„ტექნიკური რეგლამენტის − ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №539 |
|
2026 წლის 13 ნოემბერი ქ. თბილისი |
|
ზოგადი დებულებები
|
მუხლი 1. რეგულირების მიზანი 1. „ტექნიკური რეგლამენტის – ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების შესახებ“ (შემდგომში – რეგლამენტი) მიზანია მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრა, რომლებსაც ჰიდროტექნიკური ნაგებობები უნდა აკმაყოფილებდეს სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპზე და ასევე, განსახორციელებელი უსაფრთხოებისა და რისკების მართვის ღონისძიებათა ერთობლიობისა და სათანადო ანგარიშებისა და დოკუმენტაციის მომზადების/წარდგენის ვალდებულების განსაზღვრა, ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხო ექსპლუატაციისა და მართვის უზრუნველსაყოფად. 2. ამ რეგლამენტის მიზანია ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების, მომსახურების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისებისა და გარემოს დაცვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, რისკების შეფასებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებისა და ზედამხედველობის შექმნის გზით. 3. ეს რეგლამენტი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოებისთვის დაგეგმვა-პროექტირების, კლასიფიკაციის, მშენებლობის, რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის, ექსპლუატაციის, მონიტორინგის, ტექნიკური მომსახურების, საგანგებო მზადყოფნისა და ექსპლუატაციიდან გამოყვანის მინიმალურ მოთხოვნებს. 4. ამ რეგლამენტით განსაზღვრული ძირითადი მოთხოვნების შესრულებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს „მაღალი კაშხლების საერთაშორისო კომისიის“ (ICOLD), აშშ არმიის ინჟინერთა კორპუსის (USACE), ავსტრალიის მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის (ANCOLD), ასევე ევროკავშირსა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების წევრ ქვეყნებში და საქართველოში მოქმედი შესაბამისი ტექნიკური რეგულირების დოკუმენტები, ტექნიკური გადაწყვეტები და სახელმძღვანელოები/რეკომენდაციები.
მუხლი 2. რეგულირების სფერო 1. ამ რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ჰიდროტექნიკურ ნაგებობებსა და ტრანსსასაზღვრო ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე იმ ფარგლებით, რა ზომითაც მათმა მტყუნებამ ან არასწორმა ექსპლუატაციამ შეიძლება ზემოქმედება იქონიოს საქართველოს ტერიტორიაზე, თუ შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით/შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ამ რეგლამენტის მოთხოვნები ვრცელდება ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე, მათ შორის: კაშხლებზე, დამბებსა და ნაპირდამცავ ჯებირებზე, კუდსაცავებზე, წყალსაცავებზე, წყალმიმღებებზე, წყალმიმღებ კოშკებზე, ნაგავდამჭერ გისოსებზე, წყალსაშვებებზე, სიღრმულ წყალსაგდებებზე, ენერგიის ჩამქრობ ნაგებობებზე, ქვედა ბიეფის დამცავ ნაგებობებზე, უდაწნეო და სადაწნეო გვირაბებზე და მილსადენებზე, შახტებზე, წყალსატარებზე, მარეგულირებელ აუზებსა და ჰაერის მიმწოდებელ სისტემებზე, წყალსატარ, დერევაციულ და სარწყავ არხებზე, აგრეთვე აღნიშნულ ნაგებობებთან დაკავშირებულ ჰიდრომექანიკურ და ელექტრომექანიკურ კომპონენტებზე. 3. ეს რეგლამენტი არეგულირებს ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს მათი სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპზე, კერძოდ: დაგეგმვა, პროექტირება, მშენებლობა, ექსპლუატაციაში გაშვება, ექსპლუატაცია, მოდიფიკაცია/რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია, ექსპლუატაციიდან გამოყვანა და დემონტაჟი.
მუხლი 3. ზოგადი მოთხოვნები ჰიდროტექნიკურ ნაგებობებთან მიმართებით 1. ჰიდროტექნიკური ნაგებობები ექვემდებარება კლასიფიცირებას ამ რეგლამენტის შესაბამისად. 2. თუ ჰიდროტექნიკური ნაგებობა ვერ აკმაყოფილებს კლასიფიკაციით დადგენილ ზღვრულ მაჩვენებლებს, შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს/პირს შეუძლია განსაზღვროს რეგლამენტის მოქმედების და რეგულირების ფარგლები რისკებისა და პოტენციური შედეგების გათვალისწინებით. 3. ამ რეგლამენტში მითითებული დოკუმენტაცია ძალას იძენს დამტკიცებისთანავე, ხოლო დამტკიცებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელია ჰიდროტექნიკური ნაგებობის მფლობელი (შემდგომში – მფლობელი). 4. ამ რეგლამენტის ძალაში შესვლის შემდეგ ჰიდროტექნიკური ნაგებობების დაგეგმვა, პროექტირება (მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამშენებლო დოკუმენტი), მშენებლობა, ექსპლუატაციაში გაშვება, ექსპლუატაცია, მოდიფიკაცია/რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია, ექსპლუატაციიდან გამოყვანა და დემონტაჟი უნდა შეესაბამებოდეს თითოეულ ეტაპზე ამ რეგლამენტითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 5. ჰიდროტექნიკური ნაგებობის დაგეგმვის, პროექტირების, მშენებლობის, რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის, ექსპლუატაციაში გაშვების, ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების, ასევე ექსპლუატაციიდან გამოყვანის კრიტერიუმები, რომლებიც მოცემულია ამ რეგლამენტში, უნდა წარმოადგენდეს სახელმძღვანელო ჩარჩოს/საფუძველს არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობებისათვის და უნდა გამოიყენებოდეს ფაქტობრივი კონფიგურაციისა და ხელმისაწვდომი მონაცემების პროპორციულად. ნებისმიერი დასაბუთებული გადახრა უნდა იყოს დოკუმენტირებული, სათანადო დასაბუთებით უსაფრთხოების ანალიზისა და რისკების შეფასებით (SRRA) მოცემული რისკების ანალიზის საფუძველზე.
მუხლი 4. რეგლამენტის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები ამ რეგლამენტის მოთხოვნების შესრულების ხელშეწყობის მიზნით: ა) შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანომ შესაძლებელია გამოსცეს ტექნიკური რეგულირების დოკუმენტები/რეკომენდაციები/სახელმძღვანელოები; ბ) შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანომ შესაძლოა შექმნას სათათბირო ორგანო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 5. ტერმინთა განმარტებები ამ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს, ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის, აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ჰიდროტექნიკური ნაგებობა – ნებისმიერი ნაგებობა, რომელიც შექმნილია წყალთან ან სხვა დენად სუბსტანციებთან ურთიერთქმედების, მათი მართვის, დაგროვების, გადამისამართების ან კალაპოტში გაშვებისთვის, მათ შორის, კაშხლები, წყალსაცავები, არხები, გვირაბები, ჰიდროენერგეტიკული ნაგებობები და სხვა მსგავსი ნაგებობები, აგრეთვე მათთან ფუნქციურად დაკავშირებული სატრანსპორტო გვირაბები, ყველა ჰიდრავლიკური, ჰიდროენერგეტიკული, საინჟინრო, ელექტრომექანიკური, მექანიკური ელემენტი და მოწყობილობა; ბ) კაშხალი – ნებისმიერი ხელოვნური ბარიერი, გამოყენებული მასალის მიუხედავად, რომელიც აგებულია წყლის ან სხვა დენადი სუბსტანციების შესაკავებლად ან დასაგუბებლად, ბუნებრივი წყალსადინარის შიგნით ან მის გარეთ; გ) წყალსაცავი – წყლის ან სხვა დენადი სუბსტანციების არაბუნებრივი დაგროვება, რომელიც წარმოქმნილია კაშხლის ან სხვა შემაკავებელი ნაგებობის უკან; დ) ზედამხედველობის ორგანო – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი საჯარო დაწესებულება; ე) ჰიდროტექნიკური ნაგებობის უსაფრთხოება (შემდგომში – უსაფრთხოება) – მდგომარეობა, როდესაც სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების, გარემოსა და ნაგებობის ფუნქციონირების მიმართ არსებული რისკები შენარჩუნებულია მისაღებ დონემდე ადეკვატური პროექტირების, ექსპლუატაციის, ტექნიკური მომსახურებისა და საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის გზით; ვ) კლასიფიკაცია – პროცესი, რომლითაც ჰიდროტექნიკური ნაგებობები იყოფა რეგლამენტით განსაზღვრულ კატეგორიებად, დაზიანების შემთხვევაში მასთან დაკავშირებული პოტენციური შედეგების მიხედვით; ზ) რისკი – სახიფათო მოვლენის ან მტყუნების სახეობის დადგომის ალბათობისა და მისი შედეგების მნიშვნელობათა ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს საფრთხის, ზემოქმედებისა და რისკისადმი მიდრეკილების ფუნქციას; თ) პოტენციური მტყუნების სახეობა (PFM) – ლოგიკური თანმიმდევრობით დალაგებული მოვლენათა ერთობლიობა, გამოწვეული კონკრეტული საწყისი პირობებით, რომლებიც განაპირობებენ ჰიდროტექნიკური ნაგებობის, კერძოდ კაშხლის ან მისი კომპონენტების არასათანადო მუშაობას ან დაზიანებას და მოიცავს დაწყების, მიმდინარეობისა და დარღვევის ეტაპებს; ი) პოტენციური მტყუნების სახეობების ანალიზი (PFMA) – სტრუქტურირებული, გამარტივებული საინჟინრო პროცესი პოტენციური მტყუნების სახეობის (PFM) იდენტიფიცირების, აღწერისა და სკრინინგის მიზნით, გამომწვევი მიზეზების, განვითარების/მიმდინარეობის მექანიზმების, დამოკიდებული ფაქტორების, მართვის არსებული მექანიზმების, მდგომარეობის ინდიკატორების, დეტექციის/ინტერვენციის შესაძლებლობებისა და დარღვევის/ზემოქმედების მდგომარეობათა დოკუმენტირებისთვის; კ) რისკის შეფასება – პოტენციური მტყუნების სახეობების ანალიზის (PFMA) მიერ იდენტიფიცირებული პოტენციური მტყუნების სახეობების (PFM) ალბათობისა და შედეგების შეფასება, მათ შორის, რისკის შეფასება მისი დასაშვებობის გათვალისწინებით; ლ) რისკის მართვა – ჰიდროტექნიკური ნაგებობის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში რისკების პრევენციის, მართვის ან შემცირების მიზნით პროცედურებისა და ღონისძიებების კოორდინირებული გამოყენება, რომელიც მოიცავს მონიტორინგს, საექსპლუატაციო პროცედურების ჩანაწერებს, ტექნიკურ მომსახურებას, საგანგებო სიტუაციებისთვის მზაობას და მათზე რეაგირების დაგეგმვას; მ) საგანგებო მართვის გეგმა (EAP) – ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საგანგებო სიტუაციების პოტენციურ სცენარებს და ამ სცენარების მიხედვით განსაზღვრავს შერბილების, მზადყოფნის, რეაგირებისა და რეაბილიტაციის ღონისძიებებს. იგი ასევე ადგენს ფუნქციებს, პასუხისმგებლობებს, პროცედურებს, ურთიერთქმედების წესებს/ოქმებს და გამაფრთხილებელ სისტემებს, რომლებიც საჭიროა ჰიდროტექნიკური ნაგებობის არანორმირებულ ან სახიფათო სიტუაციებზე ეფექტური რეაგირებისთვის. მასში მითითებული უნდა იყოს ზემოქმედების ქვეშ არსებული ტერიტორიები, რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობა (PAR) და შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობის მექანიზმები; ნ) განუსაზღვრელობა – სისტემის, პროცესის ან მოვლენის შესახებ არასრული ცოდნა, რომელიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვალებადობით, შეზღუდული მონაცემებით ან არასრული სამეცნიერო განმარტებით; ო) ოპერატორი – ჰიდროტექნიკური ნაგებობის ყოველდღიურ ექსპლუატაციასა და ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი; პ) პასუხისმგებელი ინჟინერი – შესაბამისი განათლების მქონე პირი, რომელიც მფლობელის მიერ დანიშნულია თითოეული კუდსაცავისათვის და ობიექტის მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში ტექნიკურად პასუხისმგებელია კუდსაცავის პროექტირებასა და მისი ექსპლუატაციის ვარგისიანობის შესახებ ტექნიკურ დასკვნებზე; ჟ) მშენებლობის ხელმძღვანელი – შესაბამისი კვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც მფლობელის მიერ დანიშნულია მშენებლობის პროცესისა და ნებისმიერი ისეთი მნიშვნელოვანი ჩარევის ხელმძღვანელობისა და კოორდინაციის მიზნით, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ჰიდროტექნიკური ნაგებობის სტრუქტურულ ან საექსპლუატაციო უსაფრთხოებაზე; რ) ნორმალური შეტბორვის დონე (NML) – ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში წყლის მაქსიმალური (ნორმალური) შეტბორვის დონე წყალსაცავში, რომელიც შეესაბამება წყლის რესურსების ყველაზე ეფექტური და ოპტიმალური გამოყენების რეჟიმს; ს) მაქსიმალური შეტბორვის დონე (DFL) – წყლის მაქსიმალური შეტბორვის დონე წყალსაცავში, რომელიც მიიღწევა წყალდიდობის საპროექტო ხარჯის გატარებისას; ტ) ფორსირებული შეტბორვის დონე (EFL) – წყლის მაქსიმალური (ფორსირებული) შეტბორვის დონე წყალსაცავში, რომელიც მიიღწევა წყალდიდობის ექსტრემალური ხარჯის გატარებისას საგარანტიო შესწორებების გათვალისწინებით; უ) ექსპლუატაციის ხელმძღვანელი – ჰიდროტექნიკური ნაგებობის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი კვალიფიციური პირი, რომელსაც მფლობელი ნიშნავს უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად დამტკიცებული ექსპლუატაციის წესების, მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმის (MSMP) და საგანგებო მართვის გეგმის (EAP) შესაბამისად; ფ) პროექტის ავტორი – უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მფლობელი ქირაობს საპროექტო დოკუმენტაციისა და მასთან დაკავშირებული ყველა ტექნიკური დოკუმენტაციის მოსამზადებლად, რაც აუცილებელია ჰიდროტექნიკური ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მისაღებად და ექსპლუატაციაში გაშვებისათვის; ქ) სპეციალიზებული ორგანიზაციები – ორგანიზაციები, რომლებსაც დასაქმებული ჰყავს ისეთი კვალიფიციური პირები, რომელთაც გააჩნიათ ჰიდროტექნიკურ ნაგებობასთან დაკავშირებული სპეციალიზებული ტექნიკური ფუნქციების შესრულების კომპეტენცია, მათ შორის, პროექტირების, მშენებლობის, ექსპლუატაციის, მონიტორინგისა და დამოუკიდებელი შეფასების მიმართულებით; ღ) საიმედოობა – ჰიდროტექნიკური ნაგებობის ან მისი კომპონენტების უნარი გამართულად შეასრულონ ფუნქციური დანიშნულება მოცემულ პირობებსა და პერიოდში; ყ) გვირაბი – კლდეში ან გრუნტში გაყვანილი, მიწისქვეშა ნაგებობა (ენერგეტიკული წყალსატარი, წყალსაგდები, სადერივაციო, გამყვანი, სადრენაჟე, სატრანსპორტო, საკონტროლო და სხვა), რომელიც ფუნქციონირებს მშრალ, უდაწნეო ან სადაწნეო რეჟიმში; შ) სადაწნეო მილსადენი – დახურული სადაწნეო წყალსატარი, რომელიც წყალსაცავიდან, ავანკამერიდან ან გამთანაბრებლიდან წყალს აწვდის ტურბინებს ენერგიის ჩამქრობ ან სხვა ჰიდრავლიკურ მოწყობილობებს; ჩ) კუდსაცავი – ჰიდროტექნიკური ნაგებობა, რომელიც შექმნილია სამთო მოპოვების ოპერაციების დროს, მადნების გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ფუჭი ქანების, ანუ ნარჩენების მუდმივი შენახვის, მართვისა და მონიტორინგისთვის; ც) წყალმიმღები – ჰიდრავლიკური ნაგებობა, რომელიც წყალს იღებს წყალსაცავიდან ან მდინარიდან და აწვდის წყალსატარ სისტემას; ძ) ტექნიკური დოკუმენტაცია – კაშხლისა და მისი წყალსაცავის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დოკუმენტების ერთობლიობა, მათ შორის, ჩანაწერები პროექტირების, მშენებლობის, ექსპლუატაციის, შემოწმებების, მონიტორინგის, ტექნიკური მომსახურებისა და საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის შესახებ, რომელიც მუდმივად ახლდება და ხელმისაწვდომია ზედამხედველობის ორგანოსთვის მისი მოთხოვნისამებრ; წ) ტექნიკურ მონაცემთა დოკუმენტი – ნაგებობებისა და წყალსაცავის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლებისა და პარამეტრების შემცველი კრებსითი დოკუმენტი, რომელიც ექვემდებარება მუდმივ განახლებას საექსპლუატაციო მიზნებისთვის; ჭ) მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმა (MSMP) – დამტკიცებული გეგმა, რომელიც განსაზღვრავს მონიტორინგის ობიექტებს/, პარამეტრებს ხელსაწყოებსა და მეთოდებს, ხარისხის უზრუნველყოფისა/ხარისხის კონტროლის (QA/QC) პროცედურებს, პერიოდულობას, ზღვრულ მნიშვნელობებსა და „ტრიგერ-მოქმედების“ ურთიერთკავშირს, შემოწმების რეჟიმებს, ტექნიკური მომსახურების რეჟიმებს, დავალებებსა და პასუხისმგებლობათა სფეროს; ხ) უსაფრთხოების ანალიზი და რისკის შეფასება (SRRA) – უსაფრთხოებისა და რისკის პერიოდული დოკუმენტირებული შეფასება, რომელიც ასახავს პოტენციური მტყუნების სახეობების ანალიზს (PFMA), ასევე ტექნიკურ ანალიზებს, მონიტორინგის შედეგებს და იძლევა რისკის შემცირების შესაძლო ღონისძიებების ჩამონათვალს; ჯ) ყოველწლიური ანგარიში ჰიდროტექნიკური ნაგებობების მდგომარეობისა და მუშაობის შესახებ (ABR) – ყოველწლიური შემოწმების დოკუმენტი, რომელიც განმარტავს მონიტორინგის, ინსპექტირებისა და საექსპლუატაციო ინფორმაციას ანგარიშგების პერიოდში, აფასებს ჰიდროტექნიკური ნაგებობის სამუშაო რეჟიმის პერიოდში ქცევის ზღვრულ მაჩვენებლებთან შედარებას და იძლევა შესაძლო ღონისძიებების განხორციელების რეკომენდაციას; ჰ) ექსტრემალური მოვლენა – დაბალი ალბათობის იშვიათი და სერიოზული შედეგის მქონე ბუნებრივი მოვლენა, რომელიც ქმნის დატვირთვების ზღვრულ პირობებს ან ფუნქციურ მოთხოვნებს ნორმალური ექსპლუატაციისთვის გათვალისწინებულ უფრო მაღალ დონეზე; ჰ1 ) კონსერვატორული დაშვებები/პარამეტრები – შესაყვანი სიდიდეების, სასაზღვრო პირობებისა და მოდელების არჩევისას უსაფრთხოების თვალსაზრისით არასასურველი ასპექტიდან არსებული მონაცემების შერჩევა იმგვარად, რომ არ მოხდეს მოქმედებების/ეფექტების ნაკლები სიდიდით შეფასება, ხოლო საპასუხო ქმედებების/შესაძლებლობების - გადაჭარბებული შეფასება; ჰ2 ) ინტერლოკი – უსაფრთხოების ტექნიკური ან პროგრამული ბლოკირების სისტემა, რომელიც განსაზღვრავს ოპერაციების თანმიმდევრობას და უზრუნველყოფს მოწყობილობების უსაფრთხო მუშაობას, მათი აქტივაციის ან გამორთვის შესაძლებლობას განსაზღვრული პირობების შესრულების შემთხვევაში; ჰ3 ) წარმომადგენლობითი მნიშნელობები – კონკრეტული დატვირთვისთვის მინიჭებული მახასიათებელი სიდიდე, რომელიც გამოიყენება კონსტრუქციული შემოწმებისთვის განსაზღვრულ საპროექტო სიტუაციაში და ასახავს მოქმედების მოსალოდნელ ინტენსივობას, შესაბამის საოპერაციო, ნორმალურ, ავარიულ ან ექსტრემალურ სცენართან მიმართებით და წარმოადგენს უსაფრთხოების შემოწმებისა და დატვირთვის კომბინაციების საფუძველს. თავი II ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების მონიტორინგში/ზედამხედველობაში მონაწილე სუბიექტები, მათი ფუნქციები და პასუხისმგებლობები
მუხლი 6. ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების მონიტორინგში/ზედამხედველობაში მონაწილე სუბიექტები ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების მონიტორინგში/ზედამხედველობაში მონაწილე სუბიექტებს წარმოადგენენ: ა) ჰიდროტექნიკური ნაგებობების მფლობელ(ებ)ი; ბ) ჰიდროტექნიკური ნაგებობების ოპერატორ(ებ)ი; გ) ზედამხედველობის ორგანო(ები); დ) სპეციალიზებული ორგანიზაციები ან/და სპეციალისტები, რომლებიც მონაწილეობენ ჰიდროტექნიკური ნაგებობის დაგეგმვა-პროექტირებაში, მშენებლობაში, რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციაში, ექსპლუატაციაში, ტექნიკურ მომსახურებაში, მონიტორინგში, უსაფრთხოების მიმართულებით რისკის შეფასებასა და საგანგებო მზადყოფნაში.
მუხლი 7. პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპები 1. მფლობელს ეკისრება პასუხისმგებლობა ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოებასა და ამ რეგლამენტთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. 2. მფლობელის მიერ ფუნქციების დაკისრება მონიტორინგში მონაწილე შესაბამის სუბიექტებზე არ ათავისუფლებს მას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან. 3. ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების მონიტორინგში მონაწილე ყველა სუბიექტი ვალდებულია დაიცვას მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, ეს რეგლამენტი, შესაბამისი სტანდარტები და ასევე სხვა რეკომენდაციები/სახელმძღვანელოები. აგრეთვე შესაბამისმა სუბიექტმა უნდა უზრუნველყოს ზედამხედველობის ორგანოს მითითებების შესრულება. 4. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე არ არის განსაზღვრული ზედამხედველი ორგანო, ამ რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების კონტროლის ვალდებულება ეკისრება მფლობელს. მუხლი 8. მფლობელის პასუხისმგებლობა 1. მფლობელი ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ დაგეგმვა, პროექტირება, მშენებლობა, ექსპლუატაციაში გაშვება, ექსპლუატაცია, მოდიფიკაცია, რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია, ტექნიკური მომსახურება, მონიტორინგი, საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნა და ექსპლუატაციიდან გამოყვანა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტს, სტანდარტებს და საქართველოს კანონმდებლობას. 2. მფლობელმა უნდა შეადგინოს და მუდმივად განაახლოს ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს ექსპლუატაციის წესებს, მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმას (MSMP), უსაფრთხოების ანალიზს და რისკების შეფასებას (SRRA), საგანგებო მართვის გეგმას (EAP), ყოველწლიურ ანგარიშს ჰიდროტექნიკური ნაგებობების მდგომარეობისა და მუშაობის შესახებ (ABR), დამოუკიდებელ ტექნიკურ შეფასებას (IR) და ყველა შესაბამის მონაცემთა ერთობლიობას. 3. მფლობელმა უნდა დანიშნოს შემდეგი სპეციალისტები მითითებული პერიოდულობით: ა) ობიექტზე პასუხისმგებელი კუდსაცავების ინჟინერი კუდსაცავების ნაგებობებისთვის – დაპროექტების ეტაპიდან ექსპლუატაციიდან გამოყვანის ეტაპის ჩათვლით; ბ) მშენებლობის ხელმძღვანელი – მშენებლობის ეტაპზე და ჩარევის ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების განსახორციელებლად, რომლებიც შეიძლება გავლენას ახდენდეს ჰიდროტექნიკური ნაგებობის უსაფრთხოებაზე; გ) ექსპლუატაციის ხელმძღვანელი – ექსპლუატაციის პერიოდში. 4. მფლობელმა საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩართოს სპეციალიზებული ორგანიზაცია, მოთხოვნილი კვლევებისა და უსაფრთხოების დოკუმენტების მომზადების მიზნით. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დაქირავებულ სპეციალიზებულ ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სამუშაო გამოცდილება ჰიდროტექნიკური ნაგებობების კლასიფიკაციისა და სირთულის მიხედვით და უნდა აკმაყოფილებდნენ ამ რეგლამენტით დადგენილ კომპეტენციისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნებს. 6. სპეციალიზებული ორგანიზაციის შერჩევას ახორციელებს მფლობელი და აღნიშნული პირების შესახებ ინფორმაცია (ვინაობა, კვალიფიკაცია და ა.შ.) უნდა აისახოს საპროექტო დოკუმენტაციაში, ექსპლუატაციის წესებში ან სხვა შესაბამის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ დოკუმენტებში მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად. 7. ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნისას, მფლობელმა უნდა წარუდგინოს სპეციალიზებული ორგანიზაციის კვალიფიკაციის და გამოცდილების დამადასტურებელი მტკიცებულებები და დამოუკიდებლობის/ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის დეკლარაცია. 8. მფლობელს შეუძლია თავად შეასრულოს ჰიდროტექნიკური ნაგებობების ყოველდღიურ ექსპლუატაციაზე და ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული ფუნქცია, თუ გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია, ან უფლებამოსილია ეს ვალდებულება დააკისროს სხვა პირს, რომელიც იმოქმედებს როგორც ოპერატორი შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. 9. მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ჰიდროტექნიკური ნაგებობების კლასის დადგენა და განახლება ამ რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 10. მფლობელმა უნდა განახორციელოს მონიტორინგი, მეთვალყურეობა და უსაფრთხოების შეფასება იმ სიხშირით, რომელიც განსაზღვრულია ამ რეგლამენტითა და საქართველოს კანონმდებლობით და უნდა უზრუნველყოს შეუსაბამობების დადგენილ ვადაში აღმოფხვრა. 11. მფლობელმა უნდა შეიმუშაოს, შეინარჩუნოს და პერიოდულად გამოსცადოს საგანგებო მართვის გეგმა (EAP) I და II კლასის ჰიდროტექნიკური ნაგებობებისთვის, აგრეთვე შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობებისთვისაც. 12. მფლობელმა ამ რეგლამენტის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა აცნობოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს ინციდენტების (მათ შორის, ავარიის, უბედური შემთხვევის), ანომალიებისა და ზღვრული მნიშვნელობების გადაჭარბების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში უნდა განახორციელოს დროებითი რისკის კონტროლის ღონისძიებები. 13. მფლობელმა უნდა უზრუნველყოს: ა) ზედამხედველობის ორგანოსთვის ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე დაშვება, მონაცემებსა და დოკუმენტებზე წვდომა და პერსონალთან კომუნიკაცია; ბ) ჰიდროტექნიკური ნაგებობების ამ რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და გამოსასწორებელი და პრევენციული ღონისძიებების დროულად განხორციელება; გ) უსაფრთხოებისა და რისკების მართვის სტრუქტურის, მათ შორის, დოკუმენტირებული ვალდებულებების, პასუხისმგებლობებისა და უფლებამოსილებების მატრიცის (RACI) შენარჩუნება და დამოუკიდებლობა ამ რეგლამენტით დადგენილ შემთხვევებში; დ) საჭიროებისას, შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინოს მის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია ამავე ორგანოს მიერ განსაზღვრული ფორმატით.
მუხლი 9. ოპერატორის ვალდებულებები და პასუხისმგებლობები 1. ოპერატორმა ჰიდროტექნიკური ნაგებობის ოპერირება უნდა განახორციელოს დამტკიცებული ექსპლუატაციის წესების, მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმის (MSMP) და საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო მართვის გეგმის (EAP) შესაბამისად. 2. ოპერატორმა უნდა განახორციელოს მუდმივი დაკვირვება, დააფიქსიროს მაჩვენებლები/ანათვლები, უზრუნველყოს მონაცემების მთლიანობის შენარჩუნება და დაუყოვნებლივ აცნობოს მფლობელს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს, ნებისმიერი ხარვეზის, ავარიის ან უბედური შემთხვევის უარყოფითი ტენდენციის ან ანომალიური მდგომარეობის შესახებ. 3. ოპერატორს მუდმივად უნდა ჰყავდეს კვალიფიციური პერსონალი საექსპლუატაციო პროცედურების შესასრულებლად, ძირითად პარამეტრებზე დაკვირვებისა და საგანგებო მართვის გეგმის (EAP) განსახორციელებლად. 4. ოპერატორმა უნდა შეინარჩუნოს პერსონალის კომპეტენცია შესაბამისი ტრენინგების, სწავლებებისა და კვალიფიკაციის ამაღლების გზით, ჰიდროტექნიკური ნაგებობის კლასის შესაბამისად და უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ტრენინგების დოკუმენტირება. 5. ოპერატორმა დაუყოვნებლივ უნდა განახორციელოს დროებითი რისკის შემცირების ღონისძიებები უსაფრთხოების მარაგის საფრთხის ქვეშ დადგომის შემთხვევაში, მათ შორის, წყლის დონის შემცირება ან ფარების/საკეტების გამოყენების შეზღუდვა და უნდა მიიღოს ზომები საგანგებო მართვის გეგმის (EAP) შესაბამისად.
მუხლი 10. უფლებამოსილი ორგანოების უფლებამოსილებები 1. უფლებამოსილი ორგანოების (მათ შორის, ზედამხედველობის ორგანო(ები)ს) უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ რეგლამენტითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. უფლებამოსილი ორგანო: ა) ზედამხედველობას უწევს ამ რეგლამენტით განსაზღვრული წესების შესაბამისად ჰიდროტექნიკური ნაგებობის უსაფრთხოებას; ბ) აწარმოებს ჰიდროტექნიკური ნაგებობების უწყებრივ რეესტრს, მათ შორის, კლასიფიკაციის და ინსპექტირების შედეგების ჩანაწერებს; გ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს/ატარებს შესაბამის ზომებს; დ) შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით კორდინაციაშია სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 11. სპეციალიზებული ორგანიზაციებისა და მათი სპეციალისტების მიმართ მოთხოვნები და პასუხისმგებლობები 1. სპეციალიზებული ორგანიზაციები მფლობელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ამზადებენ ამ რეგლამენტით მოთხოვნილ კვლევებსა და უსაფრთხოების დოკუმენტაციას. 2. სპეციალისტები, მათ შორის, პროექტის ავტორი, მშენებლობის და ექსპლუატაციის ხელმძღვანელი პირები და პასუხისმგებელი ინჟინერი კუდსაცავებისთვის, მოქმედებენ მფლობელის ანგარიშვალდებულების ფარგლებში, რათა უზრუნველყონ პროექტების, სამშენებლო პროცესებისა და ექსპლუატაციის ტექნიკური სისწორე. 3. სპეციალიზებულ ორგანიზაციებს, რომლებიც მფლობელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ამზადებენ ამ რეგლამენტით მოთხოვნილ კვლევებსა და უსაფრთხოების დოკუმენტაციას, დასაქმებული უნდა ჰყავდეს სპეციალისტები შემდეგ დარგებში: ჰიდროლოგია/ჰიდრავლიკა, გეოტექნიკა/საინჟინრო გეოლოგია, კონსტრუქციული ინჟინერია და პოტენციური მტყუნების სახეობების ანალიზისა და რისკების შეფასების მიმართულებით, ასევე - მთავარი ექსპერტი ჰიდროლოგია/ჰიდრავლიკის დარგში, მთავარი ექსპერტი გეოტექნიკა/საინჟინრო გეოლოგიის დარგში, მთავარი ინჟინერ-მშენებელი/კონსტრუქციების ექსპერტი და პოტენციური მტყუნების სახეობების ანალიზისა და რისკების შეფასების ხელმძღვანელი. 4. სპეციალიზებულ ორგანიზაციებში დასაქმებული მთავარი ექსპერტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს: ა) არანაკლებ 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში – I კლასის ჰიდროტექნიკური ნაგებობის შემთხვევაში; ბ) არანაკლებ 8-წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში – II კლასის ჰიდროტექნიკური ნაგებობის შემთხვევაში; გ) არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში – III კლასის ჰიდროტექნიკური ნაგებობის შემთხვევაში. 5. მფლობელი უფლებამოსილია III კლასის ჰიდროტექნიკური ნაგებობისთვის ამ რეგლამენტით მოთხოვნილი კვლევები და უსაფრთხოების დოკუმენტაცია დაუკვეთოს შესაბამის სპეციალისტს, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება. 6. მფლობელი ვალდებულია სპეციალიზებული ორგანიზაციისთვის/ სპეციალისტისთვის ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები შეამოწმოს შესაბამისი ხელშეკრულების დადებამდე.
მუხლი 12. ექსპლუატაციის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა 1. ექსპლუატაციის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია ჰიდროტექნიკური ნაგებობის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე დამტკიცებული ექსპლუატაციის წესების, მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმის (MSMP) და საგანგებო მართვის გეგმის (EAP) შესაბამისად და მას აქვს უფლება და ვალდებულება, უსაფრთხოების ზღვრული პირობების დარღვევის ან მათი დარღვევის რეალური საფრთხის შემთხვევაში, წარმართოს, შეზღუდოს ან დროებით შეაჩეროს ექსპლუატაცია, მოახდინოს საჭირო ადამიანური, ტექნიკური და საორგანიზაციო რესურსების მობილიზება და აამოქმედოს საგანგებო მართვის გეგმა (EAP). 2. ექსპლუატაციის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს უწყვეტ საოპერაციო მზადყოფნას, მეთვალყურეობასა და საგანგებო მართვის მზადყოფნას და უფლებამოსილია, შეაჩეროს ოპერირება და აამოქმედოს საგანგებო მართვის გეგმა (EAP) უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხის შემთხვევაში.
მუხლი 13. პროექტის ავტორის პასუხისმგებლობა და უფლებამოსილება 1. პროექტის ავტორი პასუხისმგებელია შეიმუშაოს პროექტი, რომელიც ტექნიკურად გამართული და უსაფრთხოა და შეესაბამება კონკრეტულ პირობებს, საქართველოს კანონმდებლობას და შესაბამის სტანდარტებს. 2. პროექტის ავტორმა დოკუმენტურად უნდა ასახოს პროექტის საფუძვლები და გაითვალისწინოს მშენებლობის, ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების შეზღუდვები.
მუხლი 14. მშენებლობის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა და უფლებამოსილება 1. მშენებლობის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია სამშენებლო საქმიანობის ხელმძღვანელობასა და კოორდინაციაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს დამტკიცებულ პროექტთან, შესაბამის ნებართვებთან და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა. 2. მშენებლობის ხელმძღვანელს აქვს სამუშაოების შეჩერების უფლებამოსილება, როდესაც შეუსაბამობებმა ან სახიფათო პირობებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნან უსაფრთხოებას და საჭიროების შემთხვევაში ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები საგანგებო მართვის გეგმის (EAP) შესაბამისად და აცნობოს აღნიშნულის შესახებ მფლობელს.
მუხლი 15. კუდსაცავის პასუხისმგებელი ინჟინრის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა 1. კუდსაცავის პასუხისმგებელი ინჟინერი ანგარიშვალდებულია კუდსაცავის საპროექტო საფუძვლებზე, პროექტის მთლიანობასა და ყველა შემდგომ საპროექტო ცვლილებაზე, აგრეთვე კუდსაცავის მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში მისი ექსპლუატაციისთვის ვარგისიანობის შესახებ პროფესიული დასკვნების გაცემაზე. 2. კუდსაცავის პასუხისმგებელი ინჟინერი ვალდებულია: ა) შეიმუშაოს და განაახლოს პროექტის საფუძვლები (ჰიდროლოგია/წყალდიდობები, სეისმური ზემოქმედებები, დატვირთვები და კომბინაციები, მასალები, მდგრადობა, ფილტრაცია); ბ) გამოსცეს და დაამოწმოს შესაბამისი დოკუმენტები და სპეციფიკაციები; გ) კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელემენტები გადაამოწმოს შესაბამისი ანალიზის საფუძველზე და საჭიროების შემთხვევაში ფიზიკური, გამოთვლითი სითხეების დინამიკით (CFD) ან გარდამავალი რეჟიმების ტესტირებით; დ) უზრუნველყოს უსაფრთხოებაზე ზემოქმედების მქონე ყველა მნიშვნელოვანი ცვლილების განხილვა და ასახვა, მათ შორის, ექსპლუატაციის წესებში, მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმაში (MSMP), უსაფრთხოების ანალიზის და რისკების შეფასებაში (SRRA), საგანგებო მართვის გეგმაში (EAP) შეტანილი ცვლილებების და საკონტროლო-გამზომი ინსტრუმენტული სისტემების ცვლილებების; ე) მონაწილეობა მიიღოს უსაფრთხოების ანალიზში/მიმოხილვებში.
მუხლი 16. დამოუკიდებლობა და ინტერესთა კონფლიქტი 1. დამოუკიდებელი მიმოხილვების/კვლევების შემსრულებელი სპეციალიზებული ორგანიზაცია ან/და სპეციალისტი ორგანიზაციულად და ფინანსურად დამოუკიდებელი უნდა იყოს ჰიდროტექნიკური ნაგებობის პროექტირებასა ან ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი პირის, მფლობელისა და ოპერატორის მენეჯმენტისგან. 2. ინტერესთა კონფლიქტი უნდა ეცნობოს მფლობელსა და შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს. 3. ინტერესთა კონფლიქტში მყოფ მხარეებს ეკრძალებათ ისეთი ფუნქციების შესრულება, რომლებიც მოითხოვს დამოუკიდებლობას.
მუხლი 17. ოპერატორისა და მფლობელის ერთობლივი ვალდებულებები მფლობელი და ოპერატორი ვალდებულნი არიან: ა) უზრუნველყონ ამ რეგლამენტით მოთხოვნილი სრული, ზუსტი და განახლებული დოკუმენტაციისა და მონაცემთა ბაზების წარმოება შესაბამისი ფორმატებისა და მეტამონაცემების დაცვით; ბ) უზრუნველყონ შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს და მისი წარმომადგენლების ფიზიკური და ციფრული წვდომა ზედამხედველობის განხორციელებისთვის, მათ შორის, ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე, გალერეებზე, ჩანაწერებზე, მოდელებსა და მონიტორინგის სისტემებზე.
მუხლი 18. ინციდენტების შესახებ შეტყობინება მფლობელი ან ოპერატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს ნებისმიერი ისეთი მდგომარეობის შესახებ, რომელიც: ა) იწვევს საგანგებო მართვის გეგმის (EAP) საგანგებო განგაშის დონეების ამოქმედებას; ბ) აჭარბებს მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმაში (MSMP) განსაზღვრულ განგაშის ზღვრებს; გ) მიუთითებს უსაფრთხოებისთვის კრიტიკული კომპონენტების მოსალოდნელ ან რეალურ მტყუნებაზე; დ) იწვევს უკონტროლო გაშვებებს, მნიშვნელოვან ზიანს, დაზიანებას/ავარიას ან უბედურ შემთხვევას.
მუხლი 19. თანამშრომლობა და გამჭვირვალობა 1. ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების მონიტორინგში მონაწილე ყველა პირი ვალდებულია კეთილსინდისიერად ითანამშრომლოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, ინფორმაციის დროული მიწოდებით და წვრთნებში, მიმოხილვა/ანალიზსა და გამოკვლევებში მონაწილეობით. 2. იმ შემთხვევაში, როდესაც რამდენიმე მფლობელი/ოპერატორი მართავს ურთიერთდაკავშირებულ ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს (მაგალითად, კასკადებს ან საერთო წყალსადინარების სისტემებს), მათ უნდა დაამყარონ ოპერირების, საგანგებო სიტუაციების მართვისა და მონაცემთა გაცვლის საკოორდინაციო პროტოკოლები. 3. შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია ასეთი სავალდებულო პროტოკოლების დაწესება.
თავი III ჰიდროტექნიკური ნაგებობების კლასიფიკაცია
მუხლი 20. კლასიფიკაციის მიზანი, პრინციპები და დანიშნულება 1. კლასიფიკაციის მიზანია განისაზღვროს ამ რეგლამენტით გათვალისწინებული ვალდებულებები თითოეული ჰიდროტექნიკური ნაგებობისთვის, მწყობრიდან გამოსვლის/მტყუნების შესაძლო შედეგების პროპორციულად. 2. კლასიფიკაცია დგინდება შედეგების მიხედვით და არ არის დამოკიდებული კონკრეტული საფრთხის ან მტყუნების სახეობის წარმოშობის ალბათობაზე. 3. ძირითადი წყალსაცავიანი ნაგებობისთვის მინიჭებული კლასიფიკაცია უნდა განსაზღვრავდეს მთელი ჰიდროტექნიკური ნაგებობების კლასს, მათ შორის, ყველა მასთან დაკავშირებული ნაგებობების (წყალსაშვი, სიღრმული წყალგამტარები, ენერგიის ჩამქრობი ნაგებობები, ძალოვანი კვანძები, სადაწნეო მილსადენები, არხები, გვირაბები, მარეგულირებელი ავზები, ჰაერსატარი სისტემები, სატრანსპორტო ნაგებობები და მომსახურების სისტემები) კლასს. 4. კასკადურ ან ჰიდრავლიკურად დაკავშირებულ სისტემებში ჰიდროტექნიკური ნაგებობების კლასიფიკაცია განისაზღვრება შემადგენელი ელემენტების უმაღლესი კლასით, თუ დადგენილი არ არის სისტემური ანალიზით დასაბუთებული განსხვავებული მეთოდი. 5. ჰიდროტექნიკური ნაგებობის შესაბამისი მშენებლობის ნებართვა გაიცემა მას შემდეგ, რაც საპროექტო ორგანიზაციის მიერ ჰიდროტექნიკური ნაგებობისთვის განისაზღვრება კლასი. 6. შესაბამისი კლასი შეტანილი უნდა იქნეს ტექნიკურ დოკუმენტაციასა და საპროექტო დოკუმენტაციაში და გამოყენებული უნდა იქნეს ექსპლუატაციის წესებში, მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმაში (MSMP), უსაფრთხოების ანალიზსა და რისკების შეფასებაში (SRRA), საგანგებო მართვის გეგმასა (EAP) და ყოველწლიურ ანგარიშში ჰიდროტექნიკური ნაგებობების მდგომარეობისა და მუშაობის შესახებ (ABR).
მუხლი 21. კლასიფიკაციას დაქვემდებარებული ჰიდროტექნიკური ნაგებობები 1. ჰიდროტექნიკური ნაგებობები კლასიფიკაციას ექვემდებარებიან, თუ გააჩნია ერთ-ერთი შემდეგი მახასიათებელი: ა) ძირითადი წყალსაცავიანი ნაგებობის სამშენებლო სიმაღლე 5 მეტრს აღემატება; ბ) წყალსაცავის საერთო მოცულობა 100,000 მ3 აღემატება. 2. სიმაღლის ან მოცულობის მიუხედავად, ნებისმიერი ჰიდროტექნიკური ნაგებობა, რომლის ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავების დადგმული სიმძლავრე აღემატება 2 მგვტ. ექვემდებარება კლასიფიკაციას.
მუხლი 22. კლასიფიკაციის კრიტერიუმები 1. კლასიფიკაცია განისაზღვრება შედეგებზე დაფუძნებით. უნდა შეფასდეს ქვედა ბიეფზე შესაძლო ზემოქმედება ჰიდროტექნიკური ნაგებობის ჰიპოთეტური გარღვევის შემთხვევაში და გარღვევის გარეშე, ექსპლუატაციის სახიფათო რეჟიმების დროს. შეფასება უნდა განხორციელდეს ჰიდრავლიკური მოდელირების გამოყენებით, რომელიც განსაზღვრავს დატბორვის არეალს, წყლის სიღრმეებს, სიჩქარეებსა და ტალღის მისვლის დროს, აგრეთვე განსაზღვრავს ზემოქმედების ქვეშ მყოფ ობიექტებს. 2. შეფასება უნდა მოიცავდეს, მინიმუმ შემდეგ კრიტერიუმებსა და ზემოქმედების კატეგორიებს: ა) ფიზიკური მახასიათებლები (კონტექსტი): ტიპი და სტრუქტურული ტიპოლოგია, ძირითადი ზომები, წყლის აკუმულირების მოცულობა/გამტარუნარიანობა, ტერიტორიის გეომეტრია და კასკადის კონტექსტი (გამოიყენება საშიშროების სცენარების შესახებ ინფორმაციის წარმოსადგენად, მაგრამ არაუშუალოდ საფრთხის კლასის დასადგენად); ბ) რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობა (PAR): ბ.ა) მწვავე: დასახლებული პუნქტი 5-ზე მეტი მუდმივად დასახლებული სახლი, რომელიც არის წყლის სიღრმეების, სიჩქარეების ან მათი ურთიერთდამოკიდებულების სახიფათო რისკის ქვეშ, რაც ქმნის რეალურ საფრთხეს სიცოცხლისთვის; ბ.ბ) საშუალო: 1–5 მუდმივად დასახლებული სახლი, რომელიც არის სიცოცხლისთვის რეალური რისკის ქვეშ; ბ.გ) მცირე/უმნიშვნელო: მუდმივი საცხოვრებლები არ არსებობს; ადგილზე ფიქსირდება ადამიანების მხოლოდ შემთხვევითი, დაუგეგმავი ყოფნა. შენიშვნა: ტერმინი „შემთხვევითი“ არ გამოიყენება, თუ ადგილზე არსებობს მუდმივმოქმედი ობიექტები (მაგალითად, კემპინგი, სკოლები, საგამოფენო სივრცეები და ა.შ.); გ) სასიცოცხლოდ საჭირო სერვისები (შეუცვლელი სისტემები, რომლებიც სტანდარტულად ემსახურება ≥10,000 ადამიანს, მათ შორის, მინიმუმ, წყალმომარაგების და სანიტარიის, ენერგეტიკული, ჯანდაცვის, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო სისტემები): გ.ა) მწვავე: ზიანი, რომლის დაუყოვნებლივ გამოსწორება შეუძლებელია და რომელიც იწვევს სერვისის შეწყვეტას რეალური ალტერნატივის გარეშე (მაგალითად, დიდი წყალგამწმენდი ნაგებობა, სასისტემო დანიშნულების ელექტროსადგური, რეგიონალური საავადმყოფო, მთავარი სატელეკომუნიკაციო და სატრანსპორტო დერეფანი); გ.ბ) საშუალო: გარღვევა, რომლის შედეგების გამოსწორება რეალური ალტერნატივით სწრაფი ლიკვიდაცია/აღდგენითაა შესაძლებელი; გ.გ) მცირე/უმნიშვნელო: ზიანი, რომელიც მიადგა მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის ისეთ ობიექტებს, რომლებიც დუბლირებულია; დ) მატერიალური/ეკონომიკური ზარალი (სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და ინფრასტრუქტურული). გამოიყენება უკიდურესი ზღვარი: დ.ა) მწვავე: 50-ზე მეტი სამრეწველო ობიექტი/ქონებრივი ერთეული ან 5,000 ჰა-ზე მეტი სარწყავი მიწა ან 10,000 ჰა-ზე მეტი ურწყავი მიწა ან საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები ან ძირითადი რეგიონალური ქსელი ან ფართოლიანდაგიანი/ჩქაროსნული რკინიგზა; დ.ბ) საშუალო: 10-ზე მეტი ობიექტი/ქონებრივი ერთეული ან 1,000 ჰა-ზე მეტი სარწყავი მიწა ან 3,000 ჰა-ზე მეტი ურწყავი მიწა ან ძირითადი შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები ან ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა; დ.გ) მცირე/უმნიშვნელო: 3-ზე მეტი ობიექტი/ქონებრივი ერთეული ან 500 ჰა-ზე მეტი სარწყავი მიწა ან 1,500 ჰა-ზე მეტი ურწყავი მიწა ან ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები; ე) ბუნებრივი გარემო და კულტურული მემკვიდრეობა (საქართველოს კანონმდებლობით დაცული ობიექტები/ტერიტორიები): ე.ა) მწვავე: ეროვნულ დონეზე დაცული ობიექტები/ტერიტორიები, რომლებიც სახიფათო წყლის სიღრმეების/სიჩქარის ზონაში იმყოფებიან ან მდინარეების/წყალსაცავების წყლის ხარისხის გაუარესება აშკარაა ქვედა ბიეფში; ე.ბ) საშუალო: რეგიონულ დონეზე დაცული ობიექტები/ტერიტორიები, რომლებიც სახიფათო წყლის სიღრმეების/სიჩქარის ზონაში იმყოფებიან; ე.გ) მცირე/უმნიშვნელო: ადგილობრივ დონეზე დაცული ან მგრძნობიარე ტერიტორიები, დაცვის უმაღლესი დონის გარეშე. 3. კასკადურ ან ჰიდრავლიკურად დაკავშირებულ სისტემებში გათვალისწინებული უნდა იყოს ინდივიდუალური და კომბინირებული გადაგდება დომინანტური სცენარის განსაზღვრის მიზნით; სეზონურობის, წყალსაცავის დონეებისა და სივრცის გამოყენების მოდელების გათვალისწინება აუცილებელია, თუ ისინი მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ შედეგებზე. განუსაზღვრელობა საშიშროების ან რეცეპტორის მონაცემებში უნდა განიხილებოდეს კონსერვატორულად.
მუხლი 23. ჰიდროტექნიკური ნაგებობების კლასიფიცირების პრინციპები და მინიჭების წესი 1. ჰიდროტექნიკური ნაგებობები კლასიფიცირდება შემდეგნაირად: ა) I კლასი – ჰიდროტექნიკური ნაგებობები, რომელთა მწყობრიდან გამოსვლამ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე შედეგები ადამიანის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, გარემოზე ან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების ნებისმიერ კატეგორიაზე; ბ) II კლასი – ჰიდროტექნიკური ნაგებობები, რომელთა მწყობრიდან გამოსვლამ შეიძლება საშუალო ზომის ზიანი მიაყენოს ნებისმიერ კატეგორიას და არ წარმოადგენს სიცოცხლისთვის მაღალ რისკს; გ) III კლასი – ჰიდროტექნიკური ნაგებობები, რომელთა მწყობრიდან გამოსვლამ შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერი კატეგორიის მცირე ან უმნიშვნელო ზემოქმედება. 2. კლასიფიკაცია განისაზღვრება მაქსიმალური ზემოქმედების მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია ამ რეგლამენტის 22-ე მუხლით დადგენილ კატეგორიებში. 3. თუ შეფასებები განსხვავდება კატეგორიების მიხედვით, გამოიყენება ყველაზე მაღალი (მკაცრი) კლასი. მონაცემებთან დაკავშირებით განუსაზღვრელობის შემთხვევაში, შეირჩევა უფრო მაღალი კლასი. 4. კლასიფიკაცია უნდა მოიცავდეს მოდელირების საფუძველს და დაშვებებს, დატბორვის ზონების, წყლის სიღრმეების, სიჩქარეებისა და მისვლის დროის რუკებს, საკონტროლო-გამზომი ხელსაწყოების ინვენტარიზაციას კლასიფიკაციით კატეგორიების მიხედვით, შემოთავაზებულ კლასს შესაბამისი დასაბუთებით და შემოთავაზებული გადასახედი ტრიგერებით (მაგალითად, ქვედა ბიეფში განვითარებული მოვლენები, ახალი მნიშვნელოვანი ნაგებობა, განახლებული ჰიდროლოგიური ან სეისმური მონაცემები). 5. მინიჭებული კლასის განხილვა უნდა მოხდეს უსაფრთხოების ანალიზისა და რისკის შეფასების ციკლის სინქრონულად, ასევე მანამდეც – თუ ადგილი აქვს ზემოქმედების, დაცული ობიექტების კატეგორიების, ჰიდროლოგიისა/სეისმურობის ან ჰიდროტექნიკური ნაგებობის კონფიგურაციის მნიშვნელოვან ცვლილებებს.
მუხლი 24. კლასიფიკაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია და პროცედურები ჰიდროტექნიკური ნაგებობის კლასიფიკაციისთვის უნდა შემუშავდეს საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს, სულ მცირე, შემდეგს: ა) ტექნიკურ პასპორტს და მდებარეობის/განლაგების რუკას; ბ) ჰიდროტექნიკური ნაგებობების აღწერას; გ) წინასწარი შედეგების შეფასებას ქვედა ბიეფში არსებული ზემოქმედების გათვალისწინებით; დ) დატბორვის ზონების რუკებს პროექტირების ეტაპის შესაბამისად (საწყის ეტაპებზე – სკრინინგი; შესაბამისი ნებართვის ეტაპზე – დეტალური რუკები); ე) შემოთავაზებულ კლასს შესაბამისი დასაბუთებით; ვ) ზემოქმედების ქვეშ მყოფი მუნიციპალიტეტებისა და სასიცოცხლოდ აუცილებელი სერვისების ობიექტების ჩამონათვალს.
მუხლი 25. კლასიფიკაციის გადახედვა და განახლება 1. მფლობელი განიხილავს კლასიფიკაციას უსაფრთხოების ანალიზისა და რისკების შეფასების (SRRA) სიხშირის პარალელურად და შემდეგი გარემოებებიდან ერთ-ერთის დადგომის შემთხვევაში: ა) მოდიფიკაციის ან სხვა ცვლილებებისას, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ჰიდროტექნიკური ნაგებობების კონსტრუქციულ ან საექსპლუატაციო უსაფრთხოებასა და რეჟიმზე; ბ) მნიშვნელოვნად არის შეცვლილი ზემოქმედება ქვედა ბიეფზე, მათ შორის, დასახლებულ პუნქტებსა ან მნიშვნელოვან ობიექტებზე; გ) ისეთი მოვლენები, როგორიცაა სერიოზული წყალდიდობები ან ძლიერი მიწისძვრები, სერიოზული ინციდენტები ან საფრთხის დონის ცვლილების ნიშნები; დ) შედეგების (დატბორვის) რუკების ან მარეგულირებელი კრიტერიუმების განახლება/ცვლილება. 2. შემოთავაზებული განახლებების შესახებ საბოლოო გადაწყეტილებას იღებს მფლობელი. ჰიდროტექნიკური ნაგებობის კლასი ძალაში რჩება ახალი კლასის მინიჭებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს რისკის მართვის დროებითი ღონისძიებების განხორციელების ან რეკლასიფიკაციის საჭიროება.
მუხლი 26. კლასიფიკაციის შედეგები კლასიფიკაციით განისაზღვრება, სულ მცირე, მონიტორინგისა და შემოწმების ფარგლები და სიხშირე, საგანგებო მართვის გეგმის (EAP) საჭიროება და სირთულის დონე, უსაფრთხოების ანალიზის და რისკების შეფასების (SRRA) პერიოდულობა და დეტალიზაციის დონე, დოკუმენტაციის შედგენისა და ანგარიშგების ვალდებულებები, დამოუკიდებელი განხილვის/ანალიზის მოთხოვნები.
მუხლი 27. კლასიფიკაციის საგამონაკლისო შემთხვევები 1. კუდსაცავების კლასიფიკაციაზე ვრცელდება ამ თავით დადგენილი კლასიფიკაციის მოთხოვნები. 2. თუ საქართველოს კანონმდებლობა კლასიფიკაციის ან/და შედეგების უფრო მკაცრ კრიტერიუმებს ადგენს, გამოიყენება უფრო მკაცრი მოთხოვნები.
თავი IV. საგანგებო მართვის გეგმა (EAP)
მუხლი 28. საგანგებო მართვის გეგმის (EAP) მიზანი და მოქმედების სფერო 1. ამ თავით განისაზღვრება ჰიდროტექნიკური ნაგებობებისთვის საგანგებო მართვის გეგმის (EAP) მომზადების, დანერგვის, ტექნიკური მომსახურებისა და ტესტირების მარეგულირებელი ვალდებულებები. 2. საგანგებო მართვის გეგმის (EAP) მიზანია ავარიის, პოტენციური ავარიის ან საფრთხის შემცველი ოპერირების პირობების შედეგად ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების, არსებითი სერვისებისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის შესამცირებლად განსაზღვროს პრევენციული ღონისძიებები და კოორდინირებული საგანგებო რეაგირება.
მუხლი 29. საგანგებო მართვის გეგმის (EAP) მომზადებისა და განახლების ვალდებულება 1. I და II კლასის ყველა ჰიდროტექნიკური ნაგებობის მფლობელი ვალდებულია მოქმედი კანონმდებლობისა და ამ თავის მოთხოვნების შესაბამისად მოამზადოს, დანერგოს და განაახლოს საგანგებო მართვის გეგმა (EAP). 2. უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია მოითხოვოს საგანგებო მართვის გეგმის (EAP) შემუშავება ნებისმიერი სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობისთვის, თუ აღნიშნულ ნაგებობაზე ინციდენტმა ან ავარიამ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი. 3. ახალი ჰიდროტექნიკური ნაგებობების შემთხვევაში საგანგებო მართვის გეგმის (EAP) პროექტი შეთანხმებისთვის უნდა იქნეს წარდგენილი წყალსაცავის პირველ შევსებამდე. მისი საბოლოო რედაქცია კი უნდა მომზადდეს ნორმალური ოპერირების დონის მიღწევამდე. 4. საგანგებო მართვის გეგმა (EAP) უნდა იყოს ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე მორგებული და კოორდინირებული შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან.
მუხლი 30. საგანგებო მართვის გეგმის (EAP) შეთანხმება 1. მფლობელი ვალდებულია საგანგებო მართვის გეგმა (EAP) შესათანხმებლად წარუდგინოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს. 2. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში შეითანხმოს ან გარკვეული პირობებით შეითანხმოს ან დასაბუთებული უარი განაცხადოს შეთანხმებაზე. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული შეთანხმების გარკვეული პირობები შესაძლოა მოიცავდეს დამატებითი კვლევების ჩატარებას, რუკების მომზადებას, სწავლება-სიმულაციების განხორციელებას ან შეტყობინების სისტემების განახლებას მითითებულ ვადებში.
მუხლი 31. საგანგებო მართვის გეგმის (EAP) მინიმალური მოთხოვნები საგანგებო მართვის გეგმა (EAP), საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ერთად, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს შემდეგ ელემენტებს: ა)ჰიდროტექნიკური ნაგებობის უსაფრთხოების ანალიზს: ა.ა) უსაფრთხოების მდგომარეობისა და საგანგებო დაგეგმვისთვის რელევანტური საფრთხეების მოკლე, მაგრამ სრულყოფილ შეჯამებას, მათ შორის: წყალმოვარდნების, ანომალიური ქცევის, სეისმური მოვლენების, ფერდობების არასტაბილურობის და ადამიანის მიერ გამოწვეულ ზემოქმედებებს; ა.ბ) უნდა განხორციელდეს ადრეული გამოვლენის ინდიკატორებისა და ზღვრული მნიშვნელობების იდენტიფიცირება და განისაზღვროს საგანგებო დონეები გაძლიერებული მზადყოფნის მოსალოდნელ ან რეალურ მტყუნებამდე. საგანგებო დონეები და მათი ამოქმედების ტრიგერები მკაფიოდ უნდა იყოს დაკავშირებული უსაფრთხოების ანალიზსა და რისკების შეფასებასთან (SRRA), პოტენციური მტყუნების სახეობასთან (PFM), მონიტორინგის, მეთვალყურებისა და ტექნიკური მომსახურების გეგმის (MSMP) ზღვრულ მნიშვნელობებთან და ექსპლუატაციის წესებთან; ა.გ) უსაფრთხოებისა და საფრთხეების შეჯამება უნდა ეფუძნებოდეს მიმდინარე რისკების იდენტიფიცირებას, ანალიზს, შეფასებასა და სცენარების შემუშავებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ბ) ტერიტორიულ ზონირებასა და შედეგების ანალიზს – პოტენციურად დაზარალებული ქვედა ბიეფის ტერიტორიების რუკების შედგენას ჰიდროტექნიკური ნაგებობის სავარაუდო გარღვევისა და წყალმოვარდნის სცენარებისათვის, მათ შორის, გავრცელების არეები, სიღრმეები, სიჩქარეები და მისვლის დროები; ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოსახლეობის, კრიტიკული ობიექტების, სატრანსპორტო დერეფნების, ეკოლოგიურად მგრძნობიარე ზონების, მისასვლელი/გასასვლელი და საევაკუაციო მარშრუტების იდენტიფიცირება; გ) ოპერატიულ პროცედურებს და ქმედებების წესებს – გაძლიერებული დაკვირვების, მაკორექტირებელი ან პრევენციული ღონისძიებების (მათ შორის კონტროლირებადი გაშვებების) პროცედურები და გადაწყვეტილების მიღების პროტოკოლები საგანგებო დონის ესკალაციისა და დეესკალაციისთვის, ექსპლუატაციის წესებსა და მათ შეზღუდვებზე მითითებებით; დ) ადამიანური და მატერიალური რესურსების ორგანიზებას – მართვის სტრუქტურა, ფუნქციები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, უწყვეტი მორიგეობის გრაფიკები, უფლებამოსილი პირების საკომუნიკაციო და საკონტაქტო მონაცემები; საგანგებო მართვის ხელმძღვანელი პირის შესახებ ინფორმაცია, რომელიც უფლებამოსილი იქნება აამოქმედოს საგანგებო მართვის გეგმა (EAP), მოახდინოს რესურსების მობილიზაცია და გასცეს საჯარო შეტყობინებები; ე) განხორციელების საშუალებებსა და რესურსებს – საგანგებო მართვის ცენტრის(ების) აღწერა და ადგილმდებარეობა, კომუნიკაციების, ენერგომომარაგების სარეზერვო წყაროები, მონიტორინგისა და საჯარო შეტყობინების საშუალებები, რეზერვირება და რეზერვირების მექანიზმები, აღჭურვილობის, კონტრაქტორებისა და ურთიერთდახმარების რესურსების იდენტიფიცირება; ვ) შეტყობინებასა და ადრეულ გაფრთხილებას – შიდა და გარე შეტყობინების პროცედურები, საგანგებო დონეები, ტრიგერები და მიმღებები; შეტყობინების სქემები, ძირითადი და სარეზერვო საკომუნიკაციო არხები, შეტყობინებების ტიპური ფორმები და ჟურნალის შევსების ინსტრუქციები; ზ) ინტეგრაციას და ჯვარედინ მითითებებს – მკაფიო კავშირი ექსპლუატაციის წესებთან, მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმასთან (MSMP), უსაფრთხოების ანალიზსა და რისკების შეფასებასთან (SRRA) და ყოველწლიურ ანგარიშთან ჰიდროტექნიკური ნაგებობების მდგომარეობისა და მუშაობის შესახებ (ABR), რათა უზრუნველყოფილ იქნეს ერთიანი „ტრიგერ-მოქმედების“ ლოგიკა ყველა დოკუმენტში.
მუხლი 32. დატბორვის რუკების შედგენის მოთხოვნები 1. დატბორვის რუკები უნდა მომზადდეს შესაბამისი ჰიდრავლიკური მოდელირების გამოყენებით, ჰიდროტექნიკური ნაგებობის კლასისა და სირთულის თანაზომიერად და მინიმუმ უნდა ასახავდეს დატბორვის გავრცელების კონტურს, წყლის სიღრმეებს, სიჩქარეებსა და გარღვევის ტალღის მისვლის დროებს ჰიდროტექნიკური ნაგებობის სავარაუდო გარღვევისა და ხარჯების გატარების სცენარებისთვის. 2. დატბორვის რუკის შედგენის ფარგლებში უნდა დადგინდეს ევაკუაციის მარშრუტები, შეზღუდვები, კრიტიკული უბნები და მიეწოდოს შესაბამის სამსახურებს ბეჭდურ და ციფრულ ფორმატებში. 3. იმ შემთხვევაში, როდესაც სარწმუნოა საზღვრისპირა ან აუზთაშორისი ზემოქმედებები, დამუშავებული რუკა უნდა გავრცელდეს იმ წერტილამდე, სადაც კაშხლის გარღვევით გამოწვეული წყალმოვარდნა აღარ წარმოადგენს სიცოცხლისთვის საფრთხეს.
მუხლი 33. დატბორვის საგანგებო დონეები და მათი განმაპირობებელი ტრიგერები 1. დატბორვის საგანგებო დონეები უნდა განისაზღვროს თანმიმდევრულ, საფეხურებად დაყოფილ სტრუქტურაში, რომელიც გამოსაყენებელია უწყებათაშორისი კოორდინაციისთვის, მკაფიო ტექნიკური ტრიგერებით, რომლებიც გამომდინარეობს საზომი ინსტრუმენტების ზღვრული მნიშვნელობებიდან, ვიზუალური დაკვირვებებიდან, საექსპლუატაციო ანომალიებიდან, ჰიდრომეტეოროლოგიური გაფრთხილებებიდან და პოტენციური მტყუნების სახეობის (PFM) წინამორბედი მინიშნებიდან. 2. თითოეული დატბორვის საგანგებო დონისთვის საგანგებო მართვის გეგმამ (EAP) უნდა განსაზღვროს გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა, სავალდებულო შეტყობინებები, ქმედებები, მონიტორინგის ინტენსიფიკაცია, აგრეთვე ესკალაციისა და დეესკალაციის კრიტერიუმები.
მუხლი 34. შეტყობინებისა და ადრეული გაფრთხილების სისტემები 1. I და II კლასის ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე უნდა შენარჩუნდეს/დამონტაჟდეს შეტყობინებისა და ადრეული გაფრთხილების სისტემა, რომელსაც შეუძლია ფუნქციონირება არახელსაყრელ პირობებში (მათ შორის, ენერგომომარაგების გათიშვის, დატბორვის, წყალმოვარდნისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების დროს და რეზერვირების ჩართვით (მაგალითად: ტელეფონი/მოკლე ტექსტური შეტყობინება, რადიო, სატელიტური კავშირი, სირენა/საჯარო გახმოვანება და ციფრული არხები)). 2. ადრეული გაფრთხილების სისტემამ უნდა უზრუნველყოს პოტენციურად საფრთხის ქვეშ მყოფი (დაზარალებული) მოსახლეობისთვის შესაბამისი შეტყობინების მიწოდება აკუსტიკური, ვიზუალური, სატელეკომუნიკაციო ან ციფრული საშუალებების გამოყენებით ჰიპოთეტური გარღვევის ტალღის დაწყებიდან პირველი 30 წუთის განმავლობაში. 3. იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მართვის ცენტრი დატბორვის რისკის ქვეშ იმყოფება, უნდა შეირჩეს ალტერნატიული სტაციონარული ან მობილური მართვის პუნქტი უსაფრთხო მდებარეობით. 4. საგანგებო მართვის გეგმა (EAP) უნდა მოიცავდეს შეტყობინების სქემებს, რომლებშიც იდენტიფიცირებული იქნება ინიციატორები, მიმღებები და ვადები, განახლებული საკონტაქტო სია საკომუნიკაციო ნომრებითა და ალტერნატივებით, აგრეთვე კომუნიკაციების ტექსტების და ჟურნალის შევსების პროცედურებს განახლებით (დრო, მეთოდი, მიმღები, შინაარსი). 5. დატბორვის საგანგებო დონის გამოცხადებისთანავე მფლობელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოებს, ასევე, ქვედა ბიეფში მდებარე იმ ჰიდროტექნიკური ნაგებობების ოპერატორებს, რომლებზეც შესაძლოა გავრცელდეს კასკადური ზემოქმედება.
მუხლი 35. ტრენინგები და სიმულაციები 1. მფლობელმა უნდა ჩამოაყალიბოს და შეინარჩუნოს ჰიდროტექნიკური ნაგებობის კლასიფიკაციისა და ქვედა ბიეფში არსებული რისკების თანაზომადი საგანგებო ტრენინგებისა და სიმულაციების პროგრამა. 2. მინიმუმ, ყოველწლიურად უნდა ჩატარდეს ერთი შიდა ტრენინგი, ხოლო არანაკლებ ყოველ 5 წელიწადში ერთხელ უნდა განხორციელდეს ფუნქციონალური ან სრულმასშტაბიანი ტრენინგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსდ – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან და მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით. 3. სცენარები უნდა ეფუძნებოდეს პოტენციური მტყუნების სახეობას (PFM). 4. ტრენინგების დროს უნდა გადამოწმდეს შეტყობინების, გადაწყვეტილების მიღების, კომუნიკაციების, რესურსების მობილიზაციისა და საჯარო შეტყობინებების მექანიზმები.
მუხლი 36. ტექნიკური მომსახურება, ტესტირება და სწავლება 1. საგანგებო მართვის გეგმით (EAP) გათვალისწინებული კომუნიკაციების, სარეზერვო ენერგომომარაგების, მონიტორინგისა და საზოგადოებრივი გაფრთხილების სისტემები უნდა ინახებოდეს გამართულ მდგომარეობაში და უნდა იტესტებოდეს მინიმუმ ყოველწლიურად და/ან შესაბამისი ორგანოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 2. იმ პერსონალმა, რომელსაც საგანგებო მართვის გეგმაში (EAP) განსაზღვრული ფუნქციები აქვს, უნდა გაიაროს საწყისი და პერიოდული სწავლება, მათი პასუხისმგებლობების თანაზომიერად, მათ შორის ტრიგერების, ქმედებებისა და ესკალაციის კრიტერიუმების სრულყოფილი ცოდნით.
მუხლი 37. საგანგებო მართვის გეგმის (EAP) გადახედვა და განახლება 1. საგანგებო მართვის გეგმა (EAP) უნდა გადაიხედოს შიდა წესით არანაკლებ წელიწადში ერთხელ, საკონტაქტო მონაცემების, რესურსების და მცირე რედაქციული შესწორებების განახლების მიზნით, ხოლო სრულყოფილად – უსაფრთხოების ანალიზის და რისკის შეფასების (SRRA) განვითარების შესაბამისად, ან უფრო ადრე, მნიშვნელოვანი მოვლენების შემდეგ, მათ შორის: დიდი წყალმოვარდნები, ძლიერი მიწისძვრები, წყალსაცავის დამუშავებასთან დაკავშირებული ანომალიები, კრიტიკული აღჭურვილობის მტყუნება, ან საგანგებო მართვის გეგმის (EAP) ნებისმიერი გააქტიურება, აგრეთვე ზემოქმედების მასშტაბის არსებითი ცვლილებების ან ჰიდროტექნიკური ნაგებობისა თუ ექსპლუატაციის წესების მოდიფიკაციის შემთხვევებში. 2. მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა წარედგინოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს დასამტკიცებლად.
მუხლი 38. ჩანაწერები და აუდიტი 1. არქივში უნდა ინახებოდეს საგანგებო მართვის გეგმის (EAP) მოქმედი ვერსიის ასლები, აგრეთვე შეტყობინებების ჩანაწერები, სწავლებების, ტესტირებების, პერსონალის ტრენინგების და მოქმედებების შედეგების ანგარიშები. 2. შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია განახორციელოს საგანგებო მართვის გეგმის (EAP) შესრულების აუდიტი, მოითხოვოს მაკორექტირებელი ღონისძიებების გატარება და საჭიროების შემთხვევაში, განსაზღვროს რისკის კონტროლის დროებითი ზომები.
მუხლი 39. მფლობელსა და შესაბამის ორგანოებს შორის კოორდინაცია 1. იმ შემთხვევაში, როდესაც ქვედა ბიეფში მოსალოდნელი შედეგები შეიძლება გასცდეს ერთი მუნიციპალიტეტის საზღვრებს ან სახელმწიფო საზღვარს, მფლობელმა უნდა უზრუნველყოს კოორდინაცია შესაბამის ორგანოებთან და შესაძლებლობის ფარგლებში – ერთობლივი სწავლებების ჩატარება. 2. კასკადურ ან ჰიდრავლიკურად ურთიერთდაკავშირებულ სისტემებში, მფლობელებმა უნდა უზრუნველყონ საგანგებო მართვის გეგმის (EAP) ტრიგერების, შეტყობინებებისა და საოპერაციო რეაგირების კოორდინაცია კასკადური რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით.
მუხლი 40. კონფიდენციალურობა და საჯარო ინფორმაცია 1. საგანგებო მართვის გეგმის (EAP) ელემენტები, რომლებიც შეიცავს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კონფიდენციალურ ინფორმაციას, უნდა დამუშავდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. საზოგადოების ინფორმირებისთვის შესაფერისი შეჯამებები შეიძლება მომზადდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსდ – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით, ისე რომ უზრუნველყოფილ იქნეს უსაფრთხოება და პირადი მონაცემების დაცვა. 3. საფრთხისა და რისკის რუკები, აგრეთვე საზოგადოებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო მასალები, უნდა მომზადდეს და ხელმისაწვდომი გახდეს საზოგადოების ინფორმირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსდ – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით.
თავი V. უსაფრთხოების ანალიზი და რისკების შეფასება (SRRA) და რისკების შემცირება
მუხლი 41. უსაფრთხოების ანალიზისა და რისკების შეფასების (SRRA) მიზანი და მოქმედების სფერო 1. ეს თავი განსაზღვრავს ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების ანალიზისა და რისკების შეფასების (SRRA) დაგეგმვის, განხორციელების, ანგარიშგების წარდგენისა და შესრულების უზრუნველყოფის სავალდებულო მოთხოვნებს. 2. უსაფრთხოების ანალიზი და რისკების შეფასება (SRRA) წარმოადგენს ერთიან, კომპლექსურ ღონისძიებას, რომელიც აერთიანებს უსაფრთხოების დამოუკიდებელ ანალიზს და პოტენციური მტყუნების სახეობების ანალიზზე (PFMA) დაფუძნებულ რისკების შეფასებას, რომლის შედეგადაც მიიღება ერთიანი დასკვნები, რისკების შეფასებები და უსაფრთხოების უზრუნველყოფის რეკომენდაციების პრიორიტეტული პროგრამა. 3. უსაფრთხოების ანალიზი და რისკების შეფასება (SRRA), საჭიროებისამებრ, უნდა მოიცავდეს ჰიდროლოგიურ, ჰიდრავლიკურ, გეოლოგიურ, გეომორფოლოგიურ, გეოტექნიკურ, კონსტრუქციულ და სეისმურ ასპექტებს, ასევე ექსპლუატაციის მეთვალყურეობის, ექსპლუატაციის, ტექნიკური მომსახურებისა და საგანგებო მართვის საკითხებს და უნდა შეესაბამებოდეს ექსპლუატაციის დამტკიცებულ წესებს, მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმას (MSMP), საგანგებო მართვის გეგმასა (EAP) და ჰიდროტექნიკური ნაგებობის კლასიფიკაციას.
მუხლი 42. უსაფრთხოების ანალიზისა და რისკების შეფასების (SRRA) გამოყენებადობა და პერიოდულობა 1. უსაფრთხოების ანალიზი და რისკების შეფასება (SRRA) უნდა განხორციელდეს ჰიდროტექნიკური ნაგებობის სასიცოცხლო ციკლის ძირითად ეტაპებზე, მათ შორის: ა) დაგეგმვისა და პროექტირების ეტაპზე (შესაბამისი მშენებლობის ნებართვის გაცემამდე); ბ) მშენებლობის დამთავრებისას; გ) წყალსაცავის პირველი შევსების/ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ; დ) კაპიტალური რეაბილიტაციის ან მნიშვნელოვანი მოდიფიკაციის შემდგომ ექსპლუატაციაში ხელახლა გაშვებამდე; ე) ექსპლუატაციიდან გამოყვანისას. 2. ექსპლუატაციის ეტაპზე უსაფრთხოების ანალიზი და რისკების შეფასება (SRRA) უნდა განხორციელდეს ჰიდროტექნიკური ნაგებობის კლასიფიკაციის შესაბამისად, ქვემოთ მოცემული ცხრილი №1-ის შესაბამისად:
ცხრილი №1. უსაფრთხოების ანალიზისა და რისკების შეფასების პერიოდულობა
3. არაგეგმური/რიგგარეშე უსაფრთხოების ანალიზი და რისკების შეფასება (SRRA) უნდა განხორციელდეს ისეთი მოვლენების დადგომისას, რომლებმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიონ უსაფრთხოებაზე, მათ შორის: მასშტაბური წყალდიდობის, მიწისძვრის, ქვედა ბიეფში არსებულ ტერიტორიებზე მნიშვნელოვანი ცვლილებების, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სამუშაოების, კლასიფიკაციის შეცვლის, ან მონიტორინგისა და შემოწმების შედეგად გამოვლენილი ჰიდროტექნიკური ნაგებობის ანომალიური ქცევის შემთხვევებში, ასევე შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მითითებით. 4. მფლობელი/ოპერატორი ვალდებულია მყისიერად შეატყობინოს უფლებამოსილ ორგანოს ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული გარემოების შესახებ და მყისიერად განახორციელოს რისკების კონტროლის დროებითი ღონისძიებები.
მუხლი 43. კომპეტენცია, დამოუკიდებლობა და მეთოდოლოგია 1. უსაფრთხოების ანალიზი და რისკების შეფასება (SRRA) უნდა შემუშავდეს ისეთი სპეციალიზებული ორგანიზაციებისა და სპეციალისტების ხელმძღვანელობით, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია და კომპეტენცია დაკისრებული სამუშაოს ფარგლებში და დამოუკიდებელი უნდა იყოს ყოველდღიური საექსპლუატაციო საქმიანობისა და მიმდინარე მონიტორინგის ფუნქციებისგან. 2. გამოყენებული მეთოდოლოგია და კრიტერიუმები უნდა იყოს კონკრეტული ჰიდროტექნიკური ნაგებობის კლასისა და სირთულის შესაბამისი და შემუშავებული უნდა იყოს კაშხლებისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების აღიარებული საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში – განუსაზღვრელობისა და კლიმატის ცვლილების ზემოქმედების უშუალო გათვალისწინებით.
მუხლი 44. უსაფრთხოების ანალიზის და რისკების შეფასებით (SRRA) დასარეგულირებელი მინიმალური საკითხები უსაფრთხოების ანალიზი და რისკების შეფასება (SRRA) უნდა ემსახურებოდეს, სულ მცირე, შემდეგი ამოცანების გადაჭრას: ა) საბაზისო ინფორმაციის მიმოხილვასა და განახლებას; ბ) ჰიდროტექნიკური ნაგებობების მდგომარეობის შემოწმებას; გ) მონიტორინგის სისტემისა და მონაცემების შეფასებას; დ) ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების ანალიზს; ე) პოტენციური მტყუნების სახეობების ანალიზს (PFMA); ვ) საგანგებო სიტუაციების მართვის შეფასებას; ზ) უსაფრთხოების დონის ამაღლების რეკომენდაციების პრიორიტეტული პროგრამის განსაზღვრა/შეფასებას.
მუხლი 45. საბაზისო ინფორმაციის მიმოხილვა და განახლება 1. უსაფრთხოების ანალიზი და რისკების შეფასება (SRRA) ითვალისწინებს ყველა შესაბამისი დოკუმენტაციის, მათ შორის, საპროექტო და სამშენებლო ჩანაწერების, გასული პერიოდების უსაფრთხოების ანალიზისა და რისკების შეფასების (SRRA), ჰიდროტექნიკური ნაგებობის მდგომარეობისა და მუშაობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის, ჰიდროლოგიური და ჰიდრავლიკური კვლევების (მათ შორის, კლიმატის ცვლილების მონაცემების გათვალისწინებით), გეოლოგიური, გეოტექნიკური და სეისმური ინფორმაციის, მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმის (MSMP), გაზომვის მონაცემების, საგანგებო მართვის გეგმის (EAP), ექსპლუატაციის წესებისა და განსაზღვრული კლასიფიკაციის შეგროვებასა და შეფასებას. 2. ხარვეზებისა და განუსაზღვრელობების იდენტიფიცირება უნდა განხორციელდეს მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის ფარგლებში და შეთავაზებული უნდა იქნეს განახლებები ან სამიზნე კვლევები ისეთი მნიშვნელოვანი ხარვეზების/განუსაზღვრელობის აღმოსაფხვრელად, რომლებიც გავლენას ახდენენ უსაფრთხოების შეფასების შედეგებზე.
მუხლი 46. ჰიდროტექნიკური ნაგებობის მდგომარეობის შემოწმება 1. უსაფრთხოების ანალიზი და რისკების შეფასება (SRRA) უნდა ითვალისწინებდეს სტრუქტურირებულ ვიზუალურ ინსპექტირებასა და შეძლებისდაგვარად ფარების, საკეტების, ამწეების, ელექტრომომარაგებისა და სარეზერვო სისტემების, კავშირგაბმულობის/საკომუნიკაციო და უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი სხვა კომპონენტების ფუნქციონალურ შემოწმებას, საექსპლუატაციო შეზღუდვებისა და ქვედა ბიეფის უსაფრთხოების გათვალისწინებით. 2. შემოწმებამ უნდა გამოავლინოს და დოკუმენტურად აღრიცხოს კაშხლის ტანის, საყრდენებისა და ფუძე-საძირკვლის, გალერეების, ნაკერების, დრენაჟების, წყალსაშვებისა და ენერგიის ჩამქრობი ნაგებობების, მისასვლელი/მისადგომი გზების და დაკავშირებული ნაგებობების მდგომარეობა, ასევე უნდა გამოავლინოს დეფექტები, ფილტრაციის ნიშნები, დაზიანებები, ტექნიკური მომსახურების საჭიროება და ნებისმიერი საექსპლუატაციო შეზღუდვა წყალდიდობის, სეისმური ზემოქმედების ან წყლის დონის დაწევის შემთხვევაში.
მუხლი 47. ჰიდროტექნიკური ნაგებობის მონიტორინგის სისტემისა და მონაცემების შეფასება 1. მონიტორინგის სისტემის ადეკვატურობა, საიმედოობა და მოცულობა უნდა შეფასდეს მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმისა (MSMP) და ჰიდროტექნიკური ნაგებობის კლასიფიკაციის მიხედვით. 2. მონიტორინგის ჩანაწერები უნდა გაანალიზდეს შესაბამისი დინამიკის, სივრცული და სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით ჰიდროტექნიკური ნაგებობის ქცევის ინტერპრეტაციის მიზნით სიდიდეებისა და ცვლილებების ტემპის თვალსაზრისით, რეაგირების შიდა და გარე დატვირთვებთან (წყალსაცავის დონე, ნალექი, ნატანი, ტემპერატურა, სეისმოაქტივობა) კორელაციით. 3. შეფასება უნდა იძლეოდეს უსაფრთხოების ანალიზების ჩატარების და ზღვრული სიდიდეების შემოწმების საშუალებას.
მუხლი 48. ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების ანალიზი 1. უსაფრთხოების ანალიზი და რისკების შეფასება (SRRA) უნდა იძლეოდეს ჰიდროლოგიური უსაფრთხოების შემოწმების საშუალებას და ადასტურებდეს, რომ წყალსაცავი, წყალსაშვები და წყალგამშვები ნაგებობები უსაფრთხოდ ატარებენ საპროექტო და ექსტრემალურ ხარჯებს თხემის შემაღლების ნორმალური შეტბორვის დონიდან, საექსპლუატაციო მახასიათებლებითა და საიმედოობით, კლასიფიკაციისა და ექსპლუატაციის წესების შესაბამისად. 2. უსაფრთხოების ანალიზითა და რისკების შეფასებით (SRRA) განსაზღვრული უნდა იყოს კონსტრუქციული და გეოტექნიკური უსაფრთხოება და უნდა დასტურდებოდეს, რომ ნაგებობის ტანი, ფუძე-საძირკველი და საყრდენები აკმაყოფილებს უსაფრთხოების კოეფიციენტებსა და საექსპლუატაციო კრიტერიუმებს, დატვირთვების სავარაუდო კომბინაციებისა და არსებული პირობების გათვალისწინებით. დოკუმენტით ასევე განსაზღვრული უნდა იყოს განახლების/მოდერნიზაციის საჭიროება. 3. უსაფრთხოების ანალიზით და რისკების შეფასებით (SRRA) უნდა დასტურდებოდეს სეისმოუსაფრთხოება და ამ მიზნით უნდა ფასდებოდეს საექსპლუატაციო მახასიათებლები შესაბამისი საანგარიშო და ექსტრემალური მიწისძვრების დროს. დოკუმენტით ასევე უნდა ფასდებოდეს მიწისძვრის შემდგომი მდგრადობა და საექსპლუატაციო ვარგისიანობა. 4. უსაფრთხოების ანალიზი და რისკების შეფასება (SRRA) აგრეთვე უნდა იძლეოდეს ელექტრომექანიკური სისტემების უსაფრთხოების შეფასებას და ადასტურებდეს, რომ ფარები, საკეტები, ძირითადი და დამხმარე ელექტრომომარაგების სისტემები, მონაცემთა შეგროვების, საკომუნიკაციო და საზოგადოების ინფორმირების (განგაშის) სისტემები და საკონტროლო-მზომი ხელსაწყოები/მოწყობილობები საიმედო და ფუნქციონალურია ნორმალურ, წყალდიდობების, წყალსაცავის დამუშავების და სეისმური დატვირთვების პირობებში. 5. უსაფრთხოების ანალიზით და რისკების შეფასებით (SRRA) უნდა შეფასდეს ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოება, მათ შორის, მათი კონსტრუქციული და ჰიდრავლიკური შესაბამისობა, ჰიდროტექნიკური ნაგებობისა და ქვედა ბიეფში დამცავი ჰიდროტექნიკური ნაგებობების ფარგლებში წყალსაშვების, წყალმიმღები კოშკების, წყალგამშვები არხების, გვირაბებისა და შახტების, ენერგიის ჩამქრობი ნაგებობების, არხებისა და სადაწნეო მილსადენების მდგომარეობა, მათზე წვდომა და ტექნიკური მომსახურების შესაძლებლობა.
მუხლი 49. პოტენციური მტყუნების სახეობების ანალიზი (PFMA) 1. პოტენციური მტყუნების სახეობების ანალიზმა (PFMA) უნდა განსაზღვროს და აღწეროს ჰიდროტექნიკური ნაგებობისა და წყალსაცავის სანდო პოტენციური მტყუნების სახეობები, რომლებიც მოიცავენ დაწყების, განვითარებისა და გარღვევის/ზემოქმედების მდგომარეობებს. 2. პოტენციური მტყუნების სახეობების ანალიზი (PFMA) დოკუმენტალურად უნდა ასახავდეს პოტენციური მტყუნების სახეობების გამომწვევ მიზეზებს, განვითარების მექანიზმებს, დამოკიდებულებებს, კონტროლის არსებულ ზომებს, ინდიკატორებს და გამოვლენის/ჩარევის შესაძლებლობებს, დაშვებების, მონაცემთა წყაროებისა და განუსაზღვრელობის სრული გადამოწმებადობით. 3. გამოვლენილი პოტენციური მტყუნების სახეობები უნდა გაიფილტროს და კლასიფიცირდეს ალბათობისა და პოტენციური შედეგების მიხედვით, რისკების შეფასებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით. 4. პოტენციური მტყუნების სახეობების ანალიზი (PFMA) უნდა შემუშავდეს სათანადო ჩართულობით და იყოს კომპლექსური, სადაც მფლობელის/ოპერატორის მხრიდან, სულ მცირე, უნდა იყვნენ ჩართულნი, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები, ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების პერსონალი, გეოტექნიკური, კონსტრუქციული, ჰიდროლოგიური/ჰიდრავლიკური და სეისმური დისციპლინების სპეციალისტები, საკონტროლო-გამზომი ხელსაწყოების/მოწყობილობების მონიტორინგის სპეციალისტი და პროცესის დამოუკიდებელი მოდერატორი საჭიროების შემთხვევაში.
მუხლი 50. საგანგებო სიტუაციების მართვის შეფასება 1. უსაფრთხოების ანალიზმა და რისკების შეფასებამ (SRRA) უნდა შეაფასოს, არის თუ არა საგანგებო სიტუაციების მართვის ღონისძიებები, მათ შორის, საგანგებო მართვის გეგმა (EAP), ადეკვატური, საიმედო, კოორდინირებული და პრაქტიკულად განხორციელებადი, სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და საკუთრების დაცვისა და მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების შესამცირებლად შესაძლო ინციდენტებისა და საგანგებო პირობების დროს. 2. საგანგებო სიტუაციების მართვის შეფასებით უნდა დადასტურდეს ფუნქციებისა და გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილების სიცხადე, უწყვეტი მორიგეობის ორგანიზება და შემცვლელების არსებობა, კომუნიკაციისა და მოსახლეობის წინასწარ გაფრთხილების/შეტყობინების სისტემების ფუნქციონირება და რეზერვი; დატბორვის რუკების აქტუალობა და გამოყენებადობა, ასევე სწავლების/ტრენინგების, სიმულაციებისა და მაკორექტირებელი ქმედებების არსებობა და ეფექტურობა. 3. საგანგებო სიტუაციების მართვის დონეები და შესაბამისი ტრიგერები უნდა გადაიხედოს პოტენციურ მტყუნებების სახეობებთან (PFM), მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმასა (MSMP)-სა და ექსპლუატაციის წესებით განსაზღვრულ „ტრიგერი–ქმედების“ ზღვრულ მნიშვნელობებთან მკაფიო შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
მუხლი 51. რეკომენდაციები უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად 1. უსაფრთხოების ანალიზის და რისკების შეფასების (SRRA) შედეგებზე დაყრდნობით, უნდა განისაზღვროს და დასაბუთდეს რისკების შემცირებისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებების გეგმა, რომელიც შეიძლება გულისხმობდეს როგორც კონსტრუქციულ, ისე არაკონსტრუქციულ ქმედებებს, მონიტორინგის გაუმჯობესებას, დამატებით კვლევებსა და ოპერაციულ ცვლილებებს. 2. რეკომენდაციების პრიორიტეტები უნდა დადგინდეს შესაბამისი პოტენციური მტყუნების სახეობებით (PFM) უარყოფითი ზემოქმედებისა და რისკის გათვალისწინებით (ალბათობისა და შედეგების შეფასებით) და უნდა მოიცავდეს სამუშაოების საორიენტაციო მოცულობებსა და შემოთავაზებულ ვადებს.
მუხლი 52. უსაფრთხოების ანალიზის და რისკების შეფასების (SRRA) ანგარიშის შინაარსი და ფორმა 1. უსაფრთხოების ანალიზი და რისკების შეფასება (SRRA) უნდა გაფორმდეს ანგარიშის სახით და მინიმუმ, უნდა მოიცავდეს შემდეგს: ა) ჰიდროტექნიკური ნაგებობების და წყალსაცავის მისასვლელებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ობიექტების მოკლე აღწერას; ბ) ძირითადი მიმოხილვის, ინსპექტირების, შემოწმების, მონიტორინგის შეფასების, საგანგებო სიტუაციების მართვის შეფასების, პოტენციური მტყუნების სახეობის ანალიზისა (PFMA) და უსაფრთხოების ანალიზების შეჯამებას შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებებისა და მონაცემთა მითითებით; გ) უსაფრთხოების ანალიზის დასკვნებსა და მკაფიო მითითებას საექსპლუატაციო ვარგისიანობისა და ნარჩენი რისკების შესახებ; დ) რეკომენდაციათა პრიორიტეტულ პროგრამას პოტენციური მტყუნების სახეობების ანალიზის (PFMA) შესაბამისად, განხორციელების შემოთავაზებული გრაფიკის ჩათვლით. 2. უსაფრთხოების ანალიზის და რისკების შეფასების (SRRA) ანგარიშის დანართებით მოცემული უნდა იყოს ძირითადი მონაცემები, ნახაზები და სქემები, დატბორვის რუკების ამონარიდები (თუ ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია დასკვნებისთვის) საკონტროლო-გამზომი ინსტრუმენტული სისტემების განლაგების სქემები და დაშვებების და განუსაზღვრელობების რეესტრი.
მუხლი 53. უსაფრთხოების ანალიზის და რისკების შეფასების (SRRA) წარდგენა, დამტკიცება და შემდგომი კონტროლი 1. მფლობელი უსაფრთხოების ანალიზის და რისკების შეფასების (SRRA) ანგარიშს წარადგენს ზედამხედველობის ორგანოში მისი დამტკიცებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 2. დამტკიცებიდან 90 დღის ვადაში მფლობელმა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს უნდა წარმოადგინოს რეკომენდაციების განხორციელების გეგმა, განხორციელების ეტაპებისა და პასუხისმგებლობათა სფეროების მითითებით. ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც მიმართულია გარდაუვალი ან მაღალი რისკების შემცირებაზე, უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ და აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს ზედამხედველობის ორგანოს.
მუხლი 54. ჩანაწერები და მონაცემები 1. ყველა უსაფრთხოების ანალიზის და რისკების შეფასების (SRRA) ჩანაწერები, მოდელები, შესაყვანი მონაცემები და შედეგები ინახება არქივში და ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი ორგანოსთვის მისი მოთხოვნის შემთხვევაში. 2. ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს მაკორექტირებელი ღონისძიებების, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში – განახლებული ანალიზების ჩატარება.
მუხლი 55. უსაფრთხოების ანალიზის და რისკების შეფასების (SRRA) კავშირი უსაფრთხოების სხვა დოკუმენტებთან 1. უსაფრთხოების ანალიზის და რისკების შეფასების (SRRA) შედეგები უნდა აისახოს (საჭიროებისამებრ) ექსპლუატაციის წესების განახლებულ ვერსიებში, მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმაში (MSMP), საგანგებო მართვის გეგმასა (EAP) და ჰიდროტექნიკური ნაგებობის მდგომარეობისა და მუშაობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშებში (ABR). 2. საჭიროა ტრიგერებისა და ზღვრული მნიშვნელობების ჰარმონიზაცია მოცემულ დოკუმენტებში ანომალური მოვლენებისა და პოტენციური მტყუნების სახეობების (PFM)-ის კოორდინირებულად გამოვლენისა და მათზე რეაგირების მიზნით.
თავი VI. არქივი, ანგარიშგება და კონტროლი
მუხლი 56. არქივის შექმნა და მართვა 1. არქივი არის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ოფიციალური, კონტროლირებადი საცავი და რისკებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების, აუდიტებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების კოორდინაციის საფუძველი. 2. მფლობელი პასუხისმგებელია არქივის შექმნასა და მართვაზე, დაგეგმვისა და პროექტირების ეტაპიდან დაწყებული ჰიდროტექნიკური ნაგებობის მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, მათ შორის, ექსპლუატაციიდან გაყვანის, კონსერვაციის ან ლიკვიდაციის ეტაპებზე. 3. მფლობელი ვალდებულია შექმნას, აწარმოოს და მუდმივად განახლებულ მდგომარეობაში შეინარჩუნოს არქივი. დაიცვას იქ არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია დაკარგვის, დაზიანების ან უნებართვო წვდომისგან და უზრუნველყოს მისი დროული აღდგენა. შესაძლებელია ფიზიკური და ციფრული მედიის გამოყენება, თუ ის აკმაყოფილებს უსაფრთხოების და წაკითხვადობის მოთხოვნებს. 4. არქივში თითოეულ ჩანაწერს/დოკუმენტს უნდა მიენიჭოს შემდეგი მონაცემები: ა) უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი; ბ) დასახელება; გ) ავტორი/გამომცემლობა; დ) გამოცემისა და რედაქტირების თარიღები; ე) ვერსიების კონტროლი; ვ) არქივში განთავსების ადგილი. 5. შესაძლებელი უნდა იყოს დოკუმენტების ჩანაცვლებებისა და გაუქმებების გადამოწმება დოკუმენტების მართვის პროცედურის შესაბამისად. 6. შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს უნდა ჰქონდეთ არქივზე სრული წვდომის შესაძლებლობა. ასევე, მათ შეიძლება მოითხოვონ დოკუმენტების წარმოდგენა, შესწორებების შეტანა ან მათი განახლება. ინფორმაცია მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ უნდა იყოს მიწოდებული წაკითხვადი და გასაგები ფორმით.
მუხლი 57. არქივის მინიმალური შინაარსი და სტრუქტურა 1. არქივი უნდა იყოს შედგენილი და დალაგებული ჰიდროტექნიკური ნაგებობის სრული სასიცოცხლო ციკლის ეტაპების მიხედვით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ეტაპები მინიმუმ უნდა შეიცავდეს შემდეგს: ა) პროექტირება და დაგეგმვა: საპროექტო დოკუმენტაცია და კრიტერიუმები, გამოთვლები, სპეციფიკაციები, ტექნიკური პირობები, საშემსრულებლო ნახაზები და ანგარიშები; ბ) მშენებლობა: სამშენებლო სამუშაოების ჩანაწერები, მასალების გამოცდების/ტესტების შედეგები, გეოტექნიკური და გეოლოგიური კვლევების ანგარიშები, ხარისხის კონტროლის ჩანაწერები, ინფორმაცია ცემენტაციის, დრენაჟის, ჰიდროიზოლაციის შესახებ, დამტკიცებული ცვლილებები; გ) კლასიფიკაცია: ჰიდროტექნიკური ნაგებობის უსაფრთხოების კლასიფიკაცია და მისი თანმდევი ცვლილებები; დ) ექსპლუატაცია: დამტკიცებული ექსპლუატაციის წესები და მათი ცვლილებები; ე) მონიტორინგი, მეთვალყურეობა და ტექნიკური მომსახურება: საკონტროლო-გამზომი ინსტრუმენტული სისტემების განლაგების სქემები, მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმა (MSMP), მონიტორინგის მონაცემთა რიგები მეტამონაცემებით და ხარისხის კონტროლისა და მართვის მაჩვენებლებით, ინსპექტირების ჩანაწერები, ყოველწლიური ანგარიში ჰიდროტექნიკური ნაგებობების მდგომარეობისა და მუშაოების შესახებ (ABR), პრევენციული და მაკორექტირებელი ტექნიკური მომსახურების ჟურნალები, კონსტრუქციული მოდიფიკაციებისა და გამაგრებითი სამუშაოების ჩანაწერები, მეთოდოლოგიის აღწერები და მათი დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ვ) საგანგებო სიტუაციებისა და უსაფრთხოების მართვა: მოქმედი საგანგებო მართვის გეგმა (EAP) და მისი ტექნიკური განხორციელების დოკუმენტები, წვრთნებისა და სიმულაციების ჩანაწერები, აგრეთვე შესაბამისი ოფიციალური კორესპონდენცია; ზ) წყალსაცავის შევსების და წყალდიდობის მართვა: პირველი შევსების გეგმა და ანგარიში; წყალდიდობები და მისი მართვა; წყალგატარებისა და ფარის ოპერირების ჟურნალები ჰიდროლოგიური მოვლენების დროს; თ) აღჭურვილობის ტესტირება და ფუნქციონირების შემოწმება: მექანიკური, ჰიდრომექანიკური, ელექტრო და საკომუნიკაციო სისტემების პერიოდული ტესტირება, ტექნიკური მომსახურებისა და მუშაობის ანგარიშები; ი) უსაფრთხოების შეფასება და ანალიზი: პერიოდული და რიგგარეშე ინსპექტირების ანგარიშები, უსაფრთხოების ანალიზის და რისკების შეფასების (SRRA) ანგარიშები, მათი დანართები, დასკვნები და რეკომენდაციები, ასევე მათი დასრულების შესახებ დოკუმენტირებული გადაწყვეტილებები; კ) ადმინისტრაციული კორესპონდენცია: ოფიციალური კომუნიკაციები, შესაბამისი ბრძანებები, ინსტრუქციები, აუდიტის ანგარიშები და შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული ნებისმიერი ოფიციალური დოკუმენტაცია; ლ) ექსპლუატაციიდან გამოყვანა (ასეთის არსებობის შემთხვევაში): ექსპლუატაციიდან გამოყვანის დამტკიცებული გეგმა, მშენებლობისა და აღდგენითი სამუშაოების შესახებ ოქმები, საბოლოო ინსპექტირების ანგარიში და გადაწყვეტილება ობიექტის ფუნქციონირების შეწყვიტეს შესახებ. 2. დოკუმენტაციას უნდა ერთვოდეს მეტამონაცემები, რომლებიც აღწერს მონაცემების წყაროს, ერთეულებს, საკოორდინატო სისტემას, დროის მონაკვეთებს, ხარისხის უზრუნველყოფა/ხარისხის კონტროლის სტატუსს და პასუხისმგებელ პირს.
მუხლი 58. გეგმური ანგარიშგება 1. მფლობელმა დადგენილ ვადებში უნდა წარუდგინოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს შემდეგი დოკუმენტები: ა) ყოველწლიური ანგარიში ჰიდროტექნიკური ნაგებობების მდგომარეობისა და მუშაობის შესახებ (ABR): რომელშიც ყოველწლიურად შეჯამებული იქნება მონიტორინგის მონაცემები და ტენდენციები, ინსპექტირების შედეგები, გამოვლენილი გადაცდომები და ზღვრული მნიშვნელობების გადაჭარბების ფაქტები, რეაქციების კორელაცია დატვირთვებთან და დასკვნები ჰიდროტექნიკური ნაგებობის ქცევისა და შესაბამისად უსაფრთხოების შესახებ; ბ) უსაფრთხოების ანალიზი და რისკების შეფასება (SRRA): ამ რეგლამენტის V თავის მოთხოვნების შესაბამისად (გეგმური და საგანგებო), მათ შორის, წინა რეკომენდაციების განხორციელების სტატუსის ჩათვლით; გ) საგანგებო მართვის გეგმის (EAP) მოქმედება და წვრთნები: ყოველწლიური შეთანხმება, რომ საგანგებო მართვის გეგმა (EAP) არის მოქმედი, წვრთნებისა და სიმულაციების შემდგომი ანგარიშები ჩატარებული და მაკორექტირებელი ღონისძიებების ჩათვლით. 2. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ორგანო განსაზღვრავს ალტერნატიულ ვადებს ან დამატებით მოთხოვნებს, მფლობელი ვალდებულია შეასრულოს ასეთი მოთხოვნები.
მუხლი 59. ინციდენტებისა და მოვლენების შესახებ ინფორმაციის წარდგენა 1. მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანო(ებ)ს ნებისმიერი ინციდენტის შესახებ, რომელიც არსებითად ზემოქმედებს ან შესაძლოა ზემოქმედებდეს უსაფრთხოებაზე. 2. პირველი შეტყობინება სიცოცხლის საფრთხის შემცველი მოვლენების შემთხვევაში უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ, ხოლო სხვა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების შემთხვევაში შესაძლო მოკლე ვადაში, რასაც უნდა მოჰყვეს ინციდენტის გამოვლენიდან: ა) პირველი წერილობითი ანგარიში 24 საათის განმავლობაში; ბ) პირველადი დეტალური ანგარიში 7 კალენდარული დღის განმავლობაში. 3. ინციდენტის ანგარიშებში უნდა იყოს აღწერილი არსებული პირობები, მოვლენათა ქრონოლოგია, ზემოქმედების ქვეშ მოყოლილი ჰიდროტექნიკური ნაგებობები, წინასწარი დიაგნოზები, განხორციელებული ქმედებები, ნარჩენი რისკები და შემოთავაზებული მაკორექტირებელი ღონისძიებები.
მუხლი 60. სამუშაოები და მოდიფიკაციები 1. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სამუშაოების ან მოდიფიკაციების მეთოდების აღწერილობები და საპროექტო დოკუმენტები განხორციელებამდე უნდა წარედგინოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს განსახილველად. 2. საშემსრულებლო დოკუმენტაცია, ექსპლუატაციაში გაშვებისა და გამოცდების ანგარიშები დაცული უნდა იქნეს არქივში. 3. მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ დროებითი სამუშაოები და მშენებლობის ეტაპობრივი განხორციელება ინარჩუნებდეს დადგენილ უსაფრთხოების დონეებს და, საჭიროების შემთხვევაში, ასახული იყოს დროებით ექსპლუატაციის პროცედურებსა და საგანგებო მართვის გეგმაში (EAP).
მუხლი 61. ზედამხედველობა 1. შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია ჩაატაროს დოკუმენტური შესწავლა და/ან გადამოწმება და ჰიდროტექნიკური ნაგებობის შემოწმება, დაესწროს გამოცდებსა და წვრთნებს, მოითხოვოს დამატებითი კვლევები, ანალიზები ან დამოუკიდებელი ტექნიკური შეფასება. 2. წარდგენილი ინფორმაციის განხილვის შემდეგ, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) მიღებულია; ბ) მიღებულია პირობებით, შესაბამისი ქმედებებისა და ვადების მითითებით; გ) დაბრუნებულია გადახედვისთვის, გამოვლენილი ხარვეზებისა და საჭირო შესწორებების მითითებით. 3. ამ რეგლამენტით განსაზღვრული ანგარიში შეიძლება ჩაითვალოს არადამაკმაყოფილებლად, თუ მას არ გააჩნია მოთხოვნილი ინფორმაცია, გამოყენებულია ამ რეგლამენტთან შეუთავსებელი მეთოდები, ეფუძნება გადაუმოწმებელ ან დაბალი ხარისხის მონაცემებს, არ ითვალისწინებს წინა შენიშვნებს ან არ შეიცავს მკაფიო დასკვნებსა და რისკის შემცირების ღონისძიებებს. 4. ხარვეზების აღმოფხვრამდე, შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია მოითხოვოს გაუმჯობესებული მეთვალყურეობა, ექსპლუატაციის დროებითი შეზღუდვები, დამატებითი წვრთნები ან დამოუკიდებელი ტექნიკური შეფასება. განგრძობითმა შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აღსრულების ღონისძიებების გატარება. 5. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსთვის ანგარიშების წარდგენა არ ათავისუფლებს მფლობელს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობისგან.
მუხლი 62. რეკომენდაციების აღრიცხვა 1. მფლობელი ვალდებულია აწარმოოს რეკომენდაციების რეესტრი, რომელიც გამომდინარეობს უსაფრთხოების ანალიზის და რისკების შეფასების (SRRA), ინსპექტირებების, ინციდენტების გამოძიებებისა და წვრთნებისგან, მათი შესრულების კონტროლით და შესაბამისი მტკიცებულებების დართვით. 2. მიღებული გამოცდილება უნდა იქნეს ინტეგრირებული ექსპლუატაციის წესების, საგანგებო მართვის გეგმის (EAP), მონიტორინგის, მეთვალყურეობის ტექნიკური მომსახურების გეგმის (MSMP), ყოველწლიური ანგარიშის ჰიდროტექნიკური ნაგებობების მდგომარეობისა და მუშაობის შესახებ (ABR) განახლებებსა და შემდგომ უსაფრთხოების ანალიზსა და რისკების შეფასებებში (SRRA). 3. რისკები უნდა გადაფასდეს, როდესაც იცვლება პირობები და ვითარება, მათ შორის, ჰიდროტექნიკური ნაგებობების და ინფრასტრუქტურის მოძველების, ჰიდროლოგიური და სეისმური საფრთხეების განახლებების, ქვედა ბიეფში განვითარებული აქტივობებისა და კლიმატის ცვლილების შემთხვევებში.
მუხლი 63. ჩანაწერების შენახვა 1. არქივში დაცული ჩანაწერები უნდა ინახებოდეს ჰიდროტექნიკური ნაგებობის მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში და ასევე ექსპლუატაციიდან გამოყვანის და ფუნქციონირების შეწყვეტის შემდეგ არანაკლებ 10 წლის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით უფრო ხანგრძლივი ვადა არ არის დადგენილი. 2. მფლობელი ვალდებულია დანერგოს და შეინარჩუნოს შესაბამისი მონაცემთა დაცვისა და კიბერუსაფრთხოების ღონისძიებები უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა ციფრული ჩანაწერისა და საკომუნიკაციო სისტემისთვის.
თავი VII. ჰიდროტექნიკური ნაგებობის დაგეგმვისა და დაპროექტების ეტაპები
მუხლი 64. რეგულირების სფერო 1. ეს თავი არეგულირებს ჰიდროტექნიკური ნაგებობების დაგეგმვისა და პროექტირების ეტაპებზე გასათვალისწინებელ ძირითად მოთხოვნებს. 2. ჰიდროტექნიკური ნაგებობების შესაბამისი მშენებლობის ნებართვები გაიცემა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. ამ თავში მოცემული დოკუმენტაცია დაცული უნდა იქნეს არქივში.
მუხლი 65. საპროექტო ანგარიში 1. საპროექტო ანგარიში წარმოადგენს ძირითად დოკუმენტს, რომელშიც მოცემულია ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და წყალსაცავის განთავსება, ფუნქციური განლაგება, გაბარიტები და დეტალიზაცია. 2. საპროექტო ანგარიში: ა) უნდა ასახავდეს მიზნებსა და შესასრულებელ ფუნქციებს; ბ) აღწერდეს წყალშემკრები აუზის გეოგრაფიას, გეოლოგიას, ჰიდროგეოლოგიას, გეომორფოლოგიასა და ეკოლოგიას; გ) წარმოადგენდეს კლიმატოლოგიურ და ჰიდროლოგიურ მონაცემებს, სეზონურობისა და კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით; დ) ასაბუთებდეს კვლევების მოცულობისა და დეტალიზაციის საკმარისობას ჰიდროტექნიკური ნაგებობის ტიპოლოგიის, კლასისა და რისკის განვითარების ხასიათის მიხედვით. 3. საჭიროების შემთხვევაში, საპროექტო ანგარიში უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ კვლევებს, რომლებიც მოცულობითა და დეტალიზაციით მორგებულია კონკრეტულ შემთხვევაზე და პროექტის შეთანხმების მომენტში შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. 4. მინიმალური კვლევები, რომლებსაც უნდა მოიცავდეს საპროექტო ანგარიში: ა) ზოგადი კვლევები: ობიექტის მიზნები და ფუნქციები, წყალშემკრები აუზის პარამეტრები, ჰიდროლოგია (კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით), ქვედა ბიეფის ჰიდრავლიკური მახასიათებლები წყლის ნაკადის სრული ხარჯის გატარების შემთხვევაში, წყალდიდობის რისკის ზონები და სამოქალაქო თავდაცვის რესურსები, მისასვლელები და კომუნიკაციები, ალტერნატივების ანალიზი, სეისმურობის კვლევა; ბ) კონკრეტული საველე და საინჟინრო-ტექნიკური კვლევები: ტოპოგრაფია, გეოლოგია, გეოტექნიკა, სეისმურობა (საპროექტო უბნის, წყალსაცავისა და რეგიონალური) და მიწისქვეშა/გრუნტის წყლები, შემოდინება და რეგულირება, ფართობებისა და მოცულობების მრუდები, წყალდიდობის კვლევა და ხარჯების ტრანსფორმაცია, ყველა გამშვები ჰიდროტექნიკური ნაგებობის გამტარუნარიანობა, ეკოლოგიური ხარჯები, მდინარის გადაგდება და მშენებლობის ეტაპების შემუშავება, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის გეგმა, სამშენებლო მასალების მოპოვების წყაროები და მახასიათებლები, კონსტრუქციული დასაბუთება (კაშხლისა და ფუძის მდგრადობა), წყალსაცავის ფერდობების მდგრადობა, მონიტორინგი მშენებლობის, პირველი შევსებისა და ექსპლუატაციის პერიოდებში, გრუნტის დამუშავების ღონისძიებები, მისასვლელები, კომუნიკაციები და ელექტრომომარაგება, პირველი შევსების კრიტერიუმები და ოქმები, კლიმატური ზემოქმედების კვლევა, შესაბამისობა წყლის მართვის გეგმებთან და გარემოსდაცვით ამოცანებთან; გ) გარემოსდაცვითი და სოციალურ-დემოგრაფიული კვლევა: მიწის შესყიდვა და მოსახლეობის განსახლება საჭიროების შემთხვევაში, წყლის ხარისხი და შრეობრიობა, ეროზია, ნატანის ტრანსპორტირება და წყალსაცავის დალექვა, ზემოქმედება მდინარეზე, ლანდშაფტი და კულტურული მემკვიდრეობა, ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებები, გარემოსდაცვითი კანონმდებლობისა და გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმის მოთხოვნებთან შესაბამისობა, ნარჩენების მართვა, ნაგებობების უსაფრთხოება/დაცვა, ექსპლუატაციის დროებითი წესები, კლასიფიკაციის წინადადება და დროებითი საგანგებო მართვის გეგმა (EAP). 5. საპროექტო ანგარიშში მოცემული ინფორმაცია უნდა განახლდეს და გადამოწმდეს ჩანაწერებში/ანგარიშებში პროექტირების, მშენებლობის, მონიტორინგისა და ექსპლუატაციის ეტაპებზე.
მუხლი 66. ჰიდროლოგიისა და წყალდიდობების კვლევა 1. წყალდიდობის კვლევამ უნდა განსაზღვროს შემოდინების ჰიდროგრაფები კონკრეტული ალბათობებისთვის, ისტორიული წყალდიდობების ანალიზზე დაყრდნობით და გრძელვადიანი ცვლილებების (მათ შორის კლიმატის ცვლილების), ზედა ბიეფის წყალსაცავებისა და კასკადური ეფექტების პირდაპირი გათვალისწინებით. კვლევაში მითითებული უნდა იყოს გამოყენებული მეთოდოლოგია, მონაცემთა სანდოობა და გამოყენებული მეთოდები უნდა იყოს დასაბუთებული. 2. ჰიდროტექნიკური ნაგებობის კლასიფიკაციის შესაბამისად, უნდა შეირჩეს წყალმოვარდნის ორი შემთხვევა: საპროექტო წყალმოვარდნა (წყალგამშვები ნაგებობების, წყალსაშვებისა და ენერგიის ჩამქრობი ნაგებობების გაბარიტების დასადგენად) და ექსტრემალური წყალმოვარდნა (ზღვრული სახიფათო ზემოქმედება, რომელსაც ჰიდროტექნიკური ნაგებობამ უნდა გაუძლოს თხემზე წყლის უკონოტროლო გადადინების გარეშე). გაბარიტების დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს წყალსაცავის რეგულირების ეფექტები. 3. წყალდიდობის/წყალმოვარდნის განმეორებადობის მინიმალური პერიოდები არ უნდა იყოს ქვემოთ მოცემულ ცხრილ №2-ში მითითებულ მონაცემებზე ნაკლები.
ცხრილი №2. მინიმალური განმეორებადობის პერიოდები საანგარიშო და მაქსიმალური შეტბორვისთვის.
4. ამ მუხლში მითითებულ კვლევაში განსაზღვრული და დასაბუთებული უნდა იყოს: ა) ნორმალური შეტბორვის დონე (NML): ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში დასაშვები დამყარებული წყლის უმაღლესი დონე წყალსაცავში. ნორმალური შეტბორვის დონის (NML) განსაზღვრისას არ განიხილება წყალდიდობის ხარჯების გატარებისთვის განსაზღვრული პირობები, რაც გულისხმობს, რომ ყველა რეგულირებადი წყალსაშვის ფარები და წყალსაგდების საკეტები დაკეტილ მდგომარეობაშია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც წყლის გაშვება გათვალისწინებულია ექსპლუატაციის წესებით. იგი წარმოადგენს კონტროლირებად დონეს, რომლის გადაჭარბება არ უნდა მოხდეს ყოველდღიური ექსპლუატაციის პირობებში და რომელიც წარმოადგენს თხემის შემაღლებისა და წყალსაცავის სეზონური დამუშავების მრუდების განსაზღვრის საფუძველს. ნორმალური შეტბორვის დონის (NML) ნებისმიერი გადაჭარბება ითვლება არანორმალურ მდგომარეობად, რომელიც საჭიროებს მყისიერ რეაგირებას და შესაბამის აღრიცხვას; ბ) მაქსიმალური შეტბორვის დონე (DFL): წყალსაცავში მიღწეული უმაღლესი დამყარებული წყლის დონე, რომელიც მიიღწევა საპროექტო წყალმოვარდნის ტრანსფორმაციის შედეგად და გამოითვლება დამტკიცებული წყალმოვარდნის ტრანსფორმაციის მეთოდოლოგიის შესაბამისად, ამ რეგლამენტითა და ექსპლუატაციის წესებით განსაზღვრული წყალსაშვები და წყალგამშვები ნაგებობების ხელმისაწვდომობისა და საიმედოობის დაშვებების გათვალისწინებით; მაქსიმალური შეტბორვის დონე (DFL) გამოიყენება ტალღების აგორების მიმართ კაშხლის თხემის შემაღლების შესამოწმებლად და კაშხლისა და მასთან დაკავშირებული ნაგებობების ჰიდრავლიკური და კონსტრუქციული შესაბამისობის დასადასტურებლად საპროექტო წყალმოვარდნის პირობებში. მაქსიმალური შეტბორვის დონის (DFL) განსაზღვრისას გათვალისწინებული ფარებისა და/ან საკეტების საექსპლუატაციო გამართულობა უნდა იყოს დადასტურებული როგორც საპროექტო გადაწყვეტილებებით, ისე შესაბამისი გამოცდებით; გ) ფორსირებული შეტბორვის დონე (EFL): წყალსაცავში მიღწეული უმაღლესი დამყარებული წყლის დონე, რომელიც მიიღწევა ექსტრემალური ხარჯის ტრანსფორმაციისას (ზღვრული მაქსიმალური საფრთხე), ამ რეგლამენტით, ექსტრემალური პირობებისთვის დადგენილი საგარანტიო შესწორების გათვალისწინებით. ფორსირებული შეტბორვის დონე (EFL) გამოიყენება იმის სადემონსტრაციოდ, რომ უსაფრთხოება უზრუნველყოფილია და გამორიცხულია უკონტროლო წყალგადაღვრა. 5. დროებითი სადერივაციო ნაგებობებისა და დამცავი ზღუდარის ზომების დადგენისთვის გამოყენებული წყალდიდობის მაჩვენებელი ისე უნდა შეირჩეს, რომ დაგეგმილი მშენებლობის პერიოდში დამცავი ზღუდარის მაქსიმალური დასაშვები დონის გადაჭარბების ალბათობა არ აღემატებოდეს ქვემოთ მოცემულ ცხრილ №3-ში მითითებულ ლიმიტებს.
ცხრილი №3. მშენებლობის დროს წყალდიდობის დონის გადაჭარბების მაქსიმალური ალბათობა.
6. თხემის შემაღლების მოთხოვნები: ა) ნორმალური შეტბორვის დონის (NML) შემთხვევაში თხემის შემაღლება უნდა აღემატებოდეს ქარისა და სეისმური ზემოქმედებით წარმოქმნილი ტალღების აგორების სიმაღლეს; ბ) მაქსიმალური შეტბორვის დონის (DFL) შემთხვევაში თხემის შემაღლება უნდა აღემატებოდეს ქარის ტალღების აგორების სიმაღლეს; გ) ფორსირებული შეტბორვის დონის (EFL) შემთხვევაში დასაშვებია თხემის შემაღლების შეზღუდული შემცირება შემდეგი პირობების დაცვით: გ.ა) გრუნტის კაშხლები – თხემზე წყლის უკონტროლო გადადინება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კაშხალი სპეციალურად არის დაპროექტებული ქარის ტალღების ზემოქმედების გათვალისწინებით; გ.ბ) ბეტონის კაშხლები – ტალღებით გამოწვეული თხემზე წყლის პერიოდული უკონტროლო გადადინება შეიძლება ჩაითვალოს დასაშვებად იმ შემთხვევაში, თუ დადასტურებულია კაშხლის და ქვემო ბიეფის ყოველმხრივი უსაფრთხოება. 7. წყალგამშვები ნაგებობები უნდა იყოს დაპროექტებული, ისე რომ დაკმაყოფილდეს მაქსიმალური შეტბორვის დონიდან (DFL) თხემის ამაღლების მოთხოვნები და ფორსირებული შეტბორვის დონეზე (EFL) არ შეიქმნას უსაფრთხო პირობების დარღვევის რისკი. 8. საშუალო დონისა და სიღრმული წყალსაგდებები უნდა უზრუნველყოფდეს წყლის დონის ეფექტურ რეგულირებას, განსაკუთრებით პირველი შევსების პერიოდში. 9. მართვის სისტემებმა უნდა შეინარჩუნოს ფუნქციონირება არასასურველ პირობებში და უნდა იყოს უზრუნველყოფილი რეზერვული ამოქმედების მექანიზმებითა და დამოუკიდებელი ენერგომომარაგებით. 10. ზედაპირული წყალგამშვები ნაგებობები უნდა უზრუნველყოფდეს ნატანისა და ნარჩენების გატარების შესაძლებლობას. 11. ფარებიანი წყალსაშვები ნაგებობების საიმედოობის დაშვებებისას გათვალისწინებული უნდა იყოს საპროექტო წყალმოვარდნის დროს მინიმუმ ერთი სექციის მწყობრიდან გამოსვლა ან ფარების არანაკლებ 25%-ის მიუწვდომლობა, თუ სხვა საფუძვლიანი დასაბუთება არ არის წარმოდგენილი.
მუხლი 67. კონსტრუქციული დატვირთვები და მათი კომბინაციები 1. ჰიდროტექნიკური ნაგებობისა და მასთან დაკავშირებული ყველა ნაგებობის კონსტრუქციული მდგომარეობა უნდა შემოწმდეს ყველა შესაბამისი ზემოქმედების, დატვირთვებისა და მათი კომბინაციისთვის, ჰიდროტექნიკური ნაგებობის კლასის, ტიპოლოგიის, გეომეტრიული ზომების, დატვირთვის ხასიათისა და ალბათობის, აგრეთვე ზემოქმედების ხანგრძლივობის გათვალისწინებით. 2. ზემოქმედებები მოიცავს: ა) საკუთარ წონას; ბ) ჰიდროსტატიკურ წნევას; გ) ჰიდროსტატიკურ უკუწნევასა და ფოროვან წნევებს; დ) წყალსაცავის ჰიდროდინამიკურ წნევას; ე) ტემპერატურულ ზემოქმედებებს; ვ) ქარსა და ტალღებს; ზ) ყინულის დაწნევას; თ) სეისმურ ზემოქმედებებს; ი) საექსპლუატაციო/გარდამავალ ეფექტებს (წყალსაცავის სწრაფი დამუშავება, არანორმალური ჰიდროსტატიკური უკუწნევა/დრენაჟი, ნატანის და ნარჩენების ზემოქმედება, ჰიდრავლიკური გარდამავალი პროცესები); კ) ადგილობრივ, სპეციფიკურ ზემოქმედებებს (მეწყრული ზემოქმედებები/იმპულსური ტალღები). 3. ჰიდროტექნიკურ ნაგებობაზე მოქმედი დატვირთვები უნდა კლასიფიცირდეს როგორც მუდმივი და დროებითი. თითოეული დროებითი დატვირთვისთვის უნდა დადგინდეს წარმომადგენლობითი მნიშვნელობები ნორმალური, ავარიული, საანგარიშო და საჭიროებისამებრ ექსტრემალური მდგომარეობებისთვის. 4. გრუნტის კაშხლების შემთხვევაში: ა) განისაზღვრება ძირითადი დროებითი დატვირთვების შემდეგი ავარიული მდგომარეობები: წყალსაცავში წყლის დონის ფორსირებული დამუშავება; შიდა სადრენაჟე სისტემის მტყუნება; საპროექტო წყალმოვარდნა; საპროექტო მიწისძვრა და სხვა; ბ) თუ რუტინული წყალსაცავის დამუშავების ინტენსივობა აღემატება კაშხლის ზედა ფერდის საშუალო წყალგამტარობის კოეფიციენტს, წყალსაცავის ფორსირებული დამუშავება უნდა ჩაითვალოს ნორმალურ სცენარად. 5. დატვირთვების სახეობების კომბინაციები უნდა შემუშავდეს მათი მოხდენის ალბათობისა და ხანგრძლივობის მიხედვით, შემდეგი საპროექტო სცენარების შესადგენად: ა) ნორმალური მდგომარეობები განისაზღვრება მუდმივი და დროებითი დატვირთვების ნორმალური მნიშვნელობების კომბინაციით, რომლებიც მოქმედებს წყალსაცავის ექსპლუატაციისას წყლის დონის დიაპაზონში ნორმალური შეტბორვის დონის (NML) ჩათვლით, მათ შორის, ჰიდროტექნიკური ნაგებობის საკუთარი წონა, ჰიდროსტატიკური და ფოროვანი წნევები, მოსილვის, ტემპერატურული, ქარისა და ყინულის დატვირთვები; ბ) ავარიული მდგომარეობები არის მუდმივი და დროებითი დატვირთვების ისეთი კომბინაციები, რომელთა დროსაც მხოლოდ ერთი დროებითი დატვირთვა მოქმედებს ავარიული მნიშვნელობით, ხოლო ყველა სხვა დატვირთვა – ნორმალური მნიშვნელობებით. ავარიული მდგომარეობები, საჭიროების შემთხვევაში, მოიცავს: მაქსიმალური შეტბორვის დონეს (DFL), საპროექტო მიწისძვრას, წყალსაცავის ფორსირებულ დამუშავებას, ფოროვანი წნევების არანორმალურ ზრდას, წყალსაცავის ჰიდროდინამიკურ ზემოქმედებებს. ავარიული მდგომარეობების დროს წყალსაცავის წყლის დონე არ უნდა აღემატებოდეს მაქსიმალური შეტბორვის დონეს (DFL). საპროექტო წყალდიდობა და საპროექტო მიწისძვრა ერთდროულად არ უნდა განიხილებოდეს. გრუნტის კაშხლების შემთხვევაში წყალსაცავის ფორსირებული დამუშავება სავალდებულოდ უნდა შეფასდეს, ხოლო დატვირთვები და მათი კომბინაციები უნდა დამოწმდეს, მათ შორის, მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესაბამის ეტაპებზე; გ) ექსტრემალური მდგომარეობები არის მუდმივი და დროებითი დატვირთვების ისეთი კომბინაციები, რომელთა დროსაც მხოლოდ ერთი დროებითი დატვირთვა მოქმედებს ექსტრემალური მნიშვნელობით, ხოლო ყველა სხვა დატვირთვა მოქმედებს ნორმალური მნიშვნელობით. ექსტრემალური მდგომარეობები ითვალისწინებს ფორსირებული შეტბორვის დონეს (EFL) ან ექსტრემალურ მიწისძვრას. მასთან დაკავშირებული წყალსაცავის ჰიდროდინამიკური ზემოქმედებებით ექსტრემალური მდგომარეობების შეფასებისას წყალსაცავის დონე არ უნდა აღემატებოდეს ფორსირებული შეტბორვის დონეს (EFL). ექსტრემალური წყალმოვარდნა და ექსტრემალური მიწისძვრა ერთდროულად არ უნდა განიხილებოდეს. გრუნტის კაშხლებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, წყალსაცავის ფორსირებული დამუშავება ასევე უნდა განიხილებოდეს ექსტრემალური მდგომარეობის ფარგლებში. 6. მასალებისა და ფუძის გამოფიტვა, დაღლილობა და დეგრადაცია უნდა აისახოს წარმომადგენლობითი მნიშვნელობებისა და დატვირთვების კომბინაციებში.
მუხლი 68. სეისმური ზემოქმედებები 1. საშუალო ან მაღალი სეისმური საფრთხის ზონებში უნდა ჩატარდეს ჰიდროტექნიკურ ნაგებობაზე მორგებული სეისმური საფრთხის კვლევა, რომლის მიზანია საპროექტო სპექტრების ან დინამიკური გადაადგილებების განსაზღვრა, ადგილობრივი რეაქციებისა და მიწისძვრით გამოწვეული წყალსაცავის ზემოქმედებების გათვალისწინებით. 2. გამოყენებული მეთოდები (ფსევდოსტატიკური, რეაქციის სპექტრის ან ისტორიული მეთოდები) უნდა შეესაბამებოდეს ჰიდროტექნიკური ნაგებობის ტიპოლოგიას, კლასს და სეისმურ საფრთხეს და მოიცავდეს წყალსაცავის ჰიდროდინამიკურ წნევებს. 3. უნდა განისაზღვროს სეისმური ზემოქმედების ორი დონე: ა) საპროექტო მიწისძვრა: ჰიდროტექნიკური ნაგებობა უნდა დარჩეს სტაბილური და ფუნქციონალური; ბ) ექსტრემალური მიწისძვრა: დაუშვებელია წყლის უკონტროლო გადადინება, თუმცა შესაძლებელია ფუნქციის დროებითი დაკარგვა ან არაკრიტიკული დაზიანებები. 4. სეისმური პროექტირება და შეფასება უნდა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობისა და ამ რეგლამენტის შესაბამისად. 5. სპეციალური შემოწმებები უნდა მოიცავდეს შემდეგს: ა) ბეტონის კაშხლებისთვის: საძირკველზე მოცურება, მასივის გადაბრუნება/გადაძაბვა, დინამიკური გამაძლიერებელი ეფექტები; ბ) გრუნტის კაშხლებისთვის: გრუნტის გათხევადება, ფერდობების არასტაბილურობა, შეუქცევადი დეფორმაციები და სეისმური მოვლენის შემდეგ წყალსაცავის სწრაფი დამუშავება. 6. გამოყენებული დაშვებები, საწყისი მონაცემები და მიღებული შედეგები სრულად უნდა იყოს დოკუმენტირებული შემდგომი განხილვისა და შეფასებისთვის.
მუხლი 69. ჰიდრავლიკური ზემოქმედებები და ფოროვანი წნევები 1. ჰიდროსტატიკური წნევა განისაზღვრება წყლის თავისუფალი ზედაპირიდან: ა) თითოეული ბეტონის ბლოკის საძირკველთან ყველაზე დაბალ კონტაქტამდე; ბ) მიწაყრილი კაშხლების შემთხვევაში – წყალშეუღწევადი ელემენტის ყველაზე დაბალ წერტილამდე. 2. ფოროვანი წყლის წნევებისა და ჰიდროსტატიკური უკუწნევის წარმოქმნა, განტვირთვა და განაწილება უნდა იქნეს გაანალიზებული თითოეული საპროექტო მდგომარეობისთვის, მათ შორის არანორმალური ჰიდროსტატიკური უკუწნევის სცენარებისთვის. 3. იმ შემთხვევებში, როდესაც განუსაზღვრელობა არსებითია, უნდა იქნეს გამოყენებული კონსერვატორული დაშვებები. 4. გრუნტის კაშხლები უნდა მოიცავდეს სათანადოდ დეტალიზებულ ფილტრებსა და დრენაჟებს შიდა ეროზიის თავიდან ასაცილებლად კონტაქტებსა და შეღწევებზე, აგრეთვე ეროზიისადმი მიდრეკილ საძირკვლებსა და საყრდენებზე.
მუხლი 70. ტემპერატურული ზემოქმედებები 1. ბეტონის კაშხლებისთვის სავალდებულოდ უნდა განხორციელდეს ტემპერატურული კვლევა. 2. თაღოვანი კაშხლების შემთხვევაში უნდა დასაბუთდეს ტემპერატურული ველების განაწილება, ბეტონის ჩასხმის ტემპერატურული ლიმიტები, გაგრილებისა და ნაკერების გამონოლითების ტემპერატურები, აგრეთვე დაძაბულ-დეფორმაციული მდგომარეობები სეზონური ინსოლაციისა და წყალსაცავის შესაბამისი დონეებისთვის.
მუხლი 71. კონსტრუქციული შემოწმება და უსაფრთხოების მარაგები 1. უნდა დადასტურდეს უსაფრთხოება ამ რეგლამენტით განსაზღვრული ზემოქმედებებისა და საპროექტო მდგომარეობებისთვის, მათ შორის: ა) საერთო სტაბილურობა (დაცურება/გადაბრუნება); ბ) გეოტექნიკური სტაბილურობა (გრუნტის კაშხალი, საძირკველი, ფერდები); გ) ძაბვების დასაშვები ზღვრები. 2. ჰიდრავლიკური და ფოროვანი წნევების ველები უნდა მოიცავდეს არანორმალურ სცენარებს, მათ შორის: ა) დახშული დრენაჟები; ბ) ალტერნატიული ფილტრაციის გზები; გ) სეისმური მოვლენის შემდგომი ჰიდროსტატიკური უკუწნევა. 3. იმ შემთხვევაში, როდესაც განუსაზღვრელობა შენარჩუნებულია, უნდა იქნეს გამოყენებული კონსერვატორული მიდგომა. 4. გრუნტის კაშხლებში შიდა ეროზიის კონტროლის უზრუნველსაყოფად უნდა დადასტურდეს ფილტრების, დრენაჟებისა და გარდამავალი ზონების შესაბამისობა. 5. საერთო სტაბილურობისთვის მინიმალური გლობალური უსაფრთხოების კოეფიციენტები არ უნდა იყოს ნაკლები ამ მუხლის ცხრილ №4-ით განსაზღვრულ მნიშვნელობებზე.
ცხრილი №4 . გლობალური მდგრადობის უსაფრთხოების მინიმალური კოეფიციენტები
6. ბეტონის კაშხლებისთვის კაშხლის ტანში ეფექტური ძაბვების მინიმალური უსაფრთხოების კოეფიციენტები არ უნდა იყოს ნაკლები ამ მუხლის ცხრილ №5-ში მითითებულ მნიშვნელობებზე.
ცხრილი №5. ეფექტური ძაბვების მინიმალური უსაფრთხოების კოეფიციენტები
7. გამოყენებული მნიშვნელობები უნდა დასაბუთდეს პროექტის ავტორის მიერ. 8. ძვრაზე მდგრადობის პარამეტრების შერჩევა უნდა განხორციელდეს გრუნტებისა და მასალების მახასიათებლების შესაბამისად, შეხების ზედაპირებზე კონსერვატორული მიდგომის გამოყენებით, შესაბამისი კვლევებითა და ცდებით დასაბუთებული მნიშვნელობების საფუძველზე.
მუხლი 72. გრუნტი და მასალები 1. საპროექტო უბნისა და წყალსაცავის კვლევებმა უნდა მოიცვას რელიეფის, გეოლოგიის, ჰიდროგეოლოგიისა და გეოტექნიკის დახასიათება, რათა მიღებულ იქნეს პარამეტრები სიმტკიცის, დეფორმირებადობის, წყალშეღწევადობისა და ფიზიკურ-ქიმიური სტაბილურობისთვის. 2. წინააღმდეგობის მნიშვნელობები (არანაკლებ 95%-იანი უზრუნველყოფით) უნდა იყოს დადასტურებული სათანადო ლაბორატორიული და საველე ტესტირებით და ურთიერთდამოწმებით, ბეტონსა და კლდეს შორის შეხების საკონტაქტო ზედაპირებზე დაცურების შემოწმებისთვის უნდა იქნეს გამოყენებული კონსერვატორული პარამეტრები. 3. უნდა შემოწმდეს ჰიდროტექნიკური ნაგებობისა და გრუნტის ერთობლივი სტაბილურობა, მათ შორის, წყალსაცავის შემომსაზღვრელი ფერდების/კონტურის სტაბილურობა წყალსაცავის დამუშავების პირობებში და წყალსაცავში ფერდობის ჩამოშლის შესაძლო შემთხვევები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს წყალგამშვები ნაგებობის დაბლოკვა ან წარმოშვას იმპულსური ტალღები, რომლებიც შეიძლება ზემოქმედებდეს ჰიდროტექნიკურ ნაგებობაზე. 4. განსაზღვრული უნდა იყოს მასალების წყაროები, მოცულობები, მოთხოვნილი თვისებები და ხარისხის კონტროლის ღონისძიებები. ასევე უნდა შეფასდეს დროით განპირობებული დეგრადაცია.
მუხლი 73. ნატანის მართვა 1. აუზის ეროზია, ნატანი მასალა და წყალსაცავის გრძელვადიანი დალექვა უნდა შეფასდეს უსაფრთხოების, სასარგებლო მოცულობისა და ექსპლუატაციის თვალსაზრისით. 2. ჰიდროტექნიკური ნაგებობები და მისი შემადგენელი ელემენტები (მაგ.: სიღრმული წყალსაგდები, ბრტყელი ფარები, შემოვლითი/გარეცხვის სისტემები) უნდა იყოს გათვალისწინებული და შესაბამისი ზომებით დაპროექტებული, მათ შორის აბრაზიისა და ეროზიის შემოწმების მოთხოვნებით, აგრეთვე ინსპექტირებისა და ტექნიკური მომსახურების უზრუნველსაყოფად აუცილებელი პირობებით. 3. სეისმურ რეგიონებში გათვალისწინებული უნდა იყოს გათხევადებული ნატანისაგან წყალმიმღებებისა და წყალსაგდების დაბლოკვის საწინააღმდეგო ღონისძიებები. 4. საექსპლუატაციო მონიტორინგის პროგრამამ (ბათიმეტრია, ნატანის შემოდინება) უნდა უზრუნველყოს ადაპტირებადი ნალექების მართვა და რეაბილიტაციის დროული დაგეგმვა.
მუხლი 74. სადაწნეო წყალსატარები, გამთანაბრებლები და მათთან დაკავშირებული ჰიდრავლიკური ნაგებობები 1. წყალსაშვები და წყალსაგდები ნაგებობებისთვის, წყალმიმღები კოშკებისთვის, ნაგავდამჭერი გისოსებისთვის, სადაწნეო გვირაბებისთვის, შახტებისთვის, სადაწნეო მილსადენებისთვის, გამთანაბრებელი შახტებისთვის და ჰაერის ვენტილაციის სისტემებისთვის, აგრეთვე ენერგიის ჩამქრობი ნაგებობებისთვის (ჩამქრობი ჭები, წყალსაგდების ტრამპლინები, სწრაფმდენები, აერატორები, გარეცხვის ორმოები) ჰიდრავლიკური, კონსტრუქციული და გეოტექნიკური შემოწმებები უნდა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ თავის შესაბამისად. 2. იმ შემთხვევაში, როდესაც ძირითადი განმსაზღვრელია გეომეტრია, ჰაერის მიწოდება, კავიტაცია, არამდგრადი ან გარდამავალი ნაკადები, დასაბუთებულ უნდა იქნეს ფიზიკური ან/და კომპიუტერული გამოთვლითი სითხეების დინამიკის (CFD) მოდელებით, საპროექტო დოკუმენტაციაში დასაშვები კრიტერიუმების მითითებით. 3. წყალმოვარდნის ნაკადების მართვის გამოთვლები უნდა მოიცავდეს წყალსაშვი ფარების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის სცენარებს. თუ სხვაგვარად არ არის დასაბუთებული, წყალდიდობის საპროექტო ხარჯისთვის უნდა იქნეს ნავარაუდევი წყალსაშვის ფარების არანაკლებ 25%-ით გამტარუნარიანობის შეზღუდვა, ხოლო, ოთხი ან ნაკლები ფარით აღჭურვილი წყალსაშვებების შემთხვევაში, სულ მცირე, ერთი ფარის მწყობრიდან გამოსვლა. 4. წყალმიმღებები და მათთან დაკავშირებული არხები უნდა იყოს მდგრადი ნარჩენების, ყინულისა და მეწყრული ჩამოშლების მიმართ. ნაგავდამჭერი გისოსის ღრეჩოები, ტექნიკური მომსახურების და გაწმენდის შესაძლებლობები უნდა შეესაბამებოდეს ადგილობრივ პირობებსა და გაწმენდის ტექნოლოგიებს. 5. სწრაფმდენები და წყალსაგდები ტრაქტები კავიტაციის თავიდან ასაცილებლად უნდა ითვალისწინებდეს აერაციას, შესაბამის ჰიდრავლიკურ გეომეტრიას და დაფარვას. გამოყენებული მასალები და შესაბამისი მოპირკეთება უნდა უზრუნველყოფდეს ცვეთამედეგობას ნატანით გაჯერებული ნაკადების პირობებში. 6. ჩამქრობი ჭები, წყალსაგდების ტრამპლინები და გამრეცხი ორმოები უნდა იყოს მდგრადი საპროექტო წყალმოვარდნით (IDF) განსაზღვრულ ჰიდრავლიკურ პირობებსა და ქვედა ბიეფის დონეების სრულ დიაპაზონში. უნდა შემოწმდეს ჰიდროსტატიკური უკუწნევა და ფუძის დრენაჟის ეფექტიანობა და უზრუნველყოფილი უნდა იყოს ქვედა ბიეფისა და ნაპირების სტაბილურობა. 7. სადაწნეო წყალსატარები უნდა შემოწმდეს ჰიდრავლიკურ დარტყმასა და ნაკადის წყვეტის ყველა შესაძლო შემთხვევაზე. ფარებისა და საკეტების დახურვის წესები და გამთანაბრებლის ჰაერსატარების ზომები უნდა გამორიცხავდეს ჭარბ და უარყოფით წნევებს. 8. შემჭიდროებები, ნაკერები, ანკერები, შუალედური და საანკერო საყრდენები უნდა ითვალისწინებდეს გარდამავალ პროცესებს, ტემპერატურულ, სეისმურ და სხვა დატვირთვებს (მათ შორის, გრუნტი-კონსტრუქცია-სითხის ურთიერთქმედება). 9. მიწოდებული ჰაერის რაოდენობა უნდა გამორიცხავდეს უარყოფითი წნევების, ვაკუუმის და ჰაერის ჯიბეების წარმოქმნას ან უმართავ სიფონირებას. ჰაერსატარის მდებარეობა, ზომები და დაცვა უნდა იყოს დასაბუთებული. 10. გრუნტის კაშხლებში სადაწნეო წყალსატარები გაყვანილი უნდა იყოს გალერეებში ან ბეტონის და რკინა-ბეტონის გარსაცმებში, შიდა ეროზიის საწინააღმდეგო სათანადო ფილტრებით, დრენაჟებით, შემჭიდროებებითა და შეხების ზედაპირის გარდამავალი ზონებით. 11. მინიმალური რეზერვი და ენერგომომარაგება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) მხოლოდ ფარებით რეგულირებადი წყალსაშვები უნდა შედგებოდეს არანაკლებ ორ მალში განთავსებული ორი ფარისგან; ბ) სიღრმული წყალსაგდებები უნდა მოიცავდეს არანაკლებ ორ დამოუკიდებელ წყალსატარს, თითოეული აღჭურვილი არანაკლებ ორი ჩამკეტი ელემენტით და სარემონტო ჩამკეტებით ზედა ბიეფის მხრიდან. მაღალი კაშხლებისთვის, რომლებიც მიეკუთვნება II და III კლასის ჰიდროტექნიკურ ნაგებობას, სავალდებულოა მინიმუმ ერთი სიღრმული წყალსაგდები; გ) ფარების მართვის აღჭურვილობას უნდა ჰქონდეს სარეზერვო ამძრავები და არანაკლებ ორი დამოუკიდებელი ენერგომომარაგების წყარო, მათ შორის, ადგილზე განთავსებული გენერატორები უსაფრთხო, დაუტბორავ და მუდმივად ხელმისაწვდომ ტერიტორიაზე; დ) უზრუნველყოფილი უნდა იყოს ლოკალური ხელით მართვის შესაძლებლობა, რომელიც სრულად დამოუკიდებელია ტელემეტრიისა და დისტანციური კონტროლის სისტემებისგან. მართვისა და კომუნიკაციის საშუალებები უნდა იყოს უზრუნველყოფილი უწყვეტი კვების წყაროთი და მართვაზე ადგილობრივი წვდომა უნდა იყოს შესაძლებელი განსაკუთრებული კლიმატური და სეისმური მოვლენების პირობებშიც. 12. სიღრმული წყალსაგდების ან წყალმიმღების გამტარუნარიანობა არ უნდა იყოს გათვალისწინებული საპროექტო წყალმოვარდის (IDF) ხარჯის ტრანსფორმაციისთვის, თუ პროექტითა და ტესტირებით არ არის დადასტურებული მათი ხელმისაწვდომობა და საიმედოობა აღნიშნული ნაკადების მართვის დროს. 13. მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმა (MSMP) უნდა მოიცავდეს ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და მოწყობილობების მონიტორინგს (ფარების პოზიციები, წნევები, ჰიდრავლიკური ძალოვანი დანადგარის (HPU) პარამეტრები, ვიბრაცია, დეფორმაცია, ჰიდროსტატიკური უკუწნევა, ფილტრაციული ხარჯები, ჰაერსატარის ხარჯები, წნევები, ქვედა ბიეფის დონეები, ეროზია, ბათიმეტრია, ნატანის და ყინულის მდგომარეობა) და უნდა ითვალისწინებდეს ზღვრულ კრიტერიუმებსა და წინა პერიოდებში მიღებულ შედეგებს.
მუხლი 75. უსაფრთხოების დამატებითი მოთხოვნები 1. კაშხალი, საძირკველი, წყალსაცავი და ნაპირები უნდა იყოს აღჭურვილი მონიტორინგის ისეთი სისტემებით, რომლებიც საკმარისია ჰიდროტექნიკური ნაგებობების და წყალსაცავის ფერდების ქცევის ანალიზისა და ანომალიების დროულად გამოვლენისთვის, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხოების ანალიზსა და რისკების შეფასებაში იდენტიფიცირებულ პოტენციური მტყუნების სახეობასთან (PFM). 2. მონიტორინგი სულ მცირე უნდა მოიცავდეს ნალექების, წყალსაცავის დონის, ტემპერატურის, ფილტრაციის და დრენაჟით გამოტანილი დებეტების, ფოროვანი წნევების, დეფორმაციებისა და გადაადგილებების კონტროლს, აგრეთვე შესაბამის შემთხვევაში – სეისმურ აქტივობას. 3. კაშხალსა და სხვა ჰიდროტექნიკურ ნაგებობებთან მიდგომა უნდა იყოს უზრუნველყოფილი არასტანდარტულ პირობებშიც, თუ სხვაგვარად არ არის დასაბუთებული. 4. კომუნიკაციის სისტემები უნდა იყოს მუდმივად ოპერირებადი და რეზერვირებული. 5. I კლასის ჰიდროტექნიკური ნაგებობების კაშხლისათვის უნდა არსებობდეს არანაკლებ ორი დამოუკიდებელი ენერგომომარაგების წყარო, მათ შორის, ადგილზე განთავსებული გენერაციის წყარო, წყალსაგდები ნაგებობების, განათებისა და აუცილებელი მომსახურებების უზრუნველყოფისთვის. გათვალისწინებული უნდა იყოს ნორმალური და საგანგებო განათება.
მუხლი 76. კლასიფიკაციის წინადადება 1. დაგეგმვისა და პროექტირების ეტაპებზე განისაზღვრება ჰიდროტექნიკური ნაგებობის კლასი, რომელიც ეფუძნება ქვედა ბიეფში მოსალოდნელ შედეგებს, წყალსაცავის სიღრმესა და მოცულობას, კასკადურ კონტექსტს,ზემოქმედების დასაბუთებულ განვითარებას ამ რეგლამენტის შესაბამისად. 2. კლასიფიკაციის წინადადებამ უნდა დაადასტუროს შესაბამისობა საპროექტო და ექსტრემალური წყალმოვარდნებისთვის, აგრეთვე საპროექტო მიწისძვრის და ექსტრემალური მიწისძვრისთვის დადგენილ მინიმალურ განმეორებად პერიოდებთან და მათთან დაკავშირებულ თხემის ამაღლებისა და უსაფრთხოების მარაგებთან. 3. კლასიფიკაციის წინადადება უნდა მოიცავდეს დატბორვის ზონების რუკებს (კლასიფიკაციის რუკებს, რომლებიც აღნიშნავს გავრცელების არეალს), საკონტროლო-გამზომი ინვენტარის სიას და კლასიფიკაციის გადახედვის რეკომენდებულ ტრიგერებს.
მუხლი 77. ექსპლუატაციის წესების პროექტი 1. დაგეგმვისა და პროექტირების ეტაპზე უნდა შემუშავდეს ექსპლუატაციის წესების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს ნორმალურ ექსპლუატაციას, წყალმოვარდნების მართვას საპროექტო წყალმოვარდნამდე (IDF), ექსტრემალური წყალმოვარდნის პირობებში საგანგებო ქმედებებს, წყალსაცავის დამუშავების (მათ შორის, სწრაფი დამუშავების) წესებს, გვალვისა და ნალექების მართვის პროტოკოლებს, გათიშვებისა და ნაწილობრივი ექსპლუატაციის რეჟიმებს. 2. ფარების და საკეტების მართვის წესები (გახსნის/დახურვის სიჩქარეები და თანმიმდევრობა) უნდა განისაზღვროს როგორც ავტომატური, ისე ლოკალური ხელით მართვისთვის, ჰიდროტექნიკური ნაგებობის კლასის მიხედვით მოთხოვნის შემთხვევაში უწყვეტი კვების წყაროს (UPS) და ადგილზე განთავსებული სარეზერვო გენერაციის წყაროს უზრუნველყოფით. 3. ექსპლუატაციის წესების პროექტი უნდა მოიცავდეს ნატანის, ნარჩენებისა და ყინულის მართვას და მკაფიოდ უნდა განსაზღვრავდეს, რა პირობებში შეიძლება ჩაითვალოს წყალსატარი ნაგებობების ან ჰიდროენერგეტიკული წყალმიმღებების გამტარუნარიანობა საიმედოდ წყალმოვარდნის სამართავად. 4. ექსპლუატაციის წესების პროექტში უნდა იყოს აღწერილი კავშირები საგანგებო მართვის გეგმასთან (EAP), პერსონალის დაკომპლექტებასთან, სწავლებასთან, ტრენინგთან, ტელემეტრიასთან, შესაბამისი ჟურნალის შევსებასა და ანგარიშგებასთან.
მუხლი 78. დროებითი საგანგებო მართვის გეგმა (EAP) 1. დროებითი საგანგებო მართვის გეგმა (EAP) უნდა შემუშავდეს პროექტირების ეტაპზე და დასრულდეს წყალსაცავის პირველ შევსებამდე. 2. დროებითმა საგანგებო მართვის გეგმამ (EAP) უნდა განსაზღვროს მართვის სისტემა, მათ შორის: ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობები, უწყვეტი სამორიგეო რეჟიმი, საკონტაქტო ინფორმაცია და საკომუნიკაციო არხები. 3. დროებითი საგანგებო მართვის გეგმა (EAP) უნდა ასახავდეს ქვედა ბიეფის დაკალიბრებულ ორგანზომილებიან (2D) ჰიდრავლიკურ მოდელს, რომელიც მოიცავს: ა) წყლის ხარჯების გატარების მართვას ჰიდროტექნიკური ნაგებობის მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში; ბ) კაშხლის ტიპისა და მტყუნების პროცესების შესაბამისად კაშხლის გარღვევის შერჩეულ სცენარებს; გ) წყლის ხარჯების საექსპლუატაციო, მათ შორის, ნაწილობრივი გაშვების სცენარებს. 4. თითოეული სცენარისთვის უნდა მომზადდეს ციფრული რუკები, რომლებიც ასახავს: მაქსიმალურ სიღრმეს, სიჩქარეს, სიღრმისა და სიჩქარის ურთიერთდამოკიდებულებას, ტალღის მისვლის დროს, წყალმოვარდნის პიკის დადგომის დროს და საფრთხის მაჩვენებლებს სამოქალაქო თავდაცვის საჭიროებებზე მორგებულ ფორმატებში. 5. დროებითი საგანგებო მართვის გეგმით (EAP) უნდა განისაზღვროს შეტყობინებისა და გაფრთხილების პროცედურები, შესაბამის ორგანოებთან კოორდინაცია (საჭიროების შემთხვევაში საზღვრისპირა ქვეყნებთან კოორდინაციის ჩათვლით), აგრეთვე სწავლებებისა და წვრთნების პროგრამა და წვრთნების შემდგომი გაუმჯობესებების მექანიზმი. ასევე უნდა იყოს აღწერილი ღონისძებები/პროცედურები და ვადები საგანგებო მართვის გეგმის (EAP) საბოლოო ვერსიის დასამტკიცებლად წყალსაცავის პირველ შევსებამდე.
მუხლი 79. მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმის (MSMP) კონცეფცია 1. პროექტირების ეტაპზე უნდა მომზადდეს მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმის (MSMP) კონცეფცია მშენებლობის, მდინარის ნაკადის გადაგდების, წყალსაცავის პირველი შევსებისა და ექსპლუატაციის საწყისი ეტაპებისთვის, რომელმაც უნდა განსაზღვროს მიზნები, სადამკვირვებლო პარამეტრები, ინსტრუმენტული მონიტორინგის სენსორების ტიპები, განლაგება და ნიშნულები (დიაპაზონებისა და სიზუსტეების მითითებით), ენერგომომარაგების რეზერვირება და ხელით მართვის სარეზერვო რეჟიმები, მონაცემთა მიღების, ვალიდაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის/ხარისხის კონტროლის (QA/QC) პროცედურები, კალიბრაციისა და ფუნქციური ტესტირების წესები. 2. მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმის (MSMP) კონცეფცია უნდა შეესაბამებოდეს საპროექტო დოკუმენტაციას, ექსპლუატაციის წესების პროექტს, დროებით საგანგებო მართვის გეგმას (EAP), პირველი შევსების გეგმას და უსაფრთხოების ანალიზსა და რისკების შეფასებას (SRRA). 3. პირველ შევსებამდე უნდა განისაზღვროს ნულოვანი ანათვლები (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ფილტრაციული ხარჯები, პიეზომეტრული დონეები, მიკროსეისმურობა, ნიადაგის ტემპერატურა, ქვედა ბიეფის დონე და საწყისი დეფორმაციებისა და საკონტროლო გეოდეზიური გაზომვები). თითოეული პარამეტრისთვის უნდა შემუშავდეს და დადგინდეს ნულოვანი ანათვლები, საპროექტო-საანგარიშო, წინასაავარიო და ავარიული ზღვრული მნიშვნელობები, ესკალაციის ლოგიკით, საგანგებო მართვის გეგმასა (EAP) და ექსპლუატაციის წესებთან მკაფიო კავშირით. 4. მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმის (MSMP) კონცეფციით უნდა განისაზღვროს ხარისხის კონტროლის მეთოდები და უზრუნველყოფილი იყოს სრული გადამოწმებადობა, მათ შორის, სენსორების იდენტიფიკატორები, ნიშნულები და კალიბრაციის სერტიფიკატები. 5. მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმის (MSMP) კონცეფცია უნდა ადგენდეს მინიმალური მონიტორინგის პროგრამას, რომელიც ეტაპობრივად ამოქმედდება მშენებლობის პროცესში და სრულად იქნება გამართული პირველ შევსებამდე და მოიცავდეს არანაკლებ შემდეგ ფაქტორებს: ა) ჰიდროლოგიური/ჰიდრავლიკური: წყალსაცავის დონე, შემოდინება, დაღვრა, თხემის შემაღლება ნორმალური შეტბორვის დონიდან, ქვედა ბიეფი, ტალღები, ქარი, წყალსაშვი და წყალსაგდები ნაგებობების გატარებული ხარჯები და ხელმისაწვდომობა; ბ) ფილტრაცია და წნევები: ფუძის ზონაში და გალერეებში/განტვირთვის სისტემებში წყლის დებეტები (სიჩქარე და გამჭვირვალობა), ნაგებობების ქვეშ ჰიდროსტატიკური უკუწნევა, საკვანძო პიეზომეტრები კაშხალში, საძირკველსა და საყრდენებში, არსებული გრადიენტები საკონტროლო კვეთებში; გ) კონსტრუქციული დეფორმაციები: თხემის ჯდენა, გადახრა, საყრდენების გადაადგილება, ბეტონის ნაკერებისა და ბზარების გახსნის აღრიცხვა, ჯდენებისა და სიღრმული დეფორმაციების სადამკვირვებლო ქსელი საჭიროების შემთხვევაში; დ) ელექტრომექანიკური მართვა: ფარებისა და საკეტების პოზიცია და სვლა, ამძრავებისა და ჰიდრავლიკური ძალოვანი დანადგარის (HPU) წნევები, დახურვის და გახსნის დროები, ბლოკირების და შემზღუდავი ჩამრთველები, უწყვეტი კვების წყაროსა (UPS) და სარეზერვო გენერაციის სტატუსი; ე) წყლის კინეტიკური ენერგიის ჩაქრობა და ქვედა ბიეფი: ჩამქრობი ჭების უკუწნევა და დრენაჟები, აერატორების ჰაერის ხარჯები და წნევები, კავიტაციის ინსპექტირება, ეროზიისა და ბათიმეტრიის რეჟიმი; ვ) ენერგომომარაგება და კომუნიკაციები: ხელმისაწვდომობა, ავტონომიურობა, ტელემეტრია და საზედამხედველო კონტროლისა და მონაცემთა შეგროვების სისტემის (SCADA) ფუნქციონირება; ზ) სეისმიკა და მეტეოროლოგია: სეისმური ქსელი, აქსელეროგრაფი (მონტაჟის შემთხვევაში), ნალექების, ქარისა და ტემპერატურის მაჩვენებლები ნაგებობის ქცევის ინტერპრეტაციისთვის. 6. მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმის (MSMP) კონცეფციამ უნდა დაადგინოს ჰიდროტექნიკური ნაგებობის კლასებზე დაფუძნებული დაკვირვებების მინიმალური სიხშირეები ექსპლუატაციაში გაშვების პერიოდში ჰიდროტექნიკური ნაგებობის კლასების შესაბამისად, შემდეგი პირობების გათვალისწინებით: ა) რუტინული ექსპლუატაცია; ბ) გაძლიერებული პირობები (მაგალითად, წყალმოვარდნის მზადყოფნა, წყლის დონის სწრაფი მატება/რემპინგი); გ) მოვლენის შემდგომი შემოწმებები (წყალმოვარდნები, ძლიერი მიწისძვრები). 7. დაკვირვებების სიხშირეები შეიძლება განხორციელდეს უწყვეტად, ყოველდღიურად, ყოველკვირეულად, ყოველთვიურად ან მოვლენის მიხედვით, შესაბამისი დასაბუთებით. 8. მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმის (MSMP) კონცეფცია შესაბამისობაში უნდა იყოს ჰიდროტექნიკური ნაგებობების კლასთან და უნდა განსაზღვროს ვიზუალური ინსპექტირების რეჟიმი მშენებლობის, პირველი შევსების და ადრეული ექსპლუატაციისთვის, რომელშიც მითითებული იქნება მასშტაბი, მარშრუტები, საკონტროლო სიები, შესაგროვებელი მტკიცებულებები (გეორეფერენცირებული ფოტოები) და დაკვირვებების მინიმალური სიხშირეები (ყოველდღიურად და ყოველკვირეულად კრიტიკული სამუშაოების და ექსპლუატაციის თითოეულ შეჩერების დროს, მოვლენის დადგომიდან 24 საათის განმავლობაში). 9. მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმის (MSMP) კონცეფციამ უნდა განსაზღვროს ინსტრუმენტების შესაბამისობა და კონტროლი: გეოდეზიური ნიშნულები და რეპერები, ქარხნული და ობიექტზე მიღების ტესტები/კალიბრაცია (ტესტები, რომლებიც ტარდება იმის დასადასტურებლად, რომ ინსტრუმენტები აკმაყოფილებს განსაზღვრულ მოთხოვნებს და ფუნქციონირებს დანიშნულების შესაბამისად), ნულოვანი ანათვლები, დაყოვნების ზღვრული მნიშვნელობები, ენერგომომარაგებისა და ტელემეტრიის რეზერვირება, კიბერუსაფრთხოების კონტროლი და კრიტიკული გაზომვებისთვის ხელით ანათვლის აღების შესაძლებლობა. 10. მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმის (MSMP) კონცეფციამ უნდა აღწეროს ექსპლუატაციაში გაშვების მომენტის ანგარიშგება, მათ შორის, სულ მცირე: სიმძლავრის აქტიური მატების/რემპინგის დროს ყოველკვირეული მონიტორინგის ჩანაწერები, სხვა შემთხვევებში – ყოველთვიური შეჯამებები, ზღვრული მნიშვნელობების გადაჭარბების ან ინციდენტების შემდეგ – მოვლენის ანგარიშები და ტიპური ფორმა დაკვირვებების, მოდელირებით მიღებული პროგნოზებისა და პოტენციური მტყუნების სახეობების (PFM) ინტეგრაციისთვის. 11. მიწოდებული მასალები და ფორმატები უნდა იყოს შესაბამისი წესით დაკომპლექტებული არქივში გადასაცემად. 12. მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმის (MSMP) კონცეფცია უნდა მოიცავდეს ტექნიკური მომსახურების კონცეფციას მშენებლობისა და ექსპლუატაციაში გაშვებისთვის, კრიტიკული აქტივების იდენტიფიცირებით (ფარები, საკეტები, სარქველები, ამძრავები, ელექტროენერგია, უწვეტი კვების წყარო (UPS), გენერატორები, ზედამხედველობის კონტროლისა და მონაცემებთა შეგროვების სისტემა (SCADA), ტელემეტრია, სირენები, მოსახლეობის გაფრთხილება, დრენაჟი, აერაცია), პრევენციული, მაკორექტირებელი და საგანგებო დავალებებით, სათადარიგო ნაწილების სტრატეგიით, მიმწოდებლის მხარდაჭერითა (შესაძლებლობის შემთხვევაში) და სეზონისწინა მზადყოფნის შემოწმებებით. 13. მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმის (MSMP) კონცეფციამ უნდა დააწესოს ზღვრული მოთხოვნები, სადაც პროექტირების და ექსპლუატაციაში გაშვების დროს წინასწარ განისაზღვრება რიცხვითი კრიტერიუმები, ხოლო მნიშვნელოვანი ცვლილებებისას (დატვირთვის ცვლილება, სხვა საბაზისო ცვლილება) მათი შეცვლა უნდა მოხდეს მხოლოდ შეთანხმებული, კონტროლირებადი პროცესით, მულტიდისციპლინალური განხილვითა და შესაბამისი დამტკიცებით. 14. მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმის (MSMP) კონცეფციაში მითითებული უნდა იყოს დეტალური პროექტირების ეტაპზე მოსამზადებელი ნახაზები და გრაფიკები: მონიტორინგის აპარატურის განლაგების ნახაზები ჭრილებითა და ნიშნულებით, კაბელების, ელექტროენერგიის მიწოდების და ტელემეტრიის სქემები, ინსტრუმენტების განლაგების სქემები და მათი ტექნიკური მახასიათებლები (საიდენტიფიკაციო მონაცემები, მდებარეობა, სიღრმე, ნიშნული, გაზომვების დიაპაზონი და სიზუსტე, დანიშნულება შესაბამის პოტენციურ მტყუნების სახეობასთან (PFM), ინსპექტირების მარშრუტები, ტესტირებისა და ინსპექტირების გეგმები (ITP) და ტიპური ფორმები (ჟურნალები, საკონტროლო სიები, საინფორმაციო პანელები). 15. მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმის (MSMP) კონცეფციამ უნდა შეიმუშაოს მზადყოფნის კრიტერიუმები წყალსაცავის პირველ შევსებამდე, მათ შორის: მინიმალური მონიტორინგის პროგრამის დანერგვა და დადასტურება, მონაცემთა ხარისხისა და დაგვიანების ვალიდაცია, ბაზისური კვლევების დასრულება, ოპერატორების ტრენინგი ინსტრუმენტებისა და ტრიგერი-ქმედება-რეაგირების (TAR) შესახებ და საგანგებო მართვის გეგმის (EAP) შეტყობინების სისტემასთან ინტეგრაციის ტესტები. 16. ჰიდროტექნიკური ნაგებობის სამუშაო პირობების გათვალისწინებით (მაგალითად, ნატანის მართვა, ტემპერატურის ცვალებადობაზე რეაქცია, წყლის ხარისხის გავლენა ინტერპრეტაციაზე), მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმის (MSMP) კონცეფცია შეიძლება მოიცავდეს დამატებით გაზომვებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეაქციების ინტერპრეტაციისთვის, რაც უნდა იყოს დასაბუთებული საპროექტო დოკუმენტაციით და თანხვედრაში პირველი შევსების გეგმასთან.
მუხლი 80. წყალსაცავის პირველი შევსების გეგმა 1. წყალსაცავის პირველი შევსების გეგმა უნდა მოიცავდეს შემდეგს: ა) ეტაპობრივი შევსების დროს დონეების მატების ეტაპებს, შევსების სიჩქარეებს, შევსების შეჩერების დონეებს და მინიმალური დაკვირვების პერიოდებს სეზონური და მეტეოროლოგიური შეზღუდვების გათვალისწინებით; ბ) თითოეული შეჩერების დონეზე მზადყოფნის შემოწმებებს, მათ შორის, აღჭურვილობის მდგომარეობას, მათთან მიდგომადობის უზრუნველყოფას, რეზერვირებას, საკონტროლო-გამზომი ინსტრუმენტული სისტემების ფუნქციონირებას, მონაცემთა დაგვიანებას და ხარისხს; გ) თითოეული ეტაპისთვის მიზნობრივი მეთვალყურეობის განსაზღვრას და ანგარიშგების ფორმატისა და გრაფიკის დადგენას; დ) საკვანძო პარამეტრებისთვის ზღვრული მნიშვნელობებისა და შესაბამისი ქმედებების დადგენას, მათ შორის, ფოროვან წნევებს, ფილტრაციას, ჰიდროსტატიკურ უკუწნევას, დეფორმაციებს, გადაადგილებებს, ბზარებისა და ნაკერების ქცევას, წყალსაცავის დონესა და ტალღებს; ე) წყალსაცავის დამუშავების სპეციფიკას, წყალგაშვების ალტერნატიული საშუალებების განსაზღვრას, აგრეთვე ადამიანური რესურსების, სათადარიგო ნაწილებისა და ლოჯისტიკის უზრუნველყოფას საგანგებო ქმედებების განსახორციელებლად, მათ შორის, ექსპლუატაციის შეზღუდული რეჟიმის პირობებში; ვ) არასტანდარტული სიტუაციებისთვის განსაზღვრული ქმედებებისა და მათი გადაწყვეტის ღონისძებების აღწერას. 2. წყალსაცავის პირველი შევსების გეგმა უნდა განახლდეს ექსპლუატაციის წესების პროექტის, დროებითი საგანგებო მართვის გეგმის (EAP), მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმის (MSMP) შესაბამისად.
მუხლი 81. უსაფრთხოების ანალიზი და რისკების შეფასება (SRRA) დაგეგმვისა და პროექტირების ეტაპზე 1. დაგეგმვისა და პროექტირების ეტაპზე განხორციელებულმა უსაფრთხოების ანალიზმა და რისკების შეფასებამ (SRRA) უნდა უზრუნველყოს, რომ ჰიდროტექნიკური ნაგებობების განთავსება, დაგეგმარება, კრიტერიუმები და ექსპლუატაციის პროცედურები იყოს რისკებზე დაფუძნებული და შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტის მოთხოვნებს. 2. დაგეგმვისა და პროექტირების ეტაპზე უსაფრთხოების ანალიზი და რისკების შეფასება (SRRA) უნდა მოიცავდეს: ა) საბაზისო ინფორმაციას: ზოგადი, ტექნიკური, გარემოსდაცვითი და სოციალურ ზეგავლენასთან დაკავშირებული კვლევების შედგენასა და შეფასებას, ხარვეზებისა და განუსაზღვრელობების იდენტიფიცირებას და დაკარგული ან არასრული ინფორმაციის განახლებას; ბ) სამშენებლო მოედნის შემოწმებას: კომპლექსური შემოწმების ჩატარებას ჰიდროტექნიკურ ნაგებობაზე მისავლელი პირობების, წყლის გადაგდების შეზღუდვების, საყრდენებისა და საძირკვლის მდგომარეობის, სამშენებლო ლოჯისტიკის, წყალმოვარდნების გამტარობისა და ქვედა ბიეფში წყლის მიღების შესაძლებლობების დასადასტურებლად, ეტაპობრივი საველე და ლაბორატორიული კვლევების განსაზღვრას ხარისხის უზრუნველყოფის მიზნებისთვის; გ) მონიტორინგს: მშენებლობისა და პირველი შევსების მონიტორინგის მიზნების განსაზღვრას, საკონტროლო-გამზომი აპარატურის განთავსების გეგმას, სიზუსტეს, ენერგომომარაგებას, ტელემეტრიას, მონაცემთა მიღებას, რეზერვირებასა და მონაცემთა მართვას, ფუნქციური ტესტების, კალიბრაციის, ზღვრული მნიშვნელობებისა და განგაშების განსაზღვრას და საგანგებო მართვის გეგმასთან (EAP) ინტეგრაციას, საბაზისო გაზომვების იდენტიფიცირებას; დ) საგანგებო მართვას: დაკალიბრებული ორგანზომილებიანი (2D) ქვედა ბიეფის ჰიდრავლიკური მოდელის შემუშავებას, რომელიც საჭიროა კაშხლის დაუზიანებლად, კაშხლის გარღვევის ან ოპერაციული რეჟიმების დროს, წყლის ნაკადების გატარებით ქვედა ბიეფის დატბორვის რუკების შესადგენად, შესაბამისი ციფრული გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის (GIS) მასალის შედგენას, მართვის სისტემისა და საგანგებო მართვის გეგმის (EAP) ჩარჩოს განსაზღვრას, რომელიც უნდა დასრულდეს წყალსაცავის პირველ შევსებამდე; ე) პოტენციური მტყუნების სახეობების ანალიზს (PFMA): კომპლესური შემოწმებით, პოტენციური მტყუნების სახეობების ანალიზის ჩატარებას სარწმუნო პოტენციური მტყუნების სახეობების (PFM) იდენტიფიცირებით (დაწყება, მიმდინარეობა, კაშხლის გარღვევითი ან არაგარღვევითი შედეგები), წინამორბედი ინდიკატორებით, მონიტორინგის საჭიროებებითა და დროებითი კონტროლებით პოტენციური მტყუნების სახეობების (PFM) კლასიფიკაციას ალბათობა-შედეგის დონეებით და ქმედებების პრიორიტეტიზაციით; ვ) უსაფრთხოების ანალიზებს: ვ.ა) ჰიდროლოგიური: საპროექტო და ექსტრემალური მოვლენების შეფასება, ტრანსფორმაციის ეფექტიანობა, გამტარუნარიანობები, ფარების საიმედოობა, თხემის ამაღლება (ქარის და სეისმური ეფექტების ჩათვლით), მყარი ნატანის ჩამონადენი და დაგროვება; ვ.ბ) კონსტრუქციული: მდგრადობა და დეფორმაციები დასაბუთებული კომბინაციებისთვის (ნორმალური, წყალმოვარდნა, წყალსაცავის დამუშავება, მშენებლობა, წყლის გადაგდება/გადამისამართება, პირველი შევსება, ტემპერატურული ზემოქმედებები, ჰიდროსტატიკური უკუწნევა/ფილტრაცია), უსაფრთხოების კოეფიციენტებთან/ქცევის კრიტერიუმებთან შესაბამისობა, ფილტრები, დრენაჟები, გარდამავალი ზონები, უკუწნევის კონტროლი, შიდა ეროზია, საჭიროების შემთხვევაში რიცხვითი მოდელირება და ეტაპობრივი შესრულება; ვ.გ) სეისმური: ქცევა საპროექტო და ექსტრემალური მიწისძვრების პირობებში, გათხევადება/დაბზარვა, მიწისძვრის შემდგომი სტაბილურობა და ოპერატიულობა; ვ.დ) ელექტრომექანიკური: საიმედოობა, რეზერვირება, გარემო პირობები, ტესტირების რეჟიმები, ავარიულად უსაფრთხო მდგომარეობები, ძირითადი და სარეზერვო ენერგომომარაგება; ვ.ე) ჰიდროტექნიკური: წყალსაშვების, წყალმიმღებების, გვირაბების, წყალსატარების, შახტების, ენერგიის ჩამქრობი ნაგებობების, არხებისა და სადაწნეო მილსადენების ადეკვატურობა, ხელმისაწვდომობა, მოვლა და უსაფრთხო ექსპლუატაცია, აგრეთვე ქვედა ბიეფის დაცვა, ინსპექტირება და გამართულობის დამოწმება წყალმოვარდნის, წყალსაცავის დამუშავებისა და სეისმური პირობებისას; ვ.ვ) რეკომენდაციები: დასაბუთებული კონსტრუქციული და არაკონსტრუქციული რისკების შემცირების ღონისძიებების ჩამოყალიბება.
მუხლი 82. დოკუმენტაცია და არქივი 1. არქივში უნდა ინახებოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) საპროექტო დოკუმენტაცია და საპროექტო საფუძვლების ანგარიში; ბ) კლასიფიკაციის წინადადება; გ) ექსპლუატაციის წესების პროექტი; დ) დროებითი საგანგებო მართვის გეგმა (EAP); ე) წყალსაცავის პირველი შევსების გეგმა; ვ) მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმის (MSMP) კონცეფცია; ზ) საპროექტო დოკუმენტაციისთვის მომზადებული უსაფრთხოების ანალიზი და რისკების შეფასება (SRRA). 2. ყველა დოკუმენტი უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტით დადგენილ ფორმატსა და მონაცემთა სტანდარტებს.
თავი VIII. ჰიდროტექნიკური ნაგებობის მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება
მუხლი 83. ზოგადი მოთხოვნები ჰიდროტექნიკური ნაგებობის მშენებლობისა და ექსპლუატაციაში გაშვებისათვის 1. ჰიდროტექნიკური ნაგებობის მშენებლობის დაწყებამდე მფლობელმა უნდა დანიშნოს მშენებლობის ხელმღვანელი პირი. 2. მშენებლობის დაწყებამდე მფლობელმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოების ანალიზის და რისკების შეფასების (SRRA) ყველა იმ რეკომენდაციის შესრულება, რომელიც გავლენას ახდენს პროექტირებასა და მშენებლობაზე. 3. ჰიდროტექნიკური ნაგებობის მშენებლობა უნდა განხორციელდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის, დამტკიცებული პროექტის და ამ რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად. მშენებლობის პროცესში უნდა გაკონტროლდეს ყველა მიმდინარე სამშენებლო სამუშაო, მათ შორის: ა) საძირკვლის მომზადება და დამუშავება (შეუსაბამო გრუნტის ექსკავაცია, სუსტი ზონების დამუშავება, დრენაჟი და ფილტრაციული წყლის ნაკადების განტვირთვა); ბ) მიწაყრილი მასალების, გულის, ფილტრებისა და გარდამავალი ზონების მოწყობა და დატკეპვნა; გ) ბეტონის ხარისხის კონტროლი (ნარევი, მონოლითური ბეტონის ტემპერატურის კონტროლი, შრობა, ნაკერების დამუშავება და ჰიდროიზოლაცია); დ) ჰიდროტექნიკური ნაგებობის ტანში საკონტროლო-გამზომი ინსტრუმენტული სისტემების მონტაჟი და დაცვა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი ფუნქციონირება პირველი შევსებიდან. 4. მშენებლობის მიმდინარეობის შესაბამისი ანგარიშები უნდა წარედგინოს მფლობელს და მოთხოვნის შემთხვევაში ან დადგენილი წესით უფლებამოსილ ორგანოს/პირს, გრაფიკთან შესაბამისობის, ინციდენტების, შეცვლილი პირობების, რისკის ქვეშ მყოფი საპროექტო დაშვებებისა და ნებისმიერი უსაფრთხოების ზემოქმედების მითითებით. 5. კულტურული მემკვიდრეობის, არქეოლოგიური ობიექტის ან გარემოსთვის მგრძნობიარე ელემენტების აღმოჩენის შემთხვევაში მშენებლობის ხელმძღვანელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომპეტენტურ ორგანოებს და იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 84. მშენებლობის მართვა და ხარისხის უზრუნველყოფა 1. მშენებლობის და ექსპლუატაციაში გაშვების ეტაპზე უნდა დაინერგოს სამშენებლო ხარისხის უზრუნველყოფისა და ხარისხის კონტროლის (QA/QC) სისტემა, რომელიც შესაბამისობაში იქნება ჰიდროტექნიკური ნაგებობის კლასსა და ტიპოლოგიასთან და განსაზღვრავს ინსპექტირებისა და ტესტირების გეგმებს, შეჩერების და დაკვირვების ეტაპებს, მიღების კრიტერიუმებსა და ხარვეზების/მტყუნებების აღმოფხვრის წესებს. 2. მშენებლობის ეტაპზე გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ დამტკიცებულ სპეციფიკაციებთან შესაბამისი მასალები, რომელთა წყაროები, თვისებები, განთავსების და ტესტირების მოთხოვნები უნდა იყოს კონტროლირებადი და მიკვლევადი. 3. საზომ-საკონტროლო ინსტრუმენტები უნდა დამონტაჟდეს დამტკიცებული განლაგებების სქემის შესაბამისად, გაზომილი კოორდინატებითა და ნიშნულებით, დაცული უნდა იყოს დაზიანებისაგან, დაკალიბრებული, დაკავშირებული ელექტრომომარაგებასა და ტელემეტრიასთან და ექსპლუატაციაში გაშვებული პირველ შევსებამდე. 4. მშენებლობა უნდა შეესაბამებოდეს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მოთხოვნებს. 5. უსაფრთხოებაზე პოტენციური ზემოქმედების მქონე ფაქტორები (მაგ.: სამუშაო ადგილის წესრიგი, დაშვება, ტრანსპორტი, წყლის მოშორება, საამფეთქებლო სამუშაოები) უნდა აისახოს სამშენებლო დოკუმენტაციაში.
მუხლი 85. მდინარის გადაგდების სამუშაოები 1. მდინარის გადაგდების სქემები (გვირაბები, წყალგამტარი მილები, არხები, დროებითი კაშხლები ან კომბინირებული სისტემები), მათ შორის, მუდმივ ნაგებობებთან ნებისმიერი ინტეგრაცია, უნდა დაპროექტდეს და დამტკიცდეს განხორციელებამდე. 2. მდინარის გადაგდების სისტემამ უსაფრთხოდ უნდა გაატაროს გათვალისწინებული წყალმოვარდნა მშენებლობის პერიოდში, დადასტურებული ჰიდრავლიკური და სეისმური მდგრადობით, საკმარისი თავისუფალი შემაღლებით, ბლოკირების და თხემზე წყლის უკონტროლო გადადინების სცენარების გათვალისწინებით და განსაზღვრული სარეზერვო ღონისძიებებით (შემოვლა, ამოტუმბვა, სარეზერვო ელექტრომომარაგება/კომუნიკაციები). 3. მფლობელმა უნდა განახორციელოს მდინარის გადაგდების ეფექტიანობის შემოწმება და მონიტორინგი (მთლიანობა, ფილტრაცია, ჯდენა, დინების პირობები) და არასტაბილურობის ან ჩახერგვის ნიშნების გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიღებულ უნდა იქნეს შესაბამისი ქმედებები. 4. მდინარის გადაგდებამ მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს უარყოფითი ზემოქმედება ნატანის დალექვაზე, წყლის ხარისხსა და წყლის ეკოსისტემებზე, საჭიროების შემთხვევებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს გარემოსდაცვითი ხარჯები, ნალექების მართვა ან თევზსავალები.
მუხლი 86. ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციაში გაშვებისთვის მზადყოფნა წყალსაცავის პირველი შევსება არ უნდა დაიწყოს, სანამ უზრუნველყოფილი არ იქნება შემდეგი: ა) უსაფრთხოებისთვის მნიშნელოვანი სამუშაოები დასრულებულია შესაბამისი პროცედურების დაცით; ბ) წყალგამყვანი ნაგებობები, ფარები, საკეტები, სარქველები და მართვის სისტემები ექსპლუატაციაში გაშვებულია ელექტრომომარაგებისა და კომუნიკაციების ტესტირებული რეზერვირებით; გ) საკონტროლო-გამზომი ინსტრუმენტული სისტემები დამონტაჟებული, დაკალიბრებული და ფუნქციონირებადია; დ) ექსპლუატაციაში გაშვებისა და ექსპლუატაციის დაწყებისთვის მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმა (MSMP) მომზადებულია; ე) ექსპლუატაციის წესები მომზადებულია; ვ) საგანგებო მართვის გეგმა (EAP) განახლებულია ექსპლუატაციაში გაშვებისთვის და შეთანხმებულია შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან.
მუხლი 87. წყალსაცავის პირველი შევსება და კონტროლი 1. წყალსაცავის პირველი შევსება უნდა განხორციელდეს პირველი შევსების გეგმის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს ეტაპობრივ შევსებას, შევსების სიჩქარეებს, შევსების შეჩერების დონეებს, დაკვირვების მინიმალურ პერიოდებსა და ექსლუატაციაში გაშვების კრიტერიუმებს. 2. წყალსაცავის პირველი შევსების სრული პერიოდის განმავლობაში უნდა განხორციელდეს ვიზუალური შემოწმება, სულ მცირე, ფილტრაციის ზონებზე, საყრდენებზე, ზედაპირებზე, ფერდობებზე, გალერეებზე, დრენაჟებზე, წყალსაგდებ და წყალსაშვებ ნაგებობებზე და მათი შედეგები უნდა დაკორექტირდეს საკონტროლო-გამზომი ინსტრუმენტული სისტემების ჩვენებების შესაბამისად. 3. ჰიდროტექნიკურ ნაგებობასთან დაკავშირებული ნაგებობები, მათ შორის, გვირაბები, წყალმიმღებები, სადაწნეო მილსადენები, სათავე ნაგებობები, სადაწნეო გვირაბები, ელექტროსადგურის ნაგებობები უნდა შემოწმდეს კონსტრუქციულად და ჰიდრავლიკურად შევსებისას მოსალოდნელი წნევების და პირობების გათვალისწინებით. 4. საკონტროლო პარამეტრების ზღვრული მნიშვნელობების მიახლოების ან გადაჭარბების შემთხვევაში წყალსაცავის შევსება უნდა შენელდეს ან შეჩერდეს და განხორციელდეს მიზნობრივი შემოწმებები. იმ შემთხვევაში, თუ ანომალიური ან აჩქარებული ტენდენციები შენარჩუნდება, უნდა დაიწყოს წყლის დაცლა საგანგებო მართვის გეგმისა (EAP) და ექსპლუატაციის წესების შესაბამისად. 5. წყალსაცავის პირველი შევსება დასრულებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, როდესაც ყველა ეტაპი აკმაყოფილებს ჰიდროტექნიკური ნაგებობის ქცევის კრიტერიუმებს, საკონტროლო-გამზომი აპარატურის ჩვენებების ტენდენციები სტაბილურია ან დამაკმაყოფილებლად არის ახსნილი ნორმალური შეტბორვის დონის (NML) მინიმუმ ერთი შეჩერების შემდეგ და ექსპლუატაციის წესები განახლებულია მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმის (MSMP) შესაბამისად.
მუხლი 88. მშენებლობის ხარისხის კონტროლის დოკუმენტაცია 1. მშენებლობის ხარისხის კონტროლის დოკუმენტაცია ადასტურებს შესრულებული სამუშაოების შესაბამისობას დამტკიცებულ საპროექტო დოკუმენტაციასთან, სანებართვო პირობებთან და შესაბამის სტანდარტებთან. აღნიშნული დოკუმენტაცია უნდა განახლდეს მშენებლობის პროცესში და მოთხოვნის შემთხვევაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსთვის. 2. მშენებლობის ხარისხის კონტროლის დოკუმენტაცია, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს შემდეგს: ა) ხარისხის კონტროლის მართვას: ტექსტირებისა და ინსპექტირების გეგმები (ITP), შეჩერებისა და დაკვირვების ეტაპები, მიღების კრიტერიუმები (დოკუმენტირებული ტექნიკური მოთხოვნები, მათ შორის, გაზომვადი ზღვრული მნიშვნელობები და „ტოლერანსები“/დასაშვები ზღვრული მნიშვნელობები, რომელთა მასალები და შესრულებული სამუშაოები უნდა აკმაყოფილებდეს და შესაბამისობაში იყოს დამტკიცებულ საპროექტო დოკუმენტაციასა და მოქმედ კანონმდებლობასთან), გამოვლენილი ხარვეზების ნუსხა, მათი გამოსწორების დამადასტურებელი მტკიცებულებები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საპროექტო ან მეთოდურ ცვლილებათა რეესტრი; ბ) საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი შესრულების სავალდებულო ჩანაწერებს: საერთო სამშენებლო ჟურნალი, პროექტის ავტორის ზედამხედველობის ჩანაწერები და რეკომენდაციები, ტექნიკური ზედამხედველობის ანგარიშები; ფარული სამუშაოების აქტები, შესრულებული სამუშაოების შუალედური და საბოლოო მიღების აქტები; გ) ფუძე-საძირკვლების და გეოტექნიკურ სამუშაოებს: გეოლოგიური/გეოტექნიკური რუკები, ფუძე-საძირკვლის დამუშავებისა და მომზადების ჩანაწერები, საცემენტაციო ინექციური ფარდის, დრენაჟის საშემსრულებლო და მიღების ტესტები, ჰიდროსტატიკური უკუწნევის და დრენაჟის ფუნქციონირების შემოწმებები, სტაბილიზაციის/ანკერირების სამუშაოები; დ) მიწაყრილის სამუშაოებს: მასალების წყაროს დამტკიცებები და სერტიფიკატები, თვისებები, განთავსების ჟურნალები მდებარეობისა და ნიშნულის მიხედვით, ადგილზე სიმკვრივისა და წყალგამტარობის შედეგები, ფილტრებისა და დრენაჟების გრანულომეტრია თავსებადობის შემოწმებებით, ზონირებისა და მოცულობების შეჯამებები; ე) ბეტონის სამუშაოებს: ნარევის შემადგენლობა და საცდელი შედეგები, ჩასხმისა და შრობის ჩანაწერები, მასიური ბეტონის ტემპერატურული კონტროლი, სიმტკიცის სტატისტიკა, ნაკერების დამუშავებისა და ინექციის ჩანაწერები, წყლის იზოლაცია, ბზარების აღრიცხვისა და შეკეთების ჩანაწერები; ვ) ლითონ-კონსტრუქციების, მექანიკურ, ელექტრულ, მართვისა და საკომუნიკაციო სისტემებს: ქარხნული და ჰიდროტექნიკურ ნაგებობაზე მიღების შემდგომი ტესტები, წყალსატარი მილების და სადაწნეო მილსადენის წნევის და დაჭირხვნის ტესტები, საკეტების, სარქველების, ფარების სვლის, ბრუნვის მომენტის და დახურვის დროის შემოწმება, ბლოკირების და ჩამრთველების ლიმიტების ტესტები, დაცვისა და რელეების პარამეტრები, იზოლაციისა და დამიწების ტესტები, გენერატორის, უწყვეტი კვების წყაროს (UPS) ექსპლუატაციაში გაშვება, საზედამხედველო კონტროლისა და მონაცემთა შეგროვების სისტემა (SCADA), ტელემეტრიისა და კომუნიკაციების ტესტები; ზ) საკონტროლო-გამზომ ინსტრუმენტულ სისტემებს და მონიტორინგს: ჩამონტაჟებული ინსტრუმენტების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა, განთავსების კოორდინატების და ნიშნულების გადამოწმება პროექტის რეპერებთან მიმართებაში, მონტაჟის ჟურნალები, დაკალიბრებისა და ექსპლუატაციაში გაშვების სერტიფიკატები, მონაცემთა შეგროვებისა და ტელემეტრიის შემოწმება, ნულოვანი ანათვლები; თ) გარემოს დაცვის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კონტროლს: განხორციელებული ღონისძიებების ჩანაწერები, გამოვლენილი ხარვეზები და მათი აღმოფხვრის ღონისძიებები იმ შემთხვევებში, როდესაც ისინი გავლენას ახდენენ სამუშაოების ხარისხსა ან/და უსაფრთხოებაზე; ი) სერტიფიკატებსა და მტკიცებულებებს: სამშენებლო მასალებისა და აღჭურვილობის შესაბამისობის სერტიფიკატები, შედუღების და ურღვევი ტესტების (NDT) ანგარიშები (არსებობის შემთხვევაში), ლაბორატორიული ტესტების პროტოკოლები, მეტროლოგიის და კალიბრაციის სერტიფიკატები და შესაბამისი სპეციფიკური საქმიანობებისთვის პერსონალის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; კ) გეოდეზიურ და ჩაყოლებული/ჩამონტაჟებული საკონტროლო-გამზომი ინსტრუმენტებით ჩატარებული კვლევების შედეგებს: ფოტოდოკუმენტაცია, სერტიფიცირებული საშემსრულებლო ნახაზები, მოდელები (კომპიუტერული მხარდაჭერით შესრულებული პროექტირება (CAD)/ ჰიდროტექნიკური ნაგებობის საინფორმაციო მოდელირება (BIM)/გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა (GIS)), ანათვლების დოკუმენტები შესაბამის საკოორდინატო სისტემებში, ტესტირებისა და გაზომვების ნულოვან მონაცემთა ბაზები, გადამოწმებადობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფის მიზნით. 3. ყველა დოკუმენტს უნდა ჰქონდეს უნიკალური იდენტიფიკატორები, თარიღები, პასუხისმგებელი პირების ხელმოწერები, ბეჭდები და შესაბამისი უნდა იყოს დამტკიცებულ სამშენებლო დოკუმენტაციასთან. 4. მშენებლობის ხარისხის კონტროლის დოკუმენტაცია უნდა ინახებოდეს არქივში. 5. ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს მაკორექტირებელი ქმედებები, ხელახალი ტესტირება ან/და შედგეს დამატებითი დოკუმენტაცია. 6. გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრამდე წყალსაცავის შევსება ან ტესტირება დაუშვებელია.
მუხლი 89. საშემსრულებლო ანგარიში 1. მშენებლობის დასრულების შემდეგ უნდა შედგეს საშემსრულებლო ანგარიში, რომელიც დაადასტურებს განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების შესაბამის დოკუმენტაციასა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას, ხოლო დამტკიცებული პროექტიდან ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, უნდა მიეთითოს შესაბამისი ტექნიკური დასაბუთება. 2. საშემსრულებლო ანგარიში უნდა მოიცავდეს: სერტიფიცირებულ საშემსრულებლო ნახაზებსა და მოდელებს, შესრულებულ სამშენებლო და გეოტექნიკურ სამუშაოებს (საბოლოო კონფიგურაცია, ფუძე-საძირკვლის დამუშავებები, მიწაყრილის ზონები, მოცულობები და მიღწეული შედეგები, ბეტონის მოცულობები, სიმტკიცე, ტემპერატურული ქცევა, ნაკერების, ინექციების, ბზარების აღრიცხვა და მათი შეკეთება), ჰიდრავლიკური ნაგებობებისა და სადაწნეო წყალსატარების კონფიგურაციას და ტესტირების შედეგებს, დამონტაჟებულ მექანიკურ, ელექტრულ მართვის სისტემებს დაკალიბრებული პარამეტრებითა და რეზერვირებით და საკონტროლო-გამზომ ინსტრუმენტულ სისტემას ნულოვანი ჩვენებებით და გაზომვების სიზუსტის მითითებით. 3. საშემსრულებლო ანგარიში უნდა ინახებოდეს არქივში.
მუხლი 90. საგანგებო მართვის გეგმა (EAP) ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციაში გაშვებისთვის 1. წყალსაცავის პირველი შევსების დაწყებამდე ან ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციაში გაშვებამდე, საგანგებო მართვის გეგმა (EAP) უნდა განახლდეს არსებული ფაქტობრივი მდგომარეობისა და ექსპლუატაციაში გაშვების პირობების ასახვით და წარედგინოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს. 2. ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციაში გაშვებისთვის საგანგებო მართვის გეგმა (EAP) უნდა მოიცავდეს: ა) დატბორვის რუკებს ნებისმიერი რაოდენობის წყლის ხარჯების გასატარებლად კაშხლის ნგრევის გარეშე; ბ) მისვლის დროებს, სიღრმეებს, სიჩქარეებს, საფრთხის ინდექსებს კაშხლის გარღვევის სცენარებისა და წყალსაცავის ოპერაციული დაცლისთვის. 3. ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციაში გაშვებისთვის საგანგებო მართვის გეგმამ (EAP): ა) უნდა დაადგინოს რეაგირების დასაბუთებული ქმედებები პოტენციური მტყუნების სახეობასა (PFM) და ექსპლუატაციაში გაშვების ზღვრულ დონეებთან მიმართებაში; ბ) განსაზღვროს შეტყობინებისა და გაფრთხილების პროცედურები რეზერვირებითა და ტიპური ფორმებით; გ) აღწეროს წვდომის შესაძლებლობა არასასურველ პირობებში, ინციდენტის მართვის ლოკაციები, ევაკუაციის მარშრუტები და სატრანსპორტო მოძრაობის მართვა; დ) წარმოაჩინოს წყლის გაშვების ან ალტერნატიული გაშვების პროცედურები არსებული რესურსებისა და ურთიერთდახმარების შეთანხმებების გათვალისწინებით. 4. უნდა არსებობდეს სწავლებისა და ვარჯიშების პროგრამა ჩანაწერებითა და მაკორექტირებელი ქმედებების აღრიცხვით, რომელიც აჩვენებს მის კავშირს ექსპლუატაციის წესებთან, მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმასა (MSMP) და წყალსაცავის პირველი შევსების გეგმასთან.
მუხლი 91. წყალსაცავის პირველი შევსების ანგარიში 1. წყალსაცავის პირველი შევსების დასრულების შემდეგ, უნდა შედგეს პირველი შევსების ანგარიში. 2. წყალსაცავის პირველი შევსების ანგარიში უნდა აღწერდეს განხორციელებულ პროცესს (შევსების სიჩქარეები, შეჩერების დონეები, დაკვირვების პერიოდები), დააფიქსიროს მონიტორინგისა და მეთვალყურეობის შესრულება (გაზომილი მონაცემების ხარისხი, საზომ-საკონტროლო ინსტრუმენტების მდგომარეობა, გაზომილი ცვლადების დაკვირვევება ქრონოლოგიური მიმდევრობით), დაკვირვებების შედეგებით განმარტოს ჰიდროტექნიკური ნაგებობის ქცევა (ფილტრაციები, ჰიდროსტატიკური უკუწნევა, ფოროვანი წნევები, დეფორმაციები, გადაადგილებები, ნაკერების რეაქცია, წყალსაგდები და წყალსაშვები ნაგებობების საექსპლუატაციო მზადყოფნა, ენერგიის ჩამქრობი ნაგებობების ფუნქციონირება) ექსპლუატაციაში გაშვების კრიტერიუმებთან მიმართებაში და აღწეროს ინციდენტები, განგაშის სიგნალები, გამოვლენილი ხარვეზები, მიზეზები, მაკორექტირებელი ღონისძიებები და ნებისმიერი დროებითი შეზღუდვა, რომელიც იქნა დაწესებული.
მუხლი 92. ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციაში გაშვებისა და საწყისი ექსპლუატაციის წესები 1. ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციაში გაშვებისა და საწყისი ექსპლუატაციისთვის უნდა განახლდეს ექსპლუატაციის წესები, რომელშიც უნდა აისახოს აშენებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების საბოლოო კონფიგურაცია, დამოწმებული ჰიდრავლიკური გამტარიანობა და ექსპლუატაციაში გაშვების შეზღუდვები. 2. ექსპლუატაციის წესებმა უნდა განსაზღვროს: უფლება-მოვალეობები, აღწეროს წყალსაცავის რეგულირება (წყლის დონის სეზონური ცვალებადობის მრუდები, წყალმოვარდნის მართვა, გვალვისა და ეკოლოგიური წყლის ხარჯები, სხვა ნაგებობებთან კოორდინაცია), დააწესოს ნორმალური და საგანგებო პროცედურები წყალსაშვები და წყალსაგდები ნაგებობებისთვის (ფარების გახსნა-დახურვის თანმიმდევრობა და სიჩქარეები, ნატანის და ყინულის მართვა), განსაზღვროს ნაწილობრივი ფუნქციონირების ან შეჩერების პირობები (საკომპენსაციო ღონისძიებები, დროებითი შეზღუდვები, ექსპლუატაციის წესებიდან გადახრის მექანიზმი), შევსების კონტროლი, მონიტორინგისა და ინსპექტირების სიხშირე, გადაწყვეტილებების მიღების წესები შევსების გაგრძელების, შეჩერების და დაღვრისთვის და ანგარიშგების ვალდებულებები. 3. ექსპლუატაციის წესებში დადგენილი პროცედურები უნდა შეესაბამებოდეს საგანგებო მართვის გეგმას (EAP) და მოიცავდეს წყალსაცავის დამუშავების პრიორიტეტებს, ენერგოსისტემების ნულიდან გაშვების და უსაფრთხო გამორთვის წესებს, ნალექების შედეგად გამოწვეული ფაქტობრივი გარემოებების მართვას, ზამთრისთვის მომზადებას და წყლის ხარისხის კონტროლს საჭიროების შემთხვევაში.
მუხლი 93. უსაფრთხოების ანალიზი და რისკების შეფასება (SRRA) მშენებლობისა და ექსპლუატაციაში გაშვების ეტაპზე 1. უსაფრთხოების ანალიზი და რისკების შეფასება (SRRA) უნდა განხორციელდეს: ა) მშენებლობის დასრულებისას წყალსაცავის შევსების დაწყებამდე; ბ) წყალსაცავის პირველი შევსების/ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ (ეტაპობრივი შევსების დასრულების შემდეგ); გ) იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობის პირობები არსებითად შეიცვლება დამტკიცებულ საპროექტო დოკუმენტაციაში გათვალისწინებულ პირობებთან მიმართებაში. 2. ჰიდროტექნიკური ნაგებობის მშენებლობისა და ექსპლუატაციაში გაშვების ეტაპზე უსაფრთხოების ანალიზი და რისკების შეფასება (SRRA) უნდა მოიცავდეს: ა) საბაზისო ინფორმაციის მიმოხილვას ან განახლებას, ხელმოწერილ საშემსრულებლო ნახაზებს, დამტკიცებულ ცვლილებებსა და ვარიაციებს, გამოვლენილ ხარვეზებსა და მაკორექტირებელი ქმედებების ჩანაწერებს, მასალების ტესტირების შედეგებს, ცემენტაციის, დრენაჟის, ჰიდროიზოლაციის ჩანაწერებს, მშენებლობის ხარისხის კონტროლის დოკუმენტაციას, წყალსაცავის შევსებამდე ჩატარებულ შემოწმებებს, ფუნქციურ და დატვირთვით ტესტებს, ფარებისა და საკეტების მშრალ და სველ რეჟიმში გამოცდას, ინტერლოკებსა და უსაფრთხო მდგომარეობაში დაბრუნების პროცედურებს, ნულიდან გაშვების ტესტებს ავარიულ ან/და უსაფრთხო მდგომარეობებს, სათადარიგო ნაწილებს, საკონტროლო-გამზომი ინსტრუმენტული სისტემების საბოლოო განლაგებებს, მონტაჟის ჟურნალებს, დაკალიბრებებს, საწყის ჩვენებებს, მიღების ტესტებსა და ტელემეტრიის შემოწმებას, წყალსაცავის პირველი შევსების ექსპლუატაციის წესებს და ექსპლუატაციაში გაშვებისათვის განკუთვნილ საგანგებო მართვის გეგმას (EAP), შეტყობინებების იერარქიას, სწავლებების ჩანაწერებსა და შესაბამის სიტუაციაში უფლებამოსილ ორგანოებს/პირებს შორის კომუნიკაციის კოორდინაციას; ბ) ჰიდროტექნიკური ნაგებობის მდგომარეობის შემოწმებას: კომპლექსური შემოწმების ჩატარებას მშენებლობის დასრულებისას და წყალსაცავის პირველი შევსების შემდეგ კონსტრუქციული მდგრადობის საკონტროლო მაჩვენებლების საფუძველზე (მიწის სამუშაოები, ფერდობების გამაგრებები და ქვაბულის დამუშავება, მიწაყრილის ზონირება, ტკეპნა, ბეტონის ჩასხმა, ტემპერატურული კონტროლი, ფილტრები, დრენაჟები, გარდამავალი ზონები, გალერეები, ნაკერები, ჰიდროსტატიკური უკუწნევა, წყალსაშვები და წყალსაგდები ნაგებობები, ენერგიის ჩამქრობი, მისასვლელები, გადაადგილების მარშრუტები და უსაფრთხოების ნიშნები); გ) მონიტორინგის სისტემისა და მონაცემების შეფასებას: ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციაში გაშვებისათვის განკუთვნილი მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმის (MSMP) განხორციელების დადასტურებას (ელექტრომომარაგება და მისი რეზერვირება, ტელემეტრია, განგაშის სირენები, ხელით აღებული სარეზერვო ჩვენებები), მაჩვენებლების ვალიდაციას წყალსაცავის ეტაპობრივ შევსებასთან მიმართებით (პიეზომეტრია, დეფორმაციები, ფილტრაცია, ჰიდროსტატიკური უკუწნევა, გადაადგილებები, ტემპერატურები), საპროექტო-საანგარიშო და წინასაავარიო ზღვრულ მნიშვნელობებთან შესაბამისობის დადასტურებას, დასაშვები მნიშნელობების გადაჭარბებების, გამოკვლევებისა და შედეგების დოკუმენტირებას; დ) საგანგებო მართვის გეგმის (EAP) შეფასებას: საგანგებო მართვის გეგმის (EAP) პრაქტიკულად გამოყენებადობის დადასტურებას (გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება, უწყვეტი მორიგეობა, კომუნიკაციების რეზერვირება, სწავლებისა და სიმულაციების შედეგები), ავარიული სცენარებისთვის წყლის დაცლის საექსპლუატაციო შესაძლებლობის დადასტურებას (ნაწილობრივი გახსნა, ფარის გაჭედვა, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა), ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციაში გაშვების საცდელი ხარჯების დამოწმებას და ქვედა ბიეფის დატბორვის მოდელებისა და რუკების შესაბამისობას საშემსრულებლო გეომეტრიასთან და ტოპოგრაფიასთან; ე) პოტენციური მტყუნების სახეობის ანალიზის (PFMA) განახლებას: არსებული მდგომარეობისა და ექსპლუატაციაში გაშვების დაკვირვებების ასახვით, წყალსაცავის პირველი შევსებისა და საწყისი ექსპლუატაციისთვის მნიშვნელოვან პოტენციურ მტყუნების მექანიზმებზე (მაგ.: შიდა ეროზია გამოწვეული კონტაქტებში წყალშეღწევადობაზე, ფილტრების გარდამავალი ზონების მოწყობა, სწრაფი გაჯერება ან გამოშრობა, ფილების ან/და პანელების ფილტრაცია, საძირკვლის დეფექტები, ფარების გაუმართაობა). თითოეული პოტენციური მტყუნების სახეობისთვის (PFM) უნდა დადასტურდეს წინამორბედი ნიშნები, ინდიკატორები და დაცვის მექანიზმები. ჰიდროტექნიკური ნაგებობის კლასიფიკაცია უნდა განხორციელდეს ალბათობა–შედეგის მიხედვით და დოკუმენტირებული უნდა იყოს დაშვებები, განუსაზღვრელობებიდან გამომდინარე დგინდება შემდგომი კვლევების საჭიროება; ვ) უსაფრთხოების ანალიზებს: ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციაში გაშვების მონაცემებისა და განახლებული მოდელების გამოყენებით, რომლებითაც უნდა დადასტურდეს: ვ.ა) ჰიდროლოგიური უსაფრთხოება (თავისუფალი ბორტი და გამტარუნარიანობა საწყისი ექსპლუატაციის დატვირთვებისთვის, ნარჩენებისა და ჰაერის შერევის რისკები); ვ.ბ) კონსტრუქციული უსაფრთხოება (სტაბილურობა და ძაბვა–დეფორმაციის რეაქცია მიღწეული წნევების პირობებში, ჰიდროსტატიკური უკუწნევის გრადიენტები, დრენაჟის შესრულება, სწრაფი შევსების სტაბილურობა, შიდა ეროზიისადმი მგრძნობელობა); ვ.გ) სეისმური უსაფრთხოება (დადასტურება იმისა, რომ ჰიდროტექნიკური ნაგებობა მისი შემადგენელი მასალები და ყველა დამონტაჟებული სისტემა, საშემსრულებლო მდგომარეობით შეესაბამება სეისმომედეგობის საფუძვლებს, მოვლენების შემდგომი შემოწმება და ფუნქციური ტესტირება); ვ.დ) ელექტრომექანიკური სისტემების უსაფრთხოება (საიმედოობა სველ დატვირთვებსა და საგანგებო თანმიმდევრობებში, მათ შორის, ენერგიისა და მართვის დაკარგვისას და ხელით მართვის რეჟიმებში); ვ.ე) ჰიდროტექინკური ნაგებობების უსაფრთხოება (წყალსატარების გამტარუნარიანობა, ენერგიის ჩაქრობა, კავიტაციის ზღვარი, ჰაერის მიწოდება, მისადგომობა და მოვლა წყალსაცავის მიღწეული დონეების პირობებში); ვ.ვ) უსაფრთხოების გაუმჯობესების რეკომენდაციები (კონსტრუქციული და არაკონსტრუქციული ღონისძიებების ჩამოყალიბება და პრიორიტეტიზაცია).
მუხლი 94. ჰიდროტექნიკური ნაგებობების ექსპლუატაციაში გაშვებისთვის გასატარებელი ღონისძიებები 1. ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციაში გაშვებამდე უნდა შესრულდეს უსაფრთხოების ანალიზის და რისკების შეფასების (SRRA) ყველა რეკომენდაცია, რომელიც გავლენას ახდენს უსაფრთხოებაზე და შესაბამისად უნდა განახლდეს ექსპლუატაციის წესები, საგანგებო მართვის გეგმა (EAP), მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმა (MSMP) და წყალსაცავის პირველი შევსების გეგმა. 2. წყალსაცავის პირველი შევსებისა და საწყისი ექსპლუატაციის დროს დაკვირვებისას გამოვლენილი ჰიდროტექნიკური ნაგებობის ქცევა გამოყენებული უნდა იქნეს ზღვრული დონეების, საგანგებო ღონისძიებებისა და შემდგომი პერიოდული უსაფრთხოების ანალიზის და რისკების შეფასების (SRRA) მოცულობის განახლებისთვის. 3. ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაცია შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადასტურდება, რომ: ა) ჰიდროტექნიკური ნაგებობა შეესაბამება შესაბამისი ნებართვით განსაზღვრულ სანებართვო პირობებს და მოქმედ კანონმდებლობას; ბ) არქივში სრულად არის დაცული ამ რეგლამენტით განსაზღვრული დოკუმენტაცია; გ) აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს.
მუხლი 95. დოკუმენტაცია და არქივი 1. არქივში უნდა ინახებოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) მშენებლობის ხარისხის კონტროლის დოკუმენტები; ბ) მშენებლობის საშემსრულებლო ანგარიში; გ) ექსპლუატაციაში გაშვებისათვის განახლებული საგანგებო მართვის გეგმა (EAP); დ) წყალსაცავის პირველი შევსების ანგარიში; ე) უსაფრთხოების ანალიზი და რისკების შეფასების (SRRA) ანგარიშები მშენებლობის დასრულებისა და წყალსაცავის პირველი შევსების შემდეგ. 2. ყველა დოკუმენტი უნდა შეესაბამებოდეს ამ თავით დადგენილ მოთხოვნებს.
თავი IX. ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურება
მუხლი 96. ზოგადი მოთხოვნები ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციისთვის 1. ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაცია დასაშვებია მას შემდეგ, რაც: ა) დანიშნული იქნება ექსპლუატაციის ხელმძღვანელი და საექსპლუატაციო პერსონალი; ბ) დასრულებული იქნება წყალსაცავის (არსებობის შემთხვევაში) პირველი შევსების ანგარიში; გ) დამტკიცებული იქნება ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციის წესები; დ) შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან სათანადო წესით შეთანხმებული იქნება განახლებული საგანგებო მართვის გეგმა (EAP); ე) წყალსაცავის პირველი შევსების შემდგომ დასრულებული იქნება უსაფრთხოების ანალიზი და რისკების შეფასება (SRRA) და დაკმაყოფილებული იქნება მასში მითითებული ყველა პირობა. 2. ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციის პერიოდში ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების და გარემოს დაცვა უნდა იყოს უპირატესი სხვა მიზნებთან შედარებით. აღნიშნული გარემოებების ურთიერთწინააღმდეგობის წარმოშობის შემთხვევაში გადაწყვეტილებების მიღებისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს უსაფრთხოების კრიტერიუმებს. 3. ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაცია, მათ შორის, კლასიფიკაცია, მოვლა და მონიტორინგი უნდა განხორციელდეს ამ რეგლამენტის, შესაბამისი ტექნიკური რეგულირების დოკუმენტების, ექსპლუატაციის წესების, მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმის (MSMP), საგანგებო მართვის გეგმის (EAP) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 97. ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციის წესები 1. მფლობელი პასუხისმგებელია ამ რეგლამენტისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით უზრუნველყოს ჰიდროტექნიკური ნაგებობებისთვის ექსპლუატაციის წესების მომზადება, დამტკიცება, განახლება და განხორციელება შესაბამისი კვალიფიციური სპეციალისტების მეშვეობით. 2. ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციის წესები სრულად უნდა შეესაბამებოდეს საგანგებო მართვის გეგმასა (EAP) და მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმას (MSMP) და საჭიროების შემთხვევაში, კოორდინირებული უნდა იყოს მდინარის აუზის მართვისა და ტრანსსასაზღვრო მართვის მექანიზმებთან ასეთის არსებობის შემთხვევაში. 3. ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციის წესებმა ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტში მითთებულ მოთხოვნებთან ერთად უნდა განსაზღვროს ქსპლუატაციის სტრატეგია საპროექტო წყალმოვარდნის (IDF)-ს ჩათვლით, მათ შორის: გადაწყვეტილების მიღების ზღვრული კრიტერიუმები, უფლებამოსილებები და საკომუნიკაციო პროცედურები და მკაფიოდ უნდა მოიცავდეს ნაწილობრივი ოპერატიულობის შემთხვევებს (მაგალითად, წყალსაშვის ფარის მწყობრიდან გამოსვლა ან გამორთვა). 4. თუ ამ თავში აღნიშნული დოკუმენტაციით სხვაგვარად არ არის დასაბუთებული, წყალმოვარდნის ტრანსფორმაციის გაანგარიშებებში უნდა იქნეს მიღებული ფარების შეზღუდული ხელმისაწვდომობა. 5. ნებისმიერი წინასწარი გაშვების სტრატეგია უნდა განსაზღვრავდეს წინაპირობებს, შეტყობინების და უსაფრთხოების მოთხოვნებს. 6. წყალსაშვი და წყალსაგდები ნაგებობებისთვის, წყალმიმღებებისთვის და ნაგავდამჭერი გისოსებისათვის, სადაწნეო და უდაწნეო გვირაბებისათვის შახტებისა და სადაწნეო მილსადენისთვის, გამთანაბრებელი და ჰაერმიმწოდებელი სისტემებისთვის, აგრეთვე ენერგიის ჩამქრობი ნაგებობებისთვის, ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციის წესებმა უნდა განსაზღვროს საექსპლუატაციო ქმედებების თანმიმდევრობა, გახსნა-დახურვის სიჩქარეები, ბლოკირებები და თითოეული რეჟიმისთვის მინიმალური ფუნქციური კონფიგურაცია. 7. საგანგებო პროცედურებმა უნდა მოიცვას: ოპერატიული ელექტროენერგიის, მართვის ლოგიკური ბლოკის ან კავშირის დაკარგვა, მათ შორის, „ნულიდან გაშვება“ (სისტემის აღდგენა), ავარიული გათიშვა, ხელით მართვა და სარეზერვო ენერგიის წყაროები საგანგებო პირობებში ელექტროენერგიით უზრუნველყოფისათვის. 8. ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციის წესები უნდა მოიცავდეს ფუნქციონალურ ტესტებს ჰიდროტექნიკური ნაგებობების/მოწყობილობების კლასიფიკაციისა და მწარმოებლის მიერ დაწესებულ შეზღუდვებთან შესაბამისი პერიოდულობით, მათ შორის: ა) დინამიკური, გაღება/დახურვის დროის შემოწმებებს, რომლებიც გამოიყენება დაუმყარებელი რეჟიმებისა და რხევების ანალიზში; ბ) ანტიკოროზიული საფარების, შემჭიდროვებების, საკისრებისა და კათოდური დაცვის პრევენციულ ტექნიკურ მომსახურებას; გ) აერატორებისა და სწრაფმდენების ზედაპირის მდგომარეობის შეფასებას; დ) ქვედა ბიეფში წყლის დონის, ჰიდროსტატიკური უკუწნევის და დრენაჟის შემოწმებებს ჩამქრობ ჭაში; ე) წარეცხვებისა და ბათიმეტრიულ კვლევებს; ვ) მეთვალყურეობას სადაწნეო წყალასატარებზე (ვიბრაცია, დეფორმაცია, ფილტრაცია, საკეტების და ვენტილების ფუნქციონირება). 9. ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციის წესებში შეჯერებული და ასახული უნდა იქნეს პოტენციური მტყუნების სახეობით (PFM) დადგენილი წინაპირობების შესაბამისი ზღვრული სიდედეების და ქმედებების მიმართ მონიტორინგის მოთხოვნები შემდეგ საკონტროლო პარამეტრებთან მიმართებაში: ა) წყალსაცავის დონეები; ბ) ფარების პოზიციები და წნევები; გ) ჰიდრავლიკური ძალოვანი დანადგარის (HPU) პარამეტრები; დ) პიეზომეტრია; ე) ფილტრაცია; ვ) ჰიდროსტატიკური უკუწნევა; ზ) დეფორმაცია; თ) ვიბრაცია; ი) მეტეოროლოგიური მონაცემები და პროგნოზები. 10. ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციის წესებით უნდა განისაზღვროს ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების ფარგლები. 11. ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციის წესების დროებითი და მუდმივი გადახედვები/ცვლილებები უნდა განხორციელდეს დოკუმენტირებულად, ცვლილებათა მართვის პროცესის შესაბამისად. 12. ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციის წესები უნდა გადაიხედოს არანაკლებ წელიწადში ერთხელ და/ან მნიშვნელოვანი მოვლენების, აღჭურვილობის ან მართვის სქემის არსებითი ცვლილებების შემდეგ. 13. დამტკიცებულ დოკუმენტებს უნდა ჰქონდეს უნიკალური იდენტიფიკატორები, თარიღები, რედაქტირების ისტორია და დაცული უნდა იქნეს არქივში.
მუხლი 98. მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმა (MSMP) 1. ამ რეგლამენტისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად უნდა შემუშავდეს, დაინერგოს და განხორციელდეს მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმა (MSMP), რომელიც შესაბამისი იქნება ჰიდროტექნიკური ნაგებობის ტიპოლოგიასა და კლასიფიკაციასთან. 2. მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმა (MSMP) უნდა მოიცავდეს ჰიდროტექნიკური ნაგებობის საძირკვლების, საყრდენების, წყალსაცავისა და გავლენის ზონის ინსტრუმენტულ გაზომვებს, შემოწმებებსა და ტექნიკურ მომსახურებას, ექსპლუატაციის წესებისა და საგანგებო მართვის გეგმის (EAP) მოთხოვნების გათვალისწინებით. ასევე, ჰიდროტექნიკური ნაგებობის ქცევის საკონტროლო დიაგნოსტიკური მაჩვენებლების (ინსტრუმენტალური გაზომვების) რაოდენობრივ ზღვრულ მნიშვნელობებს (კრიტარიალურ მნიშვნელობებს) წინასაავარიო და ავარიული მდგომარეობისათვის. 3. მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმამ (MSMP) უნდა განსაზღვროს: სადამკვირვებლო პარამეტრები, გამოყენებული ინსტრუმენტები და მეთოდები, მონაცემთა შეგროვების, ვალიდაციისა და ხარისხის კონტროლის პროცედურები, მონიტორინგისა და შემოწმების პერიოდულობა გეგმიური, შუალედური, კომპლექსური და მოვლენების შემდგომი პერიოდისთვის, უფლება-მოვალეობები, პასუხისმგებლობები, კომპეტენციები და მორიგეობის გრაფიკები, ტექნიკური მომსახურება, მატერიალურ-ტექნიკური აქტივების ინვენტარიზაცია და მათი მნიშვნელობები, ანგარიშგების გზები და ვადები. 4. თითოეული დაკვირვება უნდა იყოს დაკავშირებული უსაფრთხოების ანალიზისა და რისკის შეფასების (SRRA) ფარგლებში იდენტიფიცირებულ პოტენციურ უკმარისობის რეჟიმებთან (PFM), ზღურბლ-მოქმედების ურთიერთობების განსაზღვრით, რაც უზრუნველყოფს საგანგებო მართვის გეგმის (EAP) მზადყოფნას და განხორციელებას. 5. მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმა (MSMP) უნდა მოიცავდეს შემდეგი პარამეტრების დაკვირვებას: ა) წყალსაცავის დონეები და მეტეოროლოგიური პირობები; ბ) ფილტრაციისა და დრენაჟის ხარჯები კაშხლის ტანში და ფუძეში, საყრდენებში, გალერეებსა და სადრენაჟო სისტემებში; გ) ფოროვანი წნევები და დეპრესიის მრუდის მდგომარეობა; დ) კონსტრუქციული ელემენტების გადაადგილებება და დეფორმაციები, მათ შორის, თხემის ჯდენა და საყრდენების გადაადგილება; ე) თუ ხელსაწყოები არსებულია ან მათი დამატება რისკების შეფასებით არის დასაბუთებული, ძაბვები და დეფორმაციები; ვ) ფილებისა და ნაგებობების ფუძეში ჰიდროსტატიკური უკუწნევა; ზ) სეისმური აჩქარებები; თ) ფარებისა და საკეტების პოზიციები და მოქმედი წნევები; ი) ჰიდრავლიკური ძალოვანი დანადგარების (HPU) სამუშაო პარამეტრები; კ) სადაწნეო მილსადენები და მათი საყრდენების ვიბრაცია და დეფორმაციები; ლ) წყალგამტარებში, გვირაბებსა და აუზებში ჰიდროსტატიკური უკუწნევა და დრენაჟის ხარჯები; მ) აერატორებში ჰაერის ხარჯები და წნევები; ნ) ქვედა ბიეფის წყლის დონეები; ო) კავიტაციის ნიშნების შემოწმება; პ) წარეცხვისა და ეროზიის პროცესები, მათ შორის, ბათიმეტრიული ცვლილებები; ჟ) მისასვლელების მდგომარეობა, ნაგავდამჭერი გისოსებისა და ნაგვის ბადეების გამართულობა, ნარჩენებისა და ყინულის (თოშის) დაგროვების მდგომარეობა. 6. აღჭურვილობა უნდა იქნეს ექსპლუატაციაში გაშვებული, სერტიფიცირებული და დაკალიბრებული დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. 7. შეგროვებული მონაცემები უნდა იყოს დათარიღებული, გადამოწმებული და ელექტრონულად დაცული მთავარი მაჩვენებლების ტელემეტრიით გადაცემითა და ხელნაწერით დარეზერვებით. 8. მონაცემები, მეტამონაცემები, დაკალიბრებისა და ტექნიკური მომსახურების ჩანაწერები უნდა ინახებოდეს მონიტორინგის მონაცემთა უსაფრთხო ბაზაში შემოწმების (გადამოწმების) უზრუნველყოფით. 9. შედეგების ინტერპრეტაციამ უნდა გაითვალისწინოს როგორც გაზომილი მნიშვნელობები, ისე მათი ცვლილების სიჩქარეები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს მრავალცვლადიანი კორელაციური ანალიზი. 10. პერიოდული მონიტორინგის ანგარიშები უნდა შეესაბამებოდეს ჰიდროტექნიკური ნაგებობის კლასსა და რისკის დონეს. 11. მოვლენებზე დაფუძნებული ანგარიშები უნდა მომზადდეს წყალმოვარდნების, მიწისძვრების, წყლის დონის სწრაფი დაწევისას გამოვლენილი ანომალიების, კრიტიკული აღჭურვილობის მწყობრიდან გამოსვლის ან საგანგებო მართვის გეგმის (EAP) გააქტიურების შემდეგ. 12. მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმაში (MSMP) ასახული უნდა იქნეს: ა) გეგმიური ვიზუალური შემოწმებები (ყოველკვირეული ან ყოველთვიური); ბ) შუალედური შემოწმებები (არანაკლებ წელიწადში ერთხელ I და II კლასის ჰიდროტექნიკური ნაგებობისთვის), მათ შორის, ძირითადი სისტემების ფუნქციური შემოწმებება; გ) კომპლექსური შემოწმებები (არანაკლებ ხუთ წელიწადში ერთხელ I და II კლასის ჰიდროტექნიკური ნაგებობისთვის) დეტალური შემოწმებით, მონაცემთა სრული განხილვითა და უსაფრთხოებისთვის ძირითადი აღჭურვილობის ფუნქციური ტესტირებით, სპეციალური/საგანგებო ინსპექტირებები მნიშვნელოვანი მოვლენების შემდეგ; დ) შემთხვევის შემდგომი შემოწმება (მნიშვნელოვანი მოვლენის დადგომის შემდეგ), რომელიც მოიცავს დეტალურ დათვალიერებას, მოვლენის დროს მიღებული მონაცემების სრულ ანალიზს, ჰიდროტექნიკური ნაგებობის რეაგირების შეფასებას და ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შეფასებას; ე) ტექნიკური მომსახურების პროგრამა, რომელიც უნდა მოიცავდეს აუცილებელ ინვენტარს, მიზანს, უფლებებსა და პასუხისმგებლობებს, უსაფრთხოების ზომებს, საზომ-საკონტროლო ინსტრუმენტებს, დოკუმენტაციას და შემოწმების პერიოდულობას, რომელიც განისაზღვრება ჰიდროტექნიკური ნაგებობების კლასის, მდგომარეობისა და შეფასების შედეგების საფუძველზე. 13. ჰიდროტექნიკური ნაგებობების ტექნიკური მომსახურება უნდა მოიცავდეს პრევენციულ, მაკორექტირებელ და საგანგებო ქმედებებს. ავტომატიზებული/დისტანციური სისტემებისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს სარეზერვო ასლების არსებობა და დაცული პროგრამული უზრუნველყოფა. 14. ყველა შემოწმებაზე უნდა შედგეს დოკუმენტი და ინახებოდეს არქივში. 15. მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმა (MSMP) უნდა გადაიხედოს ყოველ უსაფრთხოების ანალიზსა და რისკების შეფასებასთან (SRRA) ერთად, ან იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს მიმდინარე სამუშაოები, ჰიდროტექნიკური ნაგებობების მდგომარეობის ან განსაზღვრული ქმედებების ცვლილებები, მარეგულირებელი განახლებები ან მიღებული გამოცდილება. 16. მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმის (MSMP) დაფარვის არეალი შეიძლება გაფართოვდეს, ხოლო საკონტროლო პარამეტრები და ტექნიკური მომსახურების წესები განახლდეს ჰიდროტექნიკურ ნაგებობაზე დაკვირვებული ქცევის, დაზუსტებული მონაცემებისა და კლიმატური ტენდენციების ასახვით.
მუხლი 99. ყოველწლიური ანგარიში ჰიდროტექნიკური ნაგებობების მდგომარეობისა და მუშაობის შესახებ (ABR) 1. ყოველწლიური ანგარიში ჰიდროტექნიკური ნაგებობების მდგომარეობისა და მუშაობის შესახებ (ABR) წარმოადგენს უსაფრთხოების მართვის კომპონენტს და ინახება არქივში. 2. ყოველწლიურმა ანგარიშმა ჰიდროტექნიკური ნაგებობების მდგომარეობისა და მუშაობის შესახებ (ABR) უნდა უზრუნველყოს: ა) მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმით (MSMP) განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში განხორციელებული მონიტორინგის, შემოწმებების და ექსპლუატაციის მონაცემების/ინფორმაციის კვალიფიციური ინტერპრეტაცია; ბ) დაადასტუროს კონსტრუქციული და ჰიდრავლიკური პარამეტრები; გ) გამოავლინოს მოსალოდნელი გადახრები დასაშვებიდან და განსაზღვროს მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებები, მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმასთან (MSMP), ექსპლუატაციის წესებთან, საგანგებო მართვის გეგმასა (EAP) და უსაფრთხოების ანალიზის და რისკების შეფასებასთან (SRRA) შესაბამისობით. 3. ჰიდროტექნიკური ნაგებობისთვის ყოველწლიურად უნდა მომზადდეს ყოველწლიური ანგარიში ჰიდროტექნიკური ნაგებობების მდგომარეობისა და მუშაობის შესახებ (ABR). 4. ყოველწლიური ანგარიში ჰიდროტექნიკური ნაგებობების მდგომარეობისა და მუშაობის შესახებ (ABR) ხელმოწერილი უნდა იყოს კვალიფიციური სპეციალისტების მიერ, რომელთა კვალიფიკაციაც შეესაბამება ჰიდროტექნიკური ნაგებობის კლასს. 5. ყოველწლიურ ანგარიშში ჰიდროტექნიკური ნაგებობების მდგომარეობისა და მუშაობის შესახებ (ABR) დოკუმენტირებული უნდა იყოს საზომ-საკონტროლო ინსტრუმენტები, მათი დაკალიბრებისა და სერტიფიცირების სტატუსი, მონაცემთა ხელმისაწვდომობა და ნებისმიერი ცვლილება. 6. ყოველწლიურ ანგარიშში ჰიდროტექნიკური ნაგებობის მდგომარეობისა და მუშაობის შესახებ (ABR) გამოყენებული და მითითებული მონაცემები უნდა იყოს დათარიღებული და მაღალხარისხიანი (დიაპაზონი, საფეხუროვანი ცვალებადობა, გადახრები, დამაჯერებლობა). ყოველწლიურ ანგარიშში ჰიდროტექნიკური ნაგებობის მდგომარეობისა და მუშაობის შესახებ (ABR), ასევე, ასახული უნდა იყოს დაკალიბრებისა და ტექნიკური მომსახურების მიმდინარეობის ჩანაწერები. 7. ყოველწლიურ ანგარიშში ჰიდროტექნიკური ნაგებობების მდგომარეობისა და მუშაობის შესახებ (ABR) უნდა იყოს აღწერილი ჰიდრომეტეოროლოგიური პირობები და ექსპლუატაციის პროცესი (დონეები, შემოდინებები/ნატანი, ტემპერატურა, მნიშვნელოვანი მოვლენები, გათიშვები/რეგულირება). 8. ყოველწლიურ ანგარიშში ჰიდროტექნიკური ნაგებობების მდგომარეობისა და მუშაობის შესახებ (ABR), უნდა მოიცავდეს: ა) საკონტროლო-გამზომი ინსტრუმენტული სისტემების აღწერასა და მონაცემთა ხარისხს; ბ) ჰიდროტექნიკური ნაგებობების მუშაობის ანალიზს; გ) ურთიერთდამოკიდებულებას დატვირთვებსა და ნაგებობების რეაქციას შორის; დ) საკონტროლო ზღვრული კრიტერიუმებისა და ტენდენციების შეფასებას; ე) შემოწმებებისა და ტექნიკური მომსახურების ანალიზს; ვ) ქმედებების ერთობლიობას (საჭიროების შემთხვევაში); ზ) დასკვნებსა და უსაფრთხოების უწყისს; თ) რეკომენდაციებს; ი) საინჟინრო ანალიზსა და შესაბამის ინტერპრეტაციას; კ) სხვა საჭირო მონაცემებსა და დოკუმენტაციას. 9. ყოველწლიურ ანგარიშში ჰიდროტექნიკური ნაგებობების მდგომარეობისა და მუშაობის შესახებ (ABR) უნდა შეფასდეს როგორც აბსოლუტური მნიშვნელობები, ასევე ცვალებადობების სიჩქარეები, ტენდენციების გამოვლენისა და ზღვრული სიდიდეების შეფასებისთვის გამოყენებული სტატისტიკური მეთოდებისა და საინჟინრო კრიტერიუმების მითითებით. 10. იმ შემთხვევაში, თუ ჰიდროტექნიკური ნაგებობები გამზომი ხელსაწყოებითაა აღჭურვილი, უნდა შეფასდეს ჰიდრავლიკური და სამშენებლო ნაწილის ქმედუნარიანობა და ცვეთის მაჩვენებლები. 11. შესაბამისი უზუსტობები/საეჭვო მონაცემები უნდა იყოს აღწერილი და გათვალისწინებული. 12. უნდა წარმოებდეს სამოქმედო ღონისძიებების რეესტრი და მისი შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ასახული უნდა იქნეს ყოველწლიურ ანგარიშში ჰიდროტექნიკური ნაგებობების მდგომარეობისა და მუშაობის შესახებ (ABR) თითოეული ღონისძიების დასრულებამდე. 13. რეკომენდაციები, რომლებიც არსებით გავლენას ახდენს უსაფრთხოებაზე, უნდა განხორციელდეს შესაბამისი პროცედურების დაცვით.
მუხლი 100. საგანგებო მართვის გეგმა (EAP) ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციის პერიოდში 1. საგანგებო მართვის გეგმა (EAP) უნდა იყოს მუდმივად განახლებული, გამოყენებადი და ჰიდროტექნიკური ნაგებობის კლასთან და ზემოქმედებების დონეებთან შესაბამისი, ინციდენტების რაოდენობისა და ქმედებების კრიტერიუმებით, რომლებიც კავშირშია წინამორბედ ნიშნებთან და დაკვირვებად პარამეტრებთან მუდმივი, მრავალცვლიანი მორიგეობის უზრუნველყოფით, საკონტაქტო პირების მონაცემებით, და საიმედო, დუბლირებული საჯარო შეტყობინების მექანიზმებით. 2. ინფორმაცია ქვედა ბიეფში საფრთხეების შესახებ უნდა ეფუძნებოდეს ტარირებული კვეთების ჰიდრავლიკურ ანგარიშებს (დაუზიანებელი და ნაწილობრივი დაზიანების სცენარები) და წარმოდგენილი იყოს რუკებსა და შედეგებში (სიღრმე, სიჩქარე, მისვლის დრო, პიკის მიღწევის დრო, საფრთხის/დაზიანების ხარისხი, ზემოქმედების ობიექტები, ევაკუაციის მარშრუტები და თავშესაფრები). 3. სწავლება და წვრთნები უნდა ჩატარდეს ჰიდროტექნიკური ნაგებობის კლასისათვის დადგენილი შესაბამისი სიხშირით (მაღალი პასუხისმგებლობის ჰიდროტექნიკური ნაგებობებისთვის არანაკლებ წელიწადში ერთხელ), ზემოქმედების შემდგომი ანალიზით და მონიტორინგით სარეაბილიტაციო ქმედებების დამთავრებამდე. 4. საგანგებო მართვის გეგმა (EAP) უნდა გადაიხედოს ყოველწლიურად, აგრეთვე იმ შემთხვევებში, როდესაც ამას მოითხოვს გარემოებების, ზემოქმედებების, ორგანიზაციული ან უსაფრთხოების პირობების ცვლილებები. განახლებები უნდა გავრცელდეს დოკუმენტაციის კონტროლის არსებული წესების შესაბამისად. 5. შეტყობინებები ჩატარებული ღონისძიებების შესახებ უნდა განხორციელდეს ამ რეგლამენტის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 101. ჰიდროტექნიკური ნაგებობის კლასიფიკაციის მართვა ექსპლუატაციის პერიოდში 1. ჰიდროტექნიკური ნაგებობის კლასიფიკაცია უნდა დარჩეს შედეგებზე დაფუძნებული და ასახულ იქნეს შესაბამის დოკუმენტაციაში. შენარჩუნებული უნდა იქნეს კლასიფიკაციის საფუძველი, რომელიც მოცემულია ამ რეგლამენტის III თავში. 2. ჰიდროტექნიკური ნაგებობის კლასიფიკაციის საფუძველი უნდა გადაიხედოს თითოეული უსაფრთხოების ანალიზის და რისკების შეფასების (SRRA) დროს ან იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება არსებით ცვლილებებს. 3. ჰიდროტექნიკური ნაგებობის კლასიფიკაციის შეცვლის (რეკლასიფიკაციის) წინადადებები გამყარებული უნდა იქნეს დატბორვის განახლებული რუკებითა და მოსალოდნელი შედეგების შეფასებებით. 4. ჰიდროტექნიკური ნაგებობის კლასიფიკაციის შეცვლის (რეკლასიფიკაციის) შემდეგ ექსპლუატაციის წესები, მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმა (MSMP) და საგანგებო მართვის გეგმა (EAP) დაუყოვნებლივ უნდა მოვიდეს ცვლილებებთან შესაბამისობაში და აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს უფლებამოსილ ორგანოს.
მუხლი 102. უსაფრთხოების ანალიზი და რისკების შეფასება (SRRA) 1. უსაფრთხოების ანალიზმა და რისკების შეფასებამ (SRRA) უნდა დაადგინოს, აკმაყოფილებს თუ არა ჰიდროტექნიკური ნაგებობა, წყალსაცავი, დამხმარე ნაგებობები და საგანგებო მართვის ღონისძიებები უსაფრთხოების მოთხოვნებს და რისკის დასაშვებობის კრიტერიუმებს მოქმედი დატვირთვების, ცვეთის (დაზიანებების), ზემოქმედებებისა და ექსპლუატაციის პირობებში. 2. უსაფრთხოების ანალიზი და რისკების შეფასება (SRRA) უნდა შედგეს და განხორციელდეს ამ რეგლამენტისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. უსაფრთხოების ანალიზი და რისკების შეფასების (SRRA) პერიოდულობა უნდა შეესაბამებოდეს ქვემოთ მოცემულ ცხრილ №6-ს.
ცხრილი №6 . უსაფრთხოების მიმოხილვისა და რისკების შეფასების სიხშირე
4. ყოველწლიურმა ანგარიშმა ჰიდროტექნიკური ნაგებობის მდგომარეობისა და მუშაოების შესახებ (ABR) უნდა შეაჯამოს ჰიდროტექნიკური ნაგებობის ქცევა, ინციდენტები, ტექნიკური მომსახურება, მონიტორინგის შედეგები და გამოვლენილი ან ჩამოყალიბებადი რისკები და უნდა გამოიყენებოდეს შემდგომი უსაფრთხოების ანალიზისა და რისკების შეფასების (SRRA) შემუშავებისას. 5. უსაფრთხოების ანალიზი და რისკების შეფასება (SRRA) უნდა განხორციელდეს შემდეგ შემთხვევებში: ა) კატასტროფული წყალმოვარდნების ან სწრაფი დაცლის შემდეგ; ბ) წყალსაცავის დონის, ექსპლუატაციის წესებისა და საპროექტო დაშვებების დარღვევისას; გ) მნიშვნელოვანი მიწისძვრების შემდეგ; დ) ქვედა ბიეფში ზემოქმედების ან წყალსაცავის მოცულობის/თხემის შემაღლების ნორმალური შეტბორვის დონიდან არსებითი ცვლილებისას; ე) ძირითადი გადაწყვეტილებების დაზუსტებისას, რაც გულისხმობს ისეთ მნიშვნელოვან ტექნიკურ ან საექსპლუატაციო გადაწყვეტილებებს, რომლებმაც შეიძლება არსებითად იმოქმედოს ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციაზე, უსაფრთხოებაზე ან კონფიგურაციაზე; ვ) რეაბილიტაციის/მოდიფიკაციის სამუშაოებისას; ზ) გამყვანი ან წყალგამშვები ნაგებობის გამტარუნარიანობის ცვლილებისას; თ) მნიშვნელოვანი საოპერაციო შეზღუდვებთან დაკავშირებული ღონისძიებებისას; ი) წყალსაცავის დონეების გადაჭარბებისას ექსპლუატაციის წესებთან და საპროექტო დაშვებებთან შედარებით; კ) მნიშვნელოვანი მიწისძვრების შემდეგ ქვედა ბიეფზე ზემოქმედების ან წყალსაცავის მოცულობის/ზედა ნიშნულის მნიშვნელოვანი ცვლილებისას ნორმალური შეტბორვის დონესთან შედარებით; ლ) ექსპლუატაციიდან გაყვანის ეტაპებისას; მ) რეკლასიფიკაციისას; ნ) ექსპლუატაციის წესების ცვლილებისას; ო) მიწაყრილი ნაგებობებისთვის შიდა ეროზიის (სუფოზიური) პროცესების ნიშნების გამოვლენისას. 6. უსაფრთხოების ანალიზი და რისკების შეფასება (SRRA) უნდა მოიცავდეს: ა) არსებით ცვლილებას; ბ) ჰიდროტექნიკური ნაგებობის ინფრასტრუქტურის მოდიფიკაციის დაზუსტებას; გ) ექსპლუატაციიდან გაყვანის ეტაპებს; დ) რეკლასიფიკაციას; ე) ექსპლუატაციის წესების ცვლილებას; ვ) მიწაყრილი ნაგებობებისთვის შიდა ეროზიის (სუფოზიური) პროცესების ნიშნების გამოვლენას; ზ) ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ძირითადი აღჭურვილობის/მოწყობილობის შემოწმებასა და ფუნქციურ ტესტირებას უსაფრთხოებასთან თავსებადი მოცულობით; თ) მონიტორინგის სისტემის შეფასებას და მონაცემთა ვალიდაციას; ი) შედეგების ინტერპრეტაციას დროითი დინამიკისა და სივრცული გრაფიკების გამოყენებით, შესაბამისი სტატისტიკური ანალიზით; კ) რეკომენდაციებს მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმის (MSMP) განახლების შესახებ; ლ) საგანგებო სიტუაცებზე რეაგირების შესაძლებლობის შეფასებას მართვის, შეტყობინებისა და გაფრთხილების მექანიზმების შესაძლებლობების, მათი მზადყოფნისა და პერსონალის წვრთნების, ტექნიკური საფუძვლისა და ექსტრემალურ პირობებში ოპერატიულობის კუთხით; მ) მრავალდისციპლინარული ჯგუფის მიერ პოტენციური მტყუნების სახეობის ანალიზის (PFMA) დამუშავებას არსებული მდგომარეობისა და მტკიცებულებების გამოყენებით. წინამორბედი ნიშნების, მონიტორინგის საჭიროებებისა და დროებითი/შუალედური კონტროლის ზომების განსაზღვრას, ალბათობა–შედეგის მიხედვით ჰიდროტექნიკური ნაგებობის კლასიფიკაციას და პრიორიტეტული პოტენციური მტყუნების სახეობების (PFM) ნუსხის შედგენას; ნ) უსაფრთხოების ანალიზებს, რომლებიც ადასტურებს ან განაახლებს: ნ.ა) ჰიდროლოგიურ უსაფრთხოებას; ნ.ბ) კონსტრუქციულ უსაფრთხოებას; ნ.გ) სეისმურ უსაფრთხოებას; ნ.დ) ელექტრომექანიკურ უსაფრთხოებას; ნ.ე) ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოებას. შენიშვნა: ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ნ“ ქვეპუნტში მოცემული ანალიზის შედეგები უნდა შედარდეს შესაბამის ტექნიკურ მოთხოვნებსა და რისკის დასაშვებობის კრიტერიუმებს, ზღვრებისა და მათი გადაჭარბებების განსაზღვრით. ო) დასაბუთებულ და პრიორიტეტულ რეკომენდაციებს (კონსტრუქციული და არაკონსტრუქციული).
მუხლი 103. დოკუმენტაცია და არქივი 1. არქივში უნდა ინახებოდეს მონიტორინგის, მეთვალყურეობის და ტექნიკური მომსახურების გეგმის (MSMP), ექსპლუატაციის წესების, საგანგებო მართვის გეგმის (EAP), უსაფრთხოების ანალიზის და რისკის შეფასებისა (SRRA) და ჰიდროტექნიკური ნაგებობის მდგომარეობისა და მუშაოების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის (ABR) მოქმედი ვერსიები შესაბამის მონაცემთა ბაზებთან ერთად. 2. ყველა დოკუმენტს უნდა ჰქონდეს უნიკალური იდენტიფიკატორი, თარიღი და რედაქტირების ისტორია. მოთხოვნის შემთხვევაში ისინი უნდა მიეწოდოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს. 3. მფლობელი ვალდებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სრულყოფილი დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსია წარუდგინოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს მათი დამტკიცებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
თავი X. ჰიდროტექნიკური ნაგებობის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია
მუხლი 104. ზოგადი მოთხოვნები ჰიდროტექნიკური ნაგებობის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის მიმართ 1. ჰიდროტექნიკური ნაგებობის რეკონსტრუქციის/რეაბილიტაციის გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მტკიცებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს უსაფრთხოების ანალიზის და რისკების შეფასებისგან (SRRA), ჰიდროტექნიკური ნაგებობის ქცევისგან, შემოწმების ანგარიშებიდან, ინციდენტების შედეგებიდან და გამოვლენილი ხარვეზებიდან. 2. მოქმედ ჰიდროტექნიკურ ნაგებობაზე სარეკონსტრუქციო/სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისას, დროებითი ტექნოლოგიური სქემები, ჰიდროტექნიკური ნაგებობის ნაწილობრივი ექსპლუატაცია და ჰიდროტექნიკური ნაგებობის ან მისი ელემენტების დროებით ექსპლუატაციიდან გამოყვანა უნდა ხორციელდებოდეს მკაფიოდ განსაზღვრული შეზღუდვების, მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმისა (MSMP) და საგანგებო მართვის გეგმის (EAP) შესაბამისად. 3. ლოკალური, ფაქტობრივი მდგომარეობის ფარგლებში შესრულებული სარეკონსტრუქციო/სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც არ ცვლის ჰიდროტექნიკური ნაგებობების კონსტრუქციულ ან საექსპლუატაციო უსაფრთხოების ზღვრულ დონეებს – (არ ცვლის კაშხლის/ნაგებობის გეომეტრიას ან თხემის შემაღლებას ნორმალური შეტბორვის დონიდან, ფილტრაციის კონტროლის ელემენტებს, წყალსაგდებების გამტარუნარიანობას ან მართვის ლოგიკას/რეზერვირებას, საძირკვლის/ბირთვის/საცემენტაციო ფარდის (კბილის) მუშაობის პირობებს, მონიტორინგის შესაძლებლობებს, კლასიფიკაციას ან განსაზღვრულ ნორმალური შეტბორვის დონეს (NML)/მაქსიმალური შეტბორვის დონეს (DFL)/ფორსირებული შეტბორვის დონეს (EFL) ჩაითვლება მცირე რეკონსტრუქციად/რეაბილიტაციად და მასზე არ ვრცელდება ამ თავით განსაზღვრული მოთხოვნები. 4. რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციისას ყველა სამუშაო უნდა იქნას ასახული შესაბამის დოკუმენტაციაში. 5. ჰიდროტექნიკური ნაგებობის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის სამშენებლო დოკუმენტაცია უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და დამტკიცდეს შესაბამისი წესით. 6. სარეკონსტრუქციო/სარეაბილიტაციო სამუშაოთა მიმდინარეობის პროცესში უნდა განხორციელდეს: შესაბამისი ტესტების ჩანაწერები, გამოვლენილი ხარვეზების, მათი აღმოფხვრის და რისკების რეესტრში ასახვა. ასევე, საგანგებო მართვის ღონისძიებების განახლება. 7. რეკონსტრუირებული/რეაბილიტირებული ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციაში გაშვებამდე უნდა დადასტურდეს ფუნქციური გამოცდების შედეგები, განახლდეს ექსპლუატაციის წესები, მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმა (MSMP) და საგანგებო მართვის გეგმა (EAP). 8. რეკონსტრუირებული/რეაბილიტირებული ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
მუხლი 105. ჰიდროტექნიკური ნაგებობის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის დოკუმენტაცია 1. ჰიდროტექნიკური ნაგებობის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის დოკუმენტაციაში: ა) განსაზღვრული უნდა იყოს მიზნები და რისკების შემცირების მოსალოდნელი შედეგები; ბ) აღწერილი უნდა იყოს არსებული მდგომარეობა და წარმოების შედეგები; გ) მითითებული უნდა იყოს განახლებული უსაფრთხოების ანალიზი და რისკების შეფასება (SRRA), შესაბამისი პოტენციური მტყუნების სახეობების (PFM) მითითებით, ნარჩენი რისკებით და ნებისმიერი ხარვეზით. 2. ჰიდროტექნიკური ნაგებობის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის დოკუმენტაციაში უნდა იყოს წარმოდგენილი ჰიდროტექნიკური ნაგებობის კლასიფიკაცია და მიღებული საპროექტო გადაწყვეტილების საფუძველი: ჰიდროლოგიური და წყალმოვარდნების, ჰიდრავლიკური, კონსტრუქციული და გეოტექნიკური გამოკვლევების, სეისმური ზემოქმედებებისა და კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით, მონაცემთა წყაროების, გამოყენებული მეთოდებისა და დაშვებების მიკვლევადობით. 3. ანგარიშში მკაფიოდ უნდა იყოს აღწერილი ყველა გონივრული ალტერნატივა, მათ შორის: მინიმალური ჩარევის ან სტაბილიზაციის ვარიანტი (იმ აუციელებელი სამუშაოებით, რომლებიც საჭიროა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და შემდგომი გაუარესების თავიდან ასაცილებლად), რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია (საწყისი ფუნქციისა და სიმძლავრის აღდგენა) და ფუნქციური გაუმჯობესების ან მოდერნიზაციის ვარიანტები. 4. თითოეული ალტერნატივის ანგარიშმა უნდა განმარტოს შედარებისათვის გამოყენებული კრიტერიუმები, მათ შორის: მოსალოდნელი რისკის შემცირება, ტექნიკური გახნორციელებადობა და კონსტრუქციული გადაწყვეტა, ოპერირების და დროებითი ექსპლუატაციიდან გამოყვანის გავლენები, შეზღუდვების ზემოქმედება, ჰიდროტექნიკური ნაგებობის სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, გარემოსდაცვითი და სოციალური ასპექტები. 5. შერჩეული ვარიანტი უნდა იყოს დასაბუთებული რისკებზე დაფუძნებული მიდგომით. 6. რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციას დაქვემდებარებული თითოეული ჰიდროტექნიკური ნაგებობის ელემენტისთვის დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს: ა) სამუშაოების მოცულობებსა და დეტალიზაციას; ბ) გამოყენებულ მასალებსა და სამუშაოთა წარმოების მეთოდებს; გ) ყველა სახის შემოწმებებს ნორმალური, ავარიული და ექსტრემალური მდგომარეობებისთვის ამ რეგლამენტისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. 7. იმ შემთხვევაში, როდესაც გადამწყვეტია გეომეტრია, ჰაერის მიწოდება, კავიტაცია, არამდგრადი/გარდამავალი პროცესები ან კონსტრუქციული რეაქციები, ანგარიშს უნდა დაერთოს დადასტურებული ფიზიკური მოდელები, გამოთვლითი სითხეების დინამიკა ან/და გარდამავალი პროცესების ანალიზი მისაღები კრიტერიუმებით. 8. მიწაყრილი ჰიდროტექნიკური ნაგებობის რეკონსტრუქციისას/რეაბილიტაციისას უნდა იყოს ნაჩვენები შიდა ეროზიის კონტროლი, სათანადო დაპროექტებული ფილტრებისა და დრენაჟების მეშვეობით, მშენებლობის ეტაპების და სწრაფი დაცლის რეჟიმის დასაბუთებით. ბეტონის სამუშაოებმა უნდა მოიცვას საძირკვლის დამუშავება, ნაკერები, ანკერები და დაცურების/გადაძაბვის/გადაბრუნების ზღვრული მდოგმარეობები. 9. სადაწნეო წყალსატარებმა უნდა დააკმაყოფილონ გარსების, ნაკერების, ანკერებისა და საყრდენების გამძლეობა ჰიდრავლიკური დარტყმის, ლითონის დაღლილობის, ტემპერატურული და სეისმური ზემოქმედებების გათვალისწინებით. 10. დოკუმენტაციაში უნდა განისაზღვროს მშენებლობის თანმიმდევრობა, მდინარის გადაგდების ან ნაკადის მართვის გადაწყვეტილებები, ზღუდარები და წყალამოტუმბვა, მისასვლელი გზები და მომარაგება, ნებისმიერი დროებითი შემოვლითი ან ალტერნატიული ამრიდი წყალგამტარები, რომელიც საჭიროა უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. 11. დროებითი ჰიდროტექნიკური ნაგებობებისთვის ჰიდროლოგიური კვლევები უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტით დადგენილ სამშენებლო პერიოდის წყალმოვარდნის აღმატების კრიტერიუმებს. 12. წყლის ნაკადის დაგეგმილი გადაკეტვებისა და გადაგდების განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს გარდამავალი და ტალღური პროცესები. 13. დოკუმენტაციაში უნდა განისაზღვროს დროებითი ექსპლუატაციის შეზღუდვები და მაკომპენსირებელი ღონისძიებები, რომელიც უზრუნველყოფს შენარჩუნდეს წყალმოვარდნისა და სეისმური უსაფრთხოება იმ პირობებში, როდესაც გამტარუნარიანობა ან წყალსაცავის მოცულობა შემცირებულია. 14. დოკუმენტაციამ უნდა დააწესოს შეჩერების წერტილები და ეტაპობრივი გადაწყვეტილების კრიტერიუმები, რომლებიც დაკავშირებულია მონიტორინგის ზღვრულ დონეებსა და შემოწმებების შედეგებთან. 15. კალენდარული გეგმა უნდა მოიცავდეს საპროექტო-საძიებო სამუშაოებს, ჰიდრომეტეოროლოგიურ სეზონურ ინტერვალებს, შესყიდვებს, მოცდენებსა და მშენებლობის თანმიმდევრობას. 16. რისკების რეესტრში უნდა აისახოს სამშენებლო და ნარჩენი ოპერაციული რისკები, განისაზღვროს პასუხისმგებლობები და დააწესოს შუალედური შემოწმებები და საგანგებო ღონისძიებები. 17. რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის პროცესში საჭირო ექსპლუატაციის წესების, მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმისა (MSMP) და საგანგებო მართვის გეგმის (EAP) ინტერფეისები და განახლებები უნდა იყოს განსაზღვრული.
მუხლი 106. უსაფრთხოების ანალიზი და რისკების შეფასება (SRRA) ჰიდროტექნიკური ნაგებობის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციისთვის 1. ჰიდროტექნიკური ნაგებობის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციისათვის განკუთვნილმა უსაფრთხოების ანალიზმა და რისკების შეფასებამ (SRRA) უნდა დაადასტუროს, რომ მიმდინარე სამუშაოები, არსებული სიტუაცია და საშემსრულებლო, საბოლოო კონფიგურაცია აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის, დამტკიცებული ექსპლუატაციის წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. 2. უსაფრთხოების ანალიზი და რისკების შეფასება (SRRA) უნდა განხორციელდეს: ა) სამუშაოების დაწყებამდე (საპროექტო ეტაპის უსაფრთხოების ანალიზი და რისკების შეფასება (SRRA); ბ) სამუშაოთა მიმდინარეობის პროცესში, თუ პირობები არსებითად გადაუხვევს საპროექტო გადაწყვეტილებებს (განსაკუთრებული უსაფრთხოების ანალიზი და რისკების შეფასება (SRRA)); გ) ექსპლუატაციაში ხელახალ გაშვებამდე, სამუშაოების დასრულების შემდეგ (დასრულების ეტაპის უსაფრთხოების ანალიზი და რისკების შეფასება (SRRA). 3. რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი უსაფრთხოების ანალიზი და რისკების შეფასება (SRRA) უნდა მოიცავდეს: ა) საბაზისო ინფორმაციის განხილვასა და განახლებას: ა.ა) რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის საბაზისო არქივის შედგენასა და შეფასებას, მათ შორის, არქივის შესაბამის ამონარიდებს (საპროექტო/საშემსრულებლო დოკუმენტაცია, ჰიდროტექნიკური ნაგებობის ქცევის ანგარიშები, ექსპლუატაცია და მოვლა, საგანგებო მართვის გეგმა (EAP), ექსპლუატაციის წესები); ა.ბ) ავარიებისა და ინციდენტების ჩანაწერებს და წინა უსაფრთხოების ანალიზის და რისკების შეფასების (SRRA) დასკვნებს; ა.გ) რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის საფუძველს და ალტერნატივებს; ა.დ) გამოყენებულ ნორმებსა და სტანდარტებს; ა.ე) საფრთხეების დონის/კლასიფიკაციის შემოწმებებს და კლიმატური/ჰიდროლოგიური მონაცემების განახლებებს; ა.ვ) მშენებლობის თანმიმდევრობასა და ეტაპობრივ სქემას (წყალსაცავის დამუშავება, შემომვლელები/გადაგდებები, ზღუდარები, წყალამოტუმბვა, მისასვლელი გზები); ა.ზ) ცვლილებების ურთიერთკავშირსა და კონტროლს არსებულ ნაგებობებსა და აღჭურვილობასთან. შენიშვნა: გამოვლენილი ხარვეზები უნდა დაფიქსირდეს და შემუშავდეს ხარვეზების აღმოფხვრის გეგმა, პასუხისმგებლობებითა და ვადებით. ბ) ჰიდროტენიკური ნაგებობის მდგომარეობის შემოწმებას: ბ.ა) კაშხლის ტანის, საყრდენების, საძირკვლების, ნაკერების, დრენაჟებისა და ფილტრების, ეროზიის საწინააღმდეგო კონსტრუქციების ელემენტების დაგეგმილ შემოწმებას; ბ.ბ) ნაგებობების (წყალსაშვი და გამრეცხი ნაგებობები, წყალმიმღებები, ენერგიის ჩამქრობი ჭები, გვირაბები, არხები, სადაწნეო მილსადენები/სწრაფმდენები), ელექტრომექანიკური სისტემების (ფარები, საკეტები, ამწე მექანიზმები, ენერგომომარაგება/სარეზერვო, კომუნიკაციები) მისასვლელი გზებისა და სამუშაო უსაფრთხოების შეფასებას წყალდაწევის/წყალარინების პირობებში; შენიშვნა: ხარვეზები ფილტრაცია ან დაზიანების ნიშნები და საექსპლუატაციო შეზღუდვები მშენებლობის დროს უნდა იყოს აღრიცხული დროის მითითებით და მაკორექტირებელი ქმედებებით. გ) მონიტორინგის სისტემისა და მონაცემების შეფასებას: გ.ა) დასაბუთება, რომ მონიტორინგი მიზნობრივად შეესაბამება როგორც დროებითი, ისე საბოლოო ექსპლუატაციის პირობებს; გ.ბ) მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმის (MSMP) განახლება წყლის დონის დროებითი დაწევის, წყალამოტუმბვის, სამშენებლო ვიბრაციების, ცემენტაციის მიღებული მოცულობებისა და საკონტაქტო ზონების დამუშავების გათვალისწინებით; გ.გ) უნდა განსაზღვროს განგაშის დონეები და წყლის შეჩერების ზღვრული მაჩვენებლები. განგაშის დონეების გადაჭარბება არ უნდა იწვევდეს ტექნიკურ გადახედვას და გაძლიერებულ მონიტორინგს, ხოლო წყლის შეჩერების ზღვრული მაჩვენებლების გადაჭარბების შემთხვევაში უნდა განხორციელდეს ხელახალი შეფასება და, საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოების დროებით შეჩერება უსაფრთხო პირობების დადასტურებამდე; გ.დ) საკონტროლო-გამზომი ინსტრუმენტული სისტემების მზადყოფნის შემოწმება (მათ შორის, ელექტროენერგიის მიწოდება, მონაცემთა შეგროვება, ტელემეტრია, სარეზერვო და საბაზისო ვერიფიკაცია) და საწყისი მდგომარეობის შემოწმებები ნულოვანი ანათვლების დროს; გ.ე) მაღალი რისკის მქონე სამუშაოების შესრულებისას მონიტორინგის სიხშირის გაზრდა და ხელით გაზომვის სარეზერვო ღონისძიებების უზრუნველყოფა; გ.ვ) ანგარიშგების ფორმატების განსაზღვრა ეტაპობრივი გადაწყვეტილების მიღებისთვის სამუშაოების გაგრძელების, შეცვლის ან შეჩერების შესახებ; გ.ზ) მშენებლობის ეტაპებს შორის გადასვლა, რომელიც უნდა განხორციელდეს დოკუმენტირებული ეტაპობრივი გადაწყვეტილებების საფუძველზე, მონიტორინგის შედეგების მიხედვით. დ) საგანგებო მართვის შეფასებას: დ.ა) საგანგებო მართვის გეგმის (EAP) განახლებას დროებითი მდგომარეობებისთვის (წყალსაცავის დამუშავება, ნაკადის გადაგდება, ზღუდარის გარღვევა, შემოვლითი სისტემის მწყობრიდან გამოსვლა, სამშენებლო პერიოდის წყალმოვარდნა); დ.ბ) გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას, უწყვეტ ხელმისაწვდომობას და შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან კომუნიკაციას; დ.გ) ქვედა ბიეფის 2D ჰიდრავლიკური მოდელების მომზადებას/განახლებას დაგეგმილი სამშენებლო გაშვებებისა და სარწმუნო ავარიული სცენარებისთვის გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის (GIS) ფენებით საგანგებო მართვის გეგმისთვის (EAP); დ.დ) წყალსაცავის ავარიული დამუშავებისა და გაშვებების შესაძლებლობების დემონსტრირებას (ნაწილობრივი გახსნა, გაჭედილი ფარი, ძაბვის დაკარგვა) და საგანგებო ჩარევისთვის უსაფრთხო მისასვლელებისა და გამოსასვლელების უზრუნველყოფას; დ.ე) მშენებლობასა და ექსპლუატაციაში გაშვებასთან დაკავშირებული სწავლებებისა და სიმულაციების დაგეგმვას. ე) რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის დოკუმენტაციაზე მორგებული, ერთობლივი და კომპლექსური პოტენციური მტყუნების სახეობის ანალიზი (PFMA), რომელიც მოიცავს: ე.ა) ჰიდროტექნიკური ნაგებობის არსებულ მდგომარეობას; ე.ბ) რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციისა და დროებითი ექსპლუატაციის პირობებს; ე.გ) ექსპლუატაციაში გაშვების ეტაპს. ე.დ) პოტენციური მტყუნების სახეობების (PFM), მათი წინამორბედი ნიშნების და ინდიკატორების იდენტიფიცირებას; ე.ე) შესაბამისი მონიტორინგისა და შემოწმებების საჭიროებების განსაზღვრას; ე.ვ) დროებითი რისკის კონტროლის ზომების დადგენას (შეჩერების წერტილები, სამუშაოების შეჩერების კრიტერიუმები, ეტაპობრივი მიღების ტესტები); ე.ზ) პოტენციური მტყუნებების კლასიფიკაციას ალბათობისა და შედეგების მიხედვით; ე.თ) დაშვებებისა და განუსაზღვრელობების დოკუმენტირებას; ე.ი) საჭიროების შემთხვევაში მიზნობრივ კვლევებს ან საცდელ სამუშაოებს განუსაზღვრელობების შესამცირებლად კრიტიკული სამუშაოების დაწყებამდე. ვ) უსაფრთხოების ანალიზებს ექსპლუატაციისთვის: ვ.ა) ჰიდროლოგიური უსაფრთხოება: გადამისამართებისა და გადამგდები ნაგებობების ადეკვატურობა, სამუშაოების პერიოდში წყალსაშვებისა და წყალგამშვები ნაგებობების გამტარუნარიანობა და საიმედოობა, სამშენებლო პერიოდის წყალმოვარდნების პირობებში კაშხლის თხემის შემაღლების საკმარისი მარაგი, ნატანისა და მსხვილი ნარჩენების მართვა; ვ.ბ) კონსტრუქციული უსაფრთხოება: ჰიდროტექნიკური ნაგებობის მდგრადობა და დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობა ქვაბულების დამუშავების, წყლის დონის დროებითი დაწევის, დამატებითი დატვირთვების და კონტაქტურ ზონებში შესრულებული სამუშაოების პერიოდში და რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის შემდგომი მდგომარეობის ეტაპზე, შიდა ეროზიის (სუფოზიის) და ჰიდრავლიკური გრადიენტების შემოწმება წყალსაცავის დროებითი დაწევისა და ხელახალი შევსების პროცესში; ვ.გ) სეისმური უსაფრთხოება: ახალი აღჭურვილობის დამონტაჟება და დეტალიზაცია, სამშენებლო ეტაპის საგანგებო სეისმური ღონისძიებები, მოვლენების შემდგომი შემოწმება და ხელახალი ამოქმედების კრიტერიუმები; ვ.დ) ელექტრომექანიკური სისტემების უსაფრთხოება: რეკონსტრუქცია/ რეაბილიტაციის პერიოდში და მისი დასრულების შემდეგ უნდა დადასტურდეს, რომ ფარები, საკეტები, ამწე მექანიზმები და ძირითადი და სარეზერვო ენერგომომარაგება მუშაობს საიმედოდ, მათ შორის, იმ შემთხვევებში, როდესაც რომელიმე სისტემა დროებით გამოდის ექსპლუატაციიდან. უნდა ჩატარდეს ფუნქციური გამოცდები: მშრალ და სველ რეჟიმში, შემდგომი ხელახალი გაშვება, უსაფრთხო მდგომარეობაში გადასვლა და ხელით მართვის შესაძლებლობის შემოწმება; ვ.ე) ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოება: უნდა შეფასდეს ჰიდროტექნიკური ნაგებობების გამართულობა და უსაფრთხოება, მათ შორის, წყლის გამტარი და ენერგიის ჩამქრობი ნაგებობების ფუნქციონირება, რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის პერიოდში გამოყენებული დროებითი წყლის გადაგდების მიმართულებები, კავიტაციის საწინააღმდეგო პირობები, ჰაერის მიწოდების უზრუნველყოფა, ფარებისა და საკეტების გახსნა-დახურვისას წარმოქმნილი ჰიდრავლიკური გარდამავალი პროცესები, ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში, თუ დადგენილი უსაფრთხოების და ფუნქციონირების მოთხოვნები არ არის დაკმაყოფილებული, ფარებისა და საკეტების უსაფრთხო დახურვის დადასტურებამდე უნდა დაწესდეს დროებითი ექსპლუატაციის შეზღუდვები და შემამსუბუქებელი ღონისძიებები; ვ.ვ) რეკომენდაციები – უნდა შემუშავდეს რისკების შემცირების ღონისძიებები, განისაზღვროს მათი პრიორიტეტები და შედგეს მათი განხორციელების გრაფიკი. სამუშაოების დასრულების ეტაპზე უსაფრთხოების ანალიზმა და რისკების შეფასებამ (SRRA) უნდა დაადასტუროს უსაფრთხოების ზღვრული დონეები, ექსპლუატაციაში გაშვებისათვის არსებითად აუცილებელი რეკომენდაციების შესრულება და ექსპლუატაციის წესების, მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმისა (MSMP) და საგანგებო მართვის გეგმის (EAP) ურთიერთშესაბამისობა.
მუხლი 107. დოკუმენტაცია და არქივი 1. არქივში უნდა ინახებოდეს შემდეგი გადამოწმებადი ჩანაწერები: რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის დოკუმენტაცია და საპროექტო ეტაპის უსაფრთხოების ანალიზი და რისკების შეფასება (SRRA), სამუშაოთა მიმდინარეობის პროცესში მომზადებული ნებისმიერი დოკუმენტაცია, რიგგარეშე უსაფრთხოების ანალიზი და რისკების შეფასება (SRRA), ექსპლუატაციაში გაშვების ჩანაწერები, ტესტირების სერტიფიკატები, დასრულების ეტაპის უსაფრთხოების ანალიზი და რისკების შეფასება (SRRA), განახლებული ექსპლუატაციის წესები, მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმა (MSMP) და საგანგებო მართვის გეგმა (EAP). 2. ყველა დოკუმენტს უნდა ჰქონდეს უნიკალური იდენტიფიკატორი, ვერსიების კონტროლი თარიღების მითითებით. 3. ანალიზების საფუძვლად გამოყენებული მონაცემთა ბაზები უნდა იქნეს დაცული ღია ფორმატებში, ამ რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისი მეტამონაცემებით.
თავი. XI ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციიდან გამოყვანა
მუხლი 108. ზოგადი მოთხოვნები ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციიდან გამოყვანის მიმართ 1. ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციიდან გამოყვანა ნიშნავს ჰიდროტექნიკური ნაგებობის დანიშნულებითი ფუნქციის საბოლოოდ შეწყვეტას, რაც მიიღწევა მისი სრული ან ნაწილობრივი დემონტაჟით ან ისეთი მდგომარეობის უზრუნველყოფით, როდესაც იგი აღარ წარმოადგენს საფრთხეს და არ საჭიროებს აქტიურ მართვას. 2. ჰიდროტექნიკური ნაგებობები, რომლებიც როგორც ნორმალურ, ისე წყალდიდობის პირობებში ინარჩუნებენ წყალს ან სხვა მასალებს, სრულად არ არის გამოყვანილი ექსპლუატაციიდან და მფლობელი რჩება პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე, მათ შორის, კაშხლის მართვის, მონიტორინგის, მოვლა-პატრონობისა და საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის ყველა მოთხოვნის დაცვაზე. 3. ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციიდან გამოყვანა დასაშვებია მხოლოდ დასაბუთებული მიზეზების არსებობის შემთხვევაში (საფრთხის შემცველი მდგომარეობა, ფუნქციის დაკარგვა, გარემოსდაცვითი ან სოციალურ-ეკონომიკური მიზეზები ან მფლობელის გადაწყვეტილება) და უნდა განხორციელდეს დამტკიცებული გეგმის მიხედვით, ისე რომ საზოგადოებისთვის, გარემოსა და ქვედა ბიეფში მდებარე ნაგებობებისთვის რისკები სრულად იქნეს აღმოფხვრილი ან შემცირდეს დასაშვებ დონემდე. 4. ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციიდან გამოყვანის (მათ შორის, სრული ან ნაწილობრივი დემონტაჟის), ღონისძიებები ექვემდებარება ამ რეგლამენტსა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. 5. დროებითი საექსპლუატაციო რეჟიმები, ნაწილობრივი ფუნქციონირება და ექსპლუატაციიის შეწყვეტა უნდა ხორციელდებოდეს მკაფიოდ განსაზღვრული ექსპლუატაციიდან გამოყვანის გეგმის, ექსპლუატაციის წესების, მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმის (MSMP) და საგანგებო მართვის გეგმის (EAP) შესაბამისი შეზღუდვების, მონიტორინგისა და საგანგებო ღონისძიებების მეშვეობით.
მუხლი 109. ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციიდან გამოყვანის გეგმა 1. ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციიდან გამოყვანის გეგმამ უნდა დაარეგულიროს ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციიდან გამოყვანის პროცესი და უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგს: ა) ექსპლუატაციიდან გამოყვანის ტექნიკურ დასაბუთებას, რომელიც ეფუძნება უსაფრთხოების ანალიზსა და რისკების შეფასების (SRRA) უახლეს ვერსიას, ჰიდროტექნიკური ნაგებობის ქცევის, შემოწმებების ჩანაწერებს, ინციდენტებს, მოსილვასა და მორალურ ცვეთას (ტექნოლოგიური მოძველება) და გამოვლენილ ხარვეზებს; ბ) ჰიდროტექნიკური ნაგებობის მოქმედ კლასს და სამუშაოების დასრულების შემდგომი ნარჩენი რისკის მიზნობრივი დონის განსაზღვრას; გ) ჰიდროტექნიკური ნაგებობების დემონტაჟის ან რეკონსტრუქციის ჰიდროლოგიურ და გარემოსდაცვით შეფასებას, რომელიც მოიცავს ზედა და ქვედა ბიეფების მონაკვეთებს, მდინარის აღდგენილი ჭალისათვის გათვლილ საანგარიშო წყალდიდობებს, წყლის ხარისხს, ჰიდრობიოსფეროს ურთიერთკავშირსა და კალაპოტის გამტარუნარიანობას; დ) ნატანის მონიტორინგისა და მართვის სტრატეგიას, მათ შორის: მათ დახასიათებას, გადამუშავებას, სტაბილიზაციას, ტრანსპორტირებას, განთავსებას ან სასარგებლო გამოყენებას, დაბინძურებული მასალების არსებობის შემთხვევაში – შესაბამის პროცედურებს; ე) წყლის დონის საფეხუროვანი დაწევის სტრატეგიას და ჰიდრავლიკურ გამტარუნარიანობას (მუდმივი გაშვებები, დროებითი შემოვლითი/გამყვანი არხები), გეოტექნიკური და ჰიდრავლიკური ანგარიშებით დასაბუთებული უსაფრთხო დაწევის სიჩქარეებითა და საფეხუროვანი შეჩერების ნიშნულებით; ვ) საფეხუროვანი დაწევის განხორციელებისა და მეთოდების აღწერილობებს დემონტაჟის, დაშლის, ნაკადის გადაგდების, ზღუდარებისათვის და წყალამოტუმბვისთვის დროებითი და დარჩენილი ნაგებობების სტაბილურობას, სამუშაო ძალისა და საზოგადოების უსაფრთხოების ორგანიზებას, ტრანსპორტისა და ობიექტზე მისასვლელების უზრუნველყოფას არახელსაყრელ პირობებში; ზ) შუალედური ეტაპებისა და სამუშაოების შემდგომი პერიოდის მონიტორინგისა და მეთვალყურეობის პროგრამის განსაზღვრას, მათ შორის, სადამკვირვებლო პარამეტრების, მათი ადგილმდებარეობებისა და სიხშირის, ზღვრული მნიშვნელობების და მონაცემთა მართვის წესების განსაზღვრით; თ) საგანგებო ღონისძიებებს: ექსპლუატაციიდან გამოყვანის საგანგებო მართვის გეგმის (EAP) განახლება ექსპლუატაციის შეწყვეტის ეტაპებისთვის, შეტყობინებების ქსელი, მოსახლეობის გაფრთხილება, გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება და უწყვეტი მორიგეობის უზრუნველყოფა, კოორდინაცია შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან; ი) შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, მათ შორის, ნარჩენების განთავსების, ბიომრავალფეროვნების, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და კალაპოტში სამუშაოების წარმოებისათვის. საჭიროების შემთხვევაში – თევზის გადაადგილება და ეკოლოგიური ხარჯები სამუშაოების მიმდინარეობისას და მათი დასრულების შემდეგ; კ) მდინარის კალაპოტის, ნაპირებისა და ჭალის აღდგენის გეგმას სტაბილური მოხაზულობით, დონის კონტროლის ღონისძიებებს, მოსახვის, მოპირკეთების, რეკულტივაციის, წვდომის კონტროლის, აგრეთვე ნებისმიერი მოვლისა და ზედამხედველობის გრძელვადიანი ღონისძიებების ჩათვლით; ლ) გრაფიკს, რომელიც მოიცავს ჰიდრომეტეოროლოგიურ პერიოდებს, ექსპლუატაციის შეწყვეტას, რისკების რეესტრზე პასუხისმგებელ პირს და სამშენებლო სამუშაოებს; მ) რისკების რეესტრს, რომელიც განსაზღვრავს ექსპლუატაციიდან გამოყვანილი ჰიდროტექნიკური ნაგებობის მფლობელს, დროებითი მართვის ღონისძიებებს, დარჩენილ რისკებსა და შესაბამისი ეტაპის დასრულების კრიტერიუმებს. 2. ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციიდან გამოყვანის სამუშაოები უნდა განხორციელდეს საუკეთესო საერთაშორისო საინჟინრო პრაქტიკის, ამ რეგლამენტისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 3. წყლის დონის დაწევა და ფიზიკური ზემოქმედებები უნდა განხორციელდეს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული უკონტროლო გაშვებები, შენარჩუნდეს ან გაუმჯობესდეს ქვედა ბიეფის გამტარუნარიანობა, აღიკვეთოს დაბრკოლებების წარმოქმნა და თითოეული ეტაპისთვის უზრუნველყოფილი იყოს დროებითი და დარჩენილი ნაგებობების სტაბილურობა მოსალოდნელი დატვირთვების გათვალისწინებით. 4. I კლასის ჰიდროტექნიკური ნაგებობების შემთხვევაში შესაძლებელია დადგინდეს დამატებითი მოთხოვნები, რაც გულისხმობს აუდიტის, დამოუკიდებელი ტექნიკური შეფასების ჩატარებას, განგაშის დონეების, წყლის შეჩერების ზღვრული მაჩვენებლების და სხვადასხვა შემოწმებების განსაზღვრას. 5. ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციიდან გამოყვანის სამუშაოების დაწყებამდე უნდა განახლდეს მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმა (MSMP) და საგანგებო მართვის გეგმა, რათა აისახოს ექსპლუატაციიდან გამოყვანისა და მისი შემდგომი ეტაპები. 6. საჭიროების შესაბამისად, მონიტორინგი უნდა მოიცავდეს წყალსაცავის წყლის დონესა და მისი ცვლილების სიჩქარეს, ფოროვან წნევებს, ფილტრაციასა და სადრენაჟო ნაკადებს, მიწაყრილი ნაგებობების, დარჩენილი კონსტრუქციებისა და ნაპირების დეფორმაციებს, ქვედა ბიეფის დონეებს სიმღვრივეს/ნატანის ტრანსპორტირებასა და გამყვანი სისტემების გამტარუნარიანობას. 7. ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციიდან გამოყვანის გეგმა უნდა ინახებოდეს არქივში.
მუხლი 110. უსაფრთხოების ანალიზი და რისკების შეფასება (SRRA) ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციიდან გამოყვანისითვის 1. ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციიდან გამოყვანისთვის უსაფრთხოების ანალიზმა და რისკების შეფასებამ (SRRA) უნდა დაადასტუროს, რომ დაგეგმილი სამუშაოები, მათი შესრულებისას გამოყენებული დროებითი ტექნიკური გადაწყვეტილებები და სამუშაოების დასრულების შემდეგ დარჩენილი ნაგებობები და ტერიტორია უსაფრთხოა, რაც მოიცავს დარჩენილ კონსტრუქციებს, მდინარის აღდგენილ კალაპოტსა და ჭალას, ნაპირდამცავებს და სხვა გამაგრებებს, დახურულ ან შეზღუდულ მისასვლელებსა და ტერიტორიის რეკულტივაციას. 2. ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციიდან გამოყვანისთვის უსაფრთხოების ანალიზმა და რისკების შეფასებამ (SRRA) უნდა დაადგინოს, რომ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილებები აკმაყოფილებს მოქმედ უსაფრთხოების მოთხოვნებსა და რისკის დასაშვებ კრიტერიუმებს და არსებობს გრძელვადიანი მოვლისა და ზედამხედველობის გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს სამომავლო უსაფრთხოებას. 3. ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციიდან გამოყვანისთვის უსაფრთხოების ანალიზი და რისკების შეფასება (SRRA) უნდა დამუშავდეს შემდგომ ეტაპებზე: ა) ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციიდან გამოყვანის სამუშაოების შესაბამისი ნებართვის გაცემამდე (საპროექტო ეტაპზე); ბ) ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციიდან გამოყვანის სამუშაოების შესრულების პროცესში, თუ პირობები არსებითად გადაუხვევს საწყის დაშვებებს (საგანგებო შეფასება); გ) ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციიდან გამოყვანის სამუშაოების დასრულების შემდეგ, შესაბამისი პროცედურების დამთავრებამდე (სამუშაოების შემდგომი ეტაპი). 4. ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციიდან გამოყვანისთვის უსაფრთხოების ანალიზი და რისკების შეფასება უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგს: ა) საბაზისო მონაცემების შეფასებასა და განახლებას, მათ შორის: ა.ა) საბოლოო საპროექტო და საშემსრულებლო დოკუმენტაციის შედგენასა და შეფასებას (ექსპლუატაციიდან გამოყვანისა და აღდგენის შემდგომი ნახაზები); ა.ბ) სამუშაოების შესრულების მეთოდოლოგიებს; ა.გ) სამშენებლო ჩანაწერებს; ა.დ) სამუშაოების დასრულების ანგარიშებსა და გამოცდების შედეგებს (მათ შორის, წყალსაგდების დახშობა/საცობები, დროებითი ზღუდარების მოხსნა, ნაპირებისა და კალაპოტის დაცვა/გამაგრება). ა.ე) აღდგენილი მდინარის კალაპოტის ჰიდროლოგიური და ჰიდრავლიკური მახასიათებლების შეფასებას, კერძოდ: მდინარის კალაპოტისა და ნაპირების მიერ საშუალო წლიური და წყალმოვარდნის ხარჯების უსაფრთხოდ გატარების შესაძლებლობას, ჭალისზედა ტერასებთან ჰიდრავლიკური კავშირის უზრუნველყოფას, სამუშაოების დასრულების შემდეგ წყალდიდობის ნარჩენი რისკის შეფასებას; ა.ვ) ფერდობებისა და ფუძეების გეოლოგიურ, გეოტექნიკურ და გეომორფოლოგიურ პირობებს, აკუმულირებული ნატანის აგეგმვასა და მართვას; ა.ზ) გარემოსდაცვით შეზღუდვებს, ტერიტორიის რეკულტივაციისა და მცენარეული საფარის აღდგენის გეგმასა და შესრულების კრიტერიუმებს; ა.თ) საგანგებო მართვის გეგმის (EAP) განახლებულ სტატუსს და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან შეთანხმებულ გარდამავალ პროცედურებს. შენიშვნა: ანალიტიკური მოდელები უნდა განახლდეს აღდგენილი მდგომარეობის შესაბამისად, ხოლო გამოყენებული ერთეულების, რეფერენცული ნიშნულებისა და კალიბრაციის სანდოობა უნდა გადამოწმდეს. საჭიროების შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს ერთგანზომილებიანი და ორგანზომილებიანი (1D/2D) ჰიდრავლიკური და მორფოდინამიკური მოდელები, ნატანის ტრანსპორტირების მოდელები, ფერდობებისა და კონსტრუქციების მდგრადობის მოდელები. ბ) შემოწმებებს: ბ.ა) სამუშაოების შემდგომი უსაფრთხოების შემოწმებას, რომელიც ასახავს დარჩენილი კონსტრუქციების (საძირკვლების, საყრდენების/ბურჯების ნარჩენები, წყალსაგდების საცობები, წყალსაშვის ბეტონის სექციები) შემჭიდროვების, სოგმანებისა და უკუყრილების მდგომარეობას; ბ.ბ) აღდგენილ კალაპოტს; ბ.გ) ნაპირების დაცვას; ბ.დ) ჭალისზედა ტერასებს; ბ.ე) წყლის დონის კონტროლისა და თევზის მოძრაობის ელემენტებს; ბ.ვ) ქვედა ბიეფის დამცავ ნაგებობებსა და გადასასვლელებს; ბ.ზ) მისასვლელი გზების შეზღუდვებს; ბ.თ) დრენაჟს; ბ.ი) ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს და მცენარეული საფარის აღდგენას. შენიშვნა: მიღებული შედეგები უნდა იყოს სივრცულად ფიქსირებული და კლასიფიცირებული მნიშვნელობისა და აუცილებლობის მიხედვით. გ) მონიტორინგსა და მონაცემთა შეფასებას: გ.ა) ექსპლუატაციიდან გამოყვანის შემდგომი მონიტორინგის შედეგების შეფასებას მახასიათებლების დამტკიცებულ კრიტერიუმებთან მიმართებაში, რაც შეიძლება მოიცავდეს განივი და გრძივი პროფილების აგებას, კალაპოტის აგეგმვას, სანაპირო ზოლის ცვლილებებს, კალაპოტის გადაადგილებებსა და წყლის დონის კონტროლის ეფექტიანობას; გ.ბ) აღდგენილ ფერდოებში ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების დონეებსა და ფოროვანი წნევების სიდიდეების რეაგირებას; გ.გ) სიმღვრივეს/შეტივტივებულ ნატანსა და დამაბინძურებლებს (არსებობის შემთხვევაში); გ.დ) ტემპერატურასა და გახსნილ ჟანგბადს; გ.ე) ზედა და ქვედა ბიეფში განთავსებულ ჰიდრომეტრიულ სადგურებს; გ.ვ) მცენარეული საფარის ჩამოყალიბებას. შენიშვნა: ისტორიული და სივრცითი ანალიზები უნდა ადასტურებდეს სტაბილიზაციის პროცესის მიმდინარეობას. საკონტროლო-გამზომი ინსტრუმენტული სისტემების დეაქტივაცია ან დემონტაჟი უნდა იყოს მართვადი. ინსტრუმენტული მონიტორინგი უნდა გაგრძელდეს ექსპლუატაციიდან გამოყვანის გეგმით განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში. დ) საგანგებო სიტუაციების მართვის შეფასებას, რომელიც უნდა ადგენდეს რამდენად შესაძლებელია კონკრეტული ნაგებობისთვის (კაშხლისათვის) შემუშავებული საგანგებო მართვის გეგმის (EAP) გაუქმება ან გადაკეთება ნარჩენი დატბორვის და საფრთხეების შესახებ ინფორმირების პროტოკოლად, მათ შორის, ისეთი შემთხვევებისთვის, როგორიცაა ღვარცოფული ნაკადის მოვარდნა ან ნაპირების ჩამოშლა დასახლებული ტერიტორიების სიახლოვეს. შენიშვნა: 1) განახლებული ორგანზომილებიანი (2D) ჰიდრავლიკური ანგარიშების (მოდელირების) შედეგებმა უნდა დაადასტუროს წყალდიდობების უსაფრთხო გატარების შესაძლებლობა ნარჩენი რისკის კლასიფიკაციის შესაბამისად. 2) იმ შემთხვევაში, თუ მდინარეზე საფრთხეები შენარჩუნებულია, უნდა დადასტურდეს მოსახლეობის გაფრთხილების მექანიზმებისა და საევაკუაციო გზების არსებობა და ეფექტურობა. ე) ნარჩენი საფრთხეების პოტენციური მტყუნების სახეობის ანალიზს (PFMA), რომელიც კონცენტრირებულია ფაქტობრივი მდგომარეობაზე და ასახავს თავდაპირველი მდგომარეობის შეცვლის გამომწვევ მიზეზებს, ცვლილებების განვითარების მახასიათებლებს, მათ ზღვრულ მნიშვნელობებს, პრევენციულ და დამცავ ღონისძიებებს, გაუთვალისწინებელ (ავარიულ) სამუშაოებს და პასუხისმგებლობების გადანაწილებას. შედეგები უნდა მოიცავდეს ნარჩენი რისკების ჩამონათვალს, მონიტორინგის გაუმჯობესების ღონისძიებებსა და მიღების/ლიკვიდაციის კრიტერიუმებს. ვ) უსაფრთხოების ანალიზებს: ვ.ა) ჰიდროლოგიური: დადასტურება, რომ აღდგენილი კალაპოტი უზრუნველყოფს საანგარიშო საპროექტო წყალდიდობების გატარებას დასაშვები დატბორვის ზონებისა და დინების სიჩქარეების პირობებით, აგრეთვე ნებისმიერი დარჩენილი ნაგებობის ან ნაპირის ნორმალური შეტბორვის დონიდან თხემის შემაღლებისა და მდგრადობის დადასტურება; ვ.ბ) კონსტრუქციული/გეოტექნიკური: დარჩენილი საძირკვლების/სექციების, წყალსაგდებების/გვირაბების საცობებისა და საყრდენი კედლების, ათვისებული ფერდოების და უკუყრილების, მოპირკეთებებისა და ნაპირდაცვის ელემენტების და ყველა თევზსავალი ნაგებობის ხარისხის მუდმივი კონტროლი; ვ.გ) სეისმური: საჭიროების შემთხვევაში დარჩენილი ფერდობებისა ან/და ნაგებობების საიმედოობის შეფასება სპეციფიკური სეისმური ზემოქმედების მიმართ და სეისმური ზეგავლენის შემდგომი შემოწმების კრიტერიუმების განსაზღვრა; ვ.დ) რეკომენდაციები: გრძელვადიანი რისკის შემცირების ღონისძიებების იდენტიფიცირება და დასაბუთება, პრიორიტეტების, ვადების, მოვლისა და მეთვალყურეობის პასუხისმგებლობების განსაზღვრით.
მუხლი 111. ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციიდან გამოყვანა 1. ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციის შეწყვეტის შემდეგ უნდა ჩატარდეს საბოლოო შემოწმება, შედგეს შემაჯამებელი ანგარიში და აღნიშნულის შემდგომ მიღებულ იქნეს ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციიდან გამოყვანის გადაწყვეტილება. 2. იმ შემთხვევაში, თუ ჰიდროტექნიკური ნაგებობის ნაწილი დემონტაჟს არ ექვემდებარება, უნდა დასაბუთდეს მათი მდგრადობა და უსაფრთხოება. 3. თუ ზედა ან ქვედა ბიეფის პირობები არსებითად შეიცვალა, უნდა განახლდეს წყალმოვარდნის მართვის ღონისძიებები, საზოგადოების გაფრთხილების დაფარვის ზონის და ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს შორის კოორდინაციის პროტოკოლები. 4. ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციის შეწყვეტის სამუშაოების დასრულების შემდეგ მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს დაკვირვებები შემდეგ ფაქტორებზე: ერთი ან რამდენიმე წყალუხვი სეზონის ზღვრული დონეები გადაჭარბების გარეშე, სტაბილიზებული, განივი კვეთები შეთანხმებულ ზოლში, ხე-მცენარეების (გამწვანების) დამაკმაყოფილებელი შეგუება, საცობებისა და შოვების მონოლითურობა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის რისკების არარსებობა.
მუხლი 112. დოკუმენტაცია და არქივი 1. არქივი უნდა განახლდეს საპროექტო დოკუმენტაციით, პოტენციური მტყუნების სახეობების ანალიზის (PFMA) და უსაფრთხოების ანალიზის და რისკების შეფასების (SRRA) ჩანაწერებით (საპროექტო ეტაპი, საგანგებო შეფასება და სამუშაოების შემდგომი ეტაპი), გარემოსდაცვითი და ჰიდროლოგიური შეფასებებით, აღდგენა-რეკონსტრუქციის მიმდინარეობის ჩანაწერებით, მონიტორინგის მონაცემთა კრებულებით, ნარჩენი რისკების რეესტრით, ექსპლუატაციის გეგმებით. 2. პასუხისმგებლობების გადაცემის შემთხვევაში უზრუნველყოფილ უნდა იქნეს არქივის გადაცემა და იმის დადასტურება, რომ გრძელვადიანი ღონისძიებები უზრუნველყოფილია პასუხისმგებელი შემსრულებლით, დაშვებით, დაფინანსებით და მონაცემებით. 3. ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციიდან გამოყვანასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის ჩანაწერი, გადაწყვეტილება, კომუნიკაცია და მონიტორინგი უნდა იყოს დოკუმენტირებული, გადაცემული და შენახული არქივში ნებისმიერი შეუსრულებელი ვალდებულების არსებობამდე.
თავი XII. კუდსაცავები
მუხლი 113. ზოგადი მოთხოვნები კუდსაცავების მიმართ 1. ეს თავი ვრცელდება საქართველოში არსებული კუდსაცავების უსაფრთხოებაზე სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპზე, მათ შორის, დაგეგმვასა და პროექტირებაზე, მშენებლობასა და ამაღლებაზე, ექსპლუატაციაზე, მეთვალყურეობაზე, რისკების მართვაზე, საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნაზე, რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციაზე, დახურვის და დახურვის შემდგომ პერიოდებზე. 2. კუდსაცავებისთვის სავალდებულოა ამ რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა. თუ ამ თავში პირდაპირ არ არის შეცვლილი, როგორც გამონაკლისი, კუდსაცავებზე ვრცელდება ამავე რეგლამენტით განსაზღვრული დებულებები შესაბამისი ცვლილებებით. 3. კუდსაცავები ასევე შესაბამისობაში უნდა იყვნენ საქართველოს კანონმდებლობასთან, რომლებიც მოქმედებს მათი მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. 4. იმ შემთხვევაში, როდესაც რამდენიმე მოთხოვნა ერთდროულად ვრცელდება, უპირატესობა ენიჭება ყველაზე მკაცრს. იმ შემთხვევებში, როდესაც ამ რეგლამენტით განსაზღვრული არ არის კონკრეტული ნორმა, გამოყენებულ უნდა იქნას კუდსაცავების უსაფრთხოების შესახებ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
მუხლი 114. კუდსაცავების მართვის სისტემა და გეგმები 1. კუდსაცავებისთვის უნდა დაინერგოს კუდსაცავების მართვის ინტეგრირებული სისტემა (TMS), რომელიც მოიცავს მართვის პოლიტიკას, ანგარიშვალდებულებას, უფლებამოსილებას და დოკუმენტების კონტროლს, ცვლილებების მართვას, აუდიტს და უწყვეტ გაუმჯობესებას კუდსაცავების ყველა ეტაპზე. 2. კუდსაცავების მართვის ინტეგრირებული სისტემა (TMS) უნდა განხორციელდეს კონტროლის გეგმებისა და სახელმძღვანელოების მეშვეობით, მათ შორის, სულ მცირე: ა) კუდების და კუდსაცავების მართვის გეგმა (TMP), რომელიც განსაზღვრავს პროექტირების და მართვის კრიტერიუმებს, დალექვისა და წყლის ბალანსის სტრატეგიას და თხემის შემაღლების დონიდან მარაგის მართვას; ბ) ექსპლუატაციის ტექნიკური მომსახურების და მეთვალყურეობის სახელმძღვანელო (OMS), რომელიც შესაბამისობაშია ექსპლუატაციის წესებთან და ამ რეგლამენტით განსაზღვრულ მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმასთან (MSMP); გ) სპეციალურად კუდსაცავებისთვის შემუშავებული მონიტორინგის და მეთვალყურეობის გეგმა (MSP); დ) ტრიგერების მტყუნების რეაგირების გეგმა (TARP) წინასწარ განსაზღვრული რეაგირების ზომებით, ხოლო რისკის ზრდისას რეაგირების ინტენსივობის გაზრდით; ე) საგანგებო მართვის გეგმა (EAP), რომელიც უნდა იყოს ინტეგრირებული სამთო კომპლექსის სხვა ობიექტების საგანგებო მართვის გეგმასთან (EAP) და მისი განხორციელება კოორდინირებულია ქვედა ბიეფის შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან. 3. კუდსაცავების მართვის ინტეგრირებული სისტემა (TMS) უნდა ეფუძნებოდეს ერთიან საინფორმაციო ბაზას, რომელიც აერთიანებს გეოტექნიკურ, ჰიდროლოგიურ, ჰიდროტექნიკურ, გეოქიმიურ, გარემოსდაცვით და სოციალურ ინფორმაციას და უზრუნველყოფს მონაცემების და მათი ცვლილებების აღრიცხვას და კონტროლს.
მუხლი 115. კუდსაცავის პროექტირების საფუძვლები და სპეციფიკური კრიტერიუმები 1. კუდსაცავების პროექტირებაზე ვრცელდება მოქმედი კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები. კუდსაცავების პროექტირების ეტაპზე უნდა განხორციელდეს კუდსაცავებისთვის მახასიათებელი სპეციფიკური კრიტერიუმების შეფასება: ა) გათხევადობა და სტატიკური მდგრადობა: უნდა ჩატარდეს კუდსაცავზე მორგებული ციკლური და სტატიკური გათხევადობის შეფასებები კუდებისთვის, საძირკვლისა და კაშხლის ტანის მასალებისთვის, განისაზღვროს ექსპლუატაციის ზღვრული კრიტერიუმები (პიეზომეტრული დონეები, დეპრესიის მრუდები, მასალების სიმკვრივე და გეოტექნიკური მახასიათებლები), რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების საჭირო მარაგების შენარჩუნებას როგორც სტაციონარულ, ისე გარდამავალ მდგომარეობებში, მათ შორის, ქარის დატვირთვების, სწრაფი დაცლისა და სეისმური დატვირთვების დროს; ბ) წყლისა და სანაპირო ზოლის მართვა: ზედაპირული წყლის აუზი უნდა მდებარეობდეს მოშორებით კაშხლის პრიზმიდან, განისაზღვროს სანაპიროს მინიმალური სიგანეები და თხემის შემაღლება წყლის ნაკადებისა და ტალღის აგორების პირობების გათვალისწინებით, ატმოსფერული ნალექების, თოვლის დნობის/წვიმა-თოვლზე და ქარის ზემოქმედების გათვალისწინებით, საპროექტო წყალმოვარდნა (IDF) და მისი მიმართულება დასაბუთდეს წყლის ბალანსით; გ) ფილტრაცია და შიდა ეროზიის კონტროლი: საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს საიზოლაციო ფენა ან დაბალი გამტარობის ბარიერები, ფილტრები და დრენაჟები და თავსებადი გადასვლები, უნდა დამტკიცდეს შიდა ეროზიის კონტროლი კაშხალში, კაშხლის საყრდენი ნაპირებსა და საძირკველში, მათ შორის, შეღწევების ადგილებში; დ) ამაღლების მეთოდი და მასალები: ამაღლების მეთოდი – ზედა, ცენტალალური ხაზის ან ქვედა, უნდა შეირჩეს და დასაბუთდეს ზონირების, მასალის, კლასის, საძირკვლის პირობების და გრუნტის გათხევადობის პოტენციალისა და მისადმი მიდრეკილების გათვალისწინებით. ეს უკანასკნელი გულისხმობს გრუნტის უნარს დაკარგოს წანაცვლების სიმტკიცე და ინტენსიური, სწრაფი დატვირთის პირობებში იმოქმედოს როგორც სითხე და არა როგორც მყარი სხეული. ეტაპობრივი ამაღლება უნდა დაიგეგმოს მკაფიოდ განსაზღვრული შუალედური შეჩერების წერტილებით და თითოეული ეტაპი უნდა მოიცავდეს მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში დროებით დამცავ ან გამამაგრებელ ღონისძიებებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჰიდროტექნიკური ნაგებობის მდგრადობა და შესაძლებელი იყოს გამოყენებული მასალების ქცევაზე დაკვირვება. ზომიერ ან მაღალ სეისმური ზონებში ზედა ამაღლების მეთოდის გამოყენება დაუშვებელია, თუ არ არის წარმოდგენილი უსაფრთხოების კონკრეტული დასაბუთება, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნული მეთოდი არ გამოიწვევს ჰიდროტექნიკური ნაგებობის მდგრადობის დარღვევას სეისმური დატვირთვისა და გრუნტის შესაძლო გათხევადების დროს არასტაბილურობის მომატებული რისკის გამო; ე) ჰიდროტექნიკური ნაგებობები: დაწრეტვის, გადაღვრის და საავარიო გაშვებების სისტემები უნდა დარჩეს საექსპლუატაციოდ ვარგისი საპროექტო წყალდიდობისა და საპროექტო მიწისძვრის პირობებში, ძრავებსა და ენერგომომარაგებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეზერვი, სადერივაციო არხები და წყალსაშვები უნდა დაიგეგმოს დასაბუთებული საპროექტო და საექსპლუატაციო წყალდიდობებისთვის ამ რეგლამენტის შესაბამისად; ვ) საკონტროლო-გამზომი ინსტრუმენტული სისტემები: (მაგ., პიეზომეტრები, ჯდენებისა და დეფორმაციის მონიტორინგი, ინკლინომეტრები, გეოდეზიური პუნქტები, ხარჯებისა და წყლის ხარისხის მონიტორინგი) უნდა დაიგეგმოს შესაბამისი საკონტროლო-გამზომი ინსტრუმენტული სისტემები, რომელიც შესაბამისობაშია პოტენციური მტყუნების სახეობებთან (PFM) და ტრიგერი-ქმედება-რეაგირების გეგმასთან (TARP). 2. საპროექტო გადაწყვეტა უნდა ეფუძნებოდეს „დახურვის გათვალისწინებით“ მეთოდოლოგიას. დროებითმა სამუშაოებმა, დალექვის გეომეტრიამ და წყლის ბალანსმა არ უნდა დააზიანოს/ხელი შეუშალოს საბოლოო ლიკვიდაციისა და ლიკვიდაციის შემდგომი სამუშაობის შესრულებას.
მუხლი 116. დაგეგმვა, ეტაპობრივი ამაღლება და ცვლილებების კონტროლი 1. კუდსაცავების დაგეგმვის ეტაპზე საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი დოკუმენტაციის გარდა უნდა მომზადდეს პროექტირების საფუძვლების ანგარიში (DBR), რომელიც ასახავს კრიტერიუმებს, მეთოდებს, შესავალ მონაცემებს, კვლევებს, ანალიზებსა და მისაღებ ზღვრულ მნიშვნელობებს, დალექვისა და წყლის ბალანსის მოდელებს, მდგრადობისა და ფილტრაციის ანალიზებს და გეოქიმიურ დახასიათებას (მჟავე ქანის დრენაჟი/ლითონების გამორეცხვა). 2. კუდსაცავის ყველა სამშენებლო სამუშაო, ამაღლება და მნიშვნელოვანი ცვლილება ან მოდიფიკაცია ექვემდებარება ცვლილებების მართვის ფორმალურ პროცესს, რომელსაც ხელმძღვანელობს პასუხისმგებელი ინჟინერი, ხოლო განსაზღვრულ ეტაპებზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი დამოუკიდებელი სპეციალისტების ჩართულობა. 3. კუდსაცავის მშენებლობისა და ეტაპობრივი ამაღლების პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იყოს პასუხისმგებელი ინჟინრის უწყვეტი ზედამხედველობა, მშენებლობის ხარისხის კონტროლი (მასალების თვისებები, განთავსება, სიმკვრივე, წყალშეღწევადობა) და სადრენაჟო მილებისა და საკონტროლო-გამზომი ინსტრუმენტული სისტემების ეტაპობრივი მონტაჟი/ექსპლუატაციაში გაშვება. 4. კუდსაცავის ექსპლუატაციაში გაშვება და კუდების პირველი განთავსება უნდა განხორციელდეს კუდების პირველი განთავსების გეგმის შესაბამისად, რომელიც პირველი შევსების გეგმის ანალოგიურია და მოიცავს აუზის ეტაპობრივ ფორმირებას, დაკვირვებების განსაზღვრულ პერიოდებს, პროცესის გაგრძელების ან შეჩერების კრიტერიუმებს, აგრეთვე ტრიგერი-ქმედება-რეაგირების გეგმასთან (TARP) დაკავშირებული სამუშაოების შეჩერებისა და უსაფრთხო საექსპლუატაციო ეტაპზე დაბრუნების პირობებს.
მუხლი 117. მონიტორინგი, მეთვალყურეობა, მონაცემები და ტრიგერი-ქმედება-რეაგირების გეგმა (TARP) 1. კუდსაცავებისთვის სპეციფიკურმა პოტენციური მტყუნების სახეობამ (MSP) უნდა განსაზღვროს ცვლადები, მეთოდები, მდებარეობები და სიხშირეები, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში: აუზის დონე, თხემის შემაღლება ნორმალური შეტბორვის დონიდან, სანაპირო ზოლის სიგანე და დალექვის გეომეტრია, ნალექი და თოვლი, პიეზომეტრული დონეები და დეპრესიის მრუდის ზედა ზღვარი, ფილტრაციის რაოდენობა და ხარისხი, გარსისა და საძირკვლის დეფორმაციები და გადაადგილებები, სადაწრეტო/გამოშვების სისტემების მუშაობა, სეისმური რეაქცია, ქვედა ბიეფის მიმღები ობიექტების დაკვირვებები. საჭიროების შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული დისტანციური ზონდირების საშუალებები. 2. მონაცემები უნდა იყოს დათარიღებული, ხარისხობრივად შემოწმებული, კიბერუსაფრთხო და მიკვლევადი კალიბრაციისა და ტექნიკური მომსახურების ჩანაწერებთან. კრიტიკული გაზომვებისთვის უნდა განისაზღვროს ხელით შესრულებადი სარეზერვო პროცედურები. 3. ზღვრული მნიშვნელობები უნდა იყოს კონსერვატორული და ეტაპობრივად დაყოფილი. მათი გადაჭარბება ავტომატურად უნდა ააქტიურებდეს ტრიგერი-ქმედება-რეაგირების გეგმას (TARP), წინასწარ განსაზღვრული როლებით, კომუნიკაციებით, დროებითი რისკის შემცირების ზომებითა და ესკალაციით საგანგებო მართვის გეგმის (EAP) ამოქმედებამდე. მოვლენაზე დაფუძნებული ანგარიშები უნდა მომზადდეს წყალდიდობების, მიწისძვრების, სწრაფი დაცლის ან აღჭურვილობის მტყუნების შემდეგ. 4. მონიტორინგისა და მეთვალყურეობის გეგმა (MSP) უნდა გადაიხედოს სულ მცირე უსაფრთხოების ანალიზის და რისკების შეფასების (SRRA) სიხშირით და ასევე დალექვის, წყლის ბალანსის ან კუდსაცავის ქცევის მნიშვნელოვან ცვლილებათა შემდეგ.
მუხლი 118. კუდსაცავების უსაფრთხოების ანალიზი და რისკების შეფასება (SRRA) 1. ამ რეგლამენტით განსაზღრული უსაფრთხოების ანალიზი და რისკების შეფასება (SRRA) სრულად გამოიყენება და უნდა იყოს მორგებული კუდსაცავებისთვის დამახასიათებელ საფრთხეებსა და პოტენციური მტყუნების სახეობებზე (PFM), მათ შორის, საჭიროებისამებრ: კაშხლის თხემზე უკონტროლო გადადინებას, სტატიკურ/ციკლურ გათხევადობასა და დინებით ჩამოშლას, შიდა ეროზიას ნაყარ კუდსაცავში, საყრდენსა ან საძირკველში, დაწრეტვის სისტემისა ან წყალსაშვის მტყუნებას, საძირკვლის დეფექტებით გამოწვეულ უკონტროლო გაშვება-გარღვევას და ქვედა ფერდობებისა და გამტარი არხების არამდგრადობას. 2. კუდსაცავის უსაფრთხოების ანალიზი და რისკების შეფასება (SRRA) უნდა მოიცავდეს შედეგებისა და გარღვევის მოდელირებას, რომელიც შეესაბამება კუდების რეოლოგიასა (ფიზიკის დარგი, რომელიც შეისწავლის მატერიის დინამიკასა და და დეფორმაციას) და გამტარ მარშრუტებს და უნდა დაადასტუროს რისკის დასაშვებობა კუდსაცავის კლასიფიკაციის შესაბამისად. 3. კუდსაცავის უსაფრთხოების ანალიზი და რისკების შეფასება (SRRA) უნდა ჩატარდეს მათი ექსპლუატაციაში გაშვებიდან მინიმუმ სამ წელიწადში ერთხელ და ასევე არაგეგმიურად გამომწვევი მოვლენების შემდეგ (მასშტაბური წყალდიდობები, მნიშვნელოვანი მიწისძვრები, უჩვეულო ტენდენციები, ნატანის დაგროვების ან წყლის ბალანსის არსებითი ცვლილებები ან ტრიგერი-ქმედება-რეაგირების გეგმის (TARP) საფრთხეების დონის გადაჭარბება). 4. რეკომენდაციები უნდა იყოს დაპრიორიტეტებული, განაწილებული, დაგეგმილი და სრულ შესრულებამდე (დახურვამდე/ლიკვიდაციამდე) კონტროლირებადი.
მუხლი 119. საგანგებო მართვის გეგმა (EAP) კუდსაცავებისთვის 1. საგანგებო მართვის გეგმა (EAP) კუდსაცავებისთვის უნდა მოიცავდეს კუდსაცავის სპეციფიკურ, წყალმოვარდნით დატბორვისა და დაცლის მოდელირებას, რომელიც ასახავს კუდების ქცევას, ითვალისწინებს მტყუნების სცენარებს და უზრუნველყოფს დაცლის დროის, სიღრმის, სიჩქარისა და საფრთხის ინდექსების განსაზღვრას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ტერიტორიებისთვის. 2. შეტყობინების, გაფრთხილებისა და ევაკუაციის პროტოკოლები უნდა იყოს კოორდინირებული ქვედა ბიეფში მდებარე შესაბამის ორგანოებსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან. წვრთნები უნდა ჩატარდეს ნაგებობის ავარიის შესაძლო შედეგების სიმძიმის კლასის შესაბამისად, ხოლო თითოეული წვრთნის შემდეგ უნდა განხორციელდეს შედეგების ანალიზი და მაკორექტირებელი ქმედებების დაფიქსირება და მონიტორინგი. 3. კუდსაცავების უსაფრთხოების შესახებ არსებითი ინფორმაციისა და საგანგებო მდგომარეობისადმი მზადყოფნის ღონისძიებების შეტყობინება უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 120. კუდსაცავის ლიკვიდაცია და ლიკვიდაციის შემდგომი პერიოდი 1. დაგეგმვა-პროექტირების ეტაპიდანვე უნდა დაიგეგმოს კუდსაცავის ლიკვიდაცია ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ფიზიკურად მდგრადი მიწის ფორმირებები, ფილტრაციის და წყლის ხარისხის კონტროლი, შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი გრძელვადიანი მტკიცებულებით. 2. კუდსაცავის ლიკვიდაციის გეგმა უნდა განსაზღვრავდეს საბოლოო მდგომარეობის კრიტერიუმებს, საფარის/საიზოლაციო სისტემებს, წყლის მართვას (მათ შორის აუზის გაუქმებას ან გრძელვადიან დატბორვას შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში), გრძელვადიან მონიტორინგსა და ტექნიკურ მომსახურებას, ინსტიტუციურ კონტროლს, მისასვლელების მართვასა და ზედამხედველობის ფუნქცია-მოვალეობებს. 3. უნდა დასაბუთდეს, რომ დარჩენილი რისკები დაბალია და რომ მონიტორინგისა და ტექნიკური მომსახურების მიმდინარე ღონისძიებები ადეკვატური. შესაძლებელია განხორციელდეს შემდგომი გაფართოებული მეთვალყურეობა.
მუხლი 121. დოკუმენტაცია და არქივი 1. ამ თავით განსაზღვრული დოკუმენტაცია უნდა გადაეცეს არქივს. 2. დოკუმენტები უნდა ინახებოდეს და იმართებოდეს კონტროლირებად რეჟიმში, თითოეულ მათგანს უნდა ჰქონდეს უნიკალური იდენტიფიკატორი, იყოს მოქმედი და მარტივად ხელმისაწვდომი.
თავი XIII. არაარსებითი, არსებითი და კრიტიკული შეუსაბამობები
მუხლი 122. არსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა 1. რეგლამენტის 97-ე მუხლის პირველ, მე-6 და მე-7 პუნქტებში, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებში, მე-9 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებში და მე-10 პუნქტში, 98-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“, „ლ“, „მ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებში, მე-7 და მე-9 პუნქტებში, მე-12 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში და მე-14 პუნქტში, 99-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებში, მე-10, მე-12 და მე-13 პუნქტებში, 102-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ე“, „კ“, „ლ“ და „ნ.დ“ ქვეპუნქტებში, 103-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის არსებით შეუსაბამობას. 2. რეგლამენტის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში და მე-3 პუნქტში, 97-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-12 პუნქტებში, 98-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, მე-5 პუნქტის „ა”, „ბ“, „გ“, „ე“, „ვ“, „თ“, „კ“, „ნ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებში, მე-8 პუნქტში, მე-12 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებში, მე-13, მე-15 და მე-16 პუნქტებში, 99-ე მუხლის პირველ პუნქტში, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებში, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებში, მე-9 და მე-11 პუნქტებში, მე-100 მუხლის პირველ პუნქტში, 101-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში, 102-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში, მე-5 პუნქტის „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“, „მ’’, „ნ’’ და „ო’’ ქვეპუნქტებში, მე-6 პუნქტის „ბ“, „დ“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „მ“, „ნ.ა“, „ნ.ბ“, „ნ.გ“ და „ნ.ე“ ქვეპუნქტებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის არსებით შეუსაბამობას.
მუხლი 123. კრიტიკული შეუსაბამობების განსაზღვრა 1. რეგლამენტის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტში და მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას. 2. რეგლამენტის 98-ე მუხლის მე-4 პუნქტში, მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში, მე-6, მე-10 და მე-11 პუნქტებში, მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში, 101-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, 102-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას.
მუხლი 124. არაარსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა რეგლამენტის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში და მე-2 პუნქტში, 97-ე მუხლის მე-4, მე-5 მე-11 და მე-13 პუნქტებში, 99-ე მუხლის მე-8 პუნქტის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებში, 102-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტში და მე-6 პუნქტის „გ“ და „ო“ ქვეპუნქტებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება არაარსებით შეუსაბამობას.
თავი XIV. გარდამავალი დებულებები
მუხლი 125. გარდამავალ პერიოდში არსებულ ჰიდროტექნიკურ ნაგებობებთან მიმართებით განსახორციელებელი ღონისძებები 1. ამ რეგლამენტის ამოქმედებამდე არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ამ რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად: ა) 2028 წლის 1 ივლისამდე ჰიდროტექნიკური ნაგებობის კლასიფიკაცია; ბ) 2029 წლის 1 ივლისამდე: ბ.ა) ექსპლუატაციის წესების მომზადება და ამოქმედება; ბ.ბ) მონიტორინგის, მეთვალყურეობისა და ტექნიკური მომსახურების გეგმის (MSMP) მომზადება და განხორციელება; ბ.გ) საგანგებო მართვის გეგმის (EAP) მომზადება და ამოქმედება; ბ.დ) უსაფრთხოების ანალიზისა და რისკების შეფასების (SRRA) პირველი კომპლექსური შეფასების დასრულება და განხორციელება. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტაცია ძალას იძენს დამტკიცებისთანავე, ხოლო დამტკიცებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელია ჰიდროტექნიკური ნაგებობის მფლობელი. 3. ამ რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ორგანოს არსებობის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია შესათანხმებლად წარედგინება შესაბამის სათათბირო ორგანოს. 4. ამ რეგლამენტის ამოქმედებამდე არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობის, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეფასება უნდა შემუშავდეს ამ რეგლამენტში მოცემული მოთხოვნების შესაბამისად, ჰიდროტექნიკური ნაგებობის წინა პერიოდის მუშაობისა და ნორმალურ და ექსტრემალურ პირობებში ექსპლუატაციის გათვალისწინებით. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტექნიკური რეგლამენტის − ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.11.2026.
- როდის იქნა მიღებული „ტექნიკური რეგლამენტის − ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე?
- „ტექნიკური რეგლამენტის − ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე მიღებულია 13.11.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №539. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.026089.
- სად არის „ტექნიკური რეგლამენტის − ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.11.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის − ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე, №539, 13.11.2026, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.026089 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7045552/