„ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ოქტომბრის №483 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№534
სარეგისტრაციო კოდი
240110000.10.003.026084
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/11/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №534

2026 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ოქტომბრის №483 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/10/2019, 240110000.10.003.021503) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების პირველი მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) „ცხენისებრი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის სპეციალური წესი“ (დანართი №6).“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის ზოგადი წესის“ (დანართი №1):

ა) მე-2 მუხლს:

ა.ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) ცხენისებრი ცხოველები – Equus-ის სახეობებს მიკუთვნებული შენახული ცხოველები, მათ შორის, ცხენი, ვირი, ჯორი/ჯორცხენა, აგრეთვე ამ სახეობების შეჯვარების შედეგად მიღებული შთამომავლობა;“;

ა.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:

„ლ1) იდენტიფიკაციის ელექტრონული საშუალება − ინექციური ტრანსპონდერი/მიკროჩიპი/პასიური ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც ცხოველში იმპლანტაციის გზით თავსდება და სპეციალური წამკითხველი მოწყობილობის საშუალებით გადასცემს უნიკალურ საიდენტიფიკაციო კოდს;“;

ა.გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი:

„მ1) ცხოველის რეგისტრაცია – იდენტიფიცირებული ცხოველის შესახებ მონაცემების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვა;“;

ბ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ე) ცხოველის სქესს, სახეობას, დანიშნულებას, ჯიშს ან/და ბეწვის ფერს;“;

გ) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. იდენტიფიკაცია-რეგისტრაციასთან დაკავშირებული განცხადებების, აქტებისა და იდენტიფიკაციის დოკუმენტის ფორმები

იდენტიფიკაცია-რეგისტრაციასთან დაკავშირებული განცხადებების, აქტებისა და იდენტიფიკაციის დოკუმენტის ფორმებს ადგენს სააგენტო.“.

3. დადგენილებას დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი №6.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2027 წლის 1 აპრილიდან.  

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



„დანართი №6

 

ცხენისებრი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის სპეციალური წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს წესი ეფუძნება „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის ზოგად წესს“ და ადგენს სპეციალურ მოთხოვნებს ცხენისებრი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, ასევე, მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის მიმართ.

მუხლი 2. ცხენისებრი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია

1. პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, ცხენისებრი ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციასთან დაკავშირებით სააგენტოს მიმართოს ცხენისებრი ცხოველის დაბადებიდან არაუგვიანეს 12 თვის განმავლობაში ან ვიდრე იგი დატოვებს დაბადების ადგილს.

2. განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 14 დღისა ან ვიდრე ცხენისებრი ცხოველი დატოვებს სადგომს/დროებით სადგომს, სააგენტო ახდენს ცხოველის იდენტიფიკაციას.

3. საქართველოში დაბადებული ცხენისებრი ცხოველი ექვემდებარება ინდივიდუალურ იდენტიფიკაციასა და რეგისტრაციას, ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

4. ცხენისებრი ცხოველის იდენტიფიკაციის ძირითად საშუალებას წარმოდგენს იდენტიფიკაციის ელექტრონული საშუალება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის ზოგადი წესის“ მე-7 მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

5. იდენტიფიკაციის ელექტრონული საშუალება იმპლანტირებულ უნდა იქნეს  პარენტერალური (კანქვეშ) გზით, ინექციის ადგილის სათანადოდ მომზადების შემდეგ, ცხენისებრი ცხოველის კისრის მარცხენა მხარეს, კეფასა და მინდაოს შორის შუა ნაწილში და კისრის ნუკალური იოგის (nuchal ligament) მიდამოში.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტიდან გამონაკლისის სახით, სააგენტოს წერილობითი თანხმობით, დასაშვებია სხვა საიდენტიფიკაციო საშუალების ან მათი კომბინაციის (სტანდარტული საყურე ნიშანი, სტანდარტული კოჭის სამაგრი, ელექტრონული საყურე ნიშანი, ელექტრონული კოჭის სამაგრი) გამოყენება ამ მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად.

7. სხვა საიდენტიფიკაციო საშუალების გამოყენებაზე სააგენტო წერილობით თანხმობას გასცემს, თუ:

ა) სხვა საიდენტიფიკაციო საშუალება გამოყენებული იქნება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში იმ ცხენისებრი ცხოველების იდენტიფიცირების მიზნით, რომლებიც შეტანილია კონკრეტულ სანაშენე წიგნში ან გამოიყენება სპეციალური მიზნებისათვის, ან იმ ცხენისებრი ცხოველების იდენტიფიცირების მიზნით, რომელთა ტრანსპონდერით იდენტიფიცირება შეუძლებელია ვეტერინარული ან ცხოველთა კეთილდღეობის მიზნით;

ბ) სხვა საიდენტიფიკაციო საშუალება ან მათი კომბინაცია უზრუნველყოფს, სულ მცირე, იმავე დონის გარანტიებს, რასაც იდენტიფიკაციის ელექტრონული საშუალება.

8. დასაკლავად განკუთვნილი ცხენისებრი ცხოველის შემთხვევაში ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სხვა საიდენტიფიკაციო საშუალების გამოყენება დასაშვებია, თუ:

ა) ცხენისებრი ცხოველი განკუთვნილია ხორცის წარმოებისთვის, დაიბადა საქართველოში ან იმპორტირებულია იდენტიფიკაციის საშუალების გარეშე;

ბ) ცხენისებრი ცხოველი 12 თვეზე ნაკლები ასაკისაა;

გ) იგი იგზავნება დაბადების სადგომიდან პირდაპირ სასაკლაოში;

დ) უზრუნველყოფილია უწყვეტი მიკვლევადობა დაბადების სადგომიდან სასაკლაოში.

9. სხვა საიდენტიფიკაციო საშუალება უნდა აკმაყოფილებდეს ამ დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის ზოგადი წესის“ მე-7 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

10. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საყურე ნიშანი მაგრდება ცხენისებრი ცხოველის მარცხენა ყურის ნიჟარაზე.

11. სანაშენე ორგანიზაციებს, აგრეთვე საერთაშორისო ასოციაციებს ან ორგანიზაციებს, რომლებიც მართავენ ცხენების შეჯიბრებებს ან დოღს, შეუძლიათ, მოითხოვონ სხვა საიდენტიფიკაციო საშუალებით იდენტიფიცირებული ცხენისებრი ცხოველის დამატებითი იდენტიფიცირება იმპლანტირებადი ტრანსპონდერით სუფთა ჯიშის სანაშენე ცხოველის სანაშენე წიგნში შეყვანის ან შეჯიბრებაში ან დოღში ცხენის რეგისტრაციის მიზნით. დამატებითი იდენტიფიცირების შესახებ ინფორმაცია აისახება მონაცემთა ერთიან ბაზაში და იდენტიფიკაციის დოკუმენტში.

12. იდენტიფიცირებული ცხენისებრი ცხოველის საიდენტიფიკაციო მონაცემები დაკავშირებული უნდა იყოს შესაბამის ჩანაწერთან მონაცემთა ერთიან ბაზაში.

13. ერთი საიდენტიფიკაციო ნომერი შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ ერთ ცხენისებრ ცხოველს და არ უნდა განმეორდეს სხვა ცხენისებრი ცხოველის იდენტიფიკაციისთვის.

14. ცხენისებრი ცხოველის რეგისტრაციისას მიეთითება ცხოველის დანიშნულების კატეგორია: სანაშენე, სპორტული, სამუშაო, კულტურული ან სასურსათო.

15. ცხენისებრი ცხოველის დანიშნულების კატეგორიის შეცვლა დასაშვებია სააგენტოს მიერ, პასუხისმგებელი პირის მიმართვის საფუძველზე, თუ ცხოველი აკმაყოფილებს შესაბამისი კატეგორიისთვის დადგენილ მოთხოვნებს.

16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასურსათო დანიშნულების ცხენისებრი ცხოველი უნდა აკმაყოფილებდეს ცხოველის ჯანმრთელობისა და ადამიანის მიერ მოხმარებისთვის განკუთვნილი ხორცის წარმოებისთვის, დაკვლისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

17. ცხენისებრი ცხოველის გასხვისების, ჩუქების, გაცვლის ან სხვა სამართლებრივი საფუძვლით გადაცემის შემთხვევაში ინფორმაცია პასუხისმგებელი პირის ცვლილების შესახებ აისახება მონაცემთა ერთიან ბაზაში; ამასთან, პასუხისმგებელი პირის ცვლილება არ იწვევს ცხოველის ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომრის შეცვლას.

მუხლი 3. ცხენისებრი ცხოველის გადაადგილება

1. ცხენისებრ ცხოველს გადაადგილებისას თან უნდა ახლდეს სააგენტოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის დოკუმენტი მატერიალური სახით.

2. გადაადგილებამდე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს ცხენისებრი ცხოველის საიდენტიფიკაციო მონაცემების, საიდენტიფიკაციო საშუალებისა და იდენტიფიკაციის დოკუმენტის მონაცემების შესაბამისობა − იდენტურობა.

3. სააგენტო უფლებამოსილია აკრძალოს ცხენისებრი ცხოველის გადაადგილება, თუ:

ა) ცხენისებრი ცხოველი არ არის იდენტიფიცირებული ან ვერ დგინდება იდენტურობა, შესაბამისი იდენტიფიკაციის ან იდენტურობის დადასტურებამდე;

ბ) ცხოველს დაუდასტურდა დაავადება, რომლის არსებობისას გადაადგილება აკრძალულია შესაბამისი ვეტერინარული მოთხოვნებით;

გ) ცხენს არ ახლავს ამ წესით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის დოკუმენტი;

დ) გადაადგილების აკრძალვა გათვალისწინებულია ამ წესით ან საქართველოს კანონმდებლობით.

4. სააგენტო უფლებამოსილია დააწესოს ცხენისებრი ცხოველის გადაადგილების შეზღუდვა, თუ:

ა) არსებობს გადამდები დაავადების არსებობის დასაბუთებული ეჭვი;

ბ) სასურსათო დანიშნულების ცხენისებრი ცხოველი არ აკმაყოფილებს სასურსათო ჯაჭვში დაშვებისთვის დადგენილ მოთხოვნებს.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული აკრძალვა ან შეზღუდვა  სააგენტოს მიერ უქმდება შესაბამისი გარემოების აღმოფხვრის ან ცხოველის იდენტიფიკაციისა და იდენტურობის დადასტურების შემდეგ, ამ წესითა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 4. ცხენისებრი ცხოველის იდენტიფიკაციის დოკუმენტი

1. სააგენტოს მიერ ცხენისებრი ცხოველის იდენტიფიკაციისა და მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შემდეგ პასუხისმგებელი პირის მოთხოვნიდან 14 დღის ვადაში გაიცემა ცხენისებრი ცხოველის იდენტიფიკაციის დოკუმენტი.

2. იდენტიფიკაციის დოკუმენტი გაიცემა ინდივიდუალურად იდენტიფიცირებულ ცხენისებრ ცხოველზე და მისი მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს მონაცემთა ერთიან ბაზაში არსებულ მონაცემებს.

3. ცხენის იდენტიფიკაციის დოკუმენტში შეიტანება შემდეგი ინფორმაცია:

ა) პასუხისმგებელი პირის/მომვლელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი;

ბ) რეგისტრირებულ ცხენთან დაკავშირებით:

ბ.ა) ცხენის სახელი;

ბ.ბ) ცხენის შეფერილობა და არსებობისას განმასხვავებელი ნიშნები;

ბ.გ) ცხენის ასაკი;

ბ.დ) ცხენის სქესი;

ბ.ე) ცხენის ჯიში;

ბ.ვ) ცხენის მიკროჩიპის ნომერი, რომელიც რეგისტრირებულია სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ან ალტერნატიული საიდენტიფიკაციო საშუალება და მასზე გამოსახული ნომერი;

ბ.ზ) ცხენისებრთა უცვლელი უნიკალური ნომერი, რომელიც რეგისტრირებულია სააგენტოს მონაცემთა ბაზაში;

ბ.თ) სუფთა სისხლის ცხენის შემთხვევაში − გენეალოგიური ინფორმაცია, წინაპრების შესახებ ინფორმაცია და სხვა ზოოტექნიკური მონაცემები;

გ) რეგისტრირებულ ცხენზე ჩატარებულ ვეტერინარულ ღონისძიებებთან მიმართებით:

გ.ა) ვაქცინაციისა და დეჰელმინთიზაციის ჩანაწერები;

გ.ბ) ლაბორატორიული გამოკვლევების ჩანაწერები;

დ) სასურსათო ჯაჭვის სტატუსი − სასურსათო ან არასასურსათო დანიშნულების;

ე) იდენტურობის შემოწმების ჩანაწერები;

ვ) ამ წესით გათვალისწინებული დამატებითი საიდენტიფიკაციო საშუალების არსებობის შემთხვევაში − მისი ტიპი და საიდენტიფიკაციო მონაცემები.

4. იდენტიფიკაციის დოკუმენტის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში პასუხისმგებელ პირს უფლება აქვს, მიმართოს სააგენტოს დუბლიკატი იდენტიფიკაციის დოკუმენტის გაცემის მოთხოვნით.

5. სააგენტო გასცემს იდენტიფიკაციის დოკუმენტის დუბლიკატს, თუ შესაძლებელია ცხენისებრი ცხოველის იდენტიფიცირება და მისი იდენტურობის დადასტურება მონაცემთა ერთიან ბაზაში არსებული მონაცემების საფუძველზე.

6. იდენტიფიკაციის დოკუმენტის დუბლიკატში მიეთითება, რომ იგი წარმოადგენს დუბლიკატს, ხოლო მისი გაცემის შესახებ ინფორმაცია აისახება მონაცემთა ერთიან ბაზაში.“.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ოქტომბრის №483 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.11.2026.
როდის იქნა მიღებული „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ოქტომბრის №483 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ოქტომბრის №483 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 13.11.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №534. სარეგისტრაციო კოდი — 240110000.10.003.026084.
სად არის „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ოქტომბრის №483 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.11.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ოქტომბრის №483 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №534, 13.11.2026, სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.026084 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7044574/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება