1. A კატეგორიის ობიექტის დეკომისიისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს უსაფრთხო იზოლაციის, უსაფრთხოების დასაბუთებასა და აქტიური დემონტაჟის ან ექსპლუატაციიდან გამოყვანის (შეზღუდვების მოხსნის) ეტაპზე გადასვლის შემოთავაზების შემთხვევაში, დეკომისიის საბოლოო გეგმას. დოკუმენტაციის მასშტაბი და დეტალიზაციის დონე საკმარისი უნდა იყოს უსაფრთხოების უწყვეტობის, მარეგულირებელი კონტროლის, სამომავლო ალტერნატივების შენარჩუნებისა და პერსონალის, მოსახლეობისა და გარემოს რადიაციული უსაფრთხოების დასადასტურებლად.
2. დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:
ა) ობიექტის აღწერილობასა და საზღვრებს, საკონტროლო და დაკვირვების ზონებს, ნაგებობებს, სისტემებს, კომპონენტებსა და არსებულ ნახაზებს, მათ შორის, რადიაციული უსაფრთხოებისთვის გამოყენებული ნებისმიერი დამცავი ბარიერის იდენტიფიცირებას;
ბ) ექსპლუატაციის ისტორიას, ოპერირების (ფუნქციონირების) შეწყვეტის ისტორიას, დეკომისიის წინა ღონისძიებებს, ჩანაწერებს ინციდენტების შესახებ;
გ) რადიოაქტიური წყაროების რეესტრის შეფასებას, მათ შორის, რადიონუკლიდებს, აქტივობებს, მათ განლაგებას, ფიზიკურ და ქიმიურ ფორმებს, განუზღვრელობებსა და ცდომილებებს;
დ) საინჟინრო და ინსტიტუციური კონტროლის მექანიზმების აღწერას, მათ შორის, ბარიერების ეფექტიანობის მოთხოვნებს, ცვეთისა და ფიზიკური დეგრადაციის მექანიზმებს, წვდომის კონტროლს, ფიზიკური დაცულობის სისტემას;
ე) ნორმალური საოპერაციო რეჟიმის უსაფრთხოების შეფასებას, ზედამხედველობისა და ტექნიკური მომსახურების აქტივობებს, სავარაუდო ინციდენტებსა და გარე საფრთხეებს, მათ შორის, წყლის შეღწევას, ხანძარს, სეისმურ ზემოქმედებას (საჭიროების შემთხვევაში), სტრუქტურულ დეგრადაციასა და ინსტიტუციური კონტროლის დაკარგვას;
ვ) რადიაციული დაცვის პროტოკოლი A კატეგორიის საქმიანობისთვის, მათ შორის, ოპტიმიზაციას, დოზურ შეზღუდვებს სამუშაოების ნებართვებს, მონიტორინგს, დაბინძურების კონტროლსა და ქვეკონტრაქტორებთან დაკავშირებულ შეთანხმებებს;
ზ) მონიტორინგის, ტექნიკური ინსპექტირებისა და ტექნიკური მომსახურების პროგრამას, მათ შორის, პარამეტრებს, პერიოდულობას, ხელსაწყოებს, რეაგირების დონეებს და მარეგულირებელი ორგანოსთან ანგარიშგებას;
თ) რადიოაქტიური ნარჩენებისა და მასალების მართვის ღონისძიებებს, ტექნიკური მომსახურების, დახასიათების, ან სხვა ავტორიზებული ქმედების დროს წარმოქმნილი ნებისმიერი ნარჩენისთვის, მათ შორის, შეფუთვის, შენახვის და ტრანსპორტირების მარშრუტებსა და ჩანაწერებს;
ი) საგანგებო მზადყოფნის ღონისძიებებს, რომლებიც შეესაბამება A კატეგორიის საფრთხეებს;
კ) რესურსების, კომპეტენციისა და ფინანსური უზრუნველყოფის პირობებს, რომლებიც დეკომისიის პერიოდში საჭიროა მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესანარჩუნებლად.