„უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 იანვრის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№297
სარეგისტრაციო კოდი
230.210.000.22.033.013.117
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 62, 20/05/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.013.117

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №297

2009 წლის 14 მაისი

 ქ. თბილისი

„უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 იანვრის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 „უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 იანვრის №26 ბრძანებით (სსმ III, 17.01.2007წ., №7, მუხ. 48) დამტკიცებული „უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის წესის შესახებ“ ინსტრუქცია (დანართი №1) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2

 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                     პ. პეტრიაშვილი

დანართი №1

ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა

უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის წესის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1

1. უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის წესის შესახებ ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების თანახმად და განსაზღვრავს უბაჟო ვაჭრობის პუნქტის (შემდგომში – პუნქტი) საქმიანობის წესს.

2. ეს ინსტრუქცია მოიცავს უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის დაწყების წესს (სანებართვო პირობები, ნებართვის გაცემა, ნებართვაში ცვლილებების შეტანა), საქმიანობის განხორციელების წესს (პუნქტში საქონლის შეტანისა და რეალიზაციის ან/და პუნქტიდან საქონლის გამოტანის აღრიცხვა-ანგარიშგება, საბაჟო კონტროლის ხელშეწყობა, სანებართვო პირობებზე კონტროლი), საქმიანობის დასრულების წესს (ნებართვის გაუქმება).

    მუხლი 2

1. ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ნებართვა – ამ მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის კანონით განსაზღვრული ვადით განხორციელების უფლება, რომელიც უკავშირდება ობიექტს და ადასტურებს ამ განზრახვის კანონით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას;

ბ) სანებართვო მოწმობა – ნებართვის ფლობის დამადასტურებელი, ამ ბრძანების მე-8 დანართით გათვალისწინებული მკაცრი აღრიცხვის ფორმა;

გ) ნებართვის მაძიებელი – ნებართვის მიღების მსურველი პირი;

დ) ნებართვის მფლობელი – პირი, რომელსაც ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული მოქმედება;

ე) პირი – საქართველოს საბაჟო კოდექსით განსაზღვრული საქართველოს საწარმო, მუდმივი დაწესებულება ან ინდივიდუალური საწარმო;

ვ) სანებართვო პირობები – საქართველოს საბაჟო კოდექსით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული მოთხოვნებისა და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად ან/და ნებართვით განსაზღვრული მოქმედების განხორციელებისას;

ზ) უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობა – ნებართვით განსაზღვრული ობიექტის ტერიტორიაზე, სავაჭრო პოლიტიკის სატარიფო ღონისძიებების გარეშე უცხოური საქონლისა და უბაჟო ვაჭრობის პუნქტში რეალიზაციისათვის მიწოდებული საქართველოს საქონლის, სავაჭრო დარბაზებში გაყიდვა იმ მგზავრებზე, რომლებიც ტოვებენ საქართველოს საბაჟო ტერიტორიას;

თ) ობიექტი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებული, სანებართვო პირობების შესაბამისად:

თ.ა) ცალკეულ აეროპორტში, ნავსადგურსა ან საერთაშორისო მიმოსვლისათვის ღია სხვა ადგილზე არსებულ, ტერიტორიულად ერთიან საბაჟო კონტროლის ზონაში განთავსებული სავაჭრო დარბაზი (დარბაზები), პუნქტის საწყობი (საწყობები) ან/და ნებართვის მაძიებლის სურვილის შემთხვევაში სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ან განხორციელდება ნებართვით განსაზღვრული საქმიანობა. სავაჭრო დარბაზი (სავაჭრო დარბაზები) უნდა მდებარეობდეს სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის გავლის ადგილის შემდეგ. სავაჭრო დარბაზის განლაგება უნდა გამორიცხავდეს მასში იმ პირების მოხვედრას, რომლებმაც შესაძლებელია გადაკვეთონ საბაჟო საზღვარი სათანადო პროცედურების გავლის გარეშე;

 თ.ბ) ამ მუხლის „თ.ა“ ქვეპუნქტის გარდა სხვა ადგილზე განთავსებული სავაჭრო დარბაზი (დარბაზებისაგან), დათვალიერებისა და სინჯის ან/და ნიმუშის აღების ადგილი, პუნქტის საწყობისგან (საწყობები) ნებართვის მაძიებლის სურვილის შემთხვევაში სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ან განხორციელდება ნებართვით განსაზღვრული საქმიანობა. აღნიშნული ტერიტორია უნდა იყოს ერთიანი და იზოლირებული;

თ.გ) ცალკეულ აეროპორტში, ნავსადგურსა ან საერთაშორისო მიმოსვლისათვის ღია სხვა ადგილზე არსებულ, ტერიტორიულად ერთიან საბაჟო კონტროლის ზონაში განთავსებული დარბაზი (დარბაზები), რომელშიც ხდება ნებისმიერი მასალით ხელით შესრულებული ტილოს, სურათის, ნახატის (ნახაზისა და ხელით შემკული სამრეწველო ნაწარმის გარდა) და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის რეალიზაცია; აღნიშნული დარბაზი (დარბაზები) უნდა მდებარეობდეს სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის გავლის ადგილის შემდეგ. დარბაზის განლაგება უნდა გამორიცხავდეს მასში იმ პირების მოხვედრას, რომლებმაც შესაძლებელია გადაკვეთონ საბაჟო საზღვარი სათანადო პროცედურების გავლის გარეშე;

ი) პუნქტი – ობიექტი, სადაც ნებართვის მფლობელის მიერ ხორციელდება უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობა.

2. ამ მუხლის პირველი პინქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობიექტის შემადგენლობაში შესაძლებელია არსებობდეს ღია მოედანი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ტერიტორია მთლიანად იქნება შემოსაზღვრული იმ საბაჟო კონტროლის ზონით, რომელზეც ხორციელდება ნებართვით განსაზღვრული საქმიანობა.

თავი II. უბაჟო ვაჭრობის საქმიანობის დაწყება

    მუხლი 3

1. ნებართვას გასცემს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური).

2. ნებართვა გაიცემა ნებართვის მაძიებელ ნებისმიერ პირზე, რომელიც აკმაყოფილებს სანებართვო პირობებს.

3. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, განსაზღვრული ვადით. ნებართვის მოქმედების ვადა საქართველოს საბაჟო კოდექსის 114-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად შეადგენს 3 წელს.

4. აკრძალულია ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემა, მათ შორის:

ა) ნებართვის მფლობელის საწარმოს სხვა საწარმოსთან შერწყმისას ან სხვა საწარმოსთან (საწარმოებთან) გაერთიანებისას;

ბ) ნებართვის მფლობელის საწარმოს გაყოფისას.

5. უბაჟო ვაჭრობის პუნქტი წარმოადგენს საბაჟო კონტროლის ზონას.

    მუხლი 4

1. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად შემოსავლების სამსახურს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. განცხადებას უნდა ერთვოდეს:

ა) საქართველოს საწარმოს ან ინდივიდუალური მეწარმის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, ხოლო მუდმივი დაწესებულების შემთხვევაში – ცნობა რეგისტრაციის შესახებ;

ბ) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ნებართვის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

გ) ცნობა საგადასახადო ან/და საბაჟო დავალიანების არქონის თაობაზე;

დ) შემოსავლების სამსახურისთვის მისაღები გარანტია, რომლის თანხა არ უნდა იყოს 50 000 ევროს ეკვივალენტ ლარზე ნაკლები;

ე) საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ან არანაკლებ ნებართვის მოქმედების ვადით დადებული სარგებლობის ექსკლუზიური უფლების (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი და სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელშეკრულების მხარის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ასევე დოკუმენტი (საკადასტრო ნახაზი და სხვა), რომლითაც დასტურდება, რომ უბაჟო ვაჭრობის პუნქტი საქართველოს საბაჟო კოდექსის 114-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მდებარეობს საბაჟო კონტროლის ზონაში;

ვ) ნებისმიერი მასალით ხელით შესრულებული ტილოს, სურათის, ნახატის (ნახაზისა და ხელით შემკული სამრეწველო ნაწარმის გარდა) და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის რეალიზაციისას ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს ობიექტის მესაკუთრესთან გაფორმებული ხელშეკრულება (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი და სხვ.), რომელიც ანიჭებს ნებართვის მაძიებელს უფლებას გაყიდოს მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ობიექტში ექსკლუზიურად.

    მუხლი 5

ნებართვის მაძიებლის მიერ ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის შესაბამისად წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე ნებართვის გაცემის, ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას შემოსავლების სამსახური იღებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 6

1. გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და ფორმდება შესაბამისი ბრძანებით 4 ეგზემპლარად. თითოეულ ეგზემპლარს უნდა ერთვოდეს სანებართვო მოწმობა და დანართი. თითო ეგზემპლარი გადაეცემათ ნებართვის მფლობელსა და საბაჟო ორგანოს, რომლის სამოქმედო ზონაშიც განლაგებულია პუნქტი. ერთი ეგზემპლარი ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, ხოლო მე-4 ეგზემპლარი რჩება შემოსავლების სამსახურში.

2. ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი წარმოადგენს ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანების დანართს.

    მუხლი 7

1. სანებართვო მოწმობის გაცემა, აგრეთვე სანებართვო მოწმობის დაკარგვის, დაზიანების შემთხვევაში სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემა ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 8

1. ნებართვის მფლობელ პირს უფლება აქვს შეცვალოს ნებართვით განსაზღვრული ტერიტორია ან/და ნებართვით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ააგოს ახალი შენობა-ნაგებობა ან/და დაანგრიოს არსებული შენობა-ნაგებობა ამ მუხლით დადგენილი წესით. ნებართვის მფლობელი ვალდებულია წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს:

ა) ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობითი განცხადება და ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, სადაც აისახება ნებართვით განსაზღვრული და ნებართვაში ცვლილებით დაგეგმილი ობიექტის ტერიტორიის საზღვრები, ასაშენებელი შენობა-ნაგებობის პროექტი, დასანგრევი შენობა-ნაგებობა;

ბ) ნებართვით განსაზღვრული ფართობის გაზრდისას ნებართვაში მოსაქცევი ობიექტის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ან არანაკლებ ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადით დადებული სარგებლობის ექსკლუზიური უფლების (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი და სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელშეკრულების მხარის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

2. შემოსავლების სამსახური ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას განიხილავს რეგისტრაციიდან 3 დღეში, ხოლო:

ა) განცხადებისა და თანდართული მასალებით მიწოდებული ინფორმაციის ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობებთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში წერილობით აცნობებს განმცხადებელს, ამ განცხადე-ბის განხილვის ვადის ამოწურვიდან 2 დღეში;

ბ) განცხადებისა და თანდართული მასალებით მიწოდებული ინფორმაციის ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობებთან შესაბამისობის დადგენისას 2 დღეში იღებს გადაწყვეტილებას ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ. ამ გადაწყვეტილების თაობაზე შემოსავლების სამსახური აცნობებს თავის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, განმცხადებელს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.

3. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღიდან (მიუხედავად იმისა, უქმეა თუ დასვენების დღე) ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია ნებართვაში მითითებული პუნქტის ტერიტორიის ფარგლებში განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა.

4. თუ ნებართვის მფლობელის საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ხორციელდება ისეთი ცვლილება, რომელიც დაკავშირებულია ნებართვის მფლობელის საწარმოს სრული საფირმო სახელწოდების შეცვლასთან, ნებართვის მფლობელი ვალდებულია საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში წარადგინოს შემოსავლების სამსახურში საბაჟო გარანტია, რომელშიც „პრინციპალის“ გრაფაში მიეთითება ნებართვის მფლობელის საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად სრული საფირმო სახელწოდება. წარდგენილი საბაჟო გარანტიის ვადა უნდა იყოს არანაკლებ ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადისა.

თავი III. უბაჟო ვაჭრობის საქმიანობის განხორციელება

    მუხლი 9

საბაჟო კონტროლის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ნებართვის მფლობელი უზრუნველყოფს საბაჟო საწყობში საბაჟო კონტროლისა და საბაჟო პროცედურებისათვის აუცილებელი სათავსის, მოწყობილობებისა და კავშირგაბმულობის საშუალებების საბაჟო ორგანოსათვის უსასყიდლოდ გამოყოფასა და ნებართვის მოქმედების ვადაში მათ ფუნქციონირებას.

    მუხლი 10

ნებართვის მფლობელი წარადგენს ინფორმაციას საბაჟო კონტროლის ზონაში (სავაჭრო დარბაზების გარდა ობიექტის სხვა მონაკვეთებზე) დაშვებულ პირთა (უბაჟო ვაჭრობის პუნქტში მომუშავე პერსონალი) შესახებ, რომელშიც აისახება: პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირი – სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი; საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის სერია და ნომერი, აგრეთვე პირადი ნომერი); იმ ფიზიკურ პირთა საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის სერია და ნომერი, აგრეთვე, პირადი ნომერი, ხელმოწერის ნიმუში), რომლის მიერ დადასტურდება „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის“ (შემდგომში – აღრიცხვის მოწმობა) უკანა გვერდზე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უბაჟო ვაჭრობის პუნქტში წარდგენა.

    მუხლი 11

პუნქტში შეიძლება გაიყიდოს ნებისმიერი საქონელი, გარდა იმ საქონლისა, რომლის საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა ან საქართველოს ტერიტორიაზე გაყიდვა აკრძალულია. პუნქტში შეიძლება გაიყიდოს საქონელი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე გაყიდვა შეზღუდულია, მხოლოდ იმ პირობით, თუ დაცული იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

    მუხლი 12

1. პუნქტში შესატან უცხოურ საქონელზე საბაჟო პროცედურების განხორციელების ადგილია სასაზღვრო საბაჟო ორგანო, რომლის გავლით გადაადგილდება პუნქტში შესატანად განკუთვნილი უცხოური საქონელი, აგრეთვე პუნქტის საწყობი, რომელშიც გათვალისწინებულია საქონლის დასაწყობება.

2. პუნქტში საქონლის შეტანა ხორციელდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, პუნქტის საწყობში უცხოური საქონლის შეტანის ცნობის (დანართი №2) და პუნქტის საწყობში საქართველოს საქონლის შეტანის ცნობის (დანართი №3) საფუძველზე, სადაც აისახება ამ ბრძანების სათანადო დანართში მოცემული ფორმების შესაბამის გრაფაში შესატანი ინფორმაცია. პუნქტის მფლობელი ვალდებულია საწყობში შეტანისას უცხოური საქონლის შეფუთვას (რომლითაც საქონელი შეიტანება საწყობში) დააკრას სპეციალური წებოვანი სტიკერი, რომელზეც დატანილია აღრიცხვის მოწმობის „D“ ნომერი (TIR წიგნაკის ნომერი), ხოლო საქართველოს საქონლის შეფუთვას (რომლითაც საქონელი შეიტანება საწყობში) დააკრას სპეციალური წებოვანი სტიკერი, რომელზეც დატანილია პუნქტის საწყობში საქართველოს საქონლის შეტანის ცნობის ნომერი.

3. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას პუნქტში სარეალიზაციოდ განკუთვნილი უცხოური საქონლის გადაადგილება დაიშვება სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან პირდაპირ უბაჟო ვაჭრობის პუნქტამდე საბაჟო საწყობში განთავსების გარეშე. ამ მიზნით საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილდება აღრიცხვის მოწმობის ან TIR წიგნაკის საფუძველზე.

4. დაუშვებელია პუნქტის სავაჭრო დარბაზების, დამხმარე სათავსოებისა და საწყობის გამოყენება იმ საქონლის შესანახად და სარეალიზაციოდ, რომელიც არ გაცხადებულა პუნქტში მოსათავსებლად.

    მუხლი 13

1. პუნქტში საქონლის შეტანის მიზნით ხორციელდება შემდეგი პროცედურები:

ა) პუნქტში სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონლის დანიშნულების ადგილზე (არასაბაჟო ორგანო-პუნქტში) წარდგენა „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დადგენილი წესით დასტურდება:

ა.ა) საავტომობილო გადაზიდვის შემთხვევაში – პუნქტის მიერ აღრიცხვის მოწმობის (TIR წიგნაკის მეორე მოსახევი (მწვანე) ფურცლის მეორე გვერდზე) მეორე გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). აღნიშნული საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის თარიღი და დრო ჩაითვლება საბაჟო ორგანოში საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენის დღედ;

ა.ბ) სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში – რკინიგზის მიერ სარკინიგზო ზედნადებზე და აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (შტამპი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული აღრიცხვის მოწმობისა და სარკინიგზო ზედნადების საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება პუნქტს;

ბ) სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო კონტროლის ზონის დატოვების გარეშე გადაადგილდება იმავე სასაზღვრო საბაჟო ორგანოში განთავსებული პუნქტის დანიშნულებით. ამ სასაზღვრო საბაჟო ორგანოში ხორციელდება ზოგადი დეკლარირება კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიწერება აღრიცხვის მოწმობა, რომელიც კონტროლიდან იხსნება იმავე სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ ამ მუხლით დადგენილი პროცედურების განხორციელებისას;

გ) პუნქტში უცხოური საქონლის გამოცხადებისთანავე არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღის 15 საათამდე პუნქტის მფლობელი ან მისი უფლებამოსილი პირი პუნქტში სარეალიზაციოდ განკუთვნილი უცხოური საქონლის დანიშნულების ადგილზე – პუნქტში გამოცხადების დადასტურების მიზნით გადასცემს შესაბამისი საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ მოხელეს აღრიცხვის მოწმობით ან TIR წიგნაკით გადაადგილებული საქონლის პუნქტში გამოცხადების შეტყობინებას (დანართი №4);

დ) შეტყობინების მიღებიდან 1 საათში საბაჟო მოხელე უთითებს პუნქტის საწყობში უცხოური საქონლის შეტანის ცნობის მიღების დადასტურებისთვის საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელის დასწრების დროს, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს:

დ.ა) თუ შეტყობინება მიღებულია 15 საათამდე – იმავე სამუშაო დღეს;

დ.ბ) თუ შეტყობინება მიღებულია 15 საათის შემდეგ – მომდევნო სამუშაო დღის 15 საათს.

ე) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დროში საბაჟოს მოხელე პუნქტის წარმომადგენელთან ერთად ამოწმებს საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობას. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები დაზიანების ან საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მათი მოცილებისას საბაჟო მოხელე იწყებს საბაჟო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას, სხვა შემთხვევაში საბაჟო მოხელე ხსნის საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებებს;

ვ) სატრანსპორტო საშუალების გახსნა და საწყობში უცხოური საქონლის შეტანა და შესაბამისი ცნობის (დანართი №2) შევსება ხორციელდება პუნქტის მფლობელის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული ქმედების განხორციელების შემდგომ. ცნობის მიღების დადასტურების მიზნით საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი უსვამს პირადნომრიან ბეჭედს, აწერს ხელს და უთითებს თარიღს. საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით საქონლის დათვალიერების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ცნობაში მებაჟის მიერ მიეთითება დათვალიერების აქტის რეგისტრაციის ნომერი, თარიღი. შესაბამისად, მოწმდება ცნობაში მითითებული მონაცემების სისწორე.

2. საწყობში ან/და დამხმარე სათავსოში საქონლის აღრიცხვის, მასზე საქონლის შენახვისა და გაყიდვის მოსამზადებელი ქმედების აღნუსხვის მიზნით ნებართვის მფლობელი ელექტრონულად აწარმოებს საქონლის აღრიცხვას დანართი №5 შესაბამისად.

3. საწყობი, აგრეთვე დამხმარე სათავსო მასში საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის არსებობის პერიოდში, მუდმივად უნდა იყოს დალუქული საწყობის მფლობელის მიერ, შესაბამის ტერიტორიულ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული ნიმუშის უნიკალურნომრიანი ერთჯერადი ლუქით, გარდა საქონლის შეტანისას ან/და გამოტანისას, აგრეთვე საქონლის შენახვის და მისი გაყიდვისათვის მოსამზადებელი ოპერაციების განხორციელებისას.

    მუხლი 14

ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტში საქონლის შეტანისას, მე-11 მუხლში ასახული პროცედურების დაწყებამდე, ობიექტის შესასვლელისა და გასასვლელის გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით ფიქსირდება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი), რომლითაც გადაიზიდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი.

    მუხლი 15

1. პუნქტში საქონლის გაყიდვა ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გამსვლელ ფიზიკურ პირებზე შემდეგი დოკუმენტების წარდგენისას:

ა) ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ.ა“ და „თ.გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში:

ა.ა) ფიზიკური პირის პირადობის დამადასტურებელი ქვემოთ მითითებული დოკუმენტი, რომელშიც დასმულია თარიღის შტამპი აღნიშვნით „გასვლა“:

ა.ა.ა) საქართველოს მოქალაქის პასპორტი; ან

ა.ა.ბ) მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტი; ან

ა.ა.გ) ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი; ან

ა.ა.დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი; ან

ა.ა.ე) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა სამგზავრო დოკუმენტი.

ა.ბ) აეროპორტში განთავსებულ პუნქტში საქონლის გაყიდვის შემთხვევაში დამატებით საერთაშორისო რეისზე ჩასხდომის ბარათი ან საავიაციო პერსონალის მოწმობის (სერტიფიკატის), ან ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობის, ან სხვა სამგზავრო დოკუმენტის საფუძველზე.

ბ) ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ.ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში:

ბ.ა) ფიზიკური პირის პირადობის დამადასტურებელი ქვემოთ მითითებული დოკუმენტი:

ბ.ა.ა) საქართველოს მოქალაქის პასპორტი; ან

ბ.ა.ბ) მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტი; ან

ბ.ა.გ) ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი; ან

ბ.ა.დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი; ან

ბ.ა.ე) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა სამგზავრო დოკუმენტი.

ბ.ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გასვლის საერთაშორისო საჰაერო რეისით მგზავრობის დამადასტურებელი ბილეთი (მ.შ. ელექტრონული ბილეთი), ან საავიაციო პერსონალის მოწმობა (სერტიფიკატი), ან ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობა.

2. სავაჭრო დარბაზში საწყობიდან საქონელი შეიტანება „სავაჭრო დარბაზში საქონლის შეტანის აქტით“ დანართი №6 შესაბამისად. სავაჭრო დარბაზში საქონლის შეტანამდე პუნქტის მფლობელი ვალდებულია რეალიზაციისთვის განკუთვნილ უცხოური საქონლის თითოეულ ერთეულს დააკრას სპეციალური წებოვანი სტიკერი, რომელზეც დატანილია საქონლის შესაბამის შეფუთვაზე დაკრული სტიკერის, ხოლო საქართველოს საქონლის თითოეულ ერთეულს – სპეციალური წებოვანი სტიკერი, რომელზეც დატანილია საქონლის შესაბამის შეფუთვაზე დაკრული სტიკერის ნომერი (პუნქტის საწყობში საქართველოს საქონლის შეტანის ცნობის ნომერი).

3. გაყიდული საქონელი უნდა მოთავსდეს პუნქტის მფლობელის შესაბამის შეფუთვაში, რომელსაც ქართულ და ინგლისურ ენებზე ექნება წარწერა „უბაჟო ვაჭრობა“ და „DUTY FREE“. იმ შემთხვევაში, როცა საქონლის გაყიდვა ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ადგილიდან საქონელი შეფუთული სახით იგზავნება საერთაშორისო რეისის შემსრულებელი საჰაერო სატრანსპორტო საშუალების გაფრენის ადგილის მიხედვით აეროპორტში აღრიცხვის მოწმობით და მყიდველს ეს საქონელი მიეწოდება სასაზღვრო-საბაჟო კონტროლის გავლის შემდეგ.

4. თუ მგზავრის გამოუცხადებლობის გამო არ მოხდება მისთვის საქონლის ჩაბარება, ამ შემთხვევაში არ მოხდება ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული აღრიცხვის მოწმობის დახურვა და აღნიშნული საქონელი ამავე აღრიცხვის მოწმობით დაბრუნდება გაგზავნის ადგილზე.

5. პუნქტის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ „სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო და სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №987–№2–184 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო და სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შესახებ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება.

6. პუნქტში მოთავსებულ საქონელს შენახვისა და გაყიდვისათვის მოსამზადებლად შეიძლება ჩაუტარდეს ის ოპერაციები, რომელიც განსაზღვრულია საბაჟო საწყობში მოქცეული საქონლის მიმართ.

7. კონტროლს პუნქტში შეძენილი საქონლის ფაქტობრივ გატანაზე ახორციელებს საბაჟო ორგანოს ის ტერიტორიული ორგანო, რომლის მოქმედების რეგიონშიც არის განთავსებული პუნქტი. იმ შემთხვევაში, როცა პუნქტში შეძენილი საქონელი საბაჟო ტერიტორიას ტოვებს სხვა ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის ან სხვა ქვედანაყოფის გავლით, საქონლის ფაქტობრივ გატანაზე კონტროლს ახორციელებს ტერიტორიული ორგანოს ეს სტრუქტურული ერთეული ან სხვა ქვედანაყოფი. ამ მიზნით ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტში შეძენილი საქონელი გადაადგილდება აღრიცხვის მოწმობით სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე, რომლის მიერაც ხორციელდება საქონლის წარდგენის დადასტურება.

8. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გამსვლელი ფიზიკური პირების მიერ პუნქტში ნაყიდი საქონე-ლი, ქვეყნის საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ გაუტანლობის შემთხვევაში დაიბეგრება საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო რეჟიმის შესაბამისად.

9. პუნქტში მოთავსებული საქონლის გაყიდვისას იმ პირებზე, რომელთაც არ ჰქონდათ მათი შეძენის უფლება, აგრეთვე მისი დანაკლისის შემთხვევაში, პუნქტის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს ყველა ის საბაჟო გადასახდელი, რომელიც სავალდებულო იქნებოდა შესაბამისად საქონლის თავისუფალი მიმოქცევის (იმპორტის) საბაჟო რეჟიმით გაშვებისას, აგ-რეთვე შეასრულოს სხვა საბაჟო ვალდებულებები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქონელი დაუძლეველი ძალის მოქმედების გამო აღმოჩნდება მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურებული ან დაკარგული ან გაფუჭებული და შეუძლებელია მისი შემდგომი გამოყენება.

10. პუნქტში მოთავსებული საქონლის სასაქონლო სახის დაკარგვისას (გარდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 233-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა), როცა საქონლის მახასიათებლები შეცვლილია იმდენად, რომ შეუძლებელია პუნქტიდან საქონლის გატანის შემთხვევაში საქონელი იდენტიფიცირდეს პუნქტში საქონლის შეტანისას საქონლისთვის მინიჭებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის სასაქონლო კოდით, ნებართვის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს საბაჟო გადასახდელები იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა საბაჟო გადასახდელი პირვანდელი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში (იმპორტის) გაშვების საბაჟო რეჟიმში ამ საქონლის მოქცევისას.

11. პუნქტში დაუძლეველი ძალის შედეგად საქონლის განადგურების დროს პუნქტის მფლობელი ვალდებულია იმოქმედოს საქართველოს საბაჟო კოდექსის 46-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო საბაჟო ორგანო ვალდებულია შეადგინოს განადგურების ოქმი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

    მუხლი 16

1. პუნქტში მოთავსებული საქონელი ექვემდებარება პუნქტის მფლობელისა და საბაჟო ორგანოს მიერ სავალდებულო აღრიცხვას.

2. სავაჭრო დარბაზში რეალიზებული საქონლის აღნუსხვის მიზნით, ნებართვის მფლობელი აწარმოებს საქონლის აღრიცხვას დანართი №7 ფორმის მიხედვით. აღნიშნული ფორმები იკინძება აღრიცხვის ჟურნალად, გვერდები ინომრება და მოწმდება შესაბამისი საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელის ხელის მოწერით და ბეჭდით. შემოსავლების სამსახურის მხრიდან წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში ნებართვის მფლობელს ამავე სამსახურის მიერ განსაზღვრული მონაცემები ელექტრონულად შეაქვს შემოსავლების სამსახურის სერვერში განთავსებულ მონაცემთა ბაზაში პუნქტში საქონლის შეტანაზე, სავაჭრო დარბაზში გადატანაზე და საქონლის რეალიზაციაზე მომართვის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე.

3. საქონლის აღრიცხვის ჟურნალი, ბოლო ჩანაწერის გაკეთების შემდეგ, გადაეცემა შესაბამის საბაჟო ორგანოს დასამოწმებლად. დამოწმების შემდეგ ჟურნალი უბრუნდება პუნქტის მფლობელს და მის მიერ ინახება 6 წლის განმავლობაში. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია საბაჟო გადაწყვეტილების საფუძველზე განახორციელოს პუნქტში რეალიზაციისთვის განკუთვნილი საქონლის საწყობში შეტანამდე საქონლის დათვალიერება, კამერალური შემოწმება ან გასვლითი შემოწმება და საქონლის ინვენტარიზაცია.

4. აღრიცხვის ჟურნალი იწარმოება პუნქტში არსებული აღრიცხვის სხვა სისტემების, მათ შორის, ელექტრონულ მონაცემთა ბაზის არსებობის მიუხედავად. აღწერის ჟურნალი საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელ პირებს წარედგინებათ მათი პირველივე მოთხოვნისთანავე.

5. ნებართვის მფლობელი ვალდებულია კვარტალის დასრულებიდან 15 დღის ვადაში წარუდგინოს საბაჟო ორგანოს ანგარიშგება მიღებული და რეალიზებული საქონლის შესახებ დანართ №5 და №7-ში მოცემული ფორმის თანახმად.

6. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელოს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი. შემოსავლების სამსახური კონტროლს ახორციელებს შერჩევითი შემოწმების მეთოდით.

7. შემოსავლების სამსახური ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ კონტროლს ახორციელებს შესაბამისი საბაჟო ორგანოს საშუალებით. შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს თვითონ შეამოწმოს სანებართვო პირობები, სადაც სავალდებულო წესით მონაწილეობს შესაბამისი საბაჟო ორგანო.

8. შესაბამისი საბაჟო ორგანო სანებართვო პირობების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წარუდგენს შემოსავლების სამსახურს სათანადო ინფორმაციას სანებართვო პირობების დარღვევისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.

თავი IV. უბაჟო ვაჭრობის საქმიანობის დასრულება

    მუხლი 17

1. გადაწყვეტილება პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაუქმების შესახებ მიიღება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამ შემთხვევაში სანებართვო მოწმობა შემოსავლების სამსახურს უნდა დაუბრუნდეს ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის განმავლობაში.

2. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებული თარიღიდან საქონელი, რომელიც იმყოფება სავაჭრო დარბაზებში და დამხმარე სათავსოებში, ექვემდებარება დაუყოვნებლივ გადაადგილებას პუნქტის საწყობში. საბაჟო ორგანოს მიერ საწყობში არსებული საქონლის ინვენტარიზაციის დასრულებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში პუნქტის საწყობიდან უცხოური საქონელი შესაძლებელია აღრიცხვის მოწმობით გადატანილ იქნეს სხვა უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საწყობში ან საბაჟო საწყობში. საწყობში (გარდა უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საწყობისა) ხორციელდება ამ საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაცია საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით. ნებართვის გაუქმებიდან 30 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ საბაჟო ორგანო ახორციელებს საქონლის განკარგვის ღონისძიებებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 87-ე მუხლის შესაბამისად.

3. ნებართვის გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღიდან სამი სამუშაო დღის ვადაში ნებართვის ყოფილი მფლობელი ვალდებულია წარადგინოს საბაჟო ორგანოში ანგარიშგება პუნქტის საწყობში მოთავსებულ საქონელზე დანართი №5-ში მოცემული ფორმის თანახმად.

4. საბაჟო ორგანო ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენიდან 7 სამუშაო დღის ვადაში განახორციელოს გასვლითი შემოწმება და საქონლის ინვენტარიზაცია.