„საქონლის ტრანსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№993
სარეგისტრაციო კოდი
230.020.020.22.033.012.581
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 187, 31/12/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.012.581

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №993

2008 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006 წ., №172, მუხ. 2327) დამტკიცებულ „საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ” ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმი საშუალებას იძლევა, უცხოური საქონელი სხვა ქვეყნებს შორის ან ერთი ქვეყნის ტერიტორიულ ერთეულებს შორის გადაადგილდეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით მის მიმართ იმპორტის გადასახდელების გადახდისა და არასატარიფო ღონისძიებების გატარების (გარდა საბაჟო ორგანოში წარსადგენი “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვებისა და ლიცენზიებისა, რომლის ნუსხა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით) გარეშე.”.

2. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი ან დაუყოვნებლივ გატანის შეუძლებლობის შემთხვევაში დროებით დასაწყობდეს საბაჟო საწყობში.”.

3. მე-3 მუხლის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საავტომობილო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო საზღვრის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე (სასაზღვრო გამტარი პუნქტის გარდა) გადმოკვეთის შემთხვევაში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში (საბაჟო ორგანო, საბაჟო საწყობი, საბაჟო კონტროლის სხვა ზონა ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) ფაქტობრივი განთავსებით.”.

4. მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ზოგადი დეკლარირების მიზნით სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენილ უნდა იქნეს:

ა) სატრანსპორტო დოკუმენტი:

ა.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედდებული ან TIR-კარნეტის დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევვაში - ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის ასლი;

ა.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი ან საზღვაო ზედნადები;

ა.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატვირთო ზედნადები;

ა.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები;

ბ) ან/და ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა ან მინდობილობა ან წერილობითი დავალება საქონლის ტრანზიტულ მიწოდებაზე.“.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე დამატებით წარედგინება:

ა) თუ საქონლის ტრანზიტი ექვემდებარება ნებართვას ან/და სერტიფიცირებას – ქვემოთ ჩამოთვლილიდან შესაბამისი დოკუმენტი:

ა.ა) ნებართვა:

ა.ა.ა) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტზე;

ა.ა.ბ) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანზიტზე;

ა.ა.გ) ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების, რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების, ან ნოუ-ჰაუების ტრანზიტზე;

ა.ა.დ) იარაღისა და საბრძოლო მასალის ტრანზიტზე;

ა.ა.ე) სამხედრო-საბრძოლო იარაღის ტრანზიტზე;

ა.ა.ვ) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანაზე;

ა.ა.ზ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტზე;

ა.ბ) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტო ან/და ვეტერინარული სერტიფიკატები;

ბ) თუ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

5. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტები დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით.”.

6. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონელი, რომელიც გადაადგილდება საქართველოს ტერიტორიაზე მოწმობით, დეკლარანტის ან/და გადამზიდველის მოთხოვნით შეიძლება განთავსებულ იქნეს საბაჟო საწყობში, საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენებით ან დროებითი დასაწყობდეს კანონმდებლობით დადგენილი ვადით.”.

7. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქონლის მოთავსება საბაჟო საწყობში ან დროებით დასაწყობებისათვის განკუთვნილი საქონლის შენახვის სხვა ადგილზე და დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მისი ფაქტობრივი გატანა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტების შესაბამისად;”.

8. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დანიშნულების საბაჟოში დროებითი დასაწყობების ადგილზე საქონლის წარდგენისთანავე საბაჟო საწყობის ან საქონლის შენახვის სხვა ადგილის მფლობელი აკეთებს სათანადო აღნიშვნას მოწმობის უკანა გვერდზე, თარიღის, დროისა და ხელმოწერის მითითებით (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში – ბეჭდის დასმით). აღნიშნული ქმედება ითვლება საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენად;”.

9. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საბაჟო საწყობის მიერ – აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული მოწმობის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობს, იმავე ან მე-2 სამუშაო დღის 12 საათამდე;”.

10. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იმ შემთხვევაში, თუ ტრანზიტისსთვის განკუთვნილი საქონელი, რომელიც გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტიდან ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ადგილიდან და პირდაპირ წარედგინება საბაჟო ორგანოს (დროებითი დასაწყობების ადგილზე წარდგენის გარეშე), მაშინ საქონლის წარდგენად ჩაითვლება მოწმობის წარდგენა საბაჟო ორგანოში, რომელიც დასტურდება საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, თარიღითა და დროით.”.

11. მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად დეკლარანტის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს:

ა) ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა ან წერილობითი დავალება ან მინდობილობა საქონლის ტრანზიტულ მიწოდებაზე;

ბ) სატრანსპორტო დოკუმენტი:

ბ.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედდებული ან TIR-კარნეტის დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტი არარსებობის შემთხვევაში – ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის ასლი;

ბ.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი ან საზღვაო ზედნადები;

ბ.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატვირთო ზედნადები:

ბ.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები.”

12. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად, დეკლარაციას თან ერთვის:

ა) თუ დეკლარირება ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) თუ საქონლის ტრანზიტი ექვემდებარება ნებართვას ან/და სერტიფიცირებას ან/და სხვა არასატარიფო ღონისძიებებს – ქვემოთ ჩამოთვლილიდან შესაბამისი დოკუმენტი:

ბ.ა) ნებართვები:

ბ.ა.ა) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტზე;

ბ.ა.ბ) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების იმპორტზე;

ბ.ა.გ) ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების, რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების, ან ნოუ-ჰაუების ტრანზიტზე;

ბ.ა.დ) იარაღისა და საბრძოლო მასალის ტრანზიტზე;

ბ.ა.ე) სამხედრო-საბრძოლო იარაღის ტრანზიტზე;

ბ.ა.ვ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტზე;

ბ.ბ) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტო ან/და ვეტერინარული სერტიფიკატები;

გ) წინმსწრები საბაჟო დოკუმენტი:

გ.ა) წინმსწრები საბაჟო რეჟიმის შემთხვევაში – საბაჟო სატვირთო დეკლარაცია;

გ.ბ) საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილების შემთხვევაში – „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა”;

გ.გ) დროებით დასაწყობებულ საქონელზე – „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი” (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“;

დ) თუ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.”

13. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქონლის არგაშვებაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დეკლარანტი ვალდებულია საქონელი დროებით დაასაწყობოს საბაჟო საწყობში, ხოლო გაშვების შემთხვევაში საქონელი გადაეცემა დეკლარანტს საბაჟო ტერიტორიიდან განკარგვისათვის, რაც დასტურდება სატვირთო-საბაჟო დეკლარაციაში შესაბამისი შტამპის დასმით: „გაშვება ნებადართულია”, სადაც მიეთითება აგრეთვე საბაჟო მოხელის ხელმოწერა, თარიღი და დრო.”

    მუხლი 2.

1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ა.ბ” ქვეპუნქტისა და ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ინსტრუქციის 61 მუხლის “ბ.ა.ბ” ქვეპუნქტისა, ძალაში შევიდეს „საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონის ამოქმედებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ა.ბ” ქვეპუნქტი და ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ინსტრუქციის 61 მუხლის „ბ.ა.ბ” ქვეპუნქტი ამოქმედდეს „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილების ამოქმედებისთანავე.”.

ნ. გილაური


 

განმარტებითი ბარათი

„საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების პროექტზე

 

 

პროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოს საბაჟო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, კერძოდ;

 პროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტით წარმოდგენილი ცვლილება დაკავშირებულია საბაჟო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ცვლილებასთან, რომლის თანახმადაც საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისას არასატარიფო ღონისძიებები (გარდა საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვებისა და ლიცენზიებისა) არ ტარდება.

პირველი მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით, მე-2, მე-4–მე-7 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული ცვლილებების მომზადება განპირობებულია საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილის ცვლილებით, რომლითაც გაუქმდა დროებითი შენახვის საბაჟო საწყობის სახე.

მე-3 პუნქტით წარმოდგენილი ცვლილებებით დაზუსტდა საქონლის ზოგადი დეკლარირების დროს წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი და მათი დამოწმების წესი.

მე-8 პუნქტით წარმოდგენილი ცვლილებებით დაზუსტდა სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად დეკლარანტის მიერ წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი.

პროექტის მიღება არ იწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

პროექტის ავტორი და წარმდგენია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.