,,საერთო რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №365 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.070.000.22.027.010.773
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №282
2007 წლის 17 აგვისტო
ქ. თბილისი
„საერთო რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №365 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №365 ბრძანებით (სსმ III, 1999 წ., №71 (78), მუხ. 1095) დამტკიცებული „საერთო რეჟიმის დაწესებულების შინაგანაწესის“ (დანართი №2) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„მუხლი 14. მსჯავრდებულის შეხვედრა
1. აკრძალულია მსჯავრდებულის სრული იზოლაცია.
2. მსჯავრდებულს უფლება აქვს შეხვდეს (ჰქონდეს პაემანი) ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს (მეუღლეს, მშობლებს, ბებიას, პაპას, შვილს, მშვილებელს, შვილობილს, დას, ძმას, აგრეთვე მათ, ვისთანაც ცხოვრობდა და ეწეოდა საერთო მეურნეობას პატიმრობამდე 2 წლის განმავლობაში).
3. პაემნის უფლების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ მსჯავრდებულისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წესრიგის დაცვის მიზნით.
4. მსჯავრდებულს, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეა, უფლება აქვს შეხვდეს თავისი ქვეყნის საკონსულოს წარმომადგენელს ან მისი ინტერესების დამცველ სხვა ქვეყნის უფლებამოსილ დიპლომატიურ წარმომადგენელს.
5. ადმინისტრაცია, შესაბამისი კონტროლის თანხლებით, ხელს უწყობს მსჯავრდებულს, ურთიერთობა ჰქონდეს ამ მუხლით გათვალისწინებულ პირებთან. მსჯავრდებულის ურთიერთობის კონტროლი უნდა განხორციელდეს მისი პატივისა და ღირსების შეულახავად.
6. მსჯავრდებული პაემანზე შეიძლება შეხვდეს სრულწლოვან პირს/პირებს, რომელთაც შეიძლება ახლდნენ პაემნის უფლების მქონე არასრულწლოვანი პირებიც. პაემანზე მიმსვლელ პირთა ზღვრულ რაოდენობას ადგენს დაწესებულების ადმინისტრაცია, დაწესებულებაში არსებული პირობების გათვალისწინებით, მსჯავრდებულისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წესრიგის დაცვის მიზნით.
7. პაემნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ საათს. პაემნის მსურველი პირი ვალდებულია ამის თაობაზე სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას შეატყობინოს პაემნამდე არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
8. პაემნის დროს ადმინისტრაციის წარმომადგენლის დასწრება სავალდებულო არ არის.
9. მსჯავრდებულს უფლება აქვს ყოველთვიურად ჰქონდეს არა უმეტეს ორი პაემნისა. მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, უფლება აქვს ყოველთვიურად ჰქონდეს სამი პაემანი.
10. მსჯავრდებულის ქცევის ან შრომისადმი დამოკიდებულების გათვალისწინებით, მისი სოციალური რეაბილიტაციის მიზნით, სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორს შეუძლია მისცეს მსჯავრდებულს დამატებითი პაემანი.
11. მსჯავრდებულისათვის დამატებითი პაემნის მიცემის გადაწყვეტილებას დაწესებულების დირექტორი იღებს საკუთარი ინიციატივით, სასჯელაღსრულების დაწესებულების სოციალური განყოფილების ან „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 93-ე მუხლით განსაზღვრული კომისიის წარდგინებით. დამატებითი პაემნის მიცემის შესახებ გადაწყვეტილება შეთანხმებული უნდა იყოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურთან.
12. გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული პაემ-ნებისა, ყველა მსჯავრდებულს აქვს დამცველთან შეხვედრის უფლება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. დამცველთან შეხვედრა ხდება ყოველგვარი ჩარევისა და ცენზურის გარეშე. დაწესებულების მოსამსახურეებს შეუძლიათ აკვირდებოდნენ შეხვედრას ვიზუალურად, მაგრამ მოსმენის გარეშე.
13. შეხვედრის ნებართვას, მსჯავრდებულის ან მისი მონახულების მსურველის განცხადებით, გასცემს დაწესებულების დირექტორი ან მისი შემცვლელი პირი. შეხვედრაზე უარის შემთხვევაში მიეთითება უარის თქმის მიზეზები. პაემანზე მოსულის, აგრეთვე მსჯავრდებულთა ნათესავების პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტებია: მოქალაქის პირადობის მოწმობა, პასპორტი, სამხედრო ბილეთი, დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოთა დოკუმენტები.
14. პირველი შეხვედრა მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს მისი დაწესებულებაში მოყვანისთანავე, დამოუკიდებლად იმისა, ჰქონდა თუ არა მას წინა შეხვედრა სხვა დაწესებულებებში. შემდეგი შეხვედრები მსჯავრდებულს მიეცემა გარკვეული პერიოდის შემდეგ, რომელიც განისაზღვრება თვის დღეთა ოდენობის (ხანმოკლე შეხვედრებისას) ან წლის თვეთა ოდენობის (ხანგრძლივი შეხვედრებისას) გაყოფით შეხვედრათა იმ ოდენობაზე, რომლის უფლებაც მსჯავრდებულს თვეში (წელიწადში) გააჩნია.
15. ეპიდემიათა საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისას, სტიქიური უბედურებებისა და სხვა განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, რომლებიც ხელს უშლიან დაწესებულების ნორმალურ საქმიანობას, შეხვედრები შეიძლება დროებით შეწყდეს.
16. დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულებს შეხვედრები არ ჰქონდათ კარანტინთან, სტიქიურ უბედურებებთან ან სხვა განსაკუთრებულ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც ხელს უშლიან დაწესებულების ნორმალურ საქმიანობას, ითვლება ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში.
17. შეხვედრების ხანგრძლივობა ადმინისტრაციის მიერ შეიძლება შემცირდეს შეხვედრებზე მყოფი პირების მოთხოვნით. შეხვედრების გაერთიანება ან ერთი შეხვედრის გაყოფა არ დაიშვება.
18. შეხვედრაზე მსჯავრდებული უნდა გამოცხადდეს მოწესრიგებული.
19. მას შემდეგ, რაც ადმინისტრაცია განუმარტავს შეხვედრის ჩატარების წესს, შეხვედრაზე მოსული პირები ფულს, ასევე საგნებსა და ფასეულობებს, რომელთა გამოყენება დაწესებულებაში აკრძალულია, შესანახად, ხელწერილით აბარებენ დაწესებულების ადმინისტრაციას.
20. თუ იმის ვარაუდის საკმაო საფუძველია, რომ შეხვედრაზე მოსულ პირს განზრახული აქვს გადასცეს მსჯავრდებულს დაწესებულებაში აკრძალული საგნები, ნაკეთობები ან ნივთიერებები, დაწესებუ-ლების ან დეპარტამენტის წარმომადგენელი ამ პირს განუცხადებს იმის თაობაზე, რომ მას შეხვედრის უფლება მიეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი თანხმობას განაცხადებს მისი კუთვნილი ნივთებისა და ტანსაცმლის შემოწმებაზე. შემოწმების შედეგად გადამალული საგნების, ნაკეთობების ან ნივთიერებების აღმოჩენისას ადმინისტრაცია იღებს კანონმდებლობით დადგენილ ზომებს.
21. თუ პირი უარს განაცხადებს ამ მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებულ შემოწმებაზე, მას მიეცემა შეხვედრის უფლება მხოლოდ დირექტორის ან მისი მოადგილის თანხმობით.“.
2. ეს ბრძანება გაეცნოს სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებს.
3. ეს ბრძანება, გარდა პირველი პუნქტით დამტკიცებული მე-14 მუხლის მე-10 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
4. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული მე-14 მუხლის მე-10 პუნქტი ამოქმედდეს 2007 წლის 1 სექტემბრიდან.
გ. ქავთარაძე