„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№382
სარეგისტრაციო კოდი
010.320.010.22.033.011.782
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 63, 24/04/2008

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.011.782

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №382

2008 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულებაში“ (სსმ III, 05.03.07, №29, მუხლი 348) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-7 მუხლის:

ა) ,,დ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) ,,ე.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე.ბ) პროცედურების მეთოდოლოგიის სამმართველო;“;

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ.გ“ ქვეპუნქტი:

,,ზ.გ) ფინანსური ექსპერტიზის სამმართველო;“.

2. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. არაპირდაპირი გადასახადის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის და განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების ეფექტურობის ანალიზის უზრუნველყოფა და შესაბამისი ცვლილებების და დამატებების პროექტების მომზადება;

ბ) საგადასახადო ორგანოების უზრუნველყოფა ანგარიშ-ფაქტურებით და დღგ-ის გადამხდელის სარეგისტრაციო სერტიფიკატებით. წინადადებების მომზადება და დღგ-ით დაბეგვრაზე შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა-სერტიფიკატების გაცემა. კომპეტენციის ფარგლებში ანალიტიკური მასალების მომზადებაში მონაწილეობა;

გ) წინადადებების მომზადება მკაცრი აღრიცხვის ბლანკების და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების ბეჭდვის ორგანიზებაზე და მათი გაცემის უზრუნველყოფა;

დ) წინადადებების მომზადება მკაცრი აღრიცხვის ბლანკების გამოყენებით წარმოქმნილ დარღვევებზე რეაგირების შესახებ და შემდგომი ღონისძიებების გატარების მიზნით ინფორმაციის მიწოდება შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული და სპეციალიზებული ორგანოებისათვის;

ე) კომპეტენციის ფარგლებში აქციზური მარკების მიღებისა და გაცემის ორგანიზება, აღრიცხვა, ინვენტარიზაცია და კომპეტენციის ფარგლებში ანალიტიკური მასალების მომზადებაში მონაწილეობა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად მბეჭდავ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების დაცვაზე ზედამხედველობა;

ვ) წინადადებების მომზადება აქციზური მარკების დამცავი ნიშნებისა და დიზაინის სრულყოფისათვის;

ზ) საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებისათვის კონსულტაციის გაწევა აქციზური მარკების გამოყენების, კონტროლისა და დამცავი ნიშნების გაყალბების პრევენციის საკითხებთან დაკავშირებით;

თ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.“;

გ) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ1“ ქვეპუნქტი:

,,გ1) საზღვარგარეთის ქვეყნების ტექნიკური დახმარების პროექტებით იმპორტირებული საქონლის აღრიცხვა;“.

3. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12. მეთოდოლოგიის დეპარტამენტი

1. დაბეგვრის მეთოდოლოგიის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში გადამხდელთა დაბეგვრასთან დაკავშირებული ინსტრუქციის პროექტების, მეთოდური მითითებების და სხვა აქტების, აგრეთვე საგადასახადო დეკლარაციების და გაანგარიშებების სხვა ფორმების (მათ შორის, საჯარო მოხელეთა დეკლარაციების) და მათი შევსების წესების შემუშავება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო და საბაჟო ორგანოებში მეთოდოლოგიური ერთიანობის დაცვის უზრუნველყოფა შემუშავებული ინსტრუქციების, განმარტებების და რეკომენდაციების ნაწილში;

დ) სხვა სახელმწიფოებთან ორმაგი დაბეგვრის შესახებ ხელშეკრულების პროექტების მომზადებასა და განხილვაში მონაწილეობა. საერთაშორისო ხელშეკრულების გამოყენების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტების შემუშავება კომპეტენციის ფარგლებში;

ე) ჰარმონიზირებული სისტემების და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის საკითხებზე მუშაობა, ჰარმონიზირებული სისტემის ცვლილებების სისტემატიზაციის და ამ ცვლილებებთან სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისობაში მოყვანის, აგრეთვე ამ სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი რეკომენდაციების და წინადადებების წარდგენა;

ვ) საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საკითხებზე მუშაობა, აღნიშნული სფეროს მომწესრიგებელი საერთაშორისო ხელშეკრულებების მიღების და მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ინფორმაციის სისტემატიზაცია, ამ სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი რეკომენდაციების და წინადადებების წარდგენა;

ზ) ამ პუნქტის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და არსებული სამართლებრივი აქტების სრულყოფაზე წინადადებების შემუშავება;

თ) წარმოდგენილი ანგარიშების ფორმების გაანალიზება და გამოკვეთილი ტენდენციების განზოგადება კომპეტენციის ფარგლებში;

ი) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით გადამხდელებისაგან, საგადასახადო და საბაჟო ორგანოებიდან და სხვა უწყებებიდან სამსახურში შემოსულ წერილებზე პასუხების მომზადება და დასმულ საკითხებზე ერთიანი მიდგომის გამომუშავება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

2. პროცედურების მეთოდოლოგიის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო და საგადასახადო ორგანოებში მეთოდოლოგიური ერთიანობის დაცვის უზრუნველყოფა შემუშავებული ინსტრუქციების, განმარტებების და რეკომენდაციების ნაწილში;

გ) საგადასახადო და საბაჟო სამართალდარღვევების საქმისწარმოებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტებისა და მეთოდური მითითებების შემუშავება;

დ) საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, ასეთი ღონისძიებების შეჩერების წესისა და პროცედურების, ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციისა და ჩამოწერის, საბაჟო ვალდებულების ვადის შეცვლის პროცედურების განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტების, მეთოდური მითითებებისა და რეკომენდაციების პროექტების მომზადება;

ე) მიმდინარე საგადასახადო კონტროლისა (გარდა სახელმწიფო რეგისტრაციისა და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვისა) და გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურების განხორციელებასთან დაკავშირებით ერთიანი მეთოდოლოგიური მიდგომის შემუშავება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით გადამხდელებისაგან, საგადასახადო ორგანოებიდან და სხვა უწყებებიდან სამსახურში შემოსულ წერილებზე პასუხების მომზადება და დასმულ საკითხებზე ერთიანი მიდგომის გამომუშავება;

ზ) საბაჟო პროცედურების, აგრეთვე საბაჟო ორგანოების და მათი სტრუქტურული ერთეულების მუშაობის ტექნოლოგიური სქემების შემუშავება და მათი სრულყოფა. სამსახურის ცენტრალური აპარატის შესაბამისი ქვედანაყოფების და სამსახურის ტერიტორიული და სპეციალიზებული ორგანოების მიერ წინასწარი ოპერაციების, საბაჟო პროცედურების განხორციელებისას  საბაჟო კანონმდებლობის (მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებების) ნორმათა გამოყენების პრაქტიკის (პრაქტიკული საქმიანობის, მისი ამსახველი დოკუმენტების და მონაცემების) შესწავლა, ხოლო შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე,  შესაბამისი რეკომენდაციებისა და პროექტების შემუშავება;

თ)     საბაჟო საქმის (მათ შორის, საერთაშორისო საბაჟო თანამშრომლობის) მომწესრიგებელ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან მიერთების, ასევე ამ ხელშეკრულებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის წარმართვა;

ი)  წინადადებების შემუშავება საბაჟო პროცედურების განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების, კონტროლის მეთოდების და ტექნიკური საშუალებების დანერგვის თაობაზე;

კ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.“.

4. მე-14 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) კომპეტენციის ფარგლებში შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებების შესრულება;“;

ბ) მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს გენერალური პროკურატურის, ქ. თბილისის პროკურატურის, ქ. თბილისის სხვა სამართალდამცავი ორგანოების და შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებების შესრულება;“;

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

,,3. ფინანსური ექსპერტიზის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონალური სამმართველოების და რეგიონალური სამართალდამცავი ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებების შესრულების მიზნით ამ პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება;

ბ) სასამართლოს, გამომძიებლის, პროკურორის დადგენილების თანახმად, რევიზიით, ინვენტარიზაციით ან/და ფინანსურ სფეროში სპეციალური გამოკვლევებით მტკიცებულებათა აღმოჩენა, დამტკიცება და დამაგრება. მიღებულ შედეგებზე გამოძიებისათვის შესაბამისი დასკვნების (დოკუმენტების) წარდგენა;

გ) წინასწარი გამოძიების სტადიაზე ფინანსური ექსპერტიზის ორგანიზება და განხორციელება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.“.

5. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 15. ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის  დეპარტამენტი

1. რისკების მართვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების და მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება, საგადასახადო და საბაჟო ორგანოებისათვის პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების და უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული საგადასახადო ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და შესაბამის საგადასახადო და საბაჟო ორგანოებზე დაყვანა;

გ) ინფორმაციული ბაზების, სპეციალური საბაჟო სტატისტიკის მონაცემების, საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე არსებული, აგრეთვე საერთაშორისო საბაჟო და საგადასახადო თანამშრომლობის მექანიზმების გამოყენებით მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით რისკის ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი, რისკების მენეჯმენტის თაობაზე წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

დ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

2. სტატისტიკის და ანალიზის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების და მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება. საგადასახადო და საბაჟო ორგანოებისათვის პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა;

ბ) სამსახურის ხელმძღვანელობისათვის, აგრეთვე სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება;

გ) დანაშაულობათა (მათში მონაწილე პირთა) და სამართალდარღვევათა აღრიცხვა-სისტემატიზაცია, სტატისტიკური ანალიზი, საინფორმაციო საძიებო კომპიუტერული სისტემების დანერგვა და ექსპლუატაცია;

დ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან, ასევე კანონით დასაშვები წყაროებიდან სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება, სისტემატიზაცია;

ე) საგარეო ვაჭრობის საბაჟო სტატისტიკის, სპეციალური საბაჟო, საგადასახადო და სხვა შესაბამისი სტატისტიკის წარმოება, საგარეო ვაჭრობის საბაჟო სტატისტიკის და სპეციალური საბაჟო სტატისტიკის მონაცემების, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის რეგულირების არსებული სატარიფო და არასატარიფო მექანიზმების საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკაზე ზეგავლენის ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;

ვ) ელექტრონული და სხვა სახის ინფორმაციის მიღება და დამუშავება სამსახურის ადმინისტრირებადი შემოსავლების შესახებ;

ზ) დამტკიცებული საგეგმო-საპროგნოზო მაჩვენებლების დაყვანა საგადასახადო და საბაჟო ორგანოებამდე;

თ) შემოსავლების დამუშავების ორგანიზება გადასახადის სახეების, ტერიტორიული ერთეულების მიხედვით;

ი) საგადასახადო შემოსავლების მიმდინარეობის, აგრეთვე დაბეგვრის საკითხებზე აქტუალური ინფორმაციების და მასალების მომზადება;

კ) საგადასახადო ბაზის საპროგნოზო გაანგარიშებების წარმოება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დაშვებული წესით;

ლ) ოპერატიულ-სამძებრო სფეროში არსებული სამართალდარღვევების ბაზების შექმნა მონაცემთა ელექტრონული (ქსელური და ელექტრონული ინფორმაციის მატარებლების გამოყენებით დაცული) და არაელექტრონული მასალების საფუძველზე, ოპერატიული განახლება, სისტემატიზაცია და წარმართვა;

მ) საგადასახადო და საბაჟო მონაცემთა ელექტრონულ ბაზებთან მომხმარებლის დონეზე დაკავშირება, დამუშავება, სისტემატიზაცია და წარმართვა;

ნ) საგადასახადო შემოსავლების მობილიზაციის და მათი აკრეფის გაუმჯობესების შესახებ წინადადებების და ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება;

ო) საგადასახადო და საბაჟო ორგანოებში საბიუჯეტო შემოსულობათა (მათ შორის, ზედმეტად გადახდილი თანხის), გადატანების, დაბრუნებების, საგადასახადო სანქციებისა და საურავების მიხედვით აღრიცხვის წარმოების წესების შემუშავება;

პ) საგადასახადო შემოსავლების ანგარიშგების სტატისტიკური ფორმების შედგენის მეთოდოლოგიის შემუშავება-სრულყოფა და ეკონომიკური ანალიზი;

ჟ) გაწეული მუშაობის შედეგების, ასევე მათი ანალიზის განხორციელების მიზნით ანგარიშების მიღება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში სისტემატიზაცია და ანალიზი; სამსახურის მუშაობის შემაჯამებელი ანგარიშების მომზადება;

რ) გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების მეთოდოლოგიის შემუშავება და სრულყოფა;

ს) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

3. ადმინისტრირების ღონისძიებების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, საჭიროების შემთხვევაში სამსახურის ტერიტორიული ორგანოებისათვის პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა;

ბ) ვადაგადაცილებულ დავალიანებათა აღრიცხვა და ანალიზი;

გ) სამსახურის ტერიტორიული ორგანოების მიერ საგადასახადო და საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გატარებული ღონისძიებების აღრიცხვა-ანალიზი;

დ) რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოების (ორგანიზაციების) მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შესახებ ინფორმაციის მიწოდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის;

ე) შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანოების მიერ მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგების ანალიზი, შესაბამისი ანგარიშგების წარმოება;

ვ) შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული და სპეციალიზებული ორგანოებიდან მათ მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევებზე წარმოდგენილი ინფორმაციის მიღება და ანალიზი;

ზ) ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის შესახებ შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული და სხვა სპეციალიზებული ორგანოებიდან წარმოდგენილი ინფორმაციების მიღება და ანალიზი;

თ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.“.    

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური