„საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.020.22.033.010.655
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №924
2007 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
„საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებით დამტკიცებულ „საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“ ინსტრუქციაში (სსმ III, 22.12.06 წ., №172, მუხ. 2325) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დროებით დასაწყობებული საქონელი უნდა ინახებოდეს საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ საბაჟო საწყობში ან შენახვის სხვა ადგილზე, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ პირობებს. ამ მუხლის მიზნებისთვის შეთანხმება ნიშნავს საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოწერას (გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შემთხვევისა) საბაჟო საწყობის ან შენახვის სხვა ადგილის მითითებით ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საბაჟო საწყობში ან შენახვის სხვა ადგილას საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების წარდგენას. საბაჟო ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საბაჟო საწყობების შესახებ ინფორმაციის საჯაროობა და დაუბრკოლებელი ხელმისაწვდომობა. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს საბაჟო საწყობის სახეობას (ღია საბაჟო საწყობი, დროებითი შენახვის ღია, დახურული საბაჟო საწყობი, დროებითი შენახვის დახურული); საწყობის (შესაბამისი ნებართვის) მფლობელის დასახელებას; საწყობის მისამართს; საკონტაქტო პირის ვინაობასა და ტელეფონის ნომერს; საბაჟო საწყობში დასაწყობებისთვის განკუთვნილი საქონლის შენახვის სპეციფიკური პირობების აღმნიშვნელ მონაცემებს (მაცივარი, ელევატორი, სპირტსაცავი, ნავთობის მსუბუქი, საშუალო მძიმე დისტილატების შესანახი და სხვა).“;
ბ) მე-3 მუხლის მე-18–20 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. დროებით დასაწყობებული საქონლის დროებით შენახვის საბაჟო საწყობში ან სხვა ადგილზე შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 45 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით, 20 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით. აღნიშნული ვადა აითვლება საქონლის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გამოწერილი აღრიცხვის მოწმობის 25-ე გრაფაში მითითებული შევსების თარიღიდან, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ შემოყვანილი უცხოეთში რეგისტრი რებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში – მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში (პასპორტში) ჩაკრულ სტიკერთან დასმული თარიღიდან.
19. საბაჟო ორგანოს შესაბამისი დასაბუთებით შეუძლია შეამციროს მე-18 პუნქტში აღნიშნული ვადები ან მე-18 პუნქტში დადგენილი ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 3 დღით ადრე პირის მიერ წარდგენილი მოტივირებული წერილობითი განცხადების საფუძველზე გააგრძელოს არა უმეტეს 45 კალენდარული დღით, ხოლო მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში – არა უმეტეს 10 კალენდარული დღით. საბაჟო ორგანო ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა მიიღოს გადაწყვეტილება ვადის გაგრძელების ან ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის შემცირების და ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის საფუძველია დროებით დასაწყობებული საქონლის ვარგისიანობის შეზღუდული ვადა, გარეგნული ნიშნების მიხედვით სანიტარიულ, ვეტერინალურ, ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შენახვის პირობების დარღვევის შედეგად საქონლის უსაფრთხოების, თვისობრივ-ხარისხობრივი მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესება.
20. საქონელი, რომელზედაც უკვე განსაზღვრულია საბაჟო დამუშავების ოპერაცია, შეიძლება ინახებოდეს დეკლარანტის წერილობითი მოტივირებული განცხადების საფუძველზე დროებითი შენახვის საწყობში არა უმეტეს 3 თვისა (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა). საბაჟო ორგანო უფლებამოსილია შეამციროს აღნიშნული ვადა ან უარი განუცხადოს განმცხადებელს ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. საბაჟო ორგანო ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა მიიღოს გადაწყვეტილება ვადის გაგრძელების ან ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი