,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის №800 ბრძანებით დამტკიცებულ ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№313
სარეგისტრაციო კოდი
040.150.000.22.027.010.867
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 135, 27/09/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.22.027.010.867

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №313

2007 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის   2006 წლის 13 დეკემბრის №800 ბრძანებით დამტკიცებულ ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობა-ზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის №800 ბრძანებით (სსმ III, 15.12.2006, №169, მუხ. 2280) დამტკიცებულ ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1.      1-ლი–მე-13 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ინსტრუქციის რეგულირების სფერო

წინამდებარე ინსტრუქცია განსაზღვრავს უძრავ ნივთებზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების წარმოების ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს და მარეგისტრირებელ ორგანოთა უფლებამოსილებას.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტებანი

ა) ნივთი – მოძრავი ან უძრავი ნივთი;

ბ) მოძრავი ნივთი – ყველა ის ნივთი, რომელიც არ ითვლება უძრავად;

გ) უძრავი ნივთი – მიწის ნაკვეთი, ინდივიდუალური საკუთრების საგანი და ცალკე უფლების ობიექტი;

დ) მიწის ნაკვეთი – მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობით (მშენებარე ან აშენებული) ან მის გარეშე;

ე) ინდივიდუალური საკუთრების საგანი – მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე ან აშენებული);

ვ) მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობა – შენობა-ნაგებობა, რომელიც შედგება ორზე მეტი ერთეულისაგან (საკუთრების უფლების ობიექტისგან);

ზ) მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის ერთეული – ერთ სისტემაში გაერთიანებული (ურთიერთდაკავშირებული) მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსების ერთობლიობა), რომელიც გამოიყენება საცხოვრებლად ან არასაცხოვრებლად;

თ) ცალკე უფლების ობიექტი – ხაზობრივი ნაგებობა ან მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი – სხვა შენობა-ნაგებობა (მშენებარე ან აშენებული), რომელიც ცალკე უფლების ობიექტს წარმოადგენს;

ი) არამატერიალური ქონებრივი სიკეთე – ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი ან/და მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე;

კ) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას;

ლ) დაინტერესებული პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან იურიდიული ფაქტის საფუძველზე წარმოეშვა ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, ყადაღის ან/და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მათში ცვლილების ან მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება, ან რომლის უფლება, ყადაღა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა დარეგისტრირდა შესაბამის რეესტრში, ან რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება ან ქმედება;

მ) რეგისტრაცია – უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში;

ნ) სარეგისტრაციო წარმოება – მარეგისტრირებელი ორგანოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით;

ო) შესაბამისი რეესტრი – ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი რეესტრი;

პ) საკადასტრო აღწერა – უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების დოკუმენტირება (მოძიება, სისტემატიზაცია, დაფიქსირება);

ჟ) საკადასტრო აზომვითი ნახაზი – უფლებამოსილი პირის მიერ ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით შესრულებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ამსახველი დოკუმენტი.

    მუხლი 3. უძრავ ნივთებზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრები

1. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი არის მათზე უფლების წარმოშობის, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის, ასევე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

2. ყადაღის რეესტრი არის ნივთსა (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა) და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ყადაღის წარმოშობის, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

3. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრი არის ნივთსა (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა) და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

4. უძრავ ნივთზე უფლება, ყადაღა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად, ხოლო საკუთრების უფლება მიტოვებულად ან შეცვლილად ითვლება რეგისტრაციის დღიდან. რეგისტრაციის დღედ ითვლება შესაბამის რეესტრში მონაცემთა აღრიცხვის დღე.

    მუხლი 4. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი

1. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება უძრავ ნივთზე უფლებები და მისი საკადასტრო მონაცემები.

2. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში უძრავი ნივთის იდენტიფიკაციისა და მისი საკადასტრო მონაცემების რეგისტრაციის მიზნით, უძრავ ნივთს ენიჭება საკადასტრო კოდი. უძრავი ნივთის საკადასტრო კოდის ფორმირების წესს ამტკიცებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე.

3. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება უძრავ ნივთზე შემდეგი უფლებები:

ა) საკუთრება;

ბ) იპოთეკა;

გ) აღნაგობა;  

დ) უზუფრუქტი;

ე) სერვიტუტი;

ვ) ქირავნობა, ქვექირავნობა;

ზ) იჯარა, ქვეიჯარა;

თ) თხოვება.

4. უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის უზრუნველსაყოფად შეიძლება ამ უფლების წინასწარი რეგისტრაცია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში. უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთზე სხვა რაიმე უფლების რეგისტრაციას, თუ მხარეთა შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვება. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვება რეგისტრირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკუთრების უფლების მიტოვების მოთხოვნის მომენტისათვის უძრავ ნივთზე, საკუთრების უფლების გარდა, სხვა რაიმე უფლება არ არის რეგისტრირებული უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების რეგისტრაცია და უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია, ასევე საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.

    მუხლი 5. უფლებათა რეგისტრაციის და რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა

1. თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილია რამდენიმე უფლება, რომლებიც თავისი შინაარსით გამორიცხავს ერთიმეორეს, მაშინ რეგისტრირდება მხოლოდ ის უფლება ან უფლებები, რომელიც (რომლებიც) სხვა უფლებაზე ან უფლებებზე ადრე იქნა წარდგენილი სარეგისტრაციოდ.

2. თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილია რამდენიმე ერთი და იმავე შინაარსის უფლება, რომლებიც არ გამორიცხავს ერთიმეორეს, მაშინ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უფლებათა რეგისტრაციის რიგითობა განისაზღვრება მათი სარეგისტრაციოდ წარდგენის დროის შესაბამისად.

3. თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილია რამდენიმე სხვადასხვა შინაარსის უფლება, რომლებიც არ გამორიცხავს ერთიმეორეს, მაშინ სარეგისტრაციოდ წარ-დგენილ უფლებათა რეგისტრაციის რიგითობა განისაზღვრება მათი შინაარსის შესაბამისად.

4. რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა განისაზღვრება უფლების რეგისტრაციის შესახებ განცხა-დების წარდგენის (რეგისტრაციის) დროის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

    მუხლი 6. ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრი

1. ყადაღა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა რეგისტრირდება ნივთსა (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა) და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე.

2. ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ყადაღის რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სხვა რაიმე უფლების რეგისტრაციას, გარდა ყადაღადადებული უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელის საკუთრების უფლების, მათ შორის, ყადაღადადებული ნივთისა და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, იძულებითი განკარგვის შედეგად წარმოშობილი უფლების რეგისტრაციისა.

3. მარეგისტრირებელი ორგანო უარს ამბობს ყადაღის რეგისტრაციაზე, თუ ყადაღის დადების დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა ყადაღის საგნისა და მისი მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის იდენტიფიკაციის საშუალებას ან/და ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ყადაღის რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტისათვის ეს ნივთი ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე სხვა პირის საკუთრებაშია.

    მუხლი 7. ყადაღის რეგისტრაციის და რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რიგითობა

1. თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილია რამდენიმე ყადაღა, მაშინ სარეგისტრაციოდ წარდგენილ ყადაღათა რეგისტრაციის რიგითობა განისაზღვრება მათი სარეგისტრაციოდ წარდგენის დროის შესაბამისად.

2. რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რიგითობა განისაზღვრება რეგისტრირებული გირავნობის/იპოთეკის უფლებათა რიგითობის შესაბამისად.

    მუხლი 8. მარეგისტრირებელი ორგანოს სისტემა და რეგისტრაციის ადგილი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – ეროვნული სააგენტო) რეგისტრაციას აწარმოებს ტერიტორიული ორგანოების – სარეგისტრაციო სამსახურების მეშვეობით, ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში – უშუალოდ.

2. მარეგისტრირებელ ორგანოში რეესტრის წარმოებასა და ხელმისაწვდომობაზე უფლებამოსილ თანამშრომელთა ნუსხა და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. უძრავ ნივთებზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრის წარმოების მიზნით, საქართველოს ტერიტორია იყოფა სარეგისტრაციო ზონებად. სარეგისტრაციო ზონის ფორმირების პირობებს, სტრუქტურას და საზღვრებს ამტკიცებს ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე.

4. სარეგისტრაციო სამსახური რეგისტრაციას აწარმოებს სარეგისტრაციო ზონის შესაბამისად.

5. ცალკე უფლების ობიექტზე, რომელიც განლაგებულია ერთი სარეგისტრაციო ზონის ფარგლებში, რეგისტრაცია წარმოებს იმავე ზონის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში.

6. ცალკე უფლების ობიექტზე, რომელიც განლაგებულია რამდენიმე სარეგისტრაციო ზონის ფარგლებში, რეგისტრაცია წარმოებს დაინტერესებული პირის მიერ შერჩეულ სარეგისტრაციო ზონის შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში. ამ შემთხვევაში, რეგისტრაციის მწარმოებელი სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია ინფორმაცია გადააგზავნოს ყველა იმ ზონის შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში, რომელზეც განლაგებულია ცალკე უფლების ობიექტი.

    მუხლი 9. მარეგისტრირებელი ორგანოს ზოგადი უფლებამოსილება

1. მარეგისტრირებელი ორგანო პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემებისა და მასთან დაცული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.

2. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია დაამოწმოს მის მიერ ან მისი ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების ან სხვა დოკუმენტების, ასევე მასთან დაცული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების თუ სხვა დოკუმენტაციის ასლები, თუ დედნისა და ასლის შინაარსი შეესაბამება ერთმანეთს.

3. დოკუმენტაციის ასლის სისწორის დამოწმებისას მარეგისტრირებელი ორგანო ადგენს ფორმულარს. ფორმულარი იწერება ასლის ბოლოში ან ცალკე ფურცელზე, რომელიც აიკინძება ასლთან ერთად. ფორმულარის შინაარსი განისაზღვრება ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ფორმულარი მოწმდება მარეგისტრირებელი ორგანოს სამსახურებრივი ბეჭდით. თუ დოკუმენტის ასლი შედგება რამდენიმე ფურცლისაგან, ფურცლები ისე უნდა აიკინძოს, რომ დაზიანების გარეშე შეუძლებელი იყოს ფურცლების განცალკევება.

4. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დამოწმებული დოკუმენტების ასლებს აქვს ოფიციალური ძალა და ადასტურებს დედანთან იგივეობას.

5. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია ელექტრონული ასლის სახით იქონიოს და ამავე სახით გასცეს მის მიერ გამოცემული ან გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ელექტრონულ ასლებს და მათ ამონაბეჭდებს აქვს იგივე იურიდიული ძალა, როგორიც თავად ამ დოკუმენტებს.

7. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემულ ან გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტში, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.

8. სარეგისტრაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც წარდგენილია არაუფლებამოსილ მარეგისტრირებელ ორგანოში, სამი სამუშაო დღის ვადაში უნდა გადაეგზავნოს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს. ამ შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა იწყება შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის მიღებისთანავე.

9. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია ნებისმიერი დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით. აღნიშნულ შემთხვევაში განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში შეიძლება წარდგენილ იქნეს ნებისმიერი მარეგისტრირებელი ორგანოსათვის მიმართვით, ხოლო დოკუმენტი გაიცეს ნებისმიერი მარეგისტრირებელი ორგანოს მეშვეობით.

10. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით დოკუმენტის მიღება, გამოცემა ან გაცემა შეიძლება აკმაყოფილებდეს ამ ინსტრუქციით დადგენილი სარეგისტრაციო წარმოების, ხოლო ამ სახით მიღებული, გამოცემული ან გაცემული დოკუმენტი – ამ ინსტრუქციისა თუ მოქმედი კანონმდებლობის მხოლოდ იმ მოთხოვნებს, რომლებიც შეესაბამება მართვის ავტომატური საშუალებების შესაძლებლობებსა და მუშაობის პრინციპებს.

    მუხლი 10. რეგისტრაციის საფუძვლები

1. რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუ-მენტაციის საფუძველზე.

2. რეგისტრაციისთვის გადაიხდება ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მომსახურების საფასური.

3. რეგისტრაციის საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, რეგისტრაციის საფუძვლად წარმოსადგენი დოკუმენტაციის (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის) თაობაზე სარეგისტრაციო სამსახურის მეთოდურ ხელმძღვანელობას აწარმოებს ეროვნული სააგენტო.

    მუხლი 11. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება

1. რეგისტრაციისა და რეგისტრირებული მონაცემების ხელმისაწვდომობის საკითხებზე მარეგისტრირებელი ორგანო გამოსცემს გადაწყვეტილებას.

2. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება მიიღება წერილობითი ფორმით და შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) გადაწყვეტილების სახეს;

ბ) სათაურს;

ბ) მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელებას და მისამართს;

გ) გამოცემის დროს და რეგისტრაციის ნომერს;

დ) დასაბუთებას და სამართლებრივ საფუძვლებს;

ე) იმ ორგანოს დასახელებას და მისამართს, სადაც შეიძლება გადაწყვეტილების გასაჩივრება, და საჩივრის წარდგენის ვადას.

ვ) უფლებამოსილი პირის გვარს, სახელსა და ხელმოწერას;

ზ) სამსახურებრივ ბეჭედს.

3. გადაწყვეტილებაში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გამოცემულ იქნეს მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით. მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით გამოცემული გადაწყვეტილება შეიძლება არ აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს.

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

    მუხლი 12. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი

1. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემთხვევაში – გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში.

2. უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების და მასში ცვლილების რეგისტრაციაზე უარის თქმის, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება საჩივრდება ეროვნულ სააგენტოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ან სასამართლო წესით, ხოლო ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება – საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ან სასამართლო წესით.

3. უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/ იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების და მასში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს რეგისტრირებული მონაცემების მოქმედებას და არ კრძალავს ამ მონაცემების საფუძველზე რეგისტრაციის განხორციელებას ან/და ამონაწერის თუ სხვა სამართლებრივი აქტის გაცემას.

    მუხლი 13. რეგისტრაციის ზოგადი პრინციპები

1. მიწის ნაკვეთზე უფლება ვრცელდება ასევე მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე, თუ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით სხვა რამ არ დგინდება.

2. მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობა დგინდება საკადასტრო აზომვითი ნახაზით.

3. მიწის ნაკვეთი სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შესაბამისი კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრირდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად. თუ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული ან მისი შინაარსიდან არ ირკვევა მიწის ნაკვეთის დანიშნულება ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორია, რეგისტრაცია წარმოებს მიწის ნაკვეთის დანიშნულების ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შესახებ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაციის ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.

4. თუ საკადასტრო აღწერის შედეგებით სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი, კონფიგურაციის მიუხედავად, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ ფართობზე, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ ან ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში დაფიქსირებულ დაუზუსტებელ ფართობზე მეტია (5 ჰა-მდე ან 50000 კვ.მ.-მდე არა უმეტეს 1 პროცენტისა, ხოლო 5 ჰა-ზე ან 50000 კვ.მ.-ზე ზევით – არა უმეტეს 0.5 პროცენტისა) ან ნაკლებია, მარეგისტრირებელი ორგანო უფლების რეგისტრაციას ახდენს ბოლო საკადასტრო აღწერის შედეგად დადგენილი ფართობის შესაბამისად.

5. თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით მიწის ნაკვეთის ნაწილზე აღრიცხულია უფლება, ხოლო ნაწილი – როგორც თვითნებურად დაკავებული, საინვენტარიზაციო გეგმა უნდა გაიცეს მიწის ნაკვეთის უფლებააღრიცხული და თვითნებურად დაკავებული ნაწილების ფართობებისა და საზღვრების მითითებით. თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით დგინდება მიწის ნაკვეთის ნაწილების ფართობები და საზღვრები, მაშინ მარეგისტრირებელი ორგანო ეყრდნობა ამ მონაცემებს, ხოლო, თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით კონკრეტულად არ დგინდება მიწის ნაკვეთის ნაწილების ფართობები და საზღვრები, მაშინ მარეგისტრირებელი ორგანო მიწის ნაკვეთის ნაწილების ფართობებს და საზღვრებს ადგენს აღნიშნული ნაწილების შეერთების წერტილების მიხედვით. ეს პრინციპი არ მოქმედებს, თუ შენობა-ნაგებობა განლაგებულია მიწის ნაკვეთის ორივე ნაწილზე.

6. თუ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით არ დგინდება, რომ შენობა-ნაგებობა (ინდივიდუალური ან მრავალერთეულიანი) ან მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის ერთეული მშენებარეა, მათზე უფლების რეგისტრაცია წარმოებს როგორც აშენებულზე.

7. მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის ერთეულზე, მიუხედავად იმისა, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში ერთეული ფართობშია გამოხატული თუ მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის წილში, საკუთრების უფლება რეგისტრირდება ფართობის შესაბამისად, მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის საერთო ან მთლიან საცხოვრებელ ფართობში ან/და მიწის ნაკვეთში ამ ფართობის წილის მითითების გარეშე.

8. თუ საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის ერთეულის ფართობი უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ ან ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში დაფიქსირებულ დაუზუსტებელ ფართობზე მეტია ან ნაკლებია, მარეგისტრირებელი ორგანო უფლების რეგისტრაციას ახდენს ბოლო საკადასტრო აზომვითი ნახაზით დადგენილი ფართობის შესაბამისად.

9. მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის იმ ნაწილებზე და ნაგებობა-დანადგარებზე, რომლებიც არ წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრებას და მოქმედი კანონმდებლობითა თუ თანამესაკუთრეთა შეთანხმებით წარმოადგენს საერთო საკუთრების საგანს (სხვენი, სარდაფი და სხვა), თანამესაკუთრეთა საერთო საკუთრების უფლება რეგისტრირდება თანამესაკუთრეთა ერთობლივი მოთხოვნით ან კანონმდებლობით დადგენილი წესით მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის ამხანაგობის (მის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის) მოთხოვნით.

10. მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის საერთო საკუთრების საგანზე ან მის ნაწილზე, მიუხედავად იმისა, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულია თუ არა თანამესაკუთრეთა საერთო საკუთრების უფლება, თანამესაკუთრის ინდივიდუალური საკუთრების უფლება რეგისტრირდება თანამესაკუთრეთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფორმით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

11. თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით უძრავ ნივთზე არ არის აღრიცხული სახელმწიფოს ან სხვა პირის საკუთრების უფლება, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან უძრავ ნივთზე ინფორმაციის ან ცნობა-დახასიათების გაცემისას მიუთითოს, რომ უძრავ ნივთზე უფლება არ არის აღრიცხული.“.

2. მე-14 მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. მე-2 კარი ამოღებულ იქნეს.

4. V თავი ამოღებულ იქნეს.

5. VI თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,თავი VI. საკადასტრო აღწერის დოკუმენტირება

    მუხლი 48. საკადასტრო აღწერის ზოგადი პირობები

1. საკადასტრო აღწერის შედეგი (საკადასტრო აზომვითი ნახაზი) წარმოდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, კერძოდ WGS 84 კოორდინატთა სისტემასა და UTM პროექციაში.

2. საკადასტრო აღწერისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ობიექტების აზომვისა და გამოსახვის სიზუსტე მასშტაბის მიხედვით, შემდეგ ფარგლებში:

ა) 1:500 – არა უმეტეს 0.15 მ-სა;

ბ) 1:1000 – არა უმეტეს 0.25 მ-სა;

გ) 1:2000 – არა უმეტეს 0.50 მ-სა;

დ) 1:5000 – არა უმეტეს 1.0 მ-სა.

3. საკადასტრო აზომვით ნახაზზე, ამ ინსტრუქციის მოთხოვნების გათვალისწინებით, წარმოდგენილ უნდა იქნეს ობიექტთა შემდეგი ტიპები:

ა) მიწის ნაკვეთი;

ბ) შენობა-ნაგებობა;

გ) ცალკე უფლების ობიექტი;

დ) უფლებრივი შეზღუდვის ან/და დატვირთვის საზღვრები;

ე) წერტილოვანი ობიექტი;

ვ) სხვა ტოპოგრაფიული ელემენტები.

4. საკადასტრო აზომვით ნახაზს თან უნდა ერთოდეს წერილობითი ინფორმაცია საკადასტრო აღწერის დამსწრეთა და უძრავი ნივთის მოსაზღვრე უძრავი ნივთის (ნივთების) მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის არსებობის შესახებ.

5. საკადასტრო აზომვითი ნახაზი დამოწმებული უნდა იყოს უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის, უძრავი ნივთის მოსაზღვრე უძრავი ნივთის (ნივთების) მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკადასტრო აღწერის დამსწრეთა (ასეთთა არსებობის შემთხვევაში) და საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, ხოლო, თუ საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირი იურიდიული პირია – დამატებით იურიდიული პირის ბეჭდით.

    მუხლი 49. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსია

1. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას/მისამართს;

ბ) მიწის ნაკვეთის დანიშნულებას;

გ) მიწის ნაკვეთის ფართობს;

დ) საზღვრების გვერდების ზომებს (თუ მათი გამოსახვა არის შესაძლებელი);

ე) შენობა-ნაგებობის რიგით ნომერს, დანიშნულებას, მდგომარეობას (მშენებარე, აშენებული), სართულიანობას და განაშენიანების ფართობს;

ვ) უფლებრივი შეზღუდვის ან/და დატვირთვის საზღვრებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) ჩრდილოეთის მიმართულების მაჩვენებელ ნიშანს;

თ) საკადასტრო აღწერის თარიღს;

ი) პირობით ნიშნებს.

2. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი რეკომენდებულია წარმოდგენილ იქნეს შემდეგ მასშტაბში: 1:500, 1:1000, 1:2000 ან 1:5000.

    მუხლი 50. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსია

1. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსია წარმოდგენილ უნდა იქნეს ArcGIS (shp) ფაილის ფორმატში წერტილოვანი, ხაზოვანი და პოლიგონური ფენების სახით.

2. წერტილოვან ფენაში ასახული უნდა იყოს გეოდეზიური მყარი წერტილები, დაბალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძები, სამეთვალყურეო და საკომუნიკაციო ჭები და წერტილში ლოკალიზებული სხვა ობიექტები.

3. ხაზოვან ფენაში ასახული უნდა იყოს მიწის ნაკვეთის საზღვრები, გზები, ბილიკები, გაზსადენი, წყალსადენი, ნავთობსადენი, ელექტროგადამცემი ხაზი, საბაგირო ხაზი, საკომუნიკაციო მილები და სხვა ხაზობრივი ნაგებობები თუ ხაზობრივი ტიპის ცალკე უფლების ობიექტები, რომლებიც მოთხოვნილი მასშტაბის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ნაჩვენები უნდა იყოს ხაზის სახით.

4. პოლიგონური ფენები წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ დამოუკიდებელ ფენებად:

ა) მიწის ნაკვეთი;

ბ) შენობა-ნაგებობა;

გ) უფლებრივი შეზღუდვის ან/და დატვირთვის საზღვრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) ხაზობრივი ნაგებობები თუ ხაზობრივი ტიპის ცალკე უფლების ობიექტები, რომლებიც მოთხოვნილი მასშტაბის საკადასტრო აზომვით ნახაზზე გამოსახული უნდა იყოს პოლიგონის სახით.

5. საკადასტრო აზომვითი ნახაზის ყოველი ობიექტის (წერტილოვანი, ხაზოვანი, პოლიგონური) ატრიბუტული ცხრილი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) წერტილოვანი და ხაზოვანი ფენებისათვის – ობიექტის დასახელებას და ტიპს;

ბ) მიწის ნაკვეთის პოლიგონური ფენისათვის – ობიექტის ტიპს, მიწის ნაკვეთის დანიშნულებას და ადგილმდებარეობას/მისამართს;

გ) შენობა-ნაგებობის პოლიგონური ფენისათვის – შენობა-ნაგებობის რიგით ნომერს, დანიშნულებას, მდგომარეობას (მშენებარე, აშენებული), სართულიანობას და განაშენიანების ფართობს.

6. საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსია უნდა აკმაყოფილებდეს ტოპოლოგიის შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ხაზოვან და პოლიგონურ ფენებში არ უნდა იყოს გადაკვეთა და გადაფარვა;

ბ) წარმოდგენილ ფენაში არ უნდა არსებობდეს ჩანაწერი, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი გრაფიკული ელემენტი, ან ერთნაირი ჩანაწერები ერთმანეთთან დაუკავშირებელ ობიექტებზე;

გ) ორთოფოტოზე დიგიტალიზაციის დროს დაცული უნდა იყოს მასშტაბი. ორთოფოტოზე დიგიტალიზაცია უნდა განხორციელდეს 1:400-დან 1:1000-მდე, ხოლო კოსმოსურ სურათებზე – 1:4000-დან 1:7000-მდე მასშტაბში;

დ) ნაკვეთის ხაზოვან ფენაში არ უნდა იყოს გაწყვეტილი ხაზები;

ე) ნაკვეთის საზღვრების წერტილების რაოდენობა უნდა ემთხვეოდეს მოსაზღვრე ნაკვეთის საზღვრების წერტილების რაოდენობას;

ვ) შენობა-ნაგებობების საზღვრები არ უნდა კვეთდეს ნაკვეთის საზღვრებს (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა);

ზ) იმ შემთხვევაში, თუ ნაკვეთის საზღვარი გადის შენობის საზღვარზე ან მის ცალკეულ გვერდებზე, შენობა/ნაგებობების შესაბამისი გვერდები და მახასიათებელი წერტილები უნდა ემთხვეოდეს ნაკვეთის შესაბამის გვერდებსა და მწვერვალებს;

თ) სიმბოლოზე გამავალი შესაბამისი კომუნიკაციის ხაზის წყვეტის წერტილი უნდა ემთხვეოდეს ამ სიმბოლოს.

    მუხლი 51. ინდივიდუალური საკუთრების საგნის საკადასტრო აზომვითი ნახაზი

1. ინდივიდუალური საკუთრების საგნის საკადასტრო აზომვითი ნახაზი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) ინდივიდუალური საკუთრების საგნის ადგილმდებარეობას/მისამართს;

ბ) ინდივიდუალური საკუთრების საგნის დანიშნულებას და მდგომარეობას (მშენებარე ან აშენებული);

გ) ინდივიდუალური საკუთრების საგნის ფართობს;

დ) შიდა სასაზღვრე გვერდების ზომებს (თუ მათი გამოსახვა არის შესაძლებელი);

ე) საკადასტრო აღწერის თარიღს.

2. ინდივიდუალური საკუთრების საგნის საკადასტრო აზომვითი ნახაზი რეკომენდებულია წარმოდგენილ იქნეს 1:100 – 1:500 მასშტაბში.“.

6. VII თავი ამოღებულ იქნეს.

7. მე-4 კარი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კარი მეოთხე

თავი VIII. სარეგისტრაციო წარმოება

    მუხლი 54. სარეგისტრაციო წარმოება

1. მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს ამ თავით განსაზღვრული სარეგისტრაციო წარმოების წესით.

2. სარეგისტრაციო წარმოების ენაა ქართული.

    მუხლი 55. დაინტერესებული პირი სარეგისტრაციო წარმოებაში

1. დაინტერესებული პირი სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობს როგორც სარეგისტრაციო წარმოების ერთ-ერთი მხარე.

2. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობა მიიღოს წარმომადგენლის, ხოლო ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების არსებობის შემთხვევაში _ ასევე განცხადების წარმომდგენის მეშვეობით.

3. თუ დაინტერესებული პირი სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობს წარმომადგენლის ან განცხადების წარმომდგენის მეშვეობით, მარეგისტრირებელი ორგანო სარეგისტრაციო წარმოების ყველა საკითხზე ურთიერთობს მათთან.

    მუხლი 56. დაინტერესებული პირის, მისი წარმომადგენლის ან/და განცხადების წარმომდგენის ვინაობის დადგენა

1. დაინტერესებული ფიზიკური პირის ვინაობა დგინდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით. საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა. უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა ბინადრობის ნებართვა ან შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული პასპორტი.

2. დაინტერესებული იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის იდენტიფიცირება ხდება რეგისტრაციის დამადასტურებელი ამონაწერით შესაბამისი სახელმწიფო რეესტრიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან მათი დაფუძნების დამადასტურებელი დოკუმენტით.

3. დაინტერსებული ადმინისტრაციული ორგანოს იდენტიფიცირება ხდება მისი დაფუძნების დამადასტურებელი დოკუმენტით.

4. თუ დაინტერესებული პირი სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის ვინაობა დგინდება პირადობის და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტით.

5. თუ დაინტერესებული პირი სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობს განცხადების წარმომდგენის მეშვეობით, განცხადების წარმომდგენის ვინაობა დგინ-დება ეროვნულ სააგენტოსთან არსებული შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტით და განცხადების წარმომდგენის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით.

6. დაინტერესებული პირის, მისი წარმომადგენლის ან/და განცხადების წარმომდგენის ვინაობის დასადგენად შეიძლება გამოყენებულ იქნეს შესაბამის ორგანოთა მონაცემთა ბაზა.

    მუხლი 57. სარეგისტრაციო წარმოების დაწყება

1. სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია:

ა) დაინტერესებული პირის განცხადება;

ბ) მარეგისტრირებელი ორგანოსათვის კანონმდებლობით, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტით დაკისრებული ვალდებულება – მიიღოს გადაწყვეტილება.

2. სარეგისტრაციო წარმოება ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების, ხოლო ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ პირობითი განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან.

3. პირობითი განცხადების მიმართ არ მოქმედებს ამ ინსტრუქციის ის ნორმები, რომლებიც თავისი არსით სავალდებულოა მხოლოდ დაინტერესებული პირის განცხადების მიმართ.

    მუხლი 58. განცხადების წარდგენის წესი

1. განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს წერილობით. განცხადების ფორმა და რეკვიზიტები მტკიცდება ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. განცხადებას თან უნდა ერთოდეს ამ ინსტრუქციით და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი თუ სხვა დოკუმენტაცია.

3. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რაც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

4. განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს პირადად ან ფოსტის მეშვეობით. განცხადების ფოსტის მეშვეობით წარდგენისას განცხადებაზე ხელმოწერა დამოწმებულ უნდა იქნეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს დედნის, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლის, ხოლო ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ შემთხვევებში – ასევე ელექტრონული ასლის სახით.

6. წერილობითი ფორმით დადებული გარიგება მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინება კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სანოტარო წესით დადასტურებული სახით ან გარიგების მხარეთა ხელმოწერის სანოტარო წესით დამოწმებული სახით. თუ გარიგების მონაწილე მხარეები გარიგებას ხელს აწერენ მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, მაშინ გარიგების ნამდვილობისათვის არ მოითხოვება გარიგების ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმება.

7. სხვა სახელმწიფოში შესრულებულ დოკუმენტებს მარეგისტრირებელი ორგანო მიიღებს, თუ ისინი ლეგალიზებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დოკუმენტის ლეგალიზაცია არ მოითხოვება.

8. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია დედნის ან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლის სახით წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეინახოს ელექტრონული ასლის სახით.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ელექტრონულ ასლებს აქვს იგივე იურიდიული ძალა, როგორიც თავად ამ დოკუმენტებს.

10. მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებს განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის ნამდვილობაზე.

    მუხლი 59. განცხადების რეგისტრაცია

1. მარეგისტრირებელი ორგანო განცხადების წარმოდგენას ადასტურებს ელექტრონული ან ქაღალდის ვერსიის განცხადების რეგისტრაციის წიგნში რეგისტრაციითა და მასზე სარეგისტრაციო ნომრის მინიჭებით.

2. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ გაატაროს რეგისტრაციაში წარმოდგენილი განცხადება და გასცეს განცხადების მიღების ბარათი.

3. განცხადების რეგისტრაციის წიგნის და განცხადების მიღების ბარათის ფორმა და შინაარსი მტკიცდება ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 60. სარეგისტრაციო წარმოების ვადა

1. სარეგისტრაციო წარმოების ვადები განისაზღვრება ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად.

3. თუ სარეგისტრაციო წარმოების დასრულების დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მაშინ სარეგისტრაციო წარმოება უნდა დასრულდეს მომდევნო სამუშაო დღეს. ამასთან, მარეგისტრირებელ ორგანოს უფლება აქვს სარეგისტრაციო წარმოება განახორციელოს უქმე ან დასვენების დღეებში და შესვენების ან არასამუშაო დროს.

    მუხლი 61. გადაწყვეტილების მიღება

მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის, რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის შესახებ.

    მუხლი 62. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება

1. მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ:

ა) განცხადებას თან არ ერთვის ამ ინსტრუქციით და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლების დამადასტურებელი თუ სხვა დოკუმენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად;

ბ) განცხადება ან/და მასზე თანდართული უფლების დამადასტურებელი თუ სხვა დოკუმენტი ან ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი ამ ინსტრუქციით ან/და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და წესით;

გ) დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის საგნისა და სუბიექტის იდენტიფიკაციის საშუალებას;

დ) უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს ან მასში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს;

ე) მისთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი უფლების დამადასტურებელი თუ სხვა დოკუმენტის ან მისი ნაწილის გასაჩივრების ფაქტი და ეს გასაჩივრება აჩერებს უფლების დამადასტურებელი თუ სხვა დოკუმენტის ან მისი ნაწილის მოქმედებას;

ვ) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებას;

ზ) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

2. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 1 თვე, რომელიც აითვლება დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების ეროვნული სააგენტოს შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნების შემთხვევაში, გამოქვეყნებიდან. აღნიშნული ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტში გათვალისწინებულ შემთხვევებში, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებულად ითვლება შესაბამისი ორგანოს კანონიერ ძალაში შესულ აქტში მითითებული ვადით.    

4. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინ-ფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ.

5. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ გაატაროს რეგისტრაციაში დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია და გასცეს განცხადების მიღების ბარათი, აღნიშნული ინფორმაციის მითითებით.

6. სარეგისტრაციო წარმოების ვადის განახლების შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა იწყება ხელახლა.

    მუხლი 63. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა

მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ:

ა) სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში დაინტერესებულმა პირმა მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა;

ბ) სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის დამადასტურე-ბელი დოკუმენტი ან ინფორმაცია;

გ) სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მისთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლება, ყადაღა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა ან მათი სუბიექტი ან საგანი აღარ არსებობს ან გარიგება თუ უფლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი გაუქმდა;

დ) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტას;

ე) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

    მუხლი 64. სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმა

სარეგისტრაციო წარმოების ვადის განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ, თუ:

ა) უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობა და მასში ცვლილება არ ექვემდებარება რეგისტრაციას;

ბ) უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება, ყადაღა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების, ყადაღის ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეგისტრაციას;

გ) უძრავი ნივთი განიკარგა, ხოლო ყადაღა ან საგადასახადო გირავნობ ის/იპოთეკა დაიდო არაუფლებამოსილი პირის ან პირების გარიგების ან არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე;

დ) მისთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის, გადასვლის და მასში ცვლილების ბათილად, ძალადაკარგულად ან არარად ცნობის ფაქტი;

ე) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმას;

ვ) ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ – ,,თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებე-ბის, ყადაღის ან საგადასახადო გირავნობ ის/იპოთეკის რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში, როდესაც საკუთრების უფლება გადასულია ახალ მესაკუთრეზე;

ზ) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

    მუხლი 65. ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა წარდგენის წესი

1. განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის ან სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტას საფუძვლად დაედო დაინტერესებული პირის განცხადება, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტას ან სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოცემას.

2.განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზე მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო დაინტერესებული პირის განცხადება, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს შეუზღუდავად.

    მუხლი 66. გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ

1. მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის შესახებ, თუ არ არსებობს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის ან სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძვლები.

2. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ნიშნავს უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/ იპოთეკის საგნისა და სუბიექტის შესახებ მონაცემების აღრიცხვას შესაბამის რეესტრში. რეესტრში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით, მათ შორის, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით.

    მუხლი 67. რეგისტრირებულ მონაცემში ტექნიკური ხარვეზის გასწორება

მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია გაასწოროს რეგისტრირებულ მონაცემებში დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა.

    მუხლი 68. რეგისტრაციის გაუქმება

1. რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ:

ა) წარმოდგენილია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს;

ბ) ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება;

დ) ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა;

ე) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

2. რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებულ რეგისტრაციამდე არსებული რეგისტრაციის აღდგენას.

3. რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ:

ა) რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ბათილად ან არარად იქნა ცნობილი;

ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს;

გ) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

4. რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის შედეგები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. რეგისტრაციის გაუქმება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ამ გაუქმების საფუძველთან ერთად.

 

თავი IX. რეგისტრირებული მონაცემების ხელმისაწვდომობა

    მუხლი 69. რეგისტრირებული მონაცემების ხელმისაწვდომობა

1. რეგისტრირებული მონაცემები გასაცნობად ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის, ხოლო რეგისტრაციის საფუძვლად გამოყენებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი თუ სხვა დოკუმენტაცია – მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

2. რეგისტრირებული მონაცემების ხელმისაწვდომობა წარმოებს ამ ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო წარმოების წესით.

3. რეგისტრირებული მონაცემების ხელმისაწვდომობისთვის გადაიხდება ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მომსახურების საფასური.

4. რეგისტრირებული მონაცემების ხელმისაწვდომობის საკითხებზე სარეგისტრაციო სამსახურის მეთოდურ ხელმძღვანელობას აწარმოებს ეროვნული სააგენტო.

    მუხლი 70. დოკუმენტაციის გამოთხოვის წესი

1. მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის თუ სხვა დოკუმენტაციის, ასევე მის მიერ რეგისტრაციის შედეგად შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტის დედნის გამოთხოვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი აქტის საფუძველზე და ექვემდებარება სავალდებულო წესით დაბრუნებას. სამართალდამცავი თუ სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ დასაშვებია მხოლოდ ამ დოკუმენტაციის ასლის გამოთხოვა.

2. მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის თუ სხვა დოკუმენტაციის, ასევე მის მიერ რეგისტრაციის შედეგად შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტის დედნის ან ასლის გამოთხოვა არ აჩერებს რეგისტრირებული მონაცემების მოქმედებას და არ კრძალავს მათ საფუძველზე რეგისტრაციის განხორციელებას ან/და ამონაწერის თუ სხვა დოკუმენტის ან ინფორმაციის გაცემას.

    მუხლი 71. ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან

1. ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან (შემდგომში – ამონაწერი) გაიცემა უძრავ ნივთებზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის უძრავ ნივთებზე უფლებათა, ყადაღის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის და საკუთრების უფლებების მიტოვების შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს.

2. ამონაწერში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.

3. ამონაწერის ფორმა და შინაარსი განისაზღვრება ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. ამონაწერი გაიცემა ნებისმიერ პირზე.

5. უძრავ ნივთზე გარიგებისა და სხვა სამართლებრივი მოქმედების განხორციელებისას, გარდა მემკვიდრეობის უფლების დადგენისა, მასზე დაინტერესებული პირის უფლებამოსილება დგინდება მხოლოდ ამონაწერით.

    მუხლი 72. საკადასტრო გეგმა და რუკა

1. საკადასტრო გეგმა და რუკა გაიცემა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემთა ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის უძრავი ნივთის შესახებ ძალაში მყოფ საკადასტრო მონაცემებს.

2. საკადასტრო გეგმა გაიცემა ერთ უძრავ ნივთზე, ხოლო საკადასტრო რუკა – არანაკლებ ორზე.

3. საკადასტრო გეგმასა და რუკაზე მონაცემები შეიძლება დატანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.

4. საკადასტრო გეგმისა და რუკის ფორმა და შინაარსი განისაზღვრება ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. საკადასტრო გეგმა და რუკა გაიცემა ნებისმიერ პირზე.

    მუხლი 73. ყადაღის არსებობის შესახებ ცნობა

1. ყადაღის არსებობის შესახებ ცნობა გაიცემა ყადაღის რეესტრის მონაცემთა ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის ნივთზე და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ყადაღის არსებობა/არარსებობის შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს.

2. ყადაღის არსებობის შესახებ ცნობაში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.

3. ყადაღის არსებობის შესახებ ცნობის ფორმა და შინაარსი განისაზღვრება ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. ყადაღის არსებობის შესახებ ცნობა გაიცემა ნებისმიერ პირზე.

 

თავი X. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 74. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსიის მოთხოვნის წესი

მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსია მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი სარეგისტრაციო წარმოებას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით აწარმოებს.

    მუხლი 75. სისტემური რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომების გამოსწორება

მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია წარმოდგენილი დოკუმენტაციის ან/და ინფორმაციის საფუძველზე შეცვალოს ან გააუქმოს საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების შესაბამისად განხორციელებული სისტემური რეგისტრაციის მცდარი მონაცემები, თუ აღნიშნულ მონაცემებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავა არ მიმდინარეობს.“.

    მუხლი 2

 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ე. ტყეშელაშვილი