,,სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1773 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№640
სარეგისტრაციო კოდი
230.050.000.22.033.012.102
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 113, 07/08/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.050.000.22.033.012.102

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №640

2008 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

,,სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1773 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. ,,სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1773 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006წ., №172 მუხ.2339) დამტკიცებულ ,,საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ინსტრუქციის მე-12, მე-13 და მე-14 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 12. ზოგადი დეკლარირების ფორმები

1. ზოგადი დეკლარირება ხორციელდება შემდეგი დოკუმენტებიდან ერთ-ერთის წარმოდგენით მაინც:

ა) სატრანსპორტო დოკუმენტი;

ბ) საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების არარსებობისას, საქონელი ექვემდებარება სავალდებულო დათვალიერებას ან/და სინჯის ან/და ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას.

    მუხლი 13. საქონლის ზოგადი დეკლარირება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში

1. ზოგადი დეკლარირება უნდა განხორციელდეს ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის პირობების შესაბამისად წარდგენილი საქონლის სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა.

2. ზოგადი დეკლარირება ხორციელდება (ზოგადი დეკლარირების ფორმა) საბაჟო ორგანოსადმი იმ ზოგადი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების წარდგენით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის შერჩევამდე მისი იდენტიფიკაციისათვის, საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის (მათ შორის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მოწმობის შევსებისათვის).

3. ზოგადი დეკლარირების მიზნით სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენილ უნდა იქნეს:

ა) სატრანსპორტო დოკუმენტები:

ა.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR კარნეტის დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში – ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის ასლი;

ა.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი;

ა.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები;

ა.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები.

ბ) ან/და საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების არარსებობისას საქონელი ექვემდებარება სავალდებულო დათვალიერებას ან/და სინჯის ან/და ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე დამატებით წარედგინება:

ა) თუ საქონლის შემოტანა ექვემდებარება ნებართვას ან/და სერტიფიცირებას ან/და სხვა არასატარიფო ღონისძიებებს – ქვემოთ ჩამოთვლილიდან შესაბამისი დოკუმენტი:

ა.ა) ნებართვა:

ა.ა.ა) ვეტერინალურ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა;

ა.ა.ბ) ვეტერინალურ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა;

ა.ა.გ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა;

ა.ა.დ) ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების, რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუების იმპორტის ან ტრანზიტის ნებართვა;

ა.ა.ე) ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა;

ა.ა.ვ) იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა;

ა.ა.ზ) სამხედრო-საბრძოლო იარაღის იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავების, დროებითი შემოტანის ნებართვა;

ა.ა.თ) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ნებართვა;

ა.ა.ი) იარაღის ერთი სახეობის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანის (გარდა იმპორტისა, ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა;

ა.ა.კ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებების იმპორტის ნებართვა;

ა.ა.ლ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა;

ა.ბ) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტო ან/და ვეტერინარული სერტიფიკატები;

ბ) თუ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

6. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანისას ზოგად დეკლარირებად ჩაითვლება მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში (პასპორტში) ჩაკრული სტიკერის წარდგენა.

7. ზოგადი დეკლარირების უფლება აქვს საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს.

8. ზოგადი დეკლარირება არ ხორციელდება მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებულ საქონელზე.

    მუხლი 14. ზოგადი დეკლარირების დადასტურება საბაჟო ორგანოს მიერ

ზოგადი დეკლარირების დადასტურების მიზნით დეკლარანტის მიერ ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების საბაჟო ორგანოსათვის მიწოდებისთანავე საბაჟო ორგანოს შესაბამისად უფლებამოსილი პირი ახორციელებს მათ დამოწმებას პირადნომრიანი ბეჭდით.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური