,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 16 აპრილის №22/2008 ,,საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესების აღმწერი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№28/2008
სარეგისტრაციო კოდი
020.090.000.15.008.011.822
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 71, 13/05/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო რეგისტრაციის კოდი 020.090.000.15.008.011.822

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №28/2008

2008 წლის 10 მაისი

 ქ. თბილისი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 16 აპრილის №22/2008 „საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესების აღმწერი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 77-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1.

საქართველოს ცენტრლური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 16 აპრილის №22/2008 დადგენილებით დამტკიცებულ საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესების აღმწერ ინსტრუქციას დაემატოს მე–11 მუხლი შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11. საჩივრის განხილვის პირობები და წესი

საარჩევნო კომისიის სხდომაზე საჩივრის განხილვისათვის შეიძლება მოწვეულ იქნენ მხარეები.

თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაცია ან მისი წარმომადგენელია, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე ეცნობება ამ ორგანიზაციის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ დამკვირვებელს ან ამ ორგანიზაციას.

თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო სუბიექტი ან მისი დანიშნული წარმომადგენელია, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე ეცნობება ამ სუბიექტის საარჩევნო კოდექსის 71-ე მუხლის საფუძველზე დანიშნულ წარმომადგენელს.

თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო კომისიის წევრია, საჩივრის განხილვის თაობაზე უნდა ეცნობოს პირადად მას.

მხარეები საჩივრის განხილვისას, საარჩევნო კოდექსით მოთხოვნილი საჩივრის განხილვის ვადების დაცვის მიზნით, შეიძლება დაბარებულ იქნენ წერილობით, ასევე ტელეფონით (მათ შორის, მობილური ტელეფონით; მოკლე ტექსტური შეტყობინებით); ელექტრონული ფოსტით; დეპეშით; ფაქსით და სხვა ტექნიკური საშუალებით.

მხარის გამოუცხადებლობა არ ქმნის საჩივრის განხილვის გადადების საფუძველს.

მხარეს, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას, სხდომის დაწყების წინ უნდა გადაეცეს მისი საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტების პროექტები და ასლები.

მხარეს უფლება აქვს, საარჩევნო კომისიის რეგლამენტით დადგენილი წესით, მიიღოს მონაწილეობა საჩივრის განხილვაში.

მხარეს, რომელიც მონაწილეობს საჩივრის განხილვაში, მისი მოთხოვნის შემთხვევაში საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილება (გარდა კომისიის სხდომის ოქმისა ) უნდა ჩაბარდეს ამ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღის 12 საათამდე, კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენის ვადების გათვალისწინებით.

მხარეს, რომელიც შეტყობინების მიუხედავად, არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება წერილობით.

მხარის მიერ საჩივრის განხილვის დროს კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ წერილობითი დოკუმენტის მისთვის ჩაბარების თარიღი არ წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ვადის ათვლის საფუძველს.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო კომისია ვალდებულია მიღებულ გადაწყვეტილებაში მიუთითოს მხარეს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა, ადგილი, დაწესებულების დასახელება და მისამართი, სადაც შეიძლება მისი გასაჩივრება.“.

    მუხლი 2.

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 3.

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ლ. თარხნიშვილი

კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე