„2007 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 7 თებერვლის №40/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.011.194
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №344/ნ
2007 წლის 4 დეკემბერი
ქ. თბილისი
„2007 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 7 თებერვლის №40/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „ქალაქ თბილისსა და იმერეთში მცხოვრები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის №166 დადგენილების გათვალისწინებით, ვბრძანებ:
მუხლი 1. „2007 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 7 თებერვლის №40/ნ ბრძანების (სსმ III, 2007 წ., №18, მუხლი 210) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ №1-ში – „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დახმარების პროგრამა“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ამოცანები
1. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი 478 ათასამდე მოსარგებლისათვის – სამედიცინო დახმარების ბარათის მფლობელისათვის (გარდა თბილისისა და იმერეთის მაცხოვრებლებისა) პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით უზრუნველყოფა.
2. იმერეთსა და თბილისში მცხოვრები 196 ათასამდე მოსარგებლისათვის – სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფა.“.
2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროგრამის მოსარგებლეები არიან სსიპ „სოციალური სუბსიდიების სააგენტოს“ მიერ წარმოებულ ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 2007 წლის 1 ივლისამდე რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ორსულს, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 2007 წლის 1 ივლისამდე შეტანილი აქვს ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ განაცხადი და მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს – მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები 400 ლარის ოდენობით ქ. თბილისში, ხოლო სხვა ქალაქებსა და რაიონებში 300 ლარის ოდენობით.
ბ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახის წევრ-ორსულს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა აღემატება 70 000 (რეგისტრაციის ვადის მიუხედავად), მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები – 200 ლარის ოდენობით; ასეთივე პირობებით მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები (200 ლარის ოდენობით) აუნაზღაურდებათ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახის წევრ- ორსულს, რომლის სარეიტინგო ქულა ნაკლებია 70 000-ზე, მაგრამ განაცხადი ბაზაში რეგისტრაციის მიზნით შეტანილი აქვს 2007 წლის 1 ივლისიდან;.
გ) იმ ორსულებს, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში“, თავს თვლიან „სოციალურად დაუცველ ღარიბებად“ და, შესაბამისად, სურვილი აქვთ უფასო მშობიარობისა, შეავსებენ სპეციალური განაცხადის ფორმას სსიპ „სოციალური სუბსიდიების სააგენტოს“ რაიონულ განყოფილებებში, მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები – 200 ლარის ოდენობით (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის პროცესის დამთავრების მიუხედავად).“.
4. მე-4 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით
„6. პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოსარგებლე რჩება პროგრამის ვადის დასრულებამდე, პროგრამით დაფარული მომსახურების მიმღებად სსიპ „სოციალური სუბსიდიების სააგენტოს“ მიერ წარმოებულ ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის გაუქმების ან მისი სარეიტინგო ქულებისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის ცვლილების მიუხედავად.“.
5. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. განხორციელების გეგმა
1. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის (თბილისის და იმერეთის რეგიონის მოსახლეობის გარდა), სამედიცინო მომსახურების შესყიდვას აწარმოებს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო“.
2. ქალაქ თბილისში და იმერეთის რეგიონში მცხოვრები მოსარგებლეებისათვის განხორციელდება ჯანმრთელობის დაზღვევა სადაზღვევო ვაუჩერების მეშვეობით „ქალაქ თბილისსა და იმერეთში მცხოვრები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის №166 დადგენილების შესაბამისად.
3. ვაუჩერის განაღდებას ახორციელებს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო“.
4. ვაუჩერის განაღდების (ანგარიშსწორების) პირობები, ვადები, აგრეთვე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული სხვა დეტალები მოწესრიგდება ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოსა და სადაზღვევო ორგანიზაციებს შორის შეთანხმებით, „ქალაქ თბილისსა და იმერეთში მცხოვრები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის №166 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად.“.
6. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება
1. პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ქალაქ თბილისისა და იმერეთის რეგიონში მცხოვრები მოსარგებლეთათვის გათვალისწინებული მომსახურების მოცულობა განისაზღვრება „ქალაქ თბილისსა და იმერეთში მცხოვრები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის №166 დადგენილებით.
2. პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოსარგებლეთათვის (გარდა თბილისისა და იმერეთის რეგიონში მცხოვრებთათვის) მომსახურება განისაზღვრება შემდეგი მოცულობით (გარდა დანართ 11-ში მოცემული მომსახურებისა):
ა) ამბულატორიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, რომელიც არ იფარება პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით:
ა.ა. გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება;
ა.ბ. ოჯახის ექიმის, ექთნის, ექიმი-სპეციალისტების კონსულტაცია და სხვა სახის სამედიცინო მომსახურება ბინაზე სამედიცინო მომსახურების ჩათვლით საჭიროების შემთხვევაში;
ა.გ. ექიმის დანიშნულებით ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური გამოკვლევები, გეგმურ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები;
ბ) სტაციონარული მომსახურების ხარჯების ანაზღაურების:
ბ.ა. გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, მ.შ გართულებულ ორსულობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია;
ბ.ბ. გეგმური ქირურგიული ოპერაციები, ლიმიტი ერთ მოსარგებლეზე წლიური 12 000 ლარი;
ბ.გ. თანაგადახდის ხარჯები, რომელიც არ იფარება სტაციონარული მომსახურების სახელმწიფო – პროგრამებით;
ბ.დ. ქიმიოთერაპიის და სხივური თერაპიის ხარჯები; ლიმიტი ერთ მოსარგებლეზე – 12 000 ლარი;
გ) მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები – ლიმიტი ერთ მოსარგებლეზე – 400 ლარი.
3. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა, გარდა ამ პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებისა, ითვლება დანართ 12-ში მითითებული სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამებით მოსარგებლედ.
4. „სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო“ უზრუნველყოფს ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული (მ.შ. თბილისისა და იმერეთის რეგიონში მცხოვრებ) მოსარგებლეებისათვის პროგრამის ასიგნებების ფარგლებში პერიტონიალური და ჰემოდიალიზით 2007 წლის 1 ნოემბრიდან უზრუნველყოფას.
5. ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოსარგებლეებს მთელი საქართველოს მასშტაბით, მ.შ. თბილისსა და იმერეთში, მოემსახურება ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო.“.
7. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. დაფინანსების მეთოდოლოგია
1. სადაზღვევო ვაუჩერის განაღდება განხორციელდება პროგრამაში მონაწილე სადაზღვევო ორგანიზაციების მიერ შესაბამისი ინფორმაციის (დოკუმენტების) წარმოდგენის საფუძველზე „ქალაქ თბილისსა და იმერეთში მცხოვრები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის №166 დადგენილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
2. მომსახურების ანაზღაურების წესი პროგრამის მოსარგებლეებისათვის (გარდა თბილისისა და იმერეთის რეგიონის მოსახლეობისა) განისაზღვრება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოსა“ და პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
3. ამ პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება (გარდა თბილისისა და იმერეთის რეგიონის მოსარგებლეთათვის) განხორციელდება 2007 წლის მოსახლეობის სტაციონარული დახმარების სახელმწიფო პროგრამით (ბავშვთა სამედიცინო დახმარების კომპონენტის; ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კომპონენტის, მოსახლეობის ურგენტული დახმარების კომპონენტის და რეფერალური დახმარების კომპონენტის) განსაზღვრული ნოზოლოგიური ჯგუფებისათვის დადგენილი გასაშუალოებული ღირებულებების შესაბამისად.“.
8. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. მონიტორინგისა და მართვის ხარჯები
მონიტორინგისა და მართვის ხარჯები ითვალისწინებს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე პროგრამის შესრულებაზე მეთვალყურეობას, შედეგების კვლევასა და ანალიზს; ასევე საზოგადოების, მოსარგებლეებისა და სამედიცინო პერსონალის ინფორმირებულობას, საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურების უზრუნველყოფას.“.
9. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. პროგრამის ბიუჯეტი და მოქმედების ვადა
პროგრამის ბიუჯეტი 2007 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრება 44 590.0 ათასი ლარით, მათ შორის, მონიტორინგისა და მართვის ხარჯები 600 000 ლარი.“.
10. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
„მუხლი 10. მომსახურების ანაზღაურებისა და ვაუჩერის განაღდების მეთოდოლოგია
1. პროგრამით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, გარდა ქ. თბილისში და იმერეთის რეგიონში მცხოვრები მოსარგებლეებისათვის ვაუჩერის განაღდებასთან დაკავშირებული ოპერაციებისა.
2. ვაუჩერის განაღდება არ წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვას და მისი განაღდება ხორციელდება „ქალაქ თბილისსა და იმერეთში მცხოვრები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის №166 დადგენილებით განსაზღვრული წესით.“.
11. დანართი 11 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი 11
სამედიცინო მომსახურების ხარჯები, რომლებიც არ ფინანსდება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში
1. სხვა სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამებით (მათ შორის, მუნიციპალური) დაფარული ხარჯები და მომსახურებები.
2. თერაპიული პროფილის გეგმური ჰოსპიტალური მომსახურება.
3. სამედიცინო ჩვენების გარეშე, ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა.
4. საზღვარგარეთ ჩატარებული სამედიცინო მომსახურების ხარჯები.
5. სანატორიულ-კურორტული მკურნალობა.
6. ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობა.
7. სექსუალური დარღვევების, უშვილობის მკურნალობის ხარჯები.
8. შიდსის, ქრონიკული ჰეპატიტის მკურნალობის ხარჯები.
9. თუ სამედიცინო მომსახურების საჭიროება დადგა თვითდაშავების, ტერორისტულ აქტებში, კრიმინალურ აქტებში მონაწილების, ან ნარკოტიკული ზემოქმედების შედეგად.
10. ტრანსპლანტაციის, ასევე ეგზოპროთეზირების ხარჯები.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. ტყეშელაშვილი