1. ინსტიტუტის მართვას ახორციელებს დირექტორი.
2. ინტიტუტის დირექტორი:
ა) შეიმუშავებს ინსტიტუტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს და წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს შესათანხმებლად;
ბ) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებულ ინსტიტუტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს ათანხმებს სამინისტროსთან;
გ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად აცხადებს ღია კონკურსებსა და ქმნის საკონკურსო კომისიებს სამეცნიერო თანამდებობებზე თანამშრომელთა შერჩევის მიზნით, ადგენს სამეცნიერო თანამდებობების დაკავების კონკურსის წესსა და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამეცნიერო საბჭოს არჩევის მიზნით, ქმნის საარჩევნო კომისიას, ადგენს სამეცნიერო საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებულ, ამ წესდებით გათვალისწინებულ ვადებს;
ე) ითანხმებს ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს;
ვ) საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს ინსტიტუტის თანამშრომლებს, უზრუნველყოფს მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას, უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე აიყვანოს შტატგარეშე პირი;
ზ) ამტკიცებს სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეულ პირს ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე;
თ) ხელს უწყობს კონტაქტების განვითარებას საქართველოსა და უცხო ქვეყნების სამეცნიერო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
ი) ინსტიტუტის სახელით დებს ხელშეკრულებებს, მათ შორის, ხელშეკრულებებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში თანამშრომლობასთან დაკავშირებით;
კ) სათათბირო ხმის უფლებით ესწრება სამეცნიერო საბჭოს სხდომებს;
ლ) უფლებამოსილია არა უმეტეს საკუთარი უფლებამოსილების ვადით დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოადგილე/მოადგილეები;
მ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტით განსაზღვრავს იმ მოადგილეს, რომელიც დროებით განახორციელებს დირექტორისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს დირექტორის არყოფნისას, თუ დირექტორის მიერ არ იქნება დანიშნული დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებელი.
ნ) ხელს უწყობს მეცნიერ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას;
ო) ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების წარდგინებით ამტკიცებს ინსტიტუტის ბიუჯეტს;
პ) სამეცნიერო საბჭოს წარუდგენს ინსტიტუტის ანგარიშს ბიუჯეტის ფორმირებისა და მისი შესრულების შესახებ;
ჟ) კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს ინსტიტუტის ფინანსურ სახსრებს და მასვე ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ინსტიტუტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;
რ) ამტკიცებს ინსტიტუტის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას, მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, წახალისების სახესა და გამოყენების წესს;
ს) უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომელთა მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;
ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
უ) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით ამზადებს წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს;
ფ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. ინსტიტუტის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები.
4. დირექტორს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადი სურვილით;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას;
გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას;
დ) გარდაცვალებისას;
ე) 65 წლის ასაკის მიღწევისას.
5. დირექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამეცნიერო საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 02.08.2007
მუხლი 9. ინსტიტუტის დირექტორის უფლებამოსილება
თავი II — ინსტიტუტის მართვა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. ინსტიტუტის მართვის ორგანოები და ინსტიტუტის სტრუქტურა
- მუხლი 4. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო
- მუხლი 5. სამეცნიერო საბჭოსა და მის წევრთა უფლებამოსილება
- მუხლი 6. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე
- მუხლი 7. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს არჩევა
- მუხლი 8. ინსტიტუტის საარჩევნო კომისია
- მუხლი 10. ინსტიტუტის დირექტორის არჩევის წესი
- მუხლი 11. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეული და მისი ხელმძღვანელი
- მუხლი 12. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების წესი
- მუხლი 13. ინსტიტუტის პერსონალი
- მუხლი 14. სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 9, №577, 02.08.2007, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.720 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.08.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/72430/muxli-9/