დონორსა და რეციპიენტს შორის განცხადებული ნათესაური კავშირის ან ახლო პირადი ურთიერთობის (ემოციური კავშირის) გადამოწმების ოპერაციული პროტოკოლის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№58/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470110000.22.035.017251
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/11/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი

ბრძანება №58-ნ/№1266

2026 წლის 18-17 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

დონორსა და რეციპიენტს შორის განცხადებული ნათესაური კავშირის ან ახლო პირადი ურთიერთობის (ემოციური კავშირის) გადამოწმების ოპერაციული პროტოკოლის დამტკიცების შესახებ
1. დამტკიცდეს თანდართული „დონორსა და რეციპიენტს შორის განცხადებული ნათესაური კავშირის ან ახლო პირადი ურთიერთობის (ემოციური კავშირის) გადამოწმების ოპერაციული პროტოკოლი“.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სიცოცხლეში ან სიკვდილის შემდეგ ორგანოთა გადანერგვის თაობაზე გადაწყვეტილების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 30-29 ნოემბრის №463-№420/ნ ერთობლივი ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიმიხეილ სარჯველაძე
საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია
📎 დანართები (1)
danarti.docx ⬇

დონორსა და რეციპიენტს შორის განცხადებული ნათესაური კავშირის ან ახლო პირადი ურთიერთობის (ემოციური კავშირის) გადამოწმების ოპერაციული პროტოკოლი

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ეს ოპერაციული პროტოკოლი (შემდგომ – პროტოკოლი) განსაზღვრავს „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცოცხალი დონაციის კომისიის (შემდგომ – კომისია) მიერ დონორსა და რეციპიენტს შორის არსებული ნათესაური კავშირის ან ახლო პირადი ურთიერთობის (ემოციური კავშირის) გადამოწმების წესს და იმ დოკუმენტაციის/ინფორმაციის ჩამონათვალს, რომლითაც შესაძლებელია აღნიშნული ურთიერთობის დადასტურება.

2. ამ პროტოკოლში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 2. ცოცხალი დონაციის საფუძველი

1. ცოცხალი დონორისგან ორგანოს ამოღება (ცოცხალი დონაცია) შეიძლება იმ რეციპიენტის სასარგებლოდ, რომელთანაც დონორს ნათესაური კავშირი ან ახლო პირადი ურთიერთობა (ემოციური კავშირი) აქვს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარემოებების წინასასამართლო შეფასებას/გადამოწმებას უზრუნველყოფს კომისია ამ პროტოკოლით დადგენილი წესის შესაბამისად.

თავი II. ნათესაური კავშირი და მისი დადასტურება

მუხლი 3. ნათესაური კავშირი

რეციპიენტთან ნათესაური კავშირის მქონე დონორად ითვლება:

ა) რეციპიენტის მეუღლე, თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 1 წელი;

ბ) რეციპიენტის გენეტიკური ნათესავი (შვილი, დედა, მამა, შვილიშვილი, ბებია, პაპა, და, ძმა, დისშვილი, ძმისშვილი, დედის და, დედის ძმა, მამის და, მამის ძმა, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ბიძაშვილი);

გ) რეციპიენტის მეუღლის შვილი, დედა (დედამთილი/სიდედრი), მამა (მამამთილი/სიმამრი), შვილიშვილი, ბებია, პაპა, და (მული/ცოლისდა), ძმა (მაზლი/ცოლისძმა), რეციპიენტის შვილის მეუღლე (რძალი/სიძე), შვილიშვილის მეუღლე (რძალი/სიძე), დის მეუღლე (სიძე), ძმის მეუღლე (რძალი), თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 2 წელი.

მუხლი 4. ნათესაური კავშირის დადასტურება

1. ამ პროტოკოლის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში რეციპიენტსა და დონორს შორის ქორწინება შესაძლებელია დადასტურდეს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტით:

ა) ქორწინების სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობით, რომელიც გაცემულია საქართველოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ;

ბ) სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ქორწინების სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამოქალაქო აქტის ჩანაწერის დამოწმებული ასლი, აღნიშნული ჩანაწერიდან ამონაწერი ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა), რომელიც ლეგალიზებულია ან დამოწმებულია აპოსტილით, თუ საერთაშორის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, აგრეთვე, სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;

გ) საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ქორწინების ფაქტის დადგენის შესახებ;

დ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით ქორწინების ფაქტის დადგენის შესახებ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის თაობაზე.

2. თუ დონორი/რეციპიენტი კომისიას ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ არცერთ დოკუმენტს არ წარუდგენს, ქორწინების ფაქტი დაუდასტურებლად მიიჩნევა.

3. ამ პროტოკოლის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დონორისა და რეციპიენტის გენეტიკური ნათესაობა (შვილი, დედა, მამა, შვილიშვილი, ბებია, პაპა, და, ძმა, დისშვილი, ძმისშვილი, დედის და, დედის ძმა, მამის და, მამის ძმა, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ბიძაშვილი) დადასტურებულად ჩაითვლება, თუ კომისიისთვის წარდგენილია ნათესაური კავშირის დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესაბამისი მოწმობა/მოწმობები, რომელიც/რომლებიც პირდაპირ (მაგალითად, დაბადების მოწმობა, მამობის დადგენის რეგისტრაციის მოწმობა) ან საფეხურებრივად (ტრანზიტულად) (მაგალითად, დედის ძმის, მამიდაშვილის შემთხვევაში) ადასტურებს/ადასტურებენ მხარეთა შორის ნათესაურ კავშირს და გაცემულია საქართველოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ;

ბ) სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესაბამისი მოწმობა/მოწმობები, რომელიც/რომლებიც პირდაპირ (მაგალითად, დაბადების მოწმობა, მამობის დადგენის რეგისტრაციის მოწმობა) ან საფეხურებრივად (ტრანზიტულად) (მაგალითად, დედის ძმის, მამიდაშვილის შემთხვევაში) ადასტურებს/ადასტურებენ მხარეთა შორის ნათესაურ კავშირს, რომელიც/რომლებიც ლეგალიზებულია ან დამოწმებულია აპოსტილით, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, აგრეთვე, სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი/თარგმანები;

გ) საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დონორისა და რეციპიენტის ნათესაური კავშირის არსებობის (ამ პროტოკოლით დადგენილ ფარგლებში), ასევე, მამობისა და შვილად აყვანის დადგენის შესახებ;

დ) საქართველოს სასამართლოს განჩინება დონორისა და რეციპიენტის ნათესაური კავშირის არსებობის (ამ პროტოკოლით დადგენილ ფარგლებში) ფაქტის დადგენის შესახებ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის თაობაზე.

4. თუ დონორი/რეციპიენტი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციას არ წარადგენს ან წარდგენილი დოკუმენტაცია ვერ უზრუნველყოფს მათ შორის ნათესაური კავშირის სარწმუნოდ დადგენას, კომისია განმცხადებელს მოსთხოვს გენეტიკური კვლევის (დნმ-ტესტირების) ჩატარებასა და მისი შედეგების წარდგენას.

5. თუ გენეტიკური კვლევის (დნმ-ტესტირების) შედეგად დონორსა და რეციპიენტს შორის ნათესაური კავშირი ამ პროტოკოლის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წრის ფარგლებში დადგინდება, დონორსა და რეციპიენტს შორის ნათესაური კავშირი დადასტურებულად ჩაითვლება.

6. ამ პროტოკოლის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნათესაური კავშირის დადასტურებისთვის, ვინაიდან იგი ერთდროულად ეფუძნება ქორწინების ფაქტსა და გენეტიკურ ნათესაობას, კომისიას ერთობლივად (კუმულატიურად) უნდა წარედგინოს:

ა) ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტი (რეციპიენტისა და მისი მეუღლის ან რეციპიენტის შვილის ან შვილიშვილის ან დის ან ძმის ქორწინების დამადასტურებული დოკუმენტაცია). ამ შემთხვევაში ქორწინების ფაქტის დადასტურება ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის შესაბამისად;

ბ) ნათესაური გენეტიკური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამ შემთხვევაში ნათესაური გენეტიკური კავშირის დადასტურება ხორციელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის ან ამ პროტოკოლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ამ პროტოკოლის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნათესაური კავშირი დაუდასტურებლად ჩაითვლება.

თავი III. ახლო პირადი ურთიერთობა (ემოციური კავშირი) და მისი დადასტურება

მუხლი 5. ახლო პირადი ურთიერთობა (ემოციური კავშირი)

რეციპიენტთან ახლო პირადი ურთიერთობის (ემოციური კავშირის) მქონე დონორად ითვლება პირი, რომელსაც რეციპიენტთან არანაკლებ 2 წლის განმავლობაში აქვს ახლო, პირადი და სტაბილური ემოციური კავშირი.

მუხლი 6. ახლო პირადი ურთიერთობის (ემოციური კავშირის) დადასტურება

1. თუ ცოცხალი დონაციის განხორციელების მოთხოვნა ეფუძნება ახლო პირადი (ემოციური) კავშირის არსებობას, განმცხადებელი ვალდებულია წარადგინოს არანაკლებ 2 მოწმის (ოჯახის წევრები, მეზობლები, კოლეგები ან/და საერთო მეგობრები) წერილობითი ახსნა-განმარტება მხარეთა შორის არსებულ ახლო პიროვნული კავშირის თაობაზე. განცხადებას უნდა დაერთოს აღნიშნულ მოწმეთა საკონტაქტო ინფორმაცია. საჭიროების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მოიწვიოს მოწმე/მოწმეები სხდომაზე ზეპირი ფორმით ახსნა-განმარტების მისაცემად. მოწმეთა ახსნა-განმარტება არ შეიძლება იყოს დონორსა და რეციპიენტს შორის ახლო პირადი (ემოციური) ურთიერთობის არსებობის დადასტურების ერთადერთი საფუძველი.

2. დონორსა და რეციპიენტს შორის ახლო პირადი (ემოციური) კავშირის არსებობის დასადასტურებლად შესაძლებელია, დამატებით შეფასდეს:

ა) ერთობლივი სოციალური, ეკონომიკური ან სამართლებრივი ისტორიის/ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ შორის, ერთობლივი სწავლის, მოგზაურობის ან მუშაობის დამადასტურებელი ცნობები; ერთ ბინაში/სახლში ხანგრძლივი თანაცხოვრების დამადასტურებელი სამართლებრივი აქტები (მაგალითად, იპოთეკა (უძრავი ნივთი საცხოვრებელ სადგომად გამოყენების შემთხვევაში), ბინის ქირავნობის ხელშეკრულება და სხვა); ერთობლივი ფინანსური/საკრედიტო ვალდებულებების ამსახველი საბუთები ან წარსულში ერთმანეთის სახელით გაცემული სანოტარო მინდობილობები და ა.შ.;

ბ) სამედიცინო/სოციალური ხასიათის დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ მხარეთა შორის არსებულ ზრუნვისა და მხარდაჭერის ისტორიას (მაგ., პაციენტის ნდობით აღჭურვილი პირის სტატუსი, ავადმყოფობის პერიოდში ხანგრძლივი მოვლის ან სამედიცინო ხარჯების ერთობლივად დაფარვის ფაქტები) და ა.შ.;

გ) დოკუმენტები/ინფორმაცია/მასალა, რომლებიც ადასტურებენ დონორისა და რეციპიენტის ერთობლივ წევრობას ან/და აქტიურ მონაწილეობას პროფესიულ, სპორტულ ან სხვა საზოგადოებრივ გაერთიანებებში;

დ) ფოტო- ან/და ვიდეომასალა, რომელიც ასახავს რეციპიენტსა და დონორს შორის არსებულ ახლო პირად ურთიერთობას;

ე) სატელეკომუნიკაციო ან ციფრული კომუნიკაციის ისტორიის ამონაწერი (მეტამონაცემები), რომელიც მოწმობს მხარეთა შორის ინტენსიურ კავშირს;

ვ) ნებისმიერი სხვა ობიექტური ინფორმაცია ან დოკუმენტი, რომელიც შესაძლოა ადასტურებდეს მხარეთა შორის ახლო პირად ურთიერთობას.

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული მტკიცებულებები ფასდება ერთობლიობაში – თითოეული მტკიცებულების რელევანტურობისა და სანდოობის გათვალისწინებით.

4. ახლო პირადი ურთიერთობის არსებობა უნდა დადასტურდეს აშკარა და დამარწმუნებელი მტკიცებულებების სტანდარტით. აღნიშნული სტანდარტი დაკმაყოფილებულად ითვლება, თუ წარდგენილი დოკუმენტებისა და საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზით გონივრული ეჭვის საფუძველს არ ტოვებს მხარეთა შორის არანაკლებ 2 წლის განმავლობაში ახლო პირადი კავშირის არსებობა.

5. მტკიცებულებათა შეფასებისას კომისიის წევრები ეყრდნობიან შინაგან რწმენას, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს საქმეში არსებული მასალების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.

6. თუ წარდგენილი მტკიცებულებები ურთიერთგამომრიცხავია, ტოვებს არსებით ორაზროვნებას ან ბადებს დასაბუთებულ ეჭვს დონაციის უანგარობის (კომერციული გარიგების რისკის) თაობაზე, მტკიცებულებითი სტანდარტი ითვლება დაუკმაყოფილებლად და კომისია იღებს გადაწყვეტილებას ახლო პირადი კავშირის დაუდასტურებლობის შესახებ.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „დონორსა და რეციპიენტს შორის განცხადებული ნათესაური კავშირის ან ახლო პირადი ურთიერთობის (ემოციური კავშირის) გადამოწმების ოპერაციული პროტოკოლის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „დონორსა და რეციპიენტს შორის განცხადებული ნათესაური კავშირის ან ახლო პირადი ურთიერთობის (ემოციური კავშირის) გადამოწმების ოპერაციული პროტოკოლის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.11.2026.
როდის იქნა მიღებული „დონორსა და რეციპიენტს შორის განცხადებული ნათესაური კავშირის ან ახლო პირადი ურთიერთობის (ემოციური კავშირის) გადამოწმების ოპერაციული პროტოკოლის დამტკიცების შესახებ“?
„დონორსა და რეციპიენტს შორის განცხადებული ნათესაური კავშირის ან ახლო პირადი ურთიერთობის (ემოციური კავშირის) გადამოწმების ოპერაციული პროტოკოლის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 18.11.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №58/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470110000.22.035.017251.
სად არის „დონორსა და რეციპიენტს შორის განცხადებული ნათესაური კავშირის ან ახლო პირადი ურთიერთობის (ემოციური კავშირის) გადამოწმების ოპერაციული პროტოკოლის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.11.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „დონორსა და რეციპიენტს შორის განცხადებული ნათესაური კავშირის ან ახლო პირადი ურთიერთობის (ემოციური კავშირის) გადამოწმების ოპერაციული პროტოკოლის დამტკიცების შესახებ“, №58/ნ, 18.11.2026, სარეგისტრაციო კოდი 470110000.22.035.017251 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.11.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7045005/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 18.11.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება