,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1229 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№725
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.22.033.013.755
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 140, 13/11/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.013.755

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №725

2009 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1229 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1229 ბრძანებით (სსმ III, 29.11.07. №169, მუხლი 1875) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ინსპექცია შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) ადმინისტრაცია;

ბ) იურიდიული სამმართველო;

გ) მომსახურების სამმართველო;

დ) კონტროლის სამმართველო;

ე) იძულებითი ღონისძიებების განყოფილება.“.

2. მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. ადმინისტრაცია

ადმინისტრაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) უზრუნველყოფს ინსპექციაში საქმის წარმოებას – შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად;

ბ) ახორციელებს საკონტროლო დავალებათა შესრულებაზე კონტროლს და ინსპექციის უფროსს პერიოდულად აწვდის ინფორმაციას მათი შესრულების შესახებ;

გ) უზრუნველყოფს ინსპექციის უფროსის მიერ გამოცემული ყველა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) რეგისტრაციას და შემსრულებლამდე დაყვანას;

დ) ახდენს შემოსული და გასული კორესპონდენციების სათანადო დამუშავებას და აწესებს კონტროლს შემოსული კორესპოდენციების მოძრაობაზე;

ე) უზრუნველყოფს არქივის წარმოებას;

ვ) უზრუნველყოფს მუდმივად შესანახი კორესპონდენციებისა და კორესპონდენციათა საქმეების რეგისტრაციას, ჟურნალების ქრონოლოგიური წესით დალაგებას და ამზადებს მათ არქივში გადასაცემად;

ზ) ახორციელებს ინსპექციის მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ბრძანებების) პროექტების მომზადებას, აწარმოებს მათი პირადი საქმეების შედგენას და შრომის წიგნაკების აღრიცხვას;

თ) უზრუნველყოფს შრომის დისციპლინის დაცვას;

ი) კოორდინაციას უწევს კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას;

კ) წარადგენს შესაბამის ნაერთ ანგარიშებს შემოსავლების სამსახურში;

ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ინსპექციის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას და ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას.

    მუხლი 9. იურიდიული სამმართველო

იურიდიული სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ინსპექციის თანამშრომლებს უწევს იურიდიულ კონსულტაციებს, აცნობს ახალ ნორმატიულ აქტებს და ცვლილებებს კანონმდებლობაში;

ბ) მონაწილეობს საგადასახადო და სხვა სახის სასამართლო დავებში;

გ) მონაწილეობს საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებში;

დ) აწარმოებს საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს. ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მიღებულ საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმებზე ამზადებს ინსპექციის უფროსის/მოადგილის გადაწყვეტილების პროექტებს შესაბამისი დარიცხვის/არდარიცხვის განხორციელების თაობაზე;

ე) სასამართლოში წარსადგენად ამზადებს შუამდგომლობებს მეწარმის საქმიანობაზე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების უფლების მოპოვების მოთხოვნის თაობაზე.“.

3. მე-10 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „პ-ფ“  ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს საგადასახადო დავალიანებების არსებობა/არარსებობის შესახებ ცნობების გაცემას;“.

4. დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

     „მუხლი 101. კონტროლის სამმართველო

1. კონტროლის სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ახდენს სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის გარეშე მომუშავე პირთა გამოვლენას;

ბ) ინსპექციის სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში ახორციელებს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებულ ზედამხედველობას;

გ) ახორციელებს გადასახადის გადამხდელის საქმიანობის გამოკვლევას და დაკვირვებას ქრონომეტრაჟის ჩატარებით, საკონტროლო შესყიდვით, გადასახადის გადამხდელის ტერიტორიების და შენობა/ნაგებობების დათვალიერებით და ინვენტარიზაციით;

დ) ახორციელებს საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელების მიერ აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის წარმოების და მიწოდების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და  ინსპექციის იურიდიული სამმართველოსათვის გადაცემას;

ე) აქციზური საქონლის რეალიზაციაზე კონტროლის მიზნით, ახორციელებს საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ გადასახადის გადამხდელებზე აღმრიცხველი მოწყობილობებისა და სათავსოების დალუქვას, დამატებითი აღმრიცხავი ტექნიკური საშუალებების დაყენებას და მის კონტროლს, დაზიანების შემთხვევაში ახდენს ლუქის ახსნას, მათ ხელახლა დალუქვას და ადგენს ამ მიზნით შემუშავებულ შესაბამისი ფორმის აქტებს. ხელახალი დალუქვის ყველა შემთხვევაში ახდენს საკონტროლო-სალარო აპარატში შეტანილი პაროლის შეცვლას;

ვ) უზრუნველყოფს საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და ინსპექციის იურიდიული სამმართველოსათვის გადაცემას;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმებას და, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში, ჯარიმის შეფარდებას;

თ) „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად, უზრუნველყოფს ლატარიის და წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორის მიერ შექმნილი კომისიის თავმჯდომარის/წარმომადგენლის მივლინებას;

ი) ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას, ხოლო შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით – გასვლით საგადასახადო შემოწმებას;

კ) ატარებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით ან/და 158-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ, ასევე საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციასთან/ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ საგადასახადო შემოწმებებს შემოსავლების სამსახურთან შეთანხმების გარეშე;

ლ) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში ახორციელებს საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენას;

მ) შემოწმების აქტის საფუძველზე უზრუნველყოფს:

მ.ა) შემოწმების აქტის განხილვის სხდომის მომზადებას;

მ.ბ) სათანადო გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას გადასახადის/საგადასახადო სანქციის თანხის დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ და გადაწყვეტილების მისაღებად ინსპექციიის უფროსის/მოადგილისათვის წარდგენას, ხოლო აქტით დარიცხული თანხის ოდენობის შესაბამისად, შემოწმების მასალების ქვემდებარეობის მიხედვით, შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსათვის გადაგზავნას;

ნ) საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებით თანამშრომლობს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტთან და, საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს ინფორმაციის გაცვლას;

ო) ახორციელებს შემოსავლებისა და გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას;

პ) განაზოგადებს გამოვლენილ დარღვევებს, განზოგადებული ინფორმაციის საფუძველზე შეიმუშავებს რისკის კრიტერიუმებს და ახორციელებს საგადასახადო შემოწმებების დაგეგმვა-ოპტიმიზაციას;

ჟ) ახორციელებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემების (დეკლარაციების და სხვა) დამუშავება-ანალიზს, რისკის ფაქტორების განსაზღვრას;

რ) ახორციელებს საქმიანობის მიხედვით გადასახადის გადამხდელთა საქმიანობის ანალიზს და რისკის ფაქტორების განსაზღვრას, ამ სფეროში გადამხდელთა ბრუნვებისა და შემოსული გადასახადების ანალიზს;

ს) ინსპექციის უფროსის დავალებების შესაბამისად, შეიმუშავებს სხვა ანალიტიკურ ინფორმაციას;

ტ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

2. კონტროლის სამმართველო არ ახორციელებს იმ გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო შემოწმებას, რომელთა მიმართ გასვლით საგადასახადო შემოწმებას, მოცემული პერიოდისათვის, ახორციელებს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი.“.

5. მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 მუხლი:

     „მუხლი 12. იძულებითი ღონისძიებების განყოფილება

იძულებითი ღონისძიებების განყოფილება კომპეტენციის ფარგლებში:

ა) აწესებს კონტროლს გადასახადის გადამხდელების მიერ გადასახადების სრულ და დროულ გადახდაზე;

ბ) ახორციელებს ღონისძიებებს იმ გადასახადის გადამხდელთა გამოვლენის მიზნით, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადის გადახდას;

გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელთა მიმართ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს;

დ) შემოსავლების სამსახურის უფროსის შესაბამისი დავალების საფუძველზე ახორციელებს გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციას;

ე) გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის მიზნით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას და ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის უფლების შესახებ მოსამართლის ბრძანებას;

ვ) განიხილავს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების საკითხს, ამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტს, აწესებს კონტროლს ვალდებულების შეჩერების თაობაზე ინსპექციის გადაწყვეტილებათა შესრულებაზე და მათი დარღვევის შემთხვევაში სათანადო რეაგირებისათვის ინსპექციის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს;

ზ) განიხილავს ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის და გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებულ საკითხებს და ინსპექციის ხელმძღვანელობას წარუდგენს შესაბამის წინადადებებს;

თ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული და საგადასახადო სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და   ინსპექციის იურიდიული სამმართველოსათვის გადაცემას;

ი) ახორციელებს ზოგად ანალიტიკურ პროცედურებს, განაზოგადებს მიღებულ ინფორმაციას, უზრუნველყოფს სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის შეკრებას და მათი შედარებითი და კრებსითი ანალიზის განხორციელებას;

კ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 16 ნოემბრიდან.

კ. ბაინდურაშვილი