ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების 2027 − 2030 წლების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №536 |
|
2026 წლის 13 ნოემბერი ქ. თბილისი |
|
📎 დანართები (1)
536.docx ⬇
სარჩევი
2. ქბრბ უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები 5
2.1 ქიმიური უსაფრთხოების სფერო 5
2.2 ბიოლოგიური უსაფრთხოების სფერო 7
2.3 რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფერო 10
2.4 საერთაშორისო თანამშრომლობა 12
მიზანი №1: პრევენციული შესაძლებლობების გაძლიერება 17
მიზანი №2 გამოვლენის საშუალებების გაუმჯობესება და მზადყოფნის დონის ამაღლება 24
მიზანი №3 ინციდენტებზე რეაგირებისა და აღდგენის მექანიზმების დახვეწა 27
5. სტრატეგიით გათვალისწინებულ ძალისხმევაზე პასუხისმგებელი უწყებები 30
1. შესავალი
„ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის“ (შემდგომში – ქბრბ სტრატეგია) მიზანია საქართველოს მიერ ქბრბ საფრთხეების მართვისა და მდგრადობის სფეროში ერთიანი სახელმწიფოებრივი ხედვის თანამედროვე უსაფრთხოების გარემოსთან შესაბამისობაში მოყვანა.
უკანასკნელი წლების განმავლობაში მსოფლიო წესრიგის ცვლილებისა და ახალი გეოპოლიტიკური რეალობის ფორმირების პროცესში, განსაკუთრებით კი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტების ფონზე უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად გაუარესებულია.
მიმდინარე კონფლიქტები და მათი თანმდევი პროცესები, თავის მხრივ, ხელს უწყობს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების და ინციდენტების რისკების ზრდას, მათ შორის გააქტიურებული ბირთვული რიტორიკის ფონზე.
გარდა ამისა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და მისი ხელმისაწვდომობის ზრდის შედეგად, მომატებულია მიზანმიმართული ქბრბ ინციდენტების განხორციელების ალბათობა. კერძოდ, ქბრბ ინციდენტები შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ბუნებრივი, ტექნოგენური და ეპიდემიოლოგიური ფაქტორებით, ისე სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების, ტერორისტული ჯგუფების ან ცალკეული პირების განზრახი და მიზანმიმართული ქმედებებით.
აღნიშნული ახალი რეალობისა და რისკების გათვალისწინებით, ასევე იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელთა წინაშე ჩვენი ქვეყანა და სახელმწიფო უწყებები დგანან, დღის წესრიგში დადგა მოქმედი ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის გადახედვისა და განახლების აუცილებლობის საკითხი.
შედეგად შემუშავდა ქბრბ სფეროში რიგით მესამე „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგია“, რომელიც ასახავს წინა სტრატეგიის მიღების შემდეგ ქბრბ მიმართულებით მომხდარ ცვლილებებს და მომავალი 4 წლის განმავლობაში განსაზღვრავს თანამედროვე ქბრბ საფრთხეებთან და გამოწვევებთან გამკლავების მექანიზმებს.
წინამდებარე სტრატეგია ითვალისწინებს ქვეყანაში და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გამოწვევებს, მათ შორის, ჰიბრიდულ და პანდემიურ საფრთხეებს, ტექნოლოგიური განვითარების შედეგად წარმოქმნილ რისკებს და ქბრბ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მოწყვლადობას სხვადასხვა სახის ინციდენტების მიმართ.
დოკუმენტი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას და შესაბამის კანონმდებლობას, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას, საფრთხეების შეფასების დოკუმენტს, საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. ამასთან, სტრატეგია ითვალისწინებს ევროკავშირის, გაეროს, ნატოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ თანამედროვე სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკებს.
სტრატეგია განსაზღვრავს ქბრბ საფრთხეების მიმართ სახელწიფო პოლიტიკის მიზნებს და ამოცანებს, საფრთხეებზე მორეაგირე ძირითადი და მხარდამჭერი უწყებების სექტორულ პრიორიტეტებს, ასევე, სახელმწიფოს, საერთაშორისო პარტნიორების, კერძო სექტორის, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს.
სტრატეგიის განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ქბრბ უსაფრთხოების სისტემის შემდგომ გაძლიერებას, შესაბამისი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების დახვეწას, არსებული მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსების ეფექტიან მართვას, უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესებას, საფრთხეებზე მორეაგირე უწყებების შესაძლებლობების ზრდას და მათი თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით აღჭურვას.
დოკუმენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებას, საფრთხეების ადრეული გამოვლენის შესაძლებლობების განვითარებას, ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების და კრიზისების მართვის ერთიანი მექანიზმების დახვეწას, მოსახლეობის ინფორმირებულობის და ცნობიერების ამაღლებას ქბრბ საკითხებზე.
სტრატეგია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 მაისის №208 დადგენილებით დამტკიცებული დოკუმენტის გადამუშავებულ და განახლებულ ვერსიას.
2. ქბრბ უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები
2.1 ქიმიური უსაფრთხოების სფერო
2.1.1 არსებული მდგომარეობა
ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში საქართველოში ნაწილობრივ ჩამოყალიბებულია სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩო, რომელიც ეფუძნება როგორც ეროვნულ კანონმდებლობას, ისე ქვეყნის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს.
სფეროს რეგულირება ხორციელდება მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებების, სხვადასხვა საერთაშორისო და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად, რაც ხელს უწყობს სახელმწიფოს მიერ ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო მართვას, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის შესაძლებლობების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას.
საქართველო არის „ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებებითა და პესტიციდებით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში წინასწარი დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ“ როტერდამის კონვენციის, „სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ“ ბაზელის კონვენციისა და „მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ“ სტოკჰოლმის კონვენციის მხარე. ამასთან, საქართველომ ხელი მოაწერა მინამატას კონვენციას „ვერცხლისწყლის შესახებ“ და მოახდინა „ვერცხლისწყლის შესახებ“ მინამატას კონვენციის რატიფიცირება.
ქიმიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის ფარგლებში მნიშვნელოვანად გაძლიერდა ქვეყნის საექსპერტო-კრიმინალისტიკური შესაძლებლობები. საქართველოს გააჩნია თანამედროვე სტანდარტების მქონე სპეციალიზებული ქიმიური ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია საშიში ქიმიური აგენტებისა და ტოქსიკური ნივთიერებების უსაფრთხო კვლევისთვის საჭირო ინფრასტრუქტურითა და ტექნიკური საშუალებებით.
აღნიშნული მნიშვნელოვნად აძლიერებს ქვეყნის შესაძლებლობებს ქიმიურ ინციდენტებზე ეფექტიანი რეაგირების, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მტკიცებულებების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დამუშავებისა და საექსპერტო კვლევების ჩატარების მიმართულებით. ამასთან, ახალი ლაბორატორია ხელს შეუწყობს სამართალდამცავი ორგანოების საგამოძიებო შესაძლებლობების გაძლიერებას, ქიმიურ საფრთხეებზე სწრაფ და კვალიფიციურ რეაგირებას, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ეფექტიანობას.
საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით, ბოლო წლებში ქიმიური ნივთიერებების მართვის მიმართულებით მნიშვნელოვნად განვითარდა ეროვნული საკანონმდებლო ბაზა. მინამატას კონვენციის მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის 2025 წლის 12 აგვისტოს №349 დადგენილებით დარეგულირდა ვერცხლისწყლისა და ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების იმპორტის, ექსპორტის, ტრანზიტისა და შესაბამის საწარმოო პროცესებთან დაკავშირებული ნებართვის, წინასწარი დასაბუთებული თანხმობის მექანიზმი.
როტერდამისა და სტოკჰოლმის კონვენციების მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის №263 დადგენილებით განისაზღვრა ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებებისა და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წესი, მათ შორის, აიკრძალა კონვენციების დანართებით განსაზღვრული ნივთიერებების წარმოება, გამოყენება, იმპორტი და ექსპორტი. აღნიშნული დადგენილება ასევე უზრუნველყოფს ევროკავშირის რეგულაციის (EC) №649/2012-ის მოთხოვნებთან ეტაპობრივ ჰარმონიზაციას. 2026 წლის 8 მაისს მიღებული საქართველოს მთავრობის №186 დადგენილებით განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები, რომლითაც ეროვნული რეგულირება სრულ შესაბამისობაში მოვიდა როტერდამისა და სტოკჰოლმის კონვენციებში განხორციელებულ უახლეს ცვლილებებთან.
სტოკჰოლმის კონვენციის ახალი მდგრადი ორგანული დამბინძურებლების (მოდ) შესახებ დამატებითი ოქმის საფუძველზე საქართველოს მთავრობის 2026 წლის 19 მაისის №204 დადგენილებით დამტკიცდა „მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ 2027–2031 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა“, რომელიც განსაზღვრავს ქიმიური ნივთიერებების მართვის, მონიტორინგისა და მათი ზემოქმედების შემცირების მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებს.
საერთაშორისო ვალდებულებულებებისა და დირექტივების შესაბამისად, ასევე ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქმნა შპს – საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია.
2.1.2 გამოწვევები
ქიმიური უსაფრთხოების სფეროში, მიუხედავად ბოლო წლებში მიღწეული პროგრესისა, კვლავ რჩება არაერთი სისტემური გამოწვევა, რომელიც საჭიროებს კოორდინირებულ და თანმიმდევრულ მიდგომას სახელმწიფოს მხრიდან.
ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში სამართლებრივი ბაზის შემდგომი განვითარება და ევროკავშირის კანონმდებლობასთან, მათ შორის ქიმიური ნივთიერებების რეგისტრაციის, შეფასების, ავტორიზაციისა და შეზღუდვის (REACH – Registration, Evaluation, Authorisation and Restriction of Chemicals) და ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაციის, ეტიკეტირების და შეფუთვის (CLP – Classification, Labelling and Packaging) რეგულაციებთან ჰარმონიზაცია. ამასთან, საჭიროა ქიმიური ნივთიერებების რეგისტრაციის, კლასიფიკაციის, ეტიკეტირების, შეფუთვისა და მიმოქცევის ერთიანი მარეგულირებელი სისტემის ჩამოყალიბება.
პრობლემურ საკითხს წარმოადგენს ის გარემოება, რომ საქართველოში ამ ეტაპზე არ არსებობს ქიმიური ნივთიერებების მართვის ერთიანი, ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც სრულად დაარეგულირებდა ქიმიური ნითიერებების მართვის ციკლს.
მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ქიმიური ნივთიერებების მართვის ერთიანი საინფორმაციო სისტემისა და ეროვნული რეესტრის არარსებობა, რაც ართულებს ქიმიური ნივთიერებების, გაცემული ნებართვების, ტრანსსასაზღვრო გადაადგილებისა და მაღალი რისკის ობიექტების შესახებ ინფორმაციის ეფექტიან გაცვლასა და მონიტორინგს.
ქვეყანაში სრულყოფილად არ განხორციელებულა ქიმიური საფრთხის შემცველი ობიექტების, დაბინძურებული ტერიტორიებისა და მიტოვებული სამრეწველო ობიექტების ინვენტარიზაცია. ამასთან, ისტორიულად არსებული ქიმიური დაბინძურების კერების, ვადაგასული პესტიციდების, მდგრადი ორგანული დამბინძურებლების (მოდ), დარიშხანშემცველი და ოზონდამშლელი ნივთიერებების ნარჩენების უსაფრთხო მართვა კვლავ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით გამოწვევად რჩება.
საქართველოში ქიმიური საფრთხეები დაკავშირებულია როგორც სამრეწველო და ეკონომიკურ საქმიანობასთან, ისე საშიში ქიმიური ნივთიერებების წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, გამოყენებისა და დამუშავების პროცესებთან.
2.2 ბიოლოგიური უსაფრთხოების სფერო
2.2.1 არსებული მდგომარეობა
საქართველოს ბიოსაფრთხოებისა და ბიოდაცულობის სტრატეგიული ჩარჩო მიზნად ისახავს ბიოლოგიური საფრთხეების ეფექტიან პრევენციას, ადრეულ გამოვლენას, უწყებათაშორის ოპერატიულ და კოორდინირებულ რეაგირებას.
აღნიშნული მიდგომა სრულად შეესაბამება საერთაშორისო ბილოგიური უსაფრთხოების სტანდარტებს, მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭოს №1540 რეზოლუციის, ბიოლოგიური იარაღის კონვენციისა (BWC) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების (IHR 2005) მოთხოვნებს.
საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა ბიოლოგიური უსაფრთხოების სფეროში ეფუძნება რისკზე დაფუძნებულ, მტკიცებულებებზე ორიენტირებულ და მრავალსექტორულ მიდგომას „ერთიანი ჯანმრთელობის“ (One Health) პრინციპების გათვალისწინებით, რაც ადამიანის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის სექტორების მჭიდრო კოორდინაციას მოითხოვს.
„ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპის ფარგლებში ქვეყნის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აძლიერებს თანამედროვე ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ვეტერინარული ლაბორატორიების და სურსათის უვნებლობის ინტეგრირებული ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს ბიოლოგიური საფრთხეების გამოვლენას, ლაბორატორიულ დადასტურებას, ზედამხედველობასა და რეაგირებას.
ინფრასტრუქტურულ დონეზე სისტემის მნიშვნელოვანი საყრდენია რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი, სადაც ხორციელდება განსაკუთრებით საშიში პათოგენების ეპიდზედამხედველობა, დიაგნოსტიკა და შტამების უსაფრთხო დაცვა.
ამასთან, სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფენ რისკების მუდმივ მონიტორინგს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე სასაზღვრო-გამტარ პუნქტებზე. ამასთან, საბაჟო და საპატრულო დანაყოფებს გააჩნიათ სათანადო აღჭურვილობა და ინსტრუქციები საეჭვო შემთხვევების, უსაბუთო ცხოველური პროდუქციისა თუ ინფიცირებული პირების დროული იზოლაციისთვის.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვეტერინარიაში ბიოსაფრთხოების პროცესების მართვას და ზოონოზური დაავადებების პრევენციას, რაც მოიცავს ინფექციის წყაროებისა და გადაცემის გზების შეფასებას, ცხოველთა ჯანმრთელობის მონიტორინგს, კარანტინს, ვაქცინაციას და დეზინფექციას.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მაღალი რისკის ობიექტებში – ფერმებში, ვეტერინარულ კლინიკებში, სასაკლაოებსა და დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებში – ბიოუსაფრთხოების სტანდარტების დაცვას, პერსონალის მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სწორ გამოყენებას, ნარჩენების უსაფრთხო მართვასა და სადეზინფექციო პროცედურებს.
ვინაიდან ვეტერინარები, ლაბორატორიის თანამშრომლები და ფერმერები მზარდი ექსპოზიციის ჯგუფებს წარმოადგენენ, ბიოუსაფრთხოების კულტურის განვითარება და პერსონალის რეგულარული ტრენინგი სტრატეგიულ პრიორიტეტადაა აღიარებული.
COVID-19-ის პანდემიის პერიოდში მიღებულმა პრაქტიკულმა გამოცდილებამ მნიშვნელოვნად გააძლიერა საქართველოს შესაძლებლობები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, საგანგებო მდგომარეობების მართვის, რისკების კომუნიკაციის, უწყებათაშორისი კოორდინაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით, რაც ქმნის მნიშვნელოვან საფუძველს ბიოლოგიური საფრთხეების მართვის ერთიანი, თანამედროვე და მდგრადი სისტემის შემდგომი განვითარებისათვის.
საქართველო თანმიმდევრულად ასრულებს ბიოლოგიური უსაფრთხოების სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და აქტიურად მონაწილეობს შესაბამის საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმებში, მათ შორის, ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების (IHR), ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) საერთაშორისო სტანდარტების, ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციის (BTWC) ნდობის განმტკიცების ღონისძიებებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს №1540 რეზოლუციის განხორციელების ფარგლებში.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინფორმაციის ოპერატიულ მიმოცვლასა და ადრეული გაფრთხილების სისტემების ეფექტიან გამოყენებას, მათ შორის, ევროკავშირის სურსათისა და ცხოველის საკვების სწრაფი განგაშის სისტემასთან (RASFF) თანამშრომლობის გაძლიერებას.
საქართველოს ბიოუსაფრთხოების პოტენციალი მნიშვნელოვნად ძლიერდება აქტიური საერთაშორისო პარტნიორობით. ერთობლივი პროექტები, მათ შორის ინიციატივები სასურსათო უსაფრთხოებისა და დაცულობის მიმართულებით და უწყებათაშორისი საველე სწავლებები უზრუნველყოფენ ეროვნული შესაძლებლობების განვითარებასა და რეგიონულ უსაფრთხოებაში საქართველოს წამყვანი როლის შენარჩუნებას.
2.2.2 გამოწვევები
საქართველოს ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს განსაკუთრებით საშიში, ახლად და ხელახლა აღმოცენებული, აგრეთვე ეპიდემიური ან პანდემიური პოტენციალის მქონე პათოგენების გავრცელება, მათ შორის, ბუნებრივი კერებიდან და ტრანსსასაზღვრო გადაადგილების შედეგად წარმოშობილი რისკების გათვალისწინებით.
ბიოუსაფრთხოების სფეროში მიუხედავად მნიშვნელოვანი წინსვლისა, გამოწვევად რჩება ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის საერთაშორისო სტანდარტების ეფექტიანი დანერგვა ქვეყნის ყველა შესაბამის სექტორში, მათ შორის, ლაბორატორიულ საქმიანობაში, ჯანდაცვის სისტემაში, ბიოლოგიური მასალებისა და სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო მართვის პროცესში, ასევე სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე ბიოლოგიური საფრთხეების გამოვლენისა და მართვის მიმართულებით.
დამატებით პრობლემურ საკითხს წარმოადგენს თანამედროვე დიაგნოსტიკურ ტექნოლოგიებზე, სწრაფი გამოვლენის სისტემებსა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებზე მუდმივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
2.3 რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფერო
2.3.1 არსებული მდგომარეობა
საქართველოში ჩამოყალიბებულია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელი სისტემა, რომელიც მოიცავს შესაბამისი საქმიანობების ავტორიზაციას, ინსპექტირებას, რადიოაქტიური წყაროების აღრიცხვასა და კონტროლს, უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრასა და მაღალი რისკის მქონე წყაროების ფიზიკური დაცულობის მექანიზმებს.
აღნიშნული სისტემა უზრუნველყოფს ბირთვულ და რადიაციულ მასალებზე სახელმწიფო ზედამხედველობას მათი სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპზე, რაც წარმოადგენს რისკების პრევენციისა და შემცირების ერთ-ერთ ძირითად მექანიზმს.
საქართველოში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროს სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის კანონი, რომელიც ადგენს სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ერთიან სისტემას.
საქართველოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების პოლიტიკა ეფუძნება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს №1540 რეზოლუციასა და ეროვნულ კანონმდებლობას.
საქართველო მხარეა შემდეგი საერთაშორისო ხელშეკრულებების:
ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულება;
კონვენცია ბირთვული მასალის ფიზიკური დაცვის შესახებ;
ბირთვული მასალის ფიზიკური დაცვის შესახებ კონვენციის დამატებითი ოქმი;
საქართველოს რესპუბლიკისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეთანხმება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გარანტიების გამოყენების თაობაზე;
საქართველოს რესპუბლიკისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეთანხმების დამატებითი ოქმი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გარანტიების გამოყენების თაობაზე;
კონვენცია ბირთვული ავარიის შემთხვევაში ადრეული შეტყობინების შესახებ;
კონვენცია ბირთვული ავარიის ან რადიაციული ავარიული სიტუაციის შემთხვევაში დახმარების შესახებ.
მითითებული საერთაშორისო ხელშეკრულებების იმპლემენტაციის მიზნისთვის, ძირითადი პრინციპები და დებულებები მოცემულია „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონში. რადიოაქტიური ნარჩენების მართვა კი რეგულირდება „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონით.
მითითებული კანონების საფუძველზე შემუშავებულია შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, სადაც დეტალურადაა დარეგულირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი რეჟიმის იმპლემენტაციის ტექნიკური დეტალები.
ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობებზე ვრცელდება ავტორიზაციის მექანიზმები, მათ შორის, შეტყობინება, რეგისტრაცია და ლიცენზირება, საქმიანობის ხასიათისა და რისკის დონის შესაბამისად. განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ ექცევა რადიოაქტიური მასალების იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, რადიოაქტიური წყაროების გადაცემა/დაბრუნება, რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი და ბირთვულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საქმიანობები.
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სახელმწიფო რეგულირებასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო – სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი საქმიანობების ავტორიზაციას, ინსპექტირებას, რადიაციული დაცვის მოთხოვნების შესრულების ზედამხედველობასა და რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სისტემის ფუნქციონირებას.
საქართველომ გააძლიერა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელი ჩარჩო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) სტანდარტებთან შესაბამისობის მიმართულებით, მათ შორის, შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების გზით.
განვითარებულია რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სისტემა, მათ შორის, რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც განსაზღვრავს აღნიშნული სფეროს გრძელვადიან მიდგომებს.
საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან სატრანზიტო ქვეყანას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბირთვული და რადიოაქტიური მასალების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის კუთხით.
ამ მიმართულებით გაძლიერებულია რისკების შეფასების, რადიოაქტიური წყაროების კონტროლის, საზღვრის კონტროლისა და შესაბამის უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლის მექანიზმები. ქვეყნის შესაბამისი უწყებები აგრძელებენ თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან და მონაწილეობენ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში არსებულ საერთაშორისო მექანიზმებში.
ქვეყანაში ფუნქციონირებს რადიოაქტიური წყაროების, ნარჩენებისა და ავტორიზებული ორგანიზაციების აღრიცხვის მექანიზმები, ხოლო არსებული რისკების შეფასების საფუძველზე ხორციელდება უკონტროლო ან უპატრონო რადიოაქტიური წყაროების გამოვლენა, კონტროლის ქვეშ მოქცევა და უსაფრთხო მართვა.
2.3.2 გამოწვევები
ბირთვულ და რადიაციულ სფეროში გამოწვევას წარმოადგენს კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიმართ კიბერსაფრთხეებისა და სხვა კომპლექსური რისკების მართვა, რაც მოითხოვს ბირთვული და რადიაციული დაცულობის სისტემის მუდმივ ადაპტაციას საერთაშორისო სტანდარტებთან და თანამედროვე მიდგომებთან.
ბირთვული და რადიაციული საქმიანობების, მათ შორის, მაიონებელი გამოსხივების წყაროებისა და რადიაციული ტექნოლოგიების გამოყენების გაფართოება, განსაკუთრებით ჯანდაცვის სექტორში, ზრდის ეფექტიანი მარეგულირებელი კონტროლის, ავტორიზაციისა და ინსპექტირების მექანიზმების განვითარების საჭიროებას. ასევე, მნიშვნელოვანია მოძველებული ტექნოლოგიური მოწყობილობების უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა.
გამოწვევად რჩება რადიაციული მონიტორინგისა და გამოვლენის სისტემების ტექნიკური შესაძლებლობების შემდგომი განვითარება, მათ შორის, სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის ინფრასტრუქტურის გაძლიერება. არსებული ტექნიკური ხარვეზები ამცირებს რადიაციული საფრთხეების დროული გამოვლენის, შეფასებისა და შესაბამისი რეაგირების შესაძლებლობებს.
პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბირთვული და რადიაციული საქმიანობების მიმართ ეროვნული მარეგულირებელი კონტროლის განხორციელების შეუძლებლობა, რაც ქმნის ინფორმაციის დეფიციტისა და პოტენციური რისკების დროული გამოვლენის სირთულეს.
2.4 საერთაშორისო თანამშრომლობა
ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების ტრანსსასაზღვრო და გლობალური ხასიათიდან გამომდინარე, საერთაშორისო თანამშრომლობა წარმოადგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას.
ამ მიზნით საქართველო აგრძელებს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებას პარტნიორ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA), ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან (OPCW), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO), ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WOAH), ბიოლოგიური იარაღის კონვენციისა (BWC), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO), გაეროს შესაბამის სააგენტოებთან (UNICRI, UNEP), აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან (DTRA), აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტთან (DoE), ევროკავშირის ქბრბ ინიციატივასთან (EU CBRN CoE), ინტერპოლთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან.
საერთაშორისო თანამშრომლობა მიმართულია საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის, ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერების, ტექნიკური დახმარებისა და გამოცდილების გაზიარების, ასევე ქბრბ საფრთხეების პრევენციის, გამოვლენის, მზადყოფნისა და რეაგირების მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებისკენ.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო და რეგიონულ პროექტებში მონაწილეობას, ერთობლივი სწავლებებისა და ტრენინგების ორგანიზებას, უწყებებს შორის ინფორმაციის ოპერატიულ გაცვლასა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაღრმავებას.
საქართველო აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ცენტრების ინიციატივაში (EU CBRN Risk Mitigation Centres of Excellence Initiative – EU CBRN CoE) და 2013 წლიდან წარმოადგენს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული სამდივნოს მასპინძელ სახელმწიფოს. აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას რეგიონული თანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარებისა და შესაძლებლობების განვითარებისათვის.
ევროკავშირის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ცენტრების ინიციატივისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით საქართველო აგრძელებს ეროვნულ და რეგიონულ პროექტებში მონაწილეობას, რომლებიც მოიცავს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს განვითარებას, სპეციალიზებული ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებას, ქბრბ მორეაგირე უწყებებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესებას, სპეციალისტების გადამზადებასა და ერთობლივი საველე და სამაგიდო სწავლებების ჩატარებას.
საერთაშორისო თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერება, საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია და რეგიონული პარტნიორობის განვითარება წარმოადგენს 2027–2030 წლების სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და რეგიონის მდგრადობის ზრდას თანამედროვე ქბრბ საფრთხეების მიმართ.
3. ქბრბ საფრთხეები
ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების საკითხები თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს.
ქბრბ საფრთხეები შესაძლოა გამოწვეული იყოს ბუნებრივი და ტექნოგენური მოვლენებით, ტექნიკური ან/და ადამიანური შეცდომებით, კიბერშეტევებით, კრიმინალური, ტერორისტული ან სხვა წინასწარ განზრახული ქმედებებით.
შესაძლო სცენარებს შორისაა ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებებით, ბიოლოგიური აგენტებით ან რადიოაქტიური მასალებით გარემოს, სასმელი წყლისა და საკვები პროდუქტების დაბინძურება, მცენარეთა და ცხოველთა ინფიცირება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კრიტიკულ ინფრასტრუქტურის ობიექტებზე საშიში ქიმიური ან ბიოლოგიური აგენტების გავრცელება, სამრეწველო და ქიმიური ობიექტების დაზიანება ან ავარია, ასევე ბირთვული და რადიოაქტიური მასალების უკანონო გამოყენებასთან დაკავშირებული საგანგებო სიტუაციები.
ქბრბ ინციდენტის საწყის ეტაპზე, ხშირად, რთულია გამომწვევი მიზეზის, წარმომავლობისა და ზემოქმედების მასშტაბის ზუსტი იდენტიფიცირება, რაც დამატებით გამოწვევებს ქმნის ეფექტიანი რეაგირების პროცესში.
ამასთან, თანამედროვე უსაფრთხოების გარემოში ქბრბ საფრთხეები სულ უფრო მეტად უკავშირდება ჰიბრიდულ გამოწვევებს, როდესაც ფიზიკურ ზემოქმედებას ან ინციდენტებს თან ახლავს საინფორმაციო სივრცეში მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელება საზოგადოებაში პანიკის გამოწვევის მიზნით.
გარდა ამისა, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე შეიარაღებულმა კონფლიქტებმა აჩვენა, რომ ქიმიური, რადიაციული და ბიოლოგიური რისკები ხშირად წარმოიშვება არა კლასიკური ქბრბ იარაღის გამოყენების შედეგად, არამედ სამხედრო მოქმედებების დროს სამრეწველო, ენერგეტიკული და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო.
ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და მისი ხელმისაწვდომობის ზრდის შედეგად, მომატებულია სხვადასხვა აქტორების მხრიდან მიზანმიმართული ქბრბ ინციდენტების განხორციელების ალბათობა.
მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებული მასალების, ტექნოლოგიებისა და ექსპერტული ცოდნის შედარებით მარტივი ხელმისაწვდომობის ფონზე, იზრდება მათი მართლსაწინააღმდეგო გამოყენების, უკანონო გავრცელებისა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ზემოქმედების საფრთხე.
ბოლო წლებში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოებისა და დაცულობის საკითხების მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა. აღნიშნული გამოწვეულია ბირთვული ტექნოლოგიების ფართო გამოყენებით მედიცინაში, მრეწველობასა და კვლევით საქმიანობაში, ასევე ახალი ბირთვული ტექნოლოგიების, მათ შორის, მცირე მოდულური რეაქტორების (SMR) განვითარებით და ქვეყნების მიერ ამ ტექნოლოგიებით სულ უფრო მზარდი დაინტერესებით.
ამასთან, მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტების ფონზე, სამხედრო მოქმედებების ზონებში არსებული კონტროლის შესუსტების, იარაღისა და სახიფათო მასალების შესაძლო უკონტროლო გადაადგილებისა და გაზრდილი ბირთვული რიტორიკის ფონზე, გაზრდილია რადიოლოგიური და ბირთვული ნივთიერებების გავრცელების, უპატრონო (Orphan) წყაროებზე ხელმისაწვდომობის და მათი სხვადასხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოყენების რისკები.
რადიოლოგიური და ბირთვული დაცულობის სფეროში ძირითად საფრთხედ რჩება ბირთვული და რადიოაქტიური მასალების უკანონო ბრუნვის, დაკარგვის, ქურდობის, არასანქცირებული გამოყენებისა და საბოტაჟის რისკები.
ბოლო პერიოდში საქართველოს გაზრდილი სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალი, ასევე საგარეო სავაჭრო ტვირთბრუნვა აძლიერებს ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი და არალეგალური ქსელების ინტერესს საქართველოს მიმართ, მათ შორის, ქბრბ მასალების უკანონო გადაზიდვისა და კონტრაბანდის მიმართულებით.
ბოლო პერიოდში გამოვლენილი რადიოაქტიური და ბირთვული მასალების უკანონო ბრუნვისა და კონტრაბანდის შემთხვევები ადასტურებს, რომ რეგიონში კვლავ არსებობს არალეგალური ქსელებისა და მარშრუტების გამოყენების რისკი.
ჩვენს ქვეყანაში, რეგიონსა და მის ირგვლივ არსებულ ქვეყნებში შესაძლო მიტოვებული, არასათანადოდ დაცული ან უკონტროლო ობიექტები კვლავ შეიძლება წარმოადგენდეს რადიოაქტიური, ქიმიური ან სხვა სახიფათო ნივთიერებების გავრცელების წყაროს, რაც ქმნის როგორც შიდა, ისე გარე უსაფრთხოების რისკებს.
ადამიანების, ცხოველებისა და გარემოს ურთიერთქმედება ზრდის ზოონოზური, განსაკუთრებით საშიში, ახლად და ხელახლა აღმოცენებული ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკს. აღნიშნულ პროცესზე გავლენას ახდენს მოსახლეობისა და ცხოველების რაოდენობის და გადაადგილების ზრდა, ურბანიზაცია, კლიმატის და ეკოსისტემების ცვლილება, სოფლის მეურნეობის განვითარება, აგრეთვე ცხოველებითა და ცხოველური პროდუქტებით გლობალური ვაჭრობა. ამასთან, ბიოლოგიურ საფრთხეებს აძლიერებს ანტიმიკრობული რეზისტენტობა და ბიოტექნოლოგიების სწრაფი განვითარება.
ჩვენი რეგიონი წარმოადგენს გარკვეული ტიპის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ენდემურ არეალს, რაც ზრდის ბიოლოგიური საფრთხეების წარმოშობისა და გავრცელების რისკს.
საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, აქტუალურ გამოწვევად რჩება ბიოლოგიური აგენტების განზრახ გამოყენების შესაძლებლობა, მათ შორის, ბიოტერორიზმის რისკები, რაც ბიოლოგიური საფრთხეების პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების სისტემების მუდმივ განვითარებას მოითხოვს.
ბიოლოგიური უსაფრთხოების სფეროში ქვეყანაში ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად კვლავ რჩება როგორც ადგილობრივი, ბუნებრივი კერებით გამოწვეული, ისე მოგზაურობის ზრდასთან დაკავშირებული იმპორტირებული შემთხვევებიდან მომდინარე განსაკუთრებით საშიში, ახლადაღმოცენებული, ხელმეორედ აღმოცენებული ან პანდემიური გავრცელების პოტენციალის მქონე პათოგენების გავრცელების რისკი. აღნიშნული თავის მხრივ ეპიდზედამხედველობისა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მდგრადი სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას საჭიროებს.
ამასთანავე, COVID-19-ის პანდემიამ ნათლად წარმოაჩინა, რომ ბიოლოგიური საფრთხეები შესაძლოა უმოკლეს დროში გადაიზარდოს გლობალურ კრიზისში და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე, ეკონომიკურ სტაბილურობაზე, ეროვნულ უსაფრთხოებასა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებაზე.
ბიოუსაფრთხოების სფეროში მომუშავე საერთაშორისო ექსპერტებისა და ორგანიზაციების შეფასებით, მომავალში ახალი პანდემიებისა და ფართომასშტაბიანი ბიოლოგიური საფრთხეების წარმოშობის რისკი კვლავ მაღალია. გლობალიზაციის, ინტენსიური მიგრაციის, კლიმატის ცვლილების, ურბანიზაციის და ბიოტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ფონზე, იზრდება როგორც ბუნებრივი წარმოშობის ინფექციური დაავადებების, ისე შემთხვევითი ან განზრახ გამოწვეული ბიოლოგიური ინციდენტების ალბათობა.
4. ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის მიზნები და ამოცანები
საქართველოს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიების (დამტკიცებული 2014 და 2021 წლებში) 2015-2019, 2021-2023 და 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმებში გაწერილი ვალდებულებების შესრულებამ გააუმჯობესა თითოეული პასუხისმგებელი უწყების ქბრბ ინციდენტების პრევენციის, გამოვლენის და მათზე რეაგირების ხარისხი. ამავე დროს, ამაღლდა ქბრბ საფრთხეებთან დაკავშირებული ცნობიერება და გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ქბრბ საფრთხეებზე რეაგირების უწყებათშორისი თანამშრომლობის მიმართულებით.
მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, კვლავ რჩება რიგი სისტემური გამოწვევები, რომელთა გადაჭრაც აუცილებელია ქბრბ ინციდენტებთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ეფექტიანი რეაგირების უზრუნველსაყოფად.
შესაბამისად, წინამდებარე სტრატეგიის ხედვის სისრულეში მოყვანის მიზნით, სტრატეგიის სამოქმედო პერიოდის გათვალისწინებით განსაზღვრულია 3 პრიორიტეტული მიზანი, რომელთა მიღწევა გააუმჯობესებს ქვეყნის მდგრადობას ქბრბ საფრთხეების მიმართ და ხელს შეუწყობს მათი შემცირებისთვის ეფექტიანი მექანიზმების შემუშავებასა და დანერგვას.
მიზანი №1: პრევენციული შესაძლებლობების გაძლიერება
პრევენცია წარმოადგენს ქბრბ უსაფრთხოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ კომპონენტს, რომლის მთავარი ამოცანაა ქბრბ ინციდენტებისა და საფრთხეების თავიდან აცილება წინასწარი და სისტემური ღონისძიებების გატარების გზით.
პრევენციული მიდგომა ეფუძნება ქბრბ მასალებზე, ტექნოლოგიებსა და შესაბამის ცოდნაზე უკანონო და უნებართვო წვდომის მაქსიმალურ შეზღუდვას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს როგორც განზრახი ქმედებებით, ისე ადამიანური შეცდომებითა და ბუნებრივი ფაქტორებით გამოწვეული ინციდენტების რისკს.
ამასთან, პრევენციის გაძლიერება მოითხოვს უწყებათაშორის კოორდინაციას, საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოს უწყვეტ გაუმჯობესებას, პროფესიული კადრების მომზადებას და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას.
პრევენციული შესაძლებლობების ამაღლების კუთხით ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განვიხილავთ საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ქბრბ რისკების მიმართ, ასევე პოტენციურ საეჭვო ნივთიერებებთან და დაბინძურების კერებთან მოპყრობის კუთხით.
ქვეყნის და ქბრბ ინციდენტებზე მორეაგირე უწყებების პრევენციული შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით განისაზღვრა ამოცანები, რომელთა გადაჭრა ხელს შეუწყობს სტრატეგიით გათვალისწინებული პირველი მიზნის მიღწევას. კერძოდ, ესენია:
ქბრბ სფეროში არსებული ვითარების, გამოწვევებისა და რისკების სისტემური და მუდმივი ანალიზი
საქართველოს მთავრობა აცნობიერებს, რომ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფერო მუდმივად ცვალებადი და მრავალგანზომილებიანი გამოწვევებით ხასიათდება, რაც საკითხის უწყვეტ, სიღრმისეულ და კომპლექსურ შეფასებას საჭიროებს.
შესაბამისად, ქბრბ მიმართულებით ქვეყანაში არსებული ვითარების კომპლექსური და სისტემური შეფასება განხორციელდება უწყვეტ რეჟიმში, აპრობირებული მეთოდოლოგიებისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.
მოხდება ქვეყანაში მოქმედი სისტემების, პროცედურებისა და ინფრასტრუქტურის ყოვლისმომცველი ანალიზი, არსებული ნაკლოვანებების დროული გამოვლენა და ქბრბ რისკების რეგულარული შეფასება, რაც უზრუნველყოფს პრევენციული ღონისძიებების, ასევე, ქბრბ უსაფრთხოების სხვა კომპონენტების, კერძოდ, გამოვლენის, მზადყოფნისა და რეაგირების ეფექტიან დაგეგმვასა და განხორციელებას.
მუდმივ რეჟიმში გაანალიზდება ქბრბ მიმართულებით გლობალურად მიმდინარე პროცესები. განხორციელდება სხვადასხვა ქვეყნის სტრატეგიების, მიდგომების, პრიორიტეტული ამოცანებისა და საკანონმდებლო რეგულაციების ძირითადი პრინციპების შესწავლა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პოტენციური ქბრბ საფრთხეების იდენტიფიცირებას, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ქვეყნის უსაფრთხოებაზე.
შეფასდება ქბრბ მასალების ბოროტი მიზნებისთვის გამოყენების ალბათობა და პოტენციალი, ასევე ქბრბ ნივთიერებებსა და მასალებზე წვდომის, მათ შორის, მათი დაკარგვისა და არაკანონიერი დაუფლების რისკები.
ეროვნული ბირთვული უსაფრთხოების სისტემის შემდგომი გაძლიერებისთვის შემუშავდება ბირთვული და რადიაციული საფრთხეების ეროვნული შეფასების (National Threat Assessment) ერთიანი, პერიოდულად განახლებადი დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების, სამართალდამცავი და მარეგულირებელი უწყებების მიერ დაგროვილი ინფორმაციის ინტეგრირებულ შეფასებას. აღნიშნული შეფასების საფუძველზე განისაზღვრება ბირთვული უსაფრთხოების დაგეგმვისთვის აუცილებელი „საპროექტო საბაზისო საფრთხე“ (Design Basis Threat – DBT).
ქბრბ საფრთხის შემცველი ობიექტების, მაღალი რისკის მქონე ქბრბ ნივთიერებებისა და მასალების ნუსხის შემუშავება და რეგულარული განახლება
სტრატეგიის მოქმედების პერიოდში განხორციელდება ქბრბ საფრთხის შემცველი ობიექტებისა და ადგილების (მოქმედი, მიტოვებული, მათ შორის, ქბრბ ნივთიერებების/მასალების სამარხები და სხვა) სრული აღრიცხვა და შესაბამისი რუკების შედგენა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა:
მაღალი რისკის მქონე ბიოლოგიური აგენტების, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებისა და ბიოლოგიური მასალების იდენტიფიცირებას, აღრიცხვას, კონტროლს და მონიტორინგს მათი პოტენციური ზიანის გათვალისწინებით. ბიოლოგიური მასალების მცირე რაოდენობით გამოყენებამაც კი შესაძლოა გამოიწვიოს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ეკონომიკური და სოციალური შედეგები, ხოლო ინციდენტის საწყის ეტაპზე ხშირად რთულია მისი ბუნებრივი წარმოშობისა თუ განზრახი ქმედების შედეგად გამოწვევის დადგენა.
მაღალი რისკის მქონე ქიმიური ნივთიერებების მწარმოებელი/მომხმარებელი ორგანიზაციების, საწარმოო პროცესში გამოყენებული, მათ საცავებში არსებული ნივთიერებებისა და მასალების ერთიანი საინფორმაციო ბაზის (რეესტრის), ელექტრონული რუკების შექმნას.
ქბრბ ობიექტების უსაფრთხოების, ასევე შესაბამისი ნივთიერებებისა და მასალების უსაფრთხო შენახვის მაღალი სტანდარტების დანერგვა
ქბრბ ნივთიერებებისა და მასალების აღმოჩენისა და იდენტიფიცირების შემდგომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მათი უსაფრთხო მართვა, რაც მოიცავს სათანადო წესით შეფუთვას, ტრანსპორტირებისთვის მომზადებას და გადატანას შენახვის ან/და გადამუშავებისთვის განსაზღვრულ სპეციალიზებულ დაწესებულებებში.
ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები უკავშირდება ქბრბ ნივთიერებების, მასალების და იდენტიფიცირებული ნარჩენების უსაფრთხო შენახვა-გადამუშავებისათვის საჭირო უფლებამოსილებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მქონე დაწესებულებების სიმცირეს, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში – მათ არარსებობას საქართველოში. აღნიშნული ხარვეზები ქმნის სისტემურ რისკებს და სათანადო ღონისძიებების გარეშე, შესაძლოა მომავალში გამოიწვიოს ოპერაციული და უსაფრთხოების გარემოს დამატებითი გართულება.
შესაბამისად, სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ამ მიმართულებით ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება, ინფრასტრუქტურის გაძლიერება და ქბრბ მასალების უსაფრთხო მართვის ერთიანი, მდგრადი სისტემის ჩამოყალიბება. ასევე, ქბრბ ობიექტების, ქბრბ ნივთიერებებისა და მასალების უსაფრთხოების შეფასებისა და მართვის ერთიანი კრიტერიუმების და მეთოდოლოგიების დახვეწა.
წინამდებარე სტრატეგიის მოქმედების პერიოდში გადაიხედება და განახლდება ქბრბ ობიექტების უსაფრთხოების სტანდარტები და გეგმები. მათ შორის გატარდება შესაბამისი ღონისძიებები ქბრბ ობიექტების ფიზიკური დაცვისა და უსაფრთხოების სისტემების გაძლიერებისთვის. ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ქბრბ ობიექტების უსაფრთხოების მდგომარეობის მონიტორინგისა და ინსპექტირების მექანიზმების გაძლიერება.
ქბრბ ნივთიერებებისა და მასალების აღრიცხვის და კონტროლის სისტემების განვითარება, სახელმწიფოს საშუალებას მისცემს მოახდინოს ქბრბ ნივთიერებებისა და მასალების უსაფრთხო მართვის უზრუნველყოფა მათი სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.
გადაიხედება ქბრბ ნივთიერებებთან/მასალებთან და ობიექტებზე მომუშავე პერსონალის დაშვების, შემოწმება/გადამოწმების კრიტერიუმები და პროცედურები. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კვალიფიციური კადრების შენარჩუნებას, მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სხვადასხვა სახის სასწავლო და გადამზადების კურსების ორგანიზებას, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით.
ამ კონტექსტში ერთ-ერთ პრიორიტეტად განისაზღვრა ქიმიური საფრთხის შემცველი მასალების/ნივთიერებების შენახვისა და გადამუშავებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა და აღნიშნულისთვის საჭირო სამოქმედო გეგმის შემუშავება, ასევე, მაღალი რისკის მქონე ქიმიური ნივთიერებების მწარმოებელი/მომხმარებელი ორგანიზაციების მონიტორინგი და კონტროლის სისტემების ჩამოყალიბება/გაძლიერება.
სახელმწიფო გააგრძელებს მუშაობას, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, ქვეყანაში საფრთხის შემცველი ქბრბ მასალების გადამუშავების ინფრასტრუქტურის გაძლიერების მიზნით, რაც ამ ეტაპისთვის ქვეყნისთვის არასაკმარისია.
ქბრბ ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოების გაძლიერება
იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო მმართველობის, ასევე საზოგადოებრივი ცხოვრების ფაქტობრივად ყველა სფეროში ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვა და მათზე დამოკიდებულება ზრდის მუდმივი ტენდენციით ხასიათდება, შესაბამისად მზარდია სხვადასხვა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო აქტორების მხრიდან კიბერშეტევების რისკი.
შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქვეყანაში ქბრბ ობიექტებზე კიბერუსაფრთხოების მდგრადი სისტემის განვითარებას.
განხორციელდება ქბრბ ობიექტებზე კიბერუსაფრთხოების სავალდებულო ინსტრუქციებისა და სტანდარტული პროცედურების პერიოდული განახლება. დაიხვეწება ქბრბ ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოების რისკების რეგულარული შეფასებისა და მართვის მექანიზმები.
აქცენტი გაკეთდება ქბრბ ობიექტებზე მომუშავე შესაბამისი პერსონალის კიბერუსაფრთხოების საკითხებში რეგულარულ მომზადებასა და გადამზადებაზე, საეჭვო ქმედებების და კიბერინციდენტების იდენტიფიცირების, ანგარიშგებისა და შესაბამისი რეაგირების მექანიზმების დახვეწაზე, კიბერჰიგიენის დონის ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაზე.
ქვეყნის ტერიტორიაზე ქბრბ ნივთიერებების/მასალების ტრანსპორტირების უსაფრთხოება
სახელმწიფო ხელს შეუწყობს ქბრბ ნივთიერებების/მასალების ტრანსპორტირების და ტრანსპორტირებაში ჩართული პირებისთვის უსაფრთხოების სტანდარტების დახვეწას, უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფას, მათ შორის, ტრანზიტული ოპერაციებისა და საზღვრის კონტროლის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით ქვეყანას მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს რადიაციული და ბირთვული მასალების ტრანსპორტირების სფეროში.
უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შესაბამისი უწყებების უზრუნველყოფას თანამედროვე ტექნიკური და სპეციალური საშუალებებით, ასევე, ქბრბ ნივთიერებების გადამზიდველებსა და სამართალდამცავებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის განვითარებას.
დაიხვეწება ბიოლოგიური მასალების კონტროლის, ექსპორტის ზედამხედველობის, ტრანსპორტირებისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის მექანიზმები, რაც შეამცირებს ბიოლოგიური აგენტების არამიზნობრივი ან უკანონო გამოყენების რისკებს.
უკანონო გადაადგილების, ბრუნვისა და გავრცელების პრევენცია
საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქბრბ ნივთიერებების, განსაკუთრებით კი რადიაციული და ბირთვული მასალების უკანონო ბრუნვის პრევენციისა და გამოვლენის მიმართულებით, რაც ხელს უწყობს როგორც რეგიონული, ისე გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას.
შესაბამისი სამსახურების მიერ გაგრძელდება აქტიური მუშაობა ქბრბ ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და ტრანსპორტირების შემთხვევების აღკვეთის მიმართულებით.
ქვეყანა განავითარებს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო გამტარ პუნქტებსა და საზღვაო სივრცეში ქბრბ ნივთიერებების გამოვლენის შესაძლებლობებს. ასევე, გაძლიერდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ ქბრბ რისკების მონიტორინგისა და პრევენციის მექანიზმები.
მოხდება მეზობელ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ინფორმაციის გაცვლისა და ოპერატიული თანამშრომლობის გაღრმავება ქბრბ ნივთიერებებისა და მასალების უკანონო გადაადგილების პრევენციის მიზნით.
სამართლებრივი ბაზის განვითარება
სახელმწიფოს მიერ განხორციელდება ქბრბ მიმართულებით არსებული სამართლებრივი ბაზის შეფასება და ქბრბ კუთხით შესაბამის სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანა, რათა მოხდეს ეროვნული ქბრბ კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან.
ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა ქბრბ ინციდენტების სპეციფიკის სათანადო ასახვა შესაბამის ნორმატიულ აქტებში, ასევე სამართლებრივი და სტრატეგიული ჩარჩოს ჰარმონიზაცია.
კვლავ გამოწვევად რჩება, ქიმიურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარეგულირება. დაინიცირდება ისეთი მარეგულირებელი აქტების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობს ქიმიური ნივთიერებების ტრანსსასაზღვრო გადაადგილების რეგულირებასა და კონტროლის ღონისძიებების ეფექტიან განხორციელებას.
ასევე, მნიშვნელოვანია ქიმიური უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შემუშავება და სრულყოფა. მათ შორის, სათანადო სამართლებრივი აქტების დონეზე შესაბამისი სამინისტროების და უწყებების პასუხისმგებლობებისა და უფლება-მოვალეობების მკაფიო განსაზღვრა და გამიჯვნა.
ქბრბ ინციდენტებზე საზოგადოების მზადყოფნის გაუმჯობესება
ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების პრევენციის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს საზოგადოების ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლება. ინფორმირებული და სათანადოდ მომზადებული საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს შესაძლო საფრთხეების ადრეულ გამოვლენაში, საეჭვო შემთხვევების დროულ შეტყობინებასა და ქბრბ ინციდენტების პრევენციაში.
ქბრბ საფრთხეების სპეციფიკისა და მათი შესაძლო შედეგების გათვალისწინებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება უნდა წარმოადგენდეს უწყვეტ და თანმიმდევრულ პროცესს და არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ინციდენტის ან კრიზისული სიტუაციის დროს მოსახლეობის ინფორმირებით.
საზოგადოებისთვის წინასწარ ხელმისაწვდომი უნდა იყოს სანდო და პრაქტიკული ინფორმაცია ქბრბ საფრთხეების, მათი შესაძლო წყაროების, საეჭვო ნივთიერებებისა და ობიექტების, შეტყობინების მექანიზმებისა და უსაფრთხო ქცევის ძირითადი წესების შესახებ.
2027–2030 წლებში პრიორიტეტი მიენიჭება რისკზე დაფუძნებულ, მიზნობრივ და საჭიროებებზე მორგებულ ცნობიერების ამაღლების პროგრამებს. საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებები უნდა ითვალისწინებდეს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფის სპეციფიკას და მიმართული იყოს ისეთი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ქბრბ საფრთხეების ადრეულ გამოვლენას, შესაბამისი უწყებების დროულ ინფორმირებასა და შესაძლო ინციდენტების პრევენციას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქბრბ საფრთხის შემცველი ობიექტების მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. ამ კატეგორიის მოსახლეობამ წინასწარ უნდა მიიღოს ინფორმაცია კონკრეტული რისკების, შესაძლო საფრთხის ნიშნების, შეტყობინებისა და კომუნიკაციის არსებული არხების, შესაბამის უწყებებთან დაკავშირებისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ.
საქართველოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელდება საინფორმაციო, საგანმანათლებლო და საზოგადოებასთან ურთიერთობის ღონისძიებები, მათ შორის:
საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიები;
ქბრბ საფრთხეებთან დაკავშირებული მარტივი, გასაგები და პრაქტიკული საინფორმაციო მასალების შემუშავება და გავრცელება;
ადგილობრივ თემებთან და მოსახლეობასთან მიზნობრივი საინფორმაციო შეხვედრებისა და ღონისძიებების ჩატარება;
საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქბრბ საფრთხეების შესახებ ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები;
სახელმწიფო უწყებების ოფიციალური ვებგვერდებისა და სოციალური მედიის საშუალებით სანდო და გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელება;
კერძო სექტორისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების შესაბამისი პერსონალის ინფორმირება ქბრბ რისკებისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
მედიის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლება ქბრბ საფრთხეების, რისკების შესახებ კომუნიკაციისა და პასუხისმგებლიანი ინფორმირების საკითხებზე.
მიზანი №2. გამოვლენის საშუალებების გაუმჯობესება და მზადყოფნის დონის ამაღლება
გამოვლენა წარმოადგენს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული ინციდენტების მართვის პროცესის ერთ-ერთ კრიტიკულად მნიშვნელოვან ელემენტს და პირდაპირ განსაზღვრავს დროული და ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობას.
გამოვლენის მექანიზმების გარეშე შეუძლებელია ინციდენტის დროს გამოყენებული ან გავრცელებული ქბრბ ნივთიერებების იდენტიფიცირება, მასშტაბისა და რისკების შეფასება, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს გადაწყვეტილებების მიღებასა და დამცავი ღონისძიებების გატარებას.
ამასთან, ადრეული და ზუსტი გამოვლენა უზრუნველყოფს საფრთხის დროულ ლოკალიზებას, ზიანის მინიმიზაციას და ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვას.
ქბრბ საფრთხეების გამოვლენის ეფექტიანობა დამოკიდებულია ინტეგრირებულ მიდგომაზე და ყველა ჩართული მხარის, მათ შორის, საჯარო და კერძო სექტორების, აკადემიური წრეებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ოპერატორების, მჭიდრო კოორდინაციასა და ინფორმაციის დროულ გაცვლაზე.
ტექნოლოგიური პროგრესის გათვალისწინებით, აუცილებელია გამოვლენის თანამედროვე ტექნიკური საშუალებების რეგულარული განახლება, განსაკუთრებით სახელმწიფოს ყველა სასაზღვრო გამტარ პუნქტზე, ლოგისტიკურ ჰაბებსა და მაღალი რისკის ობიექტებზე.
ამ პროცესს თან უნდა ახლდეს კვალიფიციური პერსონალის მომზადება, სტანდარტიზებული პროცედურების დანერგვა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გამოყენება, რაც საქართველოს ქბრბ უსაფრთხოების სისტემის საერთო მდგრადობას მნიშვნელოვნად გააძლიერებს.
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ქბრბ მზადყოფნის შესაძლებლობების უწყვეტი განვითარება, საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება, რათა ქვეყანა სათანადოდ იყოს მზად სხვადასხვა ქბრბ რისკებისა და ინციდენტების ეფექტიანი მართვისთვის.
სტრატეგიით განსაზღვრული მე-2 მიზნის მისაღწევად შემუშავდა შემდეგი ამოცანები:
გამოვლენის მექანიზმების დახვეწა
სახელმწიფოს მიერ განხორციელდება შესაბამისი უწყებების, განსაკუთრებით კი პირველადი მორეაგირეების, თანამედროვე მონიტორინგისა და გამოვლენის სისტემებით აღჭურვა.
მოხდება ქბრბ გამოვლენის შესაძლებლობების გაუმჯობესება აეროპორტებში, საზღვაო პორტებსა და „მწვანე“ საზღვარზე.
გამოვლენის შესაძლებლობების გაზრდის მიზნით პრიორიტეტული იქნება ქბრბ მიმართულებით სპეციალიზებულ, რეფერალურ და კრიმინალისტიკურ ლაბორატორიებს შორის ინფორმაციის, მონაცემებისა და ექსპერტიზის გაცვლის, ასევე ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა.
ყურადღება დაეთმობა მაღალი რისკის ქიმიური ნივთიერებების მწარმოებელ, მომხმარებელ და შემნახველ ობიექტებზე, აგრეთვე იმ საწარმოებში, სადაც სახიფათო ქიმიური ნივთიერებები გამოიყენება საწარმოო პროცესში, თანამედროვე დეტექტირების, მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების საშუალებების დანერგვას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
ბიოლოგიური აგენტების მრავალფეროვნება, მათი სწრაფი გავრცელების პოტენციალი, ბუნებრივი და განზრახ წარმოშობის შემთხვევების დიფერენცირების სირთულე და შესაძლო შედეგების მასშტაბურობა მოითხოვს ადრეული გამოვლენის ინტეგრირებული, მრავალსექტორული და მდგრადი შესაძლებლობების განვითარებას. ამ მიმართულებით პრიორიტეტად განისაზღვრა ეპიდზედამხედველობის, ადრეული გაფრთხილების მექანიზმებისა და ლაბორატორიული ქსელის ინტეგრირებული ფუნქციონირების შემდგომი განვითარება.
საქართველოში ფუნქციონირებს ბირთვული უსაფრთხოების გამოვლენის ეროვნული არქიტექტურის ძირითადი კომპონენტები, მათ შორის, სასაზღვრო რადიაციული მონიტორინგის სისტემა.
თუმცა არსებული შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერება კვლავ პრიორიტეტულ საჭიროებად რჩება, მათ შორის, რადიაციული მონიტორინგის ტექნიკური საშუალებების მოდერნიზაციის, სასაზღვრო-გამშვები პუნქტების შესაბამისი აღჭურვილობით უზრუნველყოფის, ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე გამოვლენის შესაძლებლობების გაფართოების, ჯართისა და მეორადი ლითონების სექტორში კონტროლის გაძლიერებისა და რადიაციული ინციდენტების შესახებ ინფორმაციის ოპერატიული გაცვლის მექანიზმების განვითარების მიმართულებით. ასევე, ყურადღება გამახვილდება უპატრონო ან კონტროლს მიღმა დარჩენილი რადიოაქტიური წყაროების გამოვლენისა და უსაფრთხო მართვის საჭიროებებზე.
ბუნებრივი რადიაციული ფონის სისტემური მონიტორინგი წარმოადგენს ბირთვული და რადიაციული საფრთხეების გამოვლენის მნიშვნელოვან კომპონენტს. შესაბამისად, მოხდება შესაბამისი ტექნიკური ინფრასტრუქტურისა და საექსპერტო შესაძლებლობების შემდგომი განვითარება, რაც უზრუნველყოფს როგორც ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერებას, ისე საერთაშორისო მონიტორინგისა და ინფორმაციის გაცვლის სისტემებში ეფექტიან მონაწილეობას.
ქბრბ ინციდენტებზე უწყებების მზადყოფნის გაუმჯობესება
ქბრბ საფრთხეების დროული გამოვლენისა და ეფექტიანი მართვის უზრუნველსაყოფად განხორციელდება მორეაგირე უწყებების პირადი შემადგენლობის პროფესიული მომზადება და პერიოდული გადამზადება, მათი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღჭურვა.
ქბრბ ინციდენტებზე მორეაგირე უწყებების მიერ პერიოდულად განხორციელდება საჭირო რესურსების აღწერა/ინვენტარიზაცია, რათა დადგინდეს, თუ რა დანაკლისი და ნაკლოვანებები გააჩნია სახელმწიფოს, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ქბრბ ინციდენტების ეფექტიან მართვას, როგორ არის გადანაწილებული ეს რესურსები, მათ შორის, რეგიონების/რაიონების მიხედვით და რა პერიოდი იქნება საჭირო მწირი რესურსების არსებობის შემთხვევაში მათი კრიზისული პროცესების არეალში თავმოყრის მიზნით.
ყურადღება დაეთმობა ქბრბ ინციდენტებზე მორეაგირე პირების მზადყოფნის ამაღლებას, მათ შორის, პრიორიტეტი იქნება რეგიონებში კვალიფიციური პერსონალის შენარჩუნება და მათი პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერება.
მნიშვნელოვანია დაავადებათა ზედამხედველობის არსებული ელექტრონული ინტეგრირებული სისტემის (დზეის) მდგრადობის უზრუნველყოფა. განხორციელება მისი ფუნქციური გაფართოება და მასში შესაბამისი უწყებების ინტეგრირება, რათა გაძლიერდეს მონაცემთა გაცვლა, რისკების ერთიანი შეფასება და ბიოლოგიურ საფრთხეებზე კოორდინირებული რეაგირების მექანიზმები.
ბიოლოგიურ საფრთხეებზე მზადყოფნის დონის ასამაღლებლად მოხდება ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების (IHR 2005) მოთხოვნების ეფექტიანი ინტეგრირება ბიოლოგიურ საფრთხეებზე პასუხისმგებელი ყველა უწყების საქმიანობაში, რაც უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას, ადრეული შეტყობინების სისტემების გაძლიერებას, მონაცემთა დროულ გაცვლასა და კოორდინირებულ რეაგირებას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციების დროს.
მიზანი №3. ინციდენტებზე რეაგირებისა და აღდგენის მექანიზმების დახვეწა
ქბრბ ინციდენტებზე დროული, კოორდინირებული და ეფექტიანი რეაგირება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად აუცილებელია რეაგირების ეროვნული შესაძლებლობების უწყვეტი განვითარება, პასუხისმგებელი უწყებების ოპერატიული კოორდინაციის გაძლიერება, რესურსების ეფექტიანი მართვა, საგანგებო სიტუაციების მართვის შესაძლებლობების განვითარება და ერთიანი მოქმედების მექანიზმების დახვეწა.
ქბრბ ინციდენტების აღმოჩენის, იდენტიფიცირების, რეაგირებისა და შედეგების ლიკვიდაციის პროცესში ჩართული თითოეული უწყება მზად უნდა იყოს ფართომასშტაბიან ინციდენტზე უმოკლეს ვადებში ადეკვატური საპასუხო ზომების გატარებისა და ზიანის მინიმიზაციისთვის.
ქბრბ ინციდენტებზე ეფექტიანი რეაგირება მოიცავს ინციდენტის დროულ გამოვლენას, შესაბამისი ძალებისა და საშუალებების მობილიზებას, მოსახლეობისა და რეაგირებაში ჩართული პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, დაზარალებულთათვის გადაუდებელი და სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების ორგანიზებას, მათ შორის ტრიაჟის, დეკონტამინაციის, სამედიცინო დეკონტამინაციისა და შემდგომი მკურნალობის უზრუნველყოფას.
რეაგირება-აღდგენის პროცესის მნიშვნელოვანი კომპონენტებია დაბინძურებული ტერიტორიების დეკონტამინაცია, გარემოს მონიტორინგი, ლაბორატორიული მხარდაჭერა, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველყოფა და საზოგადოებისთვის დროული, ზუსტი და კოორდინირებული ინფორმაციის მიწოდება.
აღნიშნული შესაძლებლობების განვითარებისთვის საქართველო აქტიურად ითანამშრომლებს საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში თანამედროვე სტანდარტების დანერგვას, უწყებათაშორისი და საერთაშორისო თავსებადობის გაზრდას, ასევე ეროვნული და რეგიონული მდგრადობის განმტკიცებას.
ქბრბ ინციდენტებზე მორეაგირე უწყებების რეაგირებისა და აღდგენის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით სტრატეგიის ფარგლებში განისაზღვრა ამოცანები, რომელთა გადაჭრა ხელს შეუწყობს სტრატეგიით გათვალისწინებული მესამე მიზნის მიღწევას. კერძოდ, ესენია:
ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების მექანიზმების გაუმჯობესება
ეფექტიანი რეაგირების სისტემის განვითარება მოითხოვს ინფორმაციის დროულ გაცვლას, გადაწყვეტილების მიღების პროცესის მხარდაჭერას, რესურსების კოორდინირებულ მობილიზებასა და კრიზისულ სიტუაციებში ერთიანი მიდგომის უზრუნველყოფას.
ამ კონტექსტში ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება კრიზისების მართვის ერთიანი სისტემის ფარგლებში ქბრბ კომპონენტის სრულყოფილი ინტეგრაციისა და უწყებათაშორისი რეაგირების მექანიზმების დახვეწა.
ასევე, ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების უწყებრივი და უწყებათაშორისი გეგმების განახლება სხვადასხვა სცენარის გათვალისწინებით, უწყებებს შორის ინფორმაციის უსაფრთხო და ოპერატიული გაცვლისა და ერთიანი ოპერატიული მართვის მექანიზმების განვითარება.
დამატებით დაზუსტდება და განახლდება ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების პროცესში ჩართული უწყებების როლები და პასუხისმგებლობები. ასევე, დაიხვეწება სტანდარტული საოპერაციო პროცედურები (SOPs), ურთიერთქმედების მექანიზმები და მართვის ინსტრუმენტები.
პოტენციური სცენარების საფუძველზე, თითოეულის შემთხვევაში (ინდვიდუალურად), განისაზღვრება, სავარაუდოდ რა ძალები (სამინისტროები და სახელმწიფო უწყებები) და საშუალებები (მატერიალურ-ტექნიკური, ფინანსური და ადამიანური რესურსი) იქნება საჭირო დამდგარ ინციდენტებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით.
შემუშავდება ან დაიხვეწება კრიზისული ვითარებისას კერძო სექტორთან თანამშრომლობის და საჭიროების შემთხვევაში პროცესში მათი ჩართულობის მექანიზმები.
ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების გეგმების ეფექტიანობის შეფასების მიზნით, მოხდება უწყებათაშორისი და საერთაშორისო სწავლებებისა და სიმულაციური ვარჯიშების რეგულარული ორგანიზება.
არსებული შესაძლებლობების შემდგომი განვითარების მიზნით გაძლიერდება მორეაგირე დანაყოფების ტექნიკური, ოპერატიული და საექსპერტო შესაძლებლობები.
ქბრბ ინციდენტებზე სამედიცინო მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერება
სახელმწიფო ყურადღებას დაუთმობს ქბრბ ინციდენტებზე სამედიცინო რეაგირების ეროვნული მექანიზმების განვითარებას, მათ შორის, სამედიცინო პერსონალის მომზადებას ქბრბ აგენტებით დაზიანებულ პაციენტთა ტრიაჟის, დეკონტამინაციის, გადაუდებელი დახმარებისა და სპეციალიზებული მკურნალობის მიმართულებით.
პრიორიტეტი იქნება სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა და განვითარება, რომელიც უზრუნველყოფს იქ განთავსებული სხვა პაციენტების უსაფრთხოებას კონტამინირებული პირების სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანის შემთხვევაში.
განხორციელდება ანტიდოტების, ვაქცინების, სამკურნალო პრეპარატებისა და სხვა სამედიცინო რესურსების მარაგების მუდმივი შევსება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
გაუმჯობესდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ჰოსპიტალური ქსელისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სექტორის ეფექტიანი კოორდინაციის მექანიზმები.
შეუფერხებელი, ეფექტიანი და კოორდინირებული კომუნიკაციის უზრუნველყოფა ქბრბ ინციდენტების დროს
ქბრბ ინციდენტების დროს მნიშვნელოვანია მოსახლეობის დროული, ზუსტი და სანდო ინფორმირების უზრუნველყოფა მოსახლეობისთვის ზიანის აცილების, ასევე დეზინფორმაციის გავრცელებისა და საყოველთაო პანიკის პრევენციის მიზნით.
სახელმწიფოს მიერ შემუშავდება ქბრბ ინციდენტებზე საზოგადოების ინფორმირების ეფექტიანი სისტემა ყველა ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო არხისა და თანამედროვე საინფორმაციო საშუალების გამოყენებით.
აღნიშნული გულისხმობს კრიზისის დროს კომუნიკაციის ერთიანი მექანიზმების შემუშავებას და დანერგვას, პასუხისმგებელ უწყებებს შორის კოორდინირებული და თანმიმდევრული საჯარო კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად.
მათ შორის, ყურადღება დაეთმობა საინფორმაციო სივრცეში მიზანმიმართული თუ არამიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანიების გამოვლენას, მონიტორინგს და მათზე რეაგირებას.
კრიზისული კომუნიკაციის სფეროში პასუხისმგებელი პირების შესაძლებლობების განვითარების მიზნით მოხდება რეგულარული სწავლებებისა და ერთობლივი სავარჯიშოების ჩატარება.
აღდგენითი შესაძლებლობების განვითარება
ქბრბ უსაფრთხოების ეფექტიანი უზრუნველყოფა მოითხოვს აღდგენითი შესაძლებლობების უწყვეტ განვითარებას. ქბრბ ინციდენტები შესაძლებელია განვითარდეს როგორც სამრეწველო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, ასევე დასახლებულ პუნქტებში, ტრანსპორტირების პროცესში და სპეციალური რეჟიმის მქონე ტერიტორიებზე.
კრიზისული სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის უზრუნველსაყოფად, პოტენციური სცენარების გათვალისწინებით, ყველა მორეაგირე უწყებისთვის განისაზღვრება შესაბამისი სამოქმედი პროცედურები, გაიწერება საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან და მათ შორის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის მექანიზმები.
ამ მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება ინციდენტის შედეგების ლიკვიდაციისა და აღმოჩენილი ქბრბ ნივთიერებებისა და სახიფათო ნარჩენების უსაფრთხო მართვის ერთიანი სისტემის შემდგომ გაძლიერებას.
ინციდენტების შემდგომ აღდგენით ღონისძიებებში ჩართული უწყებებისთვის მოხდება საჭირო სპეციალური აღჭურვილობის, მათ შორის, დაბინძურებული ტერიტორიების და შენობა-ნაგებობების დეკონტამინაციის საშუალებების შეძენა/განახლება.
5. სტრატეგიით გათვალისწინებულ ძალისხმევაზე პასუხისმგებელი უწყებები
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
სსდ – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
სსდ – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია
სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი
სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო
შპს – საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია
სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
სსიპ – სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია
სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო
სსიპ – შემოსავლების სამსახური
6. დასკვნითი დებულებები
2027-2030 წლების „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის“ იმპლემენტაციის მიზნით შემუშავდება 2 ორწლიანი სამოქმედო გეგმა (2027-2028 წ.წ. და 2029-2030 წ.წ.), რომელიც მოიცავს კონკრეტულ ღონისძიებებს, პასუხისმგებელ უწყებებს, შესრულების ინდიკატორებსა და ვადებს.
2014 წლის 21 თებერვლის საქართველოს მთავრობის „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ №201 დადგენილების საფუძველზე ქბრბ სტრატეგიის სამოქმედო გეგმას ამტკიცებს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო.
წინამდებარე ქბრბ სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა განახლებადი დოკუმენტია და მისი იმპლემენტაციის შედეგად გამოვლენილი გამოწვევების საფუძველზე განხორციელდება შესაბამისი ცვლილებები, ასეთი საჭიროების დადგომის შემთხვევაში.
სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით, დონორი ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების ფინანსური მხარდაჭერით.
სტრატეგიის ამოცანებით განსაზღვრული შედეგების მიღწევის პროგრესისა და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განხორციელების შესრულების მონიტორინგს განახორციელებს ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო (შემდგომში – სამდივნო).
მონიტორინგის საფუძველზე სამდივნოს მიერ მზადდება სამოქმედო გეგმის შესრულების ყოველწიული ანგარიში, რომელიც შეიცავს ფაქტობრივ ინფორმაციას შესრულებული აქტივობებისა და შეფასებებს მათი განხორციელების დონის შესახებ, კერძოდ, თუ რამდენად წარმატებით, ეფექტიანად და სრულყოფილად მოხდა მათი იმპლემენტაცია.
საჭიროების შემთხვევაში სამდივნო უფლებამოსილია დადგენილ ვადაზე ადრე გამოითხოვოს ინფორმაცია შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან მოცემული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ ცალკეულ აქტივობაზე.
სამდივნო სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების 2027 − 2030 წლების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.11.2026.
- როდის იქნა მიღებული „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების 2027 − 2030 წლების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“?
- „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების 2027 − 2030 წლების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 13.11.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №536. სარეგისტრაციო კოდი — 120340000.10.003.026086.
- სად არის „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების 2027 − 2030 წლების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.11.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების 2027 − 2030 წლების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“, №536, 13.11.2026, სარეგისტრაციო კოდი 120340000.10.003.026086 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7045474/
ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება