„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №172 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.010.526
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №781
2007 წლის 2 ივლისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №172 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №172 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულებაში (სსმ III, 05.03.2007, №29, მუხლი 350) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დებულების პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. ინსპექციის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. №30“.
ბ) დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა შერჩევა ხორციელდება შემდეგი კრიტერიუმებით:
ა) გადასახადის გადამხდელის წლიური ბრუნვის მოცულობა (აღემატება 2.5 მლნ ლარს);
ბ) აქციზის გადამხდელთათვის წლიური ბრუნვის მოცულობა (აღემატება 1.0 მლნ ლარს)”.
გ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) ინსპექციის საგადასახადო აღრიცხვიდან გადასახადის გადამხდელთა მოხსნა ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც წლის შედეგებით გადასახადის გადამხდელი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, ან როცა მათი საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლითა და ანალიზით დადგინდა, რომ ნამდვილად არ არსებობს პერსპექტივაში ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების შესაძლებლობა“.
დ) დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ“ ქვეპუნქტი:
,,ვ) საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო“.
ე) დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ინსპექციის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს ინსპექციას და პასუხისმგებელია კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის ჯეროვანი შესრულებისათვის;
ბ) თავის კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს ინსპექციის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს სახელმწიფოს სახელით;
გ) თვალყურს ადევნებს ინსპექციის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს თავიანთი მოვალეობის შესრულებისას და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას ინსპექციის მომსახურების საქმიანობისა და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) ანაწილებს ინსპექციის მოსამსახურეთა შორის ფუნქციონალურ მოვალეობებს, განსაზღვრავს მათი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხებს, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მათ მიმართ წახალისებისა და დისციპლინარულ ზემოქმედებას;
ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრთან და შემოსავლების სამსახურის უფროსთან შეაქვს წინადადებები ინსპექციის თანამშრომელთა მიმართ დისციპლინარული ან წახალისების ზომების გამოყენების შესახებ;
ვ) პასუხისმგებელია ინსპექციისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების მიზნობრივ ხარჯვაზე და გამოყენებაზე;
ზ) შემოსავლების სამსახურის უფროსს წარუდგენს ინსპექციის დებულების, სტრუქტურის, ხარჯთაღრიცხვასა და საშტატო განრიგში, ასევე სათანადო ნორმატიულ აქტებში ცვლილებების პროექტებს;
თ) ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის წინაშე;
ი) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს, გამოსცემს მითითებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა ინსპექციის თანამშრომლებისათვის;
კ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს და შემოსავლების სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს ინსპექციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში ძალადაკარგულად ცნობს მოადგილის, ინსპექციის სტრუქტურული ერთეულების თანამდებობის პირების საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო გადაწყვეტილებებს;
მ) თავისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) ქმნის ინსპექციის სათათბირო ორგანოს – საბჭოს და განსაზღვრავს მის რიცხოვნობას, პერსონალურ შემადგენლობას;
ნ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.
ვ) დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კ) ყოველდღიურად მიიღოს სახაზინო დაწესებულებიდან დოკუმენტები გადასახადის გადამხდელების მიერ ბიუჯეტში და სახელმწიფო ფონდებში ჩარიცხული გადასახადების შესახებ და უზრუნველყოს აღნიშნული მონაცემების კომპიუტერებში შეტანა;“.
ზ) ამოღებულ იქნეს მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო“, ,,უ“ და ფ“ ქვეპუნქტები.
თ) ამოღებულ იქნეს მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი.
ი) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
თ) გამოიკვლიოს საწარმოთა და მეწარმე-ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსოები, ჩაატაროს დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით, აღნიშნულის საფუძველზე შეადგინოს ოქმები და დადგენილი წესით მოამზადოს დასკვნები ინსპექციის უფროსზე გადასაცემად. მონაწილეობა მიიღოს გადამხდელთა მიმართ ჩატარებულ კონტროლის ღონისძიებებში;”.
კ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ“, ,,ო “ და ,,პ“ ქვეპუნქტები:
„ნ) გამოავლინოს საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადამხდელების მიერ აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის წარმოების, მიწოდების დარღვევის ფაქტები;
ო) აქციზური საქონლის რეალიზაციაზე კონტროლის მიზნით მოახდინოს საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ გადამხდელებზე აღმრიცხველი მოწყობილობებისა და სათავსოების დალუქვა, დამატებითი აღმრიცხავი ტექნიკური საშუალებების დაყენება და მისი კონტროლი. დაზიანების შემთხვევაში მოახდინოს ლუქის ახსნა, მათი ხელახალი დალუქვა და შეადგინოს ამ მიზნით შემუშავებული შესაბამისი ფორმის აქტები. ხელახალი დალუქვის ყველა შემთხვევაში მოახდინოს საკონტროლო-სალარო აპარატში შეტანილი პაროლის შეცვლა;
პ) შეადგინოს შემოსავლების სამსახურის მიერ დაწესებული სტატისტიკური და ფაქტობრივი შემოსავლებისა და ვადაგადაცილებული დავალიანებების შესახებ ანგარიშები;“.
ლ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:
„მუხლი 131. საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო
საინფორმაციო ანალიტიკური სამმართველოს ძირითადი ამოცანაა:
ა) მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში საინფორმაციო საძიებო სისტემების დანერგვა-ექსპლუატაცია;
ბ) ინსპექციის ამოცანების შერულების უზრუნველყოფისათვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება-სისტემატიზაცია, ანალიზი და დამუშავებული ფორმების ინსპექციის დანაყოფებისათვის მიწოდება;
გ) გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემების (დეკლარაციების და სხვა გაანგარიშებების) დამუშავება-ანალიზი, რისკის-ფაქტორების განსაზღვრა, საბაჟო მონაცემების დამუშავება მათი შედარება საგდასახადო მონაცემებთან;
დ) დღგ-ს შეგროვების მდგომარეობის ანალიზი, აქტივების წარმოშობის ანალიზი, ამ გადასახადებში ნარჩენების დაგროვების ანალიზი, ასევე დღგ-ის და სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების მოძრაობის ანალიზი, დღგ-ის ბრუნვების (მათ შორის გათავისუფლებული და ნულოვანი ბრუნვების) ანალიზი;
ე) გადამხდელთა ანალიტიკური ბარათების შემუშავება, საქმიანობის მიხედვით გადამხდელთა საქმიანობის ანალიზი და რისკის-ფაქტორების განსაზღვრა, ამ სფეროში გადამხდელთა ბრუნვების და შემოსული გადასახადების ანალიზი;
ვ) ინსპექციის უფროსის დავალებების შესაბამისად, სხვა ანალიტიკური ინფორმაციის შემუშავება;
ზ) სამოქმედო ტერიტორიაზე საგადასახადო და სტატისტიკური ანგარიშების მონაცემების ეკონომიკური ანალიზის ჩატარება.“.
2. ბრძანება, გარდა პირველი პუნქტის ,,ბ“, ,,გ“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,თ“, ,,ი“ და ,,კ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. ბრძანების პირველი პუნქტის ,,ბ“, ,,გ“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,თ“, ,,ი“ და ,,კ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2007 წლის 1 აგვისტოდან.
ა. ალექსიშვილი