# ბირთვული და რადიაციული ობიექტების დეკომისიის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე

- ტიპი: საქართველოს მთავრობის დადგენილება
- მიმღები ორგანო: საქართველოს მთავრობა
- დოკუმენტის ნომერი: №538
- მიღების თარიღი: 13.11.2026
- კონსოლიდირებული რედაქცია: 13.11.2026
- სარეგისტრაციო კოდი: 360090000.10.003.026088
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/7045517
- წყარო: https://legali.ge/law/7045517/

> ეს არის 13.11.2026 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 1

„რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის 11 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ბირთვული და რადიაციული ობიექტების დეკომისიის განხორციელების წესი“.

[https://legali.ge/law/7045517/muxli-1/](https://legali.ge/law/7045517/muxli-1/)

---

## მუხლი 1. მიზანი

_თავი I — ზოგადი დებულებები_

1. „ბირთვული და რადიაციული ობიექტების დეკომისიის განხორციელების წესი“ (შემდგომში − წესი) არეგულირებს ბირთვული და რადიაციული ობიექტების უსაფრთხო დეკომისიის ღონისძიებებსა და პირობებს.

2. ეს წესი შემუშავებულია დიფერენცირებული მიდგომის საფუძველზე და მისი მიზანია ობიექტის დეკომისიის პროცესში, პერსონალის, მოსახლეობისა და გარემოს დაცვის უზრუნველყოფა მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან, რადიოაქტიური მასალებისა და რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხო მართვის უზრუნველყოფა და მარეგულირებელი კონტროლის განხორციელება.

[https://legali.ge/law/7045517/muxli-1-2/](https://legali.ge/law/7045517/muxli-1-2/)

---

## მუხლი 2. რეგულირების სფერო

_თავი I — ზოგადი დებულებები_

1. ამ წესის მოქმედება ვრცელდება:

ა) მაღალი რადიაციული საფრთხის ობიექტებზე და მათთან დაკავშირებულ რადიოაქტიურ მასალებსა და ნაგებობებზე, ადგილზე იზოლირებული/სარკოფაგის ტიპის კონფიგურაციის ჩათვლით;

ბ) სამედიცინო, სამრეწველო და კვლევით ობიექტებზე, რომლებიც იყენებენ რადიოაქტიურ მასალებს და რომელთა დეკომისიამ შესაძლოა, წარმოქმნას რადიაციული საფრთხეები;

გ) რადიოაქტიური ნარჩენების დროებითი განთავსებისა და მართვის ობიექტებზე, რომლებიც ექვემდებარება დეკომისიას;

დ) საქართველოს იურისდიქციის ქვეშ არსებულ რადიოაქტიური დაბინძურების მქონე მემკვიდრეობით  ობიექტებზე.

2.  ეს წესი არ ვრცელდება:

ა) რადიოაქტიური ნარჩენების სამარხებზე (განთავსების ობიექტებზე), რომლებიც ექვემდებარება დახურვას და რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით;

ბ) მაიონებელი გამოსხივების მოწყობილობებზე (გენერატორებზე), რომლებიც არ შეიცავენ რადიოაქტიურ ნივთიერებებს: დენტალურ, დიაგნოსტიკურ და ინტერვენციულ მოწყობილობებს.

[https://legali.ge/law/7045517/muxli-2-2/](https://legali.ge/law/7045517/muxli-2-2/)

---

## მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

_თავი I — ზოგადი დებულებები_

1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დეკომისია − ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია ბირთვული და რადიაციული ობიექტის მარეგულირებელი კონტროლის მთლიანად ან ნაწილობრივ მოხსნა;

ბ) საკონტროლო შეჩერების წერტილები − მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, დეკომისიის პროცესის მიმდინარეობისას, გარკვეულ ეტაპებზე სამუშაოების სავალდებულოდ შეჩერება, სანამ მარეგულირებელი ორგანო არ გასცემს პროცესის გაგრძელების უფლებას;

გ) უსაფრთხო იზოლაცია − გადავადებულ საბოლოო დაშლამდე და დეკომისიამდე, ბირთვული ობიექტის ინფრასტრუქტურის შენარჩუნება უსაფრთხო, ხანგრძლივი შენახვის პირობებში;

დ) საბოლოო მდგომარეობა − ბირთვული ობიექტის ფიზიკური, რადიოლოგიური და სამართლებრივი მდგომარეობა მისი დეკომისიის შემდეგ;

ე) უსაფრთხოების დასაბუთება − არგუმენტებისა და მტკიცებულებების, მათ შორის უსაფრთხოების შეფასების შედეგების, დოკუმენტირებული ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს ბირთვული ან რადიაციული ობიექტის დეკომისიასთან დაკავშირებული საქმიანობის უსაფრთხოებას და უსაფრთხოების შესაბამისი მოთხოვნებისა და კრიტერიუმების შესრულებას;

ვ) მარეგულირებელი კონტროლიდან გათავისუფლება − მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე ბირთვული ან რადიაციული ობიექტის, მისი ნაწილის, ტერიტორიის ან საგნის მიმართ რადიაციული უსაფრთხოების მიზნით დადგენილი მარეგულირებელი კონტროლის სრულად ან ნაწილობრივ მოხსნა, დეკომისიის დამტკიცებული საბოლოო მდგომარეობისა და გათავისუფლების შესაბამისი კრიტერიუმების შესრულების დადასტურების შემდეგ;

ზ) დიფერენცირებული მიდგომა − მიდგომა, რომლის მიხედვითაც დეკომისიასთან დაკავშირებული მოთხოვნების, ღონისძიებების, უსაფრთხოების შეფასების, დოკუმენტაციისა და მარეგულირებელი კონტროლის მოცულობა და დეტალების დონე განისაზღვრება ობიექტის ტიპის, მასშტაბის, სირთულისა და მდგომარეობის, აგრეთვე დეკომისიისას არსებული საფრთხეებისა და შესაძლო რადიაციული რისკების გათვალისწინებით;

თ) ინკაფსულირებული სტრუქტურები − ბირთვული ან რადიაციული ობიექტის დაბინძურებული ან გააქტიურებული სტრუქტურები ან მათი ნაწილები, რომლებიც დეკომისიისას ადგილზე რჩება და რადიოაქტიური ნივთიერებების იზოლაციის, მათი გარემოში გავრცელების პრევენციისა და მაიონებელი გამოსხივების ზემოქმედების შეზღუდვის მიზნით მოქცეულია გამძლე საინჟინრო ბარიერში;

ი) სტრუქტურული დეგრადაცია − სტრუქტურის, სისტემის ან კომპონენტის ფიზიკური მდგომარეობისა და საექსპლუატაციო მახასიათებლების თანდათანობითი გაუარესება დაძველების, კოროზიის, დასხივების, მექანიკური, თერმული, ქიმიური, ბიოლოგიური ან გარემო ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, რამაც შეიძლება, შეამციროს მისი მდგრადობა, მთლიანობა ან უსაფრთხოების ფუნქციის შესრულების უნარი;

კ) ოპტიმიზაციის პრინციპი (ALARA) − რადიაციული დაცვის პრინციპი, რომლის მიხედვითაც დეკომისიის შედეგად პროფესიული და მოსახლეობის დასხივების ინდივიდუალური დოზების სიდიდე, დასხივებულ პირთა რაოდენობა და პოტენციური დასხივების ალბათობა უნდა შენარჩუნდეს გონივრულად მიღწევად დაბალ დონეზე, ეკონომიკური, სოციალური და სხვა შესაბამისი ფაქტორების გათვალისწინებით;

ლ) მემკვიდრეობითი კვლევითი რეაქტორი − წარსულში ექსპლუატირებული კვლევითი ბირთვული რეაქტორის ობიექტი, რომლის ექსპლუატაცია საბოლოოდ შეწყვეტილია და რომლის ტერიტორიაზე დარჩენილი აქტივირებული ან რადიოაქტიურად დაბინძურებული კონსტრუქციები, სისტემები, კომპონენტები ან რადიოაქტიური ნარჩენები საჭიროებს გრძელვადიან მარეგულირებელ კონტროლს;

მ) ადმინისტრაციული დახურვა − D კატეგორიის ობიექტის დეკომისიის დასრულების დადასტურება მარეგულირებელი ორგანოს მიერ ადმინისტრაციული დახურვის ანგარიშის საფუძველზე. ანგარიშით დასტურდება ობიექტიდან რადიოაქტიური წყაროების ამოღება და მათი ავტორიზებული პირისთვის გადაცემა, აგრეთვე ობიექტზე რადიოაქტიური დაბინძურების არარსებობა. საჭიროების შემთხვევაში, დაბინძურების არარსებობა დასტურდება რადიოლოგიური გაზომვებით.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.

[https://legali.ge/law/7045517/muxli-3/](https://legali.ge/law/7045517/muxli-3/)

---

## მუხლი 4. დეკომისიის ძირითადი პრინციპები

_თავი I — ზოგადი დებულებები_

1. ობიექტის დეკომისია უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს პერსონალისა და მოსახლეობის დასხივების, ასევე, რადიოაქტიური ნივთიერებების გარემოში გაფრქვევის დოზების გონივრულობის ფარგლებში მიღწევად ყველაზე დაბალ დონეზე შენარჩუნება, სოციალური და ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით.

2. დეკომისიის უსაფრთხოებაზე პირველადი პასუხისმგებლობა ეკისრება ავტორიზებულ პირს ობიექტზე მარეგულირებელი ორგანოს მიერ ავტორიზაციის გაუქმებამდე, ან და მის ცვლილებამდე.

3. დეკომისია ხორციელდება დიფერენცირებული მიდგომის საფუძველზე შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

ა) რადიონუკლიდების ტიპი, რაოდენობა და ნახევარდაშლის პერიოდები;

ბ) დაბინძურების/აქტივაციის პოტენციალი;

გ) შესასრულებელი სამუშაოს სირთულე;

დ) პოტენციური პროფესიული და მოსახლეობის დასხივება და შესაძლო გაფრქვევის რისკები;

ე) ნარჩენების წარმოქმნა და მათი მართვის ხელმისაწვდომი გზები;

ვ) საბოლოო მდგომარეობის ინსტიტუციური კონტროლის აუცილებლობა.

4. დეკომისიის დოკუმენტაციის მოცულობა, აგრეთვე მარეგულირებელი ორგანოს მიერ მისი განხილვის, ინსპექტირებისა და კონტროლის ღონისძიებების ინტენსივობა, ისევე როგორც საკონტროლო შეჩერების წერტილების რაოდენობა, უნდა იყოს ამ წესის II თავით განსაზღვრული ობიექტის საფრთხის კატეგორიის პროპორციული.

[https://legali.ge/law/7045517/muxli-4/](https://legali.ge/law/7045517/muxli-4/)

---

## მუხლი 5. ობიექტის საფრთხის კატეგორიები

_თავი II — ობიექტის საფრთხის კატეგორიზაცია დიფერენცირებული მარეგულირებელი კონტროლისათვის_

ავტორიზაციის, მარეგულირებელი კონტროლისა და დეკომისიის დაგეგმვის მიზნებისთვის ობიექტები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

1. კატეგორია A (მემკვიდრეობითი ბირთვული დანადგარი/მაღალი საფრთხე): ობიექტები აქტივირებული ნაგებობებით, მნიშვნელოვანი რადიოაქტიური დაბინძურებით ან ბირთვული და რადიოაქტიური მასალების ნუსხით, რომლებიც საჭიროებენ გრძელვადიან ინსტიტუციურ კონტროლს (წარსული საქმიანობის მემკვიდრეობითი კვლევითი ბირთვული რეაქტორის ობიექტი, უსაფრთხო იზოლაციის რეჟიმში).

2. კატეგორია B (საშუალო საფრთხის რადიაციული ობიექტი): ობიექტები, რომლებიც იყენებენ ღია წყაროებს ან/და გააჩნიათ რადიოაქტიური დაბინძურების/აქტივაციის ისეთი ალბათობა, რაც მოითხოვს სისტემატურ დეკონტამინაციას/დემონტაჟს და წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენების მართვას.

3. კატეგორია C (დაბალი საფრთხის რადიაციული ობიექტი): ობიექტები, რომლებიც იყენებენ დახურულ რადიოაქტიურ წყაროებს ან მაიონებელი გამოსხივების გენერატორებს, სადაც დეკომისია ძირითადად მოიცავს რადიოაქტიური წყაროს ამოღებას ან/და საბოლოო რადიოლოგიურ გამოკვლევებს, დაბინძურების დაბალი ალბათობის პირობებში.

4. კატეგორია D (მხოლოდ ადმინისტრაციული დეკომისია): ობიექტები, სადაც დახურვა მიიღწევა რადიოაქტიური წყაროების დოკუმენტირებული ამოღებით/გადაცემით და დამადასტურებელი მტკიცებულებით, რომ ობიექტზე რადიოაქტიური დაბინძურება არ მომხდარა და არც მოსალოდნელია, რაც ექვემდებარება მარეგულირებელი ორგანოს დასტურს.

[https://legali.ge/law/7045517/muxli-5/](https://legali.ge/law/7045517/muxli-5/)

---

## მუხლი 7. ავტორიზებული პირის ვალდებულებები

_თავი III — ვალდებულებები და მართვის სისტემა_

1. დეკომისიის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ავტორიზებულ პირს ამავე წესის მე-5 მუხლში მოცემული ობიექტების კატეგორიის მიუხედავად, ობიექტზე მარეგულირებელი კონტროლის მთლიანად ან ნაწილობრივ მოხსნამდე.

2. ავტორიზებული პირი ვალდებულია, უზრუნველყოს:

ა) დეკომისიის გეგმის, ობიექტის საბოლოო სტატუსის განსაზღვრა და დასაბუთება;

ბ) შესაბამისი დეკომისიის გეგმის მომზადება და მათი პერიოდული განახლება, წარმოება და მარეგულირებელი ორგანოსთვის წარდგენა;

გ) მართვის ინტეგრირებული სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა დეკომისიის სამუშაოების კონტროლის, მათ შორის, კონტრაქტორი ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით;

დ) კომპეტენტური პერსონალის დანიშვნა, მათი ტრენინგი, კვალიფიკაციის ამაღლება და ძირითადი ინსტიტუციური ცოდნის შენარჩუნება;

ე) რეგულარული ანგარიშგების, მაკორექტირებელი ქმედებებისა და მუდმივი გაუმჯობესების უზრუნველყოფა;

ვ) ობიექტის დიზაინის, მოდიფიკაციის, ექსპლუატაციის ისტორიისა და რადიოლოგიური ინფორმაციის შენარჩუნება და დეკომისიისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

[https://legali.ge/law/7045517/muxli-7/](https://legali.ge/law/7045517/muxli-7/)

---

## მუხლი 8. კონტრაქტორები

_თავი III — ვალდებულებები და მართვის სისტემა_

ლიცენზიის მფლობელს შეუძლია ცალკეული ამოცანების დელეგირება კონტრაქტორებზე, თუმცა ინარჩუნებს სრულ პასუხისმგებლობას უსაფრთხოებაზე. კონტრაქტორის სამუშაო უნდა განისაზღვროს, გადაიხედოს, გაკონტროლდეს და შემოწმდეს ლიცენზიის მფლობელის მიერ.

[https://legali.ge/law/7045517/muxli-8/](https://legali.ge/law/7045517/muxli-8/)

---

## მუხლი 9. მარეგულირებელი ორგანოს ფუნქციები

_თავი III — ვალდებულებები და მართვის სისტემა_

დეკომისიის პროცესში სსიპ − ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო (მარეგულირებელი ორგანო) ვალდებულია:

ა) დაადგინოს ავტორიზაციის მოთხოვნები და განხილვის პროცესები დეკომისიის კატეგორიის პროპორციულად;

ბ) განიხილოს და შეაფასოს დეკომისიისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია (გეგმები, უსაფრთხოების შეფასებები, გამოკვლევის ანგარიშები);

გ) განახორციელოს პერიოდული ინსპექტირება (მათ შორის, საკონტროლო შეჩერების წერტილებში) და უზრუნველყოს მოთხოვნების აღსრულება;

დ) განსაზღვროს უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი მოვლენების ანგარიშგების მოთხოვნები;

ე) საჭიროების შემთხვევაში, გაუწიოს კოორდინაცია დაინტერესებულ მხარეებს.

[https://legali.ge/law/7045517/muxli-9/](https://legali.ge/law/7045517/muxli-9/)

---

## მუხლი 10. დეკომისიის დაგეგმვის ვალდებულებები კატეგორიების მიხედვით

_თავი IV — დეკომისიის დაგეგმვის მოთხოვნები_

1. კატეგორია A: მოითხოვს უსაფრთხო იზოლაციის უსაფრთხოების დასაბუთებას ან/და დეკომისიის საბოლოო გეგმას საჭიროების შესაბამისად, ასევე უსაფრთხოების პერიოდულ შეფასებას.

2. კატეგორია B: მოითხოვს დეკომისიის გეგმას, შესაბამისი დახასიათებითა და უსაფრთხოების შეფასებით.

3. კატეგორია C:  მოითხოვს დეკომისიის გამარტივებულ გეგმას.

4. კატეგორია D: მოითხოვს ადმინისტრაციული დახურვის ანგარიშს.

[https://legali.ge/law/7045517/muxli-10/](https://legali.ge/law/7045517/muxli-10/)

---

## მუხლი 11. დეკომისიის სტრატეგია

_თავი IV — დეკომისიის დაგეგმვის მოთხოვნები_

1. ლიცენზიის მფლობელმა უნდა განსაზღვროს და მარეგულირებელ ორგანოს წარუდგინოს დეკომისიის სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს ობიექტის უსაფრთხო დეკომისიასა და დამტკიცებული საბოლოო მდგომარეობის მიღწევას მე-10 მუხლის მოთხოვნების მიხედვით.

2. დეკომისიის სტრატეგია უნდა ეფუძნებოდეს:

ა) დაგეგმვის კატეგორიებს (A,B,C,D);

ბ) პერსონალისა და მოსახლეობის დაცვის მოთხოვნებს;

გ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის მოთხოვნებს;

დ) ტექნიკურ და ფინანსურ შესაძლებლობებს;

ე) ობიექტის სამომავლოდ გამოყენების შესაძლებლობებს.

3. დეკომისიის სტრატეგია უნდა გადაიხედოს ლიცენზიის მფლობელის მიერ მნიშვნელოვანი ცვლილებების, ახალი ინფორმაციის ან უსაფრთხოების შეფასების შედეგების საფუძველზე.

[https://legali.ge/law/7045517/muxli-11/](https://legali.ge/law/7045517/muxli-11/)

---

## მუხლი 12. A კატეგორიის ობიექტის დეკომისიის გეგმა

_თავი IV — დეკომისიის დაგეგმვის მოთხოვნები_

1.  A კატეგორიის ობიექტის დეკომისიისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს უსაფრთხო იზოლაციის, უსაფრთხოების დასაბუთებასა და აქტიური დემონტაჟის ან ექსპლუატაციიდან გამოყვანის (შეზღუდვების მოხსნის) ეტაპზე გადასვლის შემოთავაზების შემთხვევაში, დეკომისიის საბოლოო გეგმას. დოკუმენტაციის მასშტაბი და დეტალიზაციის დონე საკმარისი უნდა იყოს უსაფრთხოების უწყვეტობის, მარეგულირებელი კონტროლის, სამომავლო ალტერნატივების შენარჩუნებისა და პერსონალის, მოსახლეობისა და გარემოს რადიაციული უსაფრთხოების დასადასტურებლად.

2. დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:

ა) ობიექტის აღწერილობასა და საზღვრებს, საკონტროლო და დაკვირვების ზონებს, ნაგებობებს, სისტემებს, კომპონენტებსა და არსებულ ნახაზებს, მათ შორის, რადიაციული უსაფრთხოებისთვის გამოყენებული ნებისმიერი დამცავი ბარიერის იდენტიფიცირებას;

ბ) ექსპლუატაციის ისტორიას, ოპერირების (ფუნქციონირების) შეწყვეტის ისტორიას, დეკომისიის წინა ღონისძიებებს, ჩანაწერებს ინციდენტების შესახებ;

გ) რადიოაქტიური წყაროების რეესტრის შეფასებას, მათ შორის, რადიონუკლიდებს, აქტივობებს, მათ განლაგებას, ფიზიკურ და ქიმიურ ფორმებს, განუზღვრელობებსა და ცდომილებებს;

დ) საინჟინრო და ინსტიტუციური კონტროლის მექანიზმების აღწერას, მათ შორის, ბარიერების ეფექტიანობის მოთხოვნებს, ცვეთისა და ფიზიკური დეგრადაციის მექანიზმებს, წვდომის კონტროლს, ფიზიკური დაცულობის სისტემას;

ე) ნორმალური საოპერაციო რეჟიმის უსაფრთხოების შეფასებას,  ზედამხედველობისა და ტექნიკური მომსახურების აქტივობებს, სავარაუდო ინციდენტებსა და გარე საფრთხეებს, მათ შორის, წყლის შეღწევას, ხანძარს, სეისმურ ზემოქმედებას (საჭიროების შემთხვევაში), სტრუქტურულ დეგრადაციასა და ინსტიტუციური კონტროლის დაკარგვას;

ვ) რადიაციული დაცვის პროტოკოლი A კატეგორიის საქმიანობისთვის, მათ შორის, ოპტიმიზაციას, დოზურ შეზღუდვებს სამუშაოების ნებართვებს, მონიტორინგს, დაბინძურების კონტროლსა და ქვეკონტრაქტორებთან დაკავშირებულ შეთანხმებებს;

ზ) მონიტორინგის, ტექნიკური ინსპექტირებისა და ტექნიკური მომსახურების პროგრამას, მათ შორის, პარამეტრებს, პერიოდულობას, ხელსაწყოებს, რეაგირების დონეებს და მარეგულირებელი ორგანოსთან ანგარიშგებას;

თ) რადიოაქტიური ნარჩენებისა და მასალების მართვის ღონისძიებებს, ტექნიკური მომსახურების, დახასიათების, ან სხვა ავტორიზებული  ქმედების დროს წარმოქმნილი ნებისმიერი ნარჩენისთვის, მათ შორის, შეფუთვის, შენახვის და  ტრანსპორტირების მარშრუტებსა და ჩანაწერებს;

ი) საგანგებო მზადყოფნის ღონისძიებებს, რომლებიც შეესაბამება A კატეგორიის საფრთხეებს;

კ) რესურსების, კომპეტენციისა და ფინანსური უზრუნველყოფის  პირობებს, რომლებიც დეკომისიის პერიოდში საჭიროა მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესანარჩუნებლად.

[https://legali.ge/law/7045517/muxli-12/](https://legali.ge/law/7045517/muxli-12/)

---

## მუხლი 13. B კატეგორიის ობიექტის დეკომისიის გეგმა

_თავი IV — დეკომისიის დაგეგმვის მოთხოვნები_

B კატეგორიის ობიექტის დეკომისიის გეგმა, უნდა მოიცავდეს:

ა) ობიექტის აღწერას და ოპერირების ისტორიას, რაც შესაძლოა, დაკავშირებული იყოს რადიოაქტიურ დაბინძურებასთან;

ბ) რადიოაქტიური მასალებისა და საშიში ნივთიერებების აღწერას (ინვენტარიზაციას);

გ) ობიექტის დახასიათების შედეგებს და დარჩენილ განუსაზღვრელ პარამეტრებს;

დ) დეკონტამინაციის/დემონტაჟის მეთოდებსა და თანმიმდევრობას;

ე) რადიაციული დაცვის პროგრამას (ოპტიმიზაცია, მონიტორინგი, სამუშაოების კონტროლი);

ვ) ნარჩენების მართვის გეგმას (სეგრეგაცია, შეფუთვა, ტრანსპორტირების გზები);

ზ) საგანგებო ღონისძიებებს დეკომისიის საფრთხეებისთვის;

თ) საბოლოო სტატუსის გამოკვლევის გეგმას და შემოთავაზებულ საბოლოო მდგომარეობას;

ი) ჩანაწერებსა და ანგარიშგებას;

კ) მოსალოდნელი პროფესიული დოზების შეფასებას და მათი ოპტიმიზაციის ღონისძიებებს;

ლ) მოულოდნელი რადიოაქტიური დაბინძურების აღმოჩენის შემთხვევაში მოქმედების პროცედურებს;

მ) საბოლოო მდგომარეობის მიღების კრიტერიუმებს.

[https://legali.ge/law/7045517/muxli-13/](https://legali.ge/law/7045517/muxli-13/)

---

## მუხლი 14. C კატეგორიის ობიექტის დეკომისიის გამარტივებული გეგმა

_თავი IV — დეკომისიის დაგეგმვის მოთხოვნები_

C კატეგორიის ობიექტის დეკომისიის გამარტივებული გეგმა უნდა მოიცავდეს:

ა) რადიოაქტიური წყაროების, აღჭურვილობის სიასა და სტატუსს;

ბ) რადიოაქტიური წყაროს ამოღების, გადაცემის ან განთავსების ღონისძიებებსა და დოკუმენტაციას;

გ) რადიოაქტიური დაბინძურების შემოწმების ანგარიშებს, ნაცხის აღების პროცედურის ჩათვლით;

დ) რადიოაქტიური ნარჩენების მარშრუტს;

ე) საბოლოო რადიოლოგიურ გამოკვლევას და განცხადებას საბოლოო მდგომარეობის შესახებ;

ვ) მოსალოდნელი პროფესიული დოზების შეფასებას და მათი ოპტიმიზაციის ღონისძიებებს.

[https://legali.ge/law/7045517/muxli-14/](https://legali.ge/law/7045517/muxli-14/)

---

## მუხლი 15. D კატეგორიის ადმინისტრაციული დახურვის ანგარიში

_თავი IV — დეკომისიის დაგეგმვის მოთხოვნები_

1. D კატეგორიის ადმინისტრაციული დახურვის ანგარიში უნდა მოიცავდეს:

ა) ავტორიზებულ პირებზე წყაროს გადაცემისა და შემდგომში მისი განთავსების შესახებ დოკუმენტაციას;

ბ) ინვენტარის ნუსხის საბოლოო შეჯამებას, რაც დაადასტურებს, რომ დეკომისიის შემდგომ წყაროები არ დარჩენილა;

გ) ოთახის ისტორიასა და დასაბუთებას, რომ ამ ოთახში დაბინძურება არ არის მოსალოდნელი;

დ) მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში დამადასტურებელ გაზომვებს;

ე) არქივში შესანახ დოკუმენტაციას;

ვ) მოსალოდნელი პროფესიული დოზების შეფასებას და მათი ოპტიმიზაციის ღონისძიებებს.

2. კონკრეტულ შემთხვევებში, შესაძლოა, მარეგულირებელი ორგანოს მიერ, დასაბუთების საფუძველზე გამოთხოვილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია.

[https://legali.ge/law/7045517/muxli-15/](https://legali.ge/law/7045517/muxli-15/)

---

## მუხლი 16. ავტორიზაციის ინსტრუმენტები

_თავი V — დეკომისიის ავტორიზაცია და ინსპექტირება_

1. მარეგულირებელი ორგანო, დეკომისიის ფარგლებში, ანიჭებს ავტორიზაციას შემდეგი მიმართულებებით:

ა)  უსაფრთხო იზოლაციის ავტორიზაცია: ვრცელდება A კატეგორიის ობიექტებზე, მემკვიდრეობითი კვლევითი რეაქტორის ჩათვლით. უსაფრთხო იზოლაციის ავტორიზაცია  ადგენს პირობებს უსაფრთხო იზოლაციის, მონიტორინგის, ტექნიკური მომსახურების, უსაფრთხოების პერიოდული შეფასების, ცვლილებების კონტროლისა და დემონტაჟზე ან გათავისუფლებაზე პოტენციური სამომავლო გადასვლისთვის;

ბ) დეკომისიის/დახურვის ავტორიზაცია − ვრცელდება B, C და D კატეგორიის ობიექტებზე.

2. ავტორიზაციის მიმართულებით წარსადგენი დოკუმენტაციის სია წარმოდგენილია ამ წესის დანართ 1-ში.

[https://legali.ge/law/7045517/muxli-16/](https://legali.ge/law/7045517/muxli-16/)

---

## მუხლი 19. ლიცენზიის მფლობელის განსაზღვრა

_თავი VI — A კატეგორიის ობიექტების უსაფრთხო იზოლაცია_

ავტორიზებული პირი პასუხისმგებელია მემკვიდრეობითი კვლევითი რეაქტორის ობიექტისა და მისი იზოლაციის უსაფრთხოებაზე, რადიაციულ დაცვაზე, გარემოს დაცვასა და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე ავტორიზაციის შეწყვეტამდე. თუ ავტორიზებული პირის სამართლებრივი სტატუსი შეიცვლება ან მოხდება პასუხისმგებლობის გადაცემა, აღნიშნული უნდა განხორციელდეს მხოლოდ მარეგულირებლის მიერ დამტკიცებული პროცესით, ვალდებულებებისა და ჩანაწერების უწყვეტობის უზრუნველყოფით.

[https://legali.ge/law/7045517/muxli-19/](https://legali.ge/law/7045517/muxli-19/)

---

## მუხლი 20. უსაფრთხო იზოლაციის მარეგულირებელი სტატუსი

_თავი VI — A კატეგორიის ობიექტების უსაფრთხო იზოლაცია_

არსებული, ადგილზე იზოლირებული/სარკოფაგის ტიპის კონფიგურაცია (ბეტონირებული აუზის ჩათვლით) არ იქნება აღიარებული როგორც დეკომისიის დასრულება და არ წარმოადგენს საერთაშორისო კონვენციებისა და ეროვნული კანინმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნებისაგან გათავისუფლების საფუძველს. ობიექტი დარეგულირდება როგორც გადავადებული დემონტაჟი/ უსაფრთხო შენახვა (უსაფრთხო იზოლაცია), უსაფრთხო იზოლაციის ავტორიზაციის ფარგლებში.

უსაფრთხო იზოლაციის ავტორიზაცია წარმოადგენს არსებული ავტორიზაციის ფარგლებში განსაზღვრულ მარეგულირებელ რეჟიმს და არ წარმოადგენს ავტორიზაციის დამოუკიდებელ სამართლებრივ კატეგორიას.

[https://legali.ge/law/7045517/muxli-20/](https://legali.ge/law/7045517/muxli-20/)

---

## მუხლი 21. მიმდინარე შუალედური მდგომარეობა: უსაფრთხო იზოლაცია განუსაზღვრელი ვადით

_თავი VI — A კატეგორიის ობიექტების უსაფრთხო იზოლაცია_

1. მიმდინარე დამტკიცებული შუალედური  მდგომარეობა არის უსაფრთხო იზოლაცია განუსაზღვრელი ვადით, რაც არ არის საბოლოო მდგომარეობა, წარმოადგენს დეკომისიის სტრატეგიის ნაწილს და ნიშნავს:

ა) ტერიტორიის გათავისუფლების მიზნით დემონტაჟი ამჟამად არ არის ავტორიზებული;

ბ) ინვენტარი (მათ შორის, დემონტაჟის დროს წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენების ნაწილი), რჩება ადგილზე საინჟინრო ბარიერებისა და ინსტიტუციური კონტროლის ქვეშ;

გ) უსაფრთხოება უზრუნველყოფილია მონიტორინგის, ტექნიკური მომსახურებისა და პერიოდული გადამოწმების  გზით.

2. უსაფრთხო იზოლაცია განუსაზღვრელი ვადით არ აუქმებს ვალდებულებას, შენარჩუნდეს დაგეგმვა და მზადყოფნა სამომავლო გარდამავალი ვარიანტებისთვის.

[https://legali.ge/law/7045517/muxli-21/](https://legali.ge/law/7045517/muxli-21/)

---

## მუხლი 22. უსაფრთხო იზოლაციის უსაფრთხოების დასაბუთება

_თავი VI — A კატეგორიის ობიექტების უსაფრთხო იზოლაცია_

1. ლიცენზიის მფლობელმა უნდა წარადგინოს და შეინარჩუნოს მარეგულირებლის მიერ დამტკიცებული უსაფრთხო იზოლაციის რეჟიმის უსაფრთხოების დასაბუთება.

2. უსაფრთხო იზოლაციის რეჟიმის უსაფრთხოების დასაბუთება სულ მცირე უნდა მოიცავდეს:

ა) ობიექტის აღწერას, საზღვრებსა და ნახაზებს;

ბ) რადიოაქტიური მასალების ინვენტარის ნუსხას;

გ) ბარიერების აღწერას და შესრულების მახასიათებლებს; ცვეთისა და ფიზიკური დეგრადაციის მექანიზმებსა და დაშვებებს;

დ) საფრთხის შეფასებას (მათ შორის, წყლის შეღწევას, ხანძარს, სეისმურ ზემოქმედებას სადაც რელევანტურია, არაავტორიზებულ დაშვებას, გაუარესებას, ინსტიტუციური კონტროლის დაკარგვას);

ე) რადიაციული დაცვის პროგრამას ზედამხედველობისა და ტექნიკური მომსახურების ამოცანებისთვის;

ვ) მონიტორინგის პროგრამას (პარამეტრები, სიხშირეები, ინსტრუმენტები, მოქმედების დონეები);

ზ) ცვეთისა და მასალების დეგრადაციის პროცესის შეფასებას და მართვის ღონისძიებებს;

თ) ტექნიკური მომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების პროგრამას (მათ შორის, სტრუქტურული მთლიანობის ინსპექტირებას);

ი) ცვლილებების კონტროლის წესებს (მათ შორის, შეღწევების (ინტრუზია) აკრძალვას თანხმობის გარეშე);

კ) საგანგებო ღონისძიებებს საფრთხეების პროპორციულად;

ლ) ჩანაწერებისა და ცოდნის მართვის დებულებებს;

მ) რესურსებსა და ფინანსურ უზრუნველყოფას, რაც საკმარისია უსაფრთხო იზოლაციის ავტორიზაციის პირობების შესანარჩუნებლად.

[https://legali.ge/law/7045517/muxli-22/](https://legali.ge/law/7045517/muxli-22/)

---

## მუხლი 23. მონიტორინგი, ტექნიკური მომსახურება და ინსპექტირება

_თავი VI — A კატეგორიის ობიექტების უსაფრთხო იზოლაცია_

1. ავტორიზებულმა პირმა უნდა განახორციელოს მონიტორინგი და ტექნიკური ინსპექტირება ბარიერების ეფექტიანობის დემონსტრირებისა და არასასურველი პროცესების განვითარების ტენდენციების ადრეული გამოვლენის მიზნით.

2. მონიტორინგი ისე უნდა იყოს შემუშავებული, რომ საჭიროებისამებრ გამოავლინოს:

ა) დოზის სიმძლავრის არასასურველი ტენდენციები;

ბ) დაბინძურების გავრცელება;

გ) წყლის შეღწევა ან ტენიანობასთან დაკავშირებული დეგრადაცია;

დ) იზოლაციის/ბარიერების სტრუქტურული დეგრადაცია;

ე) ცვლილებები ხელმისაწვდომობაში ან დაცულობის მთლიანობაში.

3. მოქმედების დონეები და რეაგირების ღონისძიებები უნდა განისაზღვროს უსაფრთხო იზოლაციის უსაფრთხოების დასაბუთებაში და წარედგინოს მარეგულირებელ ორგანოს.

[https://legali.ge/law/7045517/muxli-23/](https://legali.ge/law/7045517/muxli-23/)

---

## მუხლი 24. აკრძალული და კონტროლირებადი საქმიანობა უსაფრთხო იზოლაციის დროს

_თავი VI — A კატეგორიის ობიექტების უსაფრთხო იზოლაცია_

1. მარეგულირებელი ორგანოს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია:

ა) ბურღვა, ჭრა, მოთხრა, ნგრევა, ექსკავაცია და ნებისმიერი მსგავსი სამუშაო, რომლებმაც შეიძლება, დააზიანოს ბარიერები;

ბ) ცვლილებები სადრენაჟო სისტემაში, შეღწევებში, ვენტილაციაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან ისეთი სამუშაოები ტერიტორიაზე, რომლებმაც შეიძლება, შექმნას ახალი გავრცელების გზები;

გ) ინკაფსულირებული სტრუქტურების ან მასალების ამოღება/გადაადგილება.

2. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტექნიკური მომსახურება შეიძლება, განხორციელდეს დამტკიცებული სამუშაოთა კონტროლისა და რადიაციული დაცვის პროცედურების ფარგლებში.

[https://legali.ge/law/7045517/muxli-24/](https://legali.ge/law/7045517/muxli-24/)

---

## მუხლი 25. მაღალი რადიაციული რისკის მქონე ობიექტებისთვის უსაფრთხოების პერიოდული შეფასება

_თავი VI — A კატეგორიის ობიექტების უსაფრთხო იზოლაცია_

1. ლიცენზიის მფლობელმა უსაფრთხოების პერიოდული შეფასება უნდა განახორციელოს 10 წელიწადში ერთხელ, აგრეთვე მარეგულირებელი ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნით ან უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი გავლენის მქონე ცვლილების, მოვლენის ან ახალი ინფორმაციის გამოვლენის შემთხვევაში.

2. უსაფრთხოების პერიოდული შეფასება უნდა მოიცავდეს:

ა) მონიტორინგის ტენდენციებსა და ბარიერების მდგომარეობას;

ბ) ტექნიკური მომსახურებისა და ინსპექტირების ადეკვატურობას;

გ) განახლებულ საფრთხის შეფასებასა და დაშვებებს;

დ) ინსტიტუციური კონტროლის ეფექტიანობასა და ორგანიზაციულ კომპეტენციას;

ე) საგანგებო ღონისძიებებს;

ვ) მაკორექტირებელ და გასაუმჯობესებელ ქმედებებს.

3. უსაფრთხოების პერიოდული შეფასების ანგარიში უნდა წარედგინოს მარეგულირებელ ორგანოს, რის საფუძველზეც, შესაძლოა გადაიხედოს უსაფრთხო იზოლაციის ავტორიზაციის პირობები.

[https://legali.ge/law/7045517/muxli-25/](https://legali.ge/law/7045517/muxli-25/)

---

## მუხლი 26. მარეგულირებელი ორგანოსათვის შეტყობინების ვალდებულება

_თავი VI — A კატეგორიის ობიექტების უსაფრთხო იზოლაცია_

ლიცენზიის მფლობელმა უნდა აცნობოს მარეგულირებელ ორგანოს, უსაფრთხო იზოლაციის ავტორიზაციაში განსაზღვრულ ვადებში, შემდეგი გარემოებების დადგომისას:

ა) ბარიერების მთლიანობის სავარაუდო დარღვევა ან მნიშვნელოვანი დეგრადაცია;

ბ) დოზის სიმძლავრის ან დაბინძურების აუხსნელი ზრდა მოქმედების დონეების ზემოთ;

გ) არაავტორიზებული შეღწევა, ვანდალიზმი ან ინსტიტუციური კონტროლის დარღვევა;

დ) ხანძარი, დატბორვა ან გარე მოვლენები, რომლებიც პოტენციურად გავლენას ახდენს უსაფრთხოებაზე;

ე) მანამდე უცნობი რადიოაქტიური ინვენტარის ან გავრცელების ახალი გზების აღმოჩენა.

[https://legali.ge/law/7045517/muxli-26/](https://legali.ge/law/7045517/muxli-26/)

---

## მუხლი 27. B კატეგორიის ობიექტის ავტორიზაციის პირობები

_თავი VII — B/C/D კატეგორიის ობიექტების დეკომისია და დახურვა_

1. B კატეგორიის დეკომისიის/დახურვის ავტორიზაცია განსაზღვრავს:

ა) დამტკიცებულ დეკომისიის გეგმას და უსაფრთხოების შეფასების საფუძვლებს;

ბ) დემონტაჟის/დეკონტამინაციის ზღვრებს და პირობებს;

გ) ნარჩენების წარმოქმნის გზებსა და მიღების პირობებს;

დ) მონიტორინგს, გაფრქვევების კონტროლს (ასეთის არსებობისას) და ანგარიშგებას;

ე) საბოლოო სტატუსის გამოკვლევის მოთხოვნებს და დასრულების კრიტერიუმებს;

ვ) საკონტროლო შეჩერების წერტილებს, სადაც ეს დასაბუთებულია (მაგ.: დაბინძურებული სისტემების დემონტაჟის დაწყება; ნარჩენების გადამუშავების კამპანიების დაწყება).

2. მარეგულირებელ ორგანოს აქვს უფლება, განსაზღვროს დამატებითი საკონტროლო შეჩერების წერტილები რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

[https://legali.ge/law/7045517/muxli-27/](https://legali.ge/law/7045517/muxli-27/)

---

## მუხლი 28. კატეგორია C/D გამარტივებული დახურვა

_თავი VII — B/C/D კატეგორიის ობიექტების დეკომისია და დახურვა_

1. C კატეგორიისთვის ავტორიზაცია შეიძლება, გაიცეს გამარტივებული დეკომისიის გეგმის საფუძველზე, დამადასტურებელი გამოკვლევებითა და წყაროს ამოღების მტკიცებულებით.

2. D კატეგორიისთვის მარეგულირებელმა შეიძლება, დაამტკიცოს დახურვა პირველ რიგში ადმინისტრაციული დახურვის ანგარიშის საფუძველზე, დამადასტურებელი გაზომვებით, თუ ეს მოთხოვნილია.

[https://legali.ge/law/7045517/muxli-28/](https://legali.ge/law/7045517/muxli-28/)

---

## მუხლი 29. დახასიათება

_თავი VIII — დახასიათება, უსაფრთხოების შეფასება და საფრთხის კონტროლი_

ლიცენზიის მფლობელმა უნდა ჩაატაროს ისეთი მოცულობის დახასიათება, რომელიც საკმარისი იქნება უსაფრთხო დაგეგმვის, პერსონალის დაცვის, ნარჩენებზე გადაწყვეტილების მიღებისა და საბოლოო გამოკვლევისათვის. დახასიათების მასშტაბი და მეთოდები უნდა იყოს დიფერენცირებული კატეგორიის შესაბამისად.

[https://legali.ge/law/7045517/muxli-29/](https://legali.ge/law/7045517/muxli-29/)

---

## მუხლი 30. უსაფრთხოების შეფასება

_თავი VIII — დახასიათება, უსაფრთხოების შეფასება და საფრთხის კონტროლი_

1. A კატეგორია მოითხოვს ყოვლისმომცველ უსაფრთხოების შეფასების  ანგარიშს, უსაფრთხო იზოლაციის უსაფრთხოების დასაბუთებას და უსაფრთხოების შეფასების პერიოდულ განახლებებს.

2. B კატეგორია მოითხოვს საფრთხეებისა და სარწმუნო არანორმალური მოვლენების პროპორციულ დოკუმენტირებულ უსაფრთხოების შეფასებას.

3. C/D კატეგორია მოითხოვს დაბალი საფრთხის დასაბუთებასა და დამადასტურებელ მტკიცებულებებს. მარეგულირებელმა შეიძლება, მოითხოვოს დამატებითი შეფასება, თუ ისტორია მიუთითებს მაღალ რისკზე.

[https://legali.ge/law/7045517/muxli-30/](https://legali.ge/law/7045517/muxli-30/)

---

## მუხლი 31. რადიაციული დაცვის პროგრამა

_თავი IX — რადიაციული დაცვა და გარემოს დაცვა_

ლიცენზიის ყველა მფლობელმა უნდა განახორციელოს რადიაციული დაცვა საქართველოს მოთხოვნების, მათ შორის, დოზის ლიმიტებისა და ოპტიმიზაციის პრინციპის შესაბამისად. სამუშაოების დაგეგმვამ უნდა უზრუნველყოს დაცვის ოპტიმიზაცია და დაბინძურებისა და ჰაერში არსებული აქტივობის კონტროლი, სადაც ეს რელევანტურია.

[https://legali.ge/law/7045517/muxli-31/](https://legali.ge/law/7045517/muxli-31/)

---

## მუხლი 32. გარემოს მონიტორინგი და გაფრქვევების კონტროლი

_თავი IX — რადიაციული დაცვა და გარემოს დაცვა_

ობიექტებზე, სადაც არსებობს რადიონუკლიდების გაფრქვევების შესაძლებლობა ან გარემოში რადიონუკლიდების გავრცელების გზები (ტიპურად A/B კატეგორია), უნდა განისაზღვროს და დამტკიცდეს მონიტორინგის და კონტროლის მექანიზმები. C/D კატეგორია, ზოგადად, ეყრდნობა დამადასტურებელ შიდა გამოკვლევებს, თუ გარემოებები არ მოითხოვს გარემოს მონიტორინგს.

[https://legali.ge/law/7045517/muxli-32/](https://legali.ge/law/7045517/muxli-32/)

---

## მუხლი 34. რადიოაქტიური მასალების  მართვა

_თავი X — რადიოაქტიური მასალებისა და ნარჩენების მართვა_

დეკომისიის დროს ამოღებული რადიოაქტიური მასალები უნდა გადაეცეს მხოლოდ ავტორიზებულ პირებს, რაზედაც უნდა შედგეს მიღება-ჩაბარების აქტი. ავტორიზებულმა პირმა უნდა შეაჯამოს ინვენტარის ნუსხა და შეუსაბამობის შემთხვევაში აცნობოს მარეგულირებელს.

[https://legali.ge/law/7045517/muxli-34/](https://legali.ge/law/7045517/muxli-34/)

---

## მუხლი 35. რადიოაქტიური მასალების შენახვა

_თავი X — რადიოაქტიური მასალებისა და ნარჩენების მართვა_

თუ განთავსების ეროვნული გზები მიუწვდომელია, ლიცენზიის მფლობელმა უნდა დაასაბუთოს უსაფრთხო შენახვის ღონისძიებები (უსაფრთხოება, დაცულობა, მონიტორინგი, შეფუთვის მთლიანობა, ჩანაწერები) და მიიღოს მარეგულირებელი ორგანოსგან თანხმობა.

[https://legali.ge/law/7045517/muxli-35/](https://legali.ge/law/7045517/muxli-35/)

---

## მუხლი 37. საგანგებო ღონისძიებები

_თავი XI — მზადყოფნა და რეაგირება საგანგებო სიტუაციების დროს, უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი მოვლენების ანგარიშგება_

1. საგანგებო ღონისძიებები უნდა იყოს საფრთხის კატეგორიისა და დეკომისიის ფაზის პროპორციული.

2. A კატეგორიის უსაფრთხო იზოლაციის ავტორიზაცია უნდა მოიცავდეს რეაგირების ზომებს შეჭრის, ამინდის ექსტრემალური პირობების, ხანძრისა და სტრუქტურული დეგრადაციის სცენარებისთვის.

[https://legali.ge/law/7045517/muxli-37/](https://legali.ge/law/7045517/muxli-37/)

---

## მუხლი 39. საბოლოო მდგომარეობის  გამოკვლევა

_თავი XII — საბოლოო მდგომარეობის გამოკვლევა,  ვერიფიკაცია და ავტორიზაციის შეწყვეტა_

1. B კატეგორიის ობიექტის დეკომისია მოითხოვს საბოლოო მდგომარეობის სტატუსის შეფასებისა და  რადიოლოგიური გამოკვლევის დოკუმენტირებულ გეგმასა და ანგარიშს, რომელიც საკმარისია საბოლოო მდგომარეობის კრიტერიუმების მიღწევის სადემონსტრაციოდ.

2. C კატეგორიის ობიექტის დეკომისია  მოითხოვს დამადასტურებელი რადიოლოგიური გამოკვლევის შედეგებს (მათ შორის, ნაცხის ტესტებს, სადაც ეს მიზანშეწონილია).

3. D კატეგორიის ობიექტის დეკომისია   მოითხოვს რადიოლოგიურ გაზომვებს მხოლოდ მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში.

4. მარეგულირებელ ორგანოს შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უფლება აქვს განახორციელოს დამოუკიდებელი დამადასტურებელი გაზომვები.

[https://legali.ge/law/7045517/muxli-39/](https://legali.ge/law/7045517/muxli-39/)

---

## მუხლი 40. ავტორიზაციის შეწყვეტა

_თავი XII — საბოლოო მდგომარეობის გამოკვლევა,  ვერიფიკაცია და ავტორიზაციის შეწყვეტა_

1. ავტორიზაცია შეწყდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მარეგულირებელი ორგანო დაადასტურებს, რომ:

ა) მიღწეულია დამტკიცებული საბოლოო მდგომარეობა (მათ შორის, ნებისმიერი შეზღუდვა/ინსტიტუციური კონტროლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) რადიოაქტიური ნარჩენებისა და წყაროების მართვა, გადაცემა/განთავსება განხორციელდა ინდუსტრიული სტანდარტებისა და დეკომისიის გეგმის შესაბამისად;

გ) მოთხოვნილი გამოკვლევები და ვერიფიკაციები დასრულებულია და დადასტურებულია მარეგულირებელი ორგანოს მიერ;

დ) ჩანაწერები სრულყოფილია, დაცულია და გადაცემულია მოთხოვნისამებრ.

2. უსაფრთხო იზოლაციის ავტორიზაცია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით (კატეგორია A), შეწყვეტა არ არის მოსალოდნელი მანამ, სანამ არ განისაზღვრება გათავისუფლების საბოლოო მდგომარეობა; უსაფრთხო იზოლაციის ავტორიზაცია რჩება ძალაში და ნარჩუნდება უსაფრთხოების პერიოდული შეფასებისა და შესაბამისობის გზით.

[https://legali.ge/law/7045517/muxli-40/](https://legali.ge/law/7045517/muxli-40/)

---

## მუხლი 41. ჩანაწერების შენახვა

_თავი XIII — ჩანაწერები, ცოდნის მართვა და რესურსებით უზრუნველყოფა_

1. ლიცენზიის მფლობელმა უნდა შეინახოს შესაბამისობის დამადასტურებელი ჩანაწერები, მათ შორის, ინვენტარიზაციები, გადაცემის დოკუმენტები, დახასიათებისა და გამოკვლევის შედეგები, მონიტორინგის მონაცემები, დოზის ჩანაწერები და მოვლენების ანგარიშები.

2. A კატეგორია მოითხოვს ჩანაწერების შენახვის გაძლიერებულ რეჟიმს, რაც საკმარისი იქნება გრძელვადიანი უსაფრთხო იზოლაციისა და სამომავლო გარდამავალი გადაწყვეტილებებისთვის.

[https://legali.ge/law/7045517/muxli-41/](https://legali.ge/law/7045517/muxli-41/)

---

## მუხლი 42. რესურსები და ფინანსური უზრუნველყოფა

_თავი XIII — ჩანაწერები, ცოდნის მართვა და რესურსებით უზრუნველყოფა_

ავტორიზებულმა პირებმა უნდა უზრუნველყონ საკმარისი კომპეტენტური ადამიანური, ფინანსური და ტექნიკური  რესურსები საქმიანობის განსახორციელებლად და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ავტორიზაციის მოქმედების ვადის განმავლობაში.

[https://legali.ge/law/7045517/muxli-42/](https://legali.ge/law/7045517/muxli-42/)

---

## მუხლი 43. გარდამავალი დებულებები

_თავი XIV — გარდამავალი და დასკვნითი დებულებები_

1. ლიცენზიის მფლობელმა ამ წესის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში უზრუნველყოს ობიექტის დეკომისიის ან დახურვის ღონისძიებების ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, შესაბამისი კატეგორიისა და მარეგულირებელი ორგანოს მითითებების გათვალისწინებით.

2. ავტორიზებული პირი ვალდებულია, ამ წესის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში, მარეგულირებელ ორგანოში წარადგინოს განახლებული (ან თავდაპირველი) უსაფრთხო იზოლაციის დასაბუთება და უზრუნველყოს უსაფრთხოების პერიოდული შეფასების პროცესის დაწყება.

დანართი №1

წარსადგენი დოკუმენტაციის საკონტროლო სია (ავტორიზაციის მიმართულების მიხედვით)

1. მიმართულება ა – უსაფრთხო იზოლაციის ავტორიზაცია (კატეგორია A):

1.1. განაცხადი უსაფრთხო იზოლაციის ავტორიზაციისთვის.

1.2. უსაფრთხო იზოლაციის უსაფრთხოების დასაბუთება.

1.3. მონიტორინგის პროგრამა + მოქმედების დონეები.

1.4. ტექნიკური მომსახურების/ინსპექტირების პროგრამა.

1.5. საგანგებო ღონისძიებები.

1.6. ჩანაწერების/ცოდნის მართვის გეგმა.

1.7. რესურსებისა და დაფინანსების შესახებ განაცხადი.

1.8. უსაფრთხოების პერიოდული შეფასების განრიგი (5-წლიანი ციკლი).

2. მიმართულება ბ – დეკომისიის/დახურვის ავტორიზაცია (კატეგორია B)

2.1. განაცხადი დეკომისიის/დახურვის ავტორიზაციისთვის.

2.2. დეკომისიის გეგმა + უსაფრთხოების შეფასება.

2.3. ობიექტის დახასიათების ანგარიში.

2.4. რადიაციული დაცვის პროგრამა დეკომისიისთვის.

2.5. ნარჩენების მართვის გეგმა.

2.6. საგანგებო ღონისძიებები.

2.7. საბოლოო სტატუსის გამოკვლევის გეგმა.

3. მიმართულება გ – გამარტივებული დახურვა (კატეგორია C/D)

3.1. გამარტივებული დეკომისიის გეგმა (კატეგორია C) ან ადმინისტრაციული დახურვის ანგარიში (კატეგორია D).

3.2. წყაროს გადაცემის/განთავსების დოკუმენტაცია.

3.3. დამადასტურებელი გამოკვლევის შედეგები მოთხოვნისამებრ.

3.4. საბოლოო დახურვის ანგარიში და ჩანაწერების პაკეტი.

[https://legali.ge/law/7045517/muxli-43/](https://legali.ge/law/7045517/muxli-43/)
