რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული ტერიტორიებისა და საგნების ზედაპირის დეკონტამინაციის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№531
სარეგისტრაციო კოდი
360090000.10.003.026081
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/11/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №531

2026 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული ტერიტორიებისა და საგნების ზედაპირის დეკონტამინაციის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1
„რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის 11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული ტერიტორიებისა და საგნების ზედაპირის დეკონტამინაციის განხორციელების წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული ტერიტორიებისა და საგნების ზედაპირის დეკონტამინაციის განხორციელების წესი
მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. „რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული ტერიტორიებისა და საგნების ზედაპირის დეკონტამინაციის განხორციელების წესი“ (შემდგომში − წესი) ადგენს რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული ტერიტორიებისა და საგნების ზედაპირის დეკონტამინაციასთან დაკავშირებულ სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ტექნიკურ მოთხოვნებს.

2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა იმ ობიექტზე, ტერიტორიასა და საგანზე, რომელთა კონტამინაცია გამოწვეულია რადიოაქტიური ნივთიერებებით.

3. ამ წესის მოთხოვნები სავალდებულოა შესასრულებლად ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, რომლებიც ახორციელებენ ბირთვულ და რადიაციულ ავტორიზებულ საქმიანობას ან/და პასუხისმგებლები არიან დეკონტამინაციის პროცესის დაგეგმვაზე, ორგანიზებასა და შესრულებაზე.

მუხლი 2. წესის მიზანი და ამოცანა

1. ამ წესის მიზანია ადამიანისა და გარემოს დაცვა მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან და რადიოაქტიური კონტამინაციის შემცირება ისეთ დონემდე, რომელიც უზრუნველყოფს რადიაციული რისკის მისაღებ დონეზე დაყვანას.

2. ამ წესის ამოცანაა დეკონტამინაციის პროცესის დაგეგმვისათვის, განხორციელებისა და კონტროლისათვის ერთიანი მოთხოვნების დადგენა, ასევე დეკონტამინაციის შედეგად წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხო მართვის უზრუნველყოფა.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კონტამინაცია − რადიოაქტიური ნივთიერებებით ზედაპირების ან/და მყარი, თხევადი ან აირადი მასალების არამიზანმიმართული ან/და არასასურველი დაბინძურება;

ბ) დეკონტამინაცია − კონტამინაციის (დაბინძურების) სრული ან ნაწილობრივი მოცილება ფიზიკური, ქიმიური ან სხვა მეთოდებით;

გ) ნაცხის აღების ეფექტურობის კოეფიციენტი − შეფარდება ფიზიკურად არსებულ არაფიქსირებულ კონტამინაციასა და ნაცხით ეფექტურად მოცილებულ დაბინძურებას შორის, რომლის მნიშვნელობაც არის 10%, მანამ, სანამ დამატებითი კვლევებით არ დადასტურდება სხვა;

დ) საფეხურებრივი მიდგომა − მიდგომა, რომლის მიხედვითაც დეკონტამინაციის დაგეგმვა, განხორციელება და შედეგების შეფასება მიმდინარეობს თანმიმდევრულ ეტაპებად, ხოლო ყოველი მომდევნო ეტაპის დაწყების, მისი მოცულობისა და მეთოდების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება წინა ეტაპზე მიღებული ინფორმაციისა და შედეგების, უსაფრთხოების შეფასებისა და რადიაციული რისკების გათვალისწინებით;

ე) ოპტიმიზაციის პრინციპი − პრინციპი, რომლის მიხედვითაც კონტამინირებული ტერიტორიის ან საგნის ზედაპირის დეკონტამინაციის დაგეგმვისას და განხორციელებისას პერსონალისა და მოსახლეობის დასხივების ინდივიდუალური დოზები, დასხივებულ პირთა რაოდენობა და პოტენციური დასხივების ალბათობა უნდა შენარჩუნდეს გონივრულად მიღწევად დაბალ დონეზე, ეკონომიკური, სოციალური, ტექნიკური და სხვა შესაბამისი ფაქტორების გათვალისწინებით;

ვ) პირდაპირი გაზომვის მეთოდი − ტერიტორიის ან საგნის ზედაპირის რადიოაქტიური კონტამინაციის განსაზღვრის მეთოდი, რომლის დროსაც შესაბამისი მაიონებელი გამოსხივების გამზომი ხელსაწყო თავსდება საკვლევ ზედაპირთან განსაზღვრულ მანძილზე და გაზომვა ხორციელდება ზედაპირიდან სინჯის აღების გარეშე, ფონური გამოსხივების, ხელსაწყოს ეფექტურობის, გაზომვის გეომეტრიისა და საკვლევი ზედაპირის მახასიათებლების გათვალისწინებით;

ზ) ზედაპირის იზოლაცია − რადიოაქტიურად კონტამინირებული ზედაპირის დაფარვა ან შემოზღუდვა შესაბამისი დამცავი მასალით ან საინჟინრო ბარიერით, კონტამინაციის გავრცელების, ადამიანთან უშუალო კონტაქტისა და დასხივების გზების შეზღუდვის მიზნით, ზედაპირიდან რადიონუკლიდების მოცილების გარეშე;

თ) ჯვარედინი კონტამინაცია − რადიოაქტიური ნივთიერებების უნებლიე გადატანა კონტამინირებული ტერიტორიიდან, ზედაპირიდან, საგნიდან, მასალიდან ან პირიდან თავდაპირველად არაკონტამინირებულ ან ნაკლები კონტამინაციის მქონე ტერიტორიაზე, ზედაპირზე, საგანზე, მასალაზე ან პირზე;

ი) მეორეული რადიოაქტიური ნარჩენი − დეკონტამინაციის პროცესში წარმოქმნილი და რადიონუკლიდებით კონტამინირებული მყარი, თხევადი ან აირადი ნარჩენი, მათ შორის, დეკონტამინაციის ხსნარი, ჩამდინარე წყალი, ფილტრი, სორბენტი, საწმენდი ან აბრაზიული მასალა, ინდივიდუალური დაცვის საშუალება, მოცილებული საფარი, გრუნტი ან სხვა მასალა, რომლის შემდგომი გამოყენება გათვალისწინებული არ არის და რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ რადიოაქტიური ნარჩენის კრიტერიუმებს.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 4. დეკონტამინაციის განხორციელების ზოგადი პრინციპები

1. დეკონტამინაცია ხორციელდება დასაბუთებისა და საფეხურებრივი მიდგომის პრინციპების საფუძველზე.

2. დეკონტამინაციის პროცესში დაცული უნდა იყოს ოპტიმიზაციის პრინციპი.

3. დეკონტამინაციის ღონისძიებების განხორციელებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს დოზის ზღვრების დაცვა, კონტამინაციის გავრცელების პრევენცია და რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნის მინიმიზაცია.

4. დეკონტამინაციის დაგეგმვა და განხორციელება უნდა ითვალისწინებდეს ადამიანისა და გარემოს დაცვას როგორც აწმყოში, ისე მომავალში.

მუხლი 5. დოზური ზღვრები

დეკონტამინაციისას რადიაციული მუშაკები ხელმძღვანელობენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოზური ზღვრებით, „ტექნიკური რეგლამენტის − მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობის რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 17 მარტის №77 დადგენილების შესაბამისად.

მუხლი 6. ზედაპირის კონტამინაციის დასაშვები დონეები

1. ზედაპირის რადიოაქტიური კონტამინაციის შეფასება ხორციელდება როგორც პირდაპირი გაზომვის, ისე ნაცხის აღების მეთოდით, შესაბამისი ინსტრუმენტული მეთოდების გამოყენებით.

2. დეკონტამინაციის დასრულებისას ზედაპირის კონტამინაცია არ უნდა აღემატებოდეს შემდეგ მნიშვნელობებს: ალფა გამოსხივებისათვის − 0.4 Bq/cm2 (ბეკერელი კვადრატულ სანტიმეტრზე), ხოლო ბეტა და გამა გამოსხივებისათვის − 4 Bq/cm2 (ბეკერელი კვადრატულ სანტიმეტრზე).

3. არაფიქსირებული კონტამინაციისათვის აღნიშნული მნიშვნელობები შეადგენს შესაბამისად: 0.04 Bq/cm2 და 0.4 Bq/cm2.

4. ნაცხის აღება უნდა განხორციელდეს სტანდარტიზებული მეთოდით, არანაკლებ 100 სმ2 ფართობზე, ხოლო მიღებული შედეგები უნდა გადაითვალოს ფართობის ერთეულზე.

5. ზედაპირის კონტამინაციის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს გამოყენებული მეთოდის ეფექტიანობა, მათ შორის, ნაცხის აღების ეფექტურობის კოეფიციენტი, ასევე გამოყენებული საზომი მოწყობილობის მგრძნობელობა და კალიბრაცია.

6. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული მნიშვნელობები გამოიყენება როგორც დეკონტამინაციის დასრულების მიზნობრივი დონეები, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია უფრო მკაცრი ან განსხვავებული კრიტერიუმების დადგენა, რისკის შეფასების საფუძველზე, მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით.

7. იმ შემთხვევაში, თუ ზედაპირის კონტამინაცია ვერ მცირდება აღნიშნულ დონემდე ტექნიკურად ან ეკონომიკურად გამართლებული ზომების ფარგლებში, დეკონტამინაციის განმახორციელებელი სუბიექტის ინიციატივით, მარეგულირებელ ორგანოსთან შეთანხმებით, უნდა განხორციელდეს ალტერნატიული ღონისძიებები, მათ შორის, ზედაპირის იზოლაციის ან კონტროლის სხვა მეთოდები.

მუხლი 7. რადიოაქტიური კონტამინაციის შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების ზოგადი მოთხოვნები

1. დეკონტამინაციის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება უნდა ეფუძნებოდეს რადიოაქტიური კონტამინაციის სისტემურ შეფასებასა და სტრუქტურირებულ გადაწყვეტილების მიღების პროცესს, რომლის მიზანია შესაბამისი პროპორციული ღონისძიებების შერჩევა რადიაციული რისკის, დაბინძურების მახასიათებლებისა და პოტენციური დასხივების გზების გათვალისწინებით.

2. გადაწვეტილების მიღება უნდა განხორციელდეს საფეხურებრივი და რისკზე დაფუძნებული მიდგომით და მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს:

ა) კონტამინაციის აღმოჩენა;

ბ) საწყისი რადიოლოგიური შეფასება;

გ) კონტამინაციის დახასიათება;

დ) პოტენციური დასხივების გზების შეფასება და შესაბამისი დაცვის საშუალებების განსაზღვრა;

ე) დეკონტამინაციის ღონისძიების დაგეგმვა;

ვ) დეკონტამინაციის განხორციელება;

ზ) შედეგების კონტროლი და საბოლოო შეფასება;

თ) დეკონტამინაციის დასრულება.

მუხლი 8. რადიოაქტიური კონტამინაციის პირველადი შეფასება

1. რადიოაქტიური კონტამინაციის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს რადიოლოგიური შეფასება.

2. პირველადი რადიოლოგიური შეფასება უნდა მოიცავდეს:

ა) რადიოაქტიური კონტამინაციის ადგილის ადგილმდებარეობისა და საზღვრების განსაზღვრას;

ბ) სავარაუდო დამაბინძურებელი წყაროს განსაზღვრას;

გ) კონტამინაციის ტიპისა და გავრცელების შეფასებას;

დ) სავარაუდო რადიონუკლიდების განსაზღვრას;

ე) პოტენციური ექსპოზიციის გზების შეფასებას;

ვ) ძლიერი კონტამინაციის ადგილების გამოვლენას;

ზ) კონტამინაციის რუკის შედგენას.

მუხლი 9. კონტამინაციის დახასიათება

რადიოაქტიური კონტამინაციის პირველადი რადიოლოგიური შეფასების საფუძველზე უნდა განისაზღვროს კონტამინაციის შემდეგი მახასიათებლები:

ა) რადიოაქტიური კონტამინაცია ფიქსირებულია თუ არაფიქსირებული;

ბ) არსებობს თუ არა კონტამინაციის გავრცელების რისკი;

გ) საჭიროებს თუ არა შემთხვევა დროებით იზოლაციასა და კონტროლს;

დ) არსებობს თუ არა მოსახლეობისა და პერსონალის დაუყოვნებლივი დასხივების რისკი.

მუხლი 10. დეკონტამინაციის დაგეგმვა

1. დეკონტამინაციის პროცესის დაგეგმვა უნდა უზრუნველყოფდეს რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნის მინიმიზაციასა და მათი უსაფრთხო მართვის შესაძლებლობას როგორც მიმდინარე, ისე შემდეგ ეტაპებზე.

2. დეკონტამინაციის დაწყებამდე უნდა განხორციელდეს ინსტრუმენტული გაზომვები, კონტამინაციის გავრცელების განსაზღვრა და რისკის შეფასება.

3. კონტამინირებული ადგილის/ზედაპირის შეფასებისას აუცილებელია ნაცხის ან/და ნიმუშის აღება, რაც ხორციელდება შემდეგნაირად:

ა) ნაცხი იღება ზედაპირის კონტამინაციის განსასაზღვრად. ამისთვის გამოიყენება სუფთა ფილტრის ქაღალდი ან ტამპონი, რომლითაც იწმინდება დაახლოებით 100 სმ² ფართობი (10×10 სმ), ერთი და შემდეგ ჯვარედინი მიმართულებით. ნაცხის აღება ხდება მსუბუქი ზეწოლით, ზედაპირის დაზიანების გარეშე. მიღებული ნიმუში იზომება შესაბამისი დეტექტორით (ალფა, ალფა-ბეტა ან ალფა-ბეტა-გამა მთვლელით), ხოლო შედეგი გამოიხატება Bq/cm² ერთეულებში;

ბ) არაფიქსირებული კონტამინაციის გაანგარიშებისას ნაცხის აღების ეფექტურობის კოეფიციენტი (pick-up factor), თუ არ არის დადგენილი ექსპერიმენტულად კონკრეტული ზედაპირისთვის, სტანდარტულად იგულისხმება 0.1 (10%). საბოლოო აქტივობის დაანგარიშებისას ნაცხის სინჯში გაზომილი აქტივობა უნდა გაიყოს აღნიშნულ კოეფიციენტზე რეალური კონტამინაციის დასადგენად;

გ) იმ შემთხვევაში, თუ ნაცხის კვლევისას არ გამოვლინდა რადიოლოგიური კონტამინაცია, საჭიროა ზედაპირის ნიმუშის აღება (მოფხეკა, მოჭრა, ფრაგმენტის მოცილება და ა. შ.) ფიქსირებული კონტამინაციის დასადგენად.

4. დეკონტამინაციის დაწყებამდე უნდა განისაზღვროს სამუშაო ზონები, მათ შორის, საკონტროლო, დაკვირვებისა და სუფთა ზონები.

5. დეკონტამინაციის სამუშაოები უნდა განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი ავტორიზაციის მქონე პირის მიერ.

6. დეკონტამინაციის დაწყებამდე აუცილებელია წარმოქმნილი სუფთა და კონტამინირებული მასალის შესაბამისი მოპყრობა, სეპარირება/სეგრეგაცია წინასწარ განსაზღვრულ შეფუთვებში.

7. დეკონტამინაციამდე აუცილებელია ადგილზე იყოს ინდივიდუალური დაცვის შესაბამისი საშუალებები, დაკალიბრებული და ტექნიკურად გამართული გასაზომი საშუალებები, პირველადი დახმარებისა და თვალის ამოსარეცხი საშუალებები.

8. უზრუნველყოფილი უნდა იყოს სუფთა და კონტამინირებული ზონების ცალმხრივი გადაადგილება, პერსონალისა და დეკონტამინაციის პროცესში გამოყენებული ნივთების მშრალი და, საჭიროების შემთხვევაში, სველი დეკონტამინაცია, ჯვარედინი კონტამინაციის თავიდან აცილების მიზნით.

მუხლი 11. დეკონტამინაციის განხორციელება

1. დეკონტამინაცია იწყება ისეთი მეთოდებით, რომლებიც ყველაზე ნაკლებად აზიანებს ზედაპირს და წარმოქმნის მინიმალური რაოდენობის მეორეულ რადიოაქტიურ ნარჩენს. დეკონტამინაციის მეთოდოლოგიის ცვლილება ხდება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, როდესაც მიმდინარე მეთოდი კარგავს ეფექტიანობას.

2. დეკონტამინაციის მეთოდოლოგია მოიცავს:

ა) ფიზიკურ მეთოდებს (მშრალი წმენდა, მტვრის მოცილება, წებოვანი ლენტით დეკონტამინაცია, სველი წმენდა, აბრაზიული წმენდა, ლაზერული აბლაცია, ულტრაბგერითი კავიტაცია და ა. შ.);

ბ) ქიმიურ მეთოდებს (სურფაქტანტები, არაორგანული მჟავები, დეტერგენტები და ა. შ.);

გ) ბიოლოგიურ მეთოდებს (მიკრობული დეგრადაცია მჟავაგამომყოფი მიკროორგანიზმებითა და სხვა).

3. დეკონტამინაციისთვის შესაძლებელია მექანიკური, ქიმიური ან სხვა შესაბამისი მეთოდების გამოყენება, კონტამინაციის ტიპისა და ზედაპირის მახასიათებლების, ასევე წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენების კლასისა და ფიზიკური პარამეტრების გათვალისწინებით.

4. თითოეული ეტაპის დასრულების შემდეგ, მიღწეული ეფექტის შესაფასებლად, უნდა განხორციელდეს განმეორებითი რადიოლოგიური გაზომვები.

მუხლი 12. პერსონალის დაცვა

1. დეკონტამინაციის პროცესში ჩართული პერსონალი უნდა იყოს აღჭურვილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებითა და ინდივიდუალური დოზიმეტრებით.

2. უნდა განხორციელდეს როგორც ინდივიდუალური, ისე სამუშაო ადგილის მონიტორინგი, დოზის კონტროლის უზრუნველსაყოფად.

3. დეკონტამინაციის ყველა ეტაპს ზედამხედველობას უწევს ან/და თვითონ ასრულებს რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი.

4. საჭიროების შემთხვევაში პერსონალს უნდა ჩაუტარდეს სამედიცინო შემოწმება.

მუხლი 13. რადიოაქტიური ნარჩენების მართვა

1. დეკონტამინაციის შედეგად წარმოქმნილი ყველა მასალა პოტენციურად ითვლება რადიოაქტიურ ნარჩენად და ექვემდებარება შესაბამის მართვას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. წარმოქმნილი ნარჩენები უნდა შეგროვდეს და დახასიათდეს:

ა) ის ნარჩენი, რომლის რადიოლოგიური კონტამინაცია არ აღემატება კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს, ჩაითვლება არარადიოაქტიურად და მისი მართვა უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) ავტორიზირებული პირი ვალდებულია წარმოქმნილ რადიოაქტიურ ნარჩენს მოეპყროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. დაუშვებელია რადიოაქტიური ნარჩენების განზავება მათი აქტივობის შემცირების მიზნით, მარეგულირებელი კონტროლიდან ამოღების ან სხვა მოთხოვნებთან ფორმალური შესაბამისობის მიღწევისათვის.

4. დეკონტამინაციის მეთოდოლოგიის შერჩევისას აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს დეკონტამინაციის შედეგად წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენების მოცულობა და ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები, აგრეთვე მათი შემდგომი დამუშავების, კონდიცირების, ტრანსპორტირების, შენახვის ან საბოლოო განთავსების მატრიცის პარამეტრები.

5. ტრანსპორტირების საჭიროების შემთხვევაში დეკონტამინაციის პროცესში წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენების გადატანა უნდა განხორციელდეს „ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №72 დადგენილების მიხედვით.

მუხლი 14. დეკონტამინაციის დასრულება

1. დეკონტამინაცია დასრულებულად ითვლება იმ შემთხვევაში, როდესაც:

ა) ჩატარებული საბოლოო რადიოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ მიღწეულია დადგენილი კონტამინაციის დონეები, დაცულია დოზის კრიტერიუმები და დამატებითი ღონისძიებების განხორციელება აღარ არის მიზანშეწონილი ოპტიმიზაციის პრინციპის გათვალისწინებით;

ბ) სადეკონტამინაციო სამუშაოების ჩატარების შედეგად მოსახლეობის ნებისმიერი პირის მიერ მიღებული ეფექტიანი დოზა შეადგენს წელიწადში 10 მკზვ-ს ან უფრო ნაკლებს.

2. დეკონტამინაციის პროცესის ტექნიკურად დასრულების შემდეგ, მისი საბოლოოდ დასრულებულად მიჩნევისათვის, აუცილებელია დეკონტამინაციის განმახორციელებელმა ავტორიზებულმა პირმა აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს მარეგულირებელ ორგანოს.

მუხლი 15. დოკუმენტირება და აღრიცხვა

ავტორიზირებულმა პირმა დეკონტამინაციის განხორციელებისას უნდა აწარმოოს შესაბამისი ჩანაწერები, რომლებიც მოიცავს ოპერაციულ პროცესებს, გაზომვების შედეგებს, ჩატარებული სამუშაოების აღწერას, წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენების აღრიცხვასა და შესაბამისობას წინასწარ დამტკიცებულ გეგმასთან.

მუხლი 16. საზოგადოებასთან კომუნიკაცია და დაინტერესებული მხარეების ჩართულობა

1. რადიოლოგიურად კონტამინირებული ტერიტორიების დეკონტამინაციის დაგეგმვისას, მარეგულირებელ ორგანოსთან შეთანხმებით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეების ინფორმირება სამუშაოების მასშტაბის, მოსალოდნელი შედეგებისა და დეკონტამინირებული ტერიტორიის შემდგომი სარგებლობის შესახებ.

2. ტერიტორიის დეკონტამინაციის დასრულების შემდეგ ინფორმაცია ნარჩენი კონტამინაციის დონეებისა და ტერიტორიის გამოყენებაზე შეზღუდვების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი.

მუხლი 17. პასუხისმგებლობა

1. დეკონტამინაციის პროცესზე პასუხისმგებელია ავტორიზებული პირი და რადიაციულ დაცვაზე პასუხისმგებელი პირი, რომლებიც ვალდებული არიან, უზრუნველყონ ამ წესის მოთხოვნების შესრულება.

2. იმ შემთხვევაში, თუ კონტამინაცია გამოწვეულია ავარიული სიტუაციით ან მარეგულირებელი კონტროლიდან გასული უპატრონო რადიოაქტიური წყაროებით, დეკონტამინაციის ღონისძიებების კოორდინაციასა და განხორციელებაზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 14 მაისის №160 დადგენილებით.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული ტერიტორიებისა და საგნების ზედაპირის დეკონტამინაციის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული ტერიტორიებისა და საგნების ზედაპირის დეკონტამინაციის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.11.2026.
როდის იქნა მიღებული „რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული ტერიტორიებისა და საგნების ზედაპირის დეკონტამინაციის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“?
„რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული ტერიტორიებისა და საგნების ზედაპირის დეკონტამინაციის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 10.11.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №531. სარეგისტრაციო კოდი — 360090000.10.003.026081.
სად არის „რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული ტერიტორიებისა და საგნების ზედაპირის დეკონტამინაციის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.11.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული ტერიტორიებისა და საგნების ზედაპირის დეკონტამინაციის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“, №531, 10.11.2026, სარეგისტრაციო კოდი 360090000.10.003.026081 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.11.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7042602/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 10.11.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება