებიც მიღებულია მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ კოდექსის ან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ან მიღებულია მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს თანხმობით 5.3.2, 5.6.1, 7.1.1, 10.7 და 14.1.1 მუხლების შესაბამისად, სააპელაციო განხილვის სტანდარტია, იყო თუ არა მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს გადაწყვეტილება თვითნებური.
13.2 ანტიდოპინგური წესის დარღვევების, 10.14.1 მუხლის დარღვევების, შედეგების, დროებითი შეჩერებების, გადაწყვეტილებების აღსრულების და უფლებამოსილების შესახებ გადაწყვეტილებების გასაჩივრება
შემდეგი გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ წინამდებარე 13.2 მუხლით გათვალისწინებული წესით:
გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ჩადენილ იქნა ანტიდოპინგური წესის დარღვევა ან 10.14.1 მუხლის დარღვევა;
გადაწყვეტილება ანტიდოპინგური წესის დარღვევისთვის ან 10.14.1 მუხლის დარღვევისთვის შედეგების დაკისრების ან შედეგების დაუკისრებლობის შესახებ, ან გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ანტიდოპინგური წესის დარღვევა ან 10.14.1 მუხლის დარღვევა არ ყოფილა ჩადენილი;
გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ანტიდოპინგური წესის დარღვევის საქმის წარმოება ვერ გაგრძელდება პროცედურული მიზეზების გამო (მათ შორის, მაგალითად, ხანდაზმულობის გამო);
მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს გადაწყვეტილება, არ მიანიჭოს გამონაკლისი ექვსთვიანი წინასწარი შეტყობინების მოთხოვნიდან 5.6.1 მუხლის შესაბამისად ასპარეზობაში დაბრუნების მსურველ კარიერადასრულებულ სპორტსმენს;
საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის გადაწყვეტილება 5.6.1 მუხლის შესაბამისად შედეგების დისკვალიფიკაციის ან არდისკვალიფიკაციის შესახებ;
მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს გადაწყვეტილება შედეგების მართვის მინიჭების შესახებ კოდექსის 7.1 მუხლის შესაბამისად;
საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის გადაწყვეტილება, არ წარადგინოს უარყოფითი ანალიზის შედეგი ან ატიპური შედეგი როგორც ანტიდოპინგური წესის დარღვევა, ან განხილვის შემდეგ არ წარადგინოს პასპორტის უარყოფითი შედეგი ან პასპორტის ატიპური შედეგი, ან გადაწყვეტილება, არ გააგრძელოს საქმის წარმოება ანტიდოპინგური წესის დარღვევის, 10.14.1 მუხლის დარღვევის ან ადგილსამყოფლის შესახებ მოთხოვნის დარღვევის თაობაზე შედეგების მართვის საერთაშორისო სტანდარტის ან დაზვერვისა და გამოძიების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ჩატარებული გამოძიების შემდეგ;
გადაწყვეტილება დროებითი შეჩერების დაუკისრებლობის, ან მისი მოხსნის ან არმოხსნის შესახებ (ყველა ასეთი საჩივარი შეიტანება მხოლოდ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში, როგორც ეს გათვალისწინებულია 7.4.3 მუხლით);
გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას არ გააჩნია უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება ანტიდოპინგური წესის სავარაუდო დარღვევის ან 10.14.1 მუხლის დარღვევის ან მისი შედეგების შესახებ;
გადაწყვეტილება შედეგების შეჩერების ან შეუჩერებლობის, ან შედეგების აღდგენის ან არაღდგენის შესახებ 10.7.3 და 10.7.4 მუხლების შესაბამისად;
კოდექსის 7.1.4 მუხლისა და წინამდებარე ანტიდოპინგური წესების 7.1.5 მუხლის მოთხოვნების შეუსრულებლობა;
10.8 მუხლის მოთხოვნების შეუსრულებლობა;
10.14.3 მუხლის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება;
საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ადგილსამყოფლის შესახებ მოთხოვნის დარღვევის დაფიქსირების პირობები არ არის დაკმაყოფილებული;
საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის გადაწყვეტილება, მე-15 მუხლის შესაბამისად არ აღასრულოს სხვა ანტიდოპინგური ორგანიზაციის გადაწყვეტილება;
და 23.4.4 მუხლის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება.
13.2.1 გასაჩივრება, რომელიც ეხება საერთაშორისო დონის სპორტსმენებს ან საერთაშორისო ღონისძიებებს
საქმეებში, რომლებიც წარმოიშობა საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობიდან, ან საქმეებში, რომლებიც ეხება საერთაშორისო დონის სპორტსმენებს, გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში.98
13.2.2 გასაჩივრება, რომელიც ეხება სხვა სპორტსმენებს ან სხვა პირებს
იმ შემთხვევებში, როდესაც 7.4.3 და 13.2.1 მუხლები არ გამოიყენება, გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ეროვნულ ანტიდოპინგურ სააპელაციო პანელში. გასაჩივრების პროცესი ხორციელდება ეროვნული ანტიდოპინგური სააპელაციო პანელის მიერ დადგენილი წესებისა და შედეგების მართვის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად.99
13.2.2.1 მოსმენები ეროვნულ ანტიდოპინგურ სააპელაციო პანელში
13.2.2.1.1 ეროვნული ანტიდოპინგური სააპელაციო პანელი უნდა იყოს ინსტიტუციურად დამოუკიდებელი. ეს ნიშნავს, რომ ის არანაირად არ უნდა იმართებოდეს საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის, ეროვნული ფედერაციის ან ნებისმიერი სხვა ეროვნული სპორტული მმართველი ორგანოს ან სხვა ეროვნული სპორტული ორგანიზაციის მიერ, არ უნდა იყოს მათთან დაკავშირებული ან მათ დაქვემდებარებაში.
13.2.2.1.2 ეროვნული ანტიდოპინგური სააპელაციო პანელი შედგება დამოუკიდებელი თავმჯდომარისა და სააპელაციო პანელის დამოუკიდებელი წევრების ჯგუფისგან, საიდანაც თავმჯდომარე ირჩევს კონკრეტული სააპელაციო პანელის შემადგენლობას ცალკეული საქმეების განსახილველად. სააპელაციო პანელის დამოუკიდებელი წევრების ჯგუფი უნდა იყოს საკმარისი რაოდენობის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს გასაჩივრების პროცესის დროული წარმართვა და ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში ჩანაცვლების შესაძლებლობა, და ნებისმიერ დროს უნდა მოიცავდეს არანაკლებ სამ (3) დამოუკიდებელ წევრს.
13.2.2.1.3 სააპელაციო პანელის ჯგუფის თითოეულ წევრს ნიშნავს ამ მიზნით შექმნილი დამოუკიდებელი დანიშვნის კომიტეტი, რომელიც ინსტიტუციურად დამოუკიდებელია საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციისგან, ეროვნული ფედერაციებისგან და სხვა ეროვნული სპორტული მმართველი ორგანოებისგან ან სპორტული ორგანიზაციებისგან, მათი შესაბამისი ანტიდოპინგური გამოცდილების, მათ შორის სამართლებრივი, სპორტული, სამედიცინო და/ან სამეცნიერო ექსპერტიზის გათვალისწინებით. თითოეული წევრი ინიშნება სამი (3) წლის ვადით, ხელახალი არჩევის შესაძლებლობით.
13.2.2.1.4 სააპელაციო პანელის ჯგუფის თითოეულ წევრს ნიშნავს ამ მიზნით შექმნილი დამოუკიდებელი დანიშვნის კომიტეტი (კომიტეტი, რომელიც შედგება სამი (3) წევრისგან: (ა) საქართველოს სპორტის სამინისტროს ერთი (1) წარმომადგენელი; (ბ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთი (1) წარმომადგენელი; და (გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთი (1) წარმომადგენელი — თითოეულ მათგანს უნდა გააჩნდეს შესაბამისი სამართლებრივი, სამედიცინო, სამეცნიერო და/ან ანტიდოპინგური ექსპერტიზა; კომიტეტი ინსტიტუციურად და ოპერაციულად დამოუკიდებელია საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციისა და ეროვნული ფედერაციებისგან)
13.2.2.1.5 დანიშნული სააპელაციო პანელის წევრები უნდა იყვნენ ოპერაციულად და ინსტიტუციურად დამოუკიდებელნი. საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის ან მისი აფილირებული პირების (როგორიცაა დელეგირებული მესამე მხარე) გამგეობის წევრები, თანამშრომლები, კომისიის წევრები, კონსულტანტები და თანამდებობის პირები, ასევე ნებისმიერი პირი, რომელიც მონაწილეობდა საქმის გამოძიებასა და წინასწარ განხილვაში, არ შეიძლება დაინიშნონ ეროვნული ანტიდოპინგური სააპელაციო პანელის წევრებად და/ან მდივნებად (იმ ფარგლებში, რომლითაც ასეთი მდივანი მონაწილეობს თათბირის პროცესში და/ან ნებისმიერი გადაწყვეტილების პროექტის მომზადებაში). კერძოდ, არც ერთ წევრს არ უნდა ჰქონდეს ადრე განხილული იმავე სპორტსმენთან დაკავშირებული თერაპიული გამოყენების გამონაკლისის განაცხადი, შედეგების მართვის გადაწყვეტილება, პირველი ინსტანციის ან სააპელაციო საქმე მოცემულ საქმეში.
13.2.2.1.6 ეროვნულ ანტიდოპინგურ სააპელაციო პანელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მოსმენისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი წარმართოს საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის ან ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევის გარეშე.
13.2.2.1.7 სააპელაციო მოსმენებს არ უნდა ატარებდნენ (დელეგირებით ან სხვაგვარად) პირები, რომლებიც დანიშნული არიან ეროვნული ფედერაციის ან ნებისმიერი სხვა ეროვნული სპორტული მმართველი ორგანოს ან სხვა ეროვნული სპორტული ორგანიზაციის მიერ ან იმყოფებიან მათი უფლებამოსილების ქვეშ.
13.2.2.1.8 გასაჩივრების ყველა მხარე ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს და გასაჩივრების უფლების მქონე ყველა სხვა მხარეს დროულად ეცნობოს საჩივრის შესახებ.100
13.2.2.1.9 საერთაშორისო ფედერაციას, შესაბამის ეროვნულ ფედერაციას, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, თუ ის არ არის წარმოების მხარე (ან მხარეები), და მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს თითოეულს აქვს უფლება, დამკვირვებლის სტატუსით დაესწროს ეროვნული ანტიდოპინგური სააპელაციო პანელის მოსმენებს.
13.2.2.1.10 წინამდებარე მუხლის შესაბამისი მოსმენები უნდა დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად. ღონისძიებებთან დაკავშირებით გამართული მოსმენები შეიძლება ჩატარდეს დაჩქარებული წესით.
13.2.2.2 ეროვნული ანტიდოპინგური სააპელაციო პანელის წარმოება
13.2.2.2.1 ეროვნული ანტიდოპინგური სააპელაციო პანელის წარმოება უნდა შეესაბამებოდეს შედეგების მართვის საერთაშორისო სტანდარტის მე-8, მე-9 და მე-10 მუხლებით განსაზღვრულ პრინციპებს.
13.2.2.2.2 თავმჯდომარე სააპელაციო საჩივრის განსახილველად ნიშნავს ან ერთპიროვნულ არბიტრს (რომელიც შეიძლება იყოს თავად თავმჯდომარე), ან სამი (3) წევრისგან შემდგარ პანელს (რომელშიც შეიძლება შედიოდეს თავმჯდომარე). თუ საქმეს ერთპიროვნულად განიხილავს არბიტრი, დანიშნულ პანელის წევრს უნდა ჰქონდეს იურიდიული განათლება და შესაბამისი იურიდიული გამოცდილება არანაკლებ სამი (3) წლისა. თუ საქმეს განიხილავს სამი (3) წევრისგან შემდგარი პანელი, პანელის სულ მცირე ერთ (1) წევრს უნდა ჰქონდეს იურიდიული განათლება და შესაბამისი იურიდიული გამოცდილება არანაკლებ სამი (3) წლისა, ხოლო პანელის ერთი (1) წევრი უნდა იყოს კვალიფიციური სამედიცინო პრაქტიკოსი, შესაბამისი სამედიცინო გამოცდილებით არანაკლებ სამი (3) წლისა.
13.2.2.2.3 თავმჯდომარის მიერ ეროვნული ანტიდოპინგური სააპელაციო პანელის წევრად დანიშვნისთანავე, პანელის წევრები ასევე ხელს აწერენ დეკლარაციას იმის შესახებ, რომ მათთვის ცნობილი არ არის ფაქტები ან გარემოებები, რომლებმაც შეიძლება რომელიმე მხარის თვალში ეჭვქვეშ დააყენოს მათი მიუკერძოებლობა, გარდა დეკლარაციაში გამჟღავნებული გარემოებებისა. თუ ასეთი ფაქტები ან გარემოებები წარმოიშობა განხილვის პროცესის მოგვიანებით ეტაპზე, სააპელაციო პანელის შესაბამისი წევრი დაუყოვნებლივ უმხელს მათ მხარეებს.
13.2.2.2.4 თუ წევრი, რომელიც დანიშნულია თავმჯდომარის მიერ სააპელაციო საჩივრის განსახილველად, რაიმე მიზეზით არ სურს ან არ შეუძლია სააპელაციო საჩივრის განხილვა, თავმჯდომარეს შეუძლია დანიშნოს შემცვლელი წევრი ან დანიშნოს ახალი სააპელაციო პანელი. თუ დანიშნულია თავმჯდომარე და მას რაიმე მიზეზით არ სურს ან არ შეუძლია სააპელაციო საჩივრის განხილვა, ასეთ შემთხვევაში თავმჯდომარე შეიძლება შეიცვალოს თავმჯდომარის მოადგილით ან განმხილველი პანელის სხვა დანიშნული უფროსი წევრით.
13.2.2.2.5 სააპელაციო პროცესის დასაწყისში მხარეებს ეცნობებათ სააპელაციო საჩივრის განსახილველად და გადასაწყვეტად დანიშნული ერთპიროვნული არბიტრის ან სააპელაციო პანელის წევრების ვინაობა და გადაეცემათ 13.2.2.2.3 მუხლში მითითებული დეკლარაცია. მხარეებს ეცნობებათ მათი უფლების შესახებ, გაასაჩივრონ ნებისმიერი ერთპიროვნული არბიტრის ან სააპელაციო პანელის წევრის დანიშვნა, თუ არსებობს ინტერესთა შესაძლო კონფლიქტის საფუძველი, აცილების საფუძვლის ცნობილი გახდომიდან შვიდი (7) დღის განმავლობაში. ნებისმიერ აცილებას წყვეტს დამოუკიდებელი წევრი სააპელაციო პანელის წევრთა ფართო შემადგენლობიდან ან დამოუკიდებელი დაწესებულება.
13.2.2.2.6 ეროვნული ანტიდოპინგური სააპელაციო პანელი უფლებამოსილია, საკუთარი სრული შეხედულებისამებრ, დანიშნოს ექსპერტი პანელისთვის დახმარების გაწევის ან კონსულტირების მიზნით.
13.2.2.2.7 აპელანტები წარადგენენ თავიანთ პოზიციას, ხოლო მოპასუხე მხარე ან მხარეები საპასუხოდ წარადგენენ თავიანთ პოზიციას (პოზიციებს).
13.2.2.2.8 თუ რომელიმე მხარე ან მისი წარმომადგენელი შეტყობინების მიუხედავად არ გამოცხადდება მოსმენაზე, მოსმენა შეიძლება მაინც გაგრძელდეს.
13.2.2.2.9 მიუხედავად იმისა, მოქმედებს ის აპელანტის თუ მოპასუხის სახით, სპორტსმენს ან სხვა პირს, რომლის მიმართაც პირველ ინსტანციაში წაყენებულ იქნა ანტიდოპინგური წესის დარღვევის ან 10.14.1 მუხლის დარღვევის ბრალდება, უფლება აქვს, მოითხოვოს საჯარო სააპელაციო მოსმენა.
13.2.2.2.10 მიუხედავად იმისა, მოქმედებს ის აპელანტის თუ მოპასუხის სახით, საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას ასევე შეუძლია მოითხოვოს საჯარო სააპელაციო მოსმენა, იმ პირობით, რომ სპორტსმენმა ან სხვა პირმა, რომლის მიმართაც პირველ ინსტანციაში წაყენებულ იქნა ანტიდოპინგური წესის დარღვევის ან 10.14.1 მუხლის დარღვევის ბრალდება, ამაზე წერილობითი თანხმობა განაცხადა.
13.2.2.2.11 წარმოების თითოეულ მხარეს ასევე აქვს უფლება:
ჰყავდეს წარმომადგენელი (ადვოკატი) საკუთარი ხარჯით;
გაეცნოს შესაბამის მტკიცებულებებს და წარადგინოს ისინი;
წარადგინოს წერილობითი და ზეპირი განმარტებები;
გამოიძახოს და დაკითხოს მოწმეები; და
ჰყავდეს თარჯიმანი მოსმენაზე საკუთარი ხარჯით.
13.2.2.3 ეროვნული ანტიდოპინგური სააპელაციო პანელის გადაწყვეტილებები
13.2.2.3.1 მოსმენის დასრულებისას ან მისგან დაუყოვნებლივ ეროვნული ანტიდოპინგური სააპელაციო პანელი გამოსცემს წერილობით, დათარიღებულ და ხელმოწერილ გადაწყვეტილებას, რომელიც შეესაბამება შედეგების მართვის საერთაშორისო სტანდარტის მე-9 მუხლის პრინციპებს.
13.2.2.3.2 გადაწყვეტილება, კერძოდ, უნდა მოიცავდეს გადაწყვეტილების და ნებისმიერი დაკისრებული უფლებაჩამორთმევის ვადის სრულ დასაბუთებას, მათ შორის (მისადაგებისამებრ) იმის დასაბუთებას, თუ რატომ არ იქნა დაკისრებული მაქსიმალური შესაძლო სანქცია.
13.2.2.3.3 საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია გადაწყვეტილების შესახებ ატყობინებს სპორტსმენს ან სხვა პირს, მის ეროვნულ ფედერაციას, და ერთდროულად ანტიდოპინგურ ორგანიზაციებს, რომლებსაც გასაჩივრების უფლება აქვთ 13.2.3 მუხლის შესაბამისად, და დაუყოვნებლივ შეაქვს იგი ანტიდოპინგური ადმინისტრირებისა და მართვის სისტემაში.
13.2.2.3.4 გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 13.2.3 მუხლით გათვალისწინებული წესით და საჯაროდ გამჟღავნდეს 14.3 მუხლით გათვალისწინებული წესით.
13.2.3 პირები, რომლებსაც გასაჩივრების უფლება აქვთ
13.2.3.1 სააპელაციო საჩივრები, რომლებიც ეხება საერთაშორისო დონის სპორტსმენებს ან საერთაშორისო ღონისძიებებს
13.2.1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში გასაჩივრების უფლება აქვთ შემდეგ მხარეებს: (ა) სპორტსმენს ან სხვა პირს, რომლის მიმართაც გამოტანილია გასაჩივრებული გადაწყვეტილება; (ბ) საქმის მეორე მხარეს, რომელზეც გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება; (გ) შესაბამის საერთაშორისო ფედერაციას; (დ) საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას და (თუ განსხვავდება) ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას იმ ქვეყნისა, სადაც პირი ცხოვრობს, ან იმ ქვეყნებისა, რომელთა მოქალაქე ან ლიცენზიის მფლობელიც არის პირი; (ე) საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ან საერთაშორისო პარალიმპიურ კომიტეტს, მისადაგებისამებრ, როდესაც გადაწყვეტილებას შეიძლება ჰქონდეს გავლენა ოლიმპიურ თამაშებთან ან პარალიმპიურ თამაშებთან მიმართებით, მათ შორის გადაწყვეტილებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ოლიმპიურ თამაშებში ან პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლებაზე; და (ვ) მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს.
13.2.3.2 სააპელაციო საჩივრები, რომლებიც ეხება სხვა სპორტსმენებს ან სხვა პირებს
13.2.2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში გასაჩივრების უფლება აქვთ შემდეგ მხარეებს: (ა) სპორტსმენს ან სხვა პირს, რომლის მიმართაც გამოტანილია გასაჩივრებული გადაწყვეტილება; (ბ) საქმის მეორე მხარეს, რომელზეც გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება; (გ) შესაბამის საერთაშორისო ფედერაციას; (დ) საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას და (თუ განსხვავდება) ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას იმ ქვეყნისა, სადაც პირი ცხოვრობს, ან იმ ქვეყნებისა, რომელთა მოქალაქე ან ლიცენზიის მფლობელიც არის პირი (ე) საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ან საერთაშორისო პარალიმპიურ კომიტეტს, მისადაგებისამებრ, როდესაც გადაწყვეტილებას შეიძლება ჰქონდეს გავლენა ოლიმპიურ თამაშებთან ან პარალიმპიურ თამაშებთან მიმართებით, მათ შორის გადაწყვეტილებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ოლიმპიურ თამაშებში ან პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლებაზე; და (ვ) მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს.
13.2.2 მუხლის საფუძველზე ეროვნული ანტიდოპინგური სააპელაციო პანელის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, ზემოთ (ა)–(ვ) ქვეპუნქტებში მითითებულ იმავე მხარეებს ასევე აქვთ უფლება, გადაწყვეტილება გაასაჩივრონ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში.101
სააპელაციო საჩივრის შემტან ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს, მიიღოს დახმარება სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოსგან ყველა შესაბამისი ინფორმაციის მისაღებად იმ ანტიდოპინგური ორგანიზაციისგან, რომლის გადაწყვეტილებაც საჩივრდება, და ინფორმაცია უნდა იქნეს მიწოდებული, თუ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლო ამის შესახებ მიიღებს მითითებას.
13.2.3.3 შეტყობინების ვალდებულება როგორც სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პირობა
წინამდებარე მე-13 მუხლით ნებადართული, სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პირობაა, რომ სააპელაციო საჩივრის შემტან მხარეს სააპელაციო საჩივრის შესახებ შეტყობინებული ჰქონდეს მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოსთვის და გასაჩივრების უფლების მქონე ყველა სხვა მხარისთვის. წინამდებარე მე-13 მუხლით ნებადართული სხვა სააპელაციო საჩივრების შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის ყველა მხარე უზრუნველყოფს, რომ მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს და გასაჩივრების უფლების მქონე ყველა სხვა მხარეს ეცნობოთ სააპელაციო საჩივრის შესახებ.
13.2.3.4 სააპელაციო საჩივარი დროებითი შეჩერების
წინამდებარე დოკუმენტის ნებისმიერი სხვა დებულების მიუხედავად, ერთადერთი პირი, რომელსაც შეუძლია გაასაჩივროს დროებითი შეჩერების დაკისრება, არის სპორტსმენი ან სხვა პირი, რომელსაც დაეკისრა დროებითი შეჩერება.
13.2.3.5 მე-12 მუხლის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება
საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ მე-12 მუხლის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებები შეიძლება გაასაჩივროს მხოლოდ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში ეროვნულმა ფედერაციამ ან სხვა ორგანომ.
13.2.4 შეგებებული სააპელაციო საჩივრები და სხვა შემდგომი სააპელაციო საჩივრები დაშვებულია102
შეგებებული სააპელაციო საჩივრები და სხვა შემდგომი სააპელაციო საჩივრები ნებისმიერი მოპასუხის მიერ, რომელიც დასახელებულია სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში კოდექსის საფუძველზე წარდგენილ საქმეებში, პირდაპირ დაშვებულია. წინამდებარე მე-13 მუხლის შესაბამისად გასაჩივრების უფლების მქონე ნებისმიერი მხარე შეგებებულ სააპელაციო საჩივარს ან შემდგომ სააპელაციო საჩივარს წარადგენს არაუგვიანეს მხარის პასუხისა.
13.2.5 ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს წინამდებარე 13.2 მუხლით მინიჭებული აქვს გასაჩივრების უფლება (მუხლის 7.4.3 დამატებითი დებულებების გათვალისწინებით), მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს შეუძლია, საკუთარი შეხედულებისამებრ და სააპელაციო საჩივრის წარდგენისთვის დადგენილ ვადაში, ან სააპელაციო საჩივრის შესახებ შეტყობინების მიღებიდან ათი (10) დღის განმავლობაში, თუ ეს უფრო გვიან დგება, გადაწყვიტოს სააპელაციო წარმოებაში ჩართვა მხარის სახით, სააპელაციო საჩივრის ან შეგებებული სააპელაციო საჩივრის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ. ასეთ შემთხვევაში მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს აქვს უფლება, მაგრამ არა ვალდებულება, წარადგინოს წერილობითი პოზიციები, დაკითხოს მოწმეები და წარადგინოს არგუმენტები.103
13.3 საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში გამოუტანლობა 104
თუ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში არ გამოიტანს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გასაჩივრებად გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, ჩადენილ იქნა თუ არა ანტიდოპინგური წესის დარღვევა ან 10.14.1 მუხლის დარღვევა, მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს შეუძლია გადაწყვიტოს, უშუალოდ მიმართოს სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით (სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს სააპელაციო განყოფილების წესების ანალოგიით გათვალისწინებით), ისე, თითქოს საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას გამოეტანა გადაწყვეტილება ანტიდოპინგური წესის დარღვევის ან 10.14.1 მუხლის დარღვევის არარსებობის შესახებ. თუ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს განმხილველი პანელი დაადგენს, რომ მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო გონივრულად მოქმედებდა, როდესაც გადაწყვიტა უშუალოდ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში გასაჩივრება, მაშინ მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივრის წარმოებისას გაწეულ ხარჯებსა და ადვოკატის მომსახურების საფასურს მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს აუნაზღაურებს საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია
13.4 სააპელაციო საჩივრები, რომლებიც ეხება თერაპიული გამოყენების გამონაკლისებს
თერაპიული გამოყენების გამონაკლისის შესახებ გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ 4.4 მუხლითა და თერაპიული გამოყენების გამონაკლისების საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული წესით.
13.5 სააპელაციო გადაწყვეტილებების შესახებ შეტყობინება
საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია სააპელაციო გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ გადასცემს სპორტსმენს ან სხვა პირს და სხვა ანტიდოპინგურ ორგანიზაციებს, რომლებსაც 13.2.3 მუხლის შესაბამისად ექნებოდათ გასაჩივრების უფლება, მე-14 მუხლით გათვალისწინებული წესით.
13.6 სააპელაციო საჩივრების წარდგენის ვადა
13.6.1 სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს
მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს გარდა სხვა მხარეებისთვის სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადაა შემდეგთაგან უფრო გვიანდელი:
(ა) გადაწყვეტილების მიღებიდან ოცდაერთი (21) დღე;105 ან
(ბ) როდესაც სააპელაციო საჩივრის შემტანი მხარე 14.2.2 მუხლის შესაბამისად დროულად ითხოვს სრულ საქმეს, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული სრული საქმის მიღებიდან ოცდაერთი (21) დღე.
13.6.2 სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოსთვის
მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადაა შემდეგთაგან უფრო გვიანდელი:
(ა) ოცდაერთი (21) დღე იმ ბოლო დღიდან, როდესაც გასაჩივრების უფლების მქონე ნებისმიერ სხვა მხარეს შეეძლო სააპელაციო საჩივრის წარდგენა, ან
(ბ) როდესაც მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო 14.2.2 მუხლის შესაბამისად დროულად ითხოვს სრულ საქმეს, ოცდაერთი (21) დღე მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული სრული საქმის მიღებიდან.106
მუხლი 14 კონფიდენციალურობა და ანგარიშგება
ანტიდოპინგური შედეგების კოორდინაციის, საჯარო გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების, ასევე ყველა სპორტსმენის ან სხვა პირის პირადი ცხოვრების პატივისცემის პრინციპები შემდეგია:
14.1 ინფორმაცია უარყოფითი ანალიზის შედეგების, ატიპური შედეგების და სხვა სავარაუდო ანტიდოპინგური წესის დარღვევების ან 10.14.1 მუხლის დარღვევების შესახებ
14.1.1 ანტიდოპინგური წესის დარღვევების ან 10.14.1 მუხლის დარღვევების შესახებ შეტყობინება ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციებისთვის, საერთაშორისო ფედერაციებისთვის და მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოსთვის
ანტიდოპინგური წესის დარღვევის ან 10.14.1 მუხლის დარღვევის ბრალდების შესახებ შეტყობინება სპორტსმენის ან სხვა პირის ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციისთვის, თუ ის განსხვავდება საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციისგან, საერთაშორისო ფედერაციისთვის, 13.2.3 მუხლის შესაბამისად გასაჩივრების უფლების მქონე ნებისმიერი სხვა ანტიდოპინგური ორგანიზაციისთვის და მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოსთვის ხორციელდება მე-7 და მე-14 მუხლებით გათვალისწინებული წესით, სპორტსმენისთვის ან სხვა პირისთვის შეტყობინების გაგზავნის პარალელურად; თუმცა, საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას შეუძლია, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს წერილობითი თანხმობით, რომლის მიცემაზე ან რომლის მიცემის უარზე სააგენტო საკუთარი შეხედულებისამებრ იღებს გადაწყვეტილებას, გადადოს ან შეაჩეროს წინამდებარე 14.1.1 მუხლით მოთხოვნილი შეტყობინება. 107
თუ შედეგების მართვის ნებისმიერ ეტაპზე, ანტიდოპინგური წესის დარღვევის ან 10.14.1 მუხლის დარღვევის ბრალდების წაყენებამდე, საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია გადაწყვეტს, არ გააგრძელოს საქმის წარმოება, იგი ამის შესახებ (დასაბუთებით) ატყობინებს ანტიდოპინგურ ორგანიზაციებს, რომლებსაც 13.2.3 მუხლის შესაბამისად გასაჩივრების უფლება აქვთ, იმავდროულად, როდესაც შეტყობინებას უგზავნის სპორტსმენს ან სხვა პირს.
14.1.2 ანტიდოპინგური წესის დარღვევის შესახებ შეტყობინების შინაარსი
შეტყობინება მოიცავს: სპორტსმენის ან სხვა პირის სახელსა და გვარს, ქვეყანას, სპორტის სახეობასა და სახეობის ფარგლებში დისციპლინას, სპორტსმენის საშეჯიბრო დონეს, ჩატარდა თუ არა ტესტი შეჯიბრების პერიოდში თუ შეჯიბრებებს შორის პერიოდში, ნიმუშის აღების თარიღს, ლაბორატორიის მიერ მოწოდებულ ანალიზის შედეგს და სხვა ინფორმაციას, რომელსაც მოითხოვს შედეგების მართვის საერთაშორისო სტანდარტი, ან, 2.1 მუხლით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ანტიდოპინგური წესის დარღვევების ან 10.14.1 მუხლის დარღვევის შემთხვევაში, დარღვეულ წესსა და სავარაუდო დარღვევის საფუძველს.
14.1.3 ანგარიშები მიმდინარე მდგომარეობის შესახებ
გარდა იმ გამოძიებებისა, რომლებსაც არ მოჰყოლია 7.2 მუხლის შესაბამისად ანტიდოპინგური წესის დარღვევის შესახებ შეტყობინება, ანტიდოპინგურ ორგანიზაციებს, რომლებიც მითითებულია 14.1.1 მუხლში, რეგულარულად ეწვდებათ განახლებული ინფორმაცია მე-7, მე-8 ან მე-13 მუხლების შესაბამისად ჩატარებული ნებისმიერი განხილვის ან წარმოების მიმდინარე მდგომარეობისა და შედეგების შესახებ და დაუყოვნებლივ მიეწოდებათ წერილობითი დასაბუთებული განმარტება ან გადაწყვეტილება, რომელიც განმარტავს საკითხის გადაწყვეტას.
14.1.4 კონფიდენციალურობა
ინფორმაციის მიმღები ორგანიზაციები არ ამჟღავნებენ ამ ინფორმაციას იმ პირების გარდა, რომელთაც მისი ცოდნა სჭირდებათ (რაც მოიცავს შესაბამისი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, ეროვნული ფედერაციის და, გუნდური სპორტის სახეობის შემთხვევაში, გუნდის სათანადო პერსონალს), მანამ, სანამ საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია არ განახორციელებს საჯარო გამჟღავნებას 14.3 მუხლით ნებადართული წესით.
14.1.5 კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის თანამშრომლის ან წარმომადგენლის მიერ
საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია უზრუნველყოფს, რომ ინფორმაცია უარყოფითი ანალიზის შედეგების, ატიპური შედეგების, სხვა სავარაუდო ანტიდოპინგური წესის დარღვევების ან 10.14.1 მუხლის დარღვევების შესახებ დარჩეს კონფიდენციალური მანამ, სანამ ასეთი ინფორმაცია საჯაროდ არ გამჟღავნდება 14.3 მუხლის შესაბამისად. საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია უზრუნველყოფს, რომ მისი თანამშრომლები (მუდმივი თუ სხვა), კონტრაქტორები, წარმომადგენლები, კონსულტანტები და დელეგირებული მესამე მხარეები ექვემდებარებოდნენ კონფიდენციალურობის სრულად აღსრულებად სახელშეკრულებო ვალდებულებას და სრულად აღსრულებად პროცედურებს ასეთი კონფიდენციალური ინფორმაციის არასათანადო და/ან არასანქცირებული გამჟღავნების გამოძიებისა და დისციპლინური რეაგირების მიზნით.
14.2 შეტყობინება ანტიდოპინგური წესის დარღვევების ან 10.14.1 მუხლის დარღვევების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე და საქმის მასალების მოთხოვნა
14.2.1 გასაჩივრებადი გადაწყვეტილებები (13.2 მუხლის საფუძველზე თუ სხვაგვარად), მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ნებისმიერი გადაწყვეტილება ანტიდოპინგური წესის დარღვევის შესახებ, 10.14.1 მუხლთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები და ადგილსამყოფლის შესახებ მოთხოვნის დარღვევებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები უნდა მოიცავდეს გადაწყვეტილების სრულ დასაბუთებას, მათ შორის, მისადაგებისამებრ, იმის დასაბუთებას, თუ რატომ არ იქნა დაკისრებული მაქსიმალური შესაძლო სანქცია. თუ გადაწყვეტილება არ არის ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე, საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია წარადგენს გადაწყვეტილებისა და მისი დასაბუთების რეზიუმეს ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე.
14.2.2 ანტიდოპინგურ ორგანიზაციას, რომელსაც უფლება აქვს, გაასაჩივროს 14.2.1 მუხლის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება, შეუძლია მიღებიდან თხუთმეტი (15) დღის განმავლობაში მოითხოვოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული სრული საქმის ასლი. საქმე უნდა იქნეს წარმოდგენილი მანქანურად წაკითხვადი ფორმით და, მაქსიმალურად შესაძლო ფარგლებში, ელექტრონულ, ციფრულ და სიტყვებით საძიებო ფორმატში. თუ საქმე შეიცავს ინგლისური ან ფრანგული ენისგან განსხვავებულ ენაზე შედგენილ დოკუმენტებს, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს წარმოდგენილი საქმის მასალების ნუსხა ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე, თითოეული დოკუმენტის მოკლე აღწერით ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე.
14.2.3 13.6.1 და 13.6.2 მუხლების მიზნებისთვის სრული საქმე არ ჩაითვლება მიღებულად მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ან გასაჩივრების უფლების მქონე სხვა მხარეების მიერ, სანამ სრული საქმე არ იქნება წარმოდგენილი 14.2.2 მუხლის შესაბამისად.
14.3 საჯარო გამჟღავნება
14.3.1 მას შემდეგ, რაც შეტყობინება გაეგზავნება სპორტსმენს ან სხვა პირს შედეგების მართვის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, და შესაბამის ანტიდოპინგურ ორგანიზაციებს 14.1.1 მუხლის შესაბამისად, ნებისმიერი სპორტსმენის ან სხვა პირის ვინაობა, რომელსაც ეცნობა შესაძლო ანტიდოპინგური წესის დარღვევის ან 10.14.1 მუხლის დარღვევის შესახებ, აკრძალული ნივთიერება ან აკრძალული მეთოდი და შესაბამისი დარღვევის ხასიათი, ასევე ის, ექვემდებარება თუ არა სპორტსმენი ან სხვა პირი დროებით შეჩერებას, შეიძლება საჯაროდ გამჟღავნდეს საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ
14.3.2 14.3.3 მუხლისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, არაუგვიანეს ოცი (20) დღისა მას შემდეგ, რაც ანტიდოპინგური წესის დარღვევის ან 10.14.1 მუხლის დარღვევის დამდგენი გადაწყვეტილება ან განჩინება შესაბამისი წესების შესაბამისად საბოლოო გახდება და აღარ ექვემდებარება კოდექსით გათვალისწინებულ შემდგომ გასაჩივრებას, საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია
ვალდებულია, საჯაროდ გაამჟღავნოს ანტიდოპინგური საქმის შედეგი, მათ შორის სპორტის სახეობა, დარღვეული ანტიდოპინგური წესი, დარღვევის ჩამდენი სპორტსმენის ან სხვა პირის სახელი და გვარი, შესაბამისი აკრძალული ნივთიერება ან აკრძალული მეთოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დაკისრებული შედეგები. თუ საჯარო გამჟღავნება 14.3.2 მუხლით მოთხოვნილი ფორმით გამოიწვევს საქართველოს სხვა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევას, საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ საჯარო გამჟღავნების განუხორციელებლობა არ გამოიწვევს კოდექსთან შეუსაბამობის დადგენას, როგორც ეს განსაზღვრულია მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტის 4.2 მუხლში.
შეუძლია საჯარო გახადოს ასეთი გადაწყვეტილება ან განჩინება და შეუძლია საჯაროდ გააკეთოს კომენტარი საქმესთან დაკავშირებით.
14.3.3 ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მოსმენის ან გასაჩივრების შემდეგ დადგინდება, რომ სპორტსმენს ან სხვა პირს არ ჩაუდენია ანტიდოპინგური წესის დარღვევა ან 10.14.1 მუხლის დარღვევა, ან მან დაადასტურა, რომ ანტიდოპინგური წესის დარღვევასთან დაკავშირებით სახეზეა ბრალის ან დაუდევრობის არარსებობა, საჯარო გამჟღავნება განჩინებასთან ან საქმესთან დაკავშირებით არ ხორციელდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამაზე თანხმობას განაცხადებს სპორტსმენი ან სხვა პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია გადაწყვეტილება. საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია იღებს გონივრულ ზომებს ასეთი თანხმობის მისაღებად და, თანხმობის მიღების შემთხვევაში, საჯაროდ ამჟღავნებს გადაწყვეტილებას სრულად ან ისეთი რედაქტირებული ფორმით, რომელსაც დაამტკიცებს სპორტსმენი ან სხვა პირი. გამონაკლისის სახით და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, თუ სპორტსმენის ან სხვა პირის ვინაობა უკვე საჯაროა, ან შედეგები დაკისრებულია ან ეკისრება, ან არსებობს სხვა უპირატესი გარემოებები, რომლებიც ამართლებს საჯარო გამჟღავნებას, მაშინ საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას შეუძლია, თანხმობის გარეშე, საჯაროდ გაამჟღავნოს საქმე იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია საქმის შედეგის განსამარტად.
14.3.4 გამოქვეყნება ხორციელდება, სულ მცირე, საჭირო ინფორმაციის საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსებით და ამ ინფორმაციის განთავსებულად დატოვებით ერთი (1) თვის ან ნებისმიერი უფლებაჩამორთმევის ვადის ხანგრძლივობით, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ხანგრძლივია.
14.3.5 გარდა 14.3.1 და 14.3.3 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არც ერთი ანტიდოპინგური ორგანიზაცია, ეროვნული ფედერაცია ან მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ აკრედიტებული ლაბორატორია, ან ასეთი ორგანოს რომელიმე თანამდებობის პირი არ აკეთებს საჯარო კომენტარს რომელიმე მიმდინარე საქმის კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით (პროცესისა და მეცნიერული საკითხების ზოგადი აღწერისგან განსხვავებით), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს წარმოადგენს პასუხს საჯარო კომენტარებზე, რომლებიც მიეკუთვნება სპორტსმენს, სხვა პირს ან მათ გარემოცვას ან სხვა წარმომადგენლებს, ან ეფუძნება მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.
14.3.6 14.3.2 მუხლით მოთხოვნილი სავალდებულო საჯარო გამჟღავნება არ არის სავალდებულო, როდესაც სპორტსმენი ან სხვა პირი, რომლის მიმართაც დადგინდა ანტიდოპინგური წესის დარღვევის ან 10.14.1 მუხლის დარღვევის ჩადენა, არის არასრულწლოვანი, დაცული პირი ან მოყვარული სპორტსმენი.
14.3.7 ნებისმიერი არასავალდებულო საჯარო გამჟღავნება მე-14 მუხლის ნებისმიერი დებულების საფუძველზე, იმ საქმეში, რომელიც ეხება არასრულწლოვანს, დაცულ პირს ან მოყვარულ სპორტსმენს, უნდა იყოს საქმის ფაქტებისა და გარემოებების პროპორციული და უნდა ითვალისწინებდეს პირის საუკეთესო ინტერესებს. გამონაკლის შემთხვევებში, დამხმარე წესით, შეიძლება ასევე იქნეს გათვალისწინებული გამჭვირვალობის მნიშვნელობა ანტიდოპინგური სისტემის სანდოობისთვის.
14.4 სტატისტიკური ანგარიშგება
საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია, სულ მცირე, ყოველწლიურად აქვეყნებს თავის ვებგვერდზე დოპინგკონტროლის საქმიანობის ზოგად სტატისტიკურ ანგარიშს, რომლის ასლიც ეგზავნება მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს. ანგარიში, შეზღუდვის გარეშე, მოიცავს ცალკე ჩამონათვალს (რომელშიც დაცულია შესაბამისი სპორტსმენის ან სხვა პირის ანონიმურობა) თითოეული ანტიდოპინგური გადაწყვეტილებისა, რომლითაც დადგინდა ბრალის ან დაუდევრობის არარსებობა 10.5 მუხლის შესაბამისად, და თითოეულ ასეთ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მიუთითებს: გადაწყვეტილების მიღების წელს; სპორტის შესაბამის სახეობას; კოდექსის დარღვეულ მუხლს; შესაბამის აკრძალულ ნივთიერებას ან აკრძალულ მეთოდს; და გასაჩივრდა თუ არა გადაწყვეტილება. საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას ასევე შეუძლია გამოაქვეყნოს ანგარიშები, რომლებშიც მითითებულია თითოეული ტესტირებული სპორტსმენის სახელი და გვარი და თითოეული ტესტირების თარიღი.
14.5 დოპინგკონტროლის ინფორმაციის მონაცემთა ბაზა და შესაბამისობის მონიტორინგი
იმისათვის, რომ მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ შეძლოს შესაბამისობის მონიტორინგის ფუნქციის შესრულება და უზრუნველყოფილ იქნეს რესურსების ეფექტიანი გამოყენება და შესაბამისი დოპინგკონტროლის ინფორმაციის გაზიარება ანტიდოპინგურ ორგანიზაციებს შორის, საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს ანტიდოპინგური ადმინისტრირებისა და მართვის სისტემის მეშვეობით აწვდის დოპინგკონტროლთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მათ შორის, კერძოდ:
სპორტსმენის ბიოლოგიური პასპორტის მონაცემებს საერთაშორისო დონის სპორტსმენებისა და ეროვნული დონის სპორტსმენებისთვის,
ინფორმაციას სპორტსმენების ადგილსამყოფლის შესახებ ტესტირების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად,
თერაპიული გამოყენების გამონაკლისის შესახებ გადაწყვეტილებებს, და
(დ) შედეგების მართვის გადაწყვეტილებებს,
და ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელსაც მოითხოვს შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტი (სტანდარტები).
14.5.1 ტესტების განაწილების კოორდინირებული დაგეგმვის ხელშეწყობის, სხვადასხვა ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ ტესტირების არასაჭირო დუბლირების თავიდან აცილებისა და სპორტსმენის ბიოლოგიური პასპორტის პროფილების განახლების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია ყველა შეჯიბრების პერიოდში და შეჯიბრებებს შორის პერიოდში ჩატარებული ტესტის შესახებ ატყობინებს მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს დოპინგკონტროლის ფორმების ანტიდოპინგური ადმინისტრირებისა და მართვის სისტემაში შეყვანის გზით, ტესტირების საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი მოთხოვნებისა და ვადების შესაბამისად.
14.5.2 მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ თერაპიული გამოყენების გამონაკლისებზე ზედამხედველობისა და გასაჩივრების უფლებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია ყველა თერაპიული გამოყენების გამონაკლისის განაცხადს, გადაწყვეტილებასა და დამადასტურებელ დოკუმენტაციას აწვდის ანტიდოპინგური ადმინისტრირებისა და მართვის სისტემის გამოყენებით, თერაპიული გამოყენების გამონაკლისების საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი მოთხოვნებისა და ვადების შესაბამისად.
14.5.3 მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ შედეგების მართვაზე ზედამხედველობისა და გასაჩივრების უფლებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია შემდეგ ინფორმაციას შეიყვანს ანტიდოპინგური ადმინისტრირებისა და მართვის სისტემაში შედეგების მართვის საერთაშორისო სტანდარტით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვადების შესაბამისად: (ა) შეტყობინებები ანტიდოპინგური წესის დარღვევების შესახებ და შესაბამისი გადაწყვეტილებები უარყოფითი ანალიზის შედეგებთან დაკავშირებით; (ბ) შეტყობინებები და შესაბამისი გადაწყვეტილებები სხვა ანტიდოპინგური წესის დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც არ წარმოადგენს უარყოფითი ანალიზის შედეგებს; (გ) ადგილსამყოფლის შესახებ მოთხოვნის დარღვევები; (დ) 10.14.1 მუხლის დარღვევები; და (ე) ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომლითაც ხდება დროებითი შეჩერების დაკისრება, მოხსნა ან ხელახლა დაკისრება.
14.5.4 წინამდებარე მუხლში აღწერილი ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში და მოქმედი წესების შესაბამისად, ხელმისაწვდომი იქნება სპორტსმენისთვის, სპორტსმენის ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციისა და საერთაშორისო ფედერაციისთვის და ნებისმიერი სხვა ანტიდოპინგური ორგანიზაციისთვის, რომელსაც აქვს ტესტირების უფლებამოსილება სპორტსმენის მიმართ.108
14.6 მონაცემთა კონფიდენციალურობა
14.6.1 საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას შეუძლია შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს ან გაამჟღავნოს სპორტსმენებთან და სხვა პირებთან დაკავშირებული პერსონალური ინფორმაცია, როდესაც ეს აუცილებელი და მიზანშეწონილია მისი ანტიდოპინგური საქმიანობის განსახორციელებლად კოდექსის, საერთაშორისო სტანდარტების (მათ შორის, კერძოდ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტის), წინამდებარე ანტიდოპინგური წესების შესაბამისად და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
14.6.2 საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია ანტიდოპინგური ადმინისტრირებისა და მართვის სისტემაში არსებულ პერსონალურ ინფორმაციას არ იყენებს ანტიდოპინგურისგან განსხვავებული მიზნებისთვის.
14.6.3 ზემოაღნიშნულის შეზღუდვის გარეშე, საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია:
ამუშავებს პერსონალურ ინფორმაციას მხოლოდ კანონიერი სამართლებრივი საფუძვლის შესაბამისად;
ატყობინებს წინამდებარე ანტიდოპინგური წესების მოქმედების ქვეშ მყოფ ნებისმიერ მონაწილეს ან პირს, მოქმედი კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი წესითა და ფორმით, რომ მათი პერსონალური ინფორმაცია შეიძლება დაამუშაოს საქართველოს ეროვნულმა ანტიდოპინგურმა ორგანიზაციამ და სხვა პირებმა წინამდებარე ანტიდოპინგური წესების განხორციელების მიზნით;
უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერი მესამე მხარე წარმომადგენელი (მათ შორის ნებისმიერი დელეგირებული მესამე მხარე), რომელსაც საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია უზიარებს ნებისმიერი მონაწილის ან პირის პერსონალურ ინფორმაციას, ექვემდებარებოდეს სათანადო ტექნიკურ და სახელშეკრულებო კონტროლის მექანიზმებს ასეთი ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დასაცავად.
მუხლი 15 გადაწყვეტილებების აღსრულება
15.1 ხელმომწერი ანტიდოპინგური ორგანიზაციების
15.1.1 ანტიდოპინგური წესის დარღვევის ან 10.14.1 მუხლის დარღვევის შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ხელმომწერი ანტიდოპინგური ორგანიზაციის, სააპელაციო ორგანოს (კოდექსის 13.2.2 მუხლი) ან სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ, წარმოების მხარეების ინფორმირების შემდეგ, წარმოების მხარეების გარდა, ავტომატურად სავალდებულოა საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციისა და საქართველოს ნებისმიერი ეროვნული ფედერაციისთვის, ისევე როგორც ყველა სპორტის სახეობაში ყველა ხელმომწერისთვის, ქვემოთ აღწერილი შედეგებით:
15.1.1.1 ზემოაღნიშნული რომელიმე ორგანოს გადაწყვეტილება დროებითი შეჩერების დაკისრების შესახებ ავტომატურად უკრძალავს სპორტსმენს ან სხვა პირს მონაწილეობას (როგორც ეს აღწერილია 10.14.1 მუხლში) ყველა სპორტის სახეობაში, რომელიც ნებისმიერი ხელმომწერის უფლებამოსილების ფარგლებშია, დროებითი შეჩერების პერიოდში.
15.1.1.2 ზემოაღნიშნული რომელიმე ორგანოს გადაწყვეტილება უფლებაჩამორთმევის ვადის დაკისრების შესახებ (მოსმენის ჩატარების ან მასზე უარის თქმის შემდეგ) ავტომატურად უკრძალავს სპორტსმენს ან სხვა პირს მონაწილეობას (როგორც ეს აღწერილია 10.14.1 მუხლში) ყველა სპორტის სახეობაში, რომელიც ნებისმიერი ხელმომწერის უფლებამოსილების ფარგლებშია, უფლებაჩამორთმევის ვადით.
15.1.1.3 ზემოაღნიშნული რომელიმე ორგანოს გადაწყვეტილება ანტიდოპინგური წესის დარღვევის ან 10.14.1 მუხლის დარღვევის აღიარების შესახებ ავტომატურად სავალდებულოა ყველა ხელმომწერისთვის.
15.1.1.4 ზემოაღნიშნული რომელიმე ორგანოს გადაწყვეტილება 10.10 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული პერიოდის შედეგების დისკვალიფიკაციის შესახებ ავტომატურად იწვევს დისკვალიფიკაციას ყველა იმ შედეგისა, რომელიც მიღწეულია ნებისმიერი ხელმომწერის უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში.
15.1.2 საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია და საქართველოს ნებისმიერი ეროვნული ფედერაცია ცნობს და აღასრულებს გადაწყვეტილებას და მის შედეგებს 15.1.1 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, ყოველგვარი დამატებითი ქმედების საჭიროების გარეშე, შემდეგ თარიღთაგან უფრო ადრეულიდან: თარიღი, როდესაც საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია მიიღებს ფაქტობრივ შეტყობინებას გადაწყვეტილების შესახებ, ან თარიღი, როდესაც გადაწყვეტილება განთავსდება ანტიდოპინგური ადმინისტრირებისა და მართვის სისტემაში.
15.1.3 ანტიდოპინგური ორგანიზაციის, სააპელაციო ორგანოს ან სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება შედეგების შეჩერების ან მოხსნის შესახებ სავალდებულოა საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციისა და საქართველოს ნებისმიერი ეროვნული ფედერაციისთვის ყოველგვარი დამატებითი ქმედების საჭიროების გარეშე, შემდეგ თარიღთაგან უფრო ადრეულიდან: თარიღი, როდესაც საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია მიიღებს ფაქტობრივ შეტყობინებას გადაწყვეტილების შესახებ, ან თარიღი, როდესაც გადაწყვეტილება განთავსდება ანტიდოპინგური ადმინისტრირებისა და მართვის სისტემაში.
15.1.4 თუმცა, 15.1.1 მუხლის ნებისმიერი დებულების მიუხედავად, მსხვილი ღონისძიების ორგანიზაციის მიერ ღონისძიების მიმდინარეობისას დაჩქარებული პროცედურით მიღებული გადაწყვეტილება ანტიდოპინგური წესის დარღვევის ან 10.14.1 მუხლის დარღვევის შესახებ არ არის სავალდებულო საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციისა ან საქართველოს ეროვნული ფედერაციებისთვის, თუ მსხვილი ღონისძიების ორგანიზაციის წესები სპორტსმენს ან სხვა პირს არ აძლევს არადაჩქარებული პროცედურებით გასაჩივრების შესაძლებლობას.109
15.2 ანტიდოპინგური ორგანიზაციების
საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას შეუძლია გადაწყვიტოს ანტიდოპინგური ორგანიზაციების მიერ გამოტანილი სხვა ანტიდოპინგური გადაწყვეტილებების აღსრულება, რომლებიც არ არის აღწერილი ზემოთ, 15.1.1 მუხლში.110 ასეთ შემთხვევებში ასეთ გადაწყვეტილებებს ავტომატურად აღასრულებენ საქართველოს ეროვნული ფედერაციები.
15.3 იმ ორგანოს გადაწყვეტილებების აღსრულება, რომელიც არ არის ხელმომწერი
ორგანოს ანტიდოპინგურ გადაწყვეტილებას, რომელიც არ არის კოდექსის ხელმომწერი, აღასრულებს საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია, თუ საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია დაადგენს, რომ გადაწყვეტილება სავარაუდოდ ამ ორგანოს უფლებამოსილების ფარგლებშია და ამ ორგანოს ანტიდოპინგური წესები სხვა მხრივ შეესაბამება კოდექსს.111 ასეთ შემთხვევებში ასეთ გადაწყვეტილებებს ავტომატურად აღასრულებენ საქართველოს ეროვნული ფედერაციები.
მუხლი 16 ხანდაზმულობის ვადა
ანტიდოპინგური წესის დარღვევის ან 10.14.1 მუხლის დარღვევის საქმის წარმოება სპორტსმენის ან სხვა პირის მიმართ არ შეიძლება დაიწყოს, თუ მათ არ ეცნობათ ანტიდოპინგური წესის დარღვევის შესახებ მე-7 მუხლით გათვალისწინებული წესით, ან არ იქნა მიღებული გონივრული ზომები მათ შესატყობინებლად, სავარაუდო დარღვევის ჩადენის თარიღიდან ათი (10) წლის განმავლობაში.
მუხლი 17 განათლება
თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია გეგმავს, ახორციელებს, აკონტროლებს და აფასებს საგანმანათლებლო პროგრამას კოდექსის მე-18 მუხლისა და განათლების საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად.
საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია უზრუნველყოფს, რომ მისი საგანმანათლებლო პროგრამა ამაღლებდეს ცნობიერებას, აწვდიდეს ზუსტ ინფორმაციას, აძლიერებდეს გადაწყვეტილების მიღების უნარს და ავითარებდეს სუფთა სპორტის ქცევას სპორტის სულისკვეთების შესაბამისად და შეესაბამებოდეს კოდექსს.
საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია უზრუნველყოფს, რომ მისი საგანმანათლებლო პროგრამა იყოს თანმიმდევრული და შეესაბამებოდეს სპორტსმენის განვითარების გზის ძირითად ეტაპებს, ეფუძნებოდეს მკაფიო სასწავლო გეგმას, რომელიც მოიცავს (სულ მცირე) ყველა თემას, რომელიც ჩამოთვლილია განათლების საერთაშორისო სტანდარტში. ასეთი თემები და შინაარსი უნდა იყოს მისადაგებული სპორტსმენის განვითარების გზასთან.
მუხლი 18 საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის დამატებითი როლები და პასუხისმგებლობები
18.1 კოდექსის 20.5 მუხლში ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციებისთვის აღწერილი როლებისა და პასუხისმგებლობების გარდა, საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს წარუდგენს ანგარიშს საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ კოდექსთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ, კოდექსის 24.1.1 მუხლის შესაბამისად.
18.2 საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია არ გადასცემს დოპინგკონტროლის რომელიმე ასპექტს (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ტესტირებას და შედეგების მართვას) დელეგირებულ მესამე მხარეს, როდესაც ასეთმა დელეგირებამ შეიძლება გონივრულად გამოიწვიოს ინტერესთა პოტენციური ან ფაქტობრივი კონფლიქტი; გარდა ამისა, ინტერესთა პოტენციური კონფლიქტის გამო, საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია არ გადასცემს დოპინგკონტროლის რომელიმე ასპექტს (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ტესტირებას და შედეგების მართვას) ეროვნულ ფედერაციას ან სპორტის მმართველ რომელიმე სხვა ეროვნულ ორგანოს ან სხვა ეროვნულ სპორტულ ორგანიზაციას.
მუხლი 19 სპორტსმენთა დამატებითი უფლებებები და მოვალეობები
19.1 იცოდნენ და დაიცვან წინამდებარე ანტიდოპინგური წესები და კოდექსის შესაბამისად მიღებული წესები.
19.2 ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი იყვნენ ნიმუშის აღებისთვის.112
19.3 ანტიდოპინგის კონტექსტში აიღონ პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც მიიღებენ და გამოიყენებენ.
19.4 აცნობონ სამედიცინო პერსონალს თავიანთი ვალდებულების შესახებ, არ გამოიყენონ აკრძალული ნივთიერებები და აკრძალული მეთოდები, და აიღონ პასუხისმგებლობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათ მიერ მიღებული ნებისმიერი სამედიცინო მკურნალობა არ არღვევდეს წინამდებარე ანტიდოპინგურ წესებს.
19.5 საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციასა და თავიანთ საერთაშორისო ფედერაციას აცნობონ არახელმომწერის ნებისმიერი გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც დადგინდა, რომ სპორტსმენმა წინა ათი (10) წლის განმავლობაში ჩაიდინა ანტიდოპინგური წესის დარღვევა ან 10.14.1 მუხლის დარღვევა.
19.6 ითანამშრომლონ ანტიდოპინგურ ორგანიზაციებთან, რომლებიც იძიებენ ანტიდოპინგური წესის დარღვევებს ან 10.14.1 მუხლის დარღვევებს.113
19.7 გაამჟღავნონ თავიანთი სპორტსმენის დამხმარე პერსონალის ვინაობა საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის ან ნებისმიერი სხვა ანტიდოპინგური ორგანიზაციის მოთხოვნით, რომელსაც უფლებამოსილება აქვს სპორტსმენის მიმართ.
19.8 სპორტსმენები ვალდებულნი არიან, ხელმისაწვდომი იყვნენ განათლებისთვის.
მუხლი 20 სპორტსმენის დამხმარე პერსონალის უფლებებები და მოვალეობები
20.1 იცოდნენ და დაიცვან წინამდებარე ანტიდოპინგური წესები და კოდექსის შესაბამისად მიღებული წესები, რომლებიც ვრცელდება მათზე ან იმ სპორტსმენებზე, რომლებსაც ისინი ეხმარებიან.
20.2 სპორტსმენის დამხმარე პერსონალი ვალდებულია, ხელმისაწვდომი იყოს განათლებისთვის იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ზუსტი ანტიდოპინგური ინფორმაციის მიწოდებას სპორტსმენებისთვის, რომლებსაც ისინი ეხმარებიან, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება დაცულ პირებს და არასრულწლოვნებს.
20.3 ითანამშრომლონ სპორტსმენების ტესტირების პროგრამასთან.
20.4 გამოიყენონ თავიანთი გავლენა სპორტსმენის ღირებულებებსა და ქცევაზე ანტიდოპინგური დამოკიდებულებების ხელშესაწყობად.
20.5 საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციასა და თავიანთ საერთაშორისო ფედერაციას აცნობონ არახელმომწერის ნებისმიერი გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც დადგინდა, რომ მათ წინა ათი (10) წლის განმავლობაში ჩაიდინეს ანტიდოპინგური წესის დარღვევა ან 10.14.1 მუხლის დარღვევა.
20.6 ითანამშრომლონ ანტიდოპინგურ ორგანიზაციებთან, რომლებიც იძიებენ ანტიდოპინგური წესის დარღვევებს ან 10.14.1 მუხლის დარღვევებს.114
20.7 სპორტსმენის დამხმარე პერსონალი არ იყენებს ან არ ფლობს რაიმე აკრძალულ ნივთიერებას ან აკრძალულ მეთოდს მართებული დასაბუთების გარეშე.115
20.8 არც ერთი პირი, რომელსაც დაკისრებული აქვს უფლებაჩამორთმევის ვადა, არ უწევს სპორტსმენის დამხმარე პერსონალის მომსახურებას რომელიმე სპორტსმენს ან სხვა პირს, რომლისთვისაც სავალდებულოა კოდექსის შესაბამისად მიღებული წესები.
20.9 გამოიჩინონ ზრუნვის უმაღლესი ხარისხი სპორტსმენების მხარდაჭერისას, რათა დაიცვან ისინი ანტიდოპინგური წესის უნებლიე დარღვევის რისკისგან.
მუხლი 21 წინამდებარე ანტიდოპინგურ წესებს დაქვემდებარებული სხვა პირების დამატებითი უფლება-მოვალეობანი
21.1 იცოდნენ და დაიცვან წინამდებარე ანტიდოპინგური წესები და კოდექსის შესაბამისად მიღებული წესები, რომლებიც მათზე ვრცელდება.
21.2 საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციასა და თავიანთ საერთაშორისო ფედერაციას აცნობონ არახელმომწერის ნებისმიერი გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც დადგინდა, რომ მათ წინა ათი (10) წლის განმავლობაში ჩაიდინეს ანტიდოპინგური წესის დარღვევა ან 10.14.1 მუხლის დარღვევა.
21.3 ითანამშრომლონ ანტიდოპინგურ ორგანიზაციებთან, რომლებიც იძიებენ ანტიდოპინგური წესის დარღვევებს ან 10.14.1 მუხლის დარღვევებს.116
მუხლი 22 კოდექსის დებულებათა განმარტება
22.1 კოდექსის ოფიციალურ ტექსტს აწარმოებს მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო და იგი ქვეყნდება ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. ინგლისურ და ფრანგულ ვერსიებს შორის რაიმე წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ვერსიას.
22.2 კოდექსის სხვადასხვა დებულების თანმხლები კომენტარები გამოიყენება კოდექსის განმარტებისთვის.
22.3 კოდექსი განიმარტება როგორც დამოუკიდებელი და ავტონომიური ტექსტი და არა ხელმომწერების ან მთავრობების მოქმედ კანონმდებლობასა ან სამართლებრივ აქტებზე მითითებით.
22.4 კოდექსის სხვადასხვა ნაწილისა და მუხლის სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ ჩაითვლება კოდექსის შინაარსის ნაწილად და არანაირად არ ახდენს გავლენას იმ დებულებების ფორმულირებაზე, რომლებსაც ისინი ეხება.
22.5 როდესაც კოდექსში ან საერთაშორისო სტანდარტში გამოიყენება ტერმინი „დღეები“, იგი ნიშნავს კალენდარულ დღეებს, თუ სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
22.6 როდესაც კოდექსში ან საერთაშორისო სტანდარტში გამოიყენება ტერმინი „ვალდებულია“ (ინგლისურად „shall“), იგი ნიშნავს სავალდებულო ვალდებულებას, რომელიც უნდა იქნეს დაცული; როდესაც კოდექსში ან საერთაშორისო სტანდარტში გამოიყენება ტერმინი „სასურველია“ (ინგლისურად „should“), იგი ნიშნავს, რომ რაიმე მიიჩნევა საუკეთესო პრაქტიკად ან რეკომენდებულია მისი დაცვა, მაგრამ არ არის სავალდებულო.
22.7 კოდექსს არ აქვს უკუძალა იმ საქმეებზე, რომლებიც განხილვის პროცესში იყო მანამ, სანამ კოდექსს მიიღებდა ხელმომწერი და დანერგავდა თავის წესებში. თუმცა, კოდექსის ამოქმედებამდე ჩადენილი ანტიდოპინგური წესის დარღვევები კვლავ ჩაითვლება „პირველ დარღვევებად“ ან „მეორე დარღვევებად“ მე-10 მუხლის შესაბამისად სანქციების განსაზღვრის მიზნებისთვის კოდექსის ამოქმედების შემდეგ ჩადენილი შემდგომი დარღვევებისთვის.
22.8 მსოფლიო ანტიდოპინგური პროგრამისა და კოდექსის მიზანი, მოქმედების სფერო და ორგანიზაცია, ასევე მეორე დანართი „განმარტებები“ განიხილება კოდექსის განუყოფელ ნაწილებად.
მუხლი 23 დასკვნითი დებულებები
23.1 წინამდებარე ანტიდოპინგური წესები მიღებულია კოდექსის და საერთაშორისო სტანდარტების მოქმედი დებულებების შესაბამისად და უნდა განიმარტოს კოდექსის და საერთაშორისო სტანდარტების მოქმედი დებულებების შესაბამისად. კოდექსი და საერთაშორისო სტანდარტები მიიჩნევა წინამდებარე ანტიდოპინგური წესების განუყოფელ ნაწილად და კოლიზიის შემთხვევაში მათ აქვთ უპირატესი ძალა.
23.2 წინამდებარე ანტიდოპინგური წესების სხვადასხვა დებულებაზე დართული კომენტარები გამოიყენება წინამდებარე ანტიდოპინგური წესების განმარტებისთვის.
23.3 წინამდებარე ანტიდოპინგური წესები ძალაში შედის და სრულად გამოიყენება 2027 წლის 1 იანვრიდან („ძალაში შესვლის თარიღი“). ისინი აუქმებს საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის ანტიდოპინგური წესების ნებისმიერ წინა რედაქციას.
23.4 წინამდებარე ანტიდოპინგური წესები არ ვრცელდება უკუძალით იმ საკითხებზე, რომლებიც ძალაში შესვლის თარიღამდე განხილვის პროცესშია. თუმცა:
23.4.1 ძალაში შესვლის თარიღამდე ჩადენილი ანტიდოპინგური წესის დარღვევები ითვლება „პირველ დარღვევად“ ან „მეორე დარღვევად“ ძალაში შესვლის თარიღის შემდეგ ჩადენილი დარღვევებისთვის მე-10 მუხლის შესაბამისად სანქციების განსაზღვრის მიზნებისთვის.
23.4.2 ანტიდოპინგური წესის დარღვევის ნებისმიერი საქმე, რომელიც ძალაში შესვლის თარიღისთვის განხილვის პროცესშია, და ანტიდოპინგური წესის დარღვევის ნებისმიერი საქმე, რომელიც აღიძრა ძალაში შესვლის თარიღის შემდეგ ძალაში შესვლის თარიღამდე ჩადენილი ანტიდოპინგური წესის დარღვევის საფუძველზე, რეგულირდება იმ მატერიალური ანტიდოპინგური წესებით, რომლებიც მოქმედებდა სავარაუდო ანტიდოპინგური წესის დარღვევის ჩადენის დროს, და არა წინამდებარე ანტიდოპინგური წესებით დადგენილი მატერიალური ანტიდოპინგური წესებით, თუ საქმის განმხილველი პანელი არ დაადგენს, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია „lex mitior“ პრინციპის გამოყენება. ამ მიზნებისთვის, რეტროსპექტიული პერიოდები, რომელთა ფარგლებშიც წინა დარღვევები შეიძლება იქნეს გათვალისწინებული 10.9.4 მუხლის შესაბამისად მრავალჯერადი დარღვევების მიზნებისთვის, და მე-16 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს საპროცესო და არა მატერიალურ ნორმებს და უნდა იქნეს გამოყენებული უკუძალით წინამდებარე ანტიდოპინგური წესების ყველა სხვა საპროცესო ნორმასთან ერთად (იმ პირობით, რომ მე-16 მუხლი უკუძალით გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხანდაზმულობის ვადა ძალაში შესვლის თარიღისთვის უკვე არ არის ამოწურული).
23.4.3 2.4 მუხლით გათვალისწინებული ადგილსამყოფლის შესახებ მოთხოვნის ნებისმიერი დარღვევა (ინფორმაციის წარდგენის დარღვევა თუ გაცდენილი ტესტი, როგორც ეს ტერმინები განმარტებულია შედეგების მართვის საერთაშორისო სტანდარტში), რომელიც მოხდა ძალაში შესვლის თარიღამდე, გადაიტანება და მისი ვადის ამოწურვამდე შეიძლება იქნეს გამოყენებული შედეგების მართვის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, თუმცა იგი ჩაითვლება ამოწურულად მისი მოხდენიდან თორმეტი (12) თვის შემდეგ.
23.4.4 იმ შემთხვევებში, როდესაც ანტიდოპინგური წესის დარღვევის ან 10.14.1 მუხლის დარღვევის დამდგენი საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია ძალაში შესვლის თარიღამდე, მაგრამ სპორტსმენი ან სხვა პირი ძალაში შესვლის თარიღისთვის კვლავ იხდის უფლებაჩამორთმევის ვადას, სპორტსმენს ან სხვა პირს შეუძლია მიმართოს საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას ან სხვა ანტიდოპინგურ ორგანიზაციას, რომელსაც ჰქონდა შედეგების მართვის უფლებამოსილება ანტიდოპინგური წესის დარღვევასთან ან 10.14.1 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით, წინამდებარე ანტიდოპინგური წესების გათვალისწინებით უფლებაჩამორთმევის ვადის შემცირების განხილვის მოთხოვნით. ასეთი განცხადება უნდა იქნეს წარდგენილი უფლებაჩამორთმევის ვადის ამოწურვამდე. მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 13.2 მუხლის შესაბამისად. წინამდებარე ანტიდოპინგური წესები არ ვრცელდება იმ საქმეებზე, რომლებზეც მიღებულია ანტიდოპინგური წესის დარღვევის ან 10.14.1 მუხლის დარღვევის დამდგენი საბოლოო გადაწყვეტილება და უფლებაჩამორთმევის ვადა ამოწურულია.
23.4.5 10.9.1 მუხლის შესაბამისად მეორე დარღვევისთვის უფლებაჩამორთმევის ვადის განსაზღვრის მიზნებისთვის, როდესაც პირველი დარღვევისთვის სანქცია განისაზღვრა ძალაში შესვლის თარიღამდე მოქმედი წესების საფუძველზე, გამოიყენება უფლებაჩამორთმევის ის ვადა, რომელიც ამ პირველი დარღვევისთვის განისაზღვრებოდა, წინამდებარე ანტიდოპინგური წესები რომ ყოფილიყო გამოსაყენებელი.117
23.4.6 ცვლილებები აკრძალულ სიაში და ტექნიკურ დოკუმენტებში, რომლებიც ეხება აკრძალულ სიაში შეტანილ ნივთიერებებს ან მეთოდებს, არ გამოიყენება უკუძალით, თუ თავად ეს ცვლილებები სპეციალურად სხვა რამეს არ ითვალისწინებს. თუმცა, გამონაკლისის სახით, როდესაც აკრძალული ნივთიერება ან აკრძალული მეთოდი ამოღებულია აკრძალული სიიდან, სპორტსმენს ან სხვა პირს, რომელიც ამჟამად იხდის უფლებაჩამორთმევის ვადას ყოფილი აკრძალული ნივთიერების ან აკრძალული მეთოდის გამო, შეუძლია მიმართოს საქართველოს ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციას ან სხვა ანტიდოპინგურ ორგანიზაციას, რომელსაც ჰქონდა შედეგების მართვის უფლებამოსილება ანტიდოპინგური წესის დარღვევასთან დაკავშირებით, უფლებაჩამორთმევის ვადის შემცირების განხილვის მოთხოვნით, ნივთიერების ან მეთოდის აკრძალული სიიდან ამოღების გათვალისწინებით.
დანართი 1 განმარტებები118
ანტიდოპინგური ადმინისტრირებისა და მართვის სისტემა: ანტიდოპინგური ადმინისტრირებისა და მართვის სისტემა არის მონაცემთა ბაზის მართვის ვებინსტრუმენტი მონაცემთა შეყვანის, შენახვის, გაზიარებისა და ანგარიშგებისთვის, რომელიც შექმნილია დაინტერესებული მხარეებისა და მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს დასახმარებლად მათ ანტიდოპინგურ საქმიანობაში, მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობასთან შესაბამისობით.
მიწოდება: უზრუნველყოფა, მიწოდება, ზედამხედველობა, ხელშეწყობა ან სხვაგვარი მონაწილეობა გამოყენებაში ან გამოყენების მცდელობაში, რომელსაც სხვა პირი ახორციელებს აკრძალული ნივთიერების ან აკრძალული მეთოდის მიმართ. თუმცა, ეს განმარტება არ მოიცავს კეთილსინდისიერი სამედიცინო პერსონალის ქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია აკრძალულ ნივთიერებასთან ან აკრძალულ მეთოდთან, რომელიც გამოიყენება ნამდვილი და კანონიერი თერაპიული მიზნებისთვის ან სხვა მისაღები დასაბუთებით, და არ მოიცავს ქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია აკრძალულ ნივთიერებებთან, რომლებიც არ არის აკრძალული შეჯიბრებებს შორის პერიოდში ტესტირებისას, თუ გარემოებათა ერთობლიობა არ ადასტურებს, რომ ასეთი აკრძალული ნივთიერებები არ არის განკუთვნილი ნამდვილი და კანონიერი თერაპიული მიზნებისთვის ან განკუთვნილია სპორტული შედეგების გასაუმჯობესებლად.
უარყოფითი ანალიზის შედეგი: მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ აკრედიტებული ლაბორატორიის ან მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ დამტკიცებული სხვა ლაბორატორიის ანგარიში, რომელიც, ლაბორატორიების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, ადასტურებს ნიმუშში აკრძალული ნივთიერების ან მისი მეტაბოლიტების ან მარკერების არსებობას ან აკრძალული მეთოდის გამოყენების მტკიცებულებას.
პასპორტის უარყოფითი შედეგი: ანგარიში, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც პასპორტის უარყოფითი შედეგი, როგორც ეს აღწერილია მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებში.
დამამძიმებელი გარემოებები: გარემოებები, რომლებიც დაკავშირებულია სპორტსმენთან ან სხვა პირთან, ან მათი ქმედებები, რომლებმაც შეიძლება გაამართლოს სხვაგვარად გამოსაყენებელ სანქციაზე უფრო ხანგრძლივი უფლებაჩამორთმევის ადის დაკისრება. ასეთი გარემოებები და ქმედებები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით: სპორტსმენმა ან სხვა პირმა გამოიყენა ან ფლობდა მრავალ აკრძალულ ნივთიერებას ან აკრძალულ მეთოდს, გამოიყენა ან ფლობდა აკრძალულ ნივთიერებას ან აკრძალულ მეთოდს მრავალჯერ ან ჩაიდინა ანტიდოპინგური წესის სხვა მრავალი დარღვევა; ჩვეულებრივი ინდივიდი, სავარაუდოდ, ისარგებლებდა ანტიდოპინგური წესის დარღვევის (დარღვევების) შედეგების გამაუმჯობესებელი ეფექტით სხვაგვარად გამოსაყენებელი უფლებაჩამორთმევის ვადის გასვლის შემდეგაც; ანტიდოპინგური წესის დარღვევა ჩადენილ იქნა დოპინგის დახვეწილი სქემის ან გეგმის ნაწილად; სპორტსმენი ან პირი ჩაერთო მატყუარა ან ხელისშემშლელ ქცევაში ანტიდოპინგური წესის დარღვევის გამოვლენის ან მასზე გადაწყვეტილების მიღების თავიდან ასაცილებლად. ეჭვის გამოსარიცხად, აქ აღწერილი გარემოებებისა და ქცევის მაგალითები არ არის ამომწურავი და სხვა მსგავსმა გარემოებებმა ან ქცევამაც შეიძლება გაამართლოს უფრო ხანგრძლივი უფლებაჩამორთმევის ვადის დაკისრება.
ანტიდოპინგური საქმიანობა: ანტიდოპინგური განათლება და ინფორმირება, ტესტების განაწილების დაგეგმვა, რეგისტრირებული ტესტირების ჯგუფის წარმოება, სპორტსმენის ბიოლოგიური პასპორტების მართვა, ტესტირების ჩატარება, ნიმუშების ანალიზის ორგანიზება, სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება და გამოძიებების ჩატარება, თერაპიული გამოყენების გამონაკლისის განაცხადების დამუშავება, შედეგების მართვა, ნებისმიერი დაკისრებული შედეგების შესრულების მონიტორინგი და აღსრულება, და ანტიდოპინგურ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სხვა ღონისძიება, რომელიც უნდა განხორციელდეს ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ ან მისი სახელით, როგორც ეს განსაზღვრულია კოდექსით და/ან საერთაშორისო სტანდარტებით.
ანტიდოპინგური ორგანიზაცია: მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო ან ხელმომწერი, რომელიც პასუხისმგებელია დოპინგკონტროლის პროცესის ნებისმიერი ნაწილის ინიცირების, განხორციელების ან აღსრულების წესების მიღებაზე. ეს მოიცავს, მაგალითად, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, საერთაშორისო პარალიმპიურ კომიტეტს, სხვა მსხვილი ღონისძიების ორგანიზაციებს, რომლებიც ატარებენ ტესტირებას თავიანთ ღონისძიებებზე, საერთაშორისო ფედერაციებს და ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციებს.
სპორტსმენი: ნებისმიერი პირი, რომელიც ასპარეზობს სპორტში საერთაშორისო დონეზე (როგორც ამას განსაზღვრავს თითოეული საერთაშორისო ფედერაცია) ან ეროვნულ დონეზე (როგორც ამას განსაზღვრავს თითოეული ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია). ანტიდოპინგურ ორგანიზაციას აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, გაავრცელოს ანტიდოპინგური წესები სპორტსმენზე, რომელიც არც საერთაშორისო დონის სპორტსმენია და არც ეროვნული დონის სპორტსმენი, და ამგვარად მოაქციოს იგი ტერმინის „სპორტსმენი“ განმარტების ფარგლებში. იმ სპორტსმენებთან მიმართებით, რომლებიც არც საერთაშორისო დონის და არც ეროვნული დონის სპორტსმენები არიან, ანტიდოპინგურ ორგანიზაციას შეუძლია გადაწყვიტოს: ჩაატაროს შეზღუდული ტესტირება ან საერთოდ არ ჩაატაროს ტესტირება; გააანალიზოს ნიმუშები არა აკრძალული ნივთიერებების სრულ ჩამონათვალზე; მოითხოვოს ადგილსამყოფლის შესახებ შეზღუდული ინფორმაცია ან საერთოდ არ მოითხოვოს იგი; ან არ მოითხოვოს წინასწარი თერაპიული გამოყენების გამონაკლისები.119 თუმცა, თუ 2.1, 2.3 ან 2.5 მუხლით გათვალისწინებულ ანტიდოპინგური წესის დარღვევას ჩაიდენს ნებისმიერი სპორტსმენი, რომლის მიმართაც ანტიდოპინგურმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა, განახორციელოს ტესტირების უფლებამოსილება და რომელიც ასპარეზობს საერთაშორისო ან ეროვნულ დონეზე დაბლა, მაშინ გამოიყენება კოდექსით განსაზღვრული შედეგები. 2.8 და 2.9 მუხლების მიზნებისთვის, აგრეთვე ანტიდოპინგური ინფორმირებისა და განათლების მიზნებისთვის, ნებისმიერი პირი, რომელიც მონაწილეობს სპორტში ნებისმიერი ხელმომწერის, მთავრობის ან კოდექსის მიმღები სხვა სპორტული ორგანიზაციის უფლებამოსილების ქვეშ, არის სპორტსმენი.120
სპორტსმენის ბიოლოგიური პასპორტი: მონაცემთა შეგროვებისა და შეჯერების პროგრამა და მეთოდები, როგორც ეს აღწერილია ტესტირების საერთაშორისო სტანდარტში და ლაბორატორიების საერთაშორისო სტანდარტში.
სპორტსმენის დამხმარე პერსონალი/სპორტსმენის დამხმარე პირი: ნებისმიერი მწვრთნელი, ინსტრუქტორი, მენეჯერი, აგენტი, გუნდის თანამშრომელი, ოფიციალური პირი, სამედიცინო ან პარასამედიცინო პერსონალი, მშობელი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც მუშაობს, მკურნალობს ან ეხმარება სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილე ან მისთვის მოსამზადებელ სპორტსმენს.
მცდელობა: განზრახ ქმედება, რომელიც წარმოადგენს არსებით ნაბიჯს ქმედებათა იმ თანმიმდევრობაში, რომელიც დაგეგმილია ანტიდოპინგური წესის დარღვევის ჩადენით დასრულებისთვის. თუმცა, ანტიდოპინგური წესის დარღვევა არ იარსებებს მხოლოდ დარღვევის ჩადენის მცდელობის საფუძველზე, თუ პირი უარს იტყვის მცდელობაზე მანამ, სანამ მას აღმოაჩენს მცდელობაში ჩაურთველი მესამე მხარე.
ატიპური შედეგი: მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ აკრედიტებული ლაბორატორიის ან მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ დამტკიცებული სხვა ლაბორატორიის ანგარიში, რომელიც საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, როგორც ეს გათვალისწინებულია მოქმედი საერთაშორისო სტანდარტებით (მათ შორის, შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტებით ან ტექნიკური წერილებით), ან როგორც ამას მიუთითებს მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო, შედეგთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (ანუ ანტიდოპინგური წესის დარღვევის დადგენამდე ან დაუდგენლობამდე).
პასპორტის ატიპური შედეგი: ანგარიში, რომელიც აღწერილია, როგორც პასპორტის ატიპური შედეგი, როგორც ეს აღწერილია მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებში.
სპორტის საარბიტრაჟო სასამართლო: სპორტის საარბიტრაჟო სასამართლო.
კოდექსი: მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსი.
შეჯიბრება: ერთი რბოლა, მატჩი, თამაში ან ცალკეული სპორტული შეჯიბრი. მაგალითად, კალათბურთის თამაში ან მძლეოსნობაში ოლიმპიური 100 მეტრზე რბოლის ფინალი. ეტაპობრივი რბოლებისა და სხვა სპორტული შეჯიბრებისთვის, სადაც პრიზები გაიცემა ყოველდღიურად ან სხვა შუალედური პერიოდულობით, განსხვავება შეჯიბრებასა და ღონისძიებას შორის განისაზღვრება შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციის წესებით.
ანტიდოპინგური წესის დარღვევის შედეგები („შედეგები“): სპორტსმენის ან სხვა პირის მიერ ანტიდოპინგური წესის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ერთი ან მეტი შემდეგი შედეგი: ა) დისკვალიფიკაცია ნიშნავს, რომ სპორტსმენის შედეგები კონკრეტულ შეჯიბრებაში ან ღონისძიებაში ბათილდება ყველა თანმდევი შედეგით, მათ შორის ნებისმიერი მედლის, ქულისა და პრიზის ჩამორთმევით; ბ) უფლებაჩამორთმევა ნიშნავს, რომ სპორტსმენს ან სხვა პირს ანტიდოპინგური წესის დარღვევის გამო განსაზღვრული ვადით ეკრძალება მონაწილეობა ნებისმიერ შეჯიბრებაში ან სხვა საქმიანობაში ან დაფინანსების მიღება, როგორც ეს გათვალისწინებულია 10.14 მუხლით; გ) დროებითი შეჩერება ნიშნავს, რომ სპორტსმენს ან სხვა პირს დროებით ეკრძალება მონაწილეობა ნებისმიერ შეჯიბრებაში ან საქმიანობაში მე-8 მუხლის შესაბამისად ჩატარებულ მოსმენაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე; დ) ფინანსური შედეგები ნიშნავს ფინანსურ სანქციას, რომელიც დაკისრებულია ანტიდოპინგური წესის დარღვევისთვის ან ანტიდოპინგური წესის დარღვევასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად; და ე) საჯარო გამჟღავნება ნიშნავს ინფორმაციის გავრცელებას ფართო საზოგადოებისთვის ან იმ პირებისთვის, რომლებიც სცილდებიან იმ პირთა წრეს, რომლებსაც უფლება აქვთ, მიიღონ ადრეული შეტყობინება მე-14 მუხლის შესაბამისად. გუნდური სპორტის სახეობების გუნდებს ასევე შეიძლება დაეკისროთ შედეგები მე-11 მუხლის შესაბამისად.
დაბინძურების წყარო: აკრძალული ნივთიერების გაუთვალისწინებელი წყარო, როგორიცაა: მედიკამენტის ან დანამატის გამოყენება ან მიღება, რომელიც შეიცავს აკრძალულ ნივთიერებას, რომელიც არ არის მითითებული პროდუქტის ეტიკეტზე ან ინფორმაციაში, რომელიც ხელმისაწვდომია გონივრული ხელოვნური ინტელექტის ან შესადარისი ძიების საშუალებით; საკვების ან სასმლის, მაგალითად, დაბინძურებული ხორცის ან სითხის მიღება, რომელიც შეიცავს აკრძალულ ნივთიერებას, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების, ინფორმაციის გამჟღავნების ან სხვა საფუძვლის გარეშე, რომლითაც შეიძლებოდა ეჭვის მიტანა, რომ იგი შესაძლოა შეიცავდეს აკრძალულ ნივთიერებას; აკრძალულ ნივთიერებასთან შეხება სპორტსმენის მიერ მესამე პირთან უშუალო ფიზიკური კონტაქტის ან მესამე პირის მიერ შეხებულ ან გამოყენებულ საგნებთან ფიზიკური კონტაქტის გზით.
გადაწყვეტილების ზღვარი: მნიშვნელობა, რომლის ზემოთაც ზღვრული ნივთიერების რაოდენობრივი ანალიზის შედეგი ნიმუშში უნდა იქნეს ანგარიშში ასახული, როგორც უარყოფითი ანალიზის შედეგი.121
დელეგირებული მესამე მხარე: ნებისმიერი პირი, რომელსაც საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია დელეგირებით გადასცემს დოპინგკონტროლის ან ანტიდოპინგური განათლების პროგრამების ნებისმიერ ასპექტს, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, მესამე მხარეები ან სხვა ანტიდოპინგური ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ ნიმუშის აღებას ან სხვა დოპინგკონტროლის მომსახურებას ან ანტიდოპინგურ საგანმანათლებლო პროგრამებს საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციისთვის, ან ფიზიკური პირები, რომლებიც, როგორც დამოუკიდებელი კონტრაქტორები, ახორციელებენ დოპინგკონტროლის მომსახურებას საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციისთვის (მაგალითად, შტატგარეშე დოპინგკონტროლის ოფიცრები ან თანმხლები პირები). ეს განმარტება არ მოიცავს სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს.
დისკვალიფიკაცია: იხილეთ ზემოთ ანტიდოპინგური წესის დარღვევის შედეგები.
დოპინგკონტროლი: ყველა ეტაპი და პროცესი ტესტების განაწილების დაგეგმვიდან ნებისმიერი საჩივრის საბოლოო გადაწყვეტამდე და შედეგების აღსრულებამდე, მათ შორის ყველა შუალედური ეტაპი და პროცესი, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ტესტირება, გამოძიებები, ადგილსამყოფელი, თერაპიული გამოყენების გამონაკლისები, ნიმუშის აღება და დამუშავება, ლაბორატორიული ანალიზი, შედეგების მართვა და 10.14 მუხლის (სტატუსი უფლებაჩამორთმევა ან დროებითი შეჩერების პერიოდში) დარღვევებთან დაკავშირებული გამოძიებები ან სამართალწარმოება.
განათლება: სწავლის პროცესი, რომლის მიზანია ღირებულებების დანერგვა და ქცევის ჩამოყალიბება, რომლებიც ხელს უწყობს და იცავს სპორტის სულისკვეთებას, ასევე განზრახი და უნებლიე დოპინგის პრევენცია.
ღონისძიება: ერთი მმართველი ორგანოს ეგიდით ერთობლივად ჩატარებული ცალკეული შეჯიბრებების სერია (მაგალითად, ოლიმპიური თამაშები, საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო ჩემპიონატები ან პანამერიკული თამაშები).
ღონისძიების პერიოდი: დრო ღონისძიების დაწყებიდან დასრულებამდე, როგორც ეს დადგენილია ღონისძიების მმართველი ორგანოს მიერ.
ღონისძიების ადგილები: ადგილები, რომლებიც ამგვარად განსაზღვრულია ღონისძიების მმართველი ორგანოს მიერ.
ბრალი: ბრალი არის მოვალეობის ნებისმიერი დარღვევა ან კონკრეტული სიტუაციისთვის შესაფერისი სიფრთხილის ნებისმიერი ნაკლებობა. ფაქტორები, რომლებიც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სპორტსმენის ან სხვა პირის ბრალის ხარისხის შეფასებისას, მოიცავს, მაგალითად, სპორტსმენის ან სხვა პირის გამოცდილებას, არის თუ არა სპორტსმენი ან სხვა პირი დაცული პირი ან არასრულწლოვანი, განსაკუთრებულ გარემოებებს, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობა, რისკის ხარისხს, რომელიც უნდა აღექვა სპორტსმენს, და სიფრთხილისა და შემოწმების დონეს, რომელიც გამოიჩინა სპორტსმენმა რისკის იმ დონესთან მიმართებით, რომელიც უნდა ყოფილიყო აღქმული. სპორტსმენის ან სხვა პირის ბრალის ხარისხის შეფასებისას განხილული გარემოებები უნდა იყოს კონკრეტული და რელევანტური, რათა ახსნას სპორტსმენის ან სხვა პირის მიერ ქცევის მოსალოდნელი სტანდარტიდან გადახვევა. ამგვარად, მაგალითად, ის ფაქტი, რომ სპორტსმენი დაკარგავდა დიდი თანხების გამომუშავების შესაძლებლობას უფლებაჩამორთმევის ვადის განმავლობაში, ან ის ფაქტი, რომ სპორტსმენს კარიერის დასრულებამდე მცირე დრო დარჩა, ან სპორტული კალენდრის ვადები, არ იქნება რელევანტური ფაქტორები, რომლებიც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული უფლებაჩამორთმევის ვადის 10.6 მუხლის შესაბამისად შემცირებისას.122
ფინანსური შედეგები: იხილეთ ზემოთ ანტიდოპინგური წესის დარღვევის შედეგები.
შეჯიბრების პერიოდში: პერიოდი, რომელიც იწყება 23:59 საათზე იმ შეჯიბრების წინა დღეს, რომელშიც სპორტსმენის მონაწილეობა დაგეგმილია, და გრძელდება ამ შეჯიბრების დასრულებამდე და ამ შეჯიბრებასთან დაკავშირებული ნიმუშის აღების პროცესის დასრულებამდე. თუმცა, მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს შეუძლია კონკრეტული სპორტის სახეობისთვის დაამტკიცოს ალტერნატიული განმარტება, თუ საერთაშორისო ფედერაცია წარმოადგენს დამაჯერებელ დასაბუთებას, რომ მისი სპორტის სახეობისთვის აუცილებელია განსხვავებული განმარტება; მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ ასეთი დამტკიცების შემდეგ ალტერნატიულ განმარტებას დაემორჩილება ყველა მსხვილი ღონისძიების ორგანიზაცია ამ კონკრეტული სპორტის სახეობისთვის.123
დამოუკიდებელი დამკვირვებლების პროგრამა: დამკვირვებლებისა და/ან აუდიტორების გუნდი მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ზედამხედველობით, რომლებიც აკვირდებიან დოპინგკონტროლის პროცესს და იძლევიან რეკომენდაციებს გარკვეული ღონისძიებების წინ ან მათი მიმდინარეობისას და ანგარიშს წარადგენენ თავიანთი დაკვირვებების შესახებ, როგორც მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს შესაბამისობის მონიტორინგის პროგრამის ნაწილი.
დამოუკიდებელი განმხილველი ექსპერტი: დამოუკიდებელი განმხილველი ექსპერტის როლია, განიხილოს ის იშვიათი შემთხვევები, როდესაც, 7.8.1 მუხლით აღწერილის შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ანტიდოპინგურმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა, არ გააგრძელოს ჩვეულებრივი შედეგების მართვის პროცესი. 7.8 მუხლით აღწერილი დამოუკიდებელი განმხილველი ექსპერტის მოვალეობების შესასრულებლად დაინიშნება ორი პირი: ძირითადი დამოუკიდებელი განმხილველი ექსპერტი და სარეზერვო დამოუკიდებელი განმხილველი ექსპერტი, რომელიც მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი დამოუკიდებელი განმხილველი ექსპერტი არ არის ხელმისაწვდომი საქმის დაუყოვნებლივ განსახილველად ან აქვს ინტერესთა კონფლიქტი. ძირითადი და სარეზერვო დამოუკიდებელი განმხილველი ექსპერტები უნდა იყვნენ სამართლის ექსპერტები, რომლებსაც აქვთ ანტიდოპინგური შედეგების მართვის ვრცელი გამოცდილება და კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის დამკვიდრებული რეპუტაცია. დაინტერესებულ მხარეებს მოეწვევათ, წარუდგინონ ან ფიზიკურ პირებს წაახალისონ, წარუდგინონ დამოუკიდებელი განმხილველი ექსპერტის განაცხადები მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს დამოუკიდებელ ნომინაციების კომიტეტს. აღნიშნული კომიტეტი წარადგენს სულ მცირე ორ პირს, რომლებიც, მისი აზრით, კვალიფიციურნი არიან, იმოქმედონ როგორც ძირითადი დამოუკიდებელი განმხილველი ექსპერტი ან სარეზერვო დამოუკიდებელი განმხილველი ექსპერტი. ამის შემდეგ ძირითად და სარეზერვო დამოუკიდებელ განმხილველ ექსპერტებს შეარჩევს მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს აღმასრულებელი კომიტეტი, რათა მათ იმოქმედონ იმ უფლებამოსილების პირობების საფუძველზე, რომლებიც განსაზღვრავს ანაზღაურებას, სამსახურის ვადის ხანგრძლივობას და ჩართულობის სხვა დეტალებს.
ინდივიდუალური სპორტის სახეობა: ნებისმიერი სპორტის სახეობა, რომელიც არ არის გუნდური სპორტის სახეობა.
უფლებაჩამორთმევა: იხილეთ ზემოთ ანტიდოპინგური წესის დარღვევის შედეგები.
ინსტიტუციური დამოუკიდებლობა: ოპერაციული დამოუკიდებლობის მოთხოვნების გარდა, სააპელაციო განმხივლელი პანელები სრულად ინსტიტუციურად დამოუკიდებელი უნდა იყოს შედეგების მართვაზე პასუხისმგებელი ანტიდოპინგური ორგანიზაციისგან, ასევე ნებისმიერი ეროვნული სპორტული მმართველი ორგანოსგან ან სხვა ეროვნული სპორტული ორგანიზაციისგან. შესაბამისად, ისინი არანაირად არ უნდა იმართებოდეს, არ უნდა იყოს დაკავშირებული ან დაქვემდებარებული შედეგების მართვაზე პასუხისმგებელ ანტიდოპინგურ ორგანიზაციასთან ან ნებისმიერ ეროვნულ სპორტულ მმართველ ორგანოსთან ან სხვა ეროვნულ სპორტულ ორგანიზაციასთან.
დამოუკიდებელი დანიშვნის კომიტეტი: სამი (3) წევრისგან შემდგარი კომიტეტი: ა) საქართველოს სპორტის სამინისტროს ერთი (1) წარმომადგენელი, რომელსაც ნიშნავს საქართველოს სპორტის მინისტრი; ბ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთი (1) წარმომადგენელი, რომელსაც ნიშნავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი; და გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთი (1) წარმომადგენელი, რომელსაც ნიშნავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი — რომელთაგან თითოეულს აქვს შესაბამისი სამართლებრივი, სამედიცინო, სამეცნიერო და/ან ანტიდოპინგური ექსპერტიზა. წევრები ინიშნებიან სამი (3) წლის ვადით, რომელიც შეიძლება განახლდეს. დამოუკიდებელი დანიშვნის კომიტეტის გადაწყვეტილებები მიიღება ხმათა უმრავლესობით. დამოუკიდებელი დანიშვნის კომიტეტი პასუხისმგებელია დისციპლინური პანელის (მუხლი 8.1.1.5) და ეროვნული ანტიდოპინგური სააპელაციო პანელის (მუხლი 13.2.2.1.3) წევრების დანიშვნაზე.
საერთაშორისო ღონისძიება: ღონისძიება ან შეჯიბრება, რომლის მმართველი ორგანოა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტი, საერთაშორისო ფედერაცია, მსხვილი ღონისძიების ორგანიზაცია ან სხვა საერთაშორისო სპორტული ორგანიზაცია, ან რომელიც ნიშნავს ტექნიკურ ოფიციალურ პირებს ღონისძიებისთვის.
საერთაშორისო დონის სპორტსმენი: სპორტსმენები, რომლებიც ასპარეზობენ სპორტში საერთაშორისო დონეზე, როგორც ამას განსაზღვრავს თითოეული საერთაშორისო ფედერაცია, ტესტირების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად.124
საერთაშორისო სტანდარტი: სტანდარტი, რომელიც მიღებულია მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ კოდექსის მხარდასაჭერად. საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობა (სხვა ალტერნატიული სტანდარტის, პრაქტიკის ან პროცედურისგან განსხვავებით) საკმარისი იქნება იმის დასკვნისთვის, რომ საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული პროცედურები ჯეროვნად შესრულდა. საერთაშორისო სტანდარტები მოიცავს ნებისმიერ ტექნიკურ დოკუმენტს და ტექნიკურ წერილს, რომლებიც გამოცემულია საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად.
მსხვილი ღონისძიების ორგანიზაციები: ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების კონტინენტური ასოციაციები და სხვა საერთაშორისო მრავალსპორტული ორგანიზაციები, რომლებიც მოქმედებენ როგორც ნებისმიერი კონტინენტური, რეგიონული ან სხვა საერთაშორისო ღონისძიების მმართველი ორგანო.
მარკერი: ნაერთი, ნაერთების ჯგუფი ან ბიოლოგიური ცვლადი (ცვლადები), რომელიც მიუთითებს აკრძალული ნივთიერების ან აკრძალული მეთოდის გამოყენებაზე.
მეტაბოლიტი: ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება ბიოტრანსფორმაციის პროცესის შედეგად.
ანგარიშგების მინიმალური დონე: მნიშვნელობა, რომელზე დაბლაც ზოგიერთი არაზღვრული ნივთიერების ანალიზის სავარაუდო შედეგი არ უნდა იქნეს ანგარიშში ასახული, როგორც უარყოფითი ანალიზის შედეგი.125
არასრულწლოვანი: ფიზიკური პირი, რომელსაც არ მიუღწევია თვრამეტი (18) წლის ასაკისთვის.126
მონიტორინგის პროგრამა: ლაბორატორიული ანალიზური ტესტირების პროგრამა, რომელიც მოიცავს ნივთიერებებს ან მეთოდებს, რომლებიც არ არის შეტანილი აკრძალულ სიაში, მაგრამ რომელთა მონიტორინგიც მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს სურს იმისათვის, რომ გამოავლინოს სპორტში ბოროტად გამოყენების პოტენციური ტენდენციები.
ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია: ერთეული (ერთეულები), რომელიც თითოეული ქვეყნის მიერ განსაზღვრულია, როგორც ძირითადი უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის მქონე ანტიდოპინგური წესების მიღებასა და განხორციელებაზე, ნიმუშების აღების ხელმძღვანელობაზე, ტესტების შედეგების მართვასა და ეროვნულ დონეზე შედეგების მართვის განხორციელებაზე. თუ ასეთი განსაზღვრა არ განხორციელებულა კომპეტენტური საჯარო ორგანოს (ორგანოების) მიერ, ასეთ ერთეულად მიიჩნევა ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ან მის მიერ განსაზღვრული პირი. საქართველოში ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია არის საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია
ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის ოპერაციული დამოუკიდებლობა: ეს ნიშნავს, რომ (1) ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია ვალდებულია, დააწესოს საკმარისი სამართლებრივი, ორგანიზაციული, პროცედურული და/ან სახელშეკრულებო გარანტიები, რათა თავიდან აიცილოს ნებისმიერი არამართებული გავლენა, ჩარევა ან ჩართულობა მის მართვაში ან ოპერაციულ საქმიანობაში და უზრუნველყოს მისი ანტიდოპინგური პროგრამის დამოუკიდებელი განხორციელება; და (2) ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ არცერთი პირი არ იყოს ჩართული მის მართვაში ან ოპერაციულ საქმიანობაში, თუ ასეთ პირს აქვს რეალური ან პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი მისი ოპერაციული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით; შეზღუდვის გარეშე, ეს ხდება ისეთ გარემოებებში, როდესაც პირი ერთდროულად ჩართულია ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის მართვაში ან ოპერაციულ საქმიანობაში და ეროვნული ფედერაციის, სხვა ეროვნული სპორტული მმართველი ორგანოს ან სხვა ეროვნული სპორტული ორგანიზაციის, ან სპორტზე ან ანტიდოპინგურ საკითხებზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყების მართვაში ან ოპერაციულ საქმიანობაში.127
ეროვნული ღონისძიება: სპორტული ღონისძიება ან შეჯიბრება, რომელშიც უპირატესად მონაწილეობენ საერთაშორისო ან ეროვნული დონის სპორტსმენები და რომელიც არ არის საერთაშორისო ღონისძიება.
ეროვნული ფედერაცია: ეროვნული ან რეგიონული ერთეული საქართველოში, რომელიც არის საერთაშორისო ფედერაციის წევრი ან აღიარებულია საერთაშორისო ფედერაციის მიერ, როგორც ერთეული, რომელიც მართავს ამ საერთაშორისო ფედერაციის სპორტის სახეობას ქვეყანაში ან საქართველოს შესაბამის რეგიონში.
ეროვნული დონის სპორტსმენი: სპორტსმენები, რომლებიც ასპარეზობენ სპორტში ეროვნულ დონეზე, როგორც ამას განსაზღვრავს თითოეული ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია, ტესტირების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. საქართველოში ეროვნული დონის სპორტსმენები განისაზღვრება წინამდებარე ანტიდოპინგური წესების შესავლით (ნაწილი „წინამდებარე ანტიდოპინგური წესების მოქმედების სფერო“).128
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ აღიარებული ორგანიზაცია. ტერმინი „ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი“ ასევე მოიცავს ეროვნულ სპორტულ კონფედერაციას იმ ქვეყნებში, სადაც ეროვნული სპორტული კონფედერაცია ანტიდოპინგურ სფეროში ასრულებს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისთვის დამახასიათებელ მოვალეობებს. საქართველოში ეროვნული ოლიმპიური კომიტეტია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.
ეროვნული პარალიმპიური კომიტეტი: საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის მიერ აღიარებული ორგანიზაცია. ტერმინი „ეროვნული პარალიმპიური კომიტეტი“ ასევე მოიცავს ეროვნულ სპორტულ კონფედერაციას იმ ქვეყნებში, სადაც ეროვნული სპორტული კონფედერაცია ანტიდოპინგურ სფეროში ასრულებს ეროვნული პარალიმპიური კომიტეტისთვის დამახასიათებელ მოვალეობებს. საქართველოში ეროვნული პარალიმპიური კომიტეტია საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი.
ბრალის ან დაუდევრობის არარსებობა: სპორტსმენის ან სხვა პირის მიერ იმის დადასტურება, რომ მან არ იცოდა ან არ ეჭვობდა და უკიდურესი სიფრთხილის გამოჩენის შემთხვევაშიც კი გონივრულად ვერ ეცოდინებოდა ან ვერ იეჭვებდა, რომ გამოიყენა ან მიიღო აკრძალული ნივთიერება ან აკრძალული მეთოდი, ან სხვაგვარად დაარღვია ანტიდოპინგური წესი. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმე ეხება დაცულ პირს ან მოყვარულ სპორტსმენს, 2.1 მუხლის ნებისმიერი დარღვევისას სპორტსმენი ასევე ვალდებულია, დაადასტუროს, როგორ მოხვდა აკრძალული ნივთიერება სპორტსმენის ორგანიზმში.
მნიშვნელოვანი ბრალის ან დაუდევრობის არარსებობა: სპორტსმენის ან სხვა პირის მიერ იმის დადასტურება, რომ ნებისმიერი ბრალი ან დაუდევრობა, გარემოებათა ერთობლიობის გათვალისწინებით და ბრალის ან დაუდევრობის არარსებობის კრიტერიუმების მხედველობაში მიღებით, არ იყო მნიშვნელოვანი ანტიდოპინგური წესის დარღვევასთან მიმართებით. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმე ეხება დაცულ პირს ან მოყვარულ სპორტსმენს, 2.1 მუხლის ნებისმიერი დარღვევისას სპორტსმენი ასევე ვალდებულია, დაადასტუროს, როგორ მოხვდა აკრძალული ნივთიერება სპორტსმენის ორგანიზმში.
ოპერაციული დამოუკიდებლობა: ეს ნიშნავს, რომ (1) შედეგების მართვის უფლებამოსილების მქონე ანტიდოპინგური ორგანიზაციის ან მისი აფილირებული ორგანიზაციების (მაგალითად, წევრი ფედერაციის ან კონფედერაციის) გამგეობის წევრები, თანამშრომლები, კომისიის წევრები, კონსულტანტები და ოფიციალური პირები, ასევე ნებისმიერი პირი, რომელიც ჩართულია საქმის გამოძიებასა და წინასწარ შეფასებაში, არ შეიძლება დაინიშნონ შედეგების მართვის უფლებამოსილების მქონე ამ ანტიდოპინგური ორგანიზაციის განმხილველი პანელების წევრებად და/ან მდივნებად (იმდენად, რამდენადაც ასეთი მდივანი ჩართულია თათბირის პროცესში და/ან ნებისმიერი გადაწყვეტილების პროექტის მომზადებაში), და (2) განმხილველი პანელებს უნდა შეეძლოთ მოსმენისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის წარმართვა ანტიდოპინგური ორგანიზაციის ან ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევის გარეშე. მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ განმხილველი პანელის წევრები ან პირები, რომლებიც სხვაგვარად არიან ჩართულნი განმხილველი პანელის გადაწყვეტილების მიღებაში, არ იყვნენ ჩართულნი საქმის გამოძიებაში ან საქმის წარმოების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში. გარდა ამისა, მოსმენები არ უნდა ჩატარდეს (დელეგირებით თუ სხვაგვარად) პირების მიერ, რომლებიც დანიშნულნი არიან ეროვნული ფედერაციების ან ნებისმიერი სხვა ეროვნული სპორტული მმართველი ორგანოს ან სხვა ეროვნული სპორტული ორგანიზაციის მიერ ან მათი უფლებამოსილების ფარგლებში.129
შეჯიბრებებს შორის პერიოდში: ნებისმიერი პერიოდი, რომელიც არ არის შეჯიბრების პერიოდი.
მონაწილე: ნებისმიერი სპორტსმენი ან სპორტსმენის დამხმარე პირი.
პირი: ფიზიკური პირი ან ორგანიზაცია ან სხვა ერთეული.
ფლობა: ფაქტობრივი, ფიზიკური ფლობა ან კონსტრუქციული ფლობა (რომელიც დადგინდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს აქვს ექსკლუზიური კონტროლი ან განზრახული აქვს კონტროლის განხორციელება აკრძალულ ნივთიერებაზე ან აკრძალულ მეთოდზე ან შენობა-ნაგებობაზე, სადაც არსებობს აკრძალული ნივთიერება ან აკრძალული მეთოდი); თუმცა, თუ პირს არ აქვს ექსკლუზიური კონტროლი აკრძალულ ნივთიერებაზე ან აკრძალულ მეთოდზე ან შენობა-ნაგებობაზე, სადაც არსებობს აკრძალული ნივთიერება ან აკრძალული მეთოდი, კონსტრუქციული ფლობა დადგინდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირმა იცოდა აკრძალული ნივთიერების ან აკრძალული მეთოდის არსებობის შესახებ და განზრახული ჰქონდა მასზე კონტროლის განხორციელება. თუმცა, ანტიდოპინგური წესის დარღვევა არ იარსებებს მხოლოდ ფლობის საფუძველზე, თუ იმ შეტყობინების მიღებამდე, რომ პირმა ჩაიდინა ანტიდოპინგური წესის დარღვევა, პირმა განახორციელა კონკრეტული ქმედება, რომელიც ადასტურებს, რომ პირს არასოდეს ჰქონია განზრახული ფლობა და უარი თქვა ფლობაზე, რაც მკაფიოდ განუცხადა ანტიდოპინგურ ორგანიზაციას. მიუხედავად ამ განმარტებაში არსებული ნებისმიერი საწინააღმდეგო დებულებისა, აკრძალული ნივთიერების ან აკრძალული მეთოდის შეძენა (მათ შორის, ნებისმიერი ელექტრონული ან სხვა საშუალებით) წარმოადგენს ფლობას იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს შეძენას.130
აკრძალული სია: სია, რომელიც განსაზღვრავს აკრძალულ ნივთიერებებს და აკრძალულ მეთოდებს.
აკრძალული მეთოდი: ნებისმიერი მეთოდი, რომელიც ამგვარად არის აღწერილი აკრძალულ სიაში.
აკრძალული ნივთიერება: ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთიერებათა კლასი, რომელიც ამგვარად არის აღწერილი აკრძალულ სიაში.
დაცული პირი: სპორტსმენი ან სხვა ფიზიკური პირი, რომელიც ანტიდოპინგური წესის დარღვევის დროს: (i) არ იყო მიღწეული თექვსმეტი (16) წლის ასაკისთვის; (ii) არ იყო მიღწეული თვრამეტი (18) წლის ასაკისთვის და არ არის შეყვანილი არცერთ რეგისტრირებული ტესტირების ჯგუფში და არასოდეს უასპარეზია არცერთ საერთაშორისო ღონისძიებაზე ღია კატეგორიაში; ან (iii) ასაკისგან განსხვავებული მიზეზებით, მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ცნობილია ქმედუუნაროდ.131
დროებითი შეჩერება: იხილეთ ზემოთ ანტიდოპინგური წესის დარღვევის შედეგები.
საჯარო გამჟღავნება/საჯაროდ გამჟღავნება: იხილეთ ზემოთ ანტიდოპინგური წესის დარღვევის შედეგები.
ხარისხის უზრუნველყოფა: პროცესები, რომელთა მიზანია ანალიზური ტესტირების პროცედურების ხარისხის შენარჩუნება და გაუმჯობესება (როგორც ეს დამატებით განმარტებულია ლაბორატორიების საერთაშორისო სტანდარტში), ანუ ხარისხის კონტროლი, ხარისხის გაუმჯობესება, მეთოდის შემუშავება და ვალიდაცია, საცნობარო პოპულაციის მონაცემების მიღება და შეფასება, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მონიტორინგის პროგრამაში შეტანილი ნივთიერებების ანალიზი, როგორც ეს აღწერილია კოდექსის 4.5 მუხლში, და ხარისხის უზრუნველყოფის ნებისმიერი სხვა ლეგიტიმური პროცესი, რომელსაც განსაზღვრავს მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო და რომლის მიზანია ანალიზური ტესტირების პროცედურების ვალიდურობის მონიტორინგი, რომლებიც გამოიყენება აკრძალული ნივთიერებებისა და აკრძალული მეთოდების ანალიზისთვის კოდექსის 6.2 მუხლით დადგენილი მიზნებისთვის.
მოყვარული სპორტსმენი: საქართველოში მოყვარული სპორტსმენი განისაზღვრება წინამდებარე ანტიდოპინგური წესების შესავლით (ნაწილი „წინამდებარე ანტიდოპინგური წესების მოქმედების სფერო“).
რეგიონული ანტიდოპინგური ორგანიზაცია: წევრი ქვეყნების მიერ განსაზღვრული რეგიონული ერთეული, რომელიც კოორდინაციას უწევს და მართავს მათი ეროვნული ანტიდოპინგური პროგრამების დელეგირებულ სფეროებს, რაც შეიძლება მოიცავდეს ანტიდოპინგური წესების მიღებასა და განხორციელებას, ნიმუშების აღების დაგეგმვასა და აღებას, შედეგების მართვას, თერაპიული გამოყენების გამონაკლისების განხილვას, მოსმენების ჩატარებას და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას რეგიონულ დონეზე.
რეგისტრირებული ტესტირების ჯგუფი: უმაღლესი პრიორიტეტის მქონე სპორტსმენების ჯგუფი, რომელიც ცალ-ცალკე იქმნება საერთაშორისო დონეზე საერთაშორისო ფედერაციების მიერ და ეროვნულ დონეზე ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციების მიერ, და რომლებიც ექვემდებარებიან სულ მცირე მინიმალური დონის შეჯიბრებებს შორის პერიოდში ტესტირებას ამ საერთაშორისო ფედერაციის ან ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის ტესტების განაწილების გეგმის ფარგლებში და, შესაბამისად, ვალდებულნი არიან, წარადგინონ ინფორმაცია ადგილსამყოფლის შესახებ, როგორც ეს გათვალისწინებულია კოდექსის 5.5 მუხლით და ტესტირების საერთაშორისო სტანდარტით. საქართველოში საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის რეგისტრირებული ტესტირების ჯგუფი განისაზღვრება წინამდებარე ანტიდოპინგური წესების 5.5 მუხლით.
შედეგების მართვა: პროცესი, რომელიც მოიცავს დროის მონაკვეთს შედეგების მართვის საერთაშორისო სტანდარტის მე-5 მუხლის შესაბამისი შეტყობინებიდან, ან გარკვეულ შემთხვევებში (მაგალითად, ატიპური შედეგი, სპორტსმენის ბიოლოგიური პასპორტი, ადგილსამყოფლის შესახებ მოთხოვნის დარღვევა) შედეგების მართვის საერთაშორისო სტანდარტის მე-5 მუხლით პირდაპირ გათვალისწინებული შეტყობინებამდე ეტაპებიდან, ბრალდების წარდგენის ჩათვლით, საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, მათ შორის, პირველ ინსტანციაში ან სააპელაციო წესით (თუ საჩივარი იქნა შეტანილი) მოსმენის პროცესის დასრულებამდე.
ნიმუში ან სინჯი: ნებისმიერი ბიოლოგიური მასალა, რომელიც აღებულია დოპინგკონტროლის მიზნებისთვის.132
ხელმომწერები: ის ერთეულები, რომლებიც იღებენ კოდექსს და თანხმდებიან კოდექსის განხორციელებაზე, როგორც ეს გათვალისწინებულია კოდექსის 23-ე მუხლით.
სპეციფიკური მეთოდი: იხილეთ 4.2.2 მუხლი.
სპეციფიკური ნივთიერება: იხილეთ 4.2.2 მუხლი.
მკაცრი პასუხისმგებლობა: წესი, რომლის თანახმადაც 2.1 და 2.2 მუხლების შესაბამისად, ანტიდოპინგური წესის დარღვევის დასადგენად არ არის აუცილებელი, რომ განზრახვა, ბრალი, დაუდევრობა ან შეგნებული გამოყენება სპორტსმენის მხრიდან დაადასტუროს ანტიდოპინგურმა ორგანიზაციამ.
ბოროტად გამოყენებადი ნივთიერება: იხილეთ 4.2.3 მუხლი.
არსებითი დახმარება: 10.7.3 მუხლის მიზნებისთვის, პირი, რომელიც უწევს არსებით დახმარებას, ვალდებულია: (1) ხელმოწერილ წერილობით განცხადებაში ან ჩაწერილ გასაუბრებაზე სრულად გაამჟღავნოს მის ხელთ არსებული მთელი ინფორმაცია ანტიდოპინგური წესის დარღვევების ან 10.7.3.1 მუხლით აღწერილი სხვა სამართალწარმოების შესახებ; და (2) სრულად ითანამშრომლოს ამ ინფორმაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმის ან საკითხის გამოძიებასა და განხილვაში, მათ შორის, მაგალითად, მისცეს ჩვენება მოსმენაზე, თუ ამას მოითხოვს ანტიდოპინგური ორგანიზაცია ან განმხილველი პანელი. გარდა ამისა, მიწოდებული ინფორმაცია სანდო და ღირებული უნდა დარჩეს ნებისმიერი შემდგომი გამოძიების ან სამართალწარმოების მთელი პერიოდის განმავლობაში.
გაყალბება: განზრახი ქცევა, რომელიც ძირს უთხრის დოპინგკონტროლის პროცესს. გაყალბება მოიცავს, შეზღუდვის გარეშე, ქრთამის შეთავაზებას ან მიღებას რაიმე ქმედების შესრულებისთვის ან შეუსრულებლობისთვის, ნიმუშის აღებისთვის ხელის შეშლას, ნიმუშის ანალიზზე ზემოქმედებას ან მის შეუძლებლად ქცევას, ანტიდოპინგური ორგანიზაციისთვის ან თერაპიული გამოყენების გამონაკლისების კომიტეტისთვის ან განმხილველი პანელისთვის წარდგენილი დოკუმენტების გაყალბებას, მოწმეებისგან ცრუ ჩვენების მოპოვებას, ანტიდოპინგური ორგანიზაციის ან განმხილველი ორგანოს მიმართ ნებისმიერი სხვა თაღლითური ქმედების ჩადენას შედეგების მართვაზე ან შედეგების დაკისრებაზე ზემოქმედების მიზნით, და ნებისმიერ სხვა მსგავს განზრახ ჩარევას ან ჩარევის მცდელობას დოპინგკონტროლის ნებისმიერ ასპექტში.133
მიზნობრივი ტესტირება: კონკრეტული სპორტსმენების შერჩევა ტესტირებისთვის ტესტირების საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე.
გუნდური სპორტის სახეობა: სპორტის სახეობა, რომელშიც შეჯიბრების განმავლობაში დაშვებულია მოთამაშეების შეცვლა.
ტექნიკური დოკუმენტი: დოკუმენტი, რომელსაც დროდადრო იღებს და აქვეყნებს მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო და რომელიც შეიცავს სავალდებულო ტექნიკურ მოთხოვნებს კონკრეტულ ანტიდოპინგურ საკითხებზე, როგორც ეს განსაზღვრულია საერთაშორისო სტანდარტით.
ტექნიკური წერილი: სავალდებულო ტექნიკური მოთხოვნები, რომლებსაც დროდადრო გასცემს მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო კონკრეტული საკითხების მოსაგვარებლად, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტული აკრძალული ნივთიერების (ნივთიერებების) და/ან აკრძალული მეთოდის (მეთოდების) ანალიზთან, ინტერპრეტაციასა და ანგარიშგებასთან, ან ლაბორატორიული ან სპორტსმენის ბიოლოგიური პასპორტის ლაბორატორიული კონკრეტული პროცედურების გამოყენებასთან.
ტესტირება: დოპინგკონტროლის პროცესის ის ნაწილები, რომლებიც მოიცავს ტესტების განაწილების დაგეგმვას, ნიმუშის აღებას, ნიმუშის დამუშავებას და ნიმუშის ლაბორატორიაში ტრანსპორტირებას.
ტესტირების ჯგუფი: სპორტსმენების ჯგუფი, რომელსაც საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაცია მიიჩნევს უფრო დაბალი პრიორიტეტის მქონედ და რომლებიც წარმოადგენენ უფრო დაბალი რისკის მქონე სპორტის სახეობებს/დისციპლინებს, ვიდრე რეგისტრირებული ტესტირების ჯგუფში შემავალი სპორტსმენები, და რომლებიც ექვემდებარებიან სულ მცირე მინიმალური დონის შეჯიბრებებს შორის პერიოდში ტესტირებას და ვალდებულნი არიან, წარადგინონ ინფორმაცია ადგილსამყოფლის შესახებ, როგორც ეს განსაზღვრულია ტესტირების საერთაშორისო სტანდარტით.
თერაპიული გამოყენების გამონაკლისი: თერაპიული გამოყენების გამონაკლისი სამედიცინო მდგომარეობის მქონე სპორტსმენს აძლევს გამოყენების უფლებას აკრძალული ნივთიერების ან აკრძალული მეთოდის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილებულია 4.4 მუხლითა და თერაპიული გამოყენების გამონაკლისების საერთაშორისო სტანდარტით განსაზღვრული პირობები.
ტრაფიკინგი: აკრძალული ნივთიერების ან აკრძალული მეთოდის გაყიდვა, გადაცემა, ტრანსპორტირება, გაგზავნა, მიწოდება ან გავრცელება (ან ნებისმიერი ასეთი მიზნით ფლობა) (ფიზიკურად ან ნებისმიერი ელექტრონული ან სხვა საშუალებით) სპორტსმენის, სპორტსმენის დამხმარე პერსონალის წევრის ან ანტიდოპინგური ორგანიზაციის უფლებამოსილებას დაქვემდებარებული ნებისმიერი სხვა პირის მიერ ნებისმიერი მესამე მხარისათვის; თუმცა, წინამდებარე განმარტება არ მოიცავს: (1) კეთილსინდისიერი სამედიცინო პერსონალის ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება ჭეშმარიტი და კანონიერი თერაპიული მიზნებისათვის გამოყენებულ აკრძალულ ნივთიერებას; (2) ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება ერთ ან მეტ აკრძალულ ნივთიერებას, რომელიც (რომლებიც) არ არის აკრძალული შეჯიბრებებს შორის პერიოდში ტესტირებისას, თუ გარემოებათა ერთობლიობა არ ადასტურებს, რომ ასეთი აკრძალული ნივთიერება (ნივთიერებები) (ა) არ არის განკუთვნილი ჭეშმარიტი და კანონიერი თერაპიული მიზნებისათვის ან (ბ) განკუთვნილია სპორტული შედეგების გასაუმჯობესებლად; ან (3) სხვა მისაღებ დასაბუთებას.134
გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის კონვენცია: სპორტში დოპინგის წინააღმდეგ საერთაშორისო კონვენცია, მიღებული გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის გენერალური კონფერენციის 33-ე სესიაზე 2005 წლის 19 ოქტომბერს, მათ შორის, ყველა და ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მიღებულია კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებისა და სპორტში დოპინგის წინააღმდეგ საერთაშორისო კონვენციის მონაწილეთა კონფერენციის მიერ.
გამოყენება: ნებისმიერი აკრძალული ნივთიერების ან აკრძალული მეთოდის ნებისმიერი საშუალებით გამოყენება, მისადაგება, მიღება, ინექცია ან მოხმარება.
მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო: მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო.
შეთანხმება უფლებების შეულახავად: 10.7.3.1 და 10.8 მუხლების მიზნებისათვის, წერილობითი შეთანხმება ანტიდოპინგურ ორგანიზაციასა და სპორტსმენს ან სხვა პირს შორის, რომელიც სპორტსმენს ან სხვა პირს საშუალებას აძლევს, მიაწოდოს ინფორმაცია ანტიდოპინგურ ორგანიზაციას განსაზღვრულ, დროში შეზღუდულ ფორმატში, იმ გაგებით, რომ თუ შეთანხმება არსებითი დახმარების შესახებ ან საქმის მოგვარების შესახებ შეთანხმება არ იქნება საბოლოოდ დადებული, სპორტსმენის ან სხვა პირის მიერ ამ კონკრეტულ ფორმატში მიწოდებული ინფორმაცია არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ სპორტსმენის ან სხვა პირის წინააღმდეგ შედეგების მართვის ნებისმიერ პროცესში კოდექსის შესაბამისად, ხოლო ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ ამ კონკრეტულ ფორმატში მიწოდებული ინფორმაცია არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სპორტსმენის ან სხვა პირის მიერ ანტიდოპინგური ორგანიზაციის წინააღმდეგ შედეგების მართვის ნებისმიერ პროცესში კოდექსის შესაბამისად. ასეთი შეთანხმება არ უკრძალავს ანტიდოპინგურ ორგანიზაციას, სპორტსმენს ან სხვა პირს ნებისმიერი ინფორმაციის ან მტკიცებულების გამოყენებას, რომელიც მოპოვებულია ნებისმიერი სხვა წყაროდან, გარდა შეთანხმებით განსაზღვრული კონკრეტული, დროში შეზღუდული ფორმატისა.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ანტიდოპინგური წესების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.11.2026.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ანტიდოპინგური წესების დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს ანტიდოპინგური წესების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 16.11.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს სპორტის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №16. სარეგისტრაციო კოდი — 460080000.22.098.016016.
- სად არის „საქართველოს ანტიდოპინგური წესების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.11.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ანტიდოპინგური წესების დამტკიცების შესახებ“, №16, 16.11.2026, სარეგისტრაციო კოდი 460080000.22.098.016016 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.11.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7040531/
ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 16.11.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება