,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №1
2007 წლის 10 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №154, მუხლი 1714) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები
სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანებია:
ა) მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება და საქმიანობის კოორდინაცია;
ბ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში:
ბ.ა) ინდივიდუალური სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა;
ბ.ბ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა;
ბ.გ) სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირება;
გ) სოციალური დაცვის სფეროში:
გ.ა) მოსახლეობის მიზნობრივი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფა;
გ.ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული სოციალური ჯგუფებისათვის შესაბამისი გასაცემლების დადგენილ ვადებში მიწოდების უზრუნველყოფა.
მუხლი 3. სამინისტროს კომპეტენცია
თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტროს კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს მმართველობას მიკუთვნებულ სფეროში კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და დადგენილი წესით მათი მიღება (გამოცემა);
ბ) სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლი და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ) საექიმო, საექთნო და ფარმაცევტული სპეციალობების ნუსხის განსაზღვრა;
დ) ინდივიდუალური სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფისათვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება, განხორციელება და კონტროლი;
ე) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საჭიროებებისათვის გამიზნული სახელმწიფო პროგრამების შემუშავება, დამტკიცება, განხორციელების კონტროლისა და შედეგების მონიტორინგი;
ვ) ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების წესების, პირობებისა და ნორმატივების შემუშავება და მათი შესრულების კონტროლი;
ზ) სახელმწიფო ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის უზრუნველყოფა;
თ) ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა შემუშავება, განხორციელება და ზედამხედველობა;
ი) შესაბამის დაინტერესებულ უწყებებთან ერთად სამედიცინო მომსახურების, ინფრასტრუქტურის ნორმების შემუშავების ორგანიზება და დამტკიცება;
კ) სამედიცინო კადრების მომზადების დონის ამაღლების, კვალიფიკაციისა და უწყვეტი სამედიცინო განათლების პროცესის ორგანიზება;
ლ) საქართველოში მიმოქცევაში არსებულ სამკურნალო საშუალებათა ხარისხის კონტროლი;
მ) მიზნობრივი სოციალური დახმარებით მოსახლეობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი პროგრამების შემუშავება, დამტკიცება, განხორციელების კონტროლი და შედეგების მონიტორინგი;
ნ) სახელმწიფო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმირებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების შემუშავების ორგანიზება;
ო) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ბავშვისათვის ზრუნვის სტანდარტების შემუშავება და დამტკიცება;
პ) ყოველწლიური ცნობის წარდგენა კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოებისათვის სამინისტროში შემოსულ საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით;
ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელშეკრულებათა გაფორმება როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
რ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საშტატო ნუსხებისა და საქმიანობის გეგმების შეთანხმება;
ს) საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციაში მონაწილეობა;
ტ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“.
2. ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი;
ბ) მე-2 პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტები;
გ) მე-3 პუნქტის „ვ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები;
დ) მე-4 პუნქტი.
3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი.“.
4. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:
ა) მინისტრის აპარატი (დეპარტამენტი);
ბ) რეფორმების კოორდინაციის ოფისი (დეპარტამენტი);
გ) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი);
დ) იურიდიული დეპარტამენტი;
ე) ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);
ვ) დარგობრივი პოლიტიკის დეპარტამენტი;
ზ) ჯანმრთელობის დაცვისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი;
თ) სოციალური დაცვის დეპარტამენტი;
ი) რეგულირების დეპარტამენტი;
კ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი.“.
5. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „რ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას და კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
რ) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის;“.
6. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. სამინისტროს სხვა მოხელეები
1. სამინისტროს სხვა მოხელეები არიან:
ა) სამინისტროს მრჩევლები;
ბ) სამმართველოს უფროსები;
გ) სამინისტროს სპეციალისტები, უფროსი სპეციალისტები და მთავარი სპეციალისტები.“.
7. მე-8 მუხლს დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„31. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, მაგრამ არა უმეტეს ერთისა.“.
8. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მინისტრის აპარატი
მინისტრის აპარატის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;
ბ) მინისტრის მოვალეობების შეუფერხებელი შესრულების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა და საქმისწარმოების ორგანიზება;
გ) მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა;
დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის, მოქალაქეთა მიღებისა და ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროს ვებგვერდის, ელექტრონული ფოსტის შექმნა და განვითარების უზრუნველყოფა;
ვ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, აგრეთვე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დაწესებულებებთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია.“.
9. ამოღებულ იქნეს მე-10, მე-12 და 181 მუხლები.
10. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. დარგობრივი პოლიტიკის დეპარტამენტი
დარგობრივი პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:
ა) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და მისი ძირითადი პრიორიტეტების შემუშავება;
ბ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიული გეგმისა და მექანიზმების შემუშავება;
გ) მოსახლეობის სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენებისა და ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ანგარიშების მომზადება და გამოცემა;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ დეპარტამენტის გამგებლობის სფეროში განხორციელებული საქმიანობის კოორდინაცია.“.
11. მე-14, მე-15, მე-16, მე-17 და მე-18 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. ჯანმრთელობის დაცვისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:
ა) ჯანმრთელობის დაცვის, კერძოდ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და მართვა, სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო სტანდარტების შემუშავება და მათი პერიოდული სრულყოფა;
ბ) ჯანმრთელობის მართვის საინფორმაციო სისტემების სრულყოფა და კოორდინაცია; ჯანდაცვის პოლიტიკის განხორციელების ზედამხედველობა;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ შესაბამის სფეროში განხორციელებული საქმიანობის კოორდინაცია;
დ) საგანგებო სიტუაციის დროს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში შესაბამისი ძალებისა და საშუალებების მობილიზაცია სამოქალაქო თავდაცვისა და მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ღონისძიებათა განხორციელებისათვის. მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის მიზნით და სამოქალაქო თავდაცვის საჭიროებიდან გამომდინარე სამედიცინო ფორმირებების შექმნა და მათი საქმიანობის კოორდინაცია;
ე) სამობილიზაციო გეგმების შედგენა-განხორციელება როგორც საომარი მდგომარეობის, ისე ტექნოგენური, ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფების დროს დამდგარი საგანგებო სიტუაციებისას დაზარალებული მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფისათვის; საომარი მდგომარეობისა და კატასტროფების დროს დამდგარი საგანგებო სიტუაციებისას დაზარალებული მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფისათვის საჭირო სამედიცინო რეზერვის შექმნა და შენახვა დადგენილი წესით; სამინისტროს საპასუხისმგებლო შენახვაზე არსებული სამობილიზაციო რეზერვის შენახვის პროცესის ზედამხედველობა; სამობილიზაციო რეზერვში დასაგროვებელი ქონების ნუსხისა შემუშავება და რაოდენობის დადგენა, შენახვისას ხარისხისა და რაოდენობის შენარჩუნების უზრუნველყოფა;
ვ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით გათვალისწინებული სარეჟიმო საიდუმლო ორგანოსათვის დაკისრებული ფუნქციების, უფლებებისა და მოვალეობების განხორციელება.
მუხლი 15. სოციალური დაცვის დეპარტამენტი
სოციალური დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:
ა) სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი;
ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ შესაბამის სფეროში განხორციელებული საქმიანობის კოორდინაცია.
მუხლი 16. რეგულირების დეპარტამენტი
რეგულირების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:
ა) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მარეგულირებელთა საქმიანობის ზედამხედველობის მექანიზმების შემუშავება;
ბ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მარეგულირებელთა საქმიანობის ნორმებისა და სტანდარტების შემუშავების ორგანიზება;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ შესაბამის სფეროში განხორციელებული საქმიანობის კოორდინაცია.
მუხლი 17. ადმინისტრაცია (დეპარტამენტი)
ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:
ა) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამებისათვის დანახარჯებისა და რესურსების პროგნოზირება და ხარჯვის მიმდინარეობის ანალიზი;
ბ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წლიური და საშუალოვადიანი ბიუჯეტების პროექტების მომზადება;
გ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება, საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის მიზანმიმართულად განხორციელება;
დ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, აგრეთვე მათი ტერიტორიული ორგანოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროს საქმისწარმოების ორგანიზება;
ვ) სამინისტროში თათბირებისა და სათათბირო ორგანოების საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა და საპროტოკოლო-საკურიერო საქმიანობა;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ აქტების პროექტების, შესაბამისი წარდგინებების მომზადება, სამინისტროს მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და საკადრო საკითხებთან დაკავშირებულ ღონისძიებათა უზრუნველყოფა.
მუხლი 18. იურიდიული დეპარტამენტი
იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და მათი სამართლებრივი ექსპერტიზა;
ბ) კანონშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და მათი სამართლებრივი ექსპერტიზა;
გ) საპარლამენტო მდივნისათვის კანონით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელების ხელშეწყობა;
დ) წინადადებების მომზადება ევროპისა და საერთაშორისო კანონმდებლობასთან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროების მარეგულირებელი კანონმდებლობის ჰარმონიზაციის თაობაზე;
ე) სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებათა აღრიცხვა და შესრულების მონიტორინგი;
ვ) სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში.“.
12. დაემატოს 182 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 182. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი
ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს სისტემაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება, კერძოდ პროგრამული უზრუნველყოფა და დანერგვა;
ბ) სამინისტროს სისტემის საკომუნიკაციო ქსელის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროს სარგებლობაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა.“.
მუხლი 2
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ცვლილებებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ლიკვიდირებულ იქნა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტი და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის დეპარტამენტი; სსიპ – საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდი და სსიპ – სოციალური და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი რეორგანიზებულ იქნა სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელ ცენტრად, ხოლო სსიპ – ვლადიმერ სანიკიძის სახელობის საქართველოს ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი – კერძო სამართლის იურიდიულ პირად.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 10 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი