,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1230 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.012.897
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №165
2009 წლის 18 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1230 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1230 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 29.11.07, №169, მუხლი 1876) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველო
საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშვების ოპერაციების განხორციელება, მათი შესაბამის საბაჟო რეჟიმში მოქცევისა და ამ რეჟიმის დასრულების მიზნით:
ა.ა) დანიშნულების საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენის პირობებისა და ვადების შემოწმება (მათ შორის, სააღრიცხვო მოწმობით, ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში – სხვა საბაჟო დოკუმენტებით განსაზღვრული ვადებისა და მარშრუტის დაცვის შემოწმება; ავარიისა და დაუძლეველი ძალის მოქმედების გამო საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული მარშრუტისა და დანიშნულების საბაჟო ორგანოში საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანის ვადების დარღვევების შემთხვევაში – სათანადო მტკიცებულებებისა და საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული მითითებების შესრულების შემოწმება; საპატრულო პოლიციის მიერ საგზაო წესების დარღვევის ან/და საბაჟო ორგანოს მიერ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების თაობაზე გაკეთებული აღნიშვნების საფუძველზე, შესაბამისი სახდელის აღსრულების მდგომარეობის შემოწმება (მაგ., ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში – გადახდის ქვითრის არსებობის შემოწმება);
ა.ბ) დეკლარაციისა და თანდართული საბუთების, დეკლარირების ვადების და დეკლარირების სისწორის შემოწმება (მათ შორის, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის და საბაჟო ღირებულების განსაზღვრის, საბაჟო გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმება);
ა.გ) საბაჟო პროცედურების და საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება;
ა.დ) სახელმწიფო კონტროლის სხვა სახეების კოორდინაცია;
ა.ე) საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების შემოტანასთან ან გატანასთან და საბაჟო რეჟიმში მოქცევასთან დაკავშირებული პირობების დაცვის შემოწმება;
ა.ვ) საბაჟო შეღავათების გამოყენების საფუძვლიანობის შემოწმება;
ა.ზ) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო გადასახდელების დარიცხვა, ბიუჯეტში მათი დროული და სრული აკუმულირების უზრუნველყოფა;
ბ) დადგენილი წესით საბაჟო გადასახდელების მონაცემთა აღრიცხვა;
გ) საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სისტემატური კონტროლი შესაბამისი საბაჟო რეჟიმით გათვალისწინებული პირობებისა და ვალდებულებების, აგრეთვე საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულების მიზნით;
დ) საბაჟო კანონმდებლობის დარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, სამართალდარღვევის ოქმების შედგენა, კონკრეტული დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, ინფორმაციის ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სათანადო ქვედანაყოფებისათვის მიწოდება;
ე) საქონლის გაშვების შემდგომი საბაჟო შემოწმების განხორციელების წესის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული კამერალური საბაჟო შემოწმების, მიმდინარე კონტროლის და დაკვირვების პროცედურების განხორციელება;
ვ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა;
ზ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი;
თ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი;
ი) საბაჟო გამშვებ პუნქტში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის №36-№111 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელება. ამ მიზნით საბაჟო ორგანო უფლებამოსილია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ პირს მოსთხოვოს და შეუმოწმოს პირადობის და საქართველოში შემოსვლის ან საქართველოდან გასვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები;
კ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო კონტროლის სხვა სახეების კოორდინაცია და აგრეთვე, სამკურნალო საშუალებათა, ნარკოტიკულ საშუალებათა და პრეკურსორების, იარაღის, ორმაგი დანიშნულების საქონლის, სახიფათო ნარჩენების, კულტურულ ფასეულობათა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების კონტროლი, რადიაციული და სავალუტო კონტროლი, საავტორო უფლებების დაცვაზე კონტროლი;
ლ) დანიშნულების საბაჟო ორგანომდე და/ან საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილამდე იმ საქონლის, რომლის საიმედო იდენტიფიცირება საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შეუძლებელია, გადაადგილებაზე უშუალო ზედამხედველობის განხორციელება საბაჟო მოხელის თანხლებით;
მ) კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკური პირების მიერ შემოტანილი საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელება;
ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო გადასახადების და შესაბამისი მოსაკრებლების დარიცხვა-ამოღება და ბიუჯეტში მათი დროული და სრული აკუმულირება;
ო) საბაჟო საზღვარზე საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა-აღკვეთა, მათზე სათანადო რეაგირება, მათ შორის საქართველოს საბაჟო კოდექსის 235-ე მუხლის შესაბამისად, სამართალდარღვევის ოქმების შედგენა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილ შემთხვევაში სანქციის ადგილზე შეფარდება;
პ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.
3. მე-14 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 24 მარტიდან.
კ. ბაინდურაშვილი