,,ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №729 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.050.000.22.023.013.125
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
მინისტრის ბრძანება №17
2009 წლის 19 მაისი
ქ. თბილისი
„ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №729 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №729 ბრძანებაში (სსმ III, 18.11.08წ., №164, მუხ. 1652) შეტანილ იქნეს დამატება და ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) „ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი (დანართი 7)“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხაჩიძე
დანართი 7
ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულება
ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს ჭაჭუნის აღკვეთილში დაშვებული და აკრძალული საქმიანობის განმსაზღვრელ და სამენეჯმენტო ქმედებებით დაგეგმილ დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს.
მუხლი 2. ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესების რეგულირების სფერო
ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი არეგულირებს ჭაჭუნის აღკვეთილის არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხებს.
მუხლი 3. ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია:
ა) ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება;
ბ) ჭაჭუნის აღკვეთილში ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, მისი ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობის და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდის ხელშეწყობა;
გ) ჭაჭუნის აღკვეთილში საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა, ცხოველთა და ჭალის ტყის ეკოსისტემის შენარჩუნება.
2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია:
ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად აღკვეთილის ტერიტორიის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვას და აღდგენას;
ბ) უზრუნველყოს ჭაჭუნის აღკვეთილის ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;
გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციის და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;
დ) ჭაჭუნის აღკვეთილის ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა;
ე) განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა;
ვ) უზრუნველყოს ჭაჭუნის აღკვეთილის ძირითადი მიზნით განსაზღვრული ჭალის ტყის ეკოსისტემის დაცვა, მოვლა და აღდგენა.
მუხლი 4. ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი
1. ჭაჭუნის აღკვეთილი მდებარეობს დედოფლისწყაროს მინიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდ. იორის გასწვრივ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვართან.
2. ჭაჭუნის აღკვეთილი მოიცავს „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიას, საერთო ფართობით 5200 ჰა.
მუხლი 5. ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია და ზონირება
1. ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია ეფუძნება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ დაცული ტერიტორიების ზონირებას, რომლის შესაბამისად დაცული ტერიტორიის თითოეული კატეგორიის კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში შეიძლება მოეწყოს ამავე კანონით განსაზღვრული ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონები.
2. გარემოს დაცვითი ძირითადი მიზნების, რესურსებით სარგებლობის და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიაზე გამოყოფილია შემდეგი ზონები:
ა) სანაკრძალე რეჟიმის ზონა;
ბ) მართვადი დაცვის ზონა.
მუხლი 6. ჭაჭუნის აღკვეთილის სანაკრძალე რეჟიმის ზონა, მისი ფართობი, საზღვრები და დაშვებული საქმიანობები
1. ჭაჭუნის აღკვეთილის სანაკრძალე რეჟიმის ზონა ეწყობა ბუნებაში მიმდინარე პროცესებისა ბუნებრივი გარემოს ხელუხლებელ მდგომარეობაში დაცვის, შენარჩუნების და საგანმანათლებლო, შეზღუდული სამეცნიერო და ტურისტული საქმიანობისათვის.
2. ჭაჭუნის აღკვეთილის სანაკრძალე რეჟიმის ზონის საერთო ფართობი შეადგენს 1508 ჰა-ს და მოიცავს ჭაჭუნის აღკვეთილის №№6, 11, 12, 13, 14, 15 კვარტალებს.
3. ჭაჭუნის აღკვეთილის სანაკრძალე რეჟიმის ზონაში დაშვებულია მხოლოდ:
ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა და მონიტორინგი;
ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;
გ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;
დ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება;
ე) სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნით ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული გადაადგილება;
ვ) დაცვის ღონისძიებები, გარდა ისეთი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებისა, როგორიც არის სანიტარიული ან/და სპეციალური ჭრები და ამ ჭრებით განსაზღვრული მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების ამოღება და ხანძრებისაგან დაცვის მიზნით ჩახერგილობისაგან გაწმენდა;
ზ) სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, საპატრულო-სახანძრო გზებზე და ბილიკებზე ცხენებითა და ავტო-, მოტოტრანსპორტით გადაადგილება;
თ) დაცვის საქმიანობისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;
ი) გადადგილების დროს საპატრულო ცხენების ძოვება;
კ) სტიქიური უბედურებების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობის და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება.
მუხლი 7. ჭაჭუნის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონა, მისი ფართობი, საზღვრები და დაშვებული საქმიანობა
1. ჭაჭუნის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონა ეწყობა გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა, მათ შორის, საქ. წითელ ნუსხაში შეტანილ სახეობათა დაცვის და ადამიანის მხრიდან სპეციალური მოვლისა და აღდგენა-განახლებითი ღონისძიებების ჩატარებისათვის.
2. ჭაჭუნის აღკვეთილში მართვადი დაცვის ზონა შეადგენს 3692 ჰა ტერიტორიას და მოიცავს №№1, 2, 3, 4, 5, 7, 8, 9, 10, 16 კვარტალებს.
3. მართვად დაცვის ზონაში დაშვებულია მხოლოდ:
ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება;
ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვა, მოვლა და აღდგენა;
გ) ტყის ეკოსისტემების დაცვა, მოვლა და აღდგენა;
დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევები;
ე) საგანმანათლებლო საქმიანობა;
ვ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვება;
ზ) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;
თ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობა და ცხოველთა სამყაროს აღდგენისათვის ვოლიერების მოწყობა;
ი) სტიქიური უბედურებების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობის და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ტრადიციული გამოყენების ზონის ტერიტორიაზე ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;
კ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;
ლ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება.
მ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;
ნ) გზებზე ტრანსპორტით გადაადგილება;
ო) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება;
პ) გზების და ბილიკების მოვლა და მოწყობა;
ჟ) აღკვეთილის მიმდებარე ფერმებიდან შინაურ ცხოველთა ჩასვლა იორზე დასარწყულებლად სპეციალურად გამოყოფილი ბილიკებით;
რ) აღკვეთილის ცხოველთა სამყაროსათვის დამატებითი საკვების შექმნის მიზნით ხვნა-თესვა და საკვებურების მოწყობა;
ს) ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა, ველური ხილის სახეობის მერქნიანი მცენარეების მყნობა, ზეხმელი, ხმობადი და მოთხრილ-მოტეხილი ხეების მერქნით სარგებლობა, თიბვა (ტყით დაუფარავ ფართობში), საფუტკრეების მოწყობა, სოკოს, ხილ-კენკრის შეგროვება და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა ფარდგლებში დაშვებული სხვა საქმიანობა;
ტ) სამონადირეო მეურნეობისათვის გამოყოფილ ტერიტორიებზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის ფარგლებში დაიშვება ნადირობა.