„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№369
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.033.013.184
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 71, 12/06/2009

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.013.184

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №369

2009 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის  31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებით (სსმ III, 04.11.08, №159, მუხლი 1595) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-10 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) მაკროეკონომიკური პროგნოზირებისა და შემოსავლების დაგეგმვის სამმართველო;

ბ) მოსაკრებლების პოლიტიკის სამმართველო;

გ) საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის სამმართველო.“.

2. 36-ე, 37-ე და 38-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 36. მაკროეკონომიკური პროგნოზირებისა და შემოსავლების დაგეგმვის სამმართველო

მაკროეკონომიკური პროგნოზირებისა და შემოსავლების დაგეგმვის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად მიმართულებათა და მაჩვენებელთა შემუშავებისათვის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ძირითადი მაკროეკონომიკური და საბიუჯეტო მაჩვენებლების ანალიზი და პროგნოზული გაანგარიშების განხორციელება;

ბ) წლიური და კვარტალური სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;

გ) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის წინადადებათა მომზადება;

დ) ქვეყნის ეკონომიკის ფინანსური განვითარების ამსახველი მაჩვენებლების შესახებ სათანადო ანალიტიკური მასალებისა და ინფორმაციის მომზადება;

ე) სახელმწიფო სტატისტიკის სამუშაოთა ორგანიზება და მონაცემთა გავრცელება ქვეყანაში მიღებული სტატისტიკური მეთოდოლოგიით და საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციათა გათვალისწინებით;

ვ) ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის პარამეტრების წლიური გეგმების თვეებისა და კვარტალების მიხედვით განწერის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება, მათ შორის, საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მიხედვით;

ზ) დამტკიცებული განწერის საფუძველზე ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონიტორინგი, მის საფუძველზე საჭიროების შემთხვევაში საბიუჯეტო შემოსავლების ყოველთვიური განწერის კორექტირების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება;

თ) ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის შესრულების ყოველთვიური ანგარიშების მომზადება. საშემოსავლო ნაწილის შესრულების ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ღონისძიებათა შესახებ წინადადებების მომზადება;

ი) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;

კ) საქართველოს სამართლებრივი აქტებით დადგენილ საბიუჯეტო პროცესებთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

    მუხლი 37. მოსაკრებლების პოლიტიკის სამმართველო

მოსაკრებლების პოლიტიკის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოთა მიერ მიღებული წმინდა მოგების გამოყენების თაობაზე წარმოდგენილი წინდადებებისა და დოკუმენტების განხილვა;

ბ) „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის თაობაზე წინადადებების შემუშავება და ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი;

გ) მოსაკრებლების სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება/ექსპერტიზა.

    მუხლი 38. საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის სამმართველო

საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საგადასახადო-საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის მიმართულებათა შემუშავება და შესაბამისი პროექტების მომზადება;

ბ) საგადასახადო-საბაჟო კანონმდებლობის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ წინადადებათა მომზადება;

გ) ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისათვის კონკრეტულ წინადადებათა მომზადება საბაჟო/საგადასახადო სფეროში;

დ) საგადასახადო შეთანხმებების (ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების, გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების (კონვენციის) ხელშეკრულების მომზადების კოორდინაცია, მათ შორის, მოლაპარაკებების გამართვის ორგანიზება და ხელშეკრულების გაფორმება;

ე) საგადასახადო და საბაჟო სფეროში ინფორმაციის გაცვლისა და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შეთანხმებების პროექტების მომზადებასა და შეთანხმებების დადებაში მონაწილეობის მიღება.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 15 ივნისიდან.

კ. ბაინდურაშვილი