„საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესებში“ ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.012.108
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №210
2008 წლის 7 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესებში“ ცვლილებების შეტანის შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებით (სსმ III, 10.07.2007 წ., №97, მუხ. 1040) დამტკიცებულ „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ.ა) საინკასო დავალება – საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისი უფლებებით აღჭურვილი მესამე მხარის (საქართველოს ეროვნული ბანკი, სააღსრულებო ორგანო, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო სამსახური) მიერ ბანკისთვის დადგენილი ფორმით მიცემული დავალება, გადამხდელის ანგარიშიდან მისი თანხმობის გარეშე ფულადი სახსრების უპირობო ჩამოწერაზე;“.
2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უდავო წესებით თანხების გადახდევინებას (ჩამოწერას) ახდენს საქართველოს ეროვნული ბანკი, სააღსრულებო ორგანოები, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო სამსახურები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვთ პირებისათვის გადასახდელთა დაკისრების უფლებამოსილება.“.
3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლები (შემდგომში – აღმასრულებლები) გადამხდელის ანგარიშიდან სახსრების უდავო წესით ჩამოწერას ახდენს უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლების პირველი პირების ან შესაბამისი წესით დამოწმებული დუბლიკატების და სახსრების ჩამოწერის შესახებ მათ მიერ შევსებული და სათანადო წესით დამოწმებული საინკასო დავალების (განკარგულების) საფუძველზე (№9 დანართი), ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო სამსახური – მათ მიერ შევსებული და სათანადო წესით დამოწმებული საინკასო დავალების და საინკასო დავალების ბანკში წარდგენასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების საფუძველზე.“.
4. მე-5 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. უდავო წესით სახსრების ჩამოსაწერად აღმასრულებლების სააღსრულებო ფურცელი და საინკასო დავალება ან საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო სამსახურის საინკასო დავალება, შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ ან საფოსტო გზავნილით, წარედგინება უშუალოდ იმ საბანკო დაწესებულების ქვედანაყოფს, რომელშიც წარმოებს მოვალის ანგარიში.“.
5. მე-5 მუხლის მე-15 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს ეროვნული ბანკის, სააღსრულებო ბიუროს, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს, საგადასახადო და საბაჟო სამსახუ-რის მიერ წარდგენილ საინკასო დავალებათა შორის უპირატესობით სარგებლობს საქართველოს ეროვნული ბანკის საინკასო დავალება და მისი შესრულება უნდა განხორციელდეს პირველ რიგში, მიუხედავად იმისა, სხვა საინკასო დავალებებთან შედარებით რა ვადაში იყო წარდგენილი იგი;“.
6. მე-5 მუხლის მე-15 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ) საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსა და სააღსრულებო ბიუროს მიერ წარდგენილი საინკასო დავალებების შესრულება უნდა განხორციელდეს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მოცემული ორგანოების მიერ წარდგენილი საინკასო დავალებების შესრულების შემდეგ ქრონოლოგიური რიგითობით.“.
მუხლი 2
ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედების საჭიროება განპირობებულია „კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2008 წლის 7 აგვისტოს №4 ბრძანების მიღებით.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ეროვნული ბანკის
პრეზიდენტის მოვალეობის
შემსრულებელი დ. ამაღლობელი