,,არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №358 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.080.000.22.027.010.771
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №280
2007 წლის 17 აგვისტო
ქ. თბილისი
„არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის № 358 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის № 358 ბრძანებით (სსმ III, 1999წ., № 71(78), მუხ.1088) დამტკიცებული „არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების შინაგანაწესის” მე- 15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. მსჯავრდებულის შეხვედრა
1. აკრძალულია მსჯავრდებულის სრული იზოლაცია.
2. მსჯავრდებულს უფლება აქვს შეხვდეს (ჰქონდეს პაემანი) ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს (მეუღლეს, მშობლებს, ბებიას, პაპას, შვილს, მშვილებელს, შვილობილს, დას, ძმას, აგრეთვე მათ, ვისთანაც ცხოვრობდა და ეწეოდა საერთო მეურნეობას პატიმრობამდე 2 წლის განმავლობაში).
3. პაემნის უფლების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ მსჯავრდებულისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წესრიგის დაცვის მიზნით.
4. მსჯავრდებულს, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეა, უფლება აქვს შეხვდეს თავისი ქვეყნის საკონსულოს წარმომადგენელს ან მისი ინტერესების დამცველ სხვა ქვეყნის უფლებამოსილ დიპლომატიურ წარმომადგენლს.
5. ადმინისტრაცია, შესაბამისი კონტროლის თანხლებით, ხელს უწყობს მსჯავრდებულს, ურთიერთობა ჰქონდეს ამ მუხლით გათვალისწინებულ პირებთან. მსჯავრდებულის ურთიერთობის კონტროლი უნდა განხორცილდეს მისი პატივისა და ღირსების შეულახავად.
6. მსჯავრდებული პაემანზე შეიძლება შეხვდეს სრულწლოვან პირს/პირებს, რომელთაც შეიძლება ახლდნენ პაემნის უფლების მქონე არასრულწლოვანი პირებიც. პაემანზე მიმსვლელ პირთა ზღვრულ რაოდენობას ადგენს დაწესებულების ადმინისტრაცია, დაწესებულებაში არსებული პირობების გათვალისწინებით, მსჯავრდებულისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წესრიგის დაცვის მიზნით.
7. პაემნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ საათს. პაემნის მსურველი პირი ვალდებულია ამის თაობაზე სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას შეატყობინოს პაემნამდე არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
8. პაემნის დროს ადმინისტრაციის წარმომადგენლის დასწრება სავალდებულო არ არის.
9. არასრულწლოვან მსჯავრდებულს უფლება აქვს ჰქონდეს თვეში არა უმეტეს ოთხი პაემნისა.
10. მსჯავრდებულის ქცევის ან შრომისადმი დამოკიდებულების გათვალისწინებით, მისი სოციალური რეაბილიტაციის მიზნით, სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორს შეუძლია მისცეს მსჯავრდებულს დამატებითი პაემანი.
11. კარგი ყოფაქცევისა და სწავლის შემთხვევაში, სასჯელის ვადის ერთი მეოთხედის მოხდის შემდეგ, მსჯავრდებულის პატიმრობის პირობები შეიძლება გაუმჯობესდეს. ამ შემთხვევაში მას ნება ეძლევა იქონიოს წელიწადში დამატებით ორი ხანგრძლივი პაემანი.
12. ხანგრძლივი პაემანი წარმოადგენს ერთიდან სამ დღემდე ვადით პაემნის უფლების მქონე პირებთან ერთად ცხოვრებას დაწესებულებაში ამისათვის გამოყოფილ სპეციალურ სადგომში ადმინისტრაციის დაუსწრებლად.
13. მსჯარდებულისათვის დამატებითი პაემნის მიცემის გადაწყვეტილებას დაწესებულების დირექტორი იღებს საკუთარი ინიციატივით, სასჯლაღსრულების დაწესებულების სოციალური განყოფილების ან „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 93- ე მუხლით განსაზღვრული კომისიის წარდგინებით. დამატებითი პაემნის მიცემის შესახებ გადაწყვეტილება შეთანხმებული უნდა იყოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურთან.
14. გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული პაემნებისა, ყველა მსჯავრდებულს აქვს დამცველთან შეხვედრის უფლება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. დამცველთან შეხვედრა ხდება ყოველგვარი ჩარევისა და ცენზურის გარეშე. დაწესებულების მოსამსახურეებს შეუძლიათ აკვირდებოდნენ შეხვედრას ვიზუალურად, მაგრამ მოსმენის გარეშე.
15. შეხვედრის ნებართვას, მსჯავრდებულის ან მისი მონახულების მსურველის განცხადებით, გასცემს დაწესებულების დირექტორი ან მისი შემცვლელი პირი. შეხვედრაზე უარის შემთხვევაში მიეთითება უარის თქმის მიზეზები. პაემანზე მოსულის, აგრეთვე მსჯავრდებულთა ნათესავების პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტებია: მოქალაქის პირადობის მოწმობა, პასპორტი, სამხედრო ბილეთი, დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოთა დოკუმენტები.
16. პირველი შეხვედრა მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს მისი დაწესებულებაში მოყვანისთანავე, დამოუკიდებლად იმისა, ჰქონდა თუ არა მას წინა შეხვედრა სხვა დაწესებულებებში. შემდეგი შეხვედრები მსჯავრდებულს მიეცემა გარკვეული პერიოდის შემდეგ, რომელიც განისაზღვრება თვის დღეთა ოდენობის (ხანმოკლე შეხვედრებისას) ან წლის თვეთა ოდენობის (ხანგრძლივი შეხვედრებისას) გაყოფით შეხვედრათა იმ ოდენობაზე, რომლის უფლებაც მსჯავრდებულს თვეში (წელიწადში) გააჩნია.
17. ეპიდემიათა საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისას, სტიქიური უბედურებებისა და სხვა განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, რომლებიც ხელს უშლიან დაწესებულების ნორმალურ საქმიანობას, შეხვედრები შეიძლება დროებით შეწყდეს.
18. დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულებს შეხვედრები არ ჰქონიათ კარანტინთან, სტიქიურ უბედურებებთან ან სხვა განსაკუთრებულ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც ხელს უშლიან დაწესებულების ნორმალურ საქმიანობას, ითვლება ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში.
19. შეხვედრების ხანგრძლივობა ადმინისტრაციის მიერ შეიძლება შემცირდეს შეხვედრებზე მყოფი პირების მოთხოვნით. შეხვედრების გაერთიანება ან ერთი შეხვედრის გაყოფა არ დაიშვება.
20. შეხვედრაზე მსჯავრდებული უნდა გამოცხადდეს მოწესრიგებული.
21. მას შემდეგ, რაც ადმინისტრაცია განუმარტავს შეხვედრის ჩატარების წესს, შეხვედრაზე მისული პირები ფულს, ასევე საგნებსა და ფასეულობებს, რომელთა გამოყენება დაწესებულებაში აკრძალულია, შესანახად, ხელწერილით აბარებენ დაწესებულების ადმინისტრაციას.
22. თუ იმის ვარაუდის საკმაო საფუძველია, რომ შეხვედრაზე მოსულ პირს განზრახული აქვს გადასცეს მსჯავრდებულს დაწესებულებაში აკრძალული საგნები, ნაკეთობები ან ნივთიერებები, დაწესებულების ან დეპარტამენტის წარმომადგენელი ამ პირს განუცხადებს იმის თაობაზე, რომ მას შეხვედრის უფლება მიეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი თანხმობას განაცხადებს მისი კუთვნილი ნივთებისა და ტანსაცმლის შემოწმებაზე. შემოწმების შედეგად გადამალული საგნების, ნაკეთობების ან ნივთიერებების აღმოჩენისას ადმინისტრაცია იღებს კანონმდებლობით დადგენილ ზომებს.
23. თუ პირი უარს განაცხადებს ამ მუხლის 22–ე პუნქტით გათვალისწინებულ შემოწმებაზე, მას უარი ეთქმევა ხანგრძლივ შეხვედრაზე, მაგრამ შეიძლება მიეცეს ხანმოკლე შეხვედრის უფლება მხოლოდ დირექტორის ან მისი მოადგილის თანხმობით.“.
2. ეს ბრძანება გაეცნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების თანამშრომლებს.
3. ეს ბრძანება, გარდა პირველი პუნქტით დამტკიცებული მე-15 მუხლის მე-10 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
4. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული მე-15 მუხლის მე-10 პუნქტი ამოქმედდეს 2007 წლის 1 სექტემბრიდან.
გ. ქავთარაძე