„მიმოქცევიდან ამოღებული ფულის ნიშნების (ბანკნოტების) განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2008 წლის 2 დეკემბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
220.090.000.11.004.012.878
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 28, 12/03/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.11.004.012.878

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №2

2009 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

„მიმოქცევიდან ამოღებული ფულის ნიშნების (ბანკნოტების) განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2008 წლის 2 დეკემბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მიმოქცევისათვის უვარგისი ფულის ნიშნების საკონტროლო გადათვლა=განადგურებასთან დაკავშირებული შრომითი და მატერიალური რესურსების რაციონალურად და ეფექტურად გამოყენების მიზნით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს: „მიმოქცევიდან ამოღებული ფულის ნიშნების (ბანკნოტების) განადგურების წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2008 წლის 2 დეკემბრის №14 დადგენილებაში (სსმ III, 12.12.2008, №177, მუხლი 1803) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 მუხლი 1. წესის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. მიმოქცევიდან ამოღებული ფულის ნიშნების (ბანკნოტების) განადგურება, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის საფუძველზე, ხორციელდება ამ წესის შესაბამისად.

2. ამ წესის მიზნებისთვის, მიმოქცევიდან ამოღებული ფულის ნიშნები (ბანკნოტები) არის ფიზიკური ცვეთის გამო მიმოქცევისთვის უვარგისი, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მიმოქცევიდან ამოღებული და ქარხნული წუნის მქონე ეროვნული ფულის ბანკნოტები (შემდგომში – მიმოქცევისთვის უვარგისი ფულის ბანკნოტები).

3. მიმოქცევისთვის უვარგისი ფულის ბანკნოტების გადათვლა-განადგურებას ყოველდღიური აღრიცხვის, ერთიანი დახურული და უსაფრთხო სივრცის პრინციპებზე დაყრდნობით უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკის სპეციალისტებით ფორმირებული მიმოქცევისთვის უვარგისი ფულის ბანკნოტების საკონტროლო გადათვლა-განადგურების კომისია (შემდგომში – კომისია) არანაკლებ წელიწადში ერთხელ, ამ მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის (ვიცე-პრეზიდენტის) მიერ შექმნილი საკონტროლო გადათვლის და განადგურების შესაბამისი სამუშაო ჯგუფების მონაწილეობით.

4. კომისიის თავმჯდომარეს, შემადგენლობას, წევრთა რაოდენობას და მიმოქცევისათვის უვარგისი ფულის ბანკნოტების გადათვლა-განადგურების სამუშაოების დაწყების და დამთავრების ვადებს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო. შესაბამისად, მხოლოდ საბჭოს განკარგულებით ხდება კომისიის წევრთა რაოდენობის, წევრის, აგრეთვე მიმოქცევისათვის უვარგისი ფულის ბანკნოტების გადათვლა-განადგურების სამუშაოების დაწყების და დამთავრების ვადების შეცვლა.

5. კომისიას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა განახორციელოს საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის საცავებში დაგროვილი მიმოქცევისთვის უვარგისი ფულის ბანკნოტების საკონტროლო გადათვლა-განადგურების სამუშაოების ორგანიზება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილ ვადებში.

6. მიმოქცევისთვის უვარგისი ბანკნოტების განადგურება ხდება მხოლოდ მათი საკონტროლო გადათვლის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის საკონტროლო გადათვლა-განადგურების უბანზე, რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს ვიდეო-სათვალთვალო, დაცვისა და უსაფრთხოების მოწყობილობებით.

7. მიმოქცევისთვის უვარგისი ბანკნოტების საკონტროლო გადათვლა-განადგურების უბანზე მიმდინარე მთლიანი პროცესის გადაღება და არქივირება წარმოებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით 2008 წლის 16 ივნისის №156 ბრძანებით დამტკიცებული „მიმოქცევისთვის უვარგისი ფულის ნიშნების საკონტროლო გადათვლა-განადგურების პროცესის გადაღება-არქივირების წესის“ შესაბამისად.

8. მიმოქცევისთვის უვარგისი ბანკნოტების საკონტროლო გადათვლა ხდება შესაბამის სამუშაო ჯგუფში დასაქმებული მუშაკების მიერ ფურცლობრივად. დასაშვებია:

ა) მიმოქცევიდან ამოღებული გასანადგურებელი 1 და 2-ლარიანი ბანკნოტების თანხის არანაკლებ 50%-ის გადათვლა შერჩევის წესით. შერჩევას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე ყველა წევრი.

ბ) ქარხნული წუნის მქონე ბანკნოტების მთელი მოცულობის კონებად და ნეკნებად, ხოლო არასრული ნეკნის ფურცლობრივად საკონტროლო გადათვლა.

9. კომისიის მიერ ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დაშვებების გამოყენების შემთხვევაში ხდება კონებზე (არასრულ კონებზე) ვაკუუმური ცელოფნის მოხსნა და მათი ვიზუალური შემოწმება ვიდეო-სათვალთვალო მოწყობილობების მეთვალყურეობის ქვეშ.

10. საკონტროლო გადათვლა-განადგურების უბანზე დასაქმებულ პირთა უფლება-მოვალეობანი და პასუხისმგებლობა განისაზღვრება მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ მათთან საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამსახურის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით.“.

2. წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „თვეში ერთხელ“, და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ) წარუდგინოს ანგარიში საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს;“.

3. წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) საკონტროლო გადათვლის სამუშაო ჯგუფის მიერ გასანადგურებელი ბანკნოტების ფურცლობრივად საკონტროლო გადათვლას, გარდა პირველი მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

თავმჯდომარის მოვალეობის 

შემსრულებელი         დ. ამაღლობელი