,,გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების და ჩამოწერის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.012.504
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №933
2008 წლის 22 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების და ჩამოწერის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების და ჩამოწერის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში (სსმ III, 22.03.2005 წ., №32, მუხლი 306) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“.
2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, 92-ე მუხლის და 281-ე მუხლის 22-ე ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:“.
3. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დამტკიცდეს ,,გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ ინსტრუქცია“.
4. ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
ინსტრუქცია
გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელის ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების (მათ შორის, უიმედო საგადასახადო დავალიანების) ჩამოწერის პროცედურებს.
2. ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერება, თუ:
ა) იგი აღიარებულია უიმედო საგადასახადო დავალიანებად;
ბ) საგადასახადო ვალდებულებები შეწყვეტილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, კერძოდ:
ბ.ა) მემკვიდრის (მემკვიდრეების) არარსებობის ან მემკვიდრის (მემკვიდრეების) მიერ მემკვიდრეობის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ან თუ გარდაცვლილი ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა აღემატება მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულებას, საგადასახადო ვალდებულების დარჩენილი დავალიანების თანხა ითვლება უიმედო ვალად;
ბ.ბ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ქმედუუნაროდ აღიარებული ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულება (მათ შორის, სანქციები) იმ შემთხვევაში, თუ მისი ქონება არასაკმარისია საგადასახადო ვალდებულების (მათ შორის, სანქციების) შესასრულებლად;
გ) საგადასახადო ვალდებულებები შეწყვეტილია საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტების საფუძველზე;
დ) არსებობს ერთ-ერთი შემდეგი წინაპირობა:
დ.ა) საქართველოს კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელის სამართლებრივ ფორმას, ამასთანავე, ამ გადასახადის გადამხდელს არ განუხორციელებია საგადასახადო ანგარიშგება (დეკლარაციების ან/და გაანგარიშებების წარდგენა) და საგადასახადო ვალდებულების შესრულება ბოლო 6 კალენდარული წლის განმავლობაში;
დ.ბ) გადასახადის გადამხდელი არის ლიკვიდირებული საბიუჯეტო ორგანიზაცია;
დ.გ) იურიდიული პირის ლიკვიდაცია განხორციელდა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და იგი ამოიშალა სამეწარმეო რეესტრიდან.
3. საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა ხორციელდება:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში – საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის შესაბამისად;
ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება – საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის 24-ე ნაწილით განსაზღვრული საგადასახადო დავალიანება, რომელიც არ არის გადახდილი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში;
ბ) უიმედო საგადასახადო დავალიანება – საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-20 ნაწილით განსაზღვრული უიმედო საგადასახადო დავალიანება.
მუხლი 3. ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა
1. თუ საქართველოს კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის სამართლებრივ ფორმას, ამასთანავე ამ გადასახადის გადამხდელს არ განუხორციელებია საგადასახადო ანგარიშგება (დეკლარაციების ან/და გაანგარიშებების წარდგენა) და საგადასახადო ვალდებულებების შესრულება ბოლო 6 კალენდარული წლის განმავლობაში, ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხის განსახილველად მომზადების მიზნით, საგადასახადო ორგანოს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) წერილობით წარედგინება ინფორმაცია:
ა) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების შესახებ;
ბ) გადასახადის გადამხდელის სამართლებრივი ფორმის, სახელმწიფო რეგისტრაციისა და საგადასახადო აღრიცხვის შესახებ;
გ) გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ანგარიშგებისა (დეკლარაციების ან/და გაანგარიშებების წარდგენა) და საგადასახადო ვალდებულების შესრულების ბოლო 6 კალენდარული წლის განმავლობაში განუხორციელებლობის თაობაზე.
2. თუ გადასახადის გადამხდელი არის ლიკვიდირებული საბიუჯეტო ორგანიზაცია, შემოსავლების სამსახურს საგადასახადო ორგანოს მიერ წარედგინება:
ა) ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების შესახებ;
ბ) ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საგადასახადო აღრიცხვის შესახებ;
გ) საბიუჯეტო ორგანიზაციის ლიკვიდაციის თაობაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (დედანი ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი).
3. თუ იურიდიული პირის ლიკვიდაცია განხორციელდა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და იგი ამოიშალა სამეწარმეო რეესტრიდან, შემოსავლების სამსახურს საგადასახადო ორგანოს მიერ წარედგინება:
ა) ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების შესახებ;
ბ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მისი დამოწმებული ასლი იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ;
გ) ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციისა და მისი სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლის შესახებ.
4. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის დეპარტამენტი განიხილავს საგადასახადო ორგანოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ამ მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობას და მიღებიდან ერთი თვის ვადაში შემოსავლების სამსახურის უფროსს წარუდგენს დასკვნას ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საფუძვლიანობის თაობაზე.
5. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისა და დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალები უბრუნდება საგადასახადო ორგანოს და ეძლევა გონივრული ვადა (არა უმეტეს ერთი თვე) აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამასთან, თუ გადასახადის გადამხდელს ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება ერიცხება იმ გადასახადის მიხედვით, რომლის დაბეგვრის ობიექტს (წარმოშობის საფუძველს) ქონებრივი უფლებები წარმოადგენს, მაშინ შემოსავლების სამსახურს შეუძლია საგადასახადო ორგანოს დამატებით მოსთხოვოს პირის საკუთრებაში ქონების არარსებობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.
6. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე.
7. საგადასახადო დავალიანება ჩამოწერილად ითვლება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში (ბრძანებაში) მითითებული თარიღიდან.
მუხლი 4. საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების და მისი ჩამოწერის საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა
1. საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების საკითხს სწავლობს შემოსავლების სამსახური საგადასახადო ორგანოს მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.
2. საგადასახადო დავალიანების უიმედოდ აღიარების საკითხის განსახილველად შემოსავლების სამსახურს საგადასახადო ორგანოს მიერ წარედგინება შემდეგი დოკუმენტები:
ა) საგადასახადო ორგანოს წერილობითი მიმართვა;
ბ) საგადასახადო დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) საგადასახადო ორგანოს და/ან აუდიტის დასკვნა გადამხდელის ქონების შესახებ;
დ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ე) ამონაწერი მარეგისტრირებელი ორგანოებიდან;
ვ) დოკუმენტაცია გადამხდელის მიმართ გატარებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ;
ზ) სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ გადამხდელს არ გააჩნია ქონება და აქტივები;
თ) საგადასახადო ორგანოს დასკვნა საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების მიზანშეწონილობის შესახებ.
3. გარდაცვლილი, უგზო-უკვლოდ დაკარგული ან ქმედუუნარო ფიზიკური პირის ვადაგადაცილებული დავალიანების ჩამოწერის მიზნით, საგადასახადო ორგანოს მიერ შემოსავლების სამსახურს წარედგინება შემდეგი დოკუმენტები:
ა) საგადასახადო ორგანოს წერილობითი მიმართვა;
ბ) ცნობა პირის გარდაცვალების ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ;
გ) ცნობა გარდაცვლილი პირის მემკვიდრის (მემკვიდრეების) არარსებობის შესახებ;
დ) დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) საგადასახადო ორგანოს და/ან აუდიტის დასკვნა ქონების შესახებ;
ვ) საგადასახადო ორგანოს დასკვნა საგადასახადო დავალიანების უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების მიზანშეწონილობის შესახებ.
4. გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შემთხვევაში საგადასახადო დავალიანების უიმედოდ აღიარების საკითხის განსახილველად შემოსავლების სამსახურს საგადასახადო ორგანოს მიერ წარედგინება შემდეგი დოკუმენტები:
ა) საგადასახადო ორგანოს წერილობითი მიმართვა;
ბ) დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) სასამართლოს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ;
დ) გაკოტრების მმართველის მიერ შედგენილი მოვალის გაკოტრების ანგარიში.
5. შემოსავლების სამსახურის სათათბირო საბჭო საგადასახადო ორგანოდან წარმოდგენილი მასალების საფუძველზე აკეთებს დასკვნას – საგადასახადო დავალიანებათა უიმედო საგადასახადო დავალიანებად აღიარების შესახებ, რომელიც საგადასახადო ორგანოს მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან ერთად, საგადასახადო დავალიანებათა ჩამოწერის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვის მიზნით ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
6. საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მიზანშეწონილობის საკითხი განიხილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელ კომისიაზე (შემდგომში – კომისია), რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას.
7. კომისიის დასკვნა წარედგინება საქართველოს ფინანსთა მინისტრს, რომელიც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) დავალიანებათა ჩამოწერის შესახებ.
8. საგადასახადო დავალიანება ჩამოწერილად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში (ბრძანებაში) მითითებული თარიღიდან.
მუხლი 5. საგადასახადო ვალდებულების განახლება
1. თუ გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის 22-ე ნაწილის შესაბამისად ჩამოეწერა ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და აგრძელებს ეკონომიკურ საქმიანობას, მაშინ მის მიმართ განახლდება ჩამოწერილი საგადასახადო ვალდებულების მოქმედება, საურავის დარიცხვა და ჯარიმის დაკისრება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაციის (მათ შორის საგადასახადო ორგანოს მომართვის) საფუძველზე შემოსავლების სამსახურის ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის დეპარტამენტი ამზადებს დასკვნას ჩამოწერილი საგადასახადო ვალდებულების აღდგენის საფუძვლების თაობაზე და წარუდგენს შემოსავლების სამსახურის უფროსს, რომელიც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე გამოცემული შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) ბათილად ცნობისა და ჩამოწერილი საგადასახადო ვალდებულებების განახლების თაობაზე.
3. თუ პირი, რომელსაც ჩამოეწერა უიმედო საგადასახადო დავალიანება, აგრძელებს ეკონომიკურ საქმიანობას ან/და დადგინდა, რომ მას აქვს ქონება, მაშინ ამ პირის მიმართ განახლდება ადრე ჩამოწერილი საგადასახადო ვალდებულების მოქმედება, საურავის დარიცხვა და ჯარიმის დაკისრება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, კომისია ამზადებს დასკვნას და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს უიმედო საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.