,,წყალდაცვითი ზოლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 1998 წლის 7 მაისის №59 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№765
სარეგისტრაციო კოდი
400.030.000.22.023.012.448
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 173, 27/11/2008

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარგეისტრაციო კოდი 400.030.000.22.023.012.448

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების

მინისტრის ბრძანება №765

2008 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

„წყალდაცვითი ზოლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 1998 წლის 7 მაისის №59 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „წყალდაცვითი ზოლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 1998 წლის 7 მაისის №59 ბრძანებით („ეკოქრონიკა“, 1998 წ-ის 1 ივნისი, 2(2), გვ.9-10) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6.

იმ ტბებისა და წყალსაცავებისათვის, რომლებიც არ გამოიყენება სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგებისათვის, წყალდაცვითი ზოლის სიგანე განისაზღვრება:

ა) წყლის მაქსიმალური ზვირთცემისას წყლით დაფარული შესაბამისი სანაპირო ხაზის კიდიდან 300 მეტრით, გარდა ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) სარეკრეაციო-გამაჯანსაღებელი ობიექტებისათვის, წყლის მაქსიმალური ზვირთცემისას წყლით დაფარული შესაბამისი სანაპირო ხაზის კიდიდან არა-ნაკლებ 30 მეტრით“.

ბ) დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით:

     „მუხლი 9.

წყლის ობიექტებში და წყალდაცვით ზოლებში მშენებლობა, ფსკერის დაღრმავება და ასაფეთქებელი სამუშაოები, სასარგებლო წიაღისეულის, ტორფის, საპროპელის, დაძირული მერქნის მოპოვება, კაბელის, მილსადენისა და სხვა კომუნიკაციების გაყვანა, ტყის ჭრა (გარდა მოვლითი ჭრებისა), ბურღვითი და სხვა საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

გ) დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12.

წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში ტყით სარგებლობას აკონტროლებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექცია, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან აკრძალოს ტყით სარგებლობა, თუ ეს უარყოფითად მოქმედებს წყლის მდგომარეობაზე.“.

დ) დებულების მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15.

წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში მიწის გამოყენებას აკონტროლებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და სხვა ამისთვის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ხაჩიძე